• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ვისი ცეკვაც ქარია

×
ავტორის გვერდი სკა ინდიგოთი 04 სექტემბერი, 2019 1970
მესაზღვრეებს სითხეები აღიზიანებთ, მითხრა.
მეტი წყალი მმართებდა მაგრამ არ ვიყავი მეტი
და შესაძლოა შენს დილამდე ვერ მიმეღწია
 
შესაძლოა ვხედავდი ხმებს და ცეკვა მესმოდა
როგორც მას ვინც არ ყოფილხარ ფერებიანი სახლების და ხიდების გეჰემონიაში
ბურანოში
სადაც მეთევზის ხმა გაისმა
როგორ მოიწყინა გაღვიძებისგან
სანამ თეთრი თმისგან და კაუჩუკისგან შვილს ხდიდა
სხვა სიზმრიდან:
გაზაფხულის მოყვანა ტაივანის მოქალაქეებისთვის
შეშლილივით გეძინა და თმებიდან მიწას გაცლიდი
მშვენიერ ხეებში რომლებსაც არ უნახავთ სხვა სხეული
სხვა თმა მათზე
სხვების გარდა აქაც არავინ მოვა
 
როგორ ავსებდა წყალი შენს დილას
თუ ტყე ბრუნავდა ჩემი მეგობრის თავის გარშემო
სანამ ვიტყვი ერთ სახელს და გაუგონარ სიტყვებს
ქარი მის ფრთებს არხევს
ვისაც ვუყოფ ჩემი ჩანთის ჩრდილს
ჩემი სიტყვები მისი პირიდან მოწვეთავს და არსად იღვრება
 
ამ ოთახის რამდენიმე მყარსიტყვიან კედელში
მესამე პირი ვარ
სახით ამ კედლებს მიმყრდნობი და გამცინებელი (Geheimnis)
და რამდენიმე თავიდან ერთით მალდორორის ძაღლში ვმარხივარ
 
მისი ხელები ჩემი კანისგანაა და სიტყვების ზონდით მისკენ იხრება
ვინც აღარაა დანახვადი
ვისი ცეკვაც ქარია.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული