• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ზღვის მაშვრალნი

×
ავტორის გვერდი თემურ ჩხეტიანი 00 , 0000 1771
ზღვა არის წყნარი.
ტოკავს ტივტივა...
 
მას ჩაეძინა ანკესით ხელში.
ჩაეძინა ზღვის მყუდრო ნაპირას,
სადაც ბოლო ხანს დადიოდა;
დადიოდა ანკესით და ვედროთი ხელში.
ზღვის მყუდრო ნაპირას -
ის, მოხუცი მეზღვაური,
ქალაქისა და ხალხის თვალს მოშორებული,
თავისი ხანგრძლივი და მართლაცდა ქარიშხლიანი
ცხოვრების მიწურულს.
 
ზღვა არის წყნარი.
ტოკავს ტივტივა...
 
საათობით იჯდა ხოლმე ანკესით ხელში -
თევზაობდა, უფრო კი ფიქრობდა
და გარდასულს იხსნებდა;
იხსენებდა და დროდადრო ეღიმებოდა,
ეღიმებოდა დროის მიღმა და ამ ზღვის მიღმა.
 
ახლა მას სძინავს ანკესით ხელში,
მის ხელს მაგრად ჩაუბღუჯავს ანკესის ტარი.
სძინავს მოხუცს და, ვინ იცის, სადღაც სიზმრად
ხედავს იმას, რაც უნახავს,
რაც ახსოვდა, ან იხსენებდა:
გემებს, ზღვებსა და თავგადასავლებს;
პორტებს, ქალაქებს, ადამიანებს...
იქნებ, არც რამეს, არც არავის,
უბრალოდ - სძინავს.
 
ზღვა არის წყნარი,
ტოკავს ტივტივა -
ეს ნემსკავზე წამოგებული
თევზი ჭიმავს ანკესის ძუას,
ხრის და არხევს ანკესის წვეროს;
რა ხანია არხევს და ცდილობს
მიძინებული მეზღვაურის გამოღვიძებას.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული