• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დიჯეი სპინოზა ებრძვის ბეგრიფონს

×
ავტორის გვერდი იუჯინ ოსტაშევსკი 00 , 0000 2013

იუჯინ ოსტაშევსკი 1968 წელს დაიბადა, 5 წლიდან კი ნიუ იორკში ცხოვრობს და შესაბამისად, მისი პოეტიკაც ორი ქვეყნის ტრადიციებს შორის „მოძრაობს“. მისი უმძაფრესი ირონიისა და დახვეწილი ენობრივი თამაშების ნაწილობრივ გადმოტანაც კი რთული საქმეა, მაგრამ ცდად ღირდა. ეს პირველი მცდელობაა, იმედია, მომავალში  უკეთეს თარგმანებსაც ვიხილავთ.  

სხვა:

* გერტრუდა სტაინის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური პოეზია;
* მისი ლექსები შესულია კრებულში „ამერიკის საუკეთესო პოეზია“. 2005 წ.
* ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ლიბერალ არტსის სპეციალობით.
 
მთარგმნელები: პაატა შამუგია, ნინო გოგუა
-------------------------------------------------------------------------------

 

ბალახის სახლი

 

მომღიმარი ფილოსოფოსი შედის

გადაადგილების სულელურ პროგრამაში

 

მისი ფანჯრის მიღმა ჩანს მამალი

ფრთამალი.

 

სივრცეში მოჩანს ძროხა

გავით ყვავს რომ დაატარებს

ყვავი ატკაცუნებს ფრთებს ერეტიკულად

ძროხა იღიმის ენიგმატიკურად

მომღიმარი ფილოსოფოსი ფიქრობს

ჰოი ბუნებავ

არარსებულო ქალიშვილო

შემეცნების რიტორიკავ

ჩვენ ვერ ვაღწევთ შენში

მაგრამ არსებობს შენი უენო რეპრეზენტაცია

ცხოველები

ნუკლეინის მჟავების მწარმოებელი

გონიერი მანქანები

რა არის საგანთა წესი

როგორ ჩნდება ის შემთხვევითობათა წრეში

როგორ დგანან ისინი ოთხ ფეხზე

რა ჩანს მათი თვალების ნოტიო ღრმულებიდან.

 

 

დიჯეი სპინოზა ებრძვის ბეგრიფონს[1]

 

ბეგრიფონიც და დიჯეი სპინოზაც

გამოდიან Geistesgeschichte–დან

ისინი იკრიბებიან

პატარა მაგელანის ღრუბლის ბნელ მონაკვეთში

მისტერ კლემისგან მიტოვებულ კლდეზე

 

ბეგრიფონი გამოიყურება როგორც

x2          y2  
––  –   ––  =1  
a2         b2  

მისი თვალები შეიძლება

ცხვირში აგერიოთ

მას ტყუილი არ ეხერხება

 

მისი მაისურის წინა მხარე ამბობს:

მე ამბივალენტური ვარ

 

უკანა -  

მე არ ვარ ამბივალენტური

 

როცა ის ძალზე ბრაზიანია,

მაშინ არც ისე ბრაზიანია

რადგან 2.7 X 100000 ზომის კლანჭი აქვს,

თუმცა მაკრატელს ვერ შოულობს.

 

დიჯეი სპინოზა მაცდუნებელია

გაფრთხილებს, უფრთხილდე

 

ის ელემენტთა პერიოდულ ცხრილში

ანაწილებს  დეფინიციებს

აქსიომებს

წინადადებებს

როგორც დენტისტი ინსტრუმენტს კბილის გაბურღვამდე

 

და შემდეგ იწყებენ ბრძოლას

 

ბეგრიფონი დიჯეის უჩვენებს სამ თითს

დიჯეი ოთხ თითს ახვედრებს

 

ბეგრიფონი იმანჭება,

დიჯეი კი ისედაც ასეთია.

 

დიჯეი სპინოზა იღებს ვიოლონის

და უკრავს გამორიცხული მესამის[2] სიმღერას

ბეგრიფონი აშეშებს ხელ-ფეხს

და კივის, არ ვიცეკვებ,

merci beaucoup!

De rien, ამბობს დიჯეი სპინოზა

-=1

ბეგრიფონი თავს ესხმის ესრაჯანდაბაა-ს კივილით

(რასაც დიჯეი წყობიდან გამოჰყავს)

მაგრამ ის ორმაგი დარტყმით პასუხობს

და a quod erat demonstrandum-საც აყოლებს.

 

ბეგრიფონი მემორანდუმივით იკეცება

ნუთუ დაკარგა ბრძოლის ხალისი?

პასუხი იპოვეთ პოემის მეორე ნაწილში!

 

პოემის მეორე ნაწილი

 

დიჯეი სპინოზა კლდეს ახტება

ბეგრიფონი – მენტალურ წინაღობას

დიჯეი სპინოზა სილოგიზმების ჯაჭვს ეჯაჯგურება

ბეგრიფონი აპროტესტებს სიმბოლიზმის გაქრობას და მერე

-  როგორც საგრანტო აპლიკაცია  -

იწვევს ორგანიზაციას.

ის ჯოკერს ჩამოდის და ამბობს:

მისმინე დიჯეი სპინოზა ყელში ამომივიდა შენი ლოგოცენტრიზმი

სიტყვები მხოლოდ დადასტურებაა

მხოლოდ ფიზიკური ძალა ამართლებს შემეცნების დროს

მხოლოდ მუშტი ავლებს ზღვარს წინააღმდეგობასა და დანებებას შორის

როდისმე გინახავს ჟირაფები სიმპოზიუმზე?

ცხოველების ცნობიერი ნამდვილი დროა

Sic probo -ს კაპრიზებისგან მოუხელთებელი

მოდი ახლა შევახვედროთ კაცი კაცს -

როგორც წეროს წერო,

ან ჭრიჭინას ჭრიჭინა.

 in toto

როგორც რეალობის მოკავშირე მეეზოვეები!

დიჯეი სპინოზა პასუხობს:

მომხედე чудо-юдо заморский ბეგრიფონო

ფეხზე მკიდია შენი ჭრიჭინობელა ჭრიჭინები

შენი მწივანა წეროები

არწივები თუ მაიმუნები

გაგაპანღურებ  ცხოველივით.

და ასეც ვიზამ!

more geometrico!

wha

huang

boomsie

loop

 

ბეგრიფონი მე ვარ, იუჯინ ოსტაშევსკი,

ამიტომ ის თავისთავად გამარჯვებულია.  



[1] ბეგრიფონი – კომპოზიტი მიღებულია ორი ნაწილის შეერთებით – გერმანული Begriff (იდეა, კონცეფცია, ტერმინი) და გრიფონი – მითოლოგიური მონსტრი (ნახევრად არწივი და ნახევრად ლომი). ერთი სიტყვით, ბეგრიფონი  – ესაა ფილოსოფიური მონსტრი. ამ სიტყვის ეტიმოლოგიას, გასაგები მიზეზის გამო, ვერსად მივაგენი, ასე რომ, მომიხდა, ავტორისთვის მეთხოვა განმარტება.    

[2] აქ სავარაუდოდ იგულისხმება ე.წ. „გამორიცხული მესამის კანონი“, რომელიც საგანთა დიქოტომიურ წესრიგს აღიარებს (შავი vs თეთრი, ჭეშმარიტი vs ცრუ), მესამე ვარიანტი გამოირიცხება. 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული