თქვენი პირადი ბაუში  





კრიტიკა/ესსე

თქვენი პირადი ბაუში  






"კიდევ ცოტა ღვინო და სიგარეტი, ოღონდაც არა სახლში" -ეს არის ფრაზა ბალეტიდან, «ვალსები». იმასაც ამბობდნენ, ეს პინას ცხოვრებისეული კრედოაო. 

ბაუშის დადგმებში თეატრალური ხერხები არ ემორჩილება რაიმე კანონზომიერებას. ისინი განიშლებიან ფრაგმენტულად – პირველად ელემენტებად... ხმა, შუქი, ფერი, ადგილ-ადგილ წამოსროლილი სიტყვები, ფრაზები, მსახიობების ფაქტურა, მიმიკა, აქა-იქ აქცენტირებული აქსესუარები. მხოლოდ ეს თუ დაახასიათებს ადამიანის ფსიქიკის ბუნებრივ ძვრებს – რაც ამ გამხდარ გოგონამდე, მამაკაცის «ბათინკებში,» ვერავინ შეძლო.

ამ სტატიის წერისას მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, თუ როგორ ჰგავს ცეკვისა და წერის დინამიკა ერთმანეთს, ჩვენ სასვენ ნიშნებზე ვდუნდებოდით - პინა კიდურებს პლასტიკურად ამოძრავებდა, ჩვენ ტირეს ვავლებდით – პინა სცენაზე სრიალებდა. ამბობენ, რომ გენიალური ქმნილების სიხალასე იმით გამოირჩევა, რომ ნებისმიერ სუბიექტურ აღქმას, ნებისმიერი რაკურსიდან დაკვირვებას, თითოეული ადამიანის სპონტანურ ინტერპრეტაციას განუზომლად იტევს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეუძლებელია სხვანაირად დაგვეწყო.

ქვემოთ მოცემული ეპიგრაფებიდან კი თქვენ თქვენთვის სასურველი აირჩიეთ და სწორედ ამით დაიწყეთ თქვენი პირადი სტატია პინა ბაუშზე:"მე მიყვარდა ცეკვა, იმიტომ რომ მეშინოდა ლაპარაკის" (პინა ბაუში)

«გამარჯობა, მე მქვია ელენე და მე პინაჰოლიკი ვარ» (ბლოგერის ჩანაწერი)

«მტკივნეული სილამაზის მოულოდნელმა სურათებმა სიამოვნებისგან მატირა» (პედრო ალმადოვარი)

თქვენი პირადი ბაუშის შექმნისას რამდენიმე დეტალის გათვალისწინება დაგჭირდებათ:

პინა ბაუში დაიბადა 1940 წლის 27 ივლისს, ქალაქ ზოლინგენში. 14 წლის ასაკში შევიდა ესენის ფოლკვანგშულეში სასწავლებლად, სადაც მისი მასწავლებელი, ქორეოგრაფიის განმაახლებლად ცნობილი კურტ იოსი იყო.

1959 წელს სწავლა ნიუ ორკის ჯულიარდის სკოლაში გააგრძელა, სადაც უკვე მისი პედაგოგები ხოსე ლიმონი და ენტონი ტიუდორი იყვნენ. მოგვიანებით პინა ბაუშმა პოლ სანასარდოსა და დონია ფოიერის კომპანიაში (The Company of Paul Sanasardo and Donya Feuer) გააგრძელა სწავლა. 1962 წელს ბაუში ბრუნდება გერმანიაში, სადაც 11 წელი მოღვაწეობს იოსის მიერ დაარსებულ სკოლაში. იოსის პენსიაში გასვლის შემდეგ პინა ამ სკოლის დირექტორი და ქორეოგრაფი ხდება.

1973 წელს პინამ პატარა, სიურეალისტურ, სამრეწველო ქალაქ ვუპერტალში დააფუძნა ცეკვის თეატრი, მოგვიანებით მისსავე საპატივცემლოდ "პინა ბაუშის თეატრად" იქნა სახელდებული.

მკითხველს პინა ყველაზე კარგად ახსოვს ალმადოვარის ფილმის ფინალიდან - «ესაუბრე მას», სადაც რეჟისორმა სპეციალურად პინასთვის შექმნა როლი და გამოიყენა კადრები, მისი 1978 წლის ავტობიოგრაფიული დადგმიდან «კაფე მიულერი». შეიძლება ითქვას, რომ ამ ბალეტში მეტნაკლებად გამოიკვეთა ბაუშის ქორეოგრაფიული ხელწერა, რომელიც არა მხოლოდ მისი სტილისტიკაა, არამედ ნოვაცია თანამედროვე ბალეტში.

დადგმაში იგრძნობა მეორე მსოფლიო ომის ყოველდღიურ ქაოტურობაში მოძრავი, დაბნეული, დაძენძილი ადამიანების უკონტურო ქმედებები. არეული მაგიდები, ალკოჰოლი, ხალხმრავლობა, მშობლების კაფე... როგორც ნებისმიერი ავტორი, პინაც საკუთარ თავს განყენებულად, გვერდით მოვლენად გვაწვდის – ჰაეროვანი მთვარეული ხმაურიან სცენებს შორის, ღამის პერანგით ცარიელ კაფეში ბავშობის მოჩვენებებს შორის მოცეკვავე, ფელინისეული მონატრებული ზეიმების დასასრულის ნაადრევი განცდით... თუმცა ეს უკვე ჩვენი პირადი ბაუშია, ჩვენი დანახული.

ქორეოგრაფიული ავანგარდის თეორეტიკოსების ფრანსუა დელსარტორისა და ჟაკომ დალკროზომის აზრით თანამედროვე ბალეტის ძირითადი ფორმულირება ბუნებრივ, ყოველგვარი პირობითობისაგან თავისუფალ ჟესტიკულაციაში მდგომარეობდა, რადგან მხოლოდ ასეთ სტილიზაციას შეეძლო გადმოეცა ადამიანისეული სიღრმის ნამდვილი ნიუანსები. აღმოჩნდა, რომ ამ იდეის მიმდევრები საბოლოო ჯამში ერთი და იგივე პრობლემების წინაშე იდგნენ. სცენაზე, სადაც ყველა მოძრაობა პირობითია, შეუძლებელია ბუნებრივისა და ხელოვნურის გარჩევა და ახალი მოძრაობების შექმნა. თუმცა ბაუშის მოძღვარი კურტ იოსი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ამ პრობლემის გადაწყვეტას. ცეკვის ახალი ენის შექმნა კი მხოლოდ მისმა მოწაფემ – პინა ბაუშმა შეძლო. 70-იან წლებში მან არა მხოლოდ ქორეოგრაფიული ენა შეცვალა, არამედ თეატრალური ხელოვნების ახალი სახე ჩამოაყალიბა.

ბალეტში “მიხაკები”, სადაც მთელი სცენა ვარდისფერი ყვავილებითაა დაფარული, აქა-იქ გერმანული ნაგაზი ყეფს, ნახევრად შიშველი გოგონა აკორდეონით ხელში მიმოირწევა. ამერიკელი მონის სასოწარკვეთილ სიმღერას განუზომელ სიყვარულზე, რომელიც გერშვინს ეკუთვნის, მუნჯურად ასრულებს შავ სმოკინგში სტატიურად მდგარი კაცი. მშრალ მოძრაობებს, ადამიანების პრაგმატიზმს, მრისხანებას, შფოთვას სამოთხეშიც კი შეაქვს ქაოსი. პინა ამას არ აპროტესტებს, ის ზედმიწევნით ჰყვება. ხელოვნების ნიმუშისათვის ხომ მთავარი ამბავი კი არა, მისი გადმოცემის ფორმაა და პოსტმოდერნული ქორეოგრაფიაც ხომ სწორედ ეს არის.

ხანდახან პინა ბაუში ათავსებს ყოველდღიური რუტინის ორ საწყისს– შემთხვევით ჟესტებს ეტიკეტურ მოძღვრებებთან. მაგალითად, სპექტაკლში “კონტაქტჰოფი”, რომელიც 30-იანი წლების ელიტურ მანერების თამაშზე აგებულია, მსახიობები დასაწყისში სიარულის მანერის, ღიმილის, მისალმებების დემონსტრირებას ახდენენ. შემდეგ კი ამ ყველაფერს ხან თავშესაქცევად, ხან გულისამაჩუყებლად, ხანაც შემზარავად გარდასახავენ.

იდუმალების ხედვის იმ დონეს, რომლის მიღწევასაც პინა შოკის მომგვრელი ინტენსიური მოძრაობებით, ტკივილის, შიშისა და დანაკარგის თემებზე შექმნილი უსიტყვო დრამებით, დათრგუნული ადამიანის ჟესტების სამყაროთი, ნევროტიულ-მსხვრევადი პერსონაჟებით, სიფაქიზით ახერხებს, 70-იან წლებში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი ქორეოგრაფის სახელი მოაქვს. შემდეგ ეს ყველაფერი თანდათან მითად ისახება, მითად პინა ბაუშის შესახებ.

თითქმის ყველა სტატიაში, რომელიც პინა ბაუშის შესახებ დაიწერა, შეხვდებით მსგავს სიტყვებს, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის თუ რამდენად ბრმა, ფსიქო-სოციალურ პლასტებს ეხება მისი ქორეოგრაფია: ” მე არც ერთი სკოლის მიმდევარი არ ვარ, მე უბრალოდ ვცეკვავ. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ცეკვაში უნდა არსებობდეს რაღაც ნორმა, რომელზეც კლასიკური ბალეტია აგებული, სხვა დანარჩენი კი ცეკვა არ არის. ცეკვის არსებობა შესაძლებელია ნებისმიერ ფორმაში. აქ მთავარია აზრისა და ემოციის პლასტიკური გამოხატულების სიზუსტე. აი, ამაშია საქმე და არა კლასიკური ცეკვის ტექნიკაში, არამედ ჟესტში, რომელიც ადამიანის განცდებს გამოხატავს. და არ მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ, მე მაინტერესებს, რა ამოძრავებთ მათ.”
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.