• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიმშვიდის თეორია

×
ავტორის გვერდი ანასტასია ინასარიძე 04 იანვარი, 2012 1893

  1.

მე, თქვენ და სიტყვები _ ტოლფერდა სამკუთხედი,  კერძოდ მართკუთხა.

ჩვენ  _  კათეტები,  სიტყვები _ ჰიპოტენუზა.

ჩვენ ერთმანეთის ტოლები, სიტყვები ჩვენზე ბევრად დიდი.

იმდენად დიდი რომ:

ჩემი გრძნობების კვადრატს 

პლიუს თქვენი მოქმედებების კვადრატი 

უდრის ჰიპოტენუზას.

 

2. 

სადღაც c წრტილში ჩვენ ერთმანეთს ვემთხვევით და ისევ ვშორდებით.

ვშორდებით მილიმეტრებით და სანტიმეტრებით და 90 გრადუსით ვშორდებით

და მაინც მივიწევთ მაღლა და მაღლა და მაღლა

სადაც 45 გრადუსს აღწევს ტემპერეატურა

და რომ არ გავიგუდოთ საერთო სიტყვებს ვსუნთქავთ

და თუკი ჩვენს შორის სიმაღლეს ავღმართავთ გაიზრდება გრადუსი და ჰიპოტენუზა

მაგრამ იგივე დარჩება პითაგორას თეორია.

 

 3.   

თუ ჩვენ  ვისწავლით სიჩუმის ენას დაიშლება სამკუთხედი

და აღარ იარსებებს ჩვენს შორის ჰიპოტენუზა და კუთხე.

ჩვენ დავემთხვევით ერთმანეთს და გავგრძელდებით უსასრულოდ როგორც სხივი.

ისევე უსასრულოდ როგორც გალაქტიკა. 

 

4.

  ”The rest is silence. ”

 მაგრამ რა ვუყოთ სიტყვებს.

უვიზო ტურისტებს

არალეგალურად რომ ლახავენ ყურის ნიჟარებს,

სულის სიღრმეში მოგზაურობენ

და მკვიდრდებიან

უსიყვარულოდ ქორწინდებიან შიშველ გრძნობებზე

და მრავლდებიან

და იზრდებიან 

უფრო დიდები ვიდრე არიან,

უფრო ბასრები ვიდრე არიან,

უფრო საშიშნი ვიდრე არიან

და ომობენ და ომობენ და ომობენ ?

  5. 

 მე ვეძებ სიტყვებს რომ ავხსნა მათი უმნიშვნელობა და მივანიჭო მნიშვნელობა.

მე შემოვიარე თქვენი გონების ყველა უბანი.

მე  ვიმოგზაურე თქვენი სულის ყველა კურორტზე.

მე გავდე ხიდი თქვენს ყურებს შორის

და შუა ხიდზე ჩამოვჯექი რათა მეპოვნა ეს სიტყვები.

და აი დაიწყო სიტყვების დეფილე, რბოლა, დოღი:

მახინჯი მოდელების,

უნიჭო მსრბოლელების,

უჯიშო ცხენების...

 

6.

  აღარ ვეძებ სიტყვებს.

 პროცესმა დაკარგა მნიშვნელობა.

 სიტყვებმა მნიშვნელობა ( თითქოს ოდესმე ჰქონოდეთ )

 და უმნიშვნელოა ყოველი სიტყვა რაც მე ვთქვი

 და უმნიშვნელოა ყოველი სიტყვა რასაც თქვენ მეტყვით...

 

 p.s.

 არ დავწერ ლექსებს.

მე არ მჭირდება ფუჭი სიტყვები.

თვალებით გეტყვით უსიტყვო ლექსებს თქვენთვის დაწერილს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული