Animal Planet 





პროზა

Animal Planet 




ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით, ნაკლებად საზრიანთა – გამოცდილებით, უმეცართა - აუცილებლობით, ცხოველთა – ბუნებით.
მარკუს ტულიუს ციცერონი

შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ...
ირაკლი ჩარკვიანი


- რამდენიმე თვის წინათ, ერთ შაბათ საღამოს კორპორატიული წვეულების ბოლოს უცნაური რამ დამემართა. ან იქნებ, არც ისე უცნაური... თავად განსაჯეთ. ვეცდები ყველაფერი თანმიმდევრულად გავიხსენო...
- დიახ. აბა, გისმენთ.
- მოკლედ, ჩვეულებრივი Corporate Party გვქონდა. ბოლოს ყველაფერი უზღვავი ალკოჰოლით, საერთო აურზაურითა და ორგიული აღტკინებით რომ სრულდება, ისეთი. ამ დროს ვცდილობთ ერთმანეთს არ ჩამოვრჩეთ და როგორი თავდადებითაც ვშრომობთ, ისეთივე თავგანწირვით ვიმხიარულოთ. უკვე გვიანი ღამე იდგა, ოფიციალური ნაწილი მორჩენილიყო, სინათლე ჩაემუქებინათ და დარბაზის შუაგულს კორპორაციის ოქროსფერი ლოგო ანათებდა. დიჯეი მუსიკას, რეფრენად კორპორატიული ჰიმნი რომ გასდევდა, გამაყრუებელ ხმაზე აღრიალებდა. სმის, ცეკვისა და ფინანსური განყოფილების თანამშრომლის ხელების ფათურისგან აწითლებული სკამზე დავეშვი და ვიგრძენი, რომ ადამიანი და ჩვენი კორპორაციის რიგითი წევრი კი არა, რომელიღაც იშვიათი ჯიშის ცხოველი ვარ. ჯერ კარგად ვერ მივხვდი, კერძოდ რომელი – ახალზელანდიური თხა, აფრიკული ანტილოპა თუ ზოლებიანი აფთარი, ან შესაძლოა ყველა ეს და სხვა ცხოველი ერთად. ფეხებზე დავიხედე. მერე ოდნავ წამოვიწიე და კაბაში გამოკვართული უკანალი შევითვალიერე. მშვიდად ველოდი, რომ შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩლიქებით შემეცვლებოდა, ტანი ხშირი (იმედია, მოკლე) ბეწვით დამეფარებოდა, უკან კუდი გამომებმებოდა, ხოლო კოხტა თავზე კურდღლის ლურჯი ყურები ამომეზრდებოდა. რატომ ლურჯი? არ ვიცი. ვიდრე ადამიანი ვიყავი, დევიდ ლინჩის ფილმების ყურება მიყვარდა და ალბათ იმიტომ.
მაგრამ არცერთი ეს ფიზიკური სახეცვლილება არ მომხდარა. მეც დავმშვიდდი და თანამშრომელმაც ფინანსური განყოფილებიდან... და ისაა.. დეტალებიც აუცილებელია?
- დიახ. თუ შეიძლება, ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი გახსოვთ..
- კარგი. ვეცდები... მოკლედ, ის, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა და თანამშრომელმაც ფინანსური განყოფილებიდან შემდეგი ცეკვა და სუფთა ჰაერზე გასეირნება შემომთავაზა.. ვიცი მე ამათი სუფთა ჰაერი, მაგრამ წესი წესია და პირდაპირ არავინ გეტყვის: “იცით რა, დღეს საღამოს ამდენ ლამაზ ქალში მაინცდამაინც თქვენ ამოგარჩიეთ. მინდა მხოლოდ თქვენ გაგჟიმოთ და დააფასეთ, თუ შეიძლება.” და მართლაც, როგორ შეიძლება არ დააფასო, რომ სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც თვეების განმავლობაში შეიძლება ოფისის ჰოლში ან ლიფტში მოკრა წამიერად თვალი, მთელი საღამოს მანძილზე მხოლოდ შენითაა გატაცებული. მხოლოდ შენი ნაღვლიანი თვალები და მრგვალი ტაკო აინტერესებს. მერე რა, თუ ხვალიდან ისევ ისეთი უცხო გახდება და იმავე დერეფანსა თუ ლიფტში შემთხვევით გადაწყდომისას მხოლოდ თავაზიანად გაგიღიმებს. სერიალის ცქერის დრო აქ არავის არ აქვს. ყველაფერი ძალიან მარტივია. გამოგარჩიეს, დააფასე! სუფთა ჰაერზე გაჰყევი და თუ საჭირო გახდა, მის მუხლებთანაც ჩაიცუცქე.
შემდეგი ცეკვა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოკლე აღმოჩნდა, ხოლო სუფთა ჰაერი – შენობის ავტოპარკინგი. როგორც ჩანს, თანამშრომელს ფინანსური განყოფილებიდან ციფრებთან ყოველდღიური ომისა და ოჯახური რუტინის გამო სისხლში ადრენალინის დიდი დოზებით გამოყოფის მოთხოვნილება ჰქონდა და მანქანის რბილ სალონში განმარტოებას ღია და ხალხმრავალ ცისქვეშ ექსტერმალური სექსი არჩია. ამიტომ იქვე, რომელიღაც მანქანის წინაფრთაზე მიმასრისა და ზურგიდან ვნებიანად მომეხვია. ცოტა ხნით ყურსა და კეფაზე ალკოჰოლსა და ძვირფას სუნამოში არეული ოხშივარი მაორთქლა, ცოტა ხნით მკერდსა და მუცელზე მეალერსა და ასევე ცოტა ხანში ვიღაცის ლურჯი სედანის ცივსა და პრიალა ემალზე სახით მიკრული კლასიკური “დოგსტაილის” პოზიციაში აღმოვჩნდით.
სწორედ ამ დროს უკვე მეორედ მომეჩვენა, რომ ადამიანი და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მშვენიერი ქალი კი არა, რომელიღაც გაურკვეველი ჯიშის ცხოველი ვარ. მაგრამ რამდენიმე წუთში ზემოთაღნიშნულმა მდგომარეობამ, თუ კიდევ რაღაც სხვამ ცხოველის სახეობის დაკონკრეტებისკენ მიბიძგა და თანდათან გავაცნობიერე, რომ სხვა არაფერი ვარ, თუ არა უბრალო ძაღლი. თანაც, რომელიმე ჯიშიანი და ბეწვდავარცხნილი მაღალფეხება დოგი კი არა, ჩვეულებრივი ქუჩის ძუკნა! რომელიღაც უთვისტომო და მოხეტიალე მაწანწალა. ვერ გეტყვით, რომ იმ დროს ამ აღმოჩენის ანალიზის ან წარმომავლობის გამო განაწყენების თავი მქონდა. მოცემული მომენტით ტკბობას უკვე სრულიად გონებადაბინდული მივცემოდი და სიამოვნების აღმავალ საფეხურებს ოთხივ ძაღლურ ფეხზე ენერგიული ხტომით მივუყვებოდი. ყველაფერი ისე ნამდვილი იყო, ისე ბუნებრივი... რომ კონტროლი სრულიად დავკარგე, საერთო კულმინაციისას ძაღლივით დავიწკმუტუნე და თანამშრომელს ფინანსური განყოფილებიდან ჩემს თმაზე ჩაფრენილ ხელზე მაგრად ვუკბინე.
- შემდეგ? განაგრძეთ.
- შემდეგ არაფერი... სწრაფად მოვწესრიგდი და მოულოდნელობისა თუ ტკივილისგან გაოგნებული თფგ-სთვის არც კი შემიხედავს, იქაურობა ისე დავტოვე... ტაქსი დავიჭირე... სახლში მივედი... სწრაფად ჩამეძინა და საერთოდ, იმ ღამით ღრმა, უსიზმრო ძილით მეძინა, მაგრამ ახლადგაღვიძებულს თავში სრული ქაოსი დამხვდა – სხვადასხვაგვარი, დანაწევრებული და ერთმანეთთან დაუკავშირებელი სურვილები და შეგრძნებები. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ ნაბახუსევს. ეს რაღაც აბსოლუტურად უცხო და გაუგებარი რამ იყო, თითქოს წინა ღამით ჰალუცინაგონების მთელი შეკვრა მეყლაპოს.. საკუთარი თავის დაბრუნებას ამაოდ ვცდილობდი, რამე ხელჩასაჭიდს ვეძებდი. იმას, რაც ჩვეულებრივ ყოფით რიტუალებთან და ნაცნობ საგნებთან დამაბრუნებდა – იქნებოდა ეს კვირა დილის უსაქმურობა, საწოლში ნებივრობა, შხაპის ქვეშ თვალდახუჭული ბანაობა, თუ ყავის მოხარშვისა და სმის პროცესი. მაგრამ არაფერი მინდოდა, რადგან არაფერს არ ჰქონდა სახე, ფერი, გემო. ან იქნებ ჰქონდა. იქნებ მინდოდა. სწორედ ეს უნდა გამერკვია... რა...
ასეთ დროს ვის უნდა მიმართო, თუ არა ყველაზე ერთგულ მეგობარს? მეც ჩავრთე პერსონალური კომპიუტერი, გავხსენი ჯერ ყოვლისშემძლე Google,, მერე Yahoo, და გამახსენდა რომ Yahoo ნიშნავს “პირუტყვს” და ხოლო თუ სიტყვა-სიტყვით გავშიფრავთ, ეს არის Yet Another Hierarchical Officious Oracle (კიდევ ერთი აბეზარი იერარქიული წინასწარმეტყველება). გამეცინა. ჯერ ვნახე რამდენიმე ელექტრონული წერილი, რომელზე პასუხის სურვილიც არ გამჩენია, შემდეგ შევედი საძიებო სისტემაში და სიტყვებიდან “ტყე, ჯუნგლი, ზოოპარკი, ცხოველები.. მარტორქა, მაიმუნი, ზღარბი, ძაღლი...” უკანასკნელი ავკრიფე და წავიკითხე:
ძაღლი (Canis), - ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 50-160 სმ, მასა 6-80 კგ-ს აღწევს. აქვთ რამდენადმე წაწვეტებული დინგი, დაცქვეტილი ყურები, მსხვილი და მძლავრი ეშვები. იკვებებიან ცხოველებით. ზოგი ჭამს მძორს, ბოსტნეულს, ხილს და სხვ. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. შობენ 1-19 უსუსურ ლეკვს. გავრცელებული არიან ყველგან გარდა ანტარქტიდისა, ახალი ზელანდიისა, მაგადაგასკარისა, ლულავესისა და სხვა ოკეანური კუნძულისა. გვარში 9 სახეობაა. ძაღლის გვარს მიეკუთვნება შინაური ძაღლი (C. familiaris), რომლის წინაპარია მგელი.
ჩავფიქრდი.. ცხოველების სიყვარულით არასდროს გამოვირჩეოდი. ბავშვობაში ძაღლის ლეკვი მაჩუქეს, რომლითაც თავდაპირველად აღვფრთოვანდი, მაგრამ მერე მალე მომბეზრდა და დედაჩემმაც სასწრაფოდ გააქრო, მოაშთო, გააჩუქა-გაასხვისა. ერთხელ კიდევ შუა ქუჩაზე დაგდებული კატის უსუსური კნუტი დავინახე, ვიღაცას თოკით თათები გადაება და ავტომობილების გასასრესად გაემეტებინა, ალბათ იმის შესამოწმებლად აქვს თუ არა კატას 9 სიცოცხლე. ვერ ვიტან გასრესილ რაღაცეებს. ყურძნის მარცვალსაც კი.. მით უფრო, ტარაკნებსა და ნაწლავებგადმოყრილ ცხოველებს. მაჟრიალებს. ამიტომ ავტომობილს წინ გადავუხტი და კნუტი ტროტუარზე გადმოვიყვანე. იმ კატის გახსენებამ ახლაც შემაკრთო და ვიგრძენი, როგორ ამეშალა კანზე ბეწვი. ალბათ მომშივდა კიდეც, რადგან რაღაცაზე კბილის გაკვრა მომინდა, მაგრამ ცარიელ სახლში ვერაფერი ვიპოვე. ტელეფონით პიცა შევუკვეთე, საიდანაც მხოლოდ ბეკონი ამოვარჩიე, გავღეჭე, თვალები დავხუჭე და ახლა უკვე მესამედ, მაგრამ ძალიან ცხადად ვიგრძენი, რომ ცხოველი ვარ. პრიმიტიული, ოთხფეხა, ბანჯგვლიანი ცხოველი, რომელიც მხოლოდ ინსტიქტებით ცხოვრობს, რომელსაც ჭამა, ძილი და ხმამაღალი ყმუილი უნდა. რომელსაც შიმშილის აუტანელი გრძნობა აწუხებს და ახლა ყველაზე მეტად ნადირობა, სისხლიანი ხორცი და მისი ძიძგნა დაამშვიდებს...
- და.. მერე?
- არა, განსაკუთრებულს ნურაფერს ელოდებით. ტყეში სანადიროდ, რა თქმა უნდა, არ გავვარდნილვარ და არც ქუჩაში გამომიღადრავს ვინმესთვის ყელი, არც სარკის წინ დამითვალიერებია სხეული, უკეთეს შემთხვევაში, პფაიფერისეული ქალი-კატასა და უარეს შემთხვევაში, ოდესღაც წაკითხული გრეგორ ზამზასეული მეტამორფოზის შიშით.. ეს ყველაფერი ჩემს თავში ხდებოდა. მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გონებაში. გონების კონტროლს კი ჯერჯერობით ვახერხებდი და არც რაიმე დისკომფორტს ვგრძნობდი. ან იქნებ ასე უკეთესიც იყო. ბოლოს და ბოლოს, უკვე ის მაინც ვიცოდი რა მინდოდა, რა - არა და ამიერიდან თავსაც ზედმეტი ფიქრით აღარ ავიტკიებდი.
ორშაბათ დილითაც პიჯაკსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა და მაღალ ქუსლებზე შემდგარმა შევაღე ჩემი მრავალსართულიანი ოფისის კარი და შენობაში შესვლისთანავე შაბათი საღამოს გმირს შევეჩეხე. თანამშრომელი ფინანსური განყოფილებიდან ჰოლში იდგა და პირველი, რაც შევამჩნიე, მისი აკურატულად შეხვეული მაჯა იყო. თვალის არიდება აშკარად არ გამოდიოდა. ამიტომ მისალმების ნიშნად თავი ოფიციალურად დავუკარი და მისი მხედველობის არეალიდან სასწრაფოდ გაქრობა ვინატრე. ლიფტი, როგორც იქნა, მოვიდა, მაგრამ თფგ-ს დაჟინებული მზერისგან ვერ მიხსნა. რადგან კაბინაში ისიც ჩემთან ერთად შემოვიდა და გვერდით დამიდგა.
- როგორ ხარ? – მკითხა ასე გვერდიდან გადმომაცქერალმა.
- კარგად, მადლობა, - ვუპასუხე ცივად ლიფტის მანათობელ ტაბლოზე მზერამიყინულმა.
- ერთი სული მქონდა როდის გნახავდი, - ჩემკენ კიდევ უფრო გადმოხრილიყო და ახლა უკვე სულ ახლოს ჩამესმოდა მისი ჩურჩული.
- ჰოო? – უაზროდ ჩავეკითხე, 4, 5, 6.. ტაბლოზე ანთებული სართულების რიცხვს ვითვლიდი.
- ჰო. ძალიან მენატრებოდი, - ტუჩებით ლამის უკვე ყურზე შემხებოდა. დანარჩენი მგზავრებიც დაუფარავი ინტერესით გვიცქერდნენ და რადგან არ ვიცოდი როგორ მომეშორებინა, თავი მივატრიალე და ასე კობრასავით კისერწაგრძელებულმა აგრესიულად ჩავსისინე:
- ჩუუუ!
- რაა?
- მომშშშორდი!!!
- მმმ... ჭკუიდან შემშლელი ხარ.. ან ის რა იყოო.. როგორ მიკბინეე.. – განაგრძო ჩუმი და არეული ბოდვა-ღმუილი და მივხვდი, რომ უარესად აღვაგზნე, მგზავრებს შორის სწრაფად გავძვერი და კარი გაიღო თუ არა, ლიფტიდან გავვარდი. აჩქარებული ნაბიჯით ავუყევი ჩემი სამუშაო ოთახისკენ მიმავალ კიბეებს. თფგ კი, როგორც ჩანს, სრულ ჭკუაზე მართლა ვერ იყო. უკან გამომედევნა და მკლავში მწვდა.
- სად მიდიხარ. დაიცადე..
- რა გინდა?
- შენ!
- მე არ მინდიხარ. თავი დამანებე! რა უფლება გაქვს?
- მაქვს.
- რაა? ჩემზე ძალადობის უფლება გაქვს? ახლავე დაცვას დავუძახებ. მიშვეე...
მაგრამ დაყვირება ვეღარ მოვახერხე, რადგან პირზე ხელი ამაფარა, თავი დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. ჩასისხლიანებული თვალები ჰქონდა, მზერა - არეული და დაბინდული. ველური ნადირის სუნი ასდიოდა. და მეც უცებ ისე მოვეშვი და მოვიღვენთე, ისე თითქოს მაუგლივით წარმოეთქვას ჯუნგლის კანონადქცეული სიტყვები: “ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ. მე და შენ!” მოვეშვი და თანამშრომელმა, თუ ახლა უკვე თანაჯოგელმა დრო იხელთა, ხელი დამავლო და კიბეებზე მიხრჩობილი ირემივით ჩამათრია. მერე სადღაც, რომელიღაც კარს ხელი კრა და დამლაგებლებლების გარდერობში აღმოვჩნდით. ცოცხებითა და სარეცხი საშუალებებით სავსე პატარა, ბნელსა და ვიწრო ოთახში...
- ამბობთ, რომ ამჯერად ეს უკვე თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა?
- არა, არა.. არაფერს არ ვამბობ. უბრალოდ... ადრე თუ ვინმესთან ვწვებოდი, ამას ათასგვარი მიზეზი ჰქონდა. თავდაპირველად ეს ხდებოდა მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანის პოვნის იმედით. მერე მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ, სიყვარული არ არსებობს. დიდად არც ოჯახის შექმნა, შვილები, ახალ-ახალი ვალდებულებები და ცხოვრების გართულება მჭირდება და შემდეგ ამას უკვე ძირითადად, ჩვევის, ან მოწყენილობის და ერთფეროვნების გასაფანტად ვაკეთებდი. ამ შემთხვევაში კი მიზეზი მხოლოდ სურვილი იყო. მხოლოდ მძლავრი, შიშველი სურვილი, რაღაც აუცილებლობით და გარდაუვალით განპირობებული... ხოლო თუ რა იყო ეს აუცილებელი და გარდაუვალი, ახლა თქვენც კარგად კარგად ხედავთ...
- გასაგებია..
- მოკლედ, არ ვიცი, შეიძლება გარეგნულადაც დამეტყო, რომ ინსტიქტებით და სურვილებით შეპყრობილი პატარა და მსუბუქად აღრენილი ცხოველი ვარ, ან ჩვენი საერთო ბუნაგის ამბავი გასკდა და ვნებით დაბრმავებულებს და აწკმუტუნებულებს რომელიმე სერიალების მოყვარული და შრომით დაღლილი დამლაგებელი ქალი წამოგვადგა თავს. ან უბრალოდ, რაღაც საეჭვო სურნელსა და ფლუიდებს ვაფრქვევდი, რადგან ჩემს სამუშაო მაგიდასთან ჩავლისას დეპარტამენტის უფროსმა რამდენჯერმე უცნაურად გადმომხედა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ საკუთარ კაბინეტში დამიბარა. მის ოთახში მხოლოდ საერთო შეხვედრების ან თვის ბოლოს ანგარიშის წარდგენის დროს თუ მოვხვდებოდი, ამიტომ ეს რიგგარეშე გამოძახება ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ მეჩვენა.
დეპარტამენტის უფროსი მინის უზარმაზარ სარკმელთან როგორც ილუმინატორთან ისე იდგა და კაბინეტიც ბლექბერის შავი საოფისე ტექნიკის, უამრავი განათებული მონიტორისა და სხვადასხვაგვარი სამართავი ღილაკის წყალობით კოსმოსური ხომალდის ვრცელ და უცნაურ კაბინას ჰგავდა. მან ჯერ ჩუმად, ხმისამოუღებლად მიცქირა, შემდეგ კი ხელი ასწია და საჩვენებელი თითით თავისკენ მიმიხმო. მე ხომალდის რიგითი წევრისთვის დამახასიათებელი მექანიკურობით შევასრულე ბრძანება, გისმენთ-მეთქი, ამოვილუღლე და მის მიღმა გადაშლილ ქალაქის ხედს შევავლე თვალი. დეპ.უფ-მა კი ისე რომ სახის მკაცრი გამომეტყველება არ შეუცვლია, ხელი დამავლო და მაგიდაზე შემომსვა, წინ დამიდგა და მისმა მასიურმა სხეულმა მთლიანად დაფარა ისედაც სიშორეში ჩაკარგული ქალაქის ხედი. თუმცა ხედების ჭვრეტის თავი ვიღას ჰქონდა. მონდომებით ვცდილობდი ცუდზე არაფერზე მეფიქრა, მაგრამ როდესაც დეპ.უფ-მა კისერთან თავისი უზარმაზარყბიანი სახე მომიახლოვა, მივხვდი რომ რომელიღაც დიდ პრეისტორიულ ცხოველს წააგავდა, ხოლო მე მისი მორიგი საკბილო ვიყავი. თვალები მაგრად დავხუჭე და წარმოვიდგინე როგორ წამებში გადაკბეჩდა ჩემს პატარა თავს ეს მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების კლასისა. მაგრამ მან დასაწყისისთვის კისერსა და ლოყაზე ცხელი, ხაოიანი ენა ამისვა. როგორც ჩანს, ჯერ გემოს მისინჯავდა... შიშისგან სასიკვდილოდ განწირული მსხვერპლივით გავქვავდი.. არადა, როგორ ვთქვა, მაგრამ ადამიანად ყოფნის დროს მსგავსი რამ შეიძლება გამხარებოდა კიდეც. უფროსთან სექსი კარიერულ წინსვლას თუ არა, ხელფასის მომატებას ხომ მაინც ნიშნავდა... მაგრამ ახლა... ეს სტეგოზავრი, ლამბეოზავრი თუ ტირანოზავრი ისეთი ამაზრზენი იყო... ისეთი აუტანელი... რომ მთელი ძალა მოვიკრიბე, მოკეცილი მუხლი ფეხებს შორის ამოვარტყი, მაგიდიდან ჩამოვხტი და, შესაბამისად, სამუდამოდ დავემშვიდობე ჩემს უსაფრთხო და ადამიანური კეთილდღეობით სავსე ხომალდს.
- უბრალოდ ადექით და წამოხვედით.. პროფესიული კავშირების ან სხვა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის არ მიგიმართავთ?
- მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია. თავს უჩვეულოდ სუსტად ვგრძნობდი და ჭამისა და ძილის გარდა არაფერი მსურდა. საკრედიტო ბარათზე დარჩენილი ფულით ხორცი და რძე ვიყიდე. და მაცივარში რაც არ დაეტია, სარდაფში ჩავზიდე. იმ ძაღლს ვგავდი თათებით ორმოს რომ თხრის და მიწაში საგულდაგულოდ ფლავს და ინახავს ხვალინდელ სარჩოს. საღამოს კი ჩემი MP3 ფლეიერი ჩავრთე, სადაც ორღანზე უკრავდნენ: იოჰან სებასტიან ბახი. ფრანგული სუიტა N1. ტონალობა რე მინორი. ასრულებდა კეიტ ჯარეტი. თუ ადამიანური ცხოვრება ეს არის - იპოვო შუალედი ცხოველურსა და ღვთებრივს შორის, ჩემს შემთხვევაში, ბიფშტექსით მუცლით ამოყორვასა და ბახის მუსიკას შორის, რაღა თქმა უნდა, უპირობოდ და დაუფიქრებლად პირველს ვარჩევდი...
ერთი თვის შემდეგ ინტერნეტი გამომირთეს, ინტერნეტს ტელეფონი, საკაბელო ტელევიზია და ელექტროენერგია მიჰყვა. დიდად არ ავღელვებულვარ. ისტერიულ საინფორმაციო გამოშვებებს ისედაც არ ვუყურებდი, სოციალურ ქსელებში აღარ დავძვრებოდი და ღამე სინათლის გარეშეც მშვენივრად ვხედავდი. თვალდახუჭული, ყნოსვითაც კარგად ვაგნებდი საჭირო საგნებს. გარდა ამისა, სამსახურისა და ამ ყველაფრის გაქრობამ უზარამაზარი დრო გამომინთავისუფლა. ეს დრო ახლა ჰაერზე სეირნობაში გამყავდა. ბაღებში დავხეტიალობდი. ზოგჯერ მიწაზე ვწვებოდი, თავს ბალახზე ვდებდი და ზემოთ ვიყურებოდი. ამდენი წლის მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ქალაქს თავზე ცა ახურავს. ცა, რომელსაც მაღალსართულიან შენობებს შორის ვერ ვამჩნევდი, თურმე ხან ლურჯია, ხან თეთრი, ხან ნაცრისფერი... გარდა ამისა, მივხვდი, რომ არსებობს უკიდურესი წერტილი, რომელსაც ჩვენი მზერა აღიქვამს. ანუ ჰორიზონტის ხაზი. როდესაც ხედავ, გგონია რომ ამ ხაზთან ადვილად მიხვალ, მაგრამ სიარულისას ის მუდმივად წინ და წინ გადაიწევს და ვერასდროს გადააბიჯებ... როცა წვიმს და წვეთები სახეზე გეცემა, ეს სასიამოვნოა... ფეხით სიარულისას მართალია ცოტა იღლები, მაგრამ სამაგიეროდ, ათასი რამის დანახვა შეიძლება. უამრავი ხმა გესმის და ათასგვარი, ერთმანეთში არეული სუნი გცემს...
- ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ გაწუხებდათ?
- არ მაწუხებდა მანამ.. მოკლედ.. ვიდრე სახლის კარზე არ დამიკაკუნეს. უკვე ნაშუადღევი იყო, მაგრამ ისევ ვიწექი. ზლაზვნით ავდექი, სააბაზანოში პირსახოცის ხალათი ვიპოვე, მოვიცვი და კარის გასაღებად უხალისოდ წავფლატუნდი. ზღურბლზე სახლის პატრონი იდგა. ჩემი ნაქირავები ბინის დიასახლისი. ნაცრისფერი ბერეტიდან საგულდაგულოდ დავარცხნილი თმის ბოლოები მოუჩანდა. “პრადას” ფირმის საშემოდგომო პალტოს ღილები ბოლომდე შეეკრა და პროფესიონალურად გამოქნილი წარბები მაღლა აეზიდა.
მხოლოდ მის დანახვაზე გამახსენდა რომ სამი თვის ბინის ქირა არ გადამეხადა და შეცბუნებულმა უკან დავიხიე. მან ჩემი უკანგადადგმული ნაბიჯის პარალელურად ვალსის მოცეკვავესავით გადმოდგა ჯერ ერთი და მერე მეორე შემტევი ნაბიჯი. გადმოაბიჯა იატაკზე დაყრილ პიცის ყუთებს, მუყაოს კოლოფებს, ფოსტას მოყოლილ სარეკლამო ბუკლეტებს, სხვადასხვაგვარ ხარახურას და მისაღები ოთახის შუაგულში უცხოდ მორთული ნაძვის ხესავით დადგა.
- მაპატიეთ, ასე გაუფრთხილებლად რომ მოვედი, მაგრამ აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ტელეფონები გამორთული გაქვთ. სამსახური დაგიტოვებიათ. თქვენზე არავინ არაფერი იცის. ხომ კარგად ხართ? – მისი სიტყვები და სახის გამომეტყველება ცუდი სატელევიზიო ჩანაწერივით აცდენოდა ერთმანეთს.
- კი.. უბრალოდ... ავად ვიყავი და.. აი ასე...
- ავად? ექიმს მიმართეთ?
- არა. ვიფიქრე რომ თავად...
- და რა გჭირთ? ცივა აქ. რატომ? – მიმოიხედა და ძვირფას პალტოში კიდევ უფრო შეიფუთნა. საძინებელი ოთახის შეღებული კარიდან აულაგებელი საწოლი და ასეთივე ძვირფასი, მაგრამ უკვე გამოუსადეგარი ტანსაცმლით სავსე გარდერობი მოჩანდა.
- ეს რა არის? ელექტროენერგია ჩაგიჭრეს?
- ჰო..
- რატომ? არ გადაიხადეთ? როგორ? ბინის ქირასთან ერთად ყველა კომუნალური გადასახადი დაივიწყეთ? –ოთახებში წვრილქუსლიანი ფეხსაცმლის ხმამაღალი კაკუნით დადიოდა, - რა უწესრიგობაა.. ღმერთო ჩემო! ინტერნეტიც!!! ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ასეთი ასოციალური ადამიანი იქნებოდით. არადა, მაკლერი საგულდაგულოდ მირჩევს კლიენტებს, - ხმა თანდათან უავდებოდა, უწვრილდებოდა და ბუნებრივად ეხამებოდა გამომეტყველებას. თანდათან იცვლებოდა, ნამდვილდებოდა.. ხმასთან ერთად სახის ნაკვთებიც უსიამოდ დაუწვრილდა,წაუმახვილდა და ამ მეტამორფოზის შედეგად ნელ-ნელა დაემსგავსა რომელიღაც ცხოველს.. რომელიღაც აგრესიულ მღრღნელს...
- ინტერნეტი და ტელევიზორი არ მჭირდებოდა.
- ქირა რატომ დამიგვიანეთ? გამოდის, რომ არც სახლი გჭირდებათ?.. როდის გადაიხდით? ავადმყოფსაც რომ არ გავხართ? მომატებულხართ, ფერიც მშვენიერი გაქვთ. და ავადაც რომ იყოთ, ეს სახლი უფასო ჰოსპიტალი არ არის.
- ქირას გადავიხდი.. მალე.. – რა მეთქვა? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
- მალე? როდის? -მომიახლოვდა და დაქნილფრჩხილიანი თითი სახესთან კლანჭივით თუ თათივით მომიტანა. მის კითხვაზე აღარ ვფიქრობდი. წვრილ, ნაცრისფერ თვალებში ვუყურებდი და ახლა მხოლოდ იმას ვარკვევდი – რა ცხოველს ჰგავდა, რომელს...
- და ეს “მალე” როდის არის? – კბილების კრჭიალით გაიმეორა კითხვა.
და განათდა..
- ვირთხა! – წარმოვთქვი მე...
ალბათ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს როგორია ჯაგარაშლილი, გაავებული და მრავლისმჭამელი რუხი ვირთაგვა... შავი ჭირისა და ჰელმინთების გადამდები დინგითა და რქოვანი ქერცლით დაფარული კუდით.. ჩემი ნივთები იქვე დავტოვე. სახლიდან ერთადერთი ჯინსისა და ქურთუკის ამარა წამოვედი. ახლა უკვე ნამდვილად არ ვიცოდი რა მეღონა. სიცივე და შიმშილი იმდენად არ მაწუხებდა, რამდენადაც აბსტრაქტული და სრულიად ადამიანური შიში მომავლის წინაშე.. და არ ვიცი, თვითგადარჩენის ინსტიქტი იყო თუ სითბოსა და თანაგრძნობის სრულიად ადამიანური მოთხოვნილება, რომ შებინდებულ ქუჩებში უმიზნო და დამქანცველი ხეტიალის შემდეგ ფეხებმა თავისთავად მიმიყვანა თფგ-ს სახლთან.
ახალ, ჯერ კიდევ მშენებარე უბანში ცხოვრობდა. ჰაერში ნაადრევად დამდგარ ზამთრის სუსხთან ერთად ქვის, მტვერისა და საწვავის სუნი, მისი სახლის ზღურბლზე კი ახალი ავეჯისა და იაპონურ რესტორანში შეკვეთილი სუშის სუნი ტრიალებდა. კარი თავად გააღო. რამდენიმე წამი გაოგნებული მიცქერდა.
- აქ რა გინდა? – ამოღერღა ბოლოს.
- შენი ნახვა მინდოდა..
- გაგიჟდი?! – უკვე საბოლოოდ მოსულიყო გონს, - აქ რამ მოგიყვანა? სულ გააფრინე, არა?
- ვინ არის? – იკითხა ქალის ხმამ რომელიღაც სუშისსუნიანი ოთახიდან.
- თანამშრომელია. რაღაც საქმე აქვს. რამდენიმე წუთით დავილაპარაკებთ და დავბრუნდები, - ბანალურ სიტყვათა რიგით, მაგრამ მშვიდი და აუღელვებელი ტონით უპასუხა. ამასთან მსუბუქად მიბიძგა და მყუდრო, მაგრამ მეტისმეტად თბილსა და დახშულ ოთახში აღმოვჩნდით. სავარაუდოდ, მის სამუშაო კაბინეტში. უახლესი აიმაკის მონიტორით განათებულ მაგიდაზე “ფაინენშელ თაიმსის” ბოლო ნომერი და ძვირფასი ვისკით სანახევროდ დაცლილი ჭიქა იდო, თფგ კი ჩემს წინ იდგა და ოთახის სქელი კედლებისა და მიხურული კარის მიუხედავად ბრაზისგან გაბზარული ხმის ჩახშობას ცდილობდა.
- ამიხსენი რა ხდება!
- არაფერი...
- როგორ თუ არაფერი? მაგისთვის მომადექი სახლში?
- დახმარება მჭირდება..
- და მე უნდა დაგეხმარო?
- სხვა არავინ მყავს. ისიც კი არ ვიცი ღამე სად გავათენო.. თანაც..
ოთახში ბოლთის ცემას მოყვა. მაგრამ წინ და უკან კი არა, წრეზე დადიოდა. რაღაცნაირად... თითქოს საკუთარ თავს უვლიდა გარს...
- შენი პრობლემები მე უნდა გადავწყვიტო? რატომ?!
- მაპატიე.. არ მეგონა თუ ასე სულ ერთი ვიყავი შენთვის.
- მაშანტაჟებ? ღმერთო ჩემო..
- არა.. რას ამბობ...
მონუსხულივით ვუცქერდი. რაღაც ახალი და ამოუცნობი იყო მის მოძრაობებში, რომელიც ყოველ შემდეგ ნაბიჯთან ერთად უფრო და უფრო შეზღუდული ხდებოდა და ერთ ადგილზე ტრიალს ემსგავსებოდა. ოთახში ჰაერი იხუთებოდა, შუქი იკლებდა, და ისიც შიშში, ყოველდღიურობაში, საკუთარ ჩვევებსა და კეთილმოწყობილ ყოფაში გახვეული თანდათან ემსგავსებოდა ჭიას, მატლს, მუხლუხს... ჭუპრს, რომელიც სხეულიდან, სულიდან ამოღებულ ძაფს სხეულზე იხვევს.. იხვევს პირზე, ყურებზე, თვალებზე..
- აბა რა გინდა?
ვუყურებდი და ხმის ამოღება აღარ შემეძლო. დაღლილობამ, სევდამ, ყველაფერმა ერთად დამრია ხელი, არაქათგამოცლილი კედელს მივეყრდენი და ვიგრძენი როგორ იძრა მუცელში არსება, რომელსაც პატარა და შეშინებული ცხოველის თვალები ექნებოდა.
- ფული გინდა? რამდენი? მოგცემ. ოღონდ ახლა თავი დამანებე და აქ არასდროს მოხვიდე!
- ფული არ მინდა.
- ოჰ, ღმერთო.. და აბა რაა?!
- საკუთარ თავს ჭამ... – ვუთხარი, - სუში გაქვს, მაგრამ ეს ჭიის საჭმელი არ არის. გშია და საკუთარ თავს ჭამ.. ასე თუ გაგრძელდა, პეპლად ქცევა მხოლოდ დასასრული იქნება და მეტი არაფერი.
- რა ჭიის, რა პეპლად? ვერ გავიგე რას ამბობ, - მაგიდასთან ფეხებშებორკილივით რთულად მივიდა, უჯრა გამოსწია და ძაფით დაბლანდული თითებით გაჭირვებით ამოაძვრინა რამდენიმე მსხვილი კუპიურა - აჰა, ეს ფული აიღე და აქედან წადი, გთხოვ..
საკუთარ პარკში გახვეული და ჯირკვლებდაბერილი იდგა. ჯირკვლების სეკრეტი ისედაც იშვიათ ჰაერს ძაფად გარდაქმნიდა, გარს ეხვეოდა, უფრო და უფრო ბლანდავდა და საბოლოოდ აბრმავებდა. ამიტომ ვერ ხედავდა ჩემს ნაღვლიან თვალებს, გამობერილ მუცელს, ხელს, რომელიც მისი ფულის ასაღებად არ გამიწვდია...
გარეთ უკვე ბნელოდა, სარეკლამო აბრები ანათებდა ქუჩის გაყინულ, ურბანისტულ ხედს, ჰაერში შაქრის პუდრასავით ჩამოყრილ თოვლის რბილ ფანტელს... სკამზე ჩამოვჯექი და სუფთა და ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ჩემი ადგილი აქ იყო. და სხვაგან აბა სად?
- მთელი ეს დრო ქუჩაში ცხოვრობდით...
- ჰო. ქუჩაში მეძინა, ვჭამდი... ასე თუ ისე ვახერხებდი არსებობას და თავის გატანას. მაგრამ გუშინ.. ღამით.. საზარელმა წკავწკავ-ყმუილმა გამაღვიძა. ქუჩაზე მერიის ზედამხედველობის მანქანები იდგა. მაწანწალა ძაღლებს იჭერდნენ.. რომელთა მოხელთებასაც ვერ ახერხებდნენ, იქვე ხოცავდნენ. სისხლიან მძორებს მანქანაში ყრიდნენ. გავიქეცი.. მეჩვენებოდა, რომ სწორედ მე მომდევდნენ. მთელი ძალით მივრბოდი. მივრბოდი.. ახლა უკვე ძალიან მინდოდა, რომ ძაღლის სწრაფი, მარდი ფეხები მქონდოდა, ფორთხვის, ხტომის, გარემოსთან შეხამების უნარი, ხიფათის მისებური ყნოსვა და თავდაცვის ინსტიქტი.. მაგრამ ასე არ არის. მშიშარა და სუსტი ადამიანის სხეული მაქვს. პნევმატური თოფით სიკვდილი კი არ მინდა. თანაც ახლა მარტო ჩემს თავზე არ ვფიქრობ.. ამიტომ აქ მოვედი. ვფიქრობ, ჩემი დაცვა თქვენი პირდაპირი მოვალეობაა. საბედნიეროდ, არ უთქვამთ, რომ ადამიანს “ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში” არაფერი მესაქმება, მიმიღეს და თქვენთან გამომაგზავნეს. იმედია, ფსიქოთერაპევტი არ ხართ და ამ ამბავს ჩემი ფსიქიური პრობლემების საკვლევად არ მათხრობინებთ.
- ფსიქოთერაპევტი არა... კვლევითი ცენტრის პროფესორი ვარ. აქ არაფერს დაგიშავებენ. მხოლოდ დაგაკვირდებით. ოთახსაც გამოგიყოფთ. დამელოდეთ.
- კარგი, პროფესორო. მადლობა..
პროფესორი წამოდგა და ოთახიდან გავიდა. გრძელი და ვიწრო დერეფანი გაიარა და დერეფნის ბოლოს კაბინეტის კარი შეაღო. კაბინეტში ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელი იჯდა და კომპიუტერის ეკრანზე პაზზლეს ფერადი კუბიკებისგან რომელიღაც იმპრესიონისტის ნახატს აწყობდა.
- საღამო მშვიდობისა. კარგია აქ რომ ხარ. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა მოამზადე. სხვა ინფექციური დაავადებებისაც.. კიდევ ერთი გვყავს. ამბობს, რომ ძაღლია..
- ძაღლი? კიდევ კარგი.. იმ გადარეულ მტაცებლებს ეგ სჯობს. იმ მგელი ბიჭის ნაკაწრები ისევ არ მომშუშებია..
- მოგიშუშდება.. ახალი ინფორმაცია შემოვიდა?
- კი. დღეში საშუალოდ 2-3 შემთხვევა ფიქსირდება. ალბათ უკვე ათასხუთასზე მეტნი არიან..
- ღმერთო ჩემო... ათას ხუთასზე მეტი ცხოველი ადამიანის ტყავში..
- კი მაგრამ ასე სწრაფად როგორ მრავლდებიან? ეს ხომ ვირუსი არ არის?
- ვირუსი არა.. ადამიანის ორგანიზმში ცხოველის გენი შეჰყავთ. ეგ ხომ ძალიან ადვილად შეიძლება. სავალდებულო გამოკვლევის, ან ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის დროს... ერთი პატარა ინექცია და.. ვინ რას გაიგებს... მოკლედ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს კბილის ექიმთან მიხვიდე და იქიდან გამოსულს მოგეჩვენოს, რომ მარტორქა ხარ ან პრეისტორიული მამონტი.. და ჰელიოთი დაბჟენილი კბილების ნაცვლად წვეტიანი და ძლიერი ეშვები ამოგეზარდა.
- გამოდის, რომ ამ არალეგალური ჯგუფის წევრები ყველა სამედიცინო დაწესებულებაში არიან?
- არ ვიცი.. არასდროს მჯეროდა შეთქმულების თეორიების, მაგრამ უკვე ვფიქრობ, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ნამდვილი შეთქმულება მომზადდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ პირიქით არის და ასე უკეთესიცაა..
- რას ამბობთ, პროფესორო?!
- ერთი წლის წინ სამეცნიერო კონფერენციაზე ჩემი ამერიკელი კოლეგა და ამ ეგრეთ წოდებული საიდუმლო შეთქმულების ალბათ ერთ-ერთი მოთავე გაცხარებული ამტკიცებდა, რომ ადამიანმა, როგორც ევოლუციის უმაღლესმა ფორმამ, განვითარების ყველა გზა და რესურსი ამოწურა, კარგა ხანია დაკარგა სიცოცხლის გაგრძელების და თვითწარმოქმნის უნარი. გვიმტკიცებდა - ან უკან დავბრუნდებით და პრიმიტიულ ცხოველებად ვიქცევით, ან საერთოდ აღარ ვიარსებებთ და ცოტა ხანში ნამარხების სახით შემორჩენილ გადაშენებული ორგანიზმის ნაშთებს შევუერთდებითო. მაშინ, რა თქმა უნდა, მისი სიტყვები შეშლილი მეცნიერის ბოდვად მივიჩნიე. დღეს კი ამ გაცხოველებულ ადამიანებს რომ ვუსმენ...
- რომ უსმენთ.. რა?? ნუთუ იმ შეშლილს ეთანხმებით?! როგორ? თქვენც მათიანი ხართ?
- არა. ნუ ღელავ... მალე ისედაც უმცირესობაში ვიქნებით და ეცადე სიმშვიდე შეინარჩუნო.. თან მე ევოლუციონისტი არ ვარ. ჩემი სამეცნიერო კარიერის მიუხედავად კრეაციონისტი ვარ და ვფიქრობ რომ...
- რას ფიქრობთ?
- რომ... იქ ზემოთ... მგონი ცხოველები უკეთესი გამოუვიდა...
- და მირჩევთ ხვალ კბილის ექიმთან წავიდე?
- სულ არ არის სასაცილო. ახლა მხოლოდ იმას გირჩევ, რომ დამეხმარო და ვაქცინები მოამზადო.
პროფესორმა კარი გაიხურა და უკან გაიარა გრძელი და ვიწრო დერეფანი. ყავის აპარატთან შეჩერდა. მუყაოს ჭიქაში ცხელი ყავა ჩამოასხა. ოთახში შევიდა, მაგიდასთან მჯდომ ქალს გაუღიმა და წინ ყავით სავსე ჭიქა დაუდგა.
- ახლა სპეციალურ აცრებს გაგიკეთებთ და ანალიზებს აგიღებთ. საჭმელს და თბილ ტანსაცმელსაც მოგიტანთ. არაფერზე ინაღვლოთ.. ჰო მართლა.. – პროფესორს თითქოს ახლა გაახსენდაო, ქალს გადახედა და ისე სხვათაშორის ჰკითხა:
- უკან, ადამიანად დაბრუნება არ გინდათ?
- არა! - ღიმილით უპასუხა ქალმა. მსუბუქად ამოიოხრა და მკერდზე მიკრულ ლეკვებს დახედა. ჯერ თეთრს აუსვა გრძელი და მოქნილი ენა, მერე ნაცრისფერს.
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.