• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

დეტალების ეშმაკი

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 10 იანვარი, 2013 2745

(მოკლე კომენტარი ლექსო დორეულის წერილზე „დაჯექი, მკითხველო!“)

 

წავიკითხე ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ დაბეჭდილი წერილი „დაჯექი, მკითხველო!“ (ავტორი ლექსო დორეული). ბევრი თვალსაზრისით, სავსე და შემყოლიებელი ტექსტია, თუმცა, რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობაა „გაპარული“, რაც, ღირს, რომ „დაფიქსირდეს“. ცხადია, ამის აღუნიშნაობით არც წერილის ავტორს ემატება რამე და არც მე მაკლდება, მაგრამ, ვფიქრობ, საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის მცირე განმარტება მაინც საჭიროა.

მესმის, რომ წერილი აგებულია გავრცელებული დისკურსების ირონიულ-პაროდიულ გადათამაშებაზე (თავად ჩემი ტექნიკაც ასეთ ინსტრუმენტალიებსაც გულისხმობს), მაგრამ თამაში უქმდება, თუ სამუშაო კოდებს ერთმანეთში ავურევთ (ამის გასაგებად ვიტგენშტაინის „ფილოსოფიური გამოკვლევების“ დამოწმება სულაც არაა საჭირო).

თავის მხრივ, კრებული „დაუჯდომელი“ ინტერპრეტაციებისადმი ღიაა, მაგრამ ის არაა ღია უზუსტობებისადმი, ფაქტობრივი შეცდომებისადმი.   

 

ფაქტობრივი შეცდომა #1:

,,როცა ქვების აცდენას ვისწავლი და ჩემკენ ნასროლი ლოდებისგან ტაძარს ავაგებ“. პერსპექტივა კი, რომ ის ამას ოდესმე შეძლებს, მეტად საეჭვოა. სამაგიეროდ, მშენებლობის პროცესი უკვე დაუწყია და მას შესაშური წარმატებითაც უძღვება ჩვენი დიდი პოეტი-პრარაბი სევარიონ ნადირაძე: ,,და მოშურნეთა ნასროლი ქვებით შენდება ჩემი ციხე-სიმაგრე“.

წერილის ავტორი არც ამას სჯერდება და მეტი დამაჯერებლობისთვის სქოლიოში განმარტავს: „დაე, რომელიმე ღვთისნიერმა ბუღალტერმა იმტვრიოს იმაზე თავი, რომლის - პაატასა თუ სევარიონის - თავში ჩაისახა პირველად ,,მტრისგან ნასროლი“ ლოდებითა თუ ქვებით ქართული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის გამდიდრების ზვიადისტური იდეა“.

სამწუხაროა, მაგრამ წერილის ავტორმა არ იცის, რომ ეს “მშენებლობა” ქართული წარმოებისა არაა და ინტერნეტში რომ დაეძებნა, იმდენ „ფირმა“ აგურს იპოვიდა, თითები არ ეყოფოდა სათვლელად, სულ რომ ოთხხელა ბრაჰმა   ყოფილიყო. ნასროლი „ქვებისგან ციხესიმაგრის აგება“ ცნობილი ფრთიანი ფრაზაა, იმდენად ცნობილი, რომ ფეხბურთის მწვრთნელი მავანი ხოსე მაურინიოც კი იყენებს ინტერვიუში. „build a Castle with all the stones being thrown at me“ - უცხოელ მწერლებში ამ ფრაზას უამრავგან ნახავთ სხვადასხვა ვარიაციით, მათ შორის, ქართულად  თარგმნილ ავტორებშიც შემხვედრია ოდნავ სახეცვლილად. ამ გაცვეთილი ფრაზის შემოტანა (ლოდისგან ციხესიმაგრის, ჩემს შემთხვევაში - ტაძრის აგება), ცხადია,  გარკვეულ კონცეფციას ემსახურება, თუმცა, აქ საკუთარი ლექსის სტრუქტურალისტურ ანალიზს არ გავყვები. 
 

 

ფაქტობრივი შეცდომა #2:

,,თომას იკოსი 4“ კი, სადაც პაატა შამუგია მადლობას უხდის უფალს იმისთვის, რომ ,,თეოსოფიამ დაამტკიცა, რომ უფალი არ არსებობს“ ასევე ნასესხებია. ეს წინააღმდეგობრივ-ირონიული იდეა ოდნავი ლინგვისტური სახეცვლილებით აქვს გამოთქმული ლუის ბუნუელს სიტყვებით: ,,მადლობა ღმერთს, ათეისტი ვარ“.

ისევ ფაქტობრივი უზუსტობა: სამწუხაროა, რომ ავტორი, ინფორმაციის გადამოწმების ნაცვლად, ყურმოკრული ფრაზით მსჯელობს. სინამდვილეში, ეს არის ბერნარდ შოუს სავიზიტო ფრაზა და არა ლუის ბუნუელის (სულ მცირე, ნახევარი საუკუნით დაასწრო ბუნუელს). ბუნუელმა ის, უბრალოდ, გამოიყენა, ისევე, როგორც მე.

 

ფაქტობრივი შეცდომა # 3:

„წიგნის სათაური სრულიად შეუსაბამოა მის ფორმა-შინაარსთან; ,,აკათისტო“ (ბერძ. Akathistos), ანუ დაუჯდომელი აუცილებლად გულისხმობს კონკრეტულად ღვთისმშობლის მავედრებელ ხოტბას და მის კრებულს (იხ. რამაზ ჭილაია ,,ლიტერატურათმცოდნეობა“)“

ის, რომ „დაუჯდომელი აუცილებლად გულისხმობს კონკრეტულად ღვთისმშობლის მავედრებელ ხოტბას და მის კრებულს“ - შეცდომაა! პირველი დაუჯდომელი მეშვიდე საუკუნეში შეიქმნა და  დიახაც, ღვთისმშობელს ეძღვნებოდა, მაგრამ მის შემდეგ უამრავი კანონიკური დაუჯდომელია დაწერილი. არსებობს იესოს დაუჯდომელი, მეფე თამარის დაუჯდომელი, წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი, პეტრეს და პავლეს დაუჯდომელი და ა.შ.

ნამეტანი მომეწონა სასულიერო პირის (მამა პეტრეს) ფრაგმენტის ეპიგრაფად გამოტანის იდეა. კიდევ უფრო მომეწონებოდა, წერილის ავტორს ჩემი და მამა პეტრეს ლექსების თარიღებიც მიეთითებინა. ამით მკითხველს არ დასჭირდებოდა ინტერნეტში ჩხრეკა და იოლად მიხვდებოდა, რომ ჩემი ლექსი შეტანილია 2010 წელს გამოცემულ წიგნში "უპირატესობა" (სხვათაშორის, კონკრეტულად ეს ლექსი "როლების გაცვლა"  2006 წელსაა დაწერილი და დაწერის დღიდან საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში). ხოლო მამა პეტრეს ლექსი ჩემი წიგნის გამოსვლიდან 3 წლის შემდეგ (გა)დაიწერა. თუმცა, თარიღების მიუთითებლობას მაინც შეცდომაში ვერ ჩავუთვლით ამ წერილის ავტორს, უფრო დაუდევრობის ბრალი შეიძლება იყოს.

კიდევ არის სხვა წვრილმანი შეცდომებიც, მაგრამ მათ აღარ შევყვები. მეტიც: ვფიქრობ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წერილია, რაც ჩემზე დაწერილა (თუ ამ უზუსტობებს არ ჩავთვლით)  და სიამოვნებითაც ჩავიკითხე თავის დროზე. უბრალოდ, მეტი ყურადღება წვრილმანებს. ეშმაკი, როგორც ბრძენი ქართველი პოლიტიკოსი, ცნობილი გამოთქმის კვალდაკვალ, იტყოდა, დეტალებშია.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული