ტრუისტული საზეპიროები და სხვა ლექსები





პოეზია

ტრუისტული საზეპიროები და სხვა ლექსები




►ალიბი

დავკითხოთ სიტყვები

ყოველი მათგანის მნიშვნელობა ყალბი ალიბია

რომლის მიღმა სისხლი იმალება

დანაშაულის კუდი მოჩანს აბზაცის ბოლოდან

სისხლითაა მოქსოვილი მისი გარსი

ფარდასავით უნდა გადასწიო გაქვავებული მნიშვნელობები

და აღმოაჩენ სიტყვა „კარადაში“ გადამალულ სიტყვა „გვამს“

სიტყვა “სიყვარულში” ჩაშენებულ სიტყვა “ეჭვს”

სიტყვა “თავისუფლების” უკან მიმალულ ლაჩარს

წარმოსახვის ფრაგმენტებს ვეღარ აწებებს ცხელი სინტაქსი

დავკითხოთ სიტყვები

ცრუმოწმეა მათი საზრისი

კვალს გვირევენ

რომ სამუდამოდ ჩავიკარგოთ ფუძეკუმშვადი სიტყვის ნაპრალში

შეხედე

სიტყვა “პატარა” უფრო დიდია ვიდრე სიტყვა “დიდი”

თვითმფრინავის შავი ყუთი არის ნარინჯისფერი

სიყვარული კი… აბა რა გითხრა…

ოდესღაც მეც ვიცოდი მისი მნიშვნელობა

ახლა კი საიდანაც უნდა გადმოხტე

მაინც ენის ფსკერზე ეცემი.

 
 

► "ტანზე გამონაყარი"

არავითარი პროფესიული არჩევანი,

სისულელეა!

პოეზია, უბრალოდ, გემართება,

როგორც ასთმა, როგორც კიბო

და იშვიათად, როგორც პროსტატიტი,

ასე იყო მაიკოვსკიც,

რომელმაც ტრაკში დაიხალა დამბაჩა

და სამუდამოდ მოირჩინა პოეზია.

 

►კაზუსი

დამნაშავე ყოველთვის უბრუნდება დანაშაულის ადგილს -

კრიმინალის კლასიკური ქცევა.

ხშირად ვუბრუნდები საწერ მაგიდას,

ვყნოსავ, ხელით ვეხები, ფრთხილად ვამოწმებ.

ვაღიარებ, მე არაერთი ლექსი ჩამიდენია

და კიდევ არაერთის ჩადენას ვაპირებ.

დამალვას აზრი არ აქვს -

განსაკუთრებული სისასტიკითაც ჩამიდენია ზოგი ლექსთაგანი,

წინასწარი განზრახვითაც.

იყო ერთი-ორი წვრილმანი ტაეპი,

გაუფრთხილებლობით რომ მომივიდა,

(იქნებ, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოდგეს!)

სერიული პოეტი ვარ, ვაღიარებ.

არსებითად კი ასე იყო:

ვხედავდი, როგორ სხლტებოდნენ,

როგორ ცდილობდნენ განწირულები

ჩემი მყიფე ფანტაზიისგან თავის დაღწევას,

მაგრამ უმეტესად ხელთ ვიგდებდი.

შინაგანი ტრადიციის ძალა

მეწეოდა უმწეო მსხვერპლისკენ - ახალი ლექსისკენ...

დაუწერელი ტექსტის გამჭოლი სხეული

ვის არ აღძრავს დანაშაულისკენ?!

პირველი ლექსი სიყვარულით ჩავიდინე,

მეორე ლექსი - აფექტის მდგომარეობაში,

შემდეგ უკვე ჩვევაში გადამეზარდა.

ერთი კია,

არაფერს ვნანობ.

 
 

ტრუისტული საზეპიროები

1. შეუძლებელია ორ ადგილას ერთდროულად არ ვიყო.

2. ჩემი არყოფნა ლიმიტირებულია.

    ყოველთვის სადმე ვარ. მაშინაც როცა სადმე არ ვარ.

3. თუ დავუშვებთ რომ სადმე არ ვარ მაშინ ყველგან ყოფნა მომიწევს

რაც ნიშნავს, რომ ღმერთი ვარ

თუ ღმერთი ვარ რატომ შიმშილობს საქართველოში 300 ათასი ბავშვი

(წლევანდელი სტატისტიკით)

ან რატომ ვერ მივდივარ იბიცაზე დასასვენებლად

(ეს სტატისტიკა მუდმივია)

ან რატომ იხოცებიან პეპლები ერთ ღამეში

და რატომ არ იხოცებიან ფარისევლები ერთ ღამეში

გადაწყვეტილია არა ვარ ღმერთი

წერტილი


4. ვინმედ ყოფნა ნიშნავს სადმე ყოფნას

სადმე ყოფნა ნიშნავს ვინმესთან ყოფნას

კარგ შემთხვევაში - შეყვარებულთან

ცუდ შემთხვევაში - პრემიერ-მინისტრთან ლანჩზე.

4ა. ჩემი არსებობა სივრცითია

მე ვარ მუდმივად სივრცის რომელიღაც

უხერხულ წერტილში განთავსებული

და ჩემი ფეხები ეწევა ჩემივე ორგანიზმის

მარადიულ დისტრიბუციას სახლიდან სამსახურში

და პირიქითაც.

ჩემი ყოფნა ლიმიტირებულია.

ისევე, როგორც ჩემი არყოფნა

ამაზე ზემოთაც ვისაუბრეთ

გვეყოს.

5. ყოფნა ქართულად ნიშნავს რომ უნდა იყო და იმასაც

რომ უნდა გეყოს.

არსებობა უნდა ვიმყოფინოთ - ესაა მორალი.

მაგრამ არ მყოფნის.

მე პოეტი ვარ, მაშასადამე ყოფნით გაუმაძღარი გომბიო ვარ.


5 ა) მე პოეტი ვარ - რას გულისხმობს ეს ცარიელი განაცხადი

მე ისიც კი არ ვიცი როგორი უნდა იყოს პოეტი.

პერიოდულად ადამიანად ყოფნას ვთამაშობ

და სულ ესაა.


6. პოეტი უნდა იყოს სექსუალური.

რა არის უფრო სექსუალური, ვიდრე ლექსი?

კაი ნაშა! - მპასუხობს რეზო რომელიღაც ფილმის გავლენით.

ვერ შეედავები.


7) მეუბნებიან, რომ რადიკალური ავტორი ვარ,

რომ ლექსის კეთილხმოვანებას ვანგრევ.

მე ხელის ელეგანტური მოძრაობით ვუთითებ

თუ სახელდობრ სად უნდა შეიტენონ თავიანთი კეთილხმოვანი ლექსები.


8. როცა ვწერ, ასეთ დროს უფრო მეტი ვხდები

ვიდრე მხოლოდ მოლეკულების ფაფა,

ვიდრე ცილებისა და ცხიმების შემთხვევითი კოქტეილი,

შესაძლოა ეს იყოს პოეზია,

შესაძლოა ეს იყოს პოეზიის

დასაწყისი.

ან დასასრული, არც ამას გამოვრიცხავ.

 

დიალექტიკა

(ეძღვნება ვიიონს ვიიონისებურად, ცოტაც- ხაიამისებურად, ცოტაც - თავისებურად)

“ჩემი და მისი საიდუმლოა ლექსშია შენახული” - ბობ ჰაისოკი

 

ვისაც რა ჰქონდა ასაღები, ყველამ აიღო

ზოგმა ხელფასი, ზოგმაც ვალი, ზოგმა კი ხელი

ამ ცხოვრებაზე და მე მესმის ძალიან კარგად

და შეიძლება ითქვას, მესმის საუკეთესოდ,

რომ გინდაც გეკლას, გინდაც გემტროს, გინდაც გეთესოს

სიკეთეები, საბოლოოდ, იდიოტები

დგანან კუთხეში ბომბებით და ეშაფოტებით

და განაჩენსაც (რა უნდა ქნა!), ისევ ეგენი

გამოგვიტანენ, და თუ გონზე არ მოვეგებით,

შესაძლო არი, ჩამოგვართვან წერის უნარიც -

ნადიდგორალი, ნაიბიცარ-ნალაგუნარი.

 

აიღე ხელი თავზე, ანუ აიღე ხელი

ამ ცხოვრებაზეც და იმაზეც, რომელიც გელის,

სიკვდილის შემდეგ, ესე იგი სიცოცხლის შემდეგ,

სიცოცხლის შემდეგ, ესე იგი რაღაცის შემდეგ,

რასაც სიცოცხლეს ვერც დაარქმევ, მაგრამ დიალე-

ქტიკის უცვლელი კანონები სწორედ ასეთად

წარმოგვიდგენენ და ამასვე ამბობს გაზეთიც

ზეპარტიული, სადაც გვამი  რეზოთერული

ლათაიებით ისუფთავებს სახეს გაზეთილს.



 

ზოგი პოეტი ცად ავიდა, აშპა, ამაღლდა,

ღვთივშეისვენა, რომ იტყვიან, ანუ ჩაძაღლდა.

ამას ევტერპე ჰყავდა მუზად თუ “ცენტრ-პოინტი?! -

გამეფიქრება, რომ ჩავივლი ერთის სრა-სახლთან.

ასეა, ზოგჯერ მართლაც კარგა ხმელი ზურგი აქვთ,

მათ, ვისაც თავზე ხშირად გადაიმასუქნიათ.

თუმცა, პოეტებს რას გაუგებ, დროა საკუთარ

თავზე ვიფიქრო და მოვასწრო წერა მანამდე,

სანამ სიკვდილი ბოლო წამებს გამომძალავდეს.

 

როცა მოვკვდები, იმედი მაქვს, კი მიტირებენ,

თუმც, ამ ეტაპზე მხოლოდ ტირილს იმიტირებენ.

ჩემს სადღეგრძელოს ისე გულით გიახლებიან,

იმდენს იზამენ, ბოლოს მეც კი ამატირებენ.

 

აქა ვწევარ და სხვანაირად არ ძალმიძს, ღმერთო,

უკვე არც მახსოვს, შენთან როგორ ვიურთიერთო.

რა საჭიროა ეს ამდენი პიეტეტები,

იქნებ დაგვინდო ეს ურწმუნო პოეტეტები

და გვითხრა შენი დაფარული გულისნადები,

ჩვენთან სუყველა საიდუმლო შეგენახება…

 

ჰა და ჰა, ლექსში უსირცხვილოდ გამოვაჭენოთ,

მაგრამ, მერწმუნე, მაგათ მაინც არვინ კითხულობს.

 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.