შიში და სიძულვილი საქართველოში





კრიტიკა/ესსე

შიში და სიძულვილი საქართველოში




"მე არ ვცდილობ დაგარწმუნოთ, რომ თქვენ უნდა მოგწონდეთ ის, რასაც აკეთებს ლარი ფლინტი. მე პირადად არ მომწონს, რასაც ის აკეთებს. თუმცა მე მომწონს, რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება. მე მომწონს, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც შემიძლია ვიყიდო და წავიკითხო ჟურნალი "Hustler", ან მოვისროლო სანაგვეში, თუ ჩემი აზრით, მისი ადგილი იქ არის. ასევე შემიძლია ჩემი შეხედულებების თანახმად მოვიქცე და საერთოდ არ შევიძინო ეს ჟურნალი. მე მომწონს, რომ ამის უფლება მაქვს. მე ამ უფლებას ვუფრთხილდები და თქვენც ვალდებულები ხართ გაუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში. ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ გვავიწყდება ეს რას ნიშნავს. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს საოცარი შესაძლებლობაა ცხოვრებისათვის. დროდადრო ჩვენ უნდა შევეგუოთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც აუცილებელი არ არის მოგვწონდეს, რადგან თუ ჩვენ დავიწყეთ კედლების შენება, წინააღმდეგ იმისა, რაც ამორალურად გვეჩვენება, შეიძლება ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძოთ და კედლები დაგხვდეს იქ, სადაც მის დანახვას არ მოველოდით. მაშინ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვერაფრის დანახვას, ვეღარ შევძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ეს უკვე აღარ იქნება თავისუფლება." (ლარი ფლინტის ადვოკატის გამოსვლა)


2007 წელს ჰონკონგის კულტურულ ნაწარმზე ლიცენზიების გამცემმა კომისიამ, მოსახლეობისაგან მიიღო 208 საჩივარი. ისინი ითხოვდნენ ბიბლიის გაყიდვის აკრძალვას 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე და თავიანთ პროტესტს იმით ასაბუთებდნენ, რომ ბიბლიის ტექსტი შეიცავს ინცესტის, გაუპატიურების, კანიბალიზმისა და ძალადობის აქტებს. (ინცესტის შემთხვევა ბიბლიაში მართლაც არის აღწერილი __ ლოტის მაგალითი; გაუპატიურება და მკვლელობებიც გვხვდება; თუ რა იგულისხმება კანიბალიზმში, ვერ ვიხსენებ) თუ მოქალაქეების საჩივრებს მხედველობაში მიიღებდნენ, მაშინ ბიბლია უნდა მოეთავსებინათ ცელოფნის პარკში და მასზე წითლად გამოესახათ ციფრი "18", რაც იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ მისი მიყიდვა 18 წლამდე მოზარდებისთვის აკრძალული გახდებოდა. მგონი ეს ფაქტი მშვენიერი მაგალითია - არასასურველ ტერიტორიაზე ამოყვანილი კედლისა, რაზეც ლარი ფლინტის ადვოკატი მიანიშნებდა.

მაგრამ მე რომ თავისუფლების შეზღუდვაზე დავიწყო მსჯელობა, ისეთივე გონებაგანუვითარებელი ავღმოჩნდები, როგორც ისინი, ვინც აკრძალვებს აწესებს. ვინც თვლის, რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მისი თავისუფლება. მაგრამ სწორედ აქ სცდება მწარედ! არა, საყვარელო, თავისუფლებას არა აქვს დასასრული! თავისუფლებას საერთოდ არა აქვს გადაკვეთის წერტილი... ეს სულ სხვა, სამოძრაოდ აუცილებელი, ხელშეუხებელი, მოუნიშნავი სამყაროა, რომელშიც შეჭრის უფლებაც არავის აქვს. სივრცე, სადაც ყოველდღიურად მოუხილველ ადგილებს აღმოაჩენ, ყოველდღიურად მდიდრდები ახალი და შეუცვლელი შეგრძნებებით და იმის მაგივრად, რომ ამის "ხელშეწყობა" მოხდეს, ხდება დასაზღვრა, გისოსებში ჩასმა, გაწითლება, ნაცრისფერი კედლების აგება და იმ ადამიანების დევნა, ვინც საკუთარი მდიდარი, სხვებისთვის კი ერთბაშად "საშიში" გამოცდილების გაზიარებას გადაწყვეტს!

ვინ აყალიბებს ჩვენს მორალს? ვინ განგვისაზღვრავს როგორ მოვიქცეთ? მშობლები? რელიგია? კანონები? საზოგადოება? თუ ყველანი ერთად? რატომ ვიღებთ დადგენილ წესრიგს, როგორც მოცემულობას? ამის მიზეზი, ერთისმხრივ ტოტალიტალური აზროვნების სიმარტივეა, მეორესმხრივ - კი შიში, შიში ადამიანად ქცევისა. რადგან თუ ადამიანს არ ჰყოფნის სიმამაცე გადავიდეს ზღვარს, შეეხოს აკრძალულს, მაშინ ის არ შემდგარა ადამიანად. მაშინ მას არ მიუღია მხედველობაში სასიცოცხლოდ აუცილებელი იმპულსები, რომლებიც მას პერმანენტულად ეძლევა.

ჩემი აზრით, საჭიროა რაც შეიძლება მეტი მორალური ინპლანტაცია! მენტალური ტატუირების - გამდიდრება, გამრავალფეროვნება... მარტო "დედა/ SOS ანუ "სუკი ატნიალი სვაბოდუ"/ მისტიური ხუთი წერტილი" არ არის საკმარისი ცვლილებებისთვის. დღევანდელ ეპოქაში, სადაც ზღვარს გადასვლა ნორმად არის ქცეული, პარანოია - რეალობად... თავსმოხვეული პოლიტიზებული მორალი, გაცილებით "ფასადურია", ვიდრე რომელიმე ცალკეული ინდივიდის "შუბლის ძარღვი". მაგრამ ეკლესია, "ერის მამები", პოლიტიკოსები არ გვენდობიან, არ გვენდობიან რომ თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, თავად გავაკეთოდ არჩევანი და არ მესმის ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ მათ. ურთიერთნდობა ეკლესიასა და მრევლს, მმართველსა და მართულს, მწარმოებელსა და მყიდველს შორის, თითქოს ეჭვსგარეშე აუცილებლობად ქცეულა, რითაც მშვენივრად სარგებლობს ერთი მხარე, ადვილი მისახვედრია რომელიც.
 
რათქმაუნდა მესმის, რომ რელიგია - გვათბობს და სიმშვიდის შეგრძნებას აჩენს. მაგრამ ასევე გვსაზღვრავს და "გვაბოლებს". თუმცა ისიც მესმის, განსხვავება ჩემსა და ფუნდამენტალისტს შორის იმაშია, რომ ჩვენ ერთ ხეზე ვზივართ, ის უფრო ქვედა ტოტზე, ისე რომ მხოლოდ ერთი ქუჩის დანახვას ახერხებს. მე უფრო ზევით, საიდანაც ჩანს რომ ამ ქუჩის მიღმაც მიმდინარეობენ სხვა ქუჩები, რომლებიც ქმნიან მთელს ქალაქს. ზემოთ ნაყოფიც უფრო მწიფე, უფრო გემრიელია. შენი უპირატესობაც სწორედ ეს არის. ისღა დაგრჩენია, მოყვე ამ ქალაქის შესახებ, მოყვე ნაყოფის გემოზე, თანაც ისე რომ სხვებსაც მოუნდეთ ზედა ტოტზე ამობარგება. მაგრამ როდესაც ხეს ნაჯახებით შემოერტყმებიან გარს, როდესაც ნაჯახის ცემის რიტმი, ცხოვრების რიტმად იქცევა, იძულებული ხდები მაიმუნივით მოიქცე და ხის მძიმე ნაყოფი დაუშინო "აგრესორებს". სწორედ ეს არის ეპატაჟი. ეპატაჟი - თავდაცვის განსაკუთრებული გეგმა და გართობის მშვენიერი საშუალებაა.

ეპატაჟია - სიტყვები, რომლებიც ექვემდებარებიან განადგურებას. ეპატაჟია - "საიდუმლო სირობა". ეპატაჟია - ასეთი პერფორმანსი: ანაფორებში ჩაცმული ადამიანები თამაშობენ კალათბურთს. ყველა მოთამაშის ნომერია - 1984. ფარი - ჯვარცმაა. ისინი ბურთს, როგორც ლოცვას ესვრიან იესოს, ბურთი კი ხვდება მის სახეს და პირდაპირ მისი განთავისუფლებული, მორკალული ხელებით შექმნილ კალათში ვარდება. ეპატაჟია - ჰომო-ეროტიული დათა თუთაშხია. ეპატაჟია - საქართველოში ცხოვრება. ეპატაჟია - ჩინური მაღაზია ვერის ბაღის მიწისქვეშა გადასასვლელში. ეპატაჟია - ოცნება იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ლესბოსელი. ან უკეთესია ორი ლესბოსელი, რომლებიც საახალწლო მიმართვის ნაცვლად იზასავენებ. ჩვენ დავინახავთ მათ ტუჩებს შორის გაბმულ ნერწყვის წვრილ ძაფს. ისინი კი მოგვიტრიალდებიან და გვეტყვიან: "გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მომავალი წელი უარესი იქნება წინაზე" ეპატაჟია - მზის ამოსვლაც.

"ცხოვრების აზრი - თვითგამოხატვაა. გამოავლინო შენი არსი მთელი სისავსით - აი, რისთვის ვცხოვრობთ. ჩვენს დროში კი ადამიანებს საკუთარი თავის ეშინიათ. მათ დაავიწყდათ რომ მთავარი მოვალეობა - საკუთარი თავის წინაშე გვაქვს. რათქმაუნდა ისინი გულმოწყალეებიც არიან. ისინი დააპურებენ მშივრებს, ჩააცმევენ ღარიბებს, მაგრამ თავად მათი სული არის შიშველი და კვდება შიმშილით. ჩვენ დავკარგეთ სიმამაცე. შეიძება არც არასდროს გაგვაჩნდა. შიში საზოგადოებრივი აზრის წინაშე, არის მორალის მთავარი საფუძველი. შიში ღმერთის წინაშე, შიში, რომელზეც დგას რელიგია - აი რა მბრძანებლობს ჩვენზე."
 
1993 წელს კარლო კაჭარავას სტატიაში ვკითხულობთ, "საქართველოს ტელევიზიისათვის მაყურებელთან დამოკიდებულების უმთავრესი ფორმა უწინდებურად ისევ პათეტიური დიდაქტიკა და მკაცრი მორალიზმია. მორალიზმს კი საზოგადოებრივად ყველანაირს, ალბერ კამიუს სამართლიანი შენიშვნით, "ყოველთვის მივყავართ აბსტრაჰირებასა და უსამათლობასთან. ის წარმოშობს ფანატიზმსა და სიბრმავეს." დღესაც, 16 წლის გასვლის შემდეგ, არა მგონია რაიმე შეცვლილიყოს.

დღესაც ისევ გვევლინებიან ტელემოძღვრები და როგორც ეროვნული განკითხვის დღის ანგელოზები ფსევდოქრისტიანულ/ფსევდოეროვნული ფრაზეოლოგიით გვესაუბრებიან ქართულ მორალზე, სამართლიანობაზე, სიყვარულზე. მათთან და ტელეაუდიტორიასთან მოსაუბრე მორალისტებისთვის კი სოდომი და გომორა, დღესაც ჩვენი "რეალობის მოდელი" და უპირველესი არგუმენტია. საინტერესოა, როგორი "მიქსია" ბავშვებისათვის განრისხებული, "რემბო უფალი" ცეცხლის წვიმებით და "გარყვნილი მშობლების ორგია". წარმოგიდგენიათ სოდომის და გომორას დასჯისას მის ქუჩებში მოთამაშე ბავშვები, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რატომ გაშავდა ზეცა? ამ შემთხვევაში ეკლესიას, როგორც მთავარ მორალურ ინსტანციას, სრულიად უცოდველი, ბავშვური ფანტაზიები ეწირება, რომელშიც იჭრება რელიგია - თავისი ჯოჯოხეთით, აპოკალიფსური კოშმარებით და ასევე ბრუტალური პორნოგრაფია - უზარმაზარი ფალოსებითა და მუტანტური კავშირებით. შესაბამისად ვიღებთ მკვლელებად შობილებს, მანიაკებსა და პედოფილებს.

მუხლი პორნოგრაფიის შესახებ: "პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება, ისჯება ჯარიმით და 2 წლიანი გამასწორებელი სამუშაოებით." თუმცა კანონში არ გვხვდება პორნოგრაფიის დეფინიცია. მაინც, რას ნიშნავს პორნოგრაფიული ნაწარმოები? ან რამე სხვა საგანი? რატომ უნდა დავისაჯოთ იმისთვის, რაც არასწორად, ან საერთოდ არ განგვიმარტეს?

თუმცა ქართულ ჯინეტში უმოწყლოდ მაღალია პორნოგრაფიული შემცველობის საიტების რეიტინგები, "მისია დაკარგული" ერის შვილები ყოველდღიურად თავგანწირვით ლაშქრავენ პორნო საიტებს. განსაკუთრებული მოთხოვნაა ინცესტზე, გაუპატიურებაზე, მაზოხიზმზე, პედოფილიაზე... თუმცა ამავდროს ისინ მკაცრ მორალიზმს ინარჩუნებენ. მაგალითად, ერთ-ერთ საიტზე პედოფილიური ვიდეოს ქვეშ ასეთ კომენტარებს წააწყდა ჩემი მეგობარი. ერთ-ერთი კომენტარის ავტორს ავატარად სამების ტაძრის ერთ-ერთი ცნობილი ფოტო ეყენა, რითაც სხვა იუზერების მრისხანება გამოიწვია. ისინი ფარულად იმდენად რელიგიურები აღმოჩნდნენ, რომ წარმოუდგენელი გინების ქარტეხილი დაატეხეს, ამ მადლიანი ფოტოთი შენიღბულ, გარყვნილ მკრეხელს. ეს მშვენიერი მაგალითია, იმ ორმაგი სტანდარტებისა, ფსევდო-ქრისტიანული ვირუსისა, რომელიც ჩვენ საზოგადოებაშია გავრცელებული __ კანონიერი ქურდების აგებული ტაძრებით დაწყებული, რწმენა - დაზღვევა - ვაითუ, ღმერთი მართლა არსებობს, იქნებ ყველაფერი მართალია, რაზეც მღვდლები საუბრობენ მიდგომით დამთავრებული. და რაც მთავარია შენ გეკისრება ვალდებულება აყვე იმ ტაშს, რომელსაც ყოველდღიურად უკრავენ ზოგად ამ კულტურულ, პოლიტიკურ თუ საეკლესიო პორნოგრაფიას.

და თუ წინააღმდეგობა გაუწიე საზოგადოებაში შექმნილ აზრს, თუკი ალუდა ქეთელაური მხოლოდ სადღეგრძელოებისთვის არ შემოგზეპირებია და მისი არსიც გესმის, თუკი უბრალოდ იუდა, ჰომოსექსუალისტი, ტრანსექსუალი ანდაც ფსიქიურად ავადმყოფი ხარ, მაშინ მხოლოდ წარმოიდგინე: "უზრმაზარი მუქარით აღსავსე სივრცე და არავითარი თავშესაფარი. შენ გელოდება შიმშილი, სიცივე, სასტიკი მოპყრობა, სიკვდილი. წარმოიდგინე ტანჯვა, სიღარიბე, განიწრული ხარ. ფიქრობ ამ ყველაფერს გაექცევი? შენს წინაშე დაწყევლილი უდაბნოა: მოუსმინე ყვირილს, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიგებს და არ დაგავიწყდეს რომ შენ ახლა მეძავი ხარ, რომელსაც კვაშლში ჩაუდგნენ მგლები. ეს ბინძური საწოლი კი - შენი სამშობლოა, ერთადერთი და ნამდვილი სამშობლო."

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.