• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ჩარლზ მენსონი – სვასტიკიანი დემონი

×
ავტორის გვერდი გლებ დავიდოვი 00 , 0000 3727
თარგმანი: პაატა შამუგია 
 
„არავინ. მე არავინ ვარ. მე ბომბი ვარ. მე მანქანის საბარგული ვარ, მე ღვინის წვენი ვარ და საშიში  სამართებელი, თუკი მომიახლოვდებით.“ ასეთი იყო მენსონის პასუხი კითხვაზე „ვინ ხართ თქვენ?“ 
 
ამ ადამიანმა, გრძელი თმითა და წარბებშორის ამოსვირინგებული სვასტიკით, მთელი ცხოვრება მიუძღვნა სასტიკ პერფორმანსს, რომელიც რიტუალური მკვლელობებით დაიწყო და დღემდე გრძელდება. 
 
უკვე 40 წელია, რაც ის სამუდამო პატიმრობაშია, მაგრამ ლეგენდა მის შესახებ უფრო და უფრო იზიდავს რეჟისორებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოეტებს... 
 
მის შესახებ უთვალავი წიგნია დაწერილი და არაერთი სიუჟეტი და ფილმია  შექმნილი. მას უძღვნიან სიმღერებს. ის გახდა არანაკლებ პოპულარული მოვლენა, ვიდრე "ბიტლსი". 
 
ის იქცა პოპ–კულტურის ემბლემურ ფიგურად. თვითონ ჩარლზს უშუალოდ საკუთარი ხელით არ ჩაუდენია არცერთი მკვლელობა, ის კი არა, ცხოველთა უფლებებს იცავს, მუსიკოსია და სიმღერების ავტორი. ამავე დროს, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. რატომ? 
 
1969 წელს ნიჭიერმა და უიღბლო ჩარლზ მენსონმა შექმნა კომუნა, რომელსაც შემდეგ „მენსონის ოჯახად“ მოიხსენიებენ. 
 
მარგინალი  ამერიკელი ახალგაზრდები მალევე შეურთდნენ  ამ დაჯგუფებას, მათ სახელები შეიცვალეს, ცხოვრობდნენ მართლაც ოჯახივით და ეძლეოდნენ თავისუფალ ცხოვრებას: ნარკოტიკები, სიმღერები, ჯგუფური სექსი, ერთი სიტყვით, ბედნიერად ცხოვრობდნენ. 
 
კომუნაზე მენსონის ზეგავლენა უსაზღვრო იყო. მას ჰქონდა არაადამიანური  უნარი, მოეჯადოვებინა ადამიანები. 
 
მენსონი გრძნობდა, რომ რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, რაღაც ისეთი... სიმღერები კი, რომელსაც ის ასრულებდა, ამისათვის არასაკმარისი იყო.
 
მალევე „მენსონის ოჯახის“ წევრებმა რამდენიმე საშინელი მკვლელობა ჩაიდინეს. მათი მსხვერპლები იყვნენ ჰოლივუდის პოპულარული და მდიდარი წარმომადგენლები. 
 
ყველაზე ცნობილი მკვლელობა მენსონის ოჯახის წევრებმა 1969 წლის 9 აგვისტოს ჩაიდინეს, კინორეჟისორ რომან პოლანსკის სახლში. 
 
მენსონის „დები“, ოჯახის ერთ–ერთი „ძმის“ მეთაურობით,  შეიჭრნენ პოლანსკის სახლში, დაცხრილეს და დანით წვრილად აკეპეს მისი ცოლი – კინოვარსკვლავი შერონ ტეიტი, რომელიც ორსულობის მეცხრე თვეში იყო. ტეიტს სახლში სტუმრებიც ჰყავდა, ისინი  ასევე იქცნენ „დების“ მსხვერპლად. 
 
ტეიტის სტუმრებს შორის იყვნენ ბურჟუაზიული ბოჰემის ცნობილი წარმომადგენლები – ჯეი საბრინგი (ჯიმი მორისონისა და ბრუს ლის სტილისტი) და ებიგეილ ფოლგერი (მულტიმილიონერი, კოფეინის „იმპერატორის“ შვილი).
 
ამის შემდეგ მათ მიყოლებით კიდევ ათეულობით სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს. 
 
და მიუხედავად ამისა, დღემდე ისმის კითხვა: რა იყო მათი მიზანი?  იყო ეს ანტიბურჟუაზიული პროტესტი? თუ უბრალოდ, ნარკომანების კაპრიზი? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი დღემდე არ არსებობს. 
 
მათ მკვლელობებს ხაზგასმით რიტუალური ფორმა ჰქონდა. ეს არ იყო უბრალო მკვლელობები და უფრო  მსხვერპლშეწირვის ცერემონიას ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ კრიმინალს. 
 
კარგა ხნის შემდეგ მენსონი და მისი „ოჯახი“ დააპატიმრეს.  და აქ იწყება ყველაზე მთავარი: 
 
მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფების წინააღმდეგ რამდენიმე ჩვენება მისი „ოჯახის“ წევრებმაც მისცეს, თავად ჩარლზის მკვლელობებში მონაწილეობას არცერთი მათგანი არ აღიარებდა და კბილებით იცავდნენ ოჯახის თავკაცს. 
 
რამდენიმე დღის შემდეგ მენსონის ადვოკატი გაქრა. მისი აკუწული გვამი ორიოდე თვეში იპოვეს, თუმცა მკვლელობის ჩამდენი დღემდე გაურკვეველია.
 
გრძელი სასამართლო პროცესის შედეგი ის იყო, რომ მენსონსა და მისი ოჯახის წევრებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა 1972 წელს უმაღლესმა სასამართლომ შეცვალა განაჩენი და მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 
 
კამათი ამ ისტორიის გარშემო დღემდე გრძელდება . 
 
2008 წელს გამოვიდა რომბერტ ჰენდრიკსონის ფილმი „მენსონის ბანდის შიგნით“, რომელშიც აღწერილია სასამართლო პროცესი. 2010 წელს კი გამოვიდა ფილმი „მენსონის გოგონები“ , მთავარ როლში ლინდსი ლოჰანი.
 
ფილმში ჩარლის ერთი გოგონა ამბობს: „ჩვენ ყველანი მივიჩნევდით, რომ მას ვეკუთვნოდით. და ერთმანეთს ჩარლის გოგოებს ვეძახდით. თავად ასე არ თვლიდა და ამბობდა, რომ ჩვენ ყველანი ჩვენ–ჩვენს თავს ვეკუთვნოდით. ჩვენ კი მაინც გვწამდა, რომ მისი კუთვნილება ვიყავით. 
 
ჩვენ ჩარლის გოგოები ვართ – მას სექსუალური კონტაქტი ყველა ჩვენგანთან ჰქონდა. ასევე ერთმანეთთანაც ვჟიმაობდით. მისი გულისთვის ყველაფერს ვაკეთებდით.“
 
მენსონის დაპატიმრებით თითქოს უნდა ჩამცხრალიყო მის გარშემო ლეგენდები, მაგრამ პირიქით მოხდა. ის იქცა ნამდვილ სუპერვარსკვლავად. არაერთი პოეტის, მწერლისა და მუსიკოსის მუზად. 
 
-------------------------------------------------------------------------------------------
 
როდესაც კონტრკულტურის ასევე ემბლემური ფიგურა, ტიმოთი ლირი, დააპატიმრეს,   „კამერაში მას ახალგაზრდა მცველმა წიგნები, თამბაქო და ტკბილეული შეუტანა:
 
„ეს ჩარლიმ გადმოგცა, მეზობელი კამერიდან.“
 
ლირი იგებს, რომ მეზობელ კამერაში ჩარლზ მენსონი ზის.
 
მენსონმა ლირის გამოუგზავნა „ბუდას სწავლება თანაგრძნობაზე“, უსპენსკის „სასწაულებრივის ძიებაში“, კასტანედას „დონ ხუანის სწავლება“ და ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“.
 
ლირი მიხვდა, რომ მას ბიბლიურ წინასწარმეტყველთან მოუწევდა შერკინება და სწორედ ამ დროს მოესმა ხმა მეზობელი კამერიდან:
 
„აი, შენც აქ ხარ. მრავალი წელი ვაკვირდებოდი შენს დაცემას. იცი, სად ვართ?“
 
„შენ ნამდვილად ხვდები, სად ვართ?“ – უმეორებს ჩარლი შეკითხვას.
 
„და სად ვართ?“
 
„მარადისობაში, ძმაო. ეს დასასრულია. თუ შენ აქ მოხვდი, ეს სამუდამოა. აქედან ჯერ არავინ გასულა.“[1]
 
 ------------------------------------------------------------------------------------------
 
[1] სტატიის ბოლოში დართული ამონარიდი ეკუთვნის ჟურნალ „ცხელ შოკოლადს“ (ავტ: დავით მაკარიძე)  http://shokoladi.ge/content/momavlis-istoria?page=3
 
[2]  ჩარლზ მენსონის ტექსტები: ბმული 1, ბმული 2
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული