• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მტერი

×
ავტორის გვერდი გია მარიამიძე 00 , 0000 8658
‘"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი’’. 
 
ვაჟა-ფშაველას ამ სიტყვებს შემდეგნაირად განმარტავენ ხოლმე: შენ რაღაცას ქმნი, ამიტომ  მოშურნე მტრები გყავს, ამას უნდა შეეგუო და იამაყო კიდეც. ესაა მორალური კომპენსაცია, რომელიც მტრების ყოლის დისკომფორტს აბალანსებს.  
 
მტრის მეშვეობით  საკუთარი თავის გააზრება,  სხვისი თვისებების,  როგორც ცუდის  აღწერა და ამის საპირისპიროდ, საკუთარი თავის, როგორც კარგის გააზრება ადამიანური თვისებაა. ძალიან ადამიანურიც კი. 
 
პირადი მტერი პირადი სატკივარია, მაგრამ არსებობს გლობალური,   საკაცობრიო მტერი: გენოციდი, რასიზმი, დისკრიმინაცია, კრიმინალი და შესაბამისად - ამ ყველაფრის ჩამდენი. 
 
ეს გლობალური ბოროტებები მაინც არაფერია  ცალკე ადამიანის  და სრულიად კაცობრიობის ‘’უჩინარ ‘’მტერთან შედარებით. ის ჩვენს ირგვლივ და ჩვენშია, მათ ვერ ვხედავთ მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ადამიანთა შორის მომხდარი ყოველგვარი ნეგატიურის პირველწყარო სწორედ ისაა. 
 
ეს მტერი ბაქტერიაა (ეპიდემიებზე ,  პანდემიებზე და ეფექტურ ანტიბიოტიკებზე საუბარს არ ვაპირებ). 
 
განრისხება, აგრესია და მოწინააღმდეგის სიძულვილი კონკრეტული განცდაა - გძულს  რომელიმე ადამიანი, ჯგუფი,  რაიმე მოვლენა. რატომ გძულს  ვინმე თუ რაიმე? პირადმა მტერმა რაღაც  დაგიშავა, წაგართვა, დაგამცირა, მოგატყუა... განზოგადებული მტერი კი შენს ქვეყანას ვნებს, შეთქმულებებს გიწყობს, იდენტობას გართმევს და შენი წარუმატებლობაც მის ვერაგობას შეგიძლია მიაწერო. 
 
სიძულვილი ძლიერი ემოციაა, მაგრამ ის ზიზღს მაინც ვერ შეედრება. ვინმეს ან რაიმეს მიმართ ზიზღი უარყოფითი დამოკიდებულების უმაღლესი ფორმაა.  წმინდა-უწმინდური, სუფთა -ბინძური -  სამყაროს ამგვარ ბინარულ ოპოზიციებად დაყოფა კაცობრიობისთვის საყოველთაო მოვლენა და კულტურის ჩამოყალიბების მთავარი ელემენტია. ადამიანი ცდილობს  სიძულვილის ობიექტი ჭუჭყთან, სიბინძურესთან, უწმინდურებასთან გააიგივოს.  ჰიგიენურის ან აჰიგიენურის განცდა ადამიანის  ფსიქიკის შემადგენელი და მოქმედების განმაპირობებელი ფაქტორია. 
 
როგორ ხვდება ტვინი, რა უნდა შეეზიზღოს და რა – არა? ამ კითხვაზე პასუხია:  სუნი! ეს ევოლუციის შედეგად წარმოქმნილი რეფლექსია -  რაც ყარს, უნდა ერიდო!  ტვინი გატყობინებს, რომ ის აჰიგიენურია და სიცოცხლისთვის საშიში - თუ შეჭამ, მოიწამლები. 
 
ორგანული ნივთიერებს ბაქტერიები ხრწნიან. ისინი იკვებებიან, შლიან ქსოვილს და ამ პროცესში ჰაერში  გაზებს  გამოყოფენ, რასაც ადამიანი სიმყრალედ შეიგრძნობს. ამ მარტივი რეფლექსით გამოწვეული ზიზღის განცდა კი საფუძვლად უდევს კაცობრიობის ისტორიას. ყოველგვარ -  ქსენო, ეთნო,  ჰომო, რასობრივ, კონფესიურ და სხვაგვარ  ფობიებს  ზიზღის განცდის უნარი ასაზრდოვებს. არ განაპირობებს, ადამიანს სიძულვილისთვის სხვა მიზეზები აქვს, მაგრამ მოძულეს მიმართ მაქსიმალურად უარყოფითად რომ განეწყოს, ბაქტერიების მიერ გამოყოფილი აირის მიმართ გამომუშავებული ზიზღის გრძნობა უნდა მოიშველიოს. 
 
ევოლუციამ ადამიანის მიმართ მწარედ ‘’იხუმრა’’. ბიოლოგიურ სახეობად ჩამოყალიბების პროცესში შეძენილი  ზიზღის განცდის  უმარტივესი რეფლექსი კაცობრიობის კულტურის ჩამომყალიბებელ ერთ–ერთ მთავარ ფაქტორად იქცა. ადამიანმა მალფუჭებადი საკვების მიღებით მოწამვლის თავის ასარიდებლად გამომუშავებული რეფლექსი   არადანიშნულებისამებრ, ყოველგვარი უცხოს წინააღმდეგ გამოიყენა. ეს მოგვიანებით მოხდა, მას მერე რაც ადამიანებმა სიძულვილი დახვეწეს და ნაირგვარ, პოლიტიკურ თეორიებად აქციეს.
 
ყოფაშიც ამ ზიზღიდან  მოდის გამოთქმები - "ფუი შენი, ხფთუ!" , "ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ! ’’(შეფურთხება სხვისი დამცირების ხერხია , თუმცა თუ დავუკირდებით, გამოდის რომ პირი იმდენად ბინძურია, რომ სხვა შეფურთხებით იბილწება). ამ ჟესტით სხვას აჰიგიენურ ობიექტად მიიჩნევ. "შე ნაგავო!" - ესეც ერთ-ერთი აჰიგიენური  შეურაცხყოფა...  საინტერესოა, რას თვლის ადამიანი ნაგვად? ბუნებაში ნარჩენი არ არსებობს - იქ ყველაფერი ჰარმონიულია. ნაგავი ადამიანმა შექმნა. 
 
"შე  ჭუჭყო", "შე თახსირო", "შე გარყვნილო", "შე მაწაკო" და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი სუნს უკავშირდება. ხრწნა და ლპობა კი ქვეცნობიერში სიკვდილის სინონიმია. ადამიანი სიკვდილს გაურბის - ეს ყოფითი დეტალები კი მას მიანიშნებს, რომ ისიც მოკვდავია, რომ თვითონაც  გაიხრწნება მიწაში. 
 
ბედის ირონიით ადამიანს პირველადი სასქესო ორგანო და ცხოველმყოფელობის შედეგად ორგანიზმში წამოშობილი ნივთიერებების გამოყოფის ორგანო  ერთად  აქვს –  ვაგინა და შარდმდენი მილი. ასევე   საჯდომი და უკანა, ანალური ხვრელი. არ ვიცი, ბუნების ხრიკის - ევოლუციის შედეგად მოხდა ასე, თუ ღმერთს შავი იუმორი უყვარს. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: სასქესო ორგანოებს ადამიანი იფარავს და მათი გამოჩენა სირცხვილად ითვლება არა იმიტომ, რომ სექსი და სასქესო ორგანოებია სასირცხვილო, აქ იქვე ახლოს მდაბარე ორგანოებია დამნაშავე. სექსუალობის, სიშიშვლის და ზოგადად სექსის მიმართ სირცხვილი და ხშირად ზიზღისმაგვარი განცდით გამოწვეული რეაქციები(აკრძალვის მოთხოვნა)  სინამდვილეში ამ სასქესო და გამომყოფი ორგანოების ფიზიოლოგიური სიახლოვით გამოწვეული ასოციაციური შეგრძნებაა . 
 
სქესობრივი მომწიფების და სექსუალური ინტერესის გაჩენისთანავე  გაორებული განცდა ალბათ ყველა ბავშვს უჩნდება.  სხეულის მიმართაც ლტოლვა გაგიჩნდა, ის შენთვის მნიშვნელოვანი გახდა, მაგრამ   სხეულის ის ადგილი, რომელიც სექსუალობას ყველაზე მეტად გამოხატავს სექსუალური ლტოლვის გარდა სხვა - არაჰიგიენურ განცდებსაც გახსენებს. ვერ ურიგდები უსამართლობას - ასე არ უნდა იყოს სხეული ‘’მოწყობილი’’ . ეს განცდა მენტალური ბარიერია, რომლის გადალახვა-არგადალახვა ადამიანის ფსიქოტიპს და შესაბამისად, სამომავლო ბედსაც დიდწილად განსაზღვრავს. 
 
ადამიანისთვის მტრის მიმართ ზიზღი ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ შოკისმომგვრელია  როდესაც ზიზღისმაგვარს  გრძნობ იქ,  სადაც სიამოვნების და სიწმინდის განცდას ელი. ეს ურთიერთგამომრიცხავი ემოციები  ცნობიერების გახლეჩას იწვევს. აჰიგიენურის განცდა ყველაზე მძლავრი მაშინ ხდება, როცა ის მოუხელთებელია ანუ სხვა ემოციებთან არის შერეული და გონების დაძაბვაა საჭირო,   ურთიერთსაპირისპირო ემოციებით გამოწვეული შოკი და დაბნეულობა რომ გაიაზრო..  
 
ბავშვის ასაკიდან ამ გადაულახავი მენტალური ბარიერებით გამოსული ზრდასრული ადამიანი, რაკი საკუთარ თავში  ვერაფერს ცვლის, ცდილობს ირგვლივ შეცვალოს რაღაც. საკუთარი შინაგანი პრობლემები რომ არაფერმა შეახსენოს, მოითხოვს შიშველის სხეულის  ტელევიზორში, კინოთეატრში, ჟურნალში და ასე შემდეგ გამოჩენის აკრძალვას. ღიზიანდება თამამად ჩაცმულობის, ვარცხნილობის, ქცევის ხილვით და ყველაფერ ამას სიბინძურედ და გარყვნილებად თვლის. 
 
ამდაგვარი განცდები პირდაპირ უკავშირდება კულტურის განმსაზღვრელ ორ მთავარ მოვლენას - სექსს და სიკვდილს. მუდმივად აკრძალვებზე ორიენტირებული ადამიანები მიდრეკილი არიან გარემოს ორ-ბინძურ და წმინდა ნაწილად დაყოფისკენ და მთელს დროს ამ ‘’წმინდას ‘’  ‘’უწმინდურისგან’’ დაცვაში ხარჯავენ. მათთვის პირობითობა არ არსებობს: ყველაფერი სწორხაზოვანია და შავ-თეთრია. ისინი გარე სამყაროს მარტივი ფორმულებით კონსტრუირებას ცდილობენ და კულტურის რთული ფორმები - დილემა, პარადოქსი, აბსურდი,ირონია მათთვის უბრალოდ არ არსებობს, მათ ჭეშმარიტება ‘’იციან’’ და იცავენ. ცხოვრების სიამოვნების განცდით შეცნობა მათთვის  მიუღებელია და სხვასაც უშლიან იმას, რაც თვითონ არ ძალუძთ.  
 
ასეთი ტიპის ადამიანები ავსებენ  ფაშისტური პარტიების და რელიგიურ ფუნდამენტალისტური მრევლის რიგებს. მარტივი და უპირატესობაზე დამყარებული იდეოლოგიები მათთვის გასაგები და შვებისმომრგვრელია. ასე და ამგვარად ბაქტერიები ჩვენს ცხოვრებაში განუზომელ როლს თამაშობს -ისინი დიდწილად ადამიანთა კულტურას განაპირობებენ. 
 
თუმცა სხვა ტიპის "კარგ" ბაქტერიებს ჩვენთვის სარგებელიც მოაქვთ - მათ გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა ჩვენს პლანეტაზე.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული