• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

თანაშემწე

×
ავტორის გვერდი სალომე ბარკერი 00 , 0000 1931

ჩვენი ამბავი ჩვეულებრივად დაიწყო, ისე როგორც იწყება ხოლმე. ჩემი უფროსი იყო. აი ისეთი უფროსი, ყველა სქესის თანაშემწე რომ ეტრფის. განსხვავებით ჩემგან. ამით ჩემს განსაკუთრებულობას კი არ ვუსვამ ხაზს, ახლა მაგისთვის არ მცალია, უბრალოდ მაშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული და დიდად არ მაღელვებდა ჩემი შეფის აციმციმებული თვალები ჩემი მოკლედ კაბის ხილვისას.

ეს ამ ამბის ტრადიციული შესავალია, ქალთა პატიოსანი სქესისადმი კოლეგიალობა რომ მამოძრავებდეს ასეც დავიწყებდი. მაგრამ ვინაიდან ეს ასე არ არის, ანუ არანაირად ვკოლეგიალობ, ერთით ნული, და ვაგრძელებთ.

ჩვენი ამბავი ჩვეულებრივად დაიწყო. უნივერსიტეტში ბევრ უაზრო საგანთან ერთად ვისწავლე გასაუბრებაზე აკადემიურად ჩაცმული რომ უნდა მიხვიდე, გაკეთებული თვალ–წარბით და ფრჩხილებით. საკუთარმა გამოცდილებამ კი მასწავლა თუ შენი პოტენციური შეფი კაცია, მაშინ ჯანდაბაში გაუშვი თეთრი პერანგი და მუხსლქვემოთ ქვედაბოლო, ან უბრალოდ შეიხსენი პერანგის ზედა ღილი, და ქვედაბოლოს შიგნით მაღალი გეტრები+აჭიმები.

ჰო, ჰო ეგენი, ტკაცუნით რომ იხსნება ხოლმე ფილმებში, თუმცა მაგის გახსნაც სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არავის სჭირდება საქმე საქმეზე რომ მიდგება. მოკლედ რას ვამბობდი და მიხვალ მეთქი ასე, ფეხს ფეხზე გადაიდ–გადმოიდებ რამდენჯერმე (თქვენც ეგ გაგახსენდათ? გენიალური ადგილია! დიდი ნაბოზარი რეჟისორი ჰყავდა მაგ ფილმს!), გრძელ წამწამებს დააფახულებ და აყვანილი ხარ. ჰოდა ამიყვანა და დავიწყეთ.

 მკაცრად განსაზღვრული გვქონდა სამსახურებრივი და სექსუალური ურთიერთობა მეთქი რომ გითხრათ მოგატყუებთ. ისე, ძალიან მოსახერხებელიც არაა საქმიანი შეხვედრის დროს მაგიდის ქვეშ ხელის ფათური, მერე ასევე შეუმჩნევლად ხელსაწმენდის მიწოდებ–გამორთმევა. ამ უკანასკნელს რაც შეეხება მგონი დიდი ხანია, კაცობრიობამ თუ არა ჩვენ ნამდვილად დავივიწყეთ მისი რეალური დანიშნულება. ჩემს სახლში ვერცერთ ხელსაწმენდს ვერ იპოვით. მძულს.

არც უამრავსაკანცელარიონივთიან მაგიდაზე სექსია მაინცდამაინც დიდი ბედნიერება,თუმცა ერთადერთი ნათელი წერტილი ჰქონდა ჩვენს ურთიერთობას – ერთმანეთის სახლებში არ დავდიოდით.

იაფფასიან სასტუმროებში მე არ მინდოდა, ძვირფასიანს ის ნაბიჭვარი არ მაღირსებდა და ვიყავით ესე მანქანისა და კაბინეტის იმედად. მერე მოიფიქრა ერთ დღესაც და დივანი დაადგმევინა. ეგღა უნდოდათ ოფისის შინაბერა ჭორიკნებს და მოაღეს პირი. ყოველ გავლა გამოვლაზე იცოცხლეთ ფხუკუნებდნენ. მერე ვისწავლე ჭკუა და დამატებითი სამუშაო საათების მნიშვნელობა. ჰოდა ერთი–ორს რომ დავერიე და შუაღამემდე ვაყურყუტე სამსახურში, მერე მოყუჩდნენ და ჩუმად წაწკანებდნენ, მაგრამ ეგ ვიღას ადარდებდა.

მოკლედ მე და ჩემს შეფს მშვენივრად გვქონდა აწყობილი ურთიერთობა. ყველა უფროსი ხომ სინამდვილეში პატარა ბავშვია, ჰოდა ამასაც პატარა ბავშვივით უხაროდა ყველაზე მაგარი ხარ მეთქი რომ ვეუბნებოდი. კიდევ კარგი ხანდახან მაინც ჰქონდა იმპოტენციის შემოტევები, თორემ სულს ამომხდიდა ალბათ ეგ ღორი. თან ისე დინოზავრივით ქშინავდა გათავებისას, რამდენჯერმე ვიფიქრე ამ ჩინურ თუ იაპონურ ვაზას დავაფშვნი თავზე მეთქი, თან რა დიდებული სიკვდილია მაგ წამებში. ბოლოს ისევ ვაზას ვერ ვიმეტებდი..

ასე იყო თუ ისე, არ ვიყავით ცუდად. დაბადების დღეებს სასაცილოდ მაგრამ საფუძვლიანი საჩუქრით მილოცავდა. თვეში ერთხელ, ან ზოგჯერ ორჯერაც, რამე ნორმალურ რესტორანშიც მიმაბრძანებდა. რაც მართალი მართალია, მანქანის კარის გაღებისა და სკამის გამოწევის დროს მაინც ვგრძნობდი თავს ქალად. ეგეთები არ ეშლებოდა მაგრამ იმდენად ცოტა ჰქონდა რომ როგორც აღვნიშნე თვეში სულ რამდენჯერმე ყოფნიდა.

ისეც არ იყო ცუდი კაცი, უპრეტენზიო და არაკირკიტა ტიპი იყო.

მოკლედ ერთი ჩვეულებრივი უფროსი. რომელიც ერთ დღეს მოვიდა და მითხრა მივდივარო. ასე მშვიდად აუღელვებლად. შუბლზე მაკოცა. ადგა და ცოლთან ერთად რომელიღაც ფეშენ კუნძულებზე გადაბარგდა. როგორც ჩვენი კლიმაქსიანი ჭორიკნები ამბობენ, უცებ გასხივოსნდა და ცოლი შეუყვარდა. იმასაც ამბობენ ბავშვს ელოდებოდნენ და სინდისმა შეაწუხაო. სიმართლე რომ ვთქვა სულ ფეხებზე მკიდია მიზეზები.

რაც უნდა გასაოცარი იყოს იმ ავსტრალოპითეკმა თავისი ფირმა დამიტოვა. არ ვიცი როგორ მიხვდა მაგრამ ფაქტია ღირსეულად დამიფასა ის დრო, რომელსაც ამ კაბინეტში ქშენაში ვატარებდით.

ახლა უნდა წავიდე, ქასთინგი მაქვს გამოცხადებული.

თანაშემწე ხომ მჭირდება?

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული