• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ფაშიზმი სიყვარულში

×
Charles Demuth, Dancing sailors, 1918
ავტორის გვერდი ტატო ჩანგელია 15 სექტემბერი, 2019 3759
 
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როცა ვიყავი თინეიჯერი,
ჩემი გოგო მოულოდნელად ჩემგან წავიდა,
ყველაფერი ბუნებრივი ბანალურობით განვითარდა -
დასაწყისში ვიყავით ორი, და ერთმანეთს თავისებურად ვავსებდით,
შემდეგ, როგორც ხდება - გაჩნდა მესამე - ბარბაროსი,
რენესანსული სხეულის მქონე, ქვისგან გამოთლილი სილუეტი,
მკერდზე სვასტიკით, რომელმაც მოიპარა
ჩემი სიყვარული და თავის ბუნაგში წაიყვანა.
 
სწორედ ამ დროს, მოხდა ჩემი პირველი ტვინის შერყევა:
მე სწრაფად მოვიმარჯვე წითელი ცარცი
და ჩემი პოლიტიკური სივრცის მოხაზვა დავიწყე,
და ვთქვი: ფაშიზმი არსად წასულა,
ის აქ არის, უსმენს სუპერთანამედროვე მუსიკას,
დადის ფიტნესკლუბში,
უყურებს იაპონურ ანიმაციას,
სჯერა საკუთარი მბზინავი სხეულის სიდიადის,
და ყველაფერთან ერთად, მოურიდებლად იპარავს სხვის სიყვარულს.
 
მე დავიწყე დისიდენტი მწერლების კითხვა,
გავწევრიანდი ანტიფაშისტურ ორგანიზაციაში,
მოვუხშირე აქციებზე სიარულს - შევქმენი ჩემი პოლიტიკური ხმა,
და მისი მკაფიოდ დაფიქსირება დავიწყე.
ის კი, ალბათ ამ დროს ჩემს გოგოს,
ჩემს პატარა ანგელოზს,
ძუძუსთავებს ნერწყვით უვსებდა,
ყურის ბიბილოზე ენის ქიცინით აღაგზნებდა, 
და თავისი ძლიერი მუშტით შედიოდა მასში,
რათა საკუთარი მყრალი იდეოლოგია ჩაენერგა,
ერთი ხელის მოსმით სიამოვნება და ტანჯვა მიენიჭებინა,
სწორედ ასეთია ფაშიზმის სახე, როცა ის იბადება - მუშტი ანუსში.
 
ალბათ ახლა, არც თუ ისე საინტერესო პერიოდში,
ისევ იმეორებენ ერთმანეთის მბზინავ სხეულებს,
აწ უკვე ჩემი პატარა ანგელოზი გახდა ფაშსტიკა,
და გულმოდგინედ კითხულობს ლუი ჯილიოს სამხედრო ჩანაწერებს
და თავის ბიჭთან ერთად ოცნებობს საკუთარი დამპალი რასის გამარჯვებას.
ალბათ დადიან ფიტნესკლუბში, და მათი ენა შეკვეცილი წილადია,
რომელიც ამბობს მხოლოდ: ჩაჯექი, ადექი, გაიმეორე, გააკეთე, შეგეშალა...
სხვა ყველაფერს კი, უბრალოდ სხეულს ანდობენ.
ალბათ ვარჯიშით დაღლილები, განსატვირთად
უყურებენ ლენი რიფენშტალის და შოთა კალანდაძის კინო შედევრებს.
 
მე კი ტვინის შერყევით გაბრუებული, გაძვალტყავებული სხეულით
ვგდივარ ლოგინზე, და ვფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია
პოლიტიკისა და სიყვარულის გადაკვეთა,
რამდენად მნშვნელოვანია ურთიერთობაში
პოლიტიკური ხმის დაფიქსირება,
რათა ფაშისტური საცეცები არ შემოიპაროს
და განცხრომაში მყოფი არ აღმოჩნდე სახრჩობელაზე.
ახლა ვწევარ და ველოდები ახალ ტვინის შერყევას.
და მომავალი პარტნიორისთვის სათქმელ სიტყვებს ჭერს ვუმღერი:
მხოლოდ მე და შენ, მხოლოდ შენ და მე,
არავითარი პოლიტიკა, არავითარი ფაშიზმი - 
დიდი ყლე და სვასტიკით მოხატული მბზინავი სხეული.
 
საკუთარ თავს, გულმოდგინედ ვამხნევებ:
ამის იქით, შეცდომას აღარასდროს დავუშვებ,
მე უკვე ვიცი, როგორია მისი სახე,
მე უკვე ვიცი, როგორ ვიყო უშეცდომო,
რისთვისაც, გარკვეულწილად, მადლობას ვუხდი ფაშიზმს,
რომელიც ვერასდროს გაიმარჯვებს,
ვერც ერთ საომარ ველზე.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული