• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

იური გაგარინის "ფართოდ გახელილი თვალები"

×
ავტორის გვერდი ლუკა აქიმიძე 00 , 0000 2005

იური გაგარინის "ფართოდ გახელილი თვალები"

 
1.
ჩემი სხეული სადგურია.
 
იქ გახუნებული მოგონებებივით 
დგანან მატარებლები 
და კედლებში დაძრული კონდუქტორის
ბასრი სირენა აღვიძებს 
და ერეკება მათ არსაითკენ,
სადაც ასწავლიან დავიწყებას არარსებულის,
ხოლო სადგური,
რომელიც ვეღარ იტევს ამდენ სევდას და განშორებას,
დგას, მომავლის შიშით აცახცახებული,
უმწეო, როგორც ასფალტზე ამოსული ყვავილი,
რომელიც მხოლოდ არსებობს
და ამით უკვე რაღაცას ამტკიცებს.
 
2.
ისინი იკარგებიან რომელიღაც საღამოში.
 
სარკმელდაფჩენილი სახლები,
სიჩუმე გახელილი თვალების მიღმა
და სიზმრები, მიმობნეული ჩემს ბალიშზე
( ყველაზე მნიშვნელოვანი სიზმრები, დავიწყებული სიზმრებია)
 
ქალს აქვს მწვანე სახე და ვარდისფერი ტუჩები.
ამბობს:
დაივიწყეთ ჭეშმარიტება!
ის, ღმერთის ყველაზე დიდი ტყულილია.
ამ დროს, მის გვერდზე,
ბავშვი ცხენს თავზე ხელს ადებს, იღიმის, ამბობს:
ჩვენ უნდა ავდგეთ.
 
და ისინი ჩრდილისფერ საღამოში შედიან.
 
3.
მე ვხედავ სიზმრებს, სადაც არაფერია,
გარდა სიჩუმის და უზარმაზარი შავი ლაქის,
რომელიც იმდენად დიდია,
ხელშესახებად საშიში ხდება.
ვხედავ სურათებს,
გამვლელების პორტრეტებს მიღმა.
და ღამის ასფალტზე დაცემულ ანგელოზს,
ვინც ხუჭავს თვალებს და იფარებს საბანს,
როდესაც ხედავს
მის სარკმელს მიღმა მოცეკვავე
ღამის თოჯინას,
საშიშს და ბოროტს,
რომლის მყიფე სხეული მიირწევა
ერთდროულად ყველა ღამეში.
ვხედავ კორპუსებს, იისფერ ცას და
ჩემს ენას მოჭიდებულს შენს ტუჩზე,
რაც არაფერ არსებითს ნიშნავს.
ვხედავ დაბნეულ მოგზაურებს,
ისინი კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე, 
მათი დამსხვრეული ემოციები
სახლებში ყრია,
ისინი მღერიან არარსებულ სიყვარულზე
და ცხოვრებაზე, 
სადაც დიდი კითხვის ნიშნის გარდა
ვერაფერი ნახეს.
ვხედავ ხეიბარ რობოტებს _
რიცხვებისგან და საათებისგან გამოჭედილ არსებებს,
რომელთა არსებობა
არარსებობის გარდა
არაფერს ამტკიცებს.
ვხედავ საკუთარ თავს,
დაღლილს, უმიზნოს, 
გაჭედილს დილის სიზმრებსა და საკუთარ თავში.
ვხედავ ტვინთა სიმყიფეს,
რაც ნელ-ნელა, უფრო და უფრო
გაუსაძლილი ხდება
და სიტუაციას,
რომელზეც უამრავი ფეხი კიდია.
და ვხედავ ღმერთს,
რომელიც ჩვენს არსებობას
ისევ ივიწყებს.
 
4. 
პირველად იყო ქარი
და ქარი იყო ღვთის სიტყვა.
 
და ქარი ხევს ფოთლებს ჩემს თვალებში,
აცეკვებს ოცნებებს, მიმობნეულს ნაგავსაყრელზე,
აცეკვებს ფანჯრებს 
და ფანჯრებს მიღმა დათესილ გრძნობებს 
აცეკვებს ქარი,
აცეკვებს სიტყვებს
და ყველა სივრცეს,
რომელსაც სიტყვა იტევს,
და ცეკვავს ქარი,
ცეკვავენ მდინარეები და ტყეები,
ქალაქები და აბორგებული ზღვები და ოკეანეები,
ღრუბლებით დასერილი ცები ცეკვავენ,
მოლეკულები და ორგანიზმები,
კომედიები და ტრაგედიები,
განზომილებები და კოსმოსები...
 
გათენებიდან დაღამებამდე,
მზის ამოსვლიდან
მზის ამოსვლამდე
(და რა თქმა უნდა მზის ამოსვლებიც ცეკვავენ)
 
ცეკვავს ყველა
და ყველა ფიქრობს აღარაფერზე,
უბრალოდ ცეკვავს,
ძალიან საქმიანად _
მზის ამოსვლიდან
მზის ამოსვლამდე.
 
5.
მომეცით გზა, სადაც ვირბენ,
სახლი, ბუთქუნა, წითელი ვარდებით 
და კარი მდელოზე,
რომ გამოვაღო ხოლმე და ვთქვა:
ეს ცა მეცნობა!
 
6. 
ყველაფერი მარტივია, როცა არაფერი გაქვს სათქმელი და მითუმეტეს სალაპარაკო, როცა ფინჯანი ჩაი გიდგას და შენგან არავინ არაფერს მოითხოვს.
მზე ჩადიოდა. ცაში მიფრინავდა ორი დირიჟაბლი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ორივე ჭრელი იყო, მაგრამ, ჩამავალი მზის ფონზე, შავ წერტილებად ჩანდნენ. ჩემი ძაღლი მოვიდა და მუხლებზე თავი დამადო. მაშინ ვიფიქრე, აღარაფერი ზედმეტი, აღარაფრის დამტკიცება აღარაა საჭირო. მე ვიცი _ არაფერი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, უაზრობაა ცხოვრება სამზარეულოში, სადაც ბევრია ფილოსოფია და ცოტა საჭმელი.
გაწვიმდა.
ამ ბოლო დროს ხშირად წვიმს.
შორიდან ვიღაცის გაბმული კივილი, თუ სიცილი მესმოდა, ვერ გავარჩიე,ამას არანაირი მნიშვნელობა ქონდა, მე უკვე საწოლზე ვიწექი და გაშტერებული ვუყურებდი წვიმას.
 
 
ტრანსპორტი
 
1.
მატარებლები მიდიან და არაფერს ტოვებენ.
ამას არც არავინ ელოდება,
არავინ არაფერს ელოდება _
ის დგას, 
როგორც შიშველ ველზე
და უცდის სხვა მგზავრებს, მოგონებებს,
რომლებიც რომელიღაც მომავლიდან წამოვლენ.
 
ლამპიონი იდგა
 
და თენდებოდა, 
მაგრამ არავის თვალებში _
ეძინა ყველას:
იწვნენ ლოგინებში და უცდიდნენ არაფერს,
გამოდიოდნენ და უცდიდნენ არაფერს,
ლოცულობდნენ და უცდიდნენ არაფერს,
სეირნობდნენ და უცდიდნენ არაფერს,
იღვიძებდნენ და უცდიდნენ არაფერს...
 
ეძინა ყველას.
 
2.
ლამპიონი იდგა.
 
3.
"ომი იყო მაშინ,
თორე ეხლა რა ომია, დგახარ ნანგრევების ქვეშ
და ელოდები როდის მოწყდება წარსულის ერთ-ერთი ნაგლეჯი,
დაგეცემა თავში თან ისე, რომ შენ ხელსაც კი ვერ გაანძრევ..."
 
მოხუცი სკამიდან დგება:
 
"ყველაფერი რომ მორჩება უნდა თქვა:
ო, არაფერიც ამით იწყება და დაამთქნარო."
 
ამბობს და გადის.
მოხუცი სკივრში შენახულ სათამაშოს ჰგავს,
მას ჯერ კიდევ სწამს ღმერთის,
ანუ ჯერ კიდევ უვლიან შვილები და შვილიშვილები.
 
მოხუცი ფანჯრიდან ხტება
უსასრულო თეთრ კედლებში _
მოხუცი გიჟი არ არის.
 
4.
ჯვარცმა და მშიერი ძაღლი _
რა განსხვავებაა მათ შორის?!
მათ თვალებსა და პოზებს შორის...
 
ერთხელ, ნისლში, ორი თვითმფრინავი 
ერთმანეთს შეეჯახა, 
რადგან დისპეჩერმა ჩათვლიმა. 
 
 
გაფუჭებული რადიო
 
მე არ ვიცი რის შესახებ დავწერო,
არ ვიცი საერთოდ რა საჭიროა რომ დავწერო. 
გუშინ, დილით, 
როცა სახლსში დავბრუნდი 
ბებიაჩემი დამხვდა, ვერ დაიძინა, 
მოჩვენებას ჰგავდა და კიბეზე რომ ავდიოდი მლანძღავდა. 
მანამდე მე და ჩემი მეგობარი არკაში ვარწყევდით,
ხელში ლუდის ბოთლებით. 
თენდებოდა, 
ბებებიჩემი კი სახლში იჯდა და ტიროდა. 
ვერც მირეკავდა, ეშინოდა, 
ის ხომ მოხუცი მოჩვენებაა.
 
ჩვენი სახელოსნო სიკვდილს ჰგავს, 
იქ ჩვენს შიშებს ვხატავთ 
და მრავალჯერ ვკვდებით, 
რათა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. 
ცოტას ვლაპარაკობთ 
და პერიოდულად გვაქვს ნერვიული შემოტევები... 
ჩვენ არ ვართ ანგელოზები, 
ჩვენ უბრალოდ ფული არ გვაქვს. 
 
ეს ქალაქი სავსეა ღმერთებით და მათხოვრებით, 
გარეთ გამოსვლა აღარ შეიძლება. 
მე არ ვარ მზად, დავიწყო ცხოვრება, 
მე არ ვარ მზად 
გავხდე ღმერთი ან მათხოვარი...
 
ჩემს ქუჩაზე ვიღაც მთვრალები მღერიან 
ომში სამღერ სიმღერებს. 
 
დავიღალე, 
ჩვენ ვცვლით ერთმანეთის სხეულებს 
და იქ შეყუჟულები ვცხოვრობთ 
დროებით, ან სამუდამოდ. 
ვცვლით მოგონებებს, 
ლუდის ბოთლებს, 
სუნს, 
შიშებს 
და არ ვცდილობთ ვიპოვოთ ბედნიერება, 
ძალიან რთულია გახდე ბედნიერი, 
როცა ყველა რაღაცას გევედრება, 
ძალიან რთულია გახდე ბედნიერი, 
როცა იღვიძებ და არ იცი სად გიდევს კბილის ჯაგრისი... 
 
ვიღაცები კივიან, რადგან ბავშები უკვდებათ, 
ვიღაცები კივიან, რადგან მანქანა უფუჭდებათ, 
მე არ ვკივი, ან რა აზრი აქვს კივილს, 
როცა ხელს არავინ მოგკიდებს, 
რადგან ყველას საკუთარი ჯოჯოხეთი აქვს, 
რადგან ყველამ ყველაფერი დაივიწყა, 
რადგან ყველამ რაღაც დაკარგა, 
ან არც ჰქონია.
 
 
ნისლში
 
I
 
სამზარეულოში ზის, 
ხახვს ჭრის, ტირის.
 
*
მე ვნახე ლოთი, მეოცნებე ხევსური,
ის საკუთარ ოცნებებს მათარგმნინებდა
უცხოელი სტუმრებისთვის, ამბობდა:
-მთის ნისლი მკვდარი აჩრდილების გროვაა,
ამ დროს, როცა მარტო ვარ,
მეშინია, სახეზე ხელებს ვიფარებ
და ხმის ჩახლეჩამდე ვყვირი.
აქ ყველას გიჟი ვგონივარ,
მე ამაზონიაში მივდივარ,
სადაც დამბანენ,
იქ ვითამაშებ ბავშვებთან ერთად,
რომლებიც ცეკვავენ კოცონის გარშემო,
მათ აქვთ ხის ჯამები და ტკბილი ღვინო...
 
ამ ყველაფრის გამგონე სტუმრები ხარხარებენ,
ათახთახებენ სახეებს,
აბოყინებენ, პირებიდან დორბლებს ყრიან...
და მეც, გაწვრთნილი ღიმილით ვეუბნები,
რომ მათი მესმის,
მე მსახური ვარ მათი,
ვისაც მთელი ცხოვრება დავცინოდი
და ახლა ვხვდები, რომ ის,
რაც ადრე სხვისი სიმყრალე მეგონა,
ყოფილა ჩემი.
მე მორჩილი და დაბნეული მსახური ვარ მათი,
ვისაც მთელი ცხოვრება დავცინოდი.
 
ჩვენ გარშემო კი ნისლი წევს,
და ჩანან ძროხების და ცხენების სილუეტები.
 
*
ქალაქის დერეფნებში დარბიან
დაბნეული მოგზაურები 
და ხეიბარი რობოტები,
მათი მთვარეული სიზმრები ცხოვრებას ჰყვება.
ყავაში კვდება ღამის პეპელა,
სამზარეულო _
ხახვს ჭრის, იცინის.
შავი პური _
"შეჭამე, შვილო, სხვა რა დაგვრჩენია."
ის ფანჯრიდან იყურება,
საიდანაც ყველა დავიწყებულ სიზმარს 
ერთად ხედავს.
 
ჩვენს მდელოზე კი ნისლი წევს,
როგორც მკვდარი აჩრდილების გროვა,
როგორც მოკვდავთა საწოლი,
სადაც ვერავის სძინავს, გარდა ნისლისა.
უიღბლო ანგელოზი, შეჩვენებული,
ფრინავს ქალაქის თავზე და ღრუბლებს ითვლის.
ლოთი, მეოცნებე ხევსური
სახლისკენ მიდის და მიიმღერის,
იქ მას ელოდებიან ბავშვები ხის ჯამებით 
და ტკბილი ღვინო.
 
II
 
მტვრიან გუბეში ბრწყინავს ცხელი მზე,
მე ჩემს დამსხვრეულ ნიღბებს ვკერავდი,
რომელიღაც ღამეში მედო თვალი და
ქვიშის კიბეებს ქსოვდნენ ქალები.
 
მშვიდი და ბრმა, დაბანილი მსუქანი კაცები
იწყებენ როკვას,
დარაჯებს სძინავსთ კვამლის სუნში.
მშიერ ქუჩებში 
დავიწყებულ ფსალმუნებს ყეფენ ძაღლები...
 
მარტივია სიყვარული ცივ სარკმლის მიღმა.
 
იქ იყო დარბაზი,
რომელშიც იდგა ოქროს სკამები
და მხოოლოდ სიცარიელე,
დიქტატოთრა პარანოია,
უეცარი შეკივლებები,
შიში შეხების, ბგერების, საკუთარი ჩრდილების შიში...
ცარიელ სცენაზე ვიღაც შემოდის,
ჰალსტუხს ისწორებს:
-მოისმინეთ!
თქვენ ცხოვრების ინსტრუქციას წაგიკითხავენ:
თავისუფლება მხოლოდ მონების მოგონილი ზღაპარია...
 
და ასე შემდეგ.
 
რომელიღაც სასახლეში 
მდიდრულად ჭამენ 
და ვერაფერს ასწრებენ.
 
*
ბრმის აღსარება:
-მე არაფერი დამიკარგავს,
მაშინაც და მერეც
არაფერს ვხედავდი და არაფერს ვხედავ.
 
ის მიდის ქარში, გზაჯვარედინზე.
 
-ადამიანს ფეხები მიწაში უნდა ჰქონდეს,
ლაპარაკობდეს არაფრის შესახებ
და თვალები ცას შეაჩვიოს,
ახლა კი ჩემთვის მიწაც ცა არის.
 
შეშლილი ღმერთი.
ის მიდის ქარში,
მისი კომეტა კოსმოსს ეწევა,
უცებ ჩერდება და იწყებს ტრიალს
დარჩენილი უსასრულო სივრცეების ამარა
 
 
სიჩუმის მიღმა
 
"როგორც ადვენტი"
კარლო კაჭარავა
 
ის ყვირის
გახელილი თვალების მიღმა.
ყვითელი კბილები.
იცინის.
რომელიღაც სიზმარში კვდება.
ფარდა იხსნება.
შენ იბნევი,
რადგან სათქმელი აღარ გახსოვს,
ან არაფერი გაქვს.
სიჩუმის მიღმა
ვხედავ ვიღაცის გახელილ თვალებს.
ფარდა იხსნება.
ის ვიღაც ყვირის: სიჩუმე!
და ყველაფერი თავიდან იწყება,
განმეორება:
მე მახსოვს ყველაფერი
ამ ღამის შესახებ,
მაშასადამე მე არაფერი მახსოვს:
 
*
ქუჩაში თენდება,
როგორც ერთ-ერთ დავიწყებულ ფილმში.
ჩვენ კი მივდივართ
შიშველ გზაზე ანგელოზებივით
ლუდს ვსვამთ, ვიღიმით.
ჩვენ თითქოს გვსურდა რაღაცის შეცვლა,
დემოკრატიული ტერორიზმი,
ლიბერალური რევოლუცია,
ან რაღაც მსგავსი სისულელე.
ჩვენ ღარიბი მეოცნებენი ვართ:
ვერაფრისმთქმელნი,
კარჩაკეტილნი,
მაგრამ იყო ადმიანი,
ეს უკვე ნიშნავს რაღაცის ძალას.
ეს ყველაფერი არავის ახსოვს,
როცა თენდება და მივდივართ 
შიშველ გზაზე,
როგორც ანგელოზები_
ლუდს ვსვამთ, ვიღიმით :
 
*
ისინი თვალს მიეფარნენ.
იქეთ არ იყო მხოლოდ წარსულის სევდა _
მონანიება,
იქ იყო რაღაც, 
დუმილსა და კივილს შორის _
დუმილის ნთხევა.
შავი მანქანების და შავი ღრუბლების
დაბნეული ცხვრებივით ცაში ქროლვა.
ღამდება.
დაბნეული ხალხი შედის
შუქნიშნის რეალობაში, ამბობს:
" მე არ მეკუთვნის არც ერთი სიტყვა,
რომელიც ოდესმე ჩემი პირით ითქვა"
და ხიდებს მიღმა დაფრინავენ
დამსხვრეული ვარსკვლავები
და სევდიანი კაცები,
იწვის,
ღამდება :
 
 
*
მარტივია ცხოვრება,
როცა ვერაფერს ხედავ
მონადქცეული ბავშვების თვალების მიღმა.
ის ერთხელ ქუჩაში დაჩოქილი ფულს მთხოვდა,
ფული არ მქონდა,
განაწყენებლი წამოდგა,
მიყურებდა როგორც დამნაშავეს.
მწვანე თვალები და ლამაზი ნაკვთები ჰქონდა.
მომინდა ვმჯდარიყავით სადმე, თბილ სახლში,
თბილი რძე დაგველია და არაფერზე გველაპარაკა.
გზა გავაგრძელე,
ვიფიქრე, საშინელებაა, როცა გამვლელის სახეზე
ამოკაწრულ საკუთარ თავს ხედავ,
როცა რწმუნდები, რომ საკუთარი თავი
შენ არ გეკუთვნის,
რომ სიზმრების სივრცეებში ხარ გამოკიდებული
სრულიად უმწეო, შიშველი
და გასაქცევი არსაით გაქვს,
რომ აწმყო სხვა არაფერია,
წინათგრძნობებით და შთაბეჭდილებებით მიღებული
სურათების გარდა,
რომ ვლპებით ჩვენს უენო, გამოუთქმელ პროტესტში
ყველაფრის მიმართ
და უჩუმრად ვხდებით 
საკუთარი თავების მსხვერპლი,
რომ ალკოჰოლით,
ღამის ბარების სიმყუდროვით და ერთმანეთით გაბრუებულები
ვეღარაფერ ახალს ვამბობთ
და ასე,
უსასრულოდ და უაზროდ ვილექებით
ერთმანეთის ოცნებებსა და მკვდარ ღამეებში :
 
*
მიდიან ნისლში
უშავესი სილუეტები,
ვიღაც ჩერდება.
 
*
ერთხელ ერთმა ბავშვმა მკითხა:
-იცი, ჩიტები ღრუბლებს იქით როგორ ფრინავენ?! ძალიან მშვიდად, თითქოს ჩვენ აქ არც კი ვარსებობთ.
 
 
დაღლა
 
მთელი დღე ლოგინში ვწევარ,
ოთახში ბნელა, ბოლო ღერს ვეწევი.
 
ქუჩა ქალაქში შემთხვევით შემოხეტებულ
ნაცრისფერ მგელს ჰგავს,
შეშინებულს და დაუცველს
ამ მგლის ბალანში გახვეულია ჩემი შიშები.
 
ანგელოზები ჩუმად იცინიან ჩემს სახლთან _
მათ ფრენა არ იციან.
 
გარეთ კი წვიმს, როგორც სიზმარში,
სიზმრები უკვე აღარაფერს მიყვებიან.
 
ფოტო: ანდრო ერაძე
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული