პედოფილის სახელმძღვანელო





კრიტიკა/ესსე

პედოფილის სახელმძღვანელო




„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მეექვსე კლასში ვნახე. ჩვეულებრივი ამბავი ნუ გეგონებათ – სიზმრად ვნახე. ალბათ ამიტომაც არ მჯერა ფსიქოანალიტიკოსების, რომ ამბობენ, ნებისმიერი სიზმარი, სინამდვილეში, რამდენიმე წამს გრძელდებაო. დიდი შარლატანი ხალხია, მაგათი ერთი სიტყვა არ დაიჯერება.

ბებიაჩემს რომ ვუთხარი, სიზმრად „ალისა“ ვნახე–მეთქი, პრევენციის მიზნით „პარაცეტამოლი“ დამალევინა. ფრთხილი იყო ჩვენ მიმართ.

მერე ილუსტრირებულ „ალისასთან“ მიახლოებაც კი ამიკრძალა.

რაც გინდა თქვი და, წიგნების ისტორია მათი აკრძალვის ისტორიაცაა. ასეა და ვერაფერს იზამ.

სულ ახლახანს, რამდენიმე თვის წინაც კი, ვნახეთ წიგნის აკრძალვის უხერხული  ფაქტი.  ინტერნეტ-გიგანტ amazon.com–ზე გაჩნდა წიგნი „პედოფილის სახელმძღვანელო“, რომელიც ბავშვთა უფლებადამცველების პროტესტის შემდეგ გაყიდვებიდან ამოვარდა. ბრალდება, რა თქმა უნდა, პედოფილია იყო. ნაცნობი ბრალდებაა. ნაცნობი და ახლობელი. ჯერ კიდევ ნაბოკოვი გატანჯეს ამ ბრალდებით. სხვათა შორის, მაშინდელმა ინტელექტუალურმა ელიტამ მეტი ფხა გამოიჩინა და ნაბოკოვის „ლოლიტა“ არათუ აიკრძალა, ბესტსელერადაც იქცა. გაუმართლა, ერთი სიტყვით.

სამაგიეროდ, „პედოფილის სახელმძღვანელოს“ აშკარად არ გაუმართლა – ფულიც კი ვერ გააკეთა ავტორმა, სადმე იბიცაზე რომ მომჯდარიყო ვინმე ნაკითხ ნაშასთან ერთად და ამ ცენზორების ამაოების ბაზარზე ეკაიფა. საქმეა ახლა ესა?!

მე არ წამიკითხავს ეს წიგნი (ვინ მაცალა? გააქრეს ეგრევე) და ხარისხზეც ვერაფერს ვიტყვი. თუმცა აქ ფაქტია მნიშვნელოვანი და არა ესთეტიკური შეხედულებები. „ლოლიტასაც“ ხომ უხარისხო, „ორშაურიან“ ტექსტად მიიჩნევდნენ აკრძალვის მომხრეები. ეს ცნობილი ხერხია იმისათვის, რომ საკუთარი უპრინციპობა ესთეტიკური პრინციპებით გაამართლო.

სხვათა შორის, იმავე amazon-ზე, რომელიც ხელათ დაუწვა პოლიტკორექტურას და გაყიდვებიდან ამოიღო „პედოფილის სახელმძღვანელო“, თავისუფლად იყიდება ჰიტლერის „Mein Kampf“ (იხ: ლინკი). თუ პოლიტკორექტურაა, ბარემ ბოლომდე იყოს, რა არათანმიმდევრულობაა!

საქართველოში პირველი აკრძალვა პირველ ქართულ ეპიკურ ტექსტს – „ვეფხისტყაოსანს“ უკავშირდება.  ეკლესიამ წიგნი უზნეობის მქადაგებლად შერაცხა, ამის გამო „ვეფხისტყაოსნის“ პირველ გამომცემელს, ვახტანგ მეექვსეს მოუწია,  „ვეფხისტყაოსნისთვის“ კომენტარები დაერთო, სადაც ავტორის გამართლებას შეეცადა. რაღაც უცნაური დრო იყო – რუსთველს დაცვა სჭირდებოდა.

მოკლედ, ჩვენმა მეფემ „ვეფხისტყაოსნის“ „გაპრავებაზე“ იმდენი იშრომა, რომ ბოლოს არქიეპისკოპოსმა ტიმოთე გაბაშვილმა სულ „მაღალი შტილით“ აგინა რუსთველსაც და მის „მთარგმანებელ“–კომენტატორსაც:

„მთქმელი ლექსთა ბოროტთა,  რომელმან ასწავა ქართველთა სიწმინდისა წილ ბილწება და განჰრყვნა ქრისტიანობა. ხოლო უწინარეს ჩვენსა  უმეცართა საღმრთოდ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი.’’(ტიმოთე გაბაშვილი) 

ერთ ხელნაწერს ასეთი ლექსიც კი დაურთეს: 

"პირველ თავი დასაწყისი ნათქვამია იგ სპარსულად,

 ვუხმობთ ვეფხისტყაოსნობით, არა შეიქმს ხორცს არსულად,

 საეროა, არ ახსენებს სამებასა ერთარსულად,

 თუ იშოვა მონაზონმან, შეიქმნების გაპარსულად."

ერთი სიტყვით, მღვდელს თავს გააპარსვინებს, ისეთი რამეა ეგ შენი „ვეფხისტყაოსანიო“. არადა, გაუნათლებელიც არ ჩანს ამ ინტერპოლაციის ავტორი. პოეტიკის მხრივ, ყველაფერი წესრიგშია, მაღალი შაირით გაუწყვია და მშვენიერი მაჯამური რითმებიც დაუცხვია, მაგრამ მთავარი ეს არაა: მთავარია, რომ ამ ტექსტში ჩანს იმდროინდელი ქართველი სამღვდელოების ძირითადი პრეტენზია „ვეფხისტყაოსანთან“ – ის არ ახსენებს სამებას და ხორციელ სიყვარულზეა ორიენტირებული. დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, პორნოა.

პორნო ანუ უხამსობა ლიტერატურის აკრძალვის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იყო ყოველთვის. როგორც ჩანს, კარგად მუშაობდა ხალხზე, ადვილად მიდიოდა აკრძალვის მესიჯი: იტყვი პორნოა, უხამსია და მერე იმტვრიოს თავი ავტორმა და მკითხველმა. ამ მიზეზით ვინ არ აუკრძალავთ – ჯეფრი ჩოსერიდან დაწყებული, ფოლკნერით გაგრძელებული და აგერ ჩვენი „ცისფერყანწელებით“ დამთავრებული. უფრო სწორად, ერთ–ერთი „ცისფერყანწელის“ ელენე დარიანის „პორნოგრაფიულ“ ლექსებს დაედო ცენზურის ტორი.  "ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს... სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს", - წერდნენ 1916 წელს გაზეთ "სამშობლოში".  

ამბობენ, ელენე დარიანი პაოლო იაშვილის ფსევდონიმი იყოო, მაგრამ ეს სხვა დროს იყოს.  ახლა ისევ უცხოეთს უნდა დავუბრუნდე  და ლუის კეროლის მაგნიტივით ზღაპარი უნდა გავიხსენო.  ტყუილად კი არ მიხსენებია თავშივე. კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ერთ–ერთი ყველაზე (ჩვენი ჟურნალისტებივით რომ ვთქვათ) „აკრძალვადი“ წიგნი იყო.

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ამ გემრიელ ზღაპარს სადმე აკრძალავდნენ. თანაც, ერთხელ კი არა, ორჯერ აკრძალავდნენ. ერთხელ დემოკრატიის აკვან ბრიტანეთში და მეორედ ტოტალიტარიზმის აკვან ჩინეთში. ჩინეთისგან აკრძალვა ვის გაუკვირდება, მაგრამ გასაკვირი მაინც იყო ერთი რამე. კერძოდ კი, აკრძალვის მოტივი, რომლის მიხედვითაც  „ცხოველები არ უნდა საუბრობდნენ ადამიანების ენაზე, ცხოველთა და ადამიანთა თანაბარ მდგომარეობაში წარმოჩენა კატასტროფის ტოლფასია.“

აი, მიზეზი, თუ გინდა! ესე იგი, კრძალავ, აკრძალე, ვინ გიშლის, მაგრამ ეზოპე მაინც ხომ უნდა გქონდეს გაგებული, არა?!  

მართლაც რა არათანმიმდევრული ხალხია ეს ცენზორები!  

 

ასევე გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალის" ბლოგზე


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.