• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

სტივენ კინგი – საუკეთესო, რაც შენ მკითხველს შეგიძლია გაუკეთო, არის მისი დატერორება

×
ავტორის გვერდი demo.ge 00 , 0000 3312
ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტმა ფილ კონსტანტინმა ჟურნალისათვის “The Highway Patrolman” 1987 წელს. გთავაზობთ მის სრულ ვერსიას.
თარგმანი: გიორგი კობახიძე
 
 
მე მსმენია, რომ არ მოგწონთ, როცა გეკითხებიან, თუ რატომ წერთ ასეთ მოთხრობებს. ეს სიმართლეა?
 
ყოველთვის რაღაც უხერხულობას ვგრძნობ, როცა ამას მეკითხებიან. ეს არაა შეკითხვა, რომელსაც თქვენ დაუსვამდით ტიპს, რომელიც წერს დეტექტიურ, მისტიკურ მოთხრობებს, ვესტერნს ან ნებისმიერ სხვა რამეს. სამაგიეროდ ამ შეკითხვას უსვამენ საშინელებათ ჟანრის მწერალს, რადგან მიჩნეულია, რომ არის რაღაც უხამსი იმ სიყვარულში, რომელიც ჩვენ დემონებზე, ავ სულებზე და მოჩვენებებზე დაწერილი მოთხრობების მიმართ გაგვაჩნია.
 
როდის დაიწყეთ წერა?
 
სერიოზულად წერა 12 წლის ასაკში დავიწყე.
 
რაიმე განსაკუთრებულ განწყობაზე უნდა იყოთ, რომ დაწეროთ?
 
მე ყოველთვის ასეთ განწყობაზე ვარ.
 
გაქვთ რაიმე კონკრეტული მეთოდი, რომელსაც წერისას იყენებთ?
 
ვწერ დილით, კაშკაშა დღის სინათლეზე. მაგრამ იდეების უმეტესობა მომდის, როცა მზე ჩასულია და სიბნელეა გამეფებული მიწაზე.
 
მიგაჩნიათ, რომ რასაც წერთ ეს ,,საშინელებათა მოთხრობებია“?
 
არის პერიოდები, როდესაც მომწონს, ვფიქრობდე, რომ ეს მხოლოდ მეინსტრიმული ლიტერატურაა. მაგრამ გონების სიღრმეში, კარადაში, სადაც ჩემს სიმართლეს ვინახავ, ვფიქრობ, ეს საშინელებათა მოთხრობებია. ბევრი მათგანი უფრო ჟრუანტელის მომგვრელ შოუდ წარმომიდგენია.(ამ ინტერვიუდან რამდენიმე წლის შემდეგ სტივენ კინგმა დაწერა სცენარი ჯორჯ რომეროს ფილმისთვის ,,საშინელებათა კალეიდოსკოპი”(,,Creep Show”).
 
ერთხელ სადღაც წავიკითე, რომ ,,სალემის ხვედრი“(Salem’s Lot) თქვენი საყვარელი წიგნია. რატომ?
 
გარკვეულწილად ის ჩემი სყვარელი წიგნია. ძირითადად იმის გამო, რასაც ის პატარა ქალაქების შესახებ ამბობს. ისინი ახლა მომაკვდავ ორგანიზმს ჰგვანან. ეს მოთხრობა რაღაც შინაურულია ჩემთვის და ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი მაქვს მისთვის გამოყოფილი .
 
,,იერუსალიმის ხვედრი” ქალაქი, რომელსაც ,,სალემის ხვედრში“ ვხვდებით ნადმვილი ქალაქია?
 
კი და არა. ის უკავშირდება ქალაქს, რომელიც ჩრდილოეთ ვერმონტში მდებარეობს და რომლის შესახებაც კოლეჯში ბოლო კურსზე სწავლისას გავიგე. ამ ქალაქს ,,იერემიას ხვედრი” ქვია. მე ჩემს მეგობართან ერთად მივდიოდი ვერმონტის გავლით და ზუსტად მაშინ, როცა ამ ქალაქს ვკვეთდით, მან მიმანიშნა მასზე და მითხრა: ,, იცი, 1098 წელს ყველა, ვინც ამ ქალაქში ცოვრობდა, უბრალოდ, გაქრა.“ მე ვუპასუხე: ,,ე, მოიცა რა. რაზე ლაპარაკობ?“ მან მითხრა: ,,ეს სიმართლეა. არ გსმენია ,,მერი სელესტის“ შესახებ, სადაც ყველა გაუჩინარდა? ესეც იგივე ამბავია. ერთ დღეს იქ იყვნენ ხოლო ერთ დღეს კი ნათესავმა მოაკითხა ვიღაცას, რომლისგანაც დიდი ხნის მანძილზე არაფერი სმენოდათ; და მას ყველა სახლი ცარიელი დახვდა. ზოგიერთ სახლში მაგიდაზე სადილი იყო გაშლილი, ზოგიერთ მაღაზიაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ფული, რომელსაც ობი ჰქონდა მოდებული გაზაფხულის სინესტისგან და ლპებოდა, მაგრამ ის არავის მოუპარავს. ქალაქი მთლიანად გამოცარიელებული იყო“
 
არის რაღაც, რაც ინსპირაციას გაძლევთ, თუ ეს ყოველდღიური მოვლენებიდანაც ხდება, ან ფრაზიდან რომელსაც ყური მოკარით ან თუნდაც რჩევებისგან, რომელსაც ფანები გაძლევენ?
 
ხშირად ინსპირაციას ძალიან ჩვეულებრივი საგნებისგან ვიღებ, რომლებიც სიმივით წამიერად გაიჟღერებენ და მერე ჩემს ქვეცობიერში აგრძელენ განვითარებას. ზოგჯერ ეს რაღაც უფრო მგრძნობიარეა. მაგალითისთვის, ჩემს წიგნში ,,ღამის მონაცვლეობა“ (Night Shift) არის მოთხრობა სახელად ,,ხეიბარი“(The Mangler) სარეცხის მანქანის შესახებ, რომელიც რაღაც დამღუპველ ცხოვრებასთან ასოცირდება. სამრეცხაოში დაახლოებით წელიწადი და ექვსი თვე კოლეჯის დამთავრების შემდეგ. ეს იყო ერთადერთი სამუშაო, რითიც შემეძლო ჩემს ცოლს და ჩვენს პირველ შვილს დავხმარებოდი. იქ იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელები და წინა მხრები არ ჰქონდა. მას უბრალოდ კაუჭები ეკეთა მათ ნაცვლად. სხვა რამეებთან ერთად არის ესეც, რასაც არ გეუბნებიან, როდესაც შენ მენეჯერი ხდები. შენ ვალდებული ხარ, გეკეთოს ჰალსტუხი. სწორედ ჰალსტუხის ბრალი იყო ის, რაც ამ ახალგზარდა კაცს დაემართა.
ეს ზუსტად მეორე მსოფლიო ომის მერე მოხდა. ის საჯადრავი მანქანების (Mangle–საჯადრავი მანქანა, რომელსაც სამრეცხაოში იყენებენ. ამ სიტყვის კიდევ ერთი ნიშვნელობაა ,,ხეიბარი“, საიდანაც მომდინარეობს მოთხრობის სახელწოდება) მანქანების ახლოს ტრიალებდა. ორთქლის გასაუთოვებელ და დამკეცავ მანქანას მუშები საჯადრავს (ხეიბარი) უწოდებენ, რადგან სწორედ ასე დაგემართება, თუ მასთან ძალიან ახლოს მიხვალ ან შიგნით მოყვები. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი რაღაცის ასაღებად დაიხარა და ამ დროს მისი ჰალსტუხი მანქანამ შეითრია. იგი მარცხენა ხელით დასწვდა ჰალსტუხს უკან გამოსათრევად, მაგრამ ხელიც შიგნით ჩაყვა, მერე მარჯვენა ხელი შემოაჭდო მარცხენა ხელის მაჯას და მასაც იგივე ბედი ეწია. შედეგად, მან დაკარგა ორივე და ხელი და წინამხარი და საკმაოდ იღბლიანი გამოდგა, რომ საერთოდ არ მოკვდა. მისი ხელები კაუჭებმა ჩაანაცვლეს.
ამ ამბიდან ოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც მე იქ ვმუშაობდი, ზაფხულის განმავლობაში ის შედიოდა ხოლმე კაცების საპირფარეშოში, მოუშვებდა ცხელ და ცივ წყალს და კაუჭებზე გადაიტარებდა. შემდეგ ის შენთან ზურგიდან მოდიოდა და ამ კაუჭებს კისერზე უკნიდან გაწყობდა. აი, ეს არის, რამაც მომცა ინსპირაცია ამ კონკრეტული მოთხრობისათვის. მოთხრობის ბოლოს ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე ამ მანქანაზე, რომელიც თითქოს რაღაც დემონითაა შეპყრობილი და გარბის სამრეცხაოდან და დადის ქუჩებში, თითქოს იმ ,, მძიმე სამუშაოს“ გაურბის , რომელიც მას ერგო.
 
როდესმე მონაწილეობა თუ მიგიღიათ სპირიტულ სეანსში?
 
მე არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ მონაწილეობას ამაში, არც იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ცოლი მოკვდება და მედიუმი მეტყვის, რომ მას რაღაც შეტყობინება აქვს ჩემთვის. ეს წარმოუდგენელია ჩემთვის ისევე, როგორც მთელი ღამის გატარება იმ სახლში, რომელზეც ამბობენ, რომ იქ მოჩვენებები ცხოვრობენ. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ სამყაროსთან, რომელიც შეუცნობელია ჩვენთის. და როცა დრო მოვა, მე და შენ და ყველა, ვინც დედამიწაზე დააბიჯებს, შევალთ ამ სამყაროში, ჩვენ ამას მერე გავიგებთ და მე შემიძლია დავიცადო.
 
გაინტერესებთ ფიზიკა ,,ესა“ (ექსტრასენსორული აღქმა-ESP) და სხვა მსგავსი სფეროები?
 
მაინტერესებს ფიზიკა და ახლა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს ჩვენ საკმარისი დამადასტურებელი საბუთი გვაქვს და ვისაც ეჭვი ეპარება ფიზიკის მიღწევების ემპირიულ რეალობაში, ის დაახლოებით იმ ადამიანის დონეზეა, რომელიც დღეში ორ-სამ კოლოფ სიგარეტს ეწევა და უარყოფს კავშირს მოწევასა და ყელის კიბოს შორის. დადასტურება აქ არის და ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ძალიან ძნელია. ჩვენ ბევრი მტკიცებულება გვაქვს და ტექნოლოგიები კიდევ უფრო ვითარდება. ეს მტკიცებულებები არის უპირატესობა, რომელიც ყველანაირ ეჭვს აქარწყლებს.
 
როგორია თქვენი პირადი შეხედულება რეინკარნაციაზე?
 
მე არ მჯერა ამის. არ მომწონს აზრი, რომ მე ჭიანჭველად ან მერცხლად დავბრუნდები უკან, თუ ამ ცხოვრებში არ მექნება კარგი კარმა. გამომდინარე იქიდან, სადაც მივდივარ სიკვდილის შემდეგ, იმის წარმოდგენა, რომ მე უბრალოდ ნათურასავით ჩავქრები, ჩემთვის სულიერად დაუჯერებელი სულაც არაა, მაგრამ ლოგიკურად ეს ძალიან სასაცილოა – აზრი, რომ ჩვენ უბრალოდ ვკვდებით და მორჩა. მე რელიგიური ვარ იმ გაგებით, რომ მჯერა ღმერთის და იმის, რომ არსებობს მუდმივი ლოგიკური სული, რომელიც გარკვეულწილად ყველაფერს აკონტროლებს. არსებობს ,,მესაათის თეორია“, რომ ღმერთმა საათივით დაქოქა მთელი სამყარო და მიუშვა თავის ნებაზე საწიკწიკოდ. შეიძლება ასეცაა. ან შესაძლოა ის დროდადრო მაინც ერევა რაღაცებში. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მე მჯერა, რომ რაღაც არსებობს.
 
თქვენი ცხოვრების განმავლობაში ოდესმე შემთხვევით თუ გადაწყდომიხართ მოჩვენებებს, ვამპირებს ან სხვა რამე არსებებს, რომლებიც ღამით გამოჩნდებიან ხოლმე?
 
არა.
 
იღებთ წერილებს ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ რეალურად გამოუცდიათ ის, რაზეც თქვენ წერთ?
 
დიახ, მე ვიღებ წერილებს ადამიანებისგან, რომლებსაც განსაკუთრებული ფიზიკური გამოცდილება აქვთ, არის შემთხვევები გვამებთან დაკავშირებით – ზოგჯერ სრულიად უწყინარი, მაგრამ ზოგჯერ ძალიან შემაძრწუნებელი ისტორიები. მე მჯერა, რომ ბევრი მათგანი გულწრფელია. ასევე მჯერა, რომ ზოგიერთი მათგანი უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ უმრავლესობას რაღაც გამოუცდია. ეს არის რაღაც, რასაც როგორც ქვას, მე და შენ ჩვენი ცხოვრების გზაზე ნებისმიერ დროს შეიძლება გადავეყაროთ. ვფიქრობ, რომ დროდადრო ყველას აქვს ისეთი შემთხვევები, რისი ახსნაც არ შეუძლია. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია. ჩვეულებრივ, ჩვენ უბრალოდ თავიდან ვიცილებთ მათ, რადგან მოუხერხებელია მათზე ფიქრი.
 
ბავშვობაში თუ კითხულობდით საშინელებათა ჟანრის წიგნებს ან საშინელებათა ჟანრის ფილმებს თუ უყურებდით?
 
ხანდახან. როცა მეკითხებიან რატომ ვწერ ასეთ მოთხრობებს, მე ნახევრად ხუმრობით, უბრალოდ ვპასუხობ, რომ ძალიან გარყვნილი ბავშვი ვიყავი. და არის რაღაც სიმართლე ამაში. პირველი ფილმი, რომელიც მახსოვს რომ ვნახე იყო ,,არსება შავი ლაგუნიდან“(The Creature From The Black Lagoon). და მახსოვს ამ დროს რადიოში რეი ბრედბერის ,,მარსი სამოთხეა“ ისმოდა. და ის კომიქსები, რომლებზეც გავიზარდე არც ისე მარტივი წასაკითხი იყო, როგორც ეხლა Spiderman- ზე, Supermen- ზე da Hulk- ზე დაწრილი კომიქსებია. ეს იყო ,,აკლდამის ზღაპრები“ (Tales Of The Crypt) ,,გამოქვაბულის მცველი“ The Vault keeper) და სხვა მსგავსი ისტორიები.
 
რას ფიქრობთ ახალ ტალღაზე საშინელებათა ჟანრის ფილმების, როგორებიცაა ,,ცოცხალი მიცვალებულების ღამე“ (Night Of The Living Dead) და ,,მიცვალებულთა განთიადი“ (Dawn Of The Dead), რომლებშიც ძალიან ბევრი ძალადობაა?
 
,,ცოცხალი მიცვალებულების ღამე“ საინტერესო შემთხვევაა, რადგან ეს ფილმი ურეიტინგოდ იყო, როდესაც გამოვიდა . იმ დროს მხოლოდ ორი სარეიტინგო სისტემა არსებობდა: GP, რაც დღეს იგივეა, რაც PG(Parental Guidance Suggested- მიზანშეწონილია მშობლის ნებართვით) და ურეიტინგო ფილმები. ჯერ კიდევ კოლეჯში ვსწავლობდი ,,ცოცხალი მიცვალებულების ღამე“ რომ გამოვიდა და პირველად, როცა მის სანახავად წავედი, შუადღე იყო. დარბაზი სავსე იყო, ძირითადად 5- დან 12-წლამდე ბავშვებით. ჩემს ცხოვრებში არასდროს მოვხვედრილვარ აუდიტორიაში, სადაც ბავშვები ასე წყნარად იქნებოდნენ. ისინი პირდაღებულები ისხდნენ. ისინი უბრალოდ შეძრწუნებული იყვნენ. სრული სიჩუმე. ეს იყო საუკეთესო არგუმენტი ამ სარეიტინგო სისტემის წინააღმდეგ, რაც კი ოდესმე მინახავს. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ისეთი ფილმების, როგორიცაა ,,ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით” და არც სხვა ფილმების. თუ ის ვინმეს აშინებს, მიმაჩნია რომ ის სწორ მიზანს ემსახურება. ის იმას აკეთებს, რაც რეჟისორს ჰქონდა განზრახული. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ბავშვებს მიაწოდებ. შენ ამას უბრალოდ არ გააკეთებ. ასაკით დიდი უნდა იყო ამის მისაღებად. ბავშვები არ არიან ამისთვის მზად. ვფიქრობ, უმეტესობა ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს თავისი ბავშვობიდან, სწორედ ,,დისნეის” მულტფილმებიდან, ისეთი რაღაცები, რაც ძალიან გვაშინებდა ხოლმე. ჩემთვის ასეთი მულტფილმია ,,ბემბი”, ეპიზოდი, როდესაც ტყეს ცეცხლი წაეკიდება და რომელიც ჩემი ღამის კოშმარების მიზეზი გახდა. მე ვერ წარმომიდგენია, რვა წლის ბავშვმა როგორ უნდა უყუროს ,,ცოცხალი მიცვალებულების ღამეს“, სადაც ცოცხალი გვამები ცოცხალი ადამიანის ხორცს ჭამენ.
 
რამდენად ზუსტადაა თქვენი მოთხრობები გადატანილი კინოეკრანზე?
 
მაგალითისთვის, მოდი, ავიღოთ ,,ქერი”(Carrie) . რეჟისორმა ბრაიან დე პალმამ დაბალი ბიუჯეტის კვალობაზე მშვენივრად გაართვა თავი ამ სამუშაოს. მისი გადაღება $2,3 მილიონი დაჯდა, რაც კინო ინდუსტრიისთვის მიზერული თანხაა. მაგრამ, მაგალითად, როცა სტენლი კუბრიკმა გადაიღო ფილმი ,,ნათება”(The Shining), მათ $14 მილიონის მოგროვება მოახერხეს, რაც 1970 წელს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. წიგნში ,,ქერი”, ქერი თავის გზაზე ანადგურებს ყველაფერს, აფეთქებს ბენზინგასამართ სადგურებს და მთელი ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული, ფილმში ესე არ არის, რადგან სფეცეფექტების ფასი ძალიან მაღალი იყო მათი მწირი ბიუჯეტისთვის.
 
გჯერათ რეალურად იმის, რაზეც თქვენ თქვენს მოთხრობებში წერთ?
 
მჯერა, როცა მათზე ვწერ. მჯერა თუ არა მათი, როცა არ ვწერ, ეს სულ სხვა საქმეა. ვფიქრობ, რომ ჩემს კარგ ნახევარს უნდა სჯეროდეს ამის, სხვანაირად მე ამას ვერ გავაკეთებ.
 
ძალიან ცოტა გაქვთ ისეთი მოთხრობა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები გარემოცულნი არიან დიდი პრობლმებით, და, არსებითად, თქვენ უფრო ადამიანის ბუნება გაინტერესებთ. ცდილობთ, რომ ფილოსოფიური იყოთ?
 
მე მართლა არასოდეს ვარ ფილოსოფიური, მაგრამ მჯერა, რომ კარგი ადამიანები ძლიერები არიან და, როგორც წესი, ჩემს მოთხრობებში არ ვხელმძღვანელობ ძველი სტანდარტებით და არ ვწერ ზნედაცემულ ტიპზე, რომელსაც ავი სული მისდევს, რომელიც მას საბოლოოდ შეიპყრობს კიდეც. მე უფრო კარგ ადამიანებზე ვწერ, რომლებიც გარედან რაღაც დემონური ძალით არიან შეპყრობილი, რომელსაც ებრძვიან და ცდილობენ მის განდევნას, როგორც ჯო ფრეზერი და მუჰამედ ალი. და მე მწონს ფიქრი, რომ ისინი გაიმარჯვებენ. მაგრამ კარგ ადამიანებსაც აქვთ მეორე მხარე. ადამიანთა უმეტესობა შეჩერდება, რათა კარგად შეხედოს უბედურ შემთხვევას, მაგრამ არასდროს ჩაერევა. ვფიქრობ, რომ უმეტესობა ჩვენგანი იხიბლება იმ მოღუშულობით, რაღაც საბედიწერო და შემზარავითაც კი, რომელიც თან ახლავს ასეთ მოვლენებს..
 
მოთხრობებს ნამდვილად ბოლომდე ამთავრებთ თუ უბრალოდ წყვეტთ წერას რაღაც მომენტში?
 
ასეთი შეკითხვა არასოდეს დაუსვამთ მანამდე. არის ადგილები, როდესაც მკაფიო კვანძი იკვრება. და არის სხვა მოთხრობებიც, როგორიცაა, მაგალითად, ჩემივე მოთხრობა ,,სატვირთო მანქანა”(Truck). შენ მიდიხარ ადგილამდე, სადაც შეგიძლია დაასრულო თხრობა, მაგრამ ქვეცნობიერად დარწმუნებული ხარ, რომ არის კიდევ რაღაც, რისი მოყოლაც შეიძლება, მაგრამ დრო არაა შესაფერისი ამის გასაკეთებლად.
 
ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, თქვენი მკითხველი მუდამ მიხვედრის, გამოცნობის რეჟიმში ამყოფოთ?
 
დიახ. ეს ის ფორმაა, რომელიც დროის გასვლასთან ერთად ნაკლებად პოპულალური გახდა. მე მიყვარს მოთხრობის დამთავრება იქ, სადაც მკითხველს პატარა სივრცეს ვუტოვებ და ის თვითონ წყვეტს თავის გონებაში, როგორ დაამთავრებს მას.
 
რა უფრო მოგწონთ – პატარა მოთხრობები თუ რომანები?
 
მე მიყვარს პატარა მოთხრობების წერა, რადგან არასოდეს შევხვედრივარ მწერალს, რომელიც ზარმაცი არ ყოფილიყოს. და მოკლე მოთხობა, მისივე ზუსტი განმარტებით, არის მოკლე. ეს არის ის, რაც შეგიძლია ერთ ან ორ კვირაში დაამთავრო, გააჩნია რამდენად კარგად აგეწყობა წერის პროცესი. მაგრამ, ამავე დროს ის მთლიანი სამყაროს შექმნის იგივე კმაყოფილებას განიჭებს, რასაც რომანი.
 
გამომდინარე იქიდან , რომ თქვენი მოთხრობების უმეტესობა რაღაც ზებუნებრივს ეხება, ოდესმე რამე ფიზიკური ან სულიერი საფრთხე თუ გიგრძვნიათ ასეთი არსებებისგან?
 
სულთან დაკავშირებით ასე დარწმუნებული არა ვარ. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ არსებას, ჯერჯერობით არაფერი მიჭირს. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ სამყაროში არსებობენ საგნები, რომლებიც რელიქვიაა. ჩვენ გვაქვს ატლანტიდის გაურკვეველი ნარჩენები. აღმოჩენილია ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარეული საგნები, დიდი კედლები და სხვა მსგავსი ნივთები. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენამდეც არსებობდნენ სხვა რასები და კულტურები. და ეს აზრი არ მაძლევს მოსვენების საშუალებას.
 
ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ საშინელებათა ჟანრის მოთხრობები უბრალოდ იაფფასიანი ნაგავია. ყველაფერი, რისი გაკეთებაც მოგიწევს ესაა მარტივი ისტორიის დაწერა, სადაც იქნება ბევრი სისხლი და გადმოყრილი ნაწლავები და ვიღაც ვინც წავა და მეორე ადამიანს რაღაც საზიზღრობას გაუკეთებს. აი, სულ ეს არის. თქვენ როგორ ფიქრობთ?
 
არა, ეს ასე არ არის. ადამიანების შეშინება, განსაკუთრებით ახლანდელ დროში, ერთ–ერთი ყველაზე რთული რამაა დედამიწაზე, იმდენად რამდენადაც მე თვითონ ვარ ჩართული ამ ყველაფერში. მე და შენ და ყველა ამ სამყაროში ყველაზე რთულ დროში ვცხოვრობთ, რაც კი ოდესმე ყოფილა. ჩვენ თერმობირთვული განადგურების წინაშე ვდგავართ და ამის ფონზე თუ შენ ვამპირების, მოჩვენებების და დემონების არსებობაში ვინმეს დარწმუნებას მოახერხებ, ესე იგი კარგად აკეთებ შენს საქმეს. ჩემი პირადი შეხედულებით, ვფიქრობ, რომ მხოლოდ სისხლი და ნაწლავები საკმარისი არაა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ამან შეიძლება ვინმეს გულ-მუცელი აუწვას, მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს ლიტერატურა გასართობი იყოს.
 
ერთხელ ერთი მეგობარი მომიყვა, რომ თქვენი მოთხრობის კითხვისას საკუთარმა წარმოსახვამ იმ დონემდე მიიყვანა და შეაძრწუნა, რომ უბრალოდ იძულებული გახდა წიგნი გვერდზე გადაედო. ამას კომპლიმენტად მიიჩნევთ?
 
კი, ამას კომპლიმენტად მივიჩნევ. მე ამ სფეროში პურისტი არ ვარ. აი, როგორია ჩემი შეხედულება ამ ჟანრზე, საშინელებათა მოთხრობებზე: საუკეთესო, რაც შენს მკითველს შეგიძლია გაუკეთო, არის მისი დატერორება. ეს არის მთავარი რეაქცია. ეს არის რაღაც ინტელექტუალური, ის შენს გონებაში ხდება. ეს არის ის ეფექტი , რომელსაც ედგარ ალან პო აღწევს თავის მოთხრობაში ,,გამცემი გული”(The Telltale Heart), როცა ის იწყებს საუბარს ხმაზე, რომელიც სწრაფად და საათივით რიტმულად ცემს. არის რაღაც ისეთი ამ ხმაში, რაც უფრო მეტად იპყრობს შენს გონებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე. ფაქტი, რომ ამ ყმაწვილს ესმის გულისცემა, დანაწევრებული გულისცემა, რომელიც იატაკის ქვეშიდან მოისმის და პოლიციაც იქ არის და მის გარდა არავის ესმის ეს ხმა. ის გრძელდება და გრძელდება და სულ უფრო ხმამაღალი ხდება. ეს შემაძრწუნებელია.
შემდეგ მოდის შიში, შემდეგი საფეხური კიბეზე. ეს ფიზიკური სახის რეაქციაა. ეს არის რეაქცია, რომელსაც შენში იწვევს აზრი, რომ მანქანა შეიძლება ნამდვილად გაცოცხლდეს და ჩაითრიოს ადამიანები და დაფქვას ისინი. ამაზე ფიქრი საშინელებაა. და ბოლო საფეხური არის რეალური, ფიზიკური ზიზღი – უმდაბლესი ადამიანური ემოციაა, რაც ჩვენ ვიცით. მაგრამ მაინც, ის რეალურია და ჩვენ გვაქვს მისი მოთხოვნილება. თუ მე ვერ მივაღწევ ტერორს, შეშინებას, მე შიმიძლია ზიზღით დავკმაყოფილდე.
 
გიყვართ სხვა ავტორების საშინელებათა მოთხრობების კითხვა?
 
ო, დიახ. ძალიან ბევრი ავტორია ამ სფეროში, რომელსაც ვკითხულობ და ძალიან ბევრი ლიტერატურაც არსებობს, თუმცა ეს არც ისე კარგია, რადგან ძებნა გიწევს, სანამ კარგ რამეს იპოვი.
 
რომელი უფრო ძნელია – ისეთი მოთხრობის დაწერა, რომელიც შენს გონებას იპყრობს თუ ისეთის, – რომელსაც შენს შიგნეულობაზე მიაქვს იერიში?
 
ვფიქრობ, რომ ინტელექტუალური მოთხრობის დაწერა უფრო ძნელია. მაგრამ, როცა ერთ რამეზე შეჯერდები, შემდეგ შეგიძლია საკმაოდ ღრმად განავითარო აზრი. ეს რეალურად დამოკიდებულია იმ იდეაზე, რომლითაც შენ წერას იწყებ.
 
თქვენ ძალიან ბევრი მოთხრობა გაქვთ დაწერილი ვირთხებზე. რაიმე განსაკუთრებული შიში გაქვთ მათ მიმართ?
 
მე ვწერ ისეთ საგნებზე, რომლებიც მაშინებენ. ცხოვრებაში არასოდეს დამიწერია მოთხრობა გველზე. ცოტა ხნის წინ ერთი კარგი მოთხრობა გამოვაცხვე, ,,მთის მეფე“(Mountain King). მაგრამ გველებზე არასოდეს არაფერი დამიწერია იმიტომ, რომ ისინი არ მაშინებენ. მე ვწერ ვირთხებზე, რადგან ჯოჯოხეთურად მეშინია მათი. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს მიდრეკილება, ვწეროთ ჩვენს ფობიებზე.
 
არის ისეთი თემა, რაზეც გინდოდათ დაგეწერათ და ვერ შეძელით?
 
ობობები! მე მინდა, დავწერო ობობებზე. ჩემთვის ობობები ყველაზე საშინელი, საზიზღარი არსებები არიან, რაზეც შემიძლია ვიფიქრო. ვფიქრობ, ყველას ეშინია ობობების. მე აგრეთვე მსურდა დამეწერა მოთხრობა ლიფტზე სიმაღლის შიშის შესახებ. გაჩერებულ ლიფტში სიმაღლის შიშის და კლუსტროფობიის კარგი კომბინაცია გამოვიდოდა.
 
ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარებასთან ერთად, ხომ არ გგონიათ, რომ დადგება დრო, როდესაც ფაქტი გადააჭარბებს ნებისმიერ მონათხრობს, რომელიც შეგიძლია გამოიგონო?
 
დიახ. ვფიქრობ, ახლა სწორედ ამ სიტუაციაში შევდივართ. ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც მე ვიყენებ, არის აბორტის მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ აბორტი კანონიერია, თუ ის ნაყოფის ჩასახვიდან სამი თვის ვადაში მოხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ 12-14 კვირის განმავლობაში ფეხმძიმე ქალს შეუძლია ნაყოფის მოშორება. ეს არ არის გადამწყვეტი. უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სამ თვემდე ბავშვი არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს სიცოცხლის საკუთარი უფლება. პრობლემა აი რაშია: ჩვენ ვუახლოვდებით წერტილს, სადაც სამ, ორ ან ერთი თვის ნაყოფს შესაძლებელია შეუნარჩუნდეს სიცოცხლე აბორტის შემდეგაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ იმას, რაც დედას შეუძლია რომ განაცხადოს: ,, ეს ჩემი საკუთრებაა; ის ჩემი ნაწილია; მას არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა.“ მეცნიერება ჩვენი ნება-სურვილის ნებისმიერ დონეზე იწყებს შემოჭრას. და ჩემთვის ეს ძალიან საშიში სოციალური ტენდენციაა. მას საერთო არაფერი აქვს იმ უფლებასთან, გაიკეთებს დედა აბორტს თუ ნაყოფს შეინარჩუნებს. ეს ეხება მეცნიერების უნარს, შეუნარჩუნოს სიცოცხლე და მეცნიერების უნარს, აკონტროლოს ჩვენი ცხოვრება.
 
©monstruation.com
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული