• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

ჰიპსტერი

×
ავტორის გვერდი შოთა გაგარინი 00 , 0000 5419

არ მიყვარს სიტყვები, რომელთა განმარტებაც აუცილებლად ასე უნდა დაიწყო - „ჩემი აზრით...“. „თავისუფლება“ ზუსტად ასეთი სიტყვაა. ხშირად მიწევს კონიუნქტურულ „თავისუფლებს“ ვუხსნა, რომ ფასეულებრივი უჩარჩოობა თავისუფლება კი არა, ყველაზე მძლავრი სოციალური სტერეოტიპების მონობაა - coolness-ის, success-ის და ა.შ. 

ბოლოს ამის ახსნა რამდენიმე ჰიპსტერისთვის მომიხდა.
 
ვინ არის ჰიპსტერი? 
 
თვისობრივად, ჰიპსტერი არის თავისუფალი ადამიანი, რომელიც ირონიულის გარდა არცერთ წინადადებას არ ცნობს და ხშირად საუბრობს ნებისმიერი მეინსტრიმის გოიმურობაზე, თავისნაირი ჰიპსტერების საზოგადოებაში, სადაც ასეთი საუბრები - მეინსტრიმია. 
 
ვიზუალურად, ჰიპსტერი არის ადამიანი, რომელიც გარკვეული იდეოლოგიის თუ ფასეულობების მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს იყენებს. თუმცა, მომავლის აგენტთან გამოლაპარაკებისთანავე ცხადი ხდება, რომ გარეგნული ნიშნები, რომლებმაც, მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, უნდა მოგითხრონ, რომ მათ მატარებელს თვალების დაღლის გარდა ინტერესი არ აქვს, სადა ადამიანია და სიამოვნებით გაატარებდა მთელ ცხოვრებას მუზეუმის დაცვის თანამშრომლად (იგი ხომ სხეულზეც ზრუნავს, გონებასთან ერთად) - მხოლოდ გარეგნული ნიშნებია, უბრალო აქსესუარები და იმის ქვეშ - არაფერი. სათვალის სქელი ჩარჩო ცხვირს უფრო ღლის, ვიდრე თვალებს, მამამისის ახალგაზრდობიდან შემორჩენილი „ორბორტიანი“ პალტოს (დამეთანხმეთ, გულის ამაჩუყებელი სისადავეა) ჯიბეში უახლესი აიფონი დევს, რომლის აპლიკაციებიც ყველაზე სწრაფად შეასრულებენ ყველაზე უაზრო ოპერაციებს. ხოლო მუზეუმში ჰიპსტერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგამს ფეხს, თუ იქ ფართის მოაწყობენ. 
 
კულტურული ცხოველის ფასადის უკან კულტურის და ცივილიზაციის ყველა მონაპოვრის მკვლელები იმალებიან - ადამიანები, ვინც სიმბოლოებს მნიშვნელობას აცლიან. მათი კულტურული ზედაპირის უკან აზროვნების ერთი თხელი შრეც არ გვხვდება. და ნებისმიერი კულტურა აზროვნების გარეშე - კიჩია.
 
ჰიპსტერობა არც ახალაღმოჩენილი ესთეტიკაა და არც ახალაღმოჩენილი თავისუფლება, ეს არის „კრუწიზნის“ ჩარჩოში ჯდომა და საკუთარი თავის კვება ილუზიით, რომ ეს უცნაური გარეგნობა შენი შინაგანი ბუნების გამოხატვაა, რისი უფლებაც გაქვს. კი, უფლება გაქვს, მაგრამ, საყვარელო - შენ არ გაქვს შინაგანი ბუნება, რომ გამოხატო. 
 
ამ ატრიბუტიკის უკან ხომ არაა ის, რასაც ეს სიმბოლოები განასახიერებენ:
 
ჩე გევარა გიყვარს? მაშ, რატომ არ შეხვალ კომუნისტურ პარტიაში? fake plastic tree შენი საყვარელი სიმღერაა? მაშ, რატომ არ იცავ ბუნებას? თავისუფლებას აფასებ? მაშ, რატომ ხარ ფინანსურად ოჯახზე დამოკიდებული? ა, ჭამა გინდა? კი, მაგრამ შენ ხომ ტომ უეიტსის, პატი სმიტის და მაგდაგვარი „ჩავარდნილების“ მუსიკა სულის სიმებზე გეხება, რატომ არ შეგიძლია ერთი ორი დღე გარეთ გაათიო ან არყით და ნიკოტინით გადააგორო იოლას?
 
თუმცა მე მაინც კულტურული დეტერმინიზმის მჯერა და აქედან გამომდინარე, იმისა, რომ ჰიპსტერების, რედიოჰედის მსმენელი ბანკირებისა და განგსტა რეპის მოყვარული ოლიგარქების დომინაცია აუცილებელია.
 
თუ კულტურის ნაშობმა ფუტურისტებმა და დადაისტებმა კულტურა ვერ მოკლეს, კულტურამ სხვა გზა გამონახა თვითმკვლელობისთვის, რათა შემდეგ თავიდან დაიბადოს. ჰიპსტერები დაასამარებენ ძველ კულტურას და ამით დიდ სამსახურს გაუწევენ ახალ წესრიგს, სადაც მათი ადგილი არ იქნება.
 
ჰიპსტერები კოსმოსში გაშვებული მაიმუნები არიან, რომელთა თავდადებაც აუცილებელია კაცობრიობის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ისინი არიან მკვლელები კულტურისა, რომელიც ტრისტან ცარას დროიდან ცდილობს თვითმკვლელობას, თითქმის საუკუნეა. ისინი გულმოწყალე ჯალათები არიან, რომლებიც წამებულთა თავებზე ორლესული ნაჯახის აღმართვით - პირველ რიგში - ტკივილს კლავენ. ჰიპსტერები თვალებში სევდაჩამდგარი კამიკაძეები არიან, რომლებიც თავს აიფეთქებენ, რათა მარაზმატიკი ჰეგემონები თან გაიყოლონ. 
მე ქედს ვიხრი მათი გამბედაობის წინაშე და ვუსურვებ მათ ნაადრევ სიკვდილს.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული