ჭრელი პეპელა ბოროტების არტისტულ ყვავილზე





პოეზია

ჭრელი პეპელა ბოროტების არტისტულ ყვავილზე




ციკლიდან "ფილოლოგიური ლექსები"

-----------------------------------------

 

მოხუცი და სხვა

 

მე მეთევზე ვარ

და როგორც კი საღამოვდება

მოვიგდებ ანკესს გამხმარ ზურგზე

და მივდივარ მდინარის პირას

(ანკესი გრძელი უნდა იყოს,

სიმი კი მძლავრი,

ხომ შეიძლება, რამე დიდსაც გამოჰკრა კავი)

გავმართავ ანკესს,

და სანამ ტივტივა წყალში წრეს მოხაზავს,

"ჩესტერს" გავუკიდებ რიტუალურად,

სიმი იძაგრება,

ხელის ერთი მარჯვე მოსმა და,

კავს მოჰყვება მოზომილი მეტაფორა,

სხმარტალებს, სხლტება თითებშუა...

შორს ვერ წავა, სანდო ხელშია.

მართალია, წვრილ-წვრილი მეტაფორები ისედაც საკმარისად დამიგროვდა,

მე უფრო ვეშაპივით შედარებას მოველოდი,

მაგრამ ესეც საქმეა,

მთლად ლიტოტესიც ხომ არაა!

წეროებმა ხმაურით გადაიფრინეს,

მაღლა ფრენენ -

ეს კარგია

და ეს იცის კარგმა მეთევზემ.

თუ წეროები დაბლა უხმაუროდ და სწრაფად დაფრენენ,

ეს ცუდ სათევზაო ამინდს ნიშნავს.

დღეს მიმართლებს.

სალამი, მეგობარო წეროებო.

ბევრი არ აქცევს ყურადღებას ასეთ დეტალებს,

და ეს ცუდია

და ეს არ იცის ცუდმა მეთევზემ.

აი ახლაც გატოკდა ტივტივა,

სიმი ისე დაიძაგრა,

მგონი, მკვირცხლი ირონია მოვიგდე,

მაგრამ, ბედის ირონიით, ცარიელი ნემსკავი ამომაქვს,

ვერა და ვერ მოვიხელთე,

ხელიდან სხლტება გამუდმებით.

არადა, იცოცხლე, ფასი ადევს,

უკეთ იყიდება,

და მე რომ მკითხო, კარგიცაა,

მართალია, ფხიანია,

მაგრამ უფხო ირონია ვის რად უნდა!

არა უშავს, სიმბოლოსაც დავჯერდები,

ოღონდ დროზე შებინდდეს,

ღამით იცის სიმბოლოები - ნასუქები, ნაღდები...

როგორც კი ბნელდება,

ამოდიან ფსკერიდან და ანკესზეც იოლად ეგებიან.

არსად მეჩქარება,

ვიჯდები ჩემი ქვეცნობიერის

ნოტიო ნაპირზე,

გავაბოლებ

და ვიფიქრებ სიმბოლოების უშქარ ლაშქარზე.

მოვლენ, მოვლენ უეჭველად...

მაგრამ როგორ გინდა, სიმბოლოებით არჩინო ოჯახი?

მალე ილევა, ბარაქა არ აქვს,

გამუდმებით უნდა ცვალო,

ეფექტი რომ ჰქონდეს.

ბავშვები შემომღნავიან,

ბოლო მეტაფორა წუხელ გამოხრეს,

სიმბოლო კი სიმბოლურად დილისათვის გადაინახეს.

ცოლიც ბუზღუნებს:

აგერ, შენს კოლეგას ააააამხელა ჰიპერბოლები დაუჭერია -

ხელით ხაზავს ტრაექტორიას -

მთელი პრესა მასზე წერდა,

ბედნიერი მისი ცოლი!

შენ კი რას მიკეთებ,

ბავშვებს ალეგორიებისგან კუჭი გამოუშრათ

და ძალიან ცუდი კაკაშკები აქვთ,

ექიმმა მეტონიმია დაუნიშნა.

მე უხერხულად ვიმართლებ თავს,

რომ მთავარი ზომა არაა,

რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს,

რომ, ცოტაც დამაცადონ და,

აი ნახავენ,

აი, ნახავენ,

მეც მოვიხელთებ ზორბა ჰიპერბოლებს,

მხეც მეტაფორებს,

სხარტ ეპითეტებს

და კაი დახლიც დამიდგება,

აი, დამაცადონ...

მდინარე ღუღუნებს, როგორც ჩიტი.

ეს არ არის კარგი შედარება,

ეს საერთოდ არ არის შედარება,

ეს მდინარეა, რომელიც ღუღუნებს, როგორც ჩიტი.

სად არიან თევზები, თევზები სად არიან,

გავალ, გავიხედები...

ანკესს გვერდზე ვდებ,

ვთვლემ და ვისიზმრებ

შორეულ ქვეყნებს

და ლომებს, ნაპირზე რომ გამოდიან.

 

 

 

 

ჭრელი პეპელა ბოროტების არტისტულ ყვავილზე

 

ვწერ

რომ დაცული ვიყო ნიშნებისგან და მინი ნიშნებისგან,

რაღაც

ჩემზე

მეტზე

მინიშნებისგან

ვიყო დაცული...

ვკვებო

ეგო

წაგრძელებულ ჩრდილქვეშ მწოლმა

ვიყო წინააღმდეგობრივი -

ვიცოცხლოც და მოვკვდეც

სიყვარული გამოვრიცხო

(გ)ამოვრეცხო

მოქმედების რიგიდან

ბანალურია სიყვარული

სიყვარული ბანალურია (მეთქი)

როცა არაა გაზავებული

სერიული მკვლელის ირაციონალურ აქტში

როცა კლავს და ფიქრობს, რომ

დიდი წითელი პეპელა მოჩქეფს

მოკლულის ყელიდან

სიკვდილი დაგვყურებს პეპლიდან.

ვწერ.

 

 

 

დაუსრულებელი სუიციდი

 

ბოლო დროს ხშირად წარმოვიდგენ ჩემს თვითმკვლელობას.

ვდგები საწოლიდან, გავდივარ აივანზე

და თავით ვეშვები მეშვიდე სართულიდან.

აუტანელი ხმაურით ვენარცხები გოგა კვირტიას პრიალა "ბეემვეს"

(2.8-იანი ძრავა, ავტომატიკა, 2007 წლის გამოშვება, ექიმის ნახმარი)

პარპრიზის ნამსხვრევები ბეღურების გუნდივით იშლება.

ბოდიში, გოგა!

ხმაურზე სტუდქალაქელები აივნებზე გამოდგებიან,

შეიცხადებენ.

- მგონი, ვიღაც გადმოვარდა.

- ნაგავს გადმოყრიდა ვინმე,  - დაამშვიდებს ლიკა სხილაძე.

(ნაგავი შენ ხარ, - ვპასუხობ მე - მკვდარი)

პატრული მოდის. ყვითელი ლენტით შემოღობავს ტრაგედიის ადგილს.

- უი, ის ყოფილა,

ლექსებს რომ წერდა და

სულ სახლში რომ იყო მუდოსავით ჩაკეტილი.

- იაღოველი იყოო.

- სატანისტი ყოფილა, - შეუსწორებს მეორე მეზობელი, გურამ სულავა.

- კატებს ახრჩობდა სასაფლაოზე, ჩემი თვალით ვნახე.

- ვაი თქვენს პატრონს, - ჩაიჩურჩულებს თამუნა თვალაბეიშვილი (მადლობა, თამო).

- მაინც ცოდოა, ახალგაზრდა იყო, - შეთანხმდებიან საბოლოოდ.

"დღეს ახალგაზრდა პოეტმა, პაატა შამუგიამ, თვითმკვლელობა ჩაიდინა.

იგი პრემია "საბას" მფლობელი და ახალგაზრდებში პოპულარული ავტორი იყო. "კურიერი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უერთდება..."

შემდეგ უკვე კოლეგების მოგონებები:

(და რატომღაც, რომ ვერ მიტანდნენ,

ის კოლეგები განსაკუთრებით გამოიჩენენ თავს,

ან ისინი, საერთოდ, რომ არ ვიცნობდი).

"იგი ისეთი სათუთი იყო"...

"მეტსაც გეტყვით"...

"პირდაპირ ვაცხადებ: ის იყო ნოვატორი!"...

"მის მზერაშიც კი პოეტი მოსჩანდა, ჭეშმარიტი პოეტი"...

"იცით, სანამ თავს მოიკლავდა, დამირეკა და"...

"ნონკონფორმისტი გახლდათ... მმმმ... დიახ!"

 

ასეთი დასასრულის წარმოდგენის შემდეგ,

მყისიერად გადავიფიქრებ ხოლმე

ზედმიწევნით ლამაზად და ოსტატურად ჩაფიქრებულ თვითმკვლელობას.

 

არადა, ბოლო დროს მართლაც ხშირად წარმოვიდგენ:

ვდგები საწოლიდან, გავდივარ აივანზე

და თავით ვეშვები მეშვიდე სართულიდან.

 

 

წვრთნა

(ნაწყვეტი პოემიდან )

 

შენ როცა გისმენ,

თავში იდეების ტყე მიშრიალებს,

სიბნელიდან ყვავები მოფრენენ

და ტოტებზე თავს ითაგავენ.

ყვავიან ყვავები...

ჩემი სიტყვები აყვავდნენ და დაიბუდეს უცხო ხალხის ყურებში.

საოჯახო ჭურჭელივით უბრალოა ჩემი სიტყვები,

ჩემი სიტყვები უბრალოა, როგორც ჭურჭელი

საოჯახო. შესაკრებთა გადანაცვლებით

ვსიმულირებ განწყობის შეცვლას

ასე ვებრძვი მოწყენილობას, დეპრესიას, მარტოყოფნას.

მე გიშვებ სახლში,

აი, შეხედე -

ეს კოცონია,

მასზე შეიძლება ადამიანის შეწვა, მოხარშვა,

როგორც ნაწილ-ნაწილ, ისე მთლიანად,

ადამიანი ხომ ისაა, რასაც ის ჭამს,

ვიყოთ ადამიანები -

შევჭამოთ ჩვენი მოყვასის ხორცი,

ლბილ სასაზე მივიდნოთ და გადავყლაპოთ. 

მე სახლი არ მაქვს - ეს ჩემი სახლია:

 „მადონას“ სერვისი და რაფაელის „მადონა“ ერთ ჭერქვეშ

გამოხატავენ იდეების სწორხაზოვან სვლას –

როგორც „თუნუქის დოლში“,

სადაც ჰიტლერის და ბეთჰოვენის სურათები

ერთმანეთს დაბოღმილები შეჰყურებენ

როგორც მე და შენ –

როცა ერთმანეთის წარმოსახვის

გლუვ ზედაპირზე ფეხს ვერ ვიკიდებთ

და ასე უსინდისოდ ვიტყუებით,

რომ პოეზია მარტოობაში ვარჯიშია

და ეს კარგია.

ეს ცუდია, უნდა შევთანხმდეთ,

და შეგვიძლია ამაშიც ღმერთს დავდოთ ბრალი.

მაგრამ ის გამოცდილი დემაგოგია

და ყოველთვის ექნება ალიბი,

რომ ჩვენი შექმნისას არ არსებობდა.

ეს სიმღერაა, ხეებიდან დაძრული, კვირტების ენა,

ეს ტკივილია, ეს სიხარული.

ეს ქართველი ჟურნალისტია,

თუმცა გულის სიღრმეში - მწერალი.

ეს სარეკლამო პაუზაა – 25 60 60...

ეს სარკეა,

მე იქ არასდროს ვიხედები.  

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.