• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

უკანასკნელი სახარება

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2992

ეს პროექტი (ვორკშოპი) სამიოდე წლის წინ გავაკეთეთ. ევანგალე - კიბერპანკული კიჩის ჟანრში. პარალელურ რეჟიმში ჩაწერილი ტექსტი, მუსიკა და ვიზუალი. აუარებელი მონახაზებით, რომლებიც ერთმანეთს განაპირობებდნენ. ზოგჯერ მუსიკის გავლენით იწერებოდა ტექსტი და იხატებოდა ილუსტრაცია, ზოგჯერ კი პირიქით ტექსტი განაპირობებდა მათ. კომპოზიტორი - ნიკა ფასური. მხატვარი - ნინა მასალკინა. 

 
 
წყლის მთვარე 
 
მარიამი ამწეზე მიძვრება. ძველი ჩვევაა... აძვრებოდა ხოლმე, ჩამოჯდებოდა სულ ზემოთ, ქიმზე და გაჰყურებდა ქალაქს. ადრე მარტო, ახლა ორნი არიან. ორსულად არის. მაგრამ ეს როგორ მოხდა, ვერაფრით ვერ ხსნის. წარმოუდგენელია, ის ხომ ქალწულია. ვერაფერს იხსენებს. უკვე ავიდა. ფრთხილად გადის ბოლოში. ხელები გაშლილი აქვს. ღრმად სუნთქავს. ერთ მომენტში თვალებსაც ხუჭავს, მაგრამ თავბრუ ეხვევა და საშინლად ეშინია. ეს ამ მუზეუმში ყველაზე მაღალი და საშიში რკინის ჩონჩხია. ხედიც ყველაზე უკეთესია, თითქოს შორდები ქალაქს, მაგრამ შეუძლებელია ამაზე ახლოს მიხვიდე, ის კი ჯდება, უდარდელად იქნევს ფეხებს და უყურებს ოქროსფერ წერტილებად გაშლილ ოქროს უსასრულობას. 
 
 
 
ჯონი სულ ქვემოთ რჩება. ჯონი მისი კატაა და ერთადერთი კატაა, რომელსაც სიმაღლის ეშინია. მშენებლობაზე მობოდიალე მრისხანე ვირთხების გარემოცვაში, ჯონი ვერ პოულობს ადგილს. მაგრამ ღამის ქალაქი ეკუთვნის კატას. ეს მან კარგად იცის. ხომ შეგხვედრიათ სიბნელიდან უეცრად გამოსული კატა? მისი თვალები ისეთივე იდუმალია, როგორც მთვარე, პირქუშ ღრუბლებს შორის. ის არ ინძრევა, დგას და გიყურებს. როგორც წესი გეუფლება განცდა, რომ თუ დიდხანს უყურებ მის მოელვარე თვალებს, გაუჩინარდები,  მთლიანად გადახვალ მასში - მთელი ეს ოთახების ინტერიერი, ხეები, ათასობით ძილგატეხილი ადამიანი სატელევიზიო ზღვის წინ, მთვარეულები, ფსიქოპატები, ბავშვები სიბნელეში ფართოდ გახელილი თვალებით, ბნელ ქუჩაში მოხეტიალე სექს მაქციები, მსხვეპლს მომლოდინე მანიაკები, მარტოხელა სუპერგმირები ცათამბჯენების სახურავებზე, უცნობი ნათებები და მფრინავი ობიექტები და პოლიციის სირენების ხმა მისი საკუთრებაა. კატა უყურებს ამწეზე ამავალ მარიამს. უყურებს როგორ უახლოვდება ღვთისმშობელი ცას. 
 
მარიამს თვალები უშტერდება. ვერაფერზე ვერ ფიქრობს, მხოლოდ მასში მყოფ არსებაზე. ჯერ არ იცის რას გრძნობს. შეიძლება ეშინია კიდეც, მაგრამ ალბათ ენდობა. განსაკუთრებით იმის მერე, რაც აბორტის გაკეთება გადაიფიქრა. სადღაც წაიკითხა, რომ ემბრიონებისგან კოსმეტიკას აკეთებდნენ, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა. კიდევ წითელას ვაქცინას. მას კი არ უნდოდა, რამდენჯერ Fashion TV-ის შეხედავდა, ეფიქრა რომ რომელიმე მოდელს, მისი შვილის სხეული ჰქონდა სახეზე წათხაპნილი. მაინცდამაინც არც ვიღაც პატარა ნაბიჭვრების გადარჩენა ხიბლავდა და ბოლო-ბოლო ვის გაუგია, რომ ღვითისმშობელი აბორტს იკეთებდეს. 
 
როდესაც წვიმს, მარი თავის პატარა კარავშია შეყუჟული, იქვე მშენებლობაზე. მშენებლობა დიდი ხნის მიტოვებულია. მაწანწალებიც კი იშვიათად სტუმრობენ. ის ზის კარავში და ჯონის ელაპარაკება. ჯონი - ყველაზე კარგი მსმენელია. ისეთი ბიჭი უნდა გაიცნოს, ჯონის რომ ჰგავდეს. ხანდახან ფანრის შუქზე კითხულობს. კიდევ კარგი სახლიდან წამოვედიო, ფიქრობს. როცა სახლში მისი დაფეხმძიმების ამბავი გაიგეს, სულ გაცოფდნენ, ისეთი ამბავი ატეხეს. მას კი რა უნდა აეხსნა მათთვის, როცა თვითონ არაფერი იცოდა. ოვულაცია, ყოველგვარი ოვაციების, ანგელოზებისა და დურგლების გარეშე მოხდა და უცბად აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. 
 
ადგა და გამოიქცა. აუღელვებლად ჩაალაგა ბარგი, ისიც იცოდა სად ინახავდნენ მშობლები დანაზოგს. ჰოდა, აიღო იმდენი რამდენიც დასაწყისისთვის ეყოფოდა და წამოვიდა. თავიდან უნდოდა მეგობართან დარჩენილიყო, მაგრამ მეგობრები თითქმის არ ჰყავდა. თან მიაგნებდნენ. ახლა წარმოუდგენელია მიტოვებულ მშენებლობაზე იპოვნონ. მაგრამ იქ ზემოთ ეს აღარ ანაღვლებს. თავის ბავშვს ელაპარაკება. წარმოიდგენს ერთ-ერთ განათებულ ფანჯრის მიღმა მცხოვრებ ოჯახს და უყვება მათ ისტორიას: "იცი მამა - ფანტასტი მწერალია. დედა - ცეკვის მასწავლებელი. მათ ყავთ შვილი - რომელიც ყოველ ღამე..." 
 
 
იმპერიის ერთ ოთახში
 
 
 
ლურჯი სინათლე ილუზიას ქმნიდა, რომ ოთახს კედლები არ ჰქონდა. სიღრმეში შავი, უზარმაზარი მაგიდის უკან მხოლოდ თვალები ჩანდა. მაგიდაზე კი მისი ბანჯგვლიანი, ბეჭდებით დახუნძლული თითები, უზარმაზარი, შხამიანი ობობასავით მოძრაობდნენ. მის წინ სამი კიბორგი ატუზულიყო. 
 
- როგორ ვითარდება ოპერაცია "ღვთისმშობელი"? 
- ჩვენ მას თვალს არ ვაცილებთ
- როგორ ვითარდება ოპერაცია "ღვთისმშობელი"? 
- ის ზის და გამვლელებს ხატავს
- როგორ ვითარდება ოპერაცია "ღვთისმშობელი"? 
- ყოველ ღამე კარავში ბრუნდება
- როგორ ვითარდება ოპერაცია "ღვთისმშობელი"? 
- იმ ზონაში მოხვედრა შეუძლებელია, ჩვენ ვაკონტროლებთ მშენებლობის ტერიტორიას.
- როგორ ვითარდება ოპერაცია "ღვთისმშობელი"? 
- საფრთხე მხოლოდ ერთია, ყოველ ღამეს ამწეზე ადის...
 
საფრთხის გაგონებაზე, მაგიდის მიღმა მოელვარე თვალები გადიდდა, გაწითლდა, ამოძრავდა. ის მონიტორს ჩააშტერდა, რომელზეც ყველაფერი ჩანდა, რაზეც კიბორგები ლაპარაკობდნენ.
 
- საფრთხე? - იკითხა მან, ხომ იცით რას ნიშნავს ეს ბავშვი იმპერიისთვის, მცირე გაუთვალისწინებელი შემთხვევაც, გამოუსწორებელი იქნება - ამ სიტყვებს, კვლავ შემზარავი ექო მოჰყვა: "იცით რას ნიშნავს ეს ბავშვი იმპერიისთვის, იცით რას ნიშნავს ეგ ბავშვი იმპერიისთვის, იცით რას ნიშნავს ეგ ბავშვი იმპერიისთვის, იცით რას ნიშნავს ეს ბავშვი..."
 
- გადაწყვეტილია, მშობიარობამდე ორი თვით ადრე, ის უკვე ჩვენს ლაბორატორიაში უნდა გადავიყვანოთ - და ლურჯი სინათლე, რომელიც კედლების მაგივრად ჩამონტაჟებული ეკრანებიდან მოდიოდა და შეცვალა ლაბორატორიის გამოსახულებამ. ლაბორატორიაში თეთრ ხალათიანი კაცი, თითქოს რიტუალურ ცეკვას ასრულებდა. სადენებში გახლართულიყო და ხელში უცნაური ინსტრუმენტები ეჭირა. 
 
- ნიკი... მამა? მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხომ არ შეცვლილა? - დაკითხვა გრძელდებოდა. “თვალებმა” სიგარას მოუკიდა. უცებ მთელი ოთახი როკ-ვარსკვლავების გამოსვლის მომლოდინე სცენას დაემსაგავსა. კიბორგები სიგარის კვამლში აღარც კი ჩანდნენ. მხოლოდ მორიდებული, ჩუმი ჩახველება ისმოდა. მაგიდის ბატონ-პატრონმა კიდევ რამდენიმე შეკითხვა დასვა და ბეჭდებით დახუნძლული თითებით ანიშნა კიბორგებს, რომ თათბირი დამთავრებული იყო. ეკრანიდან კი პროფესორის ხარხარი და რეპლიკები ისმოდა: “მე სიზმრების დირიჟორი ვარ! მე სიზმრების დირიჟორი ვარ!”
 
 
 
სიზმარი
 
ნიკი ვიღაც გოგოს სახეს ხედავდა. გრძნობდა, რომ სადღაც მაღლა იმყოფებოდა. შემდეგ წითელ ლიფტში აღმოჩნდა. ლიფტი მინის ჯვარში მოძრაობდა. ჯვარზე ვიღაც იყო გაკრული. ის ხედავდა მის გადატყავებულ ზურგს, ნალურსმნევს ხელებსა და ფეხებზე. ლიფტში ისმოდა სიტყვები: "მოდით და ჩამიყავით ნალურსმნებში თითი ან პენისი, ახლა ხომ გჯერათ? შემიყავით ფერდში ხელი, ფეხი... იქნებ თავიც შემოგეტიოთ და ირწმუნეთ, ის რისი რწმენაც ასე გინდათ. მოიტა აქ შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. იქნებ ნალურსმნებში გიხედო და დაინახო ცა, საიდანაც მოვდივარ." 
 
 
ნიკს ლიფტიდან გამოსვლა უნდოდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. თანდათან უჩქარებდა სვლას. ჯვარს ცდებოდა და ჩადიოდა, სადღაც უფსკრულში. ლიფტის კედლები ხდებოდა დრეკადი, საშვილოსნოს კედლებივით. ახლა ლიფტი ემსგავსებოდა ექოსკოპიის აპარატს. ნიკი ყვიროდა. და უცბად ისევ ის სახე, მშვიდი, სათნო. ალბათ 17 წლისაც არ იქნებოდა. ახლა უკვე სიტყვებსაც არჩევდა. 
 
"წამოდი, ჯონისთან ჩავიდეთ, თორემ ძალიან მოიწყენდა უჩვენოდ" - და ესიზმრებოდა, რომ ძალიან დიდხანს, დიდხანს ჩამოდიოდნენ რკინის კიბეზე. ნიკმა არ იცოდა ვინ იყო ჯონი. 
 
ნიკს გამოეღვიძა. ხუთ თვეზე მეტია, რაც ეს სიზმრები დაეწყო. თვალები მოიფშვნიტა, სწრაფად ჩაიცვა და გარეთ გამოვიდა. ნათელი დღე იყო. ასფალტზე განრთხმული ხეების ჩრდილები წყლიდან ამოსული ალიგატორებივით გარინდულიყვნენ. ნიკი ავტობუსის გაჩერებისკენ დაიძრა. გაჩერების წითელ სკამზე მოხუცი თვლემდა და ამაში თითქოს ქალაქის ხმაური სულ არ უშლიდა ხელს. ტრანსპორტის ნაკადში ნიკმა დაინახა შავი ლიმუზინი, რომელიც სწრაფად ახლოვდებოდა და ბოლოს მოულოდნელად მის წინ გაჩერდა.
 
ფანჯარა ჩამოიწია. გამოჩნდა ქერა ქალი, ვარდისფერი, გულის ფორმის სათვალით. 
 
"როგორ ჰგავს ენდი უორჰოლს!" - გაიფიქრა ნიკმა.
 
- დაჯექი! - ხმა რომელიც ნიკმა გაიგო, თითქოს წლების წინ ჩაეწერათ და ახლა ამ უცნაური არსების ტუჩებში ჩამონტაჟებული ხმისჩამწერი აპარატიდან მოდიოდა. 
 
ნიკმა მოხუცს გადახედა. მას გაღვიძებოდა და გაკვირვებული უყურებდა, ხან მას და ხან ლიმუზინს.
 
- დაჯექი! - კვლავ გაუმეორა ქალმა. 
 
ნიკმა კვლავ მოხუცს გადახედა, თითქოს მისგან ელოდა ნებართვას. მოხუცმაც რატომღაც გაღიმებულმა დაუქნია თავი. ნიკსაც, გეგონებოდათ ბრძანება მიეღო, გამოაღო კარი და ლიმუზინში აღმოჩნდა. 
  
- რა გნებავთ? - იკითხა მან საქმიანად, როგორც კი ადგილზე დაჯდა. მანქანა დაიძრა.
 
- მე შენი სიზმრების შესახებ ყველაფერი ვიცი... - დაიწყო უცნობმა.
 
ქალი მართლაც ძალიან ჰგავდა ენდი უორჰოლს და ნიკი ვერ ხვდებოდა, რატომ გადაეწყვიტა წვეულებების ამ კაშკაშა მოჩვენებას ახლა მის სიზმრებზე ლაპარაკი. ისეთივე ფლეგმატური საუბრის მანერა, მიმიკები, მოძრაობა. ერთადერთი, რაც უორჰოლისგან განასხვავებდა, დაბურცული ძუძუები და გრძელი ფეხები იყო. 
 
-  ნიკ, შენ მალე მამა გახდები - აგრძელებდა ქალი და ყვებოდა ისტორიას, რომლის დაჯერებაც იმაზე ძნელი იყო, როგორც თუნდაც იმისა რომ, დედამიწა სპილოზე დგას და რომ სიკვდილის  შემდეგ ჩვენი სულები იმ სპილოს ტრაკში გადაბარგდება. "ის გოგო, რომელსაც შენ ყოველ ღამე ხედავ, შენ სიზმრებზეა ორსულად. იმ ექსპერიმენტისთვის, რომელიც იმპერიამ დაიწყო, ყველაზე ღია იუდას სიზმრები აღმოჩნდა. დაიბადება ბავშვი, რომელიც შეძლებს ილუზიის და რეალობის ერთმანეთში არევას. შემდეგ კი სრულ კონტროლს მოიპოვებს. იმპერია ძალიან ძლიერია, მაგრამ მათი ძალაუფლება არ არის სრულყოფილი. არ უნდა დაუშვათ, რომ მათ ეს ბავშვი ხელში ჩაიგდონ." 
 
ნიკი თვლიდა, რომ კოკაინისგან გაბრუებული ენდის ბოდვას უსმენდა და თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა. "და მე რა შუაში ვარ?"
 
ამ კითხვაზე ენდიმ ისე უპასუხა, "შენ იუდას შთამომავალი ხარ ნიკ"  რომ მან, მისი დასმაც კი ვერ მოასწრო.
 
- ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენ უსაფრთხოებას.
 
ნიკი თანდათან იაზრებდა ენდის სიტყვებს, ისე როგორც შესაძლებელია ასეთი ინფორმაციის გააზრება. მისი ტვინი სკად ქცეულიყო, რომელშიც სიტყვა-ფუტკრები, საიდანღაც, იდუმალი ველის ჯადოსნური ყვავილებისგან ამოწოვილ ნექტარს ეზიდებოდნენ. მას სამი წლის ბავშვის სახე ჰქონდა, რომელიც პირველად აღმოჩნდა თოჯინების თეატრის სასტიკ წარმოდგენაზე. 
 
- ისინი მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ... მარიამი სახლიდან გამოიქცა... ახლა კი მიტოვებულ მშენებლობაზე ცხოვრობს. დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში მიდის და გამვლელებს ხატავს. ახლაც იქ არის. ჩვენც იქითკენ მივემართებით. დასაკარგი დრო არ გვაქვს... შენ როგორმე უნდა დაარწმუნო მარიამი და ერთად გაიქცეთ. ამისათვის ყველაფერი მზად არის. თქვენ წყალქვეშა ნავით მოახერხებთ გაღწევას, ხოლო შედეგ ჩვენი ადამიანი წაგიყვანთ ადგილზე, სადაც დაიბადება ბავშვი. 
 
 მანქანა გაჩერდა. ნიკი მანქანიდან გადმოსვლას არ ჩქარობდა. მის ტვინში დაგროვილ თაფლს კი ძალზედ უცნაური გემო დაჰკრავდა. ენდიმ კარი გაუღო. 
 
 - ნიკ!  
 
 ნიკმა მოიხედა. 
 
- იცოდე, ყოველი შეცდომა საბედისწეროა.
 
 
 
ხარება
 
ნიკი მანქანიდან გადმოვიდა. ლიმუზინიც იმ წამსვე არადამახასიათებელი სიჩქარით მოწყდა ადგილს. ის იდგა პარკის შესასვლელში და ვერ გადაეწყვიტა შესვლა, თითქოს იქ შესვლისას, ისეთ რამეს ნახავდა, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. თანდათან იჯერებდა ამას. იქვე ბარდიურზე ჩამოჯდა. გაქცევა და დამალვა მოუნდა, მაგრამ ამ სურვილმა მალევე გადაუარა. ადგა და პარკში შემავალ ადამიანებს გააჰყვა.
 
პარკში დარბოდნენ, ვარჯიშობდნენ. პენსიონერები  შვილიშვილებს და ძაღლებს ასეირნებდნენ... ნიკი კი მარიამს ეძებდა. საეჭვო მანიაკი პედოფილივით ათვალიერებდა გარემოს და ბოლოს მას პარკის შუაგულში, შადრევანთან მოჰკრა თვალი. ის ასე ცხადად პირველად ხედავდა სიზმარს - თითქოს მისი თავიდან ამოგლეჯილს და ამ პარკში გასაყიდი ტილოებივით გამოფენილს. მან თვალები მოიფშვნიტა. 
 
მარის წინ ვიღაც სასაცილო, წითური კაცი ეჯდა და ხატავდა. გვერდით კატა დასკუპებულიყო, რომელიც ცნობისმოყვარე გამვლელივით შეცქეროდათ მათ. კიდევ ქალი, როგორც ჩანს იმ კაცის ცოლი, რომელსაც მარი ხატავდა, ისე ჩაჰყურებდა პორტრეტს, თითქოს თავისი ქმრის საფლავის ქვას უყურებსო. მარი, როგორც იქნა ხატვას მორჩა და ნახატი შეუტრიალა კაცს, ისიც ისეთი გახარებული ჩააცქერდა თავის თავს, რომ გეგონებოდათ ახალი სახის არჩევის ნება მისცესო. ნიკი კი მთელი ამ დროის განმავლობაში, დოსტოევსკის ბურანში მყოფი გმირივით იდგა და ვერ გადაეწყვიტა, რა მოემოქმედებინა. ბოლოს როგორც იქნა მარისკენ წავიდა. ის თანდათან უახლოვდებოდა თავის სიზმარს, გული თითქოს გასამდა და ტრიალებდა: მარწყვი, მარწყვი, ენდი უორჰოლი, გულის ფორმის სათვალე, სკამი, კატა, კატა, მზე, ფანტანი, ღვთისმშობელი, მზე, სიზმარი, სიზმარი... გული, გული, გული და აი, მარის წინ აღმოჩნდა. 
 
ნიკის დანახვისას და მისი სიტყვების მოსმენისას მარიამს ფერი გადაუვიდა. დაუჯერებელი, ზღაპრული ისტორია, რომლის შესახებაც უცნობი ბიჭი ელაპარაკებოდა, თითქოს ნაცნობი იყო მისთვის. მარიმ ჯონი ხელში აიყვანა, ფურცლები გულზე მიიხუტა და ფეხზე წამოდგა. ნიკი თვალს ვერ აცილებდა. მარი კი თავის ვარდისფერ სპორტულ ფეხსაცმელს უყურებდა, რომელიც ამ ქვის ფილებზე, რომელიღაც ცნობილ ნახატს აგონებდა.ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტეს და ადგილიდან დაიძრნენ. რამედენიმე მეტრის გავლის შემდეგ, იქვე პარკის მოპირდაპირედ მდებარე კაფეში შევიდნენ. კომიქსს, რომ ათვალიერებდეთ, კაფის ფანჯრიდან დაინახავდით, როგორ გაუფართოვდა მარის თვალები. ნიკის პირიდან ამოსულ ღრუბელში კი ირეოდა სიტყვები: “ეს იმპერიის ექსპერიენტია... მე იუდას შთამომავალი ვარ, იუდას სიზმრები ყველაზე ღია აღმოჩნდა ამ ექსპერიმენტისთვის... შენ გააჩენ მესიას... იმპერიამ არ უნდა ჩაიგდოს ბავშვი ხელში..."
 
 
 
გაქცევა
 
საღამოს, მარი და ნიკი მშენებლობაზე ბრუნდებოდნენ. სახურავებზე, ქუჩის კუთხეებში, ხეებზე,  ფურგონებში მიმალული აგენტების ყურსასმენებში ისმოდა სიტყვები: "ობიექტი მარტო არ არის. შემჩნეულია უცხო ობიექტი. თვალყურის დევნების განსაკუთრებულ სტადიაზე გადავდივართ."
 
- ისინი გამუდმებით გითვალთვალებენ - ეუბნებოდა ნიკი მარის. არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხოთ გაქცევა, როგორც ენდიმ მითხრა, დღეს ღამესვე მოამზადებენ ყველაფერს.
 
წყნარი საღამო იდგა. მხოლოდ ერთ ადგილას, თითქოს უჩინარი ხილის ბაღი გაეშენებიათ და აურება მწერი ირეოდა.
 
- რამდენი მწერია - ამის თქმა იყო და უცბად ერთი ბუზი ყურში შეუფრინდა, რომელიც მაშინვე გამაგრდა და ნიკმა ხმა გაიგო. "ნიკ, ეს ბუზი - ყურსასმენია, ენდი ვარ...!  მითითებებს მოგცემთ. იცოდეთ, თქვენი ხმა ისმინება."
 
ნიკი შეეცადა მარისთვის ენიშნებინა, რომ ენდიმ კონტაქტი დაამყარა მათთან, მაგრამ მარიმ ვერაფერი გაიგო და გაკვირვებული უყურებდა ნიკის თვალებს, რომლებიც წყალში ჩაცვენილი ხოჭოებივით მოძრაობდნენ.  
 
- რა დაგემართა?
- არაფერი... - ნიკი ვერ ამთავრებდა სათქმელს, რადგან იცოდა რომ მათ არათუ სიტყვას, ყოველ ამოსუნთქვას უსმენდნენ.
 
"კარავში შედით..." - გადმოსცემდა ენდი. "თქვენი კარავის ქვეშ უზარმაზარი გვირაბია გათხრილი"
 
მარიმ გამორღვეული მავთულის ღობე გადაწია და ისინი მშენებლობაზე შეძვრნენ, ჯერ ჯონი და მარი, მერე ნიკი. კარავში შესვლისას მარის ფანარი უნდა აენთო, რომ ნიკმა გააჩერა. "ჩუმად!" "ნიკ, ახლა ფეხქვეშ მიწა გამოგეცლებათ, არ შეგეშინდეთ... თქვენს მაგივრად კი კარავში თქვენი სხეულების მსგავს მანეკენებს დავტოვებთ. ფანრის შუქზე გამოჩნდება, რომ თქვენ კარავი არ დაგიტოვებიათ, თქვენი ხმის ჩანაწერიც მზად არის"
- მარი... - ხელი ჩაკიდა ნიკმა - არ შეგეშინდეს!
- რისი არ შემეშინდეს? - ამის თქმა იყო და ისინი მიწისქვეშ აღმოჩნდენ, უცნაურ ლიფტში, რომელაც ქვესკნელისკენ დაიწყო მოძრაობა. მარიმ შეჰკივლა, მაგრამ ნიკმა პირზე ააფარა ხელი. მაგრამ თვითონაც ძლივს შეიკავა თავი, რადგან შეშინებული კატა პირდაპირ საკვერცხეებში ჩააფრინდა. 
- სად მივდივართ? - იკითხა შეშინებულმა მარიმ. 
- საოცრებათა ქვეყანაში! - უპასუხა ნიკმა, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ქონდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
აგენტები კი ხედავდნენ, როგორ აინთო კარავში ფანარი და გამოჩნდა მარის და ნიკის შავი სილუეტი. "ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა" - გადასცეს ერთმანეთს კიბორგებმა. 
 
 
ქარხანა
 
ვიწრო და კომპაქტურ "ნოეს კიდობანში" აღმოჩენილი მარი და ნიკი, ვეღარ გრძნობდნენ როგორ მიჰქროდნენ, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, ქვემოთ თუ ზემოთ. მოუთენლად ელოდნენ, როდის გაჩერდებოდა ეს უჩვეულო ტრანსპორტი. თან ერთმანეთზე მიკრული, ორივე ერთ რამეზე ფიქრობდა, რამდენად რეალური იყო ის ისტორია, რომლის მთავარი გმირებიც ასე უცბად, ერთ დღეში აღმოჩნდნენ. არც ერთს სჯეროდა ბოლომდე, მაგრამ ნიკი - თავის სიზმრებს, მარი კი - უბიწო ჩასახვას, გვერდს ვერ უვლიდა. ორივე სდუმდა, ყუთში მხოლოდ ჯონის საცოდავი კნავილი ისმოდა.
 
უცებ კიდობანი გაჩერდა. მაგრამ მის გახსნას არავინ ჩქარობდა. გაუგებარი იყო, საიდან მიეწოდებოდათ ჰაერი. 
 
- მგონი დაგვმარხ... - მარის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კიდობანი აიხადა. ორივემ ფრთხილად ამოჰყო თავი და დაინახეს, მომღიმარი, სავარძელში ჩაფლული ენდი უორჰოლი, რამდენიმე ქალის გარემოცვაში, რომელთაც მხრებზე ისე ბუნებრივად ჰქონდათ მიმაგრებული ფრთები, რომ არც კი დაეჭვდებოდით მათ ანგელოზობაში, რომ არა მთელს ტანზე ასხმული იარაღები.
 
 
ნიკის ყურიდან ბუზი გამოფრინდა და იქვე მაგიდაზე ჩამოჯდა. მარი გაკვირვებული ათვალიერებდა ენდის და ანგელოზებს, ნიკი ყურს იქექავდა და არანაკლებ გაკვირვებული იდგა.
 
მოგესალმებით, თქვენ ქარხანაში მოხვდით, ესენი ჩემი ანგელოზები არიან: იდი, ანიტა, ვალერია და კენდი. ჩვენ რამდენიმე საათი გვაქვს, რომ გასაქცევად მოვემზადოთ. და სანამ ისინი შეამჩნევენ რომ თქვენ გაქრით, თქვენ უკვე წყალქვეშა ნავში უნდა იყოთ. ნავმა შეუმჩნევლად გამოიარა მათი საკონტროლო პუნქტები და მალე უკვე ნაპირს მოადგება. ჩვენც მაშინვე დავიძრებით. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია ცოტა გავერთოთ... და ენდიმ მაგიდაზე, დიდი, ფაფუკი ბალიშიდან თეთრი ფხვნილი გადმოყარა, რომელშიც ცხვირი ჩარგო და შეისუნთქა.
 
ნიკი კიდობნიდან ამოვიდა და მარისაც მიეხმარა ამოსვლაში. ჯონი კი გამწარებული ცდილობდა კიდობნიდან ამოხტომას.
 
 
 
კიბორგები კარავს ამოწმებენ
 
კიბორგები გაფაციცებულნი უთვალთვალებდნენ მშენებლობას. "დარღვეულია ჩვეული რეჟიმი. დღეს მარის სტუმარი ჰყავს. ის არ ასულა ამწეზე. კატის ხმაც არ ისმის. შეამოწმეთ კარავი" - ეს ბგერითი გველი მისრიალებს გადამცემებში და აგენტებს საშუალებას არ აძლევს მოდუნდნენ. სულ ცოტა ხანში მათი დაძაბულობის ხარისხი პიკს აღწევს. "მარი გამქრალია, კარავში მხოლოდ მანეკნები და ხმის ჩანაწერებია აღმოჩენილი."
 
ცხადდება განგაში. "შეამოწმეთ!" "გადაკეტეთ!"  - რა გზით გაიქცნენ. იწყება კარვის ქვეშ ჩანგრეული გვირაბის შესწავლა. "თუ ობიექტი საბოლოოდ გაუშვეს ხელიდან, ამ დავალებაზე მომუშავე ყველა კიბორგს უსიცოცხლო პლანეტაზე გადასახლება ემუქრება."
 
განგაშისა და ფაციფუცის პარალელურად, მარი და ნიკი ქარხანაში დასეირნობდნენ და ენდის ნამუშევრებს ათვალიერებდნენ. ჯონი საღებავებში ამოთხვრილიყო და უზარმაზარ, თეთრ ტილოზე დარბოდა, რომელზეც თანდათან მრავლდებოდა მისი თათის ანაბეჭდები. ენდი ყურადღებით უყურებდა ფისუნიას შემოქმედებას. თან ეკრანს შეავლებდა ხოლმე თვალს, რომელზეც მოახლოვებული წყალქვეშა ნავი უნდა გამოჩენილიყო.
 
- ნიკ, ეს ენდი უორჰოლია? - იკითხა მარიმ ჩუმად, როდესაც ანგელოზები მოშორდნენ. 
 
- არ ვიცი, საშინლად კი ჰგავს, ნამუშევრები. ქარხანა, ანგელოზებიც ენდის მოდელებს ჰგვანან, მაგრამ ენდი ხომ 1987-ში გარდაიცვალა.
 
უცბად ეკრანზე გამოჩნდა, წყალქვეშა ნავი, კაპიტანმაც ენდის ამცნო, რომ 15 წუთში პორტში შემოვიდოდა.
 
- მაშ ასე, ყველანი მოემზადეთ - თქვა ენდიმ და კიდევ ერთხელ შეისუნთქა მაგიდაზე დაყრილი თეთრი ფხვნილი.
 
 
 
მფრინავი ლიმუზინი
 
 
"მათი კვალი აღმოვაჩინეთ" - ისმოდა გადამცემებში, რომლებიც თითქმის ქალაქის ყველა სიმაღლეზე განლაგებული კიბორგების ყურებში იყო მოთავსებული. "კოორდინატები გადმოგეცემათ, გადავდივართ დავალების აქტიურ ფაზაში."
 
ამასობაში ენდი, ნიკთან, მარისთან და ანგელოზებთან ერთად თავის ლიმუზინში ჩასხდნენ. ენდი მიუბრუნდა მათ და ჰკითხა: 
 
- ამჯერად მე თავად დავჯდები საჭესთან, მზად ხართ ფრენისთვის? - და თან რამდენიმე ღილაკზე დააჭირა თითი. იმავე წამს, იგრძნეს, რომ მანქანა შეიცვალა, მისი ძრავის ხმას, აქამდე ყრუდ რომ გუგუნებდა, დაემატა მათ თავზე მობზრიალე ვერტმფრენის პროპელერის ხმა. ლიმუზინი ნელ-ნელა იწეოდა ზემოთ. ქარხნის ჭერი გაიხსნა. ლიმუზინი ჰაერში აიჭრა. ჯონი საცოდავად აჰყურებდა უცნაურ მფრინავ ობიექტს, რომელსაც მისი პატრონი ცისკენ მიჰყავდა. 
 
- კაპიტანო, გამოდით კავშირზე, რა ხდება პორტში, ხომ არავის დაუფიქსირებიხართ?
 
- არა, სიმშვიდეა, ველით თქვენს გამოჩენას.
 
ანგელოზები იარაღს ამოწმებდნენ, ვალერიას ორი კოლტი ჰქონდა, იდის - M-16 და გამჭირვალე, იისფერი ხელყუმბარების მთელი ასხმა, ხოლო ანიტას - ვინჩესტერი. ნიკი და მარი დაღლილები გაჰყურებდნენ პეიზაჟებს მფრინავი ლიმუზინიდან.
 
- ჩვენ არ მოგვცდმთ იარაღს? - იკითხა ნიკმა.
 
- თქვენ არ დაგჭირდებათ, იმედია თქვენი გაუჩინარების ამბავი, ჯერ არ გახმაურებულა
 
"ისინი პორტისკენ მიფრინავენ" - ისმოდა კიბორგების გადამცემებში. "მთელი ძალა იქით გადავისროლოთ", "ერთადერთი ღვთისმშობლის სიცოცხლეს გაუფრთხილდით".
 
 
 
ბრძოლა პორტში
 
ლიმუზინი მიწაზე დაეშვა. ქვემოთ მათ კაპიტანი ელოდებოდათ. პროპელერი კვლავ აგრძელებდა ტრიალს. კარი გაიღო და მანქანიდან ანგელოზები, ნიკი და მარი გადმოვიდნენ. კაპიტანი ახალგაზრდა, ლამაზი, დაკუნთული ბიჭი ჩქარი ნაბიჯით უახლოვდებოდა ციდან დაშვებულ ლიმუზინს... უცებ გაისმა გასროლა და კაპიტნის გარეგნობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მას შუბლზე წითელი ხვრელი გაუჩნდა. ის რამდენიმე წამი კვლავ იდგა ფეხზე, შემდეგ უკან გადავარდა.
 
ნიკი და მარი დაიხარნენ. ანგელოზები მათ გადაეფარენ. აქეთ-იქეთ იყურებოდნენ შეშფოთებულები.
 
- ენდი აღმოგვაჩინეს! აღმოგვაჩინეს!
 
ენდი მანქანიდან გამოხტა. ხელში, მისი აგებულებისთვის აშკარად მძიმე ტყვიამფრქვევი ეჭირა და გარშემო ისროდა. 
 
- ჩქარა ზღვისკენ გაიქეცით! - დაიყვირა მან. 
 
ნიკი და მარი ანგელოზებით გარშემორტყმულნი გაიქცნენ. ანგელოზები თითქოს უმისამართოდ ისროდნენ. მაგრამ გარშემო განლაგებული კონტეინერების, შენობების სახურავებიდან და ფანჯრებიდან, პანტა-პუნტით ცვიოდნენ კიბორგები. ზღვასთან დიდი ლურჯი სფერო ტივტივებდა. იდიმ ორი იისფერი ხელყუმბარა ისროლა, გარშემო იისფერი ნისლი დადგა. ისინი ზღვაში შევარდნენ. წყალქვეშა ნავის სარქველი ახდილი დახვდათ... 
 
ნიკი და მარი, ანიტასთან ერთად ჩავიდნენ წყალქვეშა ნავში. ედი და ვალერია კი ენდის დასახმარებლად გაბრუნდნენ უკან. ნისლი გაიფანტა, გამოჩნდა ენდი, რომელიც სადღაც გაქრალი პროპელერის ადგილას იდგა და მანქანის სახურავზე პროპელერივით ატრიალებდა ტყვიამფრქვევს. შემდეგ დაინახა თუ არა, როგორ გაუჩინარდა ლურჯი სფერო წყალში, მანქანაში ჩახტა, მისკენ გამოქცეულ ანგელოზებს დაელოდა და როგორც კი მათ მანქანაში შეაღწიეს, ადგილიდან მოწყდა. ლიმუზინი წყლის წვეთებივით ისხლიტავდა ტყვიებს. ბოლოს სროლა შეწყდა. 
 
წყალქვეშა ნავში აღმოჩენილი ნიკი და მარი შეშინებულები უყურებდნენ მეზღვაურებს. რომლებიც არანაკლებ დაბნეულები შესჩერებოდნენ მათ.
 
- თქვენი კაპიტანი მკვდარია, ნავს მე ვმართავ - უთხრათ მათ ანიტამ და სამართავი პულტისკენ დაიძრა. მაგრამ კარი გააღო თუ არა, იქიდან ტყვია  გამოფრინდა და ანიტას პირდაპირ გულში ეძგერა. ტყვიას კი ორი კიბორგი გამოჰყვა, რომლებიც გადამცემებში ლაპარაკობდნენ:
 
"ობიექტი აღმოჩენილია! "ნავის ეკიპაჟს და ბიჭს რა ვუყოთ?" შხრიალს გადამცემიდან გამოჰყვა პასუხი: "გოგო წამოიყვანეთ, ნავი ჩაძირეთ, ეკიპაჟთან და ბიჭთან ერთად."
 
ამ დროს ნიკი ადგილს მოწყდა და ერთ-ერთ კიბორგს ფეხი აძგერა. ისიც კედელს მიეხეთქა. ახლა მეორეს მიუტრიალდა, რომ გაისმა მარის ხმა: "ფრთხილად ნიკ!" - ნიკს თავში რაღაც მძიმე, ბლაგვი იარაღი მოხვდა და გაითიშა.
 
 
 
 
წყალქვეშ
 
ორი აკვალანგისტი ბნელი წყლის მასივს მიაპობს. ხელში წყალქვეშა ფანრები უჭირავთ. კიდევ წყლის ზედაპირზე მოტივტივე კატარღიდან გამოჭიმული ჯაჭვი. ისინი მიზანსწრაფულად მიიწევენ ფსკერისკენ. 
 
ნიკს ესიზმრება, რომ ზღვა ღელავს.  ახალგაზრდა კაცი ნავზე დგას. ცისკენ ხელაპყრობილი, თითქოს სტიქიას თავის არსებაში ეპატიჟება. სახის გამომეტყველებაზე შეატყობთ, რომ ის თავის საქმეს აკეთებს. ისევე როგორც მეხანძრე, გამძვინვარებულ ცეცხლმოდებულ სახლის ფანჯარასთან, წყლის ჭავლის მიშვებამდე - დარწმუნებული იმაში, რომ ოთახში დარჩენილი ჩვილი მხოლოდ მის იმედად არის დარჩენილი. მან უნდა შეძლოს და ბავშვის თვალებში არეკლილ ცეცხლის ენებს, მის ფილტვებში შემძვრალ კვამლს, საბოლოოდ მიუჩინოს ადგილი პატარას კოშმარში.
 
აკვალანგისტები უკვე ფსკერზე მიაბიჯებენ. ნელა უახლოვდებიან დაძირულ წყალქვეშა ნავს, რომელშიც თანდათან იწურება ჰაერის მარაგი. ნიკს ეზმანება: აბობოქრებულ ზღვაზე მდგარი იესო. წყალზე მიაბიჯებს. მერე თურქულად ფეხმორთხმული ჯდება აბობოქრებული წყლის შუაგულში. წამომართულ, უზარმაზარ ტალღაზე, როგორც ეკრანზე, ხედავს ორსულ გოგოს, ღვთისმშობელს, რომელიც მკრთალად განათებულ დერეფნებში მიაბიჯებს, მის წინ სრიალით იღება კარები... ცა მოქუფრულია, თითქოს აუარება მზის ნათელი დატყვევებულია და შავი ღრუბლების ურღვევი ქსოვილიდან გადმოსკდომას ლამობს, ღრუბლები კი კოკისპირულად იცლება წყლისგან. 
 
აკვალანგისტები ჯაჭვებს ნავზე ამაგრებენ. ცოტა ხანში ჯაჭვები იჭიმება და ნავიც ზემოთ მიცურავს, თანდათან უჩქარებს ზეაღსვლას და ბოლოს რკინის დელფინივით ხტება წყლიდან. ტალღაზე გამოსახულება ქრება. იესო ახლა ტალღების გავლით მიემართება ჰორიზონტისკენ, ქარიშხალი გრძელ თმას და თეთრ კვართს უფრიალებს. 
 
ანგელოზები წყალქვეშა ნავისკენ მიცურავენ, ზედ ძვრებიან და სარქველს ხდიან. რამდენიმე წამში იქიდან ამოჰყავთ უგონოდ მყოფი ნიკი და ეკიპაჟის სხვა წევრები. ცა მოწმენდილია. თავზე თოლიები დასჭყივიან. ენდი წყალს ჩასჩერებია. ნიკი კატარღაზე ამოჰყავთ. ანგელოზები ვარდისფერი ხსნარით სავსე ნემსს უკეთებენ... ის თვალებს ახელს და ხედავს უკიდეგანო, ლურჯ ცას. მზე თვალებს სჭრის. ბოლო რაც სიზმრიდან  ახსოვს: დამშვიდებული, სარკესავით მოლაპლაპე წყალი და იესოს ღიმილია. მერე ენდის, ანგელოზებს და მეზღვაურებს ხედავს. 
 
- მათ ღვთისმშობელი ჩაიგდეს ხელში - ჩურჩულით ამბობს ის.
 
 
 
 
იმედები დატოვეთ გარეთ
 
 
  მარის ახსენდებოდა, რომ ძალიან დიდი ხნის წინათ,  მიჰყავდათ საოპერაციოდ, საავადმყოფოს დერეფნებში მიაგორებდნენ. თვალები დახუჭული ჰქონდა, მხოლოდ თეთრი სინათლის ხაზები კვეთდნენ თვალებს და ოქროსფერ ხაზაკებად იშლებოდნენ. ახლა ის თავისი ფეხით მიდიოდა და ცოცხალ საკაცედ თვითონვე ქცეულიყო თავისი შვილისთვის.
  “ჩვენი ფირმა ემბრიონებისგან ყველაზე ხარისხიან კოსმეტიკას ამზადებს.” – არაფერში სჭირდებოდა საკუთარი მდგომარეობის გააზრება. ეს ვერ დაეხმარებოდა. 
 
 კიბორგების გადამცემები ახმაურდა. "ლაბორატორია მზად არის ღვთისმშობლის მისაღებად! ლაბორატორია მზად არის ღვთისმშობლის მისაღებად! ლაბორატორია მზად არის ღვთისმშობლის მისაღებად!". კიბორგებმა მარი რედგენის მსგავს აპარატთან გააჩერეს. 
 
- დაწექი! - უბრძანეს მათ.
 
ისიც დაწვა. აპარატი ამუშავდა, მარიც კონვეირზე დაწოლილი უსიცოცხლო თოჯინასავით თანდათან გაუჩინარდა მასში. 
 
აპარატის მონოტონურ ბზუილთან ერთად,  ჯოჯოხეთური, რადიოს შიშინის მსგავსი ხმები ესმოდა. მერე სინათლე გამოჩნდა და სრულიად თეთრ დარბაზში აღმოჩნდა. კედლებთან უცნაური აპარატები იდგა, რომლებიც დარბაზის შუაგულში, გალიის მსგავს კონსტრუქციასთან იყვნენ მიერთებულები. მარიმ იატაკზე გადმოვიდა და უცბად ზურგსუკან ჩუმი ჩახველების ხმა გაიგო. მიბრუნდა და დაინახა, კაცი თეთრ ხალათში. ხალათის შიგნით, წითელ მაისურზე შენიშნავდით წარწერას: "Punks Not Dead"
 
- გამარჯობა მარიამ, მე პროფესორი მალკოვიჩი ვარ, ამიერიდან მე ვიზრუნებ თქვენზე! 
 
 
 
სასწაული
 
- ამ ლაბორატორიაში შეღწევა თითქმის შეუძლებელია - დაიყვირა ენდიმ და მაგიდაზე გაშლილი ნახაზები ერთი ხელის მოსმით ძირს გადაყარა. მერე სირბილი დაიწყო. ნიკი და ანგელოზები გაკვირვებულები შეჰყურებდნენ. ასეთი ენდი არასოდეს ენახათ. ის კი თავისთვის ბუტბუტებდა: "მუსიკა მინდა, მუსიკა, ვერ ვფიქრობ". უცებ წამოიძახა:
 
- არის ერთი შანსი, არის შანსი, შანსი: ჩვენ უნდა მოვახდინოთ სასწაული!
 
იდი სედვიკი ნერვიულად ათამაშებდა ხელში უზარმაზარ ვერცხლისფერ იარაღს. ვერავინ მიხვდა რას გულისხმობდა ენდი ამ "სასწაულში" და უბრალოდ მორიგი ნერვული შეტევა ეგონათ. ერთადერთი სასწაული, რისი მოხდენაც მათ ამ მომენტში შეეძლოთ იყო ის, რომ რაც შეიძლება უკეთ შეიარაღებულიყვნენ და როგორმე შეუმჩნევლად შეეღწიათ ლაბორატორიაში. მაგრამ სასწაული სწორედ ის არის, რაც უკანასკნელი, განწირული იმედის ნაცვლად გეძლევა და ოქროსფრად კაშკაშებს, ნათელში ხვევს ყველაფერს, არის ჩუმი და ამავდროს ყველა მასზე იწყებს ლაპარაკს. ჰო, ღვთისმშობელს ნამდვილად სასწაული თუ იხსნიდა. რომელიც ამ მომენტში ლაბორატორიაში, შეშლილი პროფესორის წინ იწვა, რომელიც მის სიზმრებთან მიერთებულიყო. 
 
- რა შანსი? 
 
- არაფერი - უპასუხათ ენდიმ, ერთი ბალიში ამოაპირქვავა და მაგიდაზე კოკაინი ჯვრის ფორმით დაყარა.
 
"არაფერი" - ე.ი. მათი ვარაუდი გამართლდა. ეს ნერვიული შეტევის მეტი არაფერი ყოფილა. მაგრამ ენდი ისე ნასიმოვნები გამოიყურებოდა. ისე უბრწყინავდა თვალები, რომ მის პასუხში "არაფერი" - იმდენი რამე ეტეოდა, რომ ჯონიც კი გამხიარულდა და თუ აქამდე მკვდარივით განაბული იწვა, ახლა ანგელოზების ფეხებს შორის დაიწყო გამომწვევი სეირნობა. 
 
 ამ ყველაფერს ნიკი ყველაზე მძაფრად განიცდიდა. ის იძულებული იყო ენდის იმედზე ყოფილიყო. არადა ის უკვე იმდენად "მიეჩვია" მესიის მამის როლს, რომ ყველაფერზე წავიდოდა მარიამის გადასარჩენად, დაუფიქრებლად ააფეთქებდა მთელს იმპერიას და ერთი პატარა კოსმოსური ხომალდით გასცურავდა ღია კოსმოსში. უკან მხოლოდ ცეცხლმოდებული მწვანე პლანეტა დარჩებოდა. მესიაც ვერასოდეს გაიგებდა თავისი მისიის შესახებ და უსასრულო სივრცის უბრალო, თავისუფალ მოგზაურად გადაიქცეოდა.
 
 
 
სიზმრების ტერორიზმი
 
პროფესორი მალკოვიჩი ეკრანზე ხედავდა ახალგაზრდა კაცს უდაბნოში, რომელიც უცბად უზარმაზარი ტაძრის კიდეზე აღმოჩნდა. ხმა ჩაესმოდა: "გადახტი! გადახტი! ანგელოზები აგიტაცებენ ხელში" და იესო პასუხობდა: "არ გამოსცადო უფალი ღმერ..." მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ხტებოდა. სწრაფად ვარდებოდა ქვემოთ. "დავიმსხვრევი! დავიმსხვრევი!" მაგრამ ფრენის შეგრძნება და ვარდნის ექსტაზი ანაცვლებდა შიშს. როცა მიწამდე რამდენიმე მეტრიღა იყო დარჩენილი, პროფესორი ფეხზე წამოხტა. "არა, არააა!" მაგრამ იესო ბუმბულივით დაეშვა მიწაზე. "ჰაჰა, რა მაგარია!"  - შესძახა და გარშემო შეკრებილ, გაკვირვებულ მასაში ჩაიკარგა. პროფესორი ახლა თვალებს ხედავდა. ისინი იესოს გარშემო ირეოდნენ. ზომებში და ფერებში იცვლებოდნენ. 
 
ახლა იესო ზღვის მახლობლად მიდიოდა. ზღვის სანაპიროზე წვებოდა. პროფესორი ეკრანს მიუახლოვდა. იესო მშვიდად სუნთქავდა. მარიამიც, რომელსაც ლაბორატორიის შუაგულში ეძინა. მონიტორზე ჩანდა ცა. ცა იხსნებოდა. იქიდან ენით აუწერელ ფერებს მოჰყვებოდა ფრინველი, რომელიც მისკენ მოფრინავდა, ზუსტად ისე როგორც თვითონ ეშვებოდა წამების წინ ტაძრის ქიმიდან. პროფესორი იკვლევდა ნაყოფისა და დედის სიზმრებს შორის კავშირს. უკვე მკაფიოდ ხედავდა, რა საფრთხე შეიძლება მოყოლოდა თუ იმპერია დაკარგავდა ბავშვს და მონოპოლიას სიზმრებზე. დაიწყებოდა ახალი, პარანოიალური ერა სიზმრების ტერორიზმისა, რომელიც გაანადგურებდა მთელ იმპერიას. შეშლიდა ყველას. პროფესორი დიდხანს აკაკუნებდა კლავიატურაზე. მონაცემებს ასწორებდა, ცვლიდა. 
 
სიზმარში ახლა ჩანდა ცათამჯენები. ჩანდა კომეტები, რომლებიც დედამიწისკენ მოქროდნენ. ისმოდა ჩაქუჩის მონოტონური კაკუნი, რომელიც ცხოვრების რიტმად ქცეულიყო. ქუჩაში გამოფენილიყვნენ კიბორგების არმიები და დარაზმულები მიიწევდნენ წინ. ეს იყო ერთი დიდი, ჭრელი, ჯადოსნური და სასტიკი აღლუმი. პროფესორი მალკოვიჩი დიდი ხანი სწავლობდა სიზმრებს. მას შეეძლო სიზმრების ფირზე გადატანა, მაგრამ კონტროლი? ეს უკვე ახალი საფეხური იყო. იმპერიას, რომელიც მასობრივად აწარმოებდა შიზოფრენიას, იზოლაციას, მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო ასეთ შესაძლებლობაზე. ეს სრულიად ახალი ეტაპი იყო, ყოველი ადამიანის სიზმარი დაემსგავსებოდა ინტერნეტში განთავსებულ ვებ-გვერდებს, რომლის დახურვასა და მასზე ინფორმაციის გავრცელების სრული უფლების მოპოვებასაც ცდილობდა იმპერია. 
 
 
 
ტაძარი 
 
ლაბორატორია იმპერიის ყველაზე დიდი ტაძრის ქვემოთ იყო განთავსებული. ეს იყო უზარმაზარი ნაგებობა, რომელშიც თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელს ჰქონდა კუთხე. უცნაურ სანახაობას წარმოადგენდნენ ერთმანეთში გარდამავალი რიტუალები. მსოფლიოს ყველა კუთხის კერპები, ლოცვებს - მანტრები ანაცვლებდა, მანტრებს  -  მოლას მოხმობა ლოცვისაკენ, მოლას - შამანის უცნაური ბუტბუტი უერთდებოდა. ეს იყო ვირტუალური იერუსალიმი, ერთდროულად მსოფლიო რელიგიების მუზეუმიც და წმინდა ადგილიც, რელიგიების მოზაიკა განკუთვნილი მორწმუნეებისთვის და უბრალოდ ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის.
 
ტაძრის ქვემოთ სამყაროს ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია იყო განთავსებული. სადაც სწავლობდნენ უკვდავების საიდუმლოს და იგონებდნენ ულტრათანამედროვე მასიურიგანადგურების იარაღს. ამიტომაც ტაძარი განთქმული იყო სასწაულებით. ყოველ დღე აქ გადმოდიოდა ცეცხლი. მოსრიალებდნენ გველები. დაფრინავდნენ მფრინავი ხალიჩები და დრაკონები. ცოცხლდებოდნენ ხატები, ლევიტაციურ მდგომარეობაში ალდებოდნენ მაგები და იქცეოდნენ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ყვავილად და კიდევ მრავალი, მრავალი მიღმიერი სამყაროს დამადასტურებელი სცენა თამაშდებოდა ღვთის ამ სასტუმროში, ყველაზე დიდ და მისტიკურ ცირკში, რაც კი სამყაროს საუკუნეების განმავლობაში ენახა... ლაბორატორიაში ჩაღწევა ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
 
 
 
ენდის ჯვარცმა
 
 
 
უზარმაზარ პროცესიას წინ ენდი უორჰოლი მოუძღვოდა. მას უზარმაზარი ჯვარი გაედო მხარზე და ძლივს მიათრევდა. ხალხი გარეთ გამოფენილიყო, როგორც გალერეაში რესტავრირებული ექსპონანტები. პროცესია ტაძრის წინ, შემაღლებულ ფერდობზე, იმპერიის ბიზნეს-კვარტალში გაჩერდა. ანგელოზებმა ჯვარი მიწაზე დადეს. ენდი გააშიშვლეს და ლაზერული ლურსმნებით მისი ჯვარზე გაკვრა დაიწყეს. ენდი ტკივილისგან კვნესოდა, იგრიხებოდა. ყველა ცდილობდა რაც შეიძლება მიახლოვებოდა სანახაობას. სეირის მაყურებელი ბრბო ერთ დიდ, ქონიან, პრეისტორიულ მონსტრს დაემსგავსა. 
 
ჯვარი აღმართეს. ჟურნალისტები გარს შემოეხვივნენ ენდის. წვეულებების კაშკაშა მოჩვენება, სექს-მანქანას უფრო ჰგავდა სტრიპტიზის ბოძზე, ვიდრე მესიას ჯვარზე. მოშიშვლებული მკერდი და გრძელი ფეხები მზეზე ულაპლაპებდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. გველის ტატუირება მის ძუძუებს შორის მიიკლაკნებოდა და ბოქვენისკენ მიემართებოდა. ჟურნალისტები არ ჩერდებოდნენ. უცებ ყველამ შენიშნა, როგორ გაუნთავისუფლდა ენდის ერთი ხელი, რომელშიც ჯვარზე გამოღებული პატარა ფანჯრიდან გაჩნდა ოქროსფრად მოლაპლაპე იარაღი. 
 
  - ქრისტე აღსდგა! - დაიყვირა ენდიმ და პირველი ტყვია პირველი არხის ჟურნალისტს დააჭედა შუბლში. წამიერად ჩამოწოლილმა სიჩუმემ გზა გაუხსნა პანიკურ არეულობას, რომლითაც ისარგებლეს გადაცმულმა ანგელოზებმა, იშიშვლეს ხმლები და იმპერიის შეიარაღებულ აგენტებს დაერივნენ. ენდი ჯვრიდან ჩამოხტა და მათ შეუერთდათ.
 
 
 
მარიამის განთავისუფლება
 
ამ  დროს ნიკი, იდისა და ვალერიასთან ერთად უკვე ლაბორატორიის დერეფნებში მიიწევდა. ენდის წარმოდგენამ, რომელიც ყურადღების გადასატანად გამიართა, გაამართლა. ნიკმა, ანგელოზებთან ერთად მოახერხა ლაბორატორიაში ჩასვლა. აბები, რომლებიც ენდიმ მისცა საოცარ ძალას და სიზუსტეს აძლევდა ნიკს. იარაღიდან გამოფრენილი მანათობელი წერტილი, რეაქტიული ციცინათელასავით ყველაფერს წვავდა გზაზე. ნიკი და ანგელოზები თეთრხალათიანების, მცველებს, აგენტებს და მუტანტებს შორის მიიკვლევდნენ გზას, მაგრამ ისინი არ ილეოდნენ, ნიკსაც ძალა ეცლებოდა.
 
ედის ხელში პატარა მოწყობილება ეჭირა, რომელიც იმ წამსვე აციმციმდა, როგორც კი იმ ოთახს მიუხლოვდნენ, რომელშიც მარი, პროფესორ მალკოვიჩთან ერთად იმყოფებოდა. ვალერიამ კარზე ასაფეთქებელი დაამონტაჟა. გაისმა აფეთქება. კვამლი გაიფანტა და გამოჩნდა პროფესორი მალკოვიჩი და მარი, რომელმაც შეშინებულმა ამოჰყო თავი გაურკვეველი დანიშნულების აპარატიდან. 
 
- რამდენი ხანი გელოდებით - უთხრათ მათ მალკოვიჩმა "- ჩქარა, ჩქარა!!" 
 
ნიკმა იარაღი დაუშვა. მალკოვიჩს ეჭვიანად შეხედა, მაგრამ მას ისეთი სახე ჰქონდა, როცა ნიკს იმ აპარატისკენ მიუთითა, რომელშიც მარი იყო ჩამალული, რომ ნიკს ყველა ეჭვი გაეფანტა. სხვა გზაც არ იყო!
 
- ეს ტელეკინეტიკური აპარატია, მაგრამ მხოლოდ ორისთვის არის ადგილი, იჩქარეთ!
 
ადგილი მართლაც ორისთვის იყო და თუნდაც ფიზიკურად მეტი, მილიონი ადამიანისთვის ყოფილიყოს ეს აპარატი განსაზღვრული. ნიკი და მარი მხოლოდ თავის განსაკუთრებულ ადგილს იგრძნობდნენ. ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. ერთმანეთის სიზმარგამტარ ორგანოებს ეფერებოდნენ და შეუმჩნევლად გადაადგილდებოდნენ სივრცეში. 
 
სანამ ქუჩაში არ გაჩნდნენ. ყველაფერს მკვეთრად, გამძაფრებულად აღიქვამდნენ, ხმებს, ფერებს. ეგონათ, რომ მათ გვერდით ჩქარი ნაბიჯით მიმავალი ადამიანების ფიქრის ხმაც კი ესმოდათ. ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს და გარბოდნენ, შორდებოდნენ მთელ ამ გნიასს, გაურბოდნენ იმპერიას. მირბოდნენ ქუჩაში, პარკში, ისევ ქუჩაში, მანქანების ნაკადში მიიკვლევდნენ გზას. ყველას უკვირდა და კითხულობდნენ: "სად გარბიან ისინი? რას გაურბიან?". მაშინაც როცა ნიკმა რობო-კოპი გადმოაგდო მოტოციკლეტიდან და ღვთისმშობელთან ერთად ადგილიდან მოწყდა. ხალხი მხოლოდ კითხულობდა: "რატომ გარბიან ისინი? სამყარო ხომ მუზეუმია - რომელიც აუჩქარებლად უნდა დაათვალიერო, შეაფასო ნივთები, იფიქრო რისი მოპარვა, რისი წაღება შეიძლება და ამ დროს მათთან ხელის შეხების უფლება კი არ გქონდეს".
 
რამდენიმე წუთის შემდეგ ნიკი და მარი უკვე წყალზე მოტივტივე ნავთან იდგნენ და სივრცეს გაჰყურებდნენ. 
 
- ჩვენ ეს გამოგვივიდა! - თქვა ნიკმა, მარი ხელში აიყვანა და ორივე წყალქვეშა ნავში გაუჩინარდა.
 
 
 
დაბადება
 
მარი საწოლზე იწვა. ჩამავალი მზის სხივები მუქ ლურჯ ტბაზე ოქროსფერ ნაკაწრებსა და ლაქებს, ხოლო ღრუბლებში მათ წილ ოქროს უსასრულობას ტოვებდა. გარშემო თოვლით დაფარული მთები, ტყეები, ქმნიდნენ სამყაროს, რომლის აღწერაც მხოლოდ გასხივოსნების შემდეგ იყო შესაძლებელი.
 
ნიკმა ჩვილი აიყვანა ხელში და ფანჯარასთან მივიდა. ტბა, ტყეები, მწვერვალები ისეთივე ჰარმონიაში იყვნენ ერთმანეთთან, როგორც ბავშვის ნაკვთები. 
 
გარეთ ვერანდაზე  სარწეველა სკამზე ისხდნენ, პროფესორი მალკოვიჩი, ანგელოზები. ჯონი ეზოში დაბორიალობდა. გაიხსნა ცა და ყველამ იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდმომავალი, პირდაპირ იმ ოთახისკენ მიფრინავდა, სადაც იშვა მესია. ფანჯარა დახურული იყო, მტრედი ფარფატებდა, ეხეთქებოდა მინას. მის ქვეშ კატა ნახტომისთვის ემზადებოდა. 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული