• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ბიბლია პრეზიდენტისთვის

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 2256
წარმოიდგინეთ წიგნი, რომელშიც აღწერილია ქრისტე, იუდა, პეტრე, ზებედე, ღვთისმშობელი...
 
ქრისტე „შპაგატზე“ ჯდება, პეტრე აბოყინებს, იუდა ფულს ახურდავებს...
 
ერთი შეხედვით (პრინციპში, რაღა ერთი შეხედვით?) არასტანდარტული სურათია, მაგრამ დაახლოებით ასე იქცევიან კვიპრიანეს „ნადიმის“ პერსონაჟები. კვიპრიანე კართაგენის ეპისკოპოსი ყოფილა ადრეულ შუასაუკუნეებში, მისი ტექსტი კი სახარების ალტერნატიული, კომედიური ვერსიაა. ეკოს „ვარდის სახელში“ ეს ტექსტი დისკუსიის თემაც ხდება.
 
ისიც საინტერესოა, რომ ამ აკრძალული კომიკური აპოკრიფის ავტორი თავის დროზე წმინდანად შეურაცხავთ. არ ვიცი... შეიძლება, იმდროინდელი კლერიკალები ამ წიგნს არ იცნობდნენ, თორემ არა მგონია, მისთვის ერთი მოკრძალებული კოცონი დანანებოდათ.
 
კოცონი არა, მაგრამ მძაფრი ემოციები ახლაც ახლავს ხოლმე ასეთ არტ–აქტივობებს. არადა, რელიგიური თემების პაროდია/გადამუშავება მწერლების საყვარელი საქმეა: ჯიბრალი – „იესო ძე კაცისა“, მეილერი – „იესოს სახარება“, სარამაგო – „ღვთის ძის სახარება“, ტაქსილი – „სახალისო ბიბლია“, მილტონი - „დაკარგული სამოთხე“... ეს, უცებ რაც გამახსენდა. აპოკრიფებზე არაფერს ვამბობ, ეგ ცალკე თემაა.
 
შარშანდელ წელსაც არ ჩაუვლია ალტერნატიული სახარების გარეშე – ფილიპ პულმანმა გამოსცა წიგნი, რომელსაც ჰქვია „კარგი იესო და არამზადა ქრისტე“. როგორც მოსალოდნელი იყო, წიგნი ბესტსელერი გახდა და პარალელურად, ანათემას გადაეცა. ესეც მოსალოდნელი იყო.
 
პულმანს კარგა ხანს უწევდა ფანატიკოსების ლეგიონების მოგერიება, თუმცა ამ ამბებმა სერ ფილიპი ისე სოლიდური გახადა, რომ „ტაიმსმა“ 50 უდიდეს ინგლისურენოვან მწერალს შორის დაასახელა.
 
ახლა ისეთ დღეშია, ცარიელი ფურცელიც რომ გამოსცეს, უკვე ბესტსელერადაა ქცეული.
 
პულმანის წიგნი ახალი აღთქმის ალტერნატიულ ვერსიას წარმოგვიდგენს. იესო ქრისტე ტექსტში „გაორებულია“, უფრო ზუსტად, ორი კაცია, ორი ძმა – იესო და ქრისტე – სრულიად საპირისპირო ხასიათებით.
 
ეს „გაორება“ შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც მთავარი ბიბლიური კონვენციის თავისუფალი ინტერპრეტაცია – ქრისტე, როგორც ორი ბუნების, ორი ურთიერთგამომრიცხავი კონცეფციის (ღვთიურის და ადამიანურის) შემთავსებელი. ქრისტე, როგორც ოქსიმორონი, ბინარულ ოპოზიციათა ჯამი, ბოროტის და კეთილის ჭურჭელი.
 
იესოს ასეთი თავისუფალი გააზრება პოსტმოდერნისტ ლიტერატურისმცოდნეებს ახალი თეორიების შექმნის მიზეზს აძლევს. თუმცა, თავად სამწერლობო შესრულების მხრივ დიდი ვერაფერი. მაგალითად, მეილერის „იესოს სახარებასთან“ ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ როგორც ფაქტი, ძალიან საინტერესოა და ნაწერიც კარგადაც იკითხება.
 
ამ ლინკზე კი შეგიძლიათ ნახოთ პულმანის ავტოაპოლოგია, სადაც ის მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.
 
და რახან მედიაზე ჩამოვარდა სიტყვა, რუპერტ მერდოკს გვერდს ვერ ავუვლით. თანაც თემას პირდაპირ (მე ვიტყოდი, ზედმიწევნით პირდაპირ) უკავშირდება.
 
მერდოკის მედია–იმპერიას წყალი რომ შეუდგა და თვითონ მედია–მაგნატს ციხე ემუქრება, ეს ყველამ იცის. მაგრამ ცოტამ იცის მისი განსხვავებული საქმიანობის შესახებ. დიდად განსხვავებულიც არაა, ისიც მედია–პროდუქტია, მაგრამ პროფილი აქვს მკვეთრად გამორჩეული. ერთი სიტყვით, მერდოკი არის ბიბლიის ყველაზე მსხვილი გამყიდველი მთელ მსოფლიოში.
 
დავაზუსტებ: რუპერტ მერდოკმა სხვა მედია–გიგანტებთან ერთად შექმნა გამომცემლობა Zondervan, რომელიც მალევე იქცა ბიბლიის და სხვა რელიგიური წიგნების ყველაზე დიდ მონსტრად მსოფლიოში. ძველი და ახალი აღთქმა, აპოკრიფები, ქრისტიანი ავტორების მხატვრული ტექსტები, თეოლოგიური და თეოსოფიური ნაშრომები...
 
მერდოკი ბიბლიასაც ნოვატორულად და შემოქმედებითად მიუდგა და მთელი მარკეტინგული სვლები დაამუშავა იმისათვის, რომ ბიბლიაც ისევე გაეყიდა, როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტი. ცხადია, შიგთავსს ვერ შეცვლიდა, სამაგიეროდ ახალი, ხმამაღალი, ლამის სკანდალური სათაურის მქონე ბიბლიების მთელი ციკლი გამოსცა:
 
* ბიბლია ოქროს ყდით;
* სამგზავრო ბიბლია;
* ბიბლია მომხიბლავი პრინცესასთვის;
* საქმიანი დედის ბიბლია;
* სათავგადასავლო ბიბლია
* კამუფლირებული ბიბლია
* იესო პრეზიდენტისთვის... და ა.შ.
 
შედეგი ისაა, რომ მერდოკის ბიბლიები მსოფლიოში მილიონობით ტირაჟით იყიდება, მომხმარებლები მას პირდაპირ დახლებიდან იტაცებენ, გამოცემამდე რამდენიმე თვით ადრე ჯავშნიან, უკვეთენ ახალ სათაურებს, მაგ: ბიბლია პატარა ჯეიმსისთვის (შვილის სახელი), ან ბიბლია აწ გარდაცვლილი აგრაფინასთვის.
 
მერდოკის სტრატეგიამ გაამართლა, როგორც ყოველთვის. მართალია, მას ციხე ემუქრება, მაგრამ მისი გამომცემლობა Zondervan, სავარაუდოდ, არ დაიხურება და გააგრძელებს ახალი მჭახესათაურებიანი ბიბლიების გამოცემას.
 
როგორც ჩანს, ჩვენმა სასულიერო პირებმა ამ ინიციატივის შესახებ ჯერ არაფერი იციან. არადა, ბიზნესის ცოდნას და ალღოს ვერ დავუკარგავთ, იციან ეს საქმე აშკარად. ხატები, სანთლები, ნათლობები, სახლის და მანქანის კურთხევები სარფიანი ბიზნესია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მერდოკის ამ სტრატეგიას საქართველოშიც გადმონერგავენ.
 
მე ვთავაზობ, შეუკვეთონ გამომცემლობა Zondervan–ს და გააკეთონ „ბიბლია მიხეილ სააკაშვილისთვის“, ან სულაც „ბიბლია მინისტრთა კაბინეტისთვის“, ბოლოსდაბოლოს, „ბიბლია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის“. ეგენი მაგის წამკითხავები არ არიან, მაგრამ მაინც...
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული