გურჯისტანი





პოეზია

გურჯისტანი




თამარ მოსიაშვილს

 

ეს არც პოემაა,

მდინარესავით გრძელი და ამბების ჩამომტარი.

არც აიაა,

მინარეთის შერეფიდან წართქმით წასაკითხი,

ანუ სიმაღლიდან გადმოსაძახი,

ანუ ყველასთვის და საყოველთაო.

არც შაირია,

თორმეტ ან ცამეტ მარცვლიანი,

ტკბილხმოვანი და გულის სალბუნი.

ეს არც სიმღერაა,

მითუმეტეს ხმამაღლა სამღერი,

ანუ სუფრისთვის არაა და სადღეგრძელოდ ასატაცებელი.

არც კვერექსებია ბრმად და ზეპირად სათქმელი,

სალიტურგიო და მღვდლების საბუტბუტო.

ეს ისტორიაა

(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)

სიშავეზე და კუნაპეტ ღამეზე,

შავზე, რომელსაც შავი ავსებს,

შავი რომელიც ყველგანაა.

ეს მრავალმოქმედებიანი პიესაა,

რომელიც, ჯერ კიდევ, მაშინ დაიწყო,

სანამ თეატრი სცენაზე ავიდოდა.

ეს მრავალსერიანი ფილმია,

რომელსაც იმდენი განზომილება და წახნაგი აქვს,

ყველაზე დიდი ეკრანიც ვერ დაიტევს.

ეს იმ სიშავზეა, რომელსაც შავი ახლავს და

შავზე, რომელიც უღრანია.

იმ საგანზეა, რომელსაც უთვალავი სახე და პირი აქვს,

ყველა საგნისაგან განსხვავებული,

მაცდური, მრუდე და მატყუარა.

ეს ის შავია, რომელსაც შავი უყვარს,

შავსვე ეტრფის და შავისავე ერთგულია.

რაც ის დაიწყო,

მას შემდეგ უამრავჯერ გათენდა და

უამრავჯერ დაღამდა,

ბევრჯერ იყივლეს დეზიანმა მამლებმა

და ამდენჯერვე ამოიწვერა მზე თოვლიანი მწვერვალებიდან.

მამლის ფეხებზე დგანან ისინიც დასაბამიდან -

ლეგენდებით, მითებით და თავისავე შეთხზული ზღაპრებით

ამაყები და ამპარტავნები.

ყველა ზღაპარში დევებსაც კი გული აქვთ,

ამათ კი ცხოვრებაში გული არ იციან,

გული არ გამოიყოლეს იმ გულამოსკვნილი წარსულიდან,

რომელსაც ბორკილებივით დაატარებენ და

ფრთებიაო, თავადაც ჯერათ და სხვებსაც არწმუნებენ,

არადა, გუშინდელი დღე, ფრთებად ვის უნახავს?

წარსული ტვირთია, სიმძიმეა, ბორკილია და

მარად თავისკენ ექაჩება ყველას,

ვისაც თავისუფლება მოწყურებია.

სადაც გული იყო და გრძნობა

ყველგან ჩაკლეს,

ყველგან უარყვეს.

ყველგან ადათი დაიწესეს

გულის სამტროდ და მასთან საბრძოლველად.

გული არის ამათი პირველი და მთავარი მტერი,

გული რომ აღიარონ,

ეშინიათ არ დაკარგონ პირველი საუკუნე -

სამოციქულო, საანბანო და ბუნდოვანი.

შუა საუკუნეები არ დაკარგონ –

გაშლილ ალმებიანი,

გაუვალი,

ნიკოფსიანი და დარუბანდიანი.

მეცხრამეტე არ დაკარგონ –

მდინარეებდალეული,

ეროვნული და რომანტიზებული.

მეოცე არ წაართვან –

სავსე სამფეროვანი,

თუმცა, მაინც შავი დროშით

და სავსე შუა საუკუნეებით,

რომელსაც არ დააკლეს სიცრუე, გაცემა და უტვინობა.

გაჟღინთეს, სხვისი თუ საკუთარის,

სიძულვილით და სისხლით.

ზოგმა ღვთის მახვილი დაიკავა და ზოგმა ზეცის კალამი,

ერთს კი, ეს პატარა არენაც არ ეყო თავისი სისხლიანი თამაშებისთვის

და სხვებსაც გადაწვდა გაქვავებული ხელით.

ამათ ეს ხელგაქვავებული,

გულგაქვავებული და ტვინგაქვავებული ეამაყებათ და ენატრებათ.

საშუალება და ნება რომ მისცე

ყველა მასავით გაიმეორებდა ოცდაერთს, ოცდაოთხსა და ოცდაჩვიდმეტს.

შეიძლება ბევრს ფანტაზია მეტზეც კი ეყოს,

რადგან თუ რამე ჭამდა, ჭამს და ინელებს ამ პატარა კუნძულს,

უგუნურობაა, უგუნურობა ზღვარგადასული.

პატარა, არა მხოლოდ იმიტომ, რაც დარჩა,

არამედ თვითონ პლანეტაა ძალზე პატარა,

თუმცა, ამათმა ამ მცირესაც ვერ უპატრონეს,

ვერ შეირგეს,

ვერ მოუარეს.

არსებულის და რეალურის გარდა,

ყველაფერს ეპოტინებოდნენ და ყველაფერს გამოეკიდნენ.

იქ არ შრომობენ და ოცნებობენ სადაც სახლი აქვთ,

სადაც ცხოვრობენ,

სადაც ძინავთ და მიირთმევენ პურს არსობისას.

სადაც შვილებს ზრდიან,

მშობლების საფლავები აქვთ და

სადაც სუნთქავენ.

და ამათია ეს შავი, მხოლოდ ამათ შეისისხორცეს,

ეს ის შავია, რომელიც დახრჩობისფერია,

უფსკრულისფერია, ჩაყოლისფერია და საშიშიფერია.

ეს ის შავია, ჭაობს რომ დაკრავს და

ნაგავს რომ ადევს, სულიერსაც და ფიზიკურსაც,

ეს ის შავია, რომ ყარს,

მაგრამ მაინც,

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და

დარუბანდიდან ნიკოფსიამდე რომ ელანდება,

ესიზმრება, ეოცნებება და არ ასვენებს.

ეს ის შავია, სიშავე რომ უხარია,

შავი რომელიც ქართულია და

“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გააჩნია!..”

 

18.10.10


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.