• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ჰარისონ ბერჯერონი

×
ავტორის გვერდი კურტ ვონეგუტი 00 , 0000 4040

თარგმანი: ლიკა ჯამბურია

2081 წელი დადგა და, როგორც იქნა, ყველა თანასწორი იყო. ადამიანები გათანაბრდნენ არა მარტო ღმერთისა და კანონის წინაშე, არამედ ყველა თვალსაზრისით. არავინ იყო სხვაზე ჭკვიანი, სხვაზე ლამაზი, სხვაზე ძლიერი ან სწრაფი. ეს თანასწორობა ამერიკის კონსტიტუციის 211, 212 და 213 შესწორებებისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შეზღუდვების გენერალური სააგენტოს მოუდუნებელი სიფხიზლის შედეგი იყო.
გარკვეული ცხოვრებისეული საკითხები ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მოწესრიგებული. მაგალითად, აპრილი ისევ აგიჟებდა ხალხს ჯერ კიდევ არ დამდგარი გაზაფხულის გამო. სწორედ ამ წვიმიან თვეში წაიყვანეს შეზღუდვების გენერალური სააგენტოს თანამშრომლებმა ჰარისონი _ ჯორჯ და ჰეზელ ბერჯერონების თოთხმეტი წლის შვილი ჰარისონი.
ეს ნამდვილად ტრაგედია იყო, მაგრამ ჯორჯსა და ჰეზელს ხანგძლივად ფიქრი არ შეეძლოთ. ჰეზელს იდეალურად საშუალო დონის გონება ჰქონდა, ანუ ფიქრს მხოლოდ წყვეტილად ახერხებდა. ჯორჯს კი, რომლის გონებრივი შესაძლებლობები საშუალოზე ბევრად მაღალი იყო, ყურში პატარა შემზღუდავი რადიო ჰქონდა ჩამაგრებული. კანონი ავალდებულებდა, მუდმივად ეტარებინა. რადიო მთავრობის გადამცემზე იყო მომართული და დაახლოებით ოც წამში ერთხელ მკვეთრ ხმაურს გამოსცემდა, რომ ჯორჯისნაირ ხალხს თავისი ტვინით უსამართლოდ არ ესარგებლა. 
ჯორჯი და ჰეზელი ტელევიზორს უყურებდნენ. ჰეზელს ლოყებზე ცრემლები შერჩენოდა, მაგრამ უკვე აღარ ახსოვდა _ რატომ. ტელევიზორის ეკრანზე ბალერინები ჩანდნენ. ჯორჯის თავში ზრიალმა გაიჟღერა. ფიქრები ისე სწრაფად დაიფანტა, როგორც ყაჩაღები განგაშის ხმაზე.
- ლამაზი ცეკვა იყო, ბოლოს რომ შეასრულეს, – თქვა ჰეზელმა.
- ჰმ, – თქვა ჯორჯმა.
- ლამაზი ცეკვა იყო, – თქვა ჰეზელმა.
- კი, – თქვა ჯორჯმა. შეეცადა ცოტა ხანი ბალერინებზე ეფიქრა. სინამდვილეში არც ისეთი კარგი მოცეკვავეები იყვნენ, ანდა, უფრო სწორად, ზუსტად ისეთები _ ნებისმიერი სხვა რომ იქნებოდა. ლენტებით და ტყვიით სავსე ჩანთებით დამძიმებულებს ნიღბები ჰქონდათ აფარებული, რომ ვინმეს მათ მშვენიერ სახეებზე თავისუფალი და გრაციოზული ჟესტი არ შეემჩნია და თავი უხერხულად არ ეგრძნო. ჯორჯმა გაიფიქრა, რომ იქნებ არც ისე კარგი აზრი იყო ბალერინების შეზღუდვა. მაგრამ ამაზე დაფიქრება ვერ მოასწრო _ ყურში გაჟღერებულმა ხმამ აზრები ისევ გაუფანტა.
ჯორჯმა თვალები დაახამხამა ისევე, როგორც რვა ბალერინიდან ორმა მათგანმა.
ჰეზელმა შეამჩნია ეს. თავად არ ჰქონდა რაიმე შემაკავებელი მოწყობილობა, ამიტომ
იძულებული იყო ჯორჯისთვის ეკითხა, რისი ხმა იყო.
- თითქოს ვიღაცამ რძის ბოთლს ჩაქუჩი შემოარტყა, – თქვა ჯორჯმა.
- საინტერესო იქნებოდა სხვადასხვა ხმის მოსმენა, –ცოტა იეჭვიანა ჰეზელმა. – ყველა
მათ მიერ მოგონილი ხმის მოსმენა.
- ჰმ, – თქვა ჯორჯმა
- მე რომ ვიყო მათ ადგილზე, იცი რას ვიზამდი? – თქვა ჰეზელმა, რომელიც სინამდვილეში ძალიან გავდა ქალს, რომელსაც დიანა მუნ გლამპერსი ერქვა, – მე რომ დიანა მუნ გლამპერსი ვიყო, – თქვა ჰეზელმა – კვირაობით ზარებს დავრეკდი, მხოლოდ ზარებს. რელიგიის პატივისცემის ნიშნად.
- მარტო ზარები რომ იყოს, ფიქრსაც შევძლებდი, – თქვა ჯორჯმა.
- მაშინ, ალბათ, ძალიან ხმამაღლა იქნებოდა, – თქვა ჰეზელმა – მე მგონი, ჩემგან
კარგი გენერალი გამოვიდოდა.
- ისეთივე, როგორც ყველა დანარჩენი.
- ჩემზე კარგად ვინ იცის, რა არის ნორმალური? – თქვა ჰეზელმა.
- მართალია, - თქვა ჯორჯმა. ფიქრებით თავის არანორმალურ შვილს მიწვდა, რომელიცამ დროს ციხეში იყო. თავში ოცდაერთი სანადირო თოფის გასროლის ხმამ ფიქრი შეაწყვეტინა.
- ეს რაღაც განსაკუთრებული იყო, არა? – თქვა ჰეზელმა.
ეს ისეთი განსაკუთრებული რამ იყო, რომ ჯორჯი გაფითრდა და აკანკალდა, მის წითელ თვალებს ცრემლები მოადგა. რვიდან ორი ბალერინა სტუდიის იატაკზე წაიქცა, სალოცავები ისევ ხელში ეჭირათ.
- დაღლილი ხარ, – თქვა ჰეზელმა, – დივანზე წამოწექი და ჩანთა ბალიშებზე
დაასვენე, ძვირფასო, –ჯორჯის კისერზე შემოხვეულ ნაჭრის ჩანთას გულისხმობდა, რომელშიც ორმოცდაშვიდპაუნდიანი ტყვიები ეწყო, – მიდი, დაისვენე, მნიშვნელობა არ აქვს, მცირე ხნით ჩემი თანასწორი იქნები თუ არა.
ჯორჯმა ჩანთა ხელით აწონა: არ მიშლის, – თქვა, – უკვე ვეღარ ვამჩნევ. ჩემი ნაწილი
გახდა.
- ბოლო დროს ძალაგამოცლილი ხარ, – თქვა ჰეზელმა, – რამე გზა რომ არსებობდეს, ჩანთას გავხრეტდით და რამდენიმე ტყვიას ამოვიღებდით. ძალიან ცოტას.
- ორი წელი ციხეში და ორი ათასდოლარიანი ჯარიმა თითოეული ბურთისათვის, რომელსაც ამოვიღებ, - თქვა ჯორჯმა – არც ისე კარგი გარიგებაა.
- მხოლოდ რამდენიმეს ამოიღებდი სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, – თქვა ჰეზელმა,
– აქ ხომ არავის არ ეჯიბრები, უბრალოდ ზიხარ.
- მაგის გაკეთება რომ ვცადო, მალე სხვებიც მომბაძავენ და ცოტა ხანში ისევ იმ ბნელ ეპოქას დავუბრუნდებით, ყველა ერთმანეთს რომ ეჯიბრებოდა. ეს გინდა?
- ღმერთმა დამიფაროს, – თქვა ჰეზელმა.
- ასე იქნება, - თქვა ჯორჯმა, - როგორც კი ხალხი კანონის დარღვევას დაიწყებს, როგორ ფიქრობ, რა დაემართება საზოგადოებას? - ჰეზელს რომ ამ კითვაზე პასუხი არ ჰქონოდა, ჯორჯი სიტყვის დაძვრასაც ვერ შეძლებდა _ საყვირის ხმა ესმოდა.
- ალბათ დაიშლებოდა, - თქვა ჰეზელმა.
- რა დაიშლებოდა? – უაზროდ იკითხა ჯორჯმა.
- საზოგადოება, - ჰეზელმა დაეჭვებით თქვა, – ამას არ ამბობდი?
- ვინ იცის? – თქვა ჯორჯმა.
სატელევიზიო გადაცემა მოულოდნელად შეწყდა ახალი ამბების გამოშვებით. გაუგებარი იყო, რას შეეხებოდა ახალი ამბები, რადგან ამ წამყვანსაც ისევე, როგორც ყველა სხვას, მეტყველების სერიოზული დეფექტი ჰქონდა. დაახლოებით ნახევარი წუთის მანძილზე ძლიერ აღელვებული ცდილობდა ეთქვა: ქალბატონებო და ბატონებო.
საბოლოოდ ამაო მცდელობას თავი დაანება და ახალი ამბები ბალერინას გადასცა.
-არა უშავს, - თქვა ჰეზელმა წამყვანის შესახებ, – შეეცადა. ეს არის მთავარი. როგორც შეეძლო, ისე ცდილობდა, უნდა დააწინაურონ ასეთი მონდომებისათვის.
- ქალბატონებო და ბატონებო, – თქვა ბალერინამ, რომელიც ახალ ამბებს კითხულობდა. ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო, რადგან ნიღაბი, რომელსაც ატარებდა, საზიზღრად გამოიყურებოდა. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ დანარჩენ ბალერინებს შორის სიძლიერითა და გრაცოზულობით გამოირჩეოდა, მისი შემაკავებელი ჩანთა იმავე სიმძიმის იყო, როგორსაც ორასპუნდიანი კაცები ატარებდნენ. იძულებული გახდა, მაშინვე ბოდიში მოეხადა საკუთარი ხმის გამო. ქალის მხრიდან უსამართლობა იყო ასეთი ხმით სარგებლობა. მის ხმაში სითბო, სინათლე და უკვდავი მელოდია ისმოდა – მაპატიეთ, - თქვა და თავიდან დაიწყო ისეთი ხმით, რომელიც შეჯიბრს გამორიცხავდა.
- ჰარისონ ბერჯერონი, თოთხმეტი წლის, – ყვავივით დაიჩხავლა, – ახლახანს ციხიდან
გაიქცა, ეჭმიტანილი იყო მთავრობის ჩამოგდების მიზნით შეთქმულების მოწყობაში.
გენიოსია და ათლეტი, არ არის შეზღუდული თავის შესაძლებლობებში და განსაკუთრებით საშიშია.
ჰარისონ ბერჯერონის პოლიციაში გადაღებული ფოტო ეკრანზე თავდაყირა გაკრთა, შემდეგ გვერდულად, ისევ თავდაყირა, შემდეგ მარჯვენა მხარით ზემოთ. სურათში ჰარისონი მთელ სიმაღლეზე ჩანდა, უკანა ფონზე საზომი იყო, ჰარისონი ზუსტად შვიდი ფუნტის სიმაღლისა იყო. დანარჩენს კი მის გარეგნობაში ჰელოუინი და რკინა-კავეულობა წარმოადგენდა.
მანამდე არავის უტარებია უფრო მძიმე შემაკავებელი მოწყობილობა. ის უფრო სწრაფად ძლევდა ამ წინააღმდეგობებს, ვიდრე სააგენტოს თანამშრომლები რაიმე ახალს შექმნიდნენ. გონების დამაჩლუნგებელი პატარა რადიოს ნაცვლად უზარმაზარი ყურთსასმენები ეკეთა და უშველებელ სათვალეს ატარებდა დატალღული შუშებით. სათვალეების დანიშნულება მისი სანახევროდ დაბრმავება იყო ისევე, როგორც ძლიერი მოვლითი თავის ტკივილების გამოწვევა.
ყველგან ჯართი ეკიდა. ჩვეულებრივ, გარკვეული სიმეტრია, სამხედრო წესრიგი შეიმჩნეოდა ხოლმე იმ შემაკავებელ მოწყობილობებში, რომლებსაც ძლიერი ადამიანები ატარებდნენ, მაგრამ ჰარისონი მოსიარულე ჯართის ეზოს გავდა. სამას პაუნდ სიმძიმეს ატარებდა. გარეგნობის დასამალავად, თანამშრომლების მოთხოვნით, წითელი რეზინის ბურთი მუდმივად უნდა ეტარებინა ცხვირზე, წარბები უნდა მოეპარსა და თავისი სწორი თეთრი კბილები შავი ფირფიტებით დაეფარა.
- თუ ამ ბიჭს სადმე შეხვდებით, - თქვა ბალერინამ – არ დაელაპარაკოთ, ვიმეორებ: არ
გამოელაპარაკოთ.
კარების მოგლეჯის ხმა გაისმა.
ტელევიზორიდან კივილისა და უკმაყოფილო ყვირილის ხმა ისმოდა. ჰარისონ ბერჯერონის ფოტო ეკრანზე ისე ხტოდა, თითქოს მიწისძვრის ხმაზე ცეკვავდა. ჯორჯ ბერჯერონმა სწორად გამოიცნოს მიწისძვრის ხმა და ეს არც იყო გასაკვირი – წლების მანძილზე მისი სახლი სწორედ ასე ირყეოდა.
– ღმერთო, – თქვა ჯორჯმა, – ჰარისონია.
მისი გონებიდან ეს აზრი ავტომობილების დაჯახების ხმამ განდევნა. როცა თვალების
გახელა ისევ შეძლო, ჰარისონის ფოტო გამქრალიყო. ეკრანს ცოცხალი, მსუნთქავი ჰარისონი ავსებდა.
მოჩხრიალე, კლოუნის მსგავსი, უზარმაზარი ჰარისონი სტუდიის ცენტრში იდგა. მოგლეჯილი კარების სახელური ისევ ხელში ეჭირა. ბალერინები, ტექნიკური პერსონალი, მუსიკოსები და წამყვანები მის წინაშე მუხლებზე დაშვებულიყვნენ სიკვდილის მოლოდინში.
- მე იმპერატორი ვარ, – დაიყვირა ჰარისონმა, – გესმით, იმპერატორი! ყველამ მაშინვე ის
უნდა გააკეთოს, რასაც ვიტყვი! – ფეხი დააბაკუნა და სტუდია შეირყა.
- ისეთიც კი, როგორიც ახლა ვარ, – დაიღრიალა, – დაინვალიდებული, დასუსტებული, –უფრო დიდი მბრძანებელი ვარ, ვიდრე ოდესმე ყოფილა ვინმე. მიყურეთ, უცბად როგორ შევიცვლები.
ჰარისონმა სველი ხელსახოცივით მოიშორა დამამძიმებელი მოწყობილობის თასმები,
რომლებიც, ჩანაფიქრის მიხედვით, ხუთი ათას პაუნდს იწონიდა. ჰარისონის რკინის მძიმე
მოწყობილობა იატაკს დაეხეთქა.
ჰარისონმა ცერა თითები იმ საკეტის ქვეშ შეაცურა, რომელიც თავზე ჩამოცმულ რკინას იჭერდა. საკეტი მარცვალივით გასკდა. ჰარისონმა ყურსასმენები და სათვალეები კედელს მიანარცხა. რეზინის ბურთი ცხვირიდან მოიძრო და მოისროლა, გამოჩდა კაცი, რომელიც თორს, მეხის ღმერთსაც კი აღაფრთოვანებდა.
-ახლა ჩემს დედოფალს ავირჩევ, – გადახედა მუხლებზე დაჩოქილ ხალხს, – პირველივე
ქალი, რომელიც ფეხზე წამოდგომას გაბედავს, იმპერატორისა და ტახტის ღირსი გახდება.
ერთი წუთის შემდეგ ბალერინა წამოდგა, ლერწამივით იხრებოდა.
ჰარისონმა ყურიდან დამაჩლუნგებელი მოაძრო, მოხდენილი დელიკატური მოძრაობით მოაშორა ფიზიკური შემაფერხებელი მოწყობილობები. ნიღაბიც მოხსნა. დამაბრმავებლად ლამაზი იყო.
- ახლა, – თქვა ჰარისონმა და ხელი ქალს მოკიდა, – მოდით, ვუჩვენოთ ხალხს რას ნიშნავს
სიტყვა ცეკვა. მუსიკა! – გასცა ბრძანება.
მუსიკოსები უკან, სკამებთან მიფორთხდნენ, ჰარისონმა მათაც მოაშორა  დამაჩლუნგებელი მოწყობილობები.
– რაც შეგიძლიათ, კარგად დაუკარით, – უთხრა, – ბარონებად, ჰერცოგებად და გრაფებად გაქცევთ.
დაიწყო მუსიკა. თავიდან ჩვეულებრივად იაფფასიანი, სულელური, ყალბი იყო. მაგრამ ჰარისონმა ორი მუსიკოსი სკამებიდან აიტაცა, დირიჟორის ჯოხივით აქეთ-იქით გაიქნია იმ მუსიკის ტაქტში, რომელსაც მღეროდა, რომ ეჩვენებინა, როგორ უნდა დაეკრათ. უკან, სკამებისკენ მოისროლა. მუსიკა თავიდან აეწყო, ამჯერად ბევრად უკეთესი იყო.
ჰარისონი და მისი დედოფალი ცოტა ხანს უბრალოდ უსმენდნენ სერიოზული სახეებით, თითქოს მუსიკასთან გულისცემის სინქრონიზებას ცდილობდნენ.
სიმძიმე თითის წვერებზე გადაიტანეს.
ჰარისონმა თავისი დიდი ხელები ბალერინას ვიწრო წელზე მოხვია, საშუალება მისცა ის სიმსუბუქე ეგრძნო, რაც მალე მისი ჩეული წონა გახდებოდა. თითქოს სიხარულისა და გრაციოზულობის ამოფრქვევა მოხდა – პირველი ნახტომი გააკეთეს. არამარტო მიწის, არამედ გრავიტაციისა და მოძრაობის კანონებიც დაივიწყეს.
ბზრიალებდნენ, ბრუნავდნენ, ტრიალებდნენ.
ისე ხტოდნენ, როგორც ირემი მთვარის შუქზე.
სტუდიის ჭერის სიმაღლე ოცდაათი ფუტი იყო, თითოეული ნახტომი უფრო აახლოვებდათ ჭერთან. ცხადი გახდა, მათი მიზანი იყო ჭერისთვის ეკოცნათ. აკოცეს კიდევაც.
სიყვარულის ძალით და წმინდა ნებით გაანეიტრალეს მიზიდულობის ძალა და ჭერის ქვეშ ჰაერში გამოკიდებულები დარჩნენ. დიდხანს, დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ დროს გენერალი დიანა მუნ გლამპერსი ორლულიანი თოფით შემოვარდა სტუდიაში. ორჯერ ისროლა. იმპერატორი და დედოფალი მიწაზე დაშვებამდე დაიხოცნენ.
დიანა მუნ გლამპერსმა თოფი ისევ დატენა. მუსიკოსებს დაუმიზნა და უთხრა, რომ
ათი წამი ჰქონდათ, რომ თავისი შემაფერხებელი მოწყობილობები უკან დაემაგრებინათ. ამ მომენტში ბერჯერონების ტელევიზორი გადაიწვა. ჰეზელი მიბრუნდა, უნდოდა ჯორჯის აზრი გაეგო ტელევიზორის გათიშვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯორჯი სამზარეულოში გასულიყო ლუდის მოსატანად.
ჯორჯი ლუდით ხელში დაბრუნდა, შეყოვნდა, სანამ საყვირის ხმამ გააკანკალა. შემდეგ ისევ დაჯდა.
- ტიროდი, - უთხრა ჰეზელს.
- კი, –უპასუხა ქალმა.
- რაზე? – კითხა.
- თავში ყველაფერი ამერია, - უთხრა ქალმა, – რაღაც მართლა სევდიანი იყო ტელევიზორში.
- დაივიწყე სევდიანი ამბები, - თქვა ჯორჯმა.
- ყოველთვის ვივიწყებ, - თქვა ჰეზელმა.
- ჩემი გოგო ხარ, - თქვა ჯორჯმა, თვალები დაახამხამა. თავში თოფის ხმა ჰქონდა.
- ეს რაღაც განსაკუთრებული იყო, – თქვა ჰეზელმა.
- შეგიძლია კიდევ გაიმეორო? – თქვა ჯორჯმა.
- უნდა გითხრა, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო, - თქვა ჰეზელმა.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული