• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ნაშუაღამევის გუნდნი

×
ავტორის გვერდი ნელი ზაქსი 00 , 0000 2453

 

გერმანულიდან თარგმნა
დათო ბარბაქაძემ
 
 
მიტოვებული ნივთების გუნდი
 
ტოლჩა ნანგრევებში
 
ვიყავ კი ტოლჩა, საიდანაც ვარდის ბუჩქისკენ
მწუხრი ღვინოდ და ზოგჯერ პყრობილ მთვარედ დიოდა?
მეპყრა დედაბრის სასიკვდილო ღამე, სუნთქვა კი
პალოზე მიბმულ არჩვის ქშენად ამოსდიოდა.
ო, ჩვენ, ტოლჩები! რასაც ასე ჩავჭიდებივართ, 
დამშვიდობებით აიწყვება; მდორე ბუნება.
ჩვენ ვგავართ გულებს, საიდანაც არ წყდება ძგერა
და ვით საათში დროის ბრუნვა, ისე ყუჩდება.
 
 
ნახევრადჩამწვარი სინათლე
 
ო, აჩრდილების სარკევ ჩემო! ვნახე, მე ვნახე –
სამარის მტვრიდან ხელი ვარსკვლავს როგორ ერჩოდა.
დრო, სასიკვდილო მის აკვანში, ყვიროდა – ვნახე:
ტანჯვაში ბაგე ისრაელის ირკალებოდა.
 
 
 
ფეხსაცმელი
 
ზომა კაცისა, დაკარგული; ვარ სიმარტოვე,
სამყაროს გზებზე თავის და-ძმის მაძიებელი –
ჰოი, ისრაელ, შენთა ფერხთა ურვა-ვაების
ვარ ექო, გაბმულ ხმოვანებად ცისკენ მავალი.
 
 
 
გუნდი
 
ჩვენ კი მას მერე, რაც მიწად ვართ გადაქცეული,
თქვენგან დევნილნი ვართ ამდენი სიკვდილის ძალით –
თუ შენ წნული ხარ, გარდაცვლილთა თმით გამოწნული,
სასწაულისკენ დაემართე, იქეცი პურად.
ესერა წიგნი, სამყარონი ბრუნავენ მასში,
და სიტყვებს შორის საიდუმლო დაუნჯებულა –
ცეცხლსაც რომ მისცე, ეს ნათელი არ დაობლდება,
ვარსკვლავის სახედ მიიძინებს ფერფლი ხელახლა.
ადამიანთა ხელის საქმეს ვატარებთ დამღად
და, როგორც ძარცვა, დაგვმჩნევია მათი იერი –
მაშ, წაგვიკითხეთ, ვით ნაწერი, შებრუნებული
სარკეში, ჯერ მკვდარ ნივთად, მერე – ვით კაცთა მტვერი.  
თავდახსნილთა გუნდი
 
 
თავდახსნილნი ვართ,
ჩვენი ფუტურო ძვლებისგან უკვე სიკვდილი თავის სალამურებს ბეჯითად თლიდა,
ჩვენი მყესებით სიკვდილი უკვე თავის თაღებს აფერადებდა –
ჩვენი ხორცი კი მოთქმას განაგრძობს,
თანხლებული ხეიბარი ჩვენი მუსიკით.
თავდახსნილნი ვართ,
ჩვენი ყელისთვის გამოკვანძული მარყუჟები კვლავაც ჰკიდია
და მოქცეულა ჩვენსკენ ლურჯ ცაში,
კვლავ ივსებიან ქვიშის საათნი ჩვენგან წვეთ-წვეთად დენილი სისხლით.
თავდახსნილნი ვართ,
ჯერაც ისევ მიგვირთმევენ ძრწოლის მატლები.
ჩვენი ციური სხეულები მტვერში მარხია.
ჩვენ, თავდახსნილნი,
გევედრებით:
თქვენი მზე ფრთხილად და თანდათან გამოგვიჩინეთ.
ვარსკვლავიდან ვარსკვლავისკენ მწყობრად გვატარეთ,
დინჯად, სათუთად შეგვასწავლეთ ცხოვრება ისევ.
თორემ ვაითუ ჩიტის გალობამ
ან წყლით სათლის ავსებამ ჭასთან
ჩვენი ცუდად დაბეჭდილი ტკივილი გახსნას
და გადაგვქაფოს –
გევედრებით:
ავ ძაღლს ჯერაც ნუ დაგვანახებთ –
თორემ ვაითუ, თორემ ვაითუ
მოხდეს, თქვენს თვალწინ მტვრად გავიფანტოთ.
რა კრავს ჩვენს ქსოვილს?
ჩვენ ვართ სუნთქვის აღარმქონენი,
რომელთა სულიც შუაღამიდან მისკენ განილტვა,
ბევრად ადრე, ვიდრე ჩვენს სხეულს
წამიერების კიდობანში შეეწეოდნენ.
ჩვენ, თავდახსნილნი,
ხელს ვუჭერთ თქვენს ხელს,
ამოგვიკითხავს თქვენი თვალები –
მაგრამ ჩვენ ესღა გვაკავებს ერთად: დამშვიდობება,
დამშვიდობება მტვერში
გვაკავებს ჩვენ თქვენთან ერთად.
 
 
 
 
 
 
ყარიბთა გუნდი
 
 
ვართ მოგზაურნი,
ჩვენი გზები, როგორც ტვირთი, ჩვენს უკან რჩება –
მიწის ნაფლეთი, ჩვენ რომელშიც ხსნას ვეძებდით,
სამოსად გვექცა –
ცრემლით ნასწავლი ენის ქვაბში 
იხარშება ჩვენი საკვები.
 
ვართ მოგზაურნი,
თითოეულ გზაჯვარედინზე მოგველის კარი,
კარს მიღმა კი, მოშრიალე ტყეებში, შველი უჩინარდება, 
თეთრთვალება ისრაელი ცხოველებისა,
ოქროსფერ ხნულებს გადაუფრენს ლხენით ტოროლა.
კარის წინ, სადაც ჩვენ დავდგებით და ვითხოვთ შესვლას,
სიმარტოვის ზღვა, უწყნარესი, დგას ჩვენთან ერთად.
ო, აღჭურვილნო ცეცხლოვანი ხმლებით, დარაჯნო,
მტვრის მარცვლეული, მოყარიბე ჩვენთა ფერხთა ქვეშ,
უკვე სისხლს აწვდის ჩვენს შვილიშვილებს.
ვაი ჩვენ, ყარიბთ, მიწის კარებთან,
უშორეს გზებზე მისალმებებს 
ჩვენს ქუდებზე ვარსკვლავები დაუბნევიათ.
მიწაზე სიგრძის საზომებად გაწოლილი ეს სხეულები
აზომავენ უკვე ჰორიზონტს – 
 
ვაი ჩვენ, ყარიბთ,
ჩვენ, მხოხავ მატლებს, მოახლოებულ ფეხსაცმელთათვის!
თქვენგან დახშული ყველა კარის წინ 
ჩვენი სიკვდილი, როგორც ზღურბლი, ისე გაწვება!
 
 
 
 
 
 
ობოლთა გუნდი
 
 
ჩვენი, ობოლთა,
ჩივილის ხმა ესმას ქვეყანას:
ჩვენი ტოტი მოტეხეს და 
ცეცხლს შეუკეთეს –
ისინი, ვინც ჩვენ გვიფარავდა, შეშად აქციეს –
ჩვენ, ობოლნი, სიმარტოვის მინდვრებზე ვყრივართ.
ჩვენი, ობოლთა,
ჩივილის ხმა ესმას ქვეყანას:
დამალობანას თამაშობენ ჩვენთან ღამით ჩვენი მშობლები –
ღამის შავი ნაოჭებიდან
გვიმზერენ მათი სახეები,
ბაგეები გვესიტყვებიან:
მშრალ ხედ გვაქცია
ტყისმჭრელის ხელმა –
მაგრამ თვალები ანგელოზის თვალებად გვექცნენ
და თქვენ გიმზერენ,
გამოიმზერენ
ღამის შავი ნაოჭებიდან –
ჩვენი, ობოლთა,
ჩივილის ხმა ესმას ქვეყანას:
ქვები ჩვენთვის სათამაშოდ გადაქცეულან,
ქვებს სახე უჩანთ, სახე მამის და სახე დედის,
მათ არ იციან კბენა, როგორც ცხოველებმა, არ ჭკნებიან, როგორც ყვავილი –
და მათ ღუმელში როცა ყრიან, არ იწვიან, როგორც შეშა გამოფიტული –
ჩვენი, ობოლთა,
ჩივილის ხმა ესმას ქვეყანას:
რატომ წაგვართვი, შენ, ქვეყანავ, უნაზესი ჩვენი დედები,
ჩვენი მამები, რომ ამბობენ: მე მგავხარ, შვილო!
ჩვენ, ობოლნი, აღარავის ვგავართ ამ ქვეყნად!
ო, ჩვენ ბრალს გდებთ,
ქვეყნიერებავ!
 
 
 
 
 
 
მკვდართა გუნდი
 
 
ძრწოლის შავი მზით დავცხრილულვართ,
როგორც საცერი –
სიკვდილის წუთის ოფლად დავღვრილვართ.
სიკვდილი, ჩვენ რომ მოგვანიჭეს, ტანს შეგვჭკნობია,
ქვიშის გორაზე როგორც ჭკნება მინდვრის ყვავილი.
ო, თქვენ, მტვერს, როგორც თქვენს მეგობარს, რომ ესალმებით:
თქვენ, ვინც მეტყველი ქვიშა ხართ და ქვიშას ეტყვით:
მე შენ მიყვარხარ.
 
ჩვენ ასე გეტყვით:
მტვრის საიდუმლოს სამოსელი ნაკუწებად არის ქცეული.
ჰაერი, ჩვენში რომ მოგუდეს,
ცეცხლი, რომელშიც ამოგვბუგეს,
მიწა, რომელშიც ჩვენს ნარჩენებს ერგოთ გადაყრა.
ის წყალი, ჩვენი ძრწოლის ოფლით რომ აციალდა,
გზას შეყოლია ჩვენთან ერთად და იწყებს ბრწყენას.
ჩვენ, ისრაელის მკვდრები, გეტყვით:
ჩვენს ფარულ ღმერთში
ჩვენ უკვე ერთი ვარსკვლავით შორს ვართ.
 
 
 
 
 
 
აჩრდილთა გუნდი
 
 
ჩვენ ვართ აჩრდილნი, ო, ვართ აჩრდილნი!
ჯალათთა ჩრდილნი,
აკინძულნი მტვერზე თქვენი დანაშაულის –
აჩრდილნი მსხვერპლთა,
კედელზე თქვენი სისხლის დრამის გამომსახველთა.
ო, ვართ უმწეო ფარვანები მოთქმა-გოდების
და – იმ ვარსკვლავზე დაჭერილი, მშვიდად რომ იწვის,
მაშინ, როცა ჩვენ ჯოჯოხეთურ ჯურღმულებში იძულებით ავცეკვებულვართ.
მარტოდენ სიკვდილს იცნობენ ჩვენით, მარიონეტთა უმწეობით, მოთამაშენი.
 
შენ, ოქროს ძიძავ, რომ გვანაყრებ
ესოდენი სასოწარკვეთით,
სახე გვიჩვენე, ჰოი, მზეო,
ჩვენც რომ დავინთქათ –
ან ძალა მოგვეც, ავირეკლოთ
სიხარულით ზეაწვდილი თითები ბავშვის
და ჭისპირზე
ჭრიჭინობელას უმსუბუქესი ბედნიერება.
 
 
 
 
 
ქვათა გუნდი
 
 
ჩვენ, ქვებს, 
მავანი რომ დაგვწვდება
ის უხსოვარ ჟამს სწვდება ამ დროს –
როცა მავანი ჩვენ დაგვწვდება
ედემის ბაღს დასწვდება ამ დროს –
როცა მავანი ჩვენ დაგვწვდება
ადამის და ევას ცოდნას დასწვდება ამ დროს
და მტვრისმჭამელი გველის ცდუნებას.
 
როცა მავანი ჩვენ დაგვწვდება
ის ბილიონ მოგონებას ხელს ახებს ამ დროს
არ იხსნებიან ისინი სისხლში
როგორც მიმწუხრი.
რამეთუ ხსოვნის ქვები ვართ და
მომცველი ვართ ყველა სიკვდილის.
 
ჩვენ ვართ ზურგჩანთა, ნაცხოვრები ცხოვრებებით თავამდე სავსე.
ვინც ჩვენ დაგვწვდება, იგი მიწის გაქვავებულ სამარეებს დასწვდება ამ დროს.
თქვენ, თავებო იაკობისა,
თქვენთვის ვინახავთ ოცნების ფესვებს,
ანგელოზის მსუბუქ კიბეებს
ვაფესვიანებთ, ვით საცეცებს ყვავილნარისა.
 
როცა მავანი ჩვენ გვეხება
ის ეხება გოდების კედელს.
ალმასივით ჭრის ჩვენს სიმტკიცეს თქვენი გოდება
ვიდრე არ დაშლის და არ აქცევს მას სათუთ გულად –
მაშინ, როცა თქვენ ქვად იქცევით.
როცა მავანი ჩვენ გვეხება
შუაღამის გსაგასაყარს ეხება ამ დროს
შობაზე და სიკვდილზე ჟღერადს.
 
როცა მავანი ჩვენ გაგვტყორცნის –
ედემის ბაღს გატყორცნის ამ დროს –
ვარსკვლავთა ღვინოს –
შეყვარებულთა თვალებს ტყორცნის და ყველა ღალატს –
 
როცა მავანი ჩვენ გაგვტყორცნის განრისხებული
ის ამ დროს ტყორცნის გატეხილი გულების ეონს
და აბრეშუმის პეპლებსაც ტყორცნის.
 
მაშ, მრისხანებით ქვის სროლისგან
შეიკავეთ თავი, შეჩერდით –
შემცველობა ჩვენი – სუნთქვის მონაბერია.
ის გაქვავდა საიდუმლოში
მაგრამ უბრალო კოცნამაც კი შეიძლება გამოაღვიძოს.
 
 
 
 
 
ვარსკვლავთა გუნდი
 
 
ჩვენ ვართ ვარსკვლავნი, ჩვენ ვართ ვარსკვლავნი,
მოყარიბენი და მომღერალნი, ელვარე მტვერნი –
ჩვენი დაიკო, დედამიწა, დაბრმავებულა 
ზეციურ ფოტოსურათთა შორის –
მგალობელთა გუნდში
ხაფ ხმად გადაქცეულა –
ის, სანუკვარი
მტვერში დამწყები თავისი ღვაწლის: ანგელოზთა გამოსახვისა –
ის, ნეტარებით აღსავსე, თავის საიდუმლოში,
ვით წყალსაცავი ოქროს მომცემი –
წევს ის ღამეში დაფერთხილი,
ვით დაღვრილი ღვინო ქუჩებში –
ბოროტეულის გოგირდია მის სხეულზე მორბენალი ყვითელი შუქი.
 
ო, დედამიწავ, დედამიწავ
ვარსკვლავთვარსკვლავო
დიდხანს მავალო სამშობლოზე მოთქმა-გოდების იმ ბილიკებით
უფალმა რომ თავად განკვალა –
არავინაა შენს ზურგზე, ვინც შენს სიჭაბუკეს გაიხსენებდა?
არავინაა, ვით მოცურავემ, თავი უძღვნას
ზღვებს სიკვდილისა?
არავინაა, მონატრება ვისიც დამწიფდა
რათა ამაღლდეს ვით მაღლდებიან ანგელოზურად მფრინავი თესლნი
ბაბუაწვერას ყვავილობისა?
 
დედამიწავ, დედამიწავ, რამ დაგაბრმავა:
პლეადების თვალებმა თუ
ამწონავი მზერის სასწორმა?
 
მკვლელის ხელებმა გაუწოდეს ისრაელს სარკე
რომელშიც სიკვდილს შეიცნობდა მოკვდავად ყოფნა –
 
დედამიწავ, ო, დედამიწავ
ვარსკვლავთვარსკვლავო
დრო მოვა, სარკე დაერქმევა თანავარსკვლავედს.
მაშინ კი, მაშინ, ო, თვალდავსილო, თვალი ისევ აგეხილება!
 
 
 
 
 
უხილავი ნივთების გუნდი
 
 
ღამევ გოდების კედლისაო!
მდუმარების ფსალმუნები შენში მარხია.
შენშივე ჰპოვეს საყუდარი ნაფეხურებმა,
სიკვდილით ისე ავსებულებმა
ვით ივსებიან მწიფე ვაშლები.
ცრემლი, შენს შავ ხვიფლს რომ ასველებს,
უკვე გროვდება.
 
რამეთუ უკვე უხილავი ნივთებისთვის
ანგელოზი კალათებით არის მოსული.
ჰოი, მზერანი ერთურთს მოწყვეტილ შეყვარებულთა
ცათა შემქმნელნი, სამყაროთა დამბადებელნი
რა სისათუთით ხდება მათი შეგროვება მარადისისთვის
და მოკლულ ჩვილთა შემოსვა ძილით,
ნაღველნი ახალ სიდიადეთა ღივდებიან
მათ თბილ წიაღში.
 
საიდუმლოში ჩასუნთქვისა
შეიძლება ღივდებოდეს საგალობელი მშვიდობის, ჯერარნაგალობევი.
 
ღამევ გოდების კედლისაო,
შეიძლება დაგანგრიოს ელვამ ლოცვისა
და ყველამ, ვისაც ღვთის მოსვლის ჟამს ჩასძინებოდა
ისევ მისადვე განიღვიძოს 
შენი ნგრევადი კედლების მიღმა.
 
 
 
 
 
ღრუბელთა გუნდი
 
 
ჩვენ ვართ აღსავსე ამოსუნთქვით, აღსავსე მზერით
სიცოცხლითაც ვართ ჩვენ აღსავსე
და ზოგჯერ თქვენი სახეებითაც.
შორეული როდი ვართ თქვენთვის.
ვინ იცის, თქვენი რამდენი სისხლი ამოვიდა 
და ჩვენ შეგვღება?
ვინ იცის, თქვენი რამდენი ცრემლი დაგავიწყათ
ჩვენმა ტირილმა? ან რამდენი მონატრება ქმნიდა ჩვენს ფორმას?
ჩვენ ვართ მკვდრადყოფნის მოთამაშენი
და სათუთად შეგაჩვევთ სიკვდილს.
გაუწაფავნო, ღამეებმა ვერაფერი რომ ვერ გასწავლათ.
ბევრი მოგეცათ ანგელოზი
მაგრამ თქვენ მათ ვერასდროს ხედავთ.
 
 
 
 
 
ხეთა გუნდი
 
 
ო, ნადირობის მსხვერპლნო ამ ქვეყნად!
ჩვენი ენა ვარსკვლავთა და ნაკადულთა ნაზავია
ისე, ვით თქვენი.
ჩვენი ხორცისგან წარმოსდგება ასოები თქვენი ანბანის.
ჩვენ ვართ ნიადაგ მოგზაურნი
ჩვენ თქვენ შეგიცნობთ –
ო, ნადირობის მსხვერპლნო ამ ქვეყნად!
დღეს ფურირემი ჩამოკიდა ჩვენს ტოტებზე ადამიანმა
გუშინ ვარდებით სავსე მდელო გადაღება ჩვენს ირგვლივ შველმა.
თქვენეული ნაფეხურების უკანასკნელი ძრწოლა ქრება ჩვენს მშვიდობაში
ჩვენ ვართ ჩრდილის ის დიადი მიმთითებელნი,
რომ დასთამაშებს ჩიტის გალობა –
ო, ნადირობის მსხვერპლნო ამ ქვეყნად!
ჩვენ მივუთითებთ საიდუმლოს
რომ იწყება ღამესთან ერთად.  
 
 
 
 
ნუგეშისმცემთა გუნდი
 
 
ვართ უყვავილოდ დარჩენილი მებაღეები
გუშინდელიდან ხვალინდელში არ ირგვებიან 
სამკურნალო მცენარეები.
სალბი გადაჭკნა უკვე მინდვრად –
ახალ სიკვდილთა სახის წინაშე როზმარინმა სურნელება შემოიკარგა –
აბზინდამაც კი გუშინდელ დღეს მიანება თავის სიმწარე.
აღარც ნუგეშის ყვავილები ამოყვავილდნენ
არ ეყოფიან სანუგეშოდ ისინი ბავშვის ცრემლთა სატანჯველს.
 
ახალი თესლი გაიხარებს, ალბათ,
ღამის მომღერლის გულში.
ჩვენგან რომელი მოახერხებს ნუგეშისცემას?
ღარტაფის სიღრმეს მიცემული
გუშინდელსა და ხვალინდელს შორის
დგას ქერუბიმი
მწუხარების ელვებს ხატავს თავისი ფრთებით
ხოლო ხელებით ერთმანეთისგან
განწვალავს კლდეებს გუშინდელის და ხვალინდელის
როგორც ბაგეებს ჭრილობისა რომელიც ასე 
პირდაღებული უნდა იყოს
და არ ჰქონდეს მოშუშების ჯერაც უფლება.
 
გლოვის ელვები ჩაძინებას არ ანებებენ
დავიწყების ველს.
 
რომელ ჩვენთაგანს აქვს უფლება ნუგეშისცემის?
 
ვართ უყვავილოდ დარჩენილი მებაღეები
და მოკაშკაშე ვარსკვლავზე ვდგავართ
და მოთქმით ვტირით.
 
 
 
 
 
არშობილთა გუნდი
 
 
ვართ არშობილნი,
კაეშანი უკვე იწყებს ჩვენს გამოკვალთვას
სისხლის ნაპირნი მკლავებს შლიან ჩვენს მისაღებად
როგორც ცვარ-ნამი ვიძირებით ჩვენ სიყვარულში.
უკვე აწვანან ჩრდილებივით ჩვენს საიდუმლოს
დროის ჩრდილები.
 
ყური დაგვიგდეთ, თქვენ,
მოყვარულნო,
თქვენ, კაეშნით აღსავსენო,
და სნეულნო დამშვიდობებით:
ჩვენ ვართ ისინი, თქვენს მზერაში რომ ცოცხლდებიან,
და – თქვენს ხელებში, მაძიებელნი რომ არიან ცისფერ ჰაერში –
ჩვენ ვართ ისინი, განთიადის სურნელებით რომ სურნელებენ.
უკვე გვიზიდავს თქვენი სუნთქვა
და თქვენს ძილშიც ჩავყავართ უკვე
და იმ სიზმრებშიც, რომლებიც ჩვენი მიწიური სამეუფოა
და სადაც ჩვენი შავი ძიძა, ღამე
ზრუნავს ჩვენს გამოზრდაზე,
ვიდრე თქვენს თვალში ავირეკლებით
ავმეტყველდებით თქვენს ყურში ვიდრე.
 
ჩვენ, როგორც პეპლებს, 
ისე გვიჭერენ მზვერავები თქვენი კაეშნის –
ჩვენ დედამიწას მიგვყიდიან ჩიტთა ხმებივით –
ჩვენ, განთიადის სურნელებით მოსურნელეებს,
ჩვენ, სამომავლო ნათელს თქვენი მგლოვიარების.
 
 
 
 
წმინდა მიწის ხმა
 
 
ო, შვილებო, ჩემო შვილებო,
როგორც ვენახში,
თქვენს გულებში განვლო სიკვდილმა –
წითლად დახატა ისრაელი დედამიწის ყველა კედელზე. 
 
რა გზას ეწიოს ერთი ციდა ეს სიწმინდე,
ჯერაც ისევ ჩემს ქვიშაში რომელიც მკვიდრობს?
განმარტოების საყვირებით მეტყველებენ
ხმები მკვდრებისა.
 
ჩადეთ ხნულებში იარაღი შურისძიების
რათა მომშვიდდეს –
რამეთუ რკინაც და მარცვალიც და და ძმაა
მიწის წიაღში – 
 
რა გზას ეწიოს ერთი ციდა ეს სიწმინდე
ჯერაც ისევ ჩემს ქვიშაში რომელიც მკვიდრობს?
 
ძილში მოკლული ბავშვი
დგება; ხეს მორკალავს ათასწლეულთა,
მერე გვირგვინზე მიიმაგრებს
თეთრ, მსუნთქავ ვარსკვლავს
ოდინდელ დროში ისრაელი რომელსაც ერქვა.
სწრაფად უკანვე, ამბობს იგი,
სწრაფად იქითვე, სადაც ცრემლები აღნიშნავენ მარადისობას.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული