• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

 ტირის სათამაშო 

×
ავტორის გვერდი ირაკლი ჩარკვიანი 00 , 0000 2017

ქვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" თავაზიანი ნებართვით. საავტორო უფლებები დაცულია.

ტირის სათამაშო


მუსიკალური სიჩუმე, სამართებელივით ბასრი,
განსხვისების საშიშროება
მხოლოდ მოლოდინის საშოში პოულობს საზრდოს.
შენ ის აღარ ხარ, ვინც იყავი.
შენ ის ხარ, ვისაც ელი.
ნაბიჯების ხმა სადარბაზოში,
სიბერე ქოშინით მიიწევს ზევით.
ტკივილი სახსრებში. ფიქრთა გილიოტინა
მრავალთავიან ურჩხულთა ხვედრია.
მოლოდინი – თოკგაწყვეტილი ფრანია,
ათრთოლებული ღრუბელთა ცვარში,
შეშინებული ქარწატაცებით და ამაღლებით,
უნაპირობით დაღლილი,
მხოლოდ ოდესმე დაბრუნებული უკან.
მოლოდინი სწორი, დამიზნებული.
მე მხოლოდ ტირის სათამაშო ვარ,
მიკრული კედელს.
ვაკვირდები თოფის ლულას,
შენს სისასტიკეს,
ნუ მესვრი, კარგო!
მე მხოლოდ ტირის სათამაშო ვარ,
რომელიც ტირის.


დედას

მე აქ ვარ, დედა!
პოეტებო აქაურობის,
ჩემო ცოლებო,
ნუ მიმატოვებთ.
დასრულდა დოღი?
რატომ იქეცით ფილმის გმირებად
და როდის ჩართეს ამ დარბაზში სხვა პროექტორი?
გამარჯვებაა სულისა ხორცზე,
გაზაფხულდება,
თუ ეკრანს იქით დნება თოვლი?
რატომ ვეღარ ვგრძნობ თქვენს შეხებას,
წყენას და სითბოს.
მე მხოლოდ გხედავთ
გახვეულებს ბენზინის ქარში,
ჩაცმულებს ბოლში.
არა, არ მოვკვდი!
თქვენ არ ხართ სწორი,
სწორია ცარა,
ცასავით სწორი.
მე აქ ვარ დედა,
ბავშვობაში გაგარინელი,
არგაფრენილი,
ბროლის ჭაღივით დაკიდებული,
ჩაშტერებული ყავის ჭიქებს,
თამბაქოს კვამლს.
მე მომღიმარი,
სკაფანდრიანი ღმერთის მწამდა,
შავ-თეთრი,
პორნოგრაფიული იდუმალების
და იმავე უჯრაში დამწყვდეული
სოლჟენიცინის.
გალოთდა,
მერე აფეთქდა ჩემი ღმერთი,
მე კი ვისწავლე უფრთოდ ფრენა,
დაკიდებულმა ფეხით ჭერს,
ბროლის ჭაღივით ჩაშტერებულმა შენს
მკითხაობას
და ფერფლის ზღვას.
გამარჯვებაა სულისა ხორცზე,
გაზაფხულდება
და ეკრანს იქით დნება თოვლი.

 

მკვდარი სადგური

დალეწილია ნეკნები ლიანდაგების.
დამსხვრეულია ფანჯრის უკბილო ბაგე.
გადახერხილი მილები – რკინის თაგვები,
თავს აფარებენ ცივ და ჟანგიან ნანგრევს.
ტუჩებს – გამცვდარი საბურავების,
ღრძილებს – დატეხილ წითელ აგურებს,
ფოლადის კისერს, ბნელ სახურავზე
მთვარე ჰკიდია ოქროს საყურედ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული