• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

 Imagine

×
ავტორის გვერდი ილია დობაძიშვილი 00 , 0000 1574

აქ ვწევართ ერთად 
და ჩვენზე ისევ 
საგზაო ნიშნით გადადიან ტროტუარები.   
                     ისქეიფ 

საღამოსპირი, 
ზაფხულის ასე რვა ან ათი საათი. 
ჟანგისფერი ლამპიონების უსინათლობა, 
დუმილივით განიერი სკამები, 
ულიმიტო ნიკოტინი, 
შუქნიშნებს ათასჯერ ნანახი სიზმრებივით 
ეტმასნებიან მანქანები 
და მაინც სძინავთ წითელზე. 
ნახევრადგადაწეული ფარდაგები 
ზურგსუკან ფანჯრებში. 
სადღაც ზღვა - 
გვამებთან ერთად რიყავს მდუმარე თევზებს, 
სადღაც შეხვედრის შორეული სურვილი 
ტოკიოს აეროპორტიდან 
უსასრულოდ დააცურებს საშუალო ხნის მამაკაცს, 
დუმფარებს ლეწავს ქარი. 
და სამხრეთის წყალდიდობები 
ყველა ენაზე ლაპარაკობენ. 
სანამ გაფერმკრთალდება მთვარე, 
კანს დავიფხაჭნი შენთვის სათქმელი ტყუილებით, 
შიმშილი შეჭამს სიტყვებს. 
პარალელურ ქუჩაზე, 
ფერადი ნათურებით გამართულ ბაღებში, 
ყურისმომჭრელი ხმაურია. 
შეყუჟულან დანარჩენები. 
ხმები იზრდებიან. 
მე ვფიქრობ; უწვიმარ ასფალტზე 
როგორ ზიხარ თმაგაშლილი 
და თაფლისფერი 
დაღლილი მხრებით. 

დავჩერებივარ ორივე ხელს; 
"რა მარტივია შემთხვევით გავცდე ყველაფერს". 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული