• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ჩოხიანი დადა

×
ავტორის გვერდი თინათინ მჭედლიძე 00 , 0000 4143
ერთ-ერთ უცხოურ გამოფენაზე მისულ ხალხს ვიღაც კუთხიდან აგინებდა. ოთახი ნათდებოდა ასანთით, რომელიც მალე ქრებოდა, მერე ისევ ინთებოდა. ხელოვანები დაჭერობანას თამაშობდნენ, – ეს დადა იყო.
თავდაპირველად იყო ქაოსი. მერე გაჩნდა სამყარო. დადა იბადებოდა პერიოდულად. ცხოვრობდა „სივრცეში და არა დროში’’.
მე-20 საუკუნე სკანდალურად დაიწყო.
მსოფლიო ომი ტელეგრაფით გამოცხადდა. იწყებოდა დიდი დეპრესია. ჰალსტუხიანი პოეტები ომის აპოლოგეტები იყვნენ. პოლიტიკოსების ამბიციების დასაკმაყოფილებლად უამრავი მოხალისე ჩაეწერა ბრძოლის რიგებში. ვისაც სიცოცხლე მატერიალურ საზღვრებზე მეტად უყვარდა და აგრესია პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად არ მიაჩნდა ნეიტრალურ შვეიცარიას შეაფარა თავი. ინტელიგენტები ხანდახან „კაბარე ვოლტერში’’ იკრიბებოდნენ. იქ წერდა ბოლშევიკურ გეგმებს ლენინი. ქრისტე ამბობდა: „შეხედეთ ლილიებს მინდორში’’, ბერლინში ჰაუსმანი ამბობდა: „შეხედეთ ძაღლებს ქუჩაში’’.
XX საუკუნე მამა–შვილების კონფლიქტით დაიწყო. კლასიციზმს, რომელიც აღარ პასუხობა თანადროულობას, მოდერნიზმი ენაცვლებოდა. სქელყრდიანი წიგნები გვერდზე გადადეს. მუდმივი ძალადობით დაღლილებმა მოიფიქრეს „დიდებული არაფერი”.
„დიდებული არაფერი’’ დაიწყო ტ. ტცარამ. ლექსიკონში ლატარიის პრინციპით ჩარჭობილმა დანამ ფრანგულ სიტყვა ‘’დადაზე’’ მიუთითა, რაც ხის სათამაშო ცხენს, გადატანითი მნიშვნელობით კი ბავშვის ტიტინს ნიშნავს. იგი ინტერნაციონალური სიტყვაცაა. ირონიულად მიაწერეს დადას –იზმი, რითაც იმდროისთვის არსებულ მრავალ –იზმ ჩარჩოში მოქცეულ ხელოვნებას დასცინეს.
დადაისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება: იმისთვის, რომ მსოფლიო ძალადობისგან გაეთავისუფლებინათ, საჭირო იყო დასულიყვნენ ბავშვის ფსიქიკამდე. თუ ადამიანის გონება არ ივარჯიშებდა და მას მხოლოდ აბსურდული წინადადებები მიეწოდებოდა, დროთა განმავლობაში ის გაბათილდებოდა და მთელ დედამიწაზე ყველანი დიდი ბავშვები იქნებოდნენ.
მათ ანარქია სურდათ. გამოვიდნენ სასკოლო სისტემის, რელიგიის, ხელისუფლების წინააღმდეგ. ბევრისთვის ანაქრია ასოცირდება ძალადობასა და ბოროტებასთან. ზოგისთვის „სიკეთისა და ბოროტების, ესთეტიკური ხელოვნების აქტიური პროპაგანდაა’’(რუსტი). შტინერისთვის იგი თავისუფლების გაგებას ემყარებოდა, მისთვის ის ეგოცენტრიზირებულია. დადაისტებმა შეტევა ხელოვნებით დაიწყეს. საჭირო იყო კულტურის გაუბრალურება. უკვე ყველას შეეძლო პროტესტის გამოხატვა, რადგან ამისთვის არ იყო აუცილებელი გცოდნოდა ხატვა, გარითმული ფრაზების გამოგონება… გამოხატვა ყველა დებილს შეუძლია, მთავარია, გამოხატვა გინდა (ა. უნდო). აბსურდი დადაისტებისთვის ნამდვილი იყო. მათთვის ცხოვრება იყო აბსურდი. ხელოვანს კი ცხოვრება უნდა აესახა. ”იგი მოგვაგონებს იმ წიგნიერი ადამიანის მეტყველებას, რომელსაც განსჯის უნდარმა უღალატა, ოცნებას რომ კარგა ხანია თავი მიანება, მაგრამ ფხიზელი მოაზროვნეც ვერ გახდა”, – წერს ს. სიგუა.
როცა ვქმნიდი კაბარე ’’ვოლტერს”, ვფიქრობდი, რომ შვეიცარიაში
გამოჩნდებოდა ახალგაზრდობა, რომლებსაც სჭირდებათ არა მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა, არამედ, მისი მოპოვებაც, – წერდა ჰუგო ბალი. 5 თებერვლისთვის უკვე ჰქონდათ კაბარე. ეს თარიღი დადაიზმის დაბადების
დღედ ითვლება.
დადაისტები აწყობდნენ პაციფისტურ და სკანდალურ საღამოებს. ჰერცფილდი მოგონებებში წერს: 18 წლის ვიყავი ომი რომ იწყებოდა. ომში სანიტრად ჩავეწერე, იმიტომ, რომ არ მინდოდა გავმხდარიყავი მკვლელი. ასე გავხდი მასონური მკვლელობის მოწმე ფლანდიაში 1914-1915 წლებში. შევდიოდი ცეცხლში და გამომყავდა ხალხი. ვხედავდი სისხლში დასვრილები როგორ კვდებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება. დადაისტთა დიდ ნაწილს ომი თუ ძალადობა საკუთარ თავზე ჰქონდა განცდილი.
ხალხი ახალ სამყაროს ეძებდა აბსურდში. კურტ შვიტერსი ლექსებს წარმოსახულ ქალს, ანნა ბლუმს, უძღვნიდა. ამ დროს იქმნებოდა ნახატების ნაკრები ომის კარიკატურით: ”ჩვენთან ღმერთია”. მშვიდობისაკენ მიმართული აქციები ხშირად მონაწილეთა დარბევით და ცემით სრულდებოდა. ადგილზე ხშირად იყო პოლიცია. ერთი პოლიტიკური გამოსვლის დარბევის შემდეგ, ერთმა დადაისტმა თქვა: ”ეს ჩხუბი ჩვენთვის შესანიშნავი მასაჟი იყო და სირცხვილი თქვენთვის!”
მარსელ დუშანს ერჩივნა, რამე გამოეგონა, ვიდრე საკუთარი შინაგანი სამყარო გამოემზეურებინა. მისი ხელნეკეთი ნივთები დღემდე დადაიზმის სიმბოლოდ ითვლება. დადაიზმი გაცილებით რადიკალურია, ვიდრე ფუტურიზმი. იგი წარმოადგენს პროტესტს საკუთარი თავის წანააღმდეგაც კი. მაგალითად, დუშანმა დახატა სურათები, რომლის საღებავი თანდათან იღვრებოდა პირდაპირ სცენაზე. ამით მას იმის თქმა უნდოდა, რომ მის ნახატებს ფასი მხოლოდ ორი საათი ჰქონდათ. თუ რუსი ინტელექტუალები რუსეთიდან თბილისში გამოიქცნენ და ჩამოაყალიბეს ფუტურო-დადაისტური ჯგუფი ”410”, გერმანელი დადაისტები წერდნენ: ”ქრისტე იშვა და ეს ქრისტე კომუნისტია”.
შეშლილი ეპოქის სურათი ”ინტელექტუალი დებილების” წარმოსახვას ასახავდა. ავითარებდა მისტიურ-ფილოსოფიურ ხედვას. ესთეტიზმს ანტიესთეტიზმი დაუპირისპირდა, ხელოვნებას – ანტიხელოვნება. კულტურულ კონფლიქტებს ვერც საქართველო გაექცა. დადაიზმი აშკარა იყო საქართველოში.
საქართველოში სულ რამდენიმე წელიწადში მოაზროვნე საზოგადოება თავს დადად თვლიდა. აწყობდნენ ბუნტს. სკანდალით მსოფლიოს აოცებდნენ თბილისში მოღვაწე რუსულენოვანი დადაისტები.
საქართველოში დადაიზმი არ იყო ევროპულ-ამერიკული ”დადას” ლოკალური ვარიანტი. ქართველებმა დაგმეს მარინეტისეული ფუტურიზმის ”მაშინების რომანტიკა” და ახლებური ხედვა მისცეს მას. შეეცადნენ ზაუმის გამოვლინება ფოლკლორში ეპოვნათ. ანარქისტმა დადამ საქართველოში იდეალების გადაფასება დაიწყო და არ თქვა უარი ქართულ კულტურაზე. დადაიზმმა საქართველოში ავანგარდის წოდება მიიღო. სხეულის ნაწილივით შეუერთდა ფუტურიზმს და კონსტრუქტივისტური თანმიმდევრობასაც არ გაქცევია.
ამ პერიოდის თბილისურმა ისტორიამ ”41 გრადუსის” წყალობით გააღწია საზღვრებს გარეთ და ”H2So4”-ის ექსტრავაგანტული ლიტერატურული ორდენი გაიგო ევროპამ.
ქართველ დადა ლექსებში ნაკლები იყო პოლიტიზირება. ბოლშევიზმის აპოლოგეტი თაობა იყო. ნაკლები იყო სკანდალიც. ლენინი მათ დაბეჭდვას არიდებდა თავს. ქართველი დადაისტები ქართულ ფესვებს ვერ გაქცეოდნენ. შეიძლება ეს პატარა ქვეყნის ხასიათშია, ნაციონალური სამოსი არ გაახდევინოს პოეტს. ასევე იყო ტრ. ტცარა, რომელიც ყოველთვის იყენებდა თავისი ქვეყნის ფოლკლორულ ელემენტებს დადაისტურ ლექსებში, როგორც პრიმიტიულს და თანამედროვეს.
ილიაზდი, ’’ვსიოჩესტვოს” ავტორი და მთელი ’’41 გრადუსი” ნერგავდა ზაუმის
ენას. მაგრამ მან მაინც ფეხით შემოიარა საქართველო ქართული ფოლკლორის შესასწავლად, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად 1917 წლის ექსპედიციაში იყო. ძველი ხუროთმოძღვრების სწავლას პარიზშიც განაგრძობდა და ხელი შეუწყო ძველი ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში. იგი ფიროსმანის აღმომჩენი და ბიოგრაფიც იყო. თითქოს ფუტურო-დადაისტისთვის წარსული ფესვებით აღფრთოვანება ეწინააღმდეგება მის პრინციპებს, მაგრამ სინამდვილეში ეს სულაც არაა ურთეირთგამომრიცხავი. ილიაზდი აქტიური პიროვნება იყო. ერთვებოდა აქციებში. უცხოელ დადაისტებსაც აკვირვებდა ზოგჯერ თავისი რადიკალური გამოსვლებით.
მისნაირი რადიკალიზმი არ გამოვლენილა ქართველ დადაისტებში. თუმცა ისინი ”41 გრადუსის” შთამომავლები იყვნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში კი გრძელდება იმის შესახებს საუბარი, რომ ფუტურიზმი ” სამხედრო ტაქტიკასავით”, ”სხეულის ნაწილივით” ატარებდა დადას.
პოეტური შედარებებით მიღწეული მანიფესტები ულოგიკო სტილით, ქართველებმა აიტაცეს. ოციოდე წლის ბიჭები თავს იდებილებდნენ. ზოგჯერ დადაისტები ვერ თამაშობდნენ ინტელექტუალ დებილებს და მხოლოდ პათოლოგებს ემსგავსებოდნენ.
საქართველოში დადაიზმი და ფუტურიზმი ”41O”-მა და ”ცისფერყანწელებმა” შემოიტანეს. მათი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ დადაიზმი და ფუტურიზმი ერთმანეთში აითქვიფა. ის არ გავდა ევროპულ ვარიანტს.
”41გრადუსის” წევრები წერდნენ რუსულად. 41 გრადუსში ერთ-ერთი მოთავეთაგანი ჩაჩიკაშვილი ქართულ ენაზეც წერდა, ოღონდ დადაიზმისკენ არ გადახრილა. ’’რუსული ფუტურიზმისგან ’’41 გრადუსი”-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ იგი უკვე გარკვევით იხრება დადაიზმისკენ. იმასაც აღნიშნავენ ხოლმე ლიტერატურულ კრიტიკაში, რომ საქართველოში ჯერ დადაიზმი შემოვიდა, მერე ფუტურიზმი.
მ. ქურდიანი თვლის, რომ ხელოვნება ორგვარია: ერთს იხსენიებენ ”აპოლონიურ” ”ილუზიურ”, ”რომანტიკულ”, ”კანონიკურ”, ”იგივეობრივ” ხელოვნებად. რომლებსაც თვითონ იხსენიებს ტერმინით ”მოვლენებრივი ხელოვნება”. ”ქაოსის”, ”დიონისურ”, ”ანტიილუზიურ”, ”ეპიკურ”, ”ანტიხელოვნებას” აღნიშნავს ტერმინით ”არსებრივი ხელოვნება”. ”მოვლენებრივ ხელოვნებაში” ჩანს ”მოვლენა”, რაც იწვევს არსის დეფორმაციას”, ”არსებრივ ხელოვნებაში” წარმოჩენილი ”არსი” იწვევს ”მოვლენის” დეფორმაციას. ასე აღიქვავს მ. ქურდიანი მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. იგი პარალელი უვლებს ავანგარდს უძველეს ხელოვნებასთან. იგი დამსახურებად უთვლის თბილისში მოღვაწე რუსულ ენოვან ჯგუფს – ”41 გრადუსს”.
1922 წელს ’’გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში” იბეჭდება სტატია დადაისტებზე. 1923 წელს გაზეთ ’’რუბიკონში” გვხვდება სტატია სათაურით ’’საფრანგეთის ახალი პოეზია”. ამ პერიოდისთვის დადაიზმი უკვე აქტიურიად იჩენდა თავს ქართულ მწერლობაში.
ვ. ვულფი წერდა: ”დაახლოებით 1900 წლის დეკემბერში ადამიანის ბუნება შეიცვალა”. 12
მძიმედ დაიწყო საუკუნე ქართველებისთვისაც. შავებში ანარქისტები იყვნენ, წითლებში – სოციალ–რევოლუციონერები, ლურჯებში – სოციალ-დემოკრატები, სხვა
ფერებში – ფედერალისტები. ლოგინის ქვეშ დამალული იარაღის მიუხედავად ტიციან ტაბიძემ იცოდა, რომ ირონია და ცინიზმი ისედაც გასაცოდავებულ საქართველოს კიდევ უფრო დაანგრევდა. მხატვრული ირონია ფორმალისტურ ხელოვნებაში დაამკვიდრეს ფრანგმა პოეტებმა. ფუტურისტებმა და დადაისტებმა მიიყვანეს ნიჰილიზმსა და ანარქიამდე. ტ. ტაბიძის თვალწინ სიმბოლიზმის ფერადი ილუზია იმსხვრეოდა. უტოპია აღარ კურნავდა ბოჰემურ საღამოებზე დეპრესიისგან. ‘’ოსკარ უაილდის პროფილი’’ აღარ ქონდა და ‘’მსუქან გომბეშოს’’ გავდა. თვლიან, რომ ის მხოლოდ სულიერმა კრიზისმა მიიყვანა დადამდე, ინდივიდუალობა იქნებ ცინიზმსა და ანომალიაში ეპოვნა. თუმცა „დადაისტური მადრიგალები’’ თავის კრებულებში ყოველთვის იკავებს ადგილს, რასაც, როგორც წესი, დადაისტები შემდგომში გაურბოდნენ.
ტიციანი ქართულენოვანი დადაიზმის შემომტანად ითვლება. პირველი ქართული მანიფესტი დღემდე არ არის შემორჩენილი, მაგრამ ტიცინის 1923 წლის მანიფესტი მის არქივშია დაცული. აქ ირონია ბილწსიტყვაობამდე მიდის. ირონია ეხება მის ’’აზიურ სულსაც” და გარემოს.
” ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს”, – წერდა.
პ. იაშვილი, რომელიც თვითონ არ არის წარსულის მეხოტბე პოეტი, დადაიზმს იხსენიებს როგორც გარყვნილობის იდეოლოგიას, სადაც დედის გინების გარდა არაფერი არ არის. მხედველობაში ტიციანის ეს მანიფესტიც ექნებოდა.
ტ. ტაბიძის დადაისტური მადრიგალები ევროპულ კალკას არ გავს, თუმცა პლურალიზმის ეპოქაში თავისი ცხოვრება თანამედროვეობისკენ გადახარა. გ.ლეონიძე თანამედროვეობის აქტუალურ თემებზე წერის უარმყოფელ და წარსულის გადამამღერებელ პოეტებს „ლირიკულ ქარიყლაპიებს’’, ხოლო ტ. ტაბიძე ამის გამო თავის თავს ‘’ოქროპირის ოქროპირს’’ უწოდებდა.
პატარა იყო ტიციანი და უცნაური პეიზაჟით ტკბებოდა: რიონისპირა ველებზე ჩადიოდა მზე და ‘’ცას სანახევროდ კოღოები ფარავდნენ’’, რომლის ფარგლებშიც მალარია გადააგვარებდა სოფლებს. ‘’ორპირი ბაყაყების ყოველდღიური ორკესტრი, იგივე გადაგვარების სიმღერა იყო’’ ‘’შინაგან დიალოგში’’ გახსნილი.14
გაიზარდა და ლექსში ‘’ოქროპირის ოქროპირი’’ წარსულ ცხოვრებას, რომელშიც სიმბოლიზმით გატაცება იგულისხმება, ძველმოდურად და გამოუსადეგრად თვლიდა. დასცინის ვითომ პატრიოტ და ყველა ჭორფლიანი ქალის მეხოტბე პოეტებს.
პოეზიაში ნიღბის წინააღმდეგია. მოუწოდებს, ეწერათ იმაზე, სინამდვილეში რასაც ფიქრობენ:
„ იყავით გამბედავი, სთქვით პირდაპირ,
თქვენზე უფრო სასტიკია თქვენი ლექსები.’’
ქართველისთვის ისტორიით გატაცება და ქრესტომათიაში მოხვედრის სურვილი ნორმალურია, რაც ფორმალისტებს „ჩოხიან დადაისტებად’’ აქცევს.
„ჩვენ ძველი დაგვრჩა მაინც სინდისი’’,_ წერს ერთ–ერთ ლექსში, რომელიც უკვე შემდეგ პერიოდში კონსტ. ბალმონტთან შეხვედრისას დაუწერია, როცა გართულა ყვითელ კოფთებიანი ფუტურისტების ლაზღანდარობით. ლექსში საუბარია არა მხოლოდ ფუტურისტებზე, არამედ მთელ იმ ანომალიაზე, რაც დროდადრო იჩენს თავს.
ცნობილია, რომ ისინი იმ დროისთვის არატრადიციული, დისიდენტური ტანსაცმლითაც გამოირჩეოდნენ: ხლებნიკოვს და კამენსკს შუბლზე დახატული ქონდათ ‘’ჰაეროპლანი’’, ბურლიუკს პერანგზე გამოსახული ქონდა ადამიანის სახე, მაიაკოვსკს კეფაზე ეხურა ცილინდრი, ისინი ყვითელ პერანგებს ატარებდნენ და ჰალსტუხის ნაცვლად გიჟური ნივთები ეკეთათ.
მისი ‘’ორპირის ოქროპირი’’ და „უჟმური კვირა’’ ტრაგიკული ინტონაციით შემდგარი „შინაგანი დიალოგია’’ წარსულის უტოპიის გამო.
„უჟმური კვირა“ წასულის მეხოტბეთა გახსენებაა და ბოჰემურ ტკბობასთან დაპირისპირება ირონიით. არ არის თვითგვემა, რაც პოეტის სულიერი კრიზისის დაძლევის შედეგია.
”შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ნამდვილი ღმერთი ვარ.
და თუ ამას დაემატება,
რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა -
ჩემზე ეროვნული პოეტი
არ ყოფილა საქართველოში.’’
ტიციანი იხსენებს ირონიის დამამკვიდრებელ ჟიულ ლაფორგმას და ქართულ სინამდვილეში ამინდის შემქმნელებს. დრო კი წინ მიდის და „იწყება ლექსის ელექტროფიკაცია.“
ტ. ტაბიძის დადაისტურ ციკლს მიეკუთვნება ლექსი „მელიტას’’, რომელიც თავის მუზას მიუძვნა. ცნობილია, რომ მისი მუზა მელიტა ჩოლოყაშვილი იყო, რომელიც უკვე საზღვარგარეთ იყო წასული. ლექსში პიროვნულ გაორებაზეა საუბარი და უცნაურ ორეულზე, რომელიც ‘’ხავერდის ტიციანისგან’’ განსხვავდება.
”ყველაზე უფრო არცხვენს
ჩემს სახელს – ტიციანს -
ძველი ხავერდის ტიციანთან შედარებით
დახეული კანაპები.
სულაც არ ელოდი
ალბათ, ტიციან, ასეთ ორეულს?…
მერი შერვაშიძე (გიგო დიასამიძის
ჟურნალიდან ამოხეული,
ურია მხატვარმა სამ წელს რომ ჰხატა)
კითხულობს ამ ლექსს და ეღიმება;’’
პოეტს არ მოსწონს თავისი თანამედროვე თბილისი, „მაგრამ მიწისძვრა მაინც იგვიანებს!“ ”ასე ატირებდა პოეტს მალარია,
ასე გაუგებრად წერდა ტიციან ტაბიძე’’(‘’ სეზონის ფალავანი’’).
ტ. ტაბიძე მერყეობას ავლენს დადაიზმსა და სიმბოლიზმს შორის. მან განიხილა თავისი რუსი თანამედროვე კოლეგები. იმ დროისთვის არც სიმბოლისტებს და არც ფუტურისტებს მეთაური აღარ ჰყავდათ. დღეს პოეზია თვითონ ებრძვის თავის თავს სასიკვდილოთო, _ წერდა იგი. მაგრამ ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვაჟას მიმდევარი პოეტები. ყოვლი ცდა „მუჟიკური პოეზიის“ აღდგენისა თავიდანვე მარცხდება. იგი ყოველთვის ცდილობდა შეედარებინა ერთმანეთს სიმბოლისტურ და დადაისტურ სკოლა და არ დაეპირისპირებინა. მან უცხოელი დადაისტების ნამუშევრებიც გვითარგმნა.
შემოგვინახა ცნობები კაფე ‘’იმედში’’ ჩატარებულ ფუტურო–დადაისტურ საღამოზე, რომელიც ი.ზდანევიჩმა, ა. კრუჩიონიხმა, ტერენტიევმა მოაწყვეს. მათემატიკის დოქტორს, რომელიც გამოსულა სიტყვით, ‘’ტფილისის აკადემიურ წურბელას’’ უწოდებს. შემდეგ საუბარი ყოფილა ნიცშეს ინსტინქტების ანარქიაზე, გეოლოგიურ კატასტროფებზე. ამ საღამოს ის ”წმინდა ანტონის ცდუნებას” უწოდებს, რომელიც იყო დაგუბებული იარის გახსნა, ბალღამის დაწვეთება. მთელი შემდეგი მტკიცება, რომ დადაიზმი და ფუტურიზმი არის ეშმაკის საქმე, რომ ა. კრუჩიონინი ჭინკაა, მისთვის იყო მხოლოდ სქოლასტიკა. იმ დღის ეიფორიაში იყო ტიციანი. ცნობილია, რომ ეს არ იყო ერთადერთი დადა წარმოდგენა საქართველოში.
მსოფლიო მაშტაბით პირველი დადაისტური წარმოდგენა 1916 წლის 5 თებერვალს შედგა. ევროპელი ემიგრანტები იკრიბებოდნენ ციურიხში „კაბარე ვოლტერში’’. ლექსებს კითხულობდნენ იმპროვიზირებულად, მსახიობურად. ლიტერატურა და წარმოდგენები გაერთიანდა, უცნაური მუსიკის ფონზე, რაც ნიშნავდა, რომ ეკითხათ ხმამაღლა და დაძაბული ტონით, როგორც ბალი იტყოდა: ადამიანის ფასეული ხმით.
ტიციანი ფიქრობდა, რომ ფრანგული ირონია რუსების ფორმის უქონლობამ გადაიყვანა ცინიზმში, რაც ხშირად საბოლოოდ მათ ბანალობაში ახრჩობდა. მისთვის, სკოლა. ფიქრობდა, რომ მილიტარისტული, ყალბი რიტორიკის ლექსები მაშინაზე, უკვე ვერჰარნს გადაემღერა. პოეზია უფრო ტრაგიკული იყო, ვიდრე ”მარინეტის მაშინა”. მაგალითად მოჰყავდა ინგლისელების ტანკები, რომლებმაც დალეწეს გერმანიის მილიტარიზმი, მაგრამ პოეზიას არაფერი მომატებია.
ს. ჩიქოვანი თვლიდა, რომ თუ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ძირითადი იყო მუსიკა, ტიციანისთვის – ფერები, რომელსაც ბუნებრივი ხორკლი დაყვებოდა. მუსიკა მკითხველს პოეზიის აღქმაში უშლიდა ხელს. სხვა დადაისტები მიანცდამაინც არ წყალობდნენ ტიციანს. იგივე ს. ჩიქოვანი და მისი თანამოაზრეები, ყოველთვის დასცინოდნენ ტიციანის ”ცისფერყანწელურ” დადაიზმს. გრიგოლ ცეცხლაძე, რომელიც მეგობრობდა ”ცისფერყანწელებთან”, როგორც პოეტის, მაგალითად, ტიციანის შემოქმედებაზე კარგი აზრის არ იყო, თუმცა მის შემოქმედებას ობიექტურად აფასებდა.
ლექსის „ნუ გაიკვირვებ’’ გამოგონება მიმდინარეობს სისხლით დაწერილი ლექსების წაშლის პარალელურად. გამოიყენა სიმბოლისტური ხერხი და ბუნება შეუსადაგა თავის განწყობას (ააწვიმა). იფიქრა, რომ სუსტი გამოუდგა ‘’პიტალო’’ გული და ბრძოლას გაექცა. ბრძოლისთვის გაკეთებული საქმე კი ომის მოგებას არ უდრიდა.
”ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან,
რომ ჩუმად არის ახლა ტიციან, -
პოეტი დღეს სხვა ოცნების ტყვეა,
ამის შესახებ მათ არ იციან.
რა საჭიროა აქ პირფერობა,
მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს „დადა“,
მტანჯავი იყო ეს გაორება,
მონანიება კი არის სადა.’’
ლექსის ქვეტექსტს მთლიანად ცვლის სიტყვა ‘’მტანჯავი’’,მაგრამ ლიტერატურის მუზეუმში დაცული ტიციანის არქივის მიხედვით, ლექსის პირვანდელი ვარინტი ასეთი იყო: „ამაყი იყო ეს გაორება მონანიება კი არის სადა“.
ტიციანი ძველი გატაცების ერთგული დარჩა, „როგორც კოსმიურ გონებაზე გამარჯვება’’(რ.გიულზენბეკი), მაგრამ ისტორიას ნუმერაციისკენ მივყავართ და დადაისტური ჰალუცინაციები ნებით თუ ნაძალადევად საბჭოთა პატრიოტიზმში იცვლება:
„საბჭოთა მიწავ! გიკოცნი ფესვებს,
ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.’’
ჩვენამდე მოღწეული დადა მანიფესტიდან აღსანიშნავია გრიგოლ ცეცხლაძის ლექსი დაწერილი ვერლიბრით:
’’პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა.
დაიბადა
დადა”.
პოეტური შედარებებით მიღწეული მანიფესტი ქართველებმა აიტაცეს. ოციოდე წლის ბიჭები თავს იდებილებდნენ. როგორც ა. უნდო თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერდა: არ ვართ იმდენად სულელები, რომ თავი გვეგონოს ჭკვიანებიო. საქართველოში დადა ახალი იყო.
” დადა ყოველდღე იცქირება სარკეში, მაგრამ ჯერ
კიდევ არ იცის თავისი სახე, რადგან ვერ ახერხებს დაიჭიროს ბუნებრივი პოზა.’’
ავტორი დადას აღმატებულობაზეც საუბრობს. მას, და ზოგადად უცხოელ დადაისტებს, სჩვეოდათ მისი ზებუნებრივთან დაკავშირება. ისინი ცდილობდნენ დიქტატურას.
დადამ გონება დაიჩლუნგა. ინსტინქტებს აყოლილი ხმამაღლა ბოდავს. კვლავ წამოიწია ფუტურისტებისგან მივიწყებული პირადი ”მე”. გიულზენბეკი წერდა: ისეთი ლექსის შექმნა მინდოდა, რომელიც ღირებულ პრინციპებზე იქნებოდა დაყრდნობილი. პრინციპები, რომლებიც მდგომარეობს, რომ თითეული მსმენელს შესაძლებლობა აქვს, ქონდეს საკუთარი ასოსიაცია, თავის მეხსიერებაში შეინახოს პირადობის ხასიათური ელემენტები”.ტიციან ტაბიძე კი აღნიშნავდა, რომ გრ. ცეცხლაძის პოეზიაში საგრძნობი იყო ფუტურიზმის ელემენტები. გრ. ცეცხლაძე წერდა:
” დადა სუბიექტური ცხოველია, რომელიც
ვერ ეტევა ობიექტურ საზღვრებში”
დადაისტი ჯიუტია და მეამბოხე. საკუთარ ნაწარმოებებს თვლიან არა სამშობლოს ფარგლებში საღიარებლად, არამედ მსოფლიოს მასშტაბზე თვლიან. მათთვის ნიჭს არ აქვს მნიშვნელობა. მთავრია ჩნდებოდეს პროტესტი რაიმეს მიმართ.29 ა.უნდო წერდა: ფიქრობენ, რომ გამოხატვის უფლება მაშინ გაქვს, როცა ნიჭი გაქვს, მაგრამ თუ ნიჭი გაქვს, მაშინ ხომ ყველა იდიოტი გამოხატავს თავსო.
გრ. ცეცხლაძემ გამოუშვა ლექსების კრებული ”პოეტის ყეფა”, რომლითაც, როგორც თავად დაწერა: დადაისტობა სიმპათიურად დაადასტურა. უწინ ანტიური ხელოვნება ყვარებია, რაშიც ტრადიციული და ნაცადი პოეზია იგულისხმება. ირგვლივ გამეფებულმა ავანტიურამ შესაძლოა თვითონაც ავანტიურისტი გახადა, მაგრამ ხელი პოეზიაზე არ ააღებინა. ანტიხელოვნების ავტორს საკუთარი თავი მაინც მიაჩნია პოეტი.
”მე ვამტკიცებ: კალოშები საჭირო არაა სრულებით,
საჭიროა დილ-დილობით გოგლი-მოგლი
და მოკლე-მოკლე
ლექსების წერა მდაბიური ენით და სიმპათიურად”, _ წერს გრ. ცეცხლაძე თავის ”სიმპათიურ ლექსში”. თვლის, რომ ისიც ჩვეულებრივად ცხოვრობს. დიასახლისებს სიძვირეზე ელაპარაკება და სახლში ჭრელი ხალათით დადის.
წიგნი სამი ნაწილისგან შედგება. ’’კვიმატი დღეები” და ’’გაჭენებული მონუმენტი” წიგნის ავანგარდული ნაწილია. წიგნის ყრდაზე გამოსახულია თავად პოეტი დახატული კუბური სტილით.
დადაისტური ელემენტებითაა შემდგარი ლექსი: ”კვირა დღე თბილისში’’. მისთვის ატმოსფერას ატმის ფერი აქვს. მილიციელის ულვაშებზე კითხულობს ინიციალებს, რომელიც შუა ქალაქში აღმართულა ”პენპენდიკულარულად”. პეპელა პროპელლერს დასდევს. სოფლის მოსახლეობა უყრებს პროპელლერს, რომელიც დაფრინავს. M-lea პელო ჰგავდა გამოფენას.იყენებს ასონანსურ რითმებს.
დადაისტურია ლექსი ”ნაძალადევი ლექსი”. აქაც ულოგიკო ფრაზები ქმნიან მთლიანი ლექსის სტრუქტურას, რომელიც ”შეგიძლიათ სჭამოთ, როგორც ღერღილი.” ამბობს, რომ გაუხუნა აღერღილი სახე და ააღელვა ოკეანეს გემებმა.
”პროპელლერი მოდის, როგორც ორატორი
და ეინშტეინი გემებით.”
ნაძალადევად დაწერილს უღელტეხილი დაარქვა. ”მასსებისეული აღტაცების გრძნობით” იწერება ლექსი.
პოეტი სიგიჟემ დაადინჯა. დასევნიანდა, – იწერება იწერება ლექსში ”პოეტის ყეფა”. იგი ზემოდან დაყურებს რომანტიკულ პოეტებს. არის ამაყი, რომ არ წერს ბანალურ ლექსებს. თუნდაც საკუთარ ლექსს აგინებს, საიდანაც არ იგრძნობა პოეტი ყეფა.
ივ. გომართელი, იმ წერილში, სადაც გრ. ცეცხლაძის ლექსს ”ატმისფერ ატმოსფერას” განიხილავს, როგორც ფორმალისტურ ვარჯიშს, მის ასონანსურ რითმებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, გრ. ცეცხლაძე იყო ის ადამიანი, რომელიც სულ ძიებაშია, არ უშინდებოდა ახალი გზის აღმოჩენას, საზღვრების გადალახვას, რადგან ნამდვილი პოეტი საზღვრებში ვერ ეტევა.
ს. ცერეკიძესა და შ. აფხაიძესთნ ერთად ქართული ვერლიბრის პირველ თორიტიკოსად ითვლება გრ. ცეხლაძეც. მათზე თვლიდნენ, რომ ჰ2სო4-ის პლაგიატები იყვნენ და ამით ’’მემარცხენეობის” პრობლემას სწყვეტდნენ. ტიციან ტაბიძე აღფრთოვანებული იყო წიგნით ”პოეტის ყეფა”, წერილიც კი მიუძღვნა და თავის გაზეთში უბეჭდავდა ლექსებს, მიუხედავად გრიგოლის ანტისიმპათიისა ტიციანის ”ნაძალადევი ლექსების” მიმართ. როცა ტიციანი აღნიშნავდა გრ. ცეცხლაძის პოეზიაში საგრძნობ ფუტურისტულ ელემენტებს, გრ. ცეცხლაძე წერდა: ’’ის აღარ არის პოეზია მომავლის: ის არის პოეზია დღევანდელი დღის”.
საბოლოოდ გრ. ცეცხლაძემ თავი სინთეტიზმში იპოვნა. გამოსცა პერიოდული ორგანო ”მოქმედება”.
დადაისტებს არ ქონდათ საკუთარი პრესა. „მომაკვდავ შკოლების ნარჩენებმა თავი მოიყარეს სქელ ტანიან საექსპლუატაციო ჟურნალებში“.გადაწყვიტეს, შეექმნათ საკუთარი ჟურნალი და 1924 წლის 25 მაისს დაიბადა „H2SO4, იგივე „ქენძეფი’’. ’’H2SO4” -ს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ”ჩვენ ვიწამეთ დინამური, ქეზაფივით რომ სწვავს საოპერაციო სხეულს”, _ ნათქვამია პირველ მათ პირველ მანიფესტში. ისინი ამ მჟავით ძველი ხელოვნების განადგურებას გულისხმობდნენ.
ამ ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულმა ნოვატორებმა 1922-1928 წლის განმავლობაში გამოსცა სამი ჟურნალი და ერთი გაზეთი. ამ ხნის განმავლობაში მათი შემადგენლობა ერთფეროვანი არ ყოფილა. ჯერ იყო ჟურნალი „H2SO4, შემდეგ ”ლიტერატურა და სხვა”, რომლის რედაქტორი ნ.ჩაჩავა იყო. ყრდა და კომპოზიცია აგრეთვე კირილე ზდანევიჩს ეკუთვნოდა. 1925-1926 წლებში ჟანგო ღოღობერიძე უშვებდა ”დროულს” მოგვიანებით უნდა გამოსულიყო ჟ. ღოღობერიძისვე ინიციატორობით ’’ზერო”, მაგრამ არ მოხერხდა. ასევე პირდებოდნენ გაზეთ ”0”-ის გამოცემას. მაგრამ 1927 წელს ’’მემარცხენეობა” გამოვიდა ბ. გორდეზიანის რედაქტორობით. არსებობს აზრი, დადაისტი რიბემონ დესენი პარიზში სცემდა ჟურნალს „O4H2”. მაგრამ სინამდვილეში ჟორჟ რიბემონ დესენი აპირებდა გამოცემას:’’D1D4H4’’ -ს.
ბ. გორდეზიანი თვლიდა, რომ ამ ჟურნალის ფესვები ვაჟა–ფშაველადან მოდის. ხშირად თვლიან, რომ ვაჟა პირველი ავანგარდისტი მწერალია ქართულ შემოქმედებაში.
ეს ის თაობა იყო, რომელსაც თეატრს კინო ერჩივნა. მაინც მოსწონდათ კ. მარჯანიშვილის ’’ეკლეკტიკური ნახერხი” და ’’თეატრალური შანტაჟი”. ნ. შენგელაიამ 1928 წელს გადაიღო ფილმი ’’ელისო”. ამავე ჯგუფს დაუკავშირდა მ. კალატოზიშვილის, ლ. ერაკის, ს. დოლიძის სახელები. ამართლებდნენ პანონიმას. კინოში ჩარლი ჩაპლინი უყვარდათ. მარინეტის ”ელექტრონულ მთვარეს” უნდა დახურებოდა ”ჩაპლინის კოტელოკი”. გროსის ფრაზა იყო: ”ჩაპლინი ამარცხებს რემბრანტს”, ტრ. ტცარა წერდა: ”დადა წაიკიხავს ჩარლი ჩაპლინს”.
ს. ჩიქოვანი წერდა: ”პარიზიდან და მოსკოვიდან მოდიოდა დადაისტური ნისლი”,”როგორც ჩანს, ჩვენ მოვხვდით პოეზიის ფრონტზე: წარმოებით ფუტურიზმს, კონსტრუქტივიზმსა და დადას შორის”. იგი წერს, რომ ქართულ პოეზიას ბერ-განდეგილები ქმნიდნენ, მათ ცა ნიშნავდა და ღმერთთან ლაპარაკობდნენო. პატრიოტიზმის წინააღმდეგ ლაშქრობა იყო ლაშქრობა წარსულით გატაცების წინააღმდეგ.
ჯგუფი აერთიანებდა დადაისტებს, ფუტურისტებსა და კონსტრუქტივისტებს. არეული შრიფტით წერდნენ ვერლიბრს და სტატიებს. მოწყენილად თვლიდნენ ქართულ ერთფეროვან შრიფტს. ამცირებდნენ ხედვით ენერგიას. ქმნიდნენ დადა მანიფესტებს.
“და როცა ამერიკის *wilson* პაპიროსები მოწიეს ვირთხებმა
ჟანგო დაიბადა კვამლის წელიდან
აქედან გამოდის ჟანგო’’ ღოღობერიძე.
მისი დადაისტური ციკლიდანაა ლექსები: ”პირდაპირ შებრუნებულათ”, ”ჟანგო დადა და ფაბრიკატების კოალიცია”, ”თეორიები”, ”კანტორა”, ”კომპოზიცია მეექვსე ბოძის”.
იგი „ტერფებზე ახტება კომფორტს’’ და „მისთვის ექსპრესიონიზმი არის ველოსიპედი’’. შუშაზე საზამთროსავით ეკიდება და „დბრჯგ საქანაოზე’’ ქანაობს. “ამბობს პოეზია ასულელებს ადამიანს’’ და სინებს გადაღმა დააკარგინებს სულებს. „ჟანგომ დაარღვია მთლიანობა ფაბრიკანტების’’ და „ამოძრავდა მოძრაობის წინააღმდეგ’’. „პირველად ჟანგო ფიქრობს პოეტებზე პოეტები მღერიან 8 საათზე მეტს’’. პოეტი მთლიანობის წინააღმდეგ გამოდის, რათა დაარღვიოს აკადემიური კლიშეები და ყურადღება ვერლიბრზე გადაიტანოს. იგი „ნივთებიდან შეკრული გულია’’ და „ფეხები გულში უწყვია’’. მას არ სურს პოეზია არ არსებობდეს, ჟანგოს უყვარს ის, მაგრამ თავისუფალი და ჰალუციოგენური მეტაფორებით:
„ჟანგომ თქვენ სახეზე აღმოაჩინა სავარძელი
სავარძელში წვალებით ჩაჯდება ძროხა.’’
დადაისტური კოლაჟები და ერთმანეთთან უსინტაქსოდ შერწყმული სიტყვები ჰალუცინაციას იწვევდა. ჰალუცინაცია თავ–გზას გიბნევს. ვინმე წარმოიდგენს ხუჭუჭა ზაფხულს და ფიქრით გაექცევა რეალობას, შეიძლება იქ, სადაც ზერეალობაა (სურეალობა). ჟანგო თავის თავს ლიტერატურულ ხულიგანს უწოდებდა, რომელიც კრეტინული ქარხნიდან არ იყო გამოსული.
კრიტიკოსთა აზრით, ლექსში ’’თეორიები” პოეტი ემგვანება შეშლილ ინჟინერს, რომელიც სამყაროს გარდაქმნის მანიამ აიტანა.
ჟანგო ღოღობერიძე თავს ლექსში ’’ჟანგო დადა და ფაბრიკატების კოალიცია” წერს:
’’როცა მაიმუნივით თავის მკლავებზე წვება პროსპექტი
ჟანგო მოდის და ათვალიერებს აფიშებს
ის ძალიან ცოცხალი ადამიანია”.
ავტორი სასვენი ნიშნების მაგივრად იყენებს მიხატულ ოთხკუთხა ფიგურებს. იგი.
” პროსპექტს მუწუკს მოხდის თავს და შეუშვერს სითხეს
არც ერთი წვეთი არ უნდა დაიღვაროს”.
სითხეს ჩაწურავს კათხაში.
თუ ფეხს დააჭერ, მოკუზული სინათლე გამოვა მაიმუნიდან. ჟანგო ბუხარში წვავს სითხეს. აღმოაჩინა ორი ქანდაკება: მზე და ჩრდილი. ასეთია მისი სამყარო.
ჟანგომ ინგლისურად გინება იცის. სურს ლექსი ორიგინალურად განავითაროს. შინაარსი ასეთია: მას ებრძვის თამბაქოს ტრესტი და დამფუძვნებელი კრება. ჟანგოს ჯერ საპნის ქარხის გახსნა უნდა. ამიტომ შეშინებული ხალხი ხეზე არბის. ლექსი კიდევ მეტად აბდა-უბდად ვითარდება და ხეებზე ძვლები დარჩებიან. ძვლები კი არ ჩამოდიან დაბლა.
მერე მოუნდება ყავის ტრესტი. შემდეგ თავის დაბეჭდვას გადაწყვეტს და ამისთვის პირველი მოიწვევს დასავლეთ ევროპის ცხენების ყრილობას.
ჟანგო ღოღობერიძე გამოდის თემატური პოეზიის წინააღმდეგ. თვლის, რომ ქართულ პოეზიას ბერ-განდეგილები ქმნიდნენ. მათ ცა ნიშნავდა, ერი ზრდიდა და ღმერთთანაც ლაპარაკობდნენ. ლექსს ქმნიდა სოფელი, ურემი და გულუბრყილობა. ურემი ჩამორჩენილობის სიმბოლოა.
ის სასაუბრო სინტაქსით ალაგებს ლექსებს. შ. ალზახანიშვილი თვლიდა, რომ კონსტრუქივიზმი დაიწყო დადამ და ამტკიცებს ამ ლექსის კონსტრუქტივიზმთან მიმართებას. ჟ. ღოღობერიძის სტილში ერთიანდება ფუტურისტული სწრაფი და დინამიური მოძრაობა, კონსტრუქტივიზმის გამიზნული მასალა და დადაიზმის ქაოსი.
ლექსში ’’პირდაპირ შებრუნებულათ” ავტორი გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ პარფიუმერიანი ცხენები. მისთვის პოეზია შურდულია, სადაც ჟანგო თავისუფლად თავსდება, მცირე აზიის ყველა ლამაზი ხე სურს რომ იყოს,
მაგრამ ძროხის ნაჭერია და თუ ხბო აკლია, ტროტუარზე არ იზრდება კარგი ბალახი. მგზავრობს ორი ბოძით.
პ.ნოზაძეც დადაისტურ ლექსებს წერდა:
’’მე ტფილისში ნეგატივი ვარ
ორჯერ ორი რომ ოთხია ამაზედაც ავტირდები
ქუჩაში მოსიარულე, რომელსაც დანა-ჩანგლის სუნი უდით”.
პ. ნოზაძე წერს, რომ ქინძისთავს, რომელსაც იალბუზი გაერჭო, მამულიშვილი იყო, მან კაბის ქვეშ მოიგონა ტრაგედიის ორი საწყისი: ბოროტება და კეთილი. 2 ქართველ რაინდთან გააბა ”ესპანური ფარიკაობა”. ქინძისთვს მარტში უწევ ხოლმე სიყვარულის გრძნობა. იგი ჩვენი დამხმარე საზოგადოების დამდგარი თავმჯდომარეა, პოეტმა მხარი მას დაუჭირა. როცა ცხოვრება ერთი კაპიკი ღირს, ქინძისთავი თეთრია, მკბენარი. მისთვის ქინძისთავი ორგვარია: საწამლავი ქინძისთვი და მოწყალების ქინძისთავი. მერე მოფრინდა ”მწუხარების კორპორაციის სამემკვიდრეო თავმჯდომარე რასაც ვეძახით ხელების ფეხების გარდა კუჭს გულს და სხვას”.
თავის თავს პატიოსან კაცს უწოდებს, წმინდას, როგორც ლაფორგის მუფტას.
”საპატივცემო აქციებით შემძენი
ჩიხტა – კოპი რა იქნებოდა ქინძისთვი არ ყოფილიყო?”
პ.ნოზაძის „ტრაქტატი დაწერილი პოეზიისთვის’’ დადა ენითაა დაწერილი მანიფესტად. წერს, რომ მანიფესტი უდიდესი ავტორიტეტული გამოცემაა,” ეს ყველამ იცის, ვისაც თმიდან ერთი ჩანგალი მაინც გამოუღია”. არეული ფრაზებით მიმოიხილავს თანამედროვე მწერლობას. საქართველოში კულტურის განახლებას ყოველთვის პოეტი იწყებდა.
ტრაქტატში ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაზები გვხვდება. მაგალითად, ჯერ ‘’სტამბის ჯამბაზ’’ მარინეტის „მანქანების რომანტიკით’’ გატაცება საეჭვო სუნს ‘’სტამბის ჯამბაზ’’ მარინეტის „მანქანების რომანტიკით’’ გატაცება საეჭვო სუნს აყენებს პოეზიაშიო და მერე იგივე მარინეტს კოლუმბს ადარებს, რომელმაც ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. კონტინენტი არის მექანიკური. პ.ნოზაძე მანიფესტში არ უარყოფს წარსულს, მხოლოდ ლიტერატურა განიცდის ‘’ანტისანიტარულ’’ მდგომარეობას. „აქედან ერთი შეხედვით, შეიძლება ტირილი ლურსმანზე“,–წერდა პ.ნოზაძე. დიდი ასოებით ახსენებს ქინძისთავს. ’’და ვინც დაეჭვდება ბოლოს და ბოლოს რომ სიყეყეჩე სილაყბე და სისულელე არ არის შემოქმედება და პოეზია მას ცხვირიც დიდი ექნება”.
პ. ნოზაძის ენა მარტივია, ხალხური, როგორც დადაისტებს სჩვევიათ. საწყისი ბადებს პრიმიტივს. ისინი თვლიდნენ, რომ პრიმიტივიზმის ფაბულარული განცდა უდრიდა ბავშვის ფსიქიკას.
ს. ჩიქოვანი თავის სტატიაში ’’ახალი ხელოვნების ფაქტები” პ.ნოზაძეზე წერს, რომ მას პრაქტიკაში შემოაქვს ’’პატრიოტიზმი” და ფორმალისტური მეთოდებით ცდილობს მოახდინოს ტერორი. მაგრამ ’’დადა და ქინძისთავი” ახალი მოვლენა ფორმალისტური მეთოდით ამავდროულად დრამატულიცაა. ’’ამაში არის რაღაც რომანტიკული კონსტრუქტივიზმიც”. იგი ’’შუშასავით აერთებდა იერუსალიმს და თბილისს”. მისი ლექსები სივრცეშია დალაგებული კინემატოგრაფიულად და მოძრაობები პერპენდიკულარულად ხვდებიან ერთმანეთს, – წერს ს.ჩიქოვანი, – და თეორემა არ ეთანხმება დადას გაგებას, პრაქტიკას მოქმედების აგებამდე მიყავს საიდანაც პირდაპირი გზა კონსტრუქტივიზმამდე.
დადაისტურია შ. ალზახანიშვილი ლექსი ’’ამერიკული დუელი”. ნოსტრადამუსებით გავსებულ ქვეყანაში ის არ თვლის საჭიროდ, რომ ყველამ იცოდეს მისი ლექსები. ”ამბობენ მიწისძვრა თბილისს ასცდება”. წერს, რომ უნდა დავივიწყოთ მისი პოეტობა. თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებაში ხალხი და ხელოვანი დასცილდა ერთმანეთს.
პოეტი ვერ გაექცა მის თანამედროვე პოლიტიკას. ცნობილია, რომ ჰ2სო4 ბოლშევიზმის აპოლოგეტი იყო. ჩათვალა, რომ კახეთს რაც უქნეს არაბებმა, ის უქნეს მათ საქართველოს.
”მე მინდა ეიფელის კოშკზე
ფრიალებდეს წითელი დროშა
სულ ერთია ფილიპო სუპო
ვერ გადაახტება თავის თავს.
იქნება ხარაკირი”.
შ. ალზახანიშვილს ეკუთვნის ლექსი ”100”, დაწერილი 100 სტრიქონად. განაცხადა, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია: ზამთარში მასაც ეყინება ფეხები ხოლო მთვარე მისთვის ზამთარში მზესავით ანათებს. ლექსი სავსეა მსგავსი განცხადებებით:
”მიყვარს თბილისი ”მე მახარებს ”და
მხოლოდ იმიტომ ბრძოლა პოეზიასთან” სულს ღაფავენ
რომ დავიბადე ”მე ლექსებს ფიროსმანები”.
ქალაქ თბილისში”. ლოგინში ვქმნი”.
ბ. აბულაძემ თავის ლექსში ’’მოგზაურობა” მორიგი დადაისტური გაუგებრობა წარმოადგინა:
’’ბაზარზე დაეცა ლექსების ფასი
გული ურბილდება ტირილით გოგოს
ასეთი არის ლირიული მოგზაურობა
გზა და გზა”.
ლექსის მიხედვით ბ. აბულაძის გარდა არავინ იცოდა ზღაპარი მამალზე, დოღზე და პოეტებზე, ჩინეთის მკერდზე ჩინდარივით ჩამოსობილი ან თეირანში სპარსული ლოცვა – ოდა.
’’საჭირო არის მამადავითს დავაჯდე შუბლზე
და მტკვრიდან ვუშვა საპნის ბუშტები”.
ბ. აბულაძე თავის ”მელანხოლიაში” გვხვდება გადაყლაპული პროსპექტი, თოხლო გაზაფხული. იგი წერს პუნქტუაციის გარეშე. სასვენი ნიშნების ნაცვლად იგი მუქ წრეებს იყენებს. დადაისტური არქიტექტურაც სხვანაირია:
”სახლები აგებდნენ კარდონის კაცებს როგორც კოლოფებს”
’’მტკვარი მიდიოდა პირ-აღმართული
და ისროდა ქაღალდის ბუშტებს”.
პოეტი აშენებდა მეორე ვატიკანს, რომელიც შეიძლება სულის შებერვით დაინგრას. ატირდა გათამამებული ბავშვივით.55 დადაისტისთვის ტირილი ბავშვურობის გამოვლინებაა. მაგალითად, კურტ შვიტერსი თავის ლექსში წერდა:
”როცა დავიბადე
პიკასო ცისფერ პერიოდში არ იყო შესული
ვიტირე”…56 – და კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
დადაისტები წერდნენ პრიმიტიულად, ხალხურად, თავიანთ შემოქმედება ცდილობდნენ გაემართლათ ფოლკლორით. ხალხური მეტყველება იწვევს პრიმიტივის განცდას, რაც აახლოებდათ დადასთან.
ჯგუფმა ”H2SO4”-მა გამოსცა 3 ჟურნალი და 1 გაზეთი: ჰ2სო4, ”ლიტერატურა და სხვა” და ”დროული”. მათ ჰქონდათ ამბიცია კიდევ სხვა პერიოდული ორგანოების გამოცემის შესახებ.
1925 წელს ჟურნალ ’’მნათობში” გამოქვეყნდა 1923 წელს შექმნილი ექსპრესიონისტული ’’მალშტრემი”. მეხუთე სურათს ეწოდება ’’დადაისტების მაიდანი”. ავტორი გრიგოლ რობაქიძე იყო. დადაიზმის ელემენტები შეიმჩნევა რაჟდენ გვეტაძის, რუხაძის შემოქმედებაში.
ანარქისტმა ტრ. ტცარამ პოლიცია გამოიძახა. დადაისტების სასამართლომ ისინი გაზარდა და აიძულა გონებისთვის მოეხმოთ. დადა ბანაკში განხეთქილებამ იფეთქა. ერთ-ერთ განხეთქილებას საქართველოში დაბადებული ილია ზდანევიჩიც დაესწრო. დადამ არსებობა შეწყვიტა. ტრ. ტცარამ სათამაშო ცხენი (დადაისტების სიმბოლო) ”დაახრჩო”. სიცოცხლის ბოლომდე სევდიანი ლექსებით იტანჯებოდა. ნაწილი გადავიდა სურეალისტურ ბანაკში, გერმანელი დადაისტები კი ექსპრესიანიზმს შეუერთდნენ, იმ მიმდინარეობას, რომელსაც წლების მანძილზე სდევნიდნენ. დუშანმა ჭეშმარიტი ხელოვნება ჭადრაკში იპოვნა.
ჰ2სო4-ელები გადავიდნენ ”მემარცხენეობაში’’. ეს ნიშნავდა, რომ ცელქი ბავშვები გაიზარდნენ. დაინახეს რეალობა, სადაც არ იყო ქაოსური წინადადებებით შედგენილი დიქტატურა, იკითხებოდა ნორმალური პოეზია. მათ სიცოცხლე უყვარდათ და თავისუფლება კოლაჟებში მოექცა მხოლოდ. რამდენიმე ჰ2სო4-ელი რეპრესირებული იქნა 1937 წელს.
საქართველოშიც, როგორც ანდრე ბრეტონი იტყოდა, მიატოვეს დადა და სუბსტანცია და გავიდნენ გზაზე. რაც ნიშნავდა, რომ ცელქი ბავშვები გაიზარდნენ და ღრუბლებიდან რეალობაში დაბრუნდნენ, სადაც მოუწიათ რეალობის ცქერა, სადაც ”შემოქმედებითი შადრევნის” ნაცვლად ”ჩვეულებრივი პისუარი” დახვდათ. რეალურ საქართველოში სიცოცხლე არ უყვარდათ და თავისუფლება აბსტრაქტული სიტყვა იყო.
ტ. ტაბიძემ ალოგიკო დადას –იზმი მიანიჭა, გახადა შედარებით თანმიმდევრული და ზომიერი, აკადემიური კლიშეები დიუშანის პისუართან იდეურად დატოვა და შექმნა ედეათა შადრევანი, როგორც დიუშანის ექსპისუარი იქცა შადრევნად. იმ პისუარში მოისაქმეს, – ეს დადაისტურია. პიკაბიას მექანიკები მუზეუმში საპატიო ადგილას შემოიდო. ტაბიძემ ქართველებს ქართულად აუხსნა, რომ არსებობს ადგილი, სადაც „სამყარო მხოლოდ ნაწილია დადასი’’ და რომ მახინჯიც არის ესთეტური. ისტორიას ნუმერაციისკენ მივყავართ და დადაისტური ჰალუცინაციები ნებით თუ ნაძალადევად საბჭოთა პატრიოტიზმში იცვლება.
გავიდა დრო. ანტიხელოვნების იდეა გამოიხატა ბიტნიკებში, სადაც ახალგაზრდა ავტორები ოპოზიციურ ხელოვნებას იღებდნენ. ბეროუზმა გააგრძელა ტცარას შემოქმედებითი სტილი ლოზუნგით: ამოჭერი და დააწეპე. ერიხ ფრიდმა დაწერა ლექსი ”ანნა მულბ”, რომელიც კურტ შვიტერსის ”ანნა ბლუმის’’ ინტერპრეტაციად იქცა. ლექსი ჟღერს როგორც ორმმაგი სიყვარულის ახსნა ერთდროულად ანნასა და კურტ შვიტერსის მიმართ. კვლავ მიაქციეს ყურადღება ”კაბარე ვოლტერს”. ჩაატარეს ღონისძიებები.
მორიგ წლებში საქართველოშიც აღორძინდა ისევ ფუტურისტული ელემენტების დართვისა და რეალისტური თვალთახედვის, სიფხიზლის შენარჩუნებით ირონიულ-პაროდიულ ნაკადად გაფორმდა (ტ.ჭანტურია, ვ. ჯავახაძე, მ. მაჭავარიანი, მ.ფოცხიშვილი, გ. დოჩანაშვილი, ნ. ბარათია, თ. წივწივაძე). გაამეორა ცინიზმიც და ნიჰილიზმიც. ბიძინა აბულაძის ’’ტფილისი მზეზე” კონსტრუქტივიზმისა და დადას ნაერთია. ავტორი შლის ლოგიკურს. ”ვაფურთხებ ტფილისს ასე ვერაგს და ვიგინდარას”, მაგრამ ამავე დროს ამბობს: ’’ჰოი,ტფილისო, მოვალ შენთან შენი ბახალა და მოწიწებით ჩამოგართმევ კოჟრიან ხელებს”.
’’ღრუბლის ბუმ-ბულებს და ქარის ბორბალს
ცის უნაგირი, ცხენის თოქალთო
შორს გადმორეკენ ღრუბლის შოლტებით
აფრინდი ქორო!”
საქართველოში სურეალიზმი არ შემოსულა.
გ.ბუნდოვანის პირად არქივში დაცული პერიოდიკით ვგებულობთ, რომ 1992 წლის 2 ივლისს 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ვიზუალური პოეზიის საერთაშორისო გამოფენის თანმხლები საზაფხულო დადა სემინარის პირველი შეხვედრა. პროგრამა ასეთი იყო:
1. მოხსენება ”გასტრონომიული პრობლემატიკა თანამედროვე ექსპერიმენტალურ პოეზიაში” (დ. ჩიხლაძე)მ,
2. ”რეაქტიული კლუბის” პრეზენტაცია ( ირაკლი ჩარკვიანი, კოტე ყუბანეიშვილი),
3. ჰარი პოლკინჰორნი ”ექს ლიბრის: ექსპერიმენტალური პოეზია კალიფორნიაში” (წაიკითხა მთარგმნელმა დარეჯან კაპანაძემ).
სემინარს ესწრებოდნენ ნიკო ცეცხლაძე, როსტომ ჩხეიძე, გურამ წიბახაშვილი, ლიტერატურის ინსტიტუტის უნივერსიტეტის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
დროთა განმავლობაში გაჩნდა სურვილი, ჩატარებულიყო დადა წარმოდგენა და საუკეთესო ნომრის წარმომდგენი დაესახელებინათ. გ.ბარბაქაძეს იდეით, აქცია ზოოპარკში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საუკეთსო ნომრის ავტორს 1 დღით გალიაში დაამწყვევდნენ. დადა მეფე-პრეზიდენტი 1 წლის ვადით უნდა აერჩიათ. ზოოპარკის დირექტორმა ვერ გაიგო აქციის მნიშვნელობა და თქვა უარი. შეკრება ქარვასლაში მოხერხდა. შენობის ქვედა დარბაზში პლაკატებზე გადატანილი დადაისტთა მანიფესტებიდან ამოღებული ცნობილი ფრაზები კედელზე გააკრა. საღამო ჰუგო ბალის ცნობილი მანიფესტით გაიხსნა. სცენის მაგივრად იდგა მაგიდა. მაგიდაზე ასული სიურეალისტები ყვებოდნენ, რომ ჭია ჭამა კაუჭმა, კაუჭი თევზმა, თევზი _ზღვამ, ზღვა _ბავშვმა, ბავშვი- არპმა, არპი – ბრეტონმა, ბრეტონი – დალიმ, დალი კი ვიღაც მეტრეველმა და სიურეალისტურმა ბოდვამ ”წამხდარ საყვირში’’ გაიჟღერდა.
ოთახში ორი მოქალაქე შემოვიდა, რომლებმაც ჭადრაკის დაფა გახსნეს და უდარდელად ითამაშეს მთელი რაუნდი. პრეზიდენობის მსურველებმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარმოადგინეს. გელა ღანჭავა, გ. ციხელაშვილი და მეგრელიშვილი ბონზოისტების ჯგუფიდან იყვნენ. ალეკო შუღლაძე და დათო მეტრეველი იყვნენ სიურეალისტები.
თემო ჯავახიშვილმა და შოთა იათაშვილმა დადა ლექსები წაიკითხეს.
ოთახში ნიღბიანი კაცი შემოვარდა. ხელში დიდი ზომის ავტომატი ეჭირა. ხალხს მიუშვირა. ბღაოდა. მან ყველაზე მეტი და-და-და თქვა. აღნიშნა: ” ვიბრძოლებ, რათა აღარ იყოს ამდენი და-და-და-და-და-და და და დარჩეს დადა”– იგი აირჩიეს დადა მეფე-პრეზიდენტად. მას ანონიმურობის შენარჩუნება სურდა. დადა მეფეა იყო ზურაბ რთველიაშვილი. მან თვისი გამარჯვება გრ. ცეცხლაძეს მიუძღვნა. შავოსანმა ქალებმა არჩევნები გააპროტესტეს. მათი თქმით, საქართველოში უკვე იყო პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია.
აქციას ესწრებოდა გრ. ცეცხლაძის შვილიშვილი, იაკობ ჯუღაშვილი.
აქციის ლოზუნგი იყო: ”ამ აქციის წინააღმდეგ ყოფნა ნიშნავს დადაისტად ყოფნას!’’ ამ აქციის ანალოგია მსოფლიოში არ ყოფილა. ცნობილია, რომ ფილიპ სუპომ დადა პრეზიდენტობა მიანიჭა მათ, ვინც დადაისტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან ისინი სულელურად იქცეოდნენ.
დღეს აქა იქ შეინიშნება სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებაში დადაისტური ელემენტები, თუმცა სხვა მიმდინარეობებთან შეურეველი დადაიზმი საქართველოში არ არსებობს.
დადაიზმმა გავლენა იქონია სურეალიზმზე, პოპ არტზე, პანკზე, აბსურდის თეატრზე და ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში მოსინჯა ადგილი.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული