• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები

×
ავტორის გვერდი გიგი თევზაძე 00 , 0000 2081
1999
ავტორი უძღვნის ამ წიგნს:

 

მილოშ არმიჩს

ანტონია ბაიეტს
ჟან ბოდრიარს
იოსიფ ბროდსკის
ბორის ვიანს
ხორხე კასავეედას
ხოსე ლუსიენდეს
მილორად პავიჩს
როჯერ ჟელიაზნის
რიჩარდ რორტის
რეი სტივენსს
ვაჟა-ფშაველას
მერი შელის
მარტინ ჰაიდეგერს








ავტორი მადლობას უხდის: გიო ახვლედიანს, ლევან ბერძენიშვილს, მერაბ ბასილაიას, ლევან რამიშვილს, მამუკა ფაჩუაშვილს, სერგო რატიანს, კოტე ჯანდიერს, გიგა კეკელიას, გოჩა ცქიტიშვილს, კორვინ ამბერელს, ჯინს ბულბულისთვლის ბოთლიდან. 
 
ავტორის წინასიტყვაობა:

დაინტერესებული და საქართველოში მიმდინარე პროცესებში გარკვეული მკითხველი ამ წიგნში ბევრ ამბავს თუ მინიშნებას წააწყდება, რომლის შესახებაც შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს, ანდა, სხვაგვარი ინტერპრეტაციის სისწორეში იყოს დარწმუნებული. მე მიზნად არასოდეს მქონია საქართველოს პოლიტიკური მოძრაობების ისტორიკოსი ვყოფილიყავი. ყველა ამბავს, რომელიც მკითხველს შეხვდება, უპრიანია წინ სიტყვა “ამბობენ” წაემძღვაროს. ამ წიგნში წარმოებული კონკრეტული მსჯელობისათვის მონათხრობს და სახელდახელოდ შექმნილ მითს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსების კონკრეტულ ურთიერთობებს თუ ამ ურთიერთობების აღმწერ და დამამტკიცებელ მასალებს. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის, როგორც საცხოვრებელი სივრცის აღქმა (შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი) მითებიდან და ლეგენდებიდან უფრო აღმოცენდება, ვიდრე კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ზრახვებიდან და ქმედებებიდან: საზოგადოების თითოეული წევრის რწმენა და ნდობა საკუთარი ხელისუფლების და პოლიტიკური სისტემის მიმართ არის ის, რაც საბოლოო ჯამში შეუქცევად გავლენას ახდენს, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე, ყოველ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და სოციალურ შემთხვევაზე.



 
 
სარჩევი:
შესავალი წიგნი სტრუქტურაში 5
სიმულაციის განმარტება 5
I. მასმედია და პოლიტიკური სისტემა 6
I.1. საქართველოში მასმედიის და პოლიტიკური სისტემის ურთიერთობის 
ისტორია სამ პუნქტად 6
I.2. ცოტაოდენი თეორია 7
I.3. თეორია + რამდენიმე კონკრეტული მაგალითი და ისევ ცოტოდენი თეორია 8
I.4. მასმედიის მთავარი ნიშანი და მისი დაკმაყოფილების პროცესი საქართველოში 10
I.5. სიმულაცია პირველი 12
I.6. სიმულაცია მეორე 19
II. საქართველოს პოლიტიკური სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება 21
II.1. ცოტაოდენი ისტორია და თეორია 22
II.2. სიმულაცია მესამე 24
III. მოლოდინების ორბიტა 29
III.1. ცოტაოდენი თეორია 29
III.2. სიმულაცია მეოთხე - ორიოდე მაგალითი 31
IV. პოლიტიკური პარტიები და ძალაუფლება 32
IV.1. უმარტივესი თეორია, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ ტექსტის გაგრძელებას
 სჭირდება 32
IV.2. სიმულაცია მეხუთე – ოპოზიციური პოლიტიკა 33
IV.3. სიმულაცია მეექვსე – მმართველი პოლიტიკური ძალა და ვიცე ვერსა 34
IV.4. სიმულაციათა ორბიტული ცირკულაცია 36
IV.5. სიმულაციათა მოკრძალებული ხიბლი 37
V. მართლმადიდებლური ეკლესია და პოლიტიკური სისტემა 38
V.1. ცოტაოდენი ისტორია + თეორია 39
V.1.1. ერთი მოხდენილი ანალოგია 39
(V.1. ცოტაოდენი თეორია + ისტორია - გაგრძელება) 40
V.2. სიმულაცია მეშვიდე 43
V.3. მცირე გადახვევა – მსოფლიო და ჩვენ 47
VI. საქართველოს პოლიტიკური სისტემა და მეცნიერება-განათლების სისტემა 48
VI.1. ცოტაოდენი ისტორია 50
VII. საქართველოს პოლიტიკური სისტემა და ძალოვანი სრტუქტურები 51
VII.1. ცოტაოდენი ისტორია 51
VII.2. რელიქტურის და სიმულაციურის მარადიული ტურნირი 52
VIII. სიმულაციური ორბიტის მოსალოდნელი საფრთხე 54
IX. რა მოაქვს მედიაციური მექანიზმების სიმულაციებს? 56
X. იძულება სიმულაციისათვის 58
XI. სიმულაციურ სოციალურ სისტემათა შედეგები 59
XII. მოჩვენების საშიშროება 61
XII.1. შეჰფიცეთ! (შექსპირი, “ჰამლეტი”, I მოქმედება) 61
XIII.2. ისევ შენა ხარ... ბებერო თხუნელავ? (შექსპირი, “ჰამლეტი”, I მოქმედება) 62
XIII. სახელმწიფო საზოგადოება (არსებობს თუ არა გამოსავალი?) 64
XIII.1. შესავალი 64
XIII.2. გამოსავალი 65
XIII.2.1. მცირე გადახვევა – საზოგადოებრივი ხელშეკრულება დღეს 67
(XIII.2. გამოსავალი - გაგრძელება) 68
XIV. იძულება სოციალური რეალობისათვის 68
 
 
შესავალი წიგნი სტრუქტურაში:

ისტორია იგივე თეორიაა. როდესაც რაიმეს გაგება სჭირდებათ, ადამაინები როგორც წესი, ისტორიულ განხილვას მიმართავენ. სულ ერთია, ეს ერთი შეხედვით აბსტრაქტულ ფენომენს, თუ კონკრეტულ პიროვნებას ეხება. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ეს მიმართვა გადაიქცევა შემთხვევის ისტორიის გადმოცემად, ზუსტ მეცნიერებებში _ საგნის გენეზისის კვლევად, ყოველდღიურ ურთიერთობებში _– ჭორაობად, სახელმწიფო სფეროში _ უშიშროების სამსახურის მასალებად, ეკონომიკურ სისტემებში _ კონკურენტი და/ან პარტნიორი ფირმის წარსული წარმატებების და ჩავარდნების ცოდნის აუცილებლობად და ა.შ. 
ამიტომ ამ წიგნში ყოველი თემის გაშლა-აღწერას ახლავს ამა თუ იმ შემთხვევის ისტორია, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთში. ბოლოს და ბოლოს, ისტორია და თეორია _–ორივე - ევროპული ცივილიზაციის შედეგია. ამ წიგნში სამიზნე თემის ისტორიის თხრობა ბუნებრივად გადაიზრდება თეორიის გადმოცემაში, რომელიც ამ თუ იმ პროცესის აღმძვრელ მექანიზმებს აღწერს.
წიგნი დაყოფილია თავებად. ყოველ თავს, მეცხრამეტე საუკუნის რომანების მსგავსად, წინ უძღვის მოკლე შესავალი, რომელიც მკითხველისათვის გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის ხდება, რომ კონკრეტულმა მკითხველმა გაიადვილოს კითხვა და არ დახარჯოს დრო წიგნის იმ ნაწილების ფურცვლაზე, რომლებიც არ აინტერესებს და რომლებიც მხოლოდ თუ გააღიზიანებენ .

სიმულაციის განმარტება: 
სიმულაცია, ანუ სიმულაციური პროცესი, სიმულირების საშუალებით მიიღება. სიმულაცია ისევე მოქმედებს, როგორც თავად ის, რისი სიმულირებაც ხდება. ოღონდ საფუძველი და დასაყრდენი, რომელიც გააჩნია იმას, რისი სიმულირებაც ხდება, სიმულაციას არა აქვს. სიმულაციური პროცესი მთელი ძალებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ სიმულაციის უკან შესაბამისი საფუძვლი და დასაყრდენი იმალება. ასე რომ, სიმულაცია არაფერს არ ფარავს, პირიქით, ის ცდილობს აჩვენოს იმის არსებობა, რაც არ არის.
ცალკეული შედეგების მიხედვით შეუძლებელია განასხვავო სიმულაცია და ის, რისი სიმულირებაც ხდება. მათ შორის განსხვავება მხოლოდ პროცესების, ხდომილებების და მათი შედეგების კავშირში ჩანს.

I. მასმედია და პოლიტიკური სისტემა
მკითხველი გაეცნობა მასმედიისა და პოლიტიკური სისტემის ურთიერთობას საქართველოში და ცოტაოდენ თეორიას ამ ორი ფენომენის სხვადასხვა პირობებში მიმართებების შესახებ. ამ თავის წაკითხვა ყველასათვის, ვინც ამ წიგნს ხელი მოჰკიდა (წასაკითხად - რა თქმა უნდა), აუცილებელია.

საქმის ვითარება, როდესაც პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შორის კავშირის და ინტერაქციის ლომის წილი მასმედიას ეკუთვნის, მუშაობს საქართველოში, ისევე, როგორც ყველა არადემოკრატიულ, დემოკრატიისაკენ მიმავალ და უკვე დემოკრატიულ ქვეყნებში. 

I.1. საქართველოში მასმედიის და პოლიტიკური სისტემის ურთიერთობის ისტორია სამ პუნქტად
მათ, ვისაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმის 70 წლის განსაკუთრებული ნოსტალგია აქვთ, შეუძლიათ საერთოდ არ წაიკითხონ ეს თავი, და შესაბამისად, მთლიანად წიგნიც.

საქართველოში მასმედიისა და პოლიტიკური სისტემის დღევანდელი კავშირი ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა და მნიშვნელოვანი, თუმცა მცირეხნიანი ისტორია აქვს. ეს ისტორია სამ ეტაპად შეიძლება წარმოვადგინოთ: 
1. კომუნისტური რეჟიმის პერიოდი, როდესაც გაზეთი და ტელევიზია პარტიის და მთავრობის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების მიმანიშნებელი და რუპორი იყო (სახელმწიფო გაზეთების ტირაჟები, რომელიც ასეულ ათასობით იზომებოდა, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზია ფარავდა ქვეყნის დიდ ნაწილს).
2. ნაციონალისტური მმართველობის პერიოდი, როდესაც ტელევიზია კვლავ ძველ, კომუნისტური ხანიდან გამოყოლილ ფუნქციას ასრულებდა, ხოლო პრესის ბაზარზე გამოჩნდნენ ოპოზიციური გაზეთები, რომელთა ტირაჟები, მართალია ვერ უტოლდებოდა კომუნისტური ხანის სახელმწიფო გაზეთების ტირაჟებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი შესყიდვა და გამოწერა ნებაყოფლობითი იყო, საკმაოდ სერიოზულ რიცხვს აღწევდა .
3. დემოკრატიული პერიოდი, ანუ დრო ნაციონალიზმზე ორიენტირებული ხელისუფლების გაგდებიდან დღემდე, როდესაც არასახელმწიფო ტელევიზიების და გაზეთების რიცხვი განუზომლად იზრდება არჩევნების წინ და მცირდება არასაარჩევნო პერიოდში, და როდესაც თავისუფალი გაზეთების (არა ყვითელი პრესის) საერთო ტირაჟი დღეში ძალიან მცირეა . 


I.2. ცოტაოდენი თეორია
ამ თავში მკითხველი შეხვდება სქემას, რომელიც აღწერს მასმედიის ადგილს ძალაუფლების სტრუქტურაში. თუკი ვინმე ძალიან მოსაწყენად თვლის თეორიულ მსჯელობებს, შეუძლია დაკმაყოფილდეს იმით, რომ მასმედია მედიაციური ინსტიტუტია, რაც მისი სახელიდანაც ჩანს, და გადავიდეს შემდეგ თავზე, სადაც კიდევ უფრო ცოტა თეორიას შეხვდება.

სქემა, რომელიც აღწერს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მასმედიის ურთიერთობას ყველა პერიოდისათვის, იქნება ეს კომუნისტური, ნაციონალისტური, კლანური თუ დემოკრატიული მმართველობა და საზოგადოება, ერთი და იგივეა: აღწერაში მონაწილეობს სულ ხუთი ელემენტი, რომელთაგანაც ორი ძირითადია და თანამედროვე სოციალური სამყაროს ორ ძირითად კომპონენტს - პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებას წარმოადგნენ. დანარჩენი სამი – ორი მთავარის - პოლიტიკური ძალის და საზოგადოების - გაშუალებით და ინტერაქციით არის მიღებული. ეს ელემენტებია:
პოლიტიკური ძალა;
საზოგადოება;
პოლიტიკური შემთხვევა;
მასმედია;
საზოგადოებრივი აზრი.
მასმედიას პოლიტიკური შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მიაქვს საზოგადოებასთან; საზოგადოება რეაგირებს ამ ინფორმაციაზე; ამ რეაგირებას ჰქვია საზოგადოებრივი აზრი; საზოგადოებრივი აზრი არის საფუძველი და ორიენტირი პოლიტიკური ძალებისათვის; საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე პოლიტიკური ძალები იღებენ გადაწყვეტილებას და თავიანთ ქმედებას გარკვეული მიმართულებით წარმართავენ, ანუ პოლიტიკური შემთხვევების მოდელირებას ეწევიან.

 



პოლიტიკური ძალა  |                              | საზოგადოება 

                         |                              |                                                     

                         |_ _ _   მასმედია _ _  _|       

                                   |           |

                                  _|           |_

                               |                    |

      პოლიტიკური შემთხვევა  _ _ _ _ საზოგადოებრივი აზრი


ეს სქემა, რომელიც პოლიტიკური შემთხვევის, საზოგადოებრივი აზრის, პოლიტიკური პრიორიტეტების და საბოლოოდ მთლიანად სოციალური სისტემის ჩამოყალიბებას აღწერს, უნივერსალურია ნებისმიერი მმართველობისა და პოლიტიკური წყობისათვის. 
ეს სქემა პოლიტიკური ძალის და საზოგადოების ურთიერთობის პროცესის აღწერას ისახავს მიზნად: სხვადასხვა მიზეზის გამო არ და/ან ვერ არსებობს უშუალო კავშირი პოლიტიკურ ძალასა და საზოგადოებას შორის. ამის მიზეზები ბევრია _ საზოგადოების სივრცეში განაწილებიდან დაწყებული, კომუნიკაციის ტიპების მრავალფეროვნებით დამთავრებული. იმისათვის, რომ ეს კავშირი შეიქმნას, უნდა წარმოიშვას საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი და პოლიტიკური შემთხვევების სპექტრი. 

I.3. თეორია + რამდენიმე კონკრეტული მაგალითი და ისევ ცოტოდენი თეორია
ავტორის აზრით ამ თავში ბევრი არაფერია განსამარტავი. რამდენიმე კონკრეტული მაგალითი ჩვენი ახლო და სამახსოვრო წარსულიდან ცოტათი გააცოცხლებს მოსაწყენ მსჯელობას.
ეს სქემა მუშაობდა საქართველოში, მასმედიისა და პოლიტიკური ძალების ურთიერთობის ყველა ეტაპზე:
ამ სქემას იყენებდა კომუნისტური მმართველობა, ანუ: საკუთარ გადაწყვეტილებებს აქვეყნებდა მასმედიაში (მაგ., გაზეთი "პრავდას" ანდა “კომუნისტის” პირველ გვერდზე, საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში). ეს გამოქვეყნება-გამოცხადება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელი დირექტივა იყო. საზოგადოებრივი აზრიც მალევე გამოიხატებოდა პარტიული ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი რეპრეზენტატორ-პიროვნებების საგაზეთო სტატიებით და საეთერო გამოსვლებით. შემდეგ ამას გარკვეული პოლიტიკური შემთხვევა მოსდევდა და შედეგად იმ საზოგადოებას და საზოგადოებრივ ვითარებას ვიღებდით, რომელიც მმართველობისთვის მოხერხებული და მისაღები იყო. ამ შემთხვევაში მასმედია ასრულებდა მხოლოდ პროპაგანდისტის და გზავნილის მატარებლის ფუნქციას.
ამავე სქემას იყენებდა საქართველოში ნაციონალისტური ხელისუფლებაც და დემოკრატიული ძალებიც მთელ მსოფლიოში ამ სქემაში '"სხედან". სახელმწიფოში პოლიტიკური ძალების ძლიერი დაპირისპირებისას მასმედიას საზოგადოების მხრიდანაც მისდის იმპულსი, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ეს იმპულსი ოპოზიციური პარტიების მიერ არის გენერირებული. ასე რომ, სქემის პრინციპი არ იცვლება: სქემაში "პოლიტიკური ძალა" რჩება თავის ადგილზე. უბრალოდ არა-დიქტატორულ პირობებში ამ გრაფის ქვეშ რამდენიმე პოლიტიკური მიმართულება უნდა ვიგულისხმოთ.
სქემიდან და მისი განმარტებებიდან ჩანს, რომ მასმედიას პოლიტიკური შემთხვევის ჩამოყალიბებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს: მასმედია არის აუცილებელი სფერო, რომელშიც გარკვეულმა გადაწყვეტილებამ უნდა გაიაროს და ჩამოყალიბდეს, როგორც პოლიტიკური შემთხვევა, რომელიც შემდეგ, როგორც პოლიტიკურ ძალებზე, ასევე საზოგადოებრივ აზრზე იმოქმედებს, ხოლო შედეგად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სურათს მოგვცემს.
ამრიგად, მასმედიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის შიგნით ძალაუფლების გადანაწილების პროცესში. თუ აქამდე ჩამოთვლილ მიმართებებს, რომლებსაც მასმედია წარმოშობს, დავუმატებთ მის გავლენას საარჩევნო კამპანიების დროს, ფარულ რეკლამას, პოლიტიკური ძალების ღია თუ ქარაგმულ მხარდაჭერას, ადვილი გასაგები ხდება, რატომ ექცევა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მასმედიის წარმომადგენლებთან კონტაქტს დიდი ყურადღება. ეს ყურადღება განსაკუთრებით შესამჩნევი და ხელშესახებია "ახალი დემოკრატიის" ქვეყნებში, რომელთა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება. 
ეს ყურადღება ადვილი ასახსნელია: ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ძალაუფლების და გავლენის სფეროების გადანაწილება ახლა მიმდინარეობს. პოლიტიკოსებსა და მასმედიის წარმომადგენელთა ურთიერთობის დაწერილი თუ დაუწერელი ნორმებიც ახლა ყალიბდება. ამიტომაც, ბუნებრივი და გასაგებია ამ ქვეყნების მმართველი თუ ოპოზიციურ ძალების სურვილი საკუთარი გავლენის ქვეშ მოიქციონ მასმედია, და ამას თუ ვერ მოახერხებენ, სიმპატიით მაინც განაწყონ თავიანთ მიმართ.
აღწერილ სისტემას საფუძვლად უდევს პრინციპი, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ პოლიტიკური ალღოთი გრძნობს: დემოკრატიულ ანდა დემოკრატიულობასთან მიახლოებულ მმართველობაში მასმედიის განწყობა გადამწყვეტია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის და შესაბამისად ყოველი კონკრეტული პოლიტიკური ძალის კეთილდღეობისათვის.
ამ პრინციპის შემუშავების ისტორიული ჭრილი შეიძლება ძალიან საკამათო იყოს. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს პოლიტიკური ძალა საზოგადოებასთან კავშირს ამყარებს ძირითადად და უმეტეს წილად მასმედიის საშუალებით, იქნება ეს პარტიის შექმნა, რომელიმე პარტიული აქციის გახმაურება თუ სხვა.

I.4. მასმედიის მთავარი ნიშანი და მისი დაკმაყოფილების პროცესი საქართველოში
ამ თავს სათაური ოდნავი ფროიდისტული შეფერილობით ავტორმა განზრახ დაარქვა. თუ გავითვალისწინებთ ფროიდის ჯერ კიდევ (არ დამთავრდა) ტოტალურ პოპულარობას ქართველ ინტელექტუალებში, ეს თავი მათ განსაკუთრებული ინტერსით უნდა წაიკითხონ, მაგრამ ფროიდისტულს და ფსიქოანალიტიკურს მასში ვერაფერს იპოვიან. თუმცა, ვინ იცის?

ყოველივე ზემოთქმული ეხება პოლიტიკური ძალის პოზიციას და დამოკიდებულებას მასმედიასთან. თავად მასმედია, იმისათვის რომ პოლიტიკური ძალის მოლოდინი გაამართლოს, მხოლოდ ერთ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს; ეს პარამეტრი პოსტულატური ფორმით შემდეგნაირად ფორმულირდება:
მასმედიის ყოველ სუბიექტს უნდა შეეძლოს საკუთარი საინფორმაციო საშუალებებით მოქალაქეების მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მოცვა;
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მასმედიის სუბიექტს არა ჰყავს საკმარისი აუდიტორია, პოლიტიკურ ძალას (ანუ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელ პოლიტიკურ ფიგურებს) არ უნდა აინტერესებდეს მასთან ურთიერთობა.
ამ პარამეტრის დაკმაყოფილებას საქართველოში მხოლოდ ზოგიერთი ტელეკომპანია თუUახერხებს. საქართველოს სახელმწიფო არხები მეტრული დიაპაზონის საშუალებით ფარავენ ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს, ჯერჯერობით არსებობს ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც მეტ-ნაკლებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანამგზავრული კავშირის გამოყენებით ვრცელდება, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროით . დანარჩენი ტელევიზიები, როგორც წესი, წარმოადგენენ მხოლოდ დედაქალაქის და მისი თანამგზავრი უბნების თუ დასახლებების სამაუწყებლო-გასართობ ობიექტებს. ზოგიერთი მათგანი თბილისის ყველა უბანსაც კი ვერ მოიცავს.
გაზეთების მდგომარეობა ბევრად უფრო სავალალოა. პოლიტიკურ-სოციალური დატვირთვის მქონე გაზეთები მხოლოდ თბილისში გამოდის. ეს ფაქტი ადვილად ასახსნელია: ძირითადი პოლიტიკური მოვლენები თბილისში ან მასთან მიმართებაში ხდება. 1998 წლის სექტემბერში, როდესაც ე.წ. "მეორე პოლიტიკური ცენტრის" - აჭარის - ლიდერებმა გადაწყვიტეს იდეოლოგიური შეტევა დაეწყოთ, მათ თბილისში "ახალი ქართული გაზეთის" გამოშვება დაიწყეს და გაზეთის რედაქციაც თბილისშივე ჩამოაყალიბეს. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისში გამომავალი პოლიტიკურ-სოციალური დატვირთვის მქონე გაზეთების საერთო ტირაჟი დღეში არ უნდა აღემატებოდეს 25-35 ათასს. ეს კი ნიშნავს, რომ გაზეთების მკითხველები საქართველოს მოსახლეობის ორ პროცენტს თუ შეადგენს (იმის გათვალისწინებითაც, რომ გაზეთების მკითხველების რიცხვი რამდენადმე აღემატება მყიდველების რიცხვს). ამ ვითარებას საკუთარი ტექნოლოგიური საფუძველიც აქვს, როგორც ტელევიზიების, ასევე გაზეთების შემთხვევაშიც: თბილისში არსებული სტამბების დაბალი დონის გამო ვერ ხერხდება გაზეთების ოპერატიული გავრცელება და თბილისში გამოსული გაზეთი რეგიონში, საუკეთესო შემთხვევაში, შუადღეზე და შუადღის შემდეგ ჩადის. რაც შეეხება ტელევიზიას, როგორც ამბობენ, ყველა მეტრული არხი დაკავებულია, ხოლო თანამგზავრული ტექნოლოგიით გავრცელება საკმაოდ ძვირი ჯდება და არსებული ტელევიზიები ვერც მისი საფასურის გადახდას და ვერც შესაბამისი ინფრასტრუქტურების შექმნას ვერ ახერხებენ.

ზემოთქმულიდან ჩანს, რომ პოლიტიკური ძალისა და საზოგადოების ურთიერთობის უნივერსალური სქემიდან თითქოსდა ამოვარდნილია საზოგადოებასთან დამაკავშირებელი ვექტორები. ანუ, ვერ უნდა ხერხდებოდეს პოლიტიკური შემთხვევის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შექმნა და შესაბამისი უკუკავშირი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოში გაზეთებიც აგრძელებენ გამოსვლას და ტელევიზიებიც ახორციელებიენ მაუწყებლობას: პოლიტიკური შემთხვევები აისახება როგორც გაზეთებში, ასევე სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებებში; რეაქციაც პოლიტიკური ძალების მხრიდან შესაბამისია; ხდება რეაგირება საგაზეთო პუბლიკაციებზე და საინფორმაციო სიუჟეტებზე, პოლიტიკური ძალები ცდილობენ მაქსიმალურად მეტი საინფორმაციო საშუალება შემოიყვანონ გავლენის სფეროში და ა.შ. სიტუაცია ისეთია, თითქოს საქართველოს მასმედიას ტოტალური გავლენა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობაზე. 
აქ უკვე მივადექით სიმულაციური პროცესის პირველი რიგის გამოხატულებას, ანუ საქართველოში არსებული ძალაუფლების მიერ წარმოებულ სიმულაციას:

I.5. სიმულაცია პირველი
მკითხველი ხვდება პირველ სიმულაციას და მისი კარგად გაცნობის შემდეგ პესიმისტური განწყობა ეუფლება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ პერსონაჟის ტყუპისცალს _ დემოკრატიული პროცესის სიმულაციას შეეყრება. ავტორი ირწმუნება, რომ ამ ნაწილის პესიმისტური დასასრული არ გამოხატავს ავტორის შეხედულებებს და წიგნის ხასიათს.

საქართველოში საინფორმაციო საშუალებები დიდ გავლენას ახდენენ პოლიტიკურ ძალებზე. ამავე დროს, ისინი, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ეფექტურ დამცავ ძალადაც გვევლინებიან.
შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იქნება ეს გავრცელების არეალი თუ მცირე ტირაჟი, საქართველოს მასმედია ისევე ფუნქციონირებს, როგორც ყველა მასმედია: ახდენს გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, აყალიბებს საზოგადოებრივი აზრის ფენომენს, ქმნის პოლიტიკურ შემთხვევებს და ა.შ. 
მაგრამ იმ სქემიდან, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ, საქართველოს მასმედიის შემთხვევაში საზოგადოების გრაფა ამოვარდნილი უნდა იყოს: ამას უნდა მიუთითებდეს ჩვენს მიერ მოტანილი საინფორმაციო საშუალებების გავრცელების და ქვეყნის გადაფარვის მაგალითები: თუ პოლიტიკურ-სოციალური საგაზეთო ინდუსტრია ვერ მოიცავს მოსახლეობის ორ პროცენტსაც კი, ხოლო ელექტრონული მასმედიიდან მეტ-ნაკლებად სრულყოფილი გავრცელების მონოპოლისტი მხოლოდ სახელმწიფოა, მაშინ საზოგადოებას ძალიან მცირე დოზით უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია პოლიტიკური ძალების მოქმედებების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ეს მიწოდება არ უნდა იყოს საკმარისი საზოგადოებრივი აზრის შესამუშავებლად და პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. 
შესაძლებელია ეს ყველაზე ნაკლებად ეხება ტელევიზიებს, რადგანაც მათ ასე თუ ისე მოსახლეობა უყურებს, როდესაც ელექტროენერგია აქვს და ის, ასე თუ ისე, მოქმედებს საზოგადოებაზე. 
როგორც 1998 წლის სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რეგიონების პოლიტიკური სიმპატიები მეტ-ნაკლებად ემთხვევა დედაქალაქის რაიონების სიმპატიებს. ეს ფაქტი ალბათ იმით შეიძლება აიხსნას, რომ დედაქალაქში ბოლო დრომდე რეგიონების ბევრი მოსახლე ჩამოდიოდა. ეს პროცესი ძალიან აქტიური იყო კომუნისტური მმართველობის წლებში, შემდეგ ცოტათი შენელდა, მაგრამ ბოლო წლებში კვლავ გააქტიურდა კონფლიქტის ზონებიდან ლტოლვილების ხარჯზე. თანაც, გასათვალიწინებელა ისიც, რომ რეგიონიდან ცენტრისკენ მიგრაცია საქართველოში არ ნიშნავს რეგიონის დაცარიელებას. აქ უფრო მისვლა-მოსვლას აქვს ადგილი, ვიდრე მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას. ამიტომ თბილისში ჩამომსვლელთაგან უმეტესობას საკუთარ ფესვებთან კავშირები არ აქვს დაკარგული, აქტიურად მიმოიქცევიან და, ბუნებრივია, გავლენას ახდენენ: ცენტრის ტელემაუწყებლობების გავლენით შეთვისებული დედაქალაქური განწყობების რეგიონებში ჩანერგვას ახორციელებენ. ბუნებრივია, შეხედულებების მიმოქცევის ამ პროცესს პირიქით ეფექტიც აქვს.
თუმცა სხვა ტელეკომპანიებზე შეუდარებლად პოპულარურნი პირველი სახელმწიფო არხის და "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გადაცემები არიან. ამ ფაქტის ასახსნელად ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ - როგორც ტრადიცია - პირველი სახელმწიფო არხის საინფორმაციო გადაცემა წლების განმავლობაში ერთსა და იმავე დროს გამოდის ეთერში და ერთი და იგივე სტრუქტურა აქვს, ასევე ხარისხი - ტექნიკური და სკანდალურობის ხარისხით "რუსთავი 2"-ს საინფორმაციო გადაცემებს პირველი ადგილი უჭირავს. 
სახელმწიფო პირველი არხის პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ ჯერ ერთი, რეგიონებში სხვა არაფერი არის, თუ არ ჩავთვლით რეგიონულ საკაბელო ტელევიზიებს, რომლებიც ძალიან მოისუსტებენ ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალით, და მეორეც, პირველი არხის გადაცემები წარმოადგენენ სამთავრობო ინფორმაციას. სხვა თბილისური ტელევიზიები მართალია ცოტა უკეთეს, მაგრამ მაინც თითქმის ისეთივე მდგომარეობაში არიან საზოგადოებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, როგორც თბილისური გაზეთები.
მაგრამ, მიუხედავად ამ აშკარა შეუსაბამობებისა, პოლიტიკური ძალები ისე იქცევიან, თითქოს მასმედია მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს, მასმედიის წარმომადგენლები იქცევიან ისე, თითქოს ინფორმაცია პოლიტიკური შემთხვევების შესახებ საზოგადოებამდე მართლაც მიაქვთ. ამ თითქოს გამო ის უნივერსალური სქემა, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, მუშაობს და შესაბამის შედეგებსაც იძლევა: გაზეთებში პუბლიკაციები და ცისფერ ეკრანზე გამოჩენა ძალიან ბევრს ნიშნავს პოლიტიკური ძალებისათვის: იცვლება გადაწყვეტილებები, ხდება "წილებზე" უარის თქმა, წარმოებს პოლიტიკური ძალების შეჯახება და შერიგება, ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებებში დაპირისპირებების და ტალღების წარმოქმნა და ა.შ. ანუ, სქემა, რომელიც აღწერს და წარმოადგენს პოლიტიკური შემთხვევის ფორმირებას, უნაკლოდ მუშაობს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ უნდა მუშაობდეს.
ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: საქართველოს პოლიტიკურ ძალთა, ანუ ძალაუფლების მფლობელთა და ამ ფლობასთან მიახლოებულებს შორის არსებობს გარკვეული თამაშის წესი, რომელსაც იზიარებს ყველა, ვინც კი ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზაზე დგას. 
შესაძლებელია, და ალბათ ეს ასეცაა, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა უმრავლესობას არც აქვს განცობიერებული ამ თამაშის არსი და მნიშვნელობა. უბრალოდ, ასეა დადგენილი და ისინიც დინებას მორჩილად მიჰყვებიან. ეს თამაში და მოქმედების ეს მიღებული პარადიგმა სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სიმულაცია. ერთი შეხედვით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროცესში ყველაფერი თავის ადგილზეა და ყველა ელემენტი სახეზეა: არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც წარმოშობენ პოლიტიკურ შემთხვევებს, არსებობს მასმედია, რომელიც ამ შემთხვევების შექმნის მონაწილეა და რომელსაც მიაქვს ინფორმაცია საზოგადოებასთან, არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ასევე მასმედიაში გამოიხატება. წრე იკვრება და ვიღებთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სრულ სურათს. 
მაგრამ საქართველოში, როგორც ვითარების აღწერამ გვიჩვენა, არსებობს ერთი “მაგრამ”, რომელიც ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს სიმულაციად აქცევს: არსებული საინფორმაციო სივრცის და ბაზრის პირობებში შეუძლებელია საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობა; ანუ, არსებული სამაუწყებლო საშუალებების და საგაზეთო ტირაჟების ფონზე საზოგადოება ვერ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესში. და ის არც მონაწილეობს. 
აქ ჩვენ ისევ მივადექით სიმულაციის კიდევ ერთ თვისებას: სიმულაციური პროცესი ისეთივე პროდუქტს გამოიმუშავებს, როგორც ის, რის სიმულირებასაც ის ახორციელებს. ანუ, სიმულაციური და "რეალური" პროცესების მიერ გამომუშავებულ პროდუქტებში განსხვავება არ არსებობს. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეს პროდუქტები აბსოლუტურად იდენტურია: უბრალოდ, რეალური პროცესი შეიძლება ისე წარიმართოს, რომ შედეგად ისეთივე პროდუქტი მივიღოთ, როგორიც სიმულაციის შედეგად მივიღეთ. 
ეს რაც შეეხება ცალკე, შესაბამისი გარემოდან იზოლირებულ შედეგებს. სისტემაში და ურთიერთკავშირში სიმულაციური პროცესის გზით მიღებულმა პროდუქტებმა პრინციპულად სხვა შედეგი უნდა მოგვიტანონ. თუმცა ამას შემდგომი ანალიზისას ვნახავთ.
ქართულ სინამდვილეში ამ კონკრეტულ სიმულაციურ პროცესში ყველა მონაწილე ელემენტია ჩაბმული: მასმედია თავს აჩვენებს, თითქოს გამოხატავს და წარმოქმნის საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკური ძალები მოქმედებენ ისე, თითქოს ის, რაც საინფორმაციო საშუალებებში ხვდება, მთლიანად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და თითქოს ეშინიათ მასმედიის. საზოგადოება, ანუ საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლები, ისე იქცევა, თითქოს საზოგადოება არსებობს და თითქოს აზრიც გააჩნია. პოლიტიკური შემთხვევის მონაწილეები მოქმედებენ ისე, თითქოს პოლიტიკური შემთხვევის შექმნაში მასმედია და შესაბამისად საზოგადოებრივი აზრიც მონაწილეობდეს. 
ამ სიმულაციაში ყველას აქვს თავისი წილი, და ეს მონაწილეობა სულ უფრო და უფრო გულწრფელი ხდება. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის, თუ რა თანხებს ხარჯავენ პოლიტიკური ძალები მასმედიის სხვადასხვა საშუალებების გაკონტროლებაზე; ასევე ისიც, თუ რა ყურადღებას აქცევენ კონკრეტულ საინფორმაციო გამოშვებებს და რაოდენ ადეკვატურად რეაგირებენ გადაცემებზე თუ სტატიებზე. 
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა არის ამ სიმულაციური პროცესის აზრი, თუკი პოლიტიკური პროცესის სქემის მთავარი ელემენტი - საზოგადოება ამოვარდნილია და არ მონაწილეობს წრის შეკვრაში. აზრი განუზომლად დიდია და კვლავ ისეთივე, როგორიც არასიმულაციურ პროცესს ახასიათებს: პოლიტიკური ძალების მიერ ურთიერთკონტროლი და ურთიერთშეჯიბრი. რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად გამოქვეყნებული წერილი მოწინააღმდეგისათვის ნიშნავს, რომ ესათუის საინფორმაციო საშუალება კონტროლდება გარკვეული ძალების მიერ. თვითონ პოლიტიკური ძალის შიგნით ასეთი პუბლიკაციები ინტერესების გადაჯგუფებას და პარტიის მმართველთა სიმპატია-ანტიპატიის გამოწვევას ემსახურება. გარდა ამისა, ძლიერი პოლიტიკური ძალები საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან პოლარიზებულნი და ეს ჯერჯერობით ალბათ არც მოხდება. ამიტომ ყველასათვის მომგებიანია მეტ-ნაკლებად დემოკრატიული წესებით ითამაშოს და ჯუნგლების კანონებს არ დაუთმოს გზა. 
ამ სიმულაციაში არა მარტო საქართველო, არამედ მასთან დაკავშირებული უცხოეთიც არის ჩართული. მაგალითად, ამას წინათ, დემოკრატი ჟურნალისტები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ სერიოზულ დასჯას, რომ კორუფციაში დადანაშაულებულმა უცხოელმა ბიზბნესმენებმა გაიგეს, რომ მათი საეჭვო საქმიანობის შესახებ სტატიები წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა და წამყვანი ტელევიზიით გადაიცა. პარადოქსი ის არის, რომ, მათ რომც სცოდნოდათ ამ გახმაურების რეალური ფასი, რეაქცია იგივე ექნებოდათ: იმიტომ, რომ სიმულაციური გარემოს საქციელის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია და შესაძლებელია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგაზეთო-საეთერო პუბლიკაციებს ან არანაირი, ანდა ძალიან რეალური რეაქცია გამოეწვია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ამბებს სხვებიც [უცხოეთში] გაიგებდნენ და “იქ” ძალიან რეალური პროცესები აღიძრებოდა.
შესაბამისად, ამ სიმულაციის მონაწილე ხდება ყველა ის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა აქვს და რომლისთვისაც საქართველო სასიცოცხლო ინტერესების სფეროს წარმოადგენს. ეს მონაწილეობა გამოიხატება თუნდაც ნებისმიერი საელჩოსა თუ უცხოური დაწესებულების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებით. 
ამ კონკრეტული სიმულაციური პროცესების ტრიალში ყველა არის ჩაბმული. საქართველოში არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სივრცე. ერთიანი საინფორმაციო სივრცე გულისმობს, ერთის მხრივ, მოვლენების (ანუ შემთხვევების) განვითარებადობას, ხოლო, მეორეს მხრივ კი, ამ მოვლენების თანადროულობას. თანადროულობაში მე ვგულისხმობ ინფორმაციის გადაცემის ვადას, რომლის განმავლობაშიც გადაცემული და მიღებული გზავნილი არ ძველდება. ეს პრინციპი შეიძლება თვითონ საზოგადოების, როგორც ერთიანი ორგანიზმის განსაზღვრებას მივუყენოთ და ვთქვათ, რომ საზოგადოების საზღვრები შეიძლება დავადგინოთ იმ სივრცით, რომელშიც მი-მომდინარე და მიღებული ინფორმაცია არ აღიქმება როგორც ძველი. 
ამ პრინციპით შეიძლება საზოგადოების ტიპებიც კი გამოვყოთ: მაგალითად, შუა საუკუნეების საზოგადოება, როდესაც ერთი კვირა, რომელიც ახალი ამბის თუ გზავნილის ცენტრიდან პროვინციაში ჩატანას სჭირდებოდა, არ აღიქმებოდა როგორც დაგვიანება. არ აღიქმებოდა თუნდაც იმიტომ, რომ გზავნილიც და ახალი ამბავიც ხდებოდა და ვითარდებოდა ინფორმაციის გადაცემის მანძილის და დროის გათვალისწინებით. დღეს ეს დრო ბევრად უფრო შემცირებულია და საათებით და წუთებით აღირიცხება.
საქართველოში საქმე ამ მხრივ შემდეგნაირადაა: რეგიონში მოვლენები საკუთარი (ასევე სიმულაციური) გზით ვითარდება და ინფორმაცია, რომელიც ძალიან ცოტა ტირაჟით ჩადის რვა-ცხრა საათის დაგვიანებით, ვეღარ მონაწილეობს პოლიტიკურ-სოციალური შემთხვევების კონსტრუირებაში. ეს რაც შეეხება გაზეთებს. რაც შეეხება ტელევიზიას, ის პრინციპში ამოვარდნილია საინფორმაციო ყოველდღიური საშუალებებიდან, ერთის მხრივ, ელექტოენერგიის მწირი მიწოდების გამო, ხოლო მეორეს მხრივ, ცენტრალური ტელემაუწყებლობების ძირითადად თბილისში მიმდინარე მოვლენებზე და შემთხვევებზე დაფიქსირების გამო. 
ამიტომ და აქედან გამომდინარე, საზოგადოება, რომლის აუცილებლობასაც პოლიტიკური შემთხვევის სქემა მოითხოვს, სიმულირებულია და ჩანაცვლებულია სიმულაციით _ საზოგადოება, რომელიც თავს აჩვენებს, რომ ის თითქოსდა ერთიანი და ინფორმაციულად შეკრულია. ერთადერთი, რაც აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს, არის პოლიტიკური შემთხვევის სიმულაციის ყველგანმყოფი სისტემა, რომელიც ყველასათვის ნაცნობია და რომელიც ნელ-ნელა არსებობის პირობადაც კი იქცევა.
ახლა რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, რომელიც საინფორმაციო სივრცის აუცილებელი ელემენტია: საქართველოს საინფორმაციო წყაროებში არ არის დაცული მოვლენის განვითარების პრინციპი. ანუ, რომელიმე მოვლენა, რომელიც დგინდება საინფორმაციო საშუალებით, აღარ პოვებს გაგრძელებას, არ ხდება მისი ანალიზი, დამუშავება, შედეგების ჩვენება და ა.შ. მაგალითად, საქართველოს ევროსაბჭოში მიღების პროცესი საინფორმაციო საშუალებებში ფაქტიურად ორჯერ დაფიქსირდა .
საქართველოს მოქალაქისათვის პოლიტიკური (და არა მარტო პოლიტიკური) მოვლენები უეცრად ჩნდებიან ხოლმე, ჯადოსნური კანონებით ამოყოფენ თავს საინფორმაციო საშუალებაში და მერე კვლავ ქრებიან. შესაძლებელია, ესეც პოლიტიკური შემთხვევების სიმულაციურობაზე მიუთითებს.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საინფორმაციო სივრცე ჩანაცვლებულია სიმულაციის სივრცით, რომელიც კვებავს საკუთარ თავს და საკუთარ ორბიტაში სულ უფრო და უფრო მეტ კომპონენტებს ითრევს. სიმულაციის ეს სივრცე ყველგან არის, ყველაფრისგამჭოლი და ფაქტიურად მარადიულია, რადგან სიმულაციურ გარემოში არ არსებობს ძალა, რომელიც სიმულაციის პერპეტუუმ მობილეს გააჩერებს. საქართველოს სიმულაციური სივრცე თავისთავს თვითონვე კვებავს, და რაც მთავარია, ეს სივრცე თვითონ ხდება სხვა მოვლენების და შემთხვევების საფუძველი, იგი იტყუებს-ითრევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მინი-სოციალურ მოვლენებსაც, მათ ბაზისურ კონსტრუქციად და არსებობის აუცილებელ პირობად იქცევა.
სიმულაციური სივრცე უპირველეს ყოვლისა გვეუბნება, რომ ის ამავე დროს სივრცის სიმულაციაა. სივრცე განისაზღვრება, როგორც საგნების (პოლიტიკის და ინფორმაციის შემთხვევაში - მოვლენების) ერთმანეთის გვერდით განლაგებად. სივრცის სიმულაცია ნიშნავს, რომ კანონზომიერი კავშირი სივრცის ელემენტებს შორის არ არსებობს და რომ სივრცე მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითი დაჯახებების ხარჯზე ფუნქციონირებს.
ამიტომ სიმულაციური სივრცის ფონზე თვითონ ცენტრიც შემთხვევითი ხდება. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია მეორე ცენტრის წარმოქმნის შესახებ ბათუმური განცხადება და თბილისში მესამე ცენტრის (თუ გზის) შექმნის მცდელობები. როდესაც სივრცე აღქმულია როგორც შემთხვევითი, ბუნებრივად ჩნდება სურვილი ეს ცენტრი სხვაგან დააფუძნო, რადგანაც, სავსებით შესაძლებელია შემთხვევითი დაჯახებები ისე წარიმართოს, რომ ცენტრის სხვაგან არსებობა მოითხოვოს. ამიტომ მეორე (არსებული) და მესამე (ვირტუალური) ცენტრები სხვა არაფერია, თუ არა სამარქაფო პუნქტები, რომლებიც მოვლენათა და ხდომილებათა დაჯახებების ისეთ გაწყობას ელოდებიან, რომელიც სხვაგან მოითხოვს პოლიტიკურ და სოციალურ შემთხვევათა ამოსავალის არსებობას. ეს შემთხვევითი გადანაცვლება მხოლოდ გარეგანი იმპულსით შეიძლება იყოს გამოწვეული: მაგალითად, ჩრდილოური ინტერესების ესკალაციით, ანდა დასავლური ყურადღების გაძლიერებით. 
სიმულაციურ სივრცეს არ შეიძლება რამდენიმე ცენტრი ჰქონდეს. თუმდაც იმიტომ, რომ ეს სივრცე ორბიტულია და საკმაოდ მკაცრ კანონებს ემორჩილება. მეორე და მესამე პოლიტიკური ცენტრები მიუთითებენ, რომ შესაძლებელია რამდენიმე ცენტრის არსებობა. ამ მითითებას თითქოსდა ამაგრებს და ამყარებს საზოგადოების თანამედროვე აღწერები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ დამთავრდა ერთცენტრულობის დრო და შესაძლებელია მრავალი სივრცე და ცენტრი გვქონდეს. მაგრამ ეს აღწერები ამავე დროს მიუთითებენ, რომ მრავალი ცენტრი მრავალ სივრცეს მოითხოვს. სიმულაციური სივრცე, რომელიც საქართველოში აღიწერება, ერთიანია და არის ის ერთადერთი რაღაც, რაც ქვეყანას ქვეყანად ტოვებს. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ სხვა სივრცეებზე და სხვა ცენტრებზეა ლაპარაკი, იგულისხმება, რომ ეს სხვადასხვა სივრცეები და ცენტრები სხვადასხვა "სტატუსის" არიან, ანუ არ შედიან ერთმანეთთან კონფლიქტში. როდესაც მიზანი პირველ, მეორე და მესამე ცენტრებს ერთი და იგივე აქვთ, აშკარაა, რომ მეორე და მესამე მხოლოდ ელოდება, როდის გაუქმდება პირველი, რომ მისი ადგილი დაიკავონ. 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე და მესამე ცენტრები მხოლოდ პირველი ცენტრის ძალით და სურვილით არსებობენ, როგორც პოლიტიკურად, ასევე სიმულაციური ორბიტის გათვალისწინებით: პირველმა ცენტრმა "შინაგანად იცის", რომ შემთხვევითი ცენტრია და რომ არ აკონტროლებს მოვლენათა დაჯახებებს. ამიტომ, არასასურველი პოლიტიკური შემთხვევების გამართლებისათვის, საჭიროა სხვა, ვირტუალური თუ ფიზიკურად დაფიქსირებული, ცენტრების არსებობა. 
მოვლენათა სიმულაციური ორბიტა სიმულირებს ყველაფერს: დაწყებული პოლიტიკური კონფლიქტით, დამთავრებული შეიარაღებული გამოსვლებით. ცნობილ მოჯანყესთან და აბრაგთან ჟურნალისტების გაზაფხულის ვიზიტმა ცხადყო, რომ მისი და მისი ძალიან მცირერიცხოვანი თანამებრძოლების დაპატიმრება ძალიან ადვილია. მაგრამ მოხდა ერთ-ერთი შესაძლებელი ინტერპრეტაცია, თითქოს მისი ტყეში ყოფნა ვინმეს სჭირდება: არამც და არამც: ეს კონკრეტული მოჯანყე ისეთივე სიმულაციური მოვლენაა, როგორც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესი. მისი ყოფნა ისეთივე საშიშია, როგორც მყვირალა წერილი რომელიმე მინისტრის კორუმპირებულობის შესახებ. მაგრამ მისი დაპატიმრება რეალური, კონკრეტული ქმედებაა, რომელსაც კონკრეტული სასამართლო პროცესი მოჰყვება, ხოლო სასამართლო პროცესი ისეთი მოვლენაა, რომელიც ყოველდღე მოხვდება გაზეთებში და განვითარებადი შემთხვევის სახეს მიიღებს. ეს უკვე სახიფათო რეალობასთან მიახლოებას უდრის, რამაც შეიძლება სიმულაციის აწყობილ სიბრტყეში საშიში ხვრელი გააჩინოს.

I.6. სიმულაცია მეორე
ავტორი თვლის, რომ თუკი მკითხველმა ამ ნაწილამდე მოღწევა შეძლო და წიგნი უკვე არ გადააგდო, შეიძლება ის პირდაპირ შევიყვანოთ რიგის მიხედვით მეორე სიმულაციის საუფლოში. თუმცა, ვისაც წიგნის მალე დამთავრება სწადია, შეუძლია პირდაპირ გადავიდეს მომდევნო თავზე, სადაც პრინციპში იგივე ამბებია მოთხრობილი და იგივე მსჯელობებია გაშლილი, ოღონდ უფრო ფართოდ და შთამბეჭდავად. ამ თავის წაკითხვამ შეიძლება ხელისუფლების მომხრთა და, ასევე, პოლიტიკური ოპოზიციის მომხრეების წყენა გამოიწვიოს. ასეთ მკითხველს ორი გზა აქვს: ან წყნარად დახუროს წიგნი (არ დახიოს), ანდა დაიწყოს შემდეგი თავის კითხვა.

ამ ფონზე ის პროცესები, რომლებიც იმ ბაზისს მოითხოვენ, რომლის სიმულირებაც საქართველოში ხდება, არსებობენ, როგორც სიმულაციურები და სიმულაციები. ერთ-ერთი ასეთი წარმოებული სიმულაციური აქტივობა არის არჩევნები.
ის, რომ არჩევნების პროცესი უმეტესად დაკავშირებული არის იმასთან, რასაც თამაშს და თავის მოჩვენებას ეძახიან, ჩვეულებრივი და საყოველთაო მოვლენაა. ამჯერად მე მინდა საქართველოში თვითონ არჩევნების ორგანიზაციის პროცესზე შევაჩერო ყურადღება:
ძლიერი პარტიების მიერ, რომლებსაც საკმარისი ფინანსები გააჩნიათ (უპირველეს ყოვლისა მოქალაქეთა კავშირი, თუმცა საკრებულოების არჩევნების პერიოდში ფინანსური სიძლიერე ედპ-საც ეტყობოდა, არაფერს ვამბობ აღორძინების კავშირის და სოციალისტური პარტიის შესახებ) სერიოზულ თანხებს აბანდებენ მასმედიაში: საარჩევნო კლიპების, საგაზეთო პუბლიკაციების თუ სხვა მასმედიური აქტივობის წარმოებისათვის. ამბობენ, რომ მოქალაქეთა კავშირმა საკრებულოების არჩევნებში მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო სოციალისტურმა პარტიამ კიდევ უფრო მეტი. ამ წიგნისათვის არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა თანხა დაიხარჯა. ყოველ შემთხვევაში 1998 წლის შემოდგომის ტელე-რადიო გადაცემებიდან და საგაზეთო პუბლიკაციებიდან კარგად ჩანდა, რომ თანხა თუ გავლენა საკმაოდ იყო გამოყენებული; გაკეთდა კლიპები, დაიწერა სტატიები, მომზადდა რადიო-გამოშვებები. 
1998 წელს მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების და არჩევნების შედეგების შედარებით ირკვევა, რომ საარჩევნო კამპანიამ მოქალაქეთა კავშირს 0 რაოდენობის ხმები შემატა. ედპ-ს რეიტინგი თბილისში კატასტროფულად იწეოდა დაბლა და საარჩევნო მასმედიურ აქტივობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ლეიბორისტების რეიტინგი მაღლა მიიწევდა და ადვილი ახსნაც აქვს: პოპულისტური ლოზუნგები და პოპულისტური ქცევა, ყველაზე უფრო ახლოს იყო რეალობასთან – განსხვავებით მოქალაქეების ციფრული გაუგებრობიდან და სოციალისტების გაურკვეველი სოციალიზმისაგან. 
“მოქალაქეებმა” საარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელი ყველა ქმედება განახორცილელეს: გაააქტიურეს მასმედია, იარეს და პროპაგანდა გაწიეს რეგიონებში. მაგრამ ეს აქტივობა ძალიან სპეციფიკური იყო: “მილიონი სამუშაო ადგილით” შეშინებულებმა სულ აიღეს ხელი დაპირებებზე. ანუ ფაქტიურად არ ჩაუტარებიათ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ეტყობოდა, რომ ძირითადი დაწოლა მასმედიაზე მოდიოდა და თანხებიც იქ იყო გადასროლილი. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს: ძალაუფლების მქონეთა მიერ მოხდა არა არჩევნების, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის სიმულაცია. ანუ, სიმულაციურ ორბიტულ ბრუნვაში არჩევნებისათვის მზადებაც ჩაერთო. ბუნებრივია, ის პროცენტი, რომელსაც “მოქალაქეთა კავშირისათვის” შევარდნაძის ფიგურა უზრუნველყობს, მეტ-ნაკლებად მყარი რჩება, და რაც უფრო და უფრო არ ჩანს ის ფიგურა, რომელსაც მისი შეცვლა შეუძლია (ასეთ ფიგურებზე ფიქრი მხოლოდ მოქალაქეთა კავშირის შიგნით შეიძლება), და რაც უფრო და უფრო ცხადი ხდება პოპულისტური ლოზუნგების მატარებელი პარტიების და პიროვნებების სიდუხჭირე, მით უფრო გარანტირებულია მოქალაქეთა კავშირისათვის საპარლამენტო უმრავლესობა. ამიტომ წინასაარჩევნო აქტივობის სიმულაცია ხდება ისევ და ისევ იმის დასანახავად, ვინც უმრავლესობაში მოსვლის გარანტიას იძლევა. 
წინასაარჩევნო პროცესი ერთ-ერთი მედიაციური მექანიზმია. ეს პროცესი პოლიტიკურ ძალას საშუალებას აძლევს თავისი უშუალო წარმომადგენლების მეშვეობით დაუკავშირდეს ამომრჩეველს. ამ დაკავშირების მეთოდები საშუალებას იძლევა პოლიტიკური ძალა თვითონ დაუკავშირდეს საზოგადების წევრებს და პოლიტიკური შემთხვევების წარმოშობა მასმედიის გარეშე არეგულიროს, ანდა მათი კორექტირება მოახდინოს. მაგრამ საქართველოში, როგორც უკვე აღინიშნა, არ არის საზოგადოება, და შესაბამისად, არ არის მხარდამჭერი. არსებობენ გაჭირვებულები, რომლებიც ელოდებიან, და გაბოროტებულები, რომლებიც აღარ ელოდებიან. საქართველოში საზოგადოება სიმულირებულია, ამიტომ, ბუნებრივია, ძალაუფლების მქონემ არ იცის, სად წავიდეს და ვის ელაპარაკოს. ამიტომ მის მიერ არჩეული პოლიტიკა სწორია: ისე იქცევა, თითქოს ელაპარაკება და ურთიერთობაში შედის. სინამდვილეში საარჩევნო შეხვედრების ორგანიზებისას ხდება გამგებლების თუ ძალაუფლების სხვა რეპრეზენტატორების მიერ თავმოყრილ ხალხთან შეხვედრა, ხოლო არჩევნების დროს, როგორც ამბობენ, პოლიციის და სხვა ძალოვანების აქტიური ჩარევა საარჩევნო პროცესში.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იღებენ ხმებს, რომ ცდილობენ რეალური პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ ხალხს. მაგრამ, როგორც ეს უკვე მოხდა ადგილობრივი საკრებულოების არჩევნების დროს “ლეიბორისტულ”-“სოციალისტური” გარღვევის შემთხვევაში, რეალური პრობლემების მოგვარება სიმულაციურ გარემოში მხოლოდ სიმულაციურად შეიძლება (ანუ, გამოიტანო გადაწყვეტილება და არ შეასრულო, დანიშნო უფასო სასწრაფო დახმარება და არ ამუშაო და სხვა). ამიტომ ოპოზიციისათვის ერთადერთი ხსნა არის, არ მოხვდნენ პარლამენტში იმ რაოდენობით, რომ დაპირებულის შესრულება დაეკისროთ. 
ამიტომ, საქართველოს წინასაარჩევნო ორბიტაზე შეიძლება შეამჩნიო რეალობის და არასიმულაციურის ნაპერწკლები. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არასიმულაციური გამარჯვების ან გამარჯვებასთან მიახლოებისას ისევ და ისევ ტრადიციულის, ანუ, სიმულაციის გზით მიდის , ხოლო ვინც არ მიდის, არ მიდის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გაიმარჯვა (ან არ გაიმარჯვა), მთელი ეს სისტემა, რომელსაც არჩევნებისათვის მზადება და წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია, წარმოგვიდგება, როგორც ძალაუფლების მიერ სიმულირებული პროცესი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თავის თავში იმის ელემენტების შეთავსებაც, რის სიმულაციასაც ის არ აწარმოებს.


II. საქართველოს პოლიტიკური სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება
როდესაც ავტორმა გადახედა ამ წიგნის პოტენციური მკითხველების კონტინგენტს, აღმოაჩინა იმის შესაძლებლობა, რომ მათი უმეტესობა ამ თავის წაკითხვისას შეიძლება რისხვამ შეიპყროს. თუკი ასეთი გრძნობა დაგეუფლათ, პირდაპირ გადადით III ნაწილზე (“მოლოდინების ორბიტა”).

ამ ბოლო დროს საქართველოში არცერთი არჩევნები არ ტარდება ე.წ. “საზოგადოებრივი დამკვირვებლების” გარეშე. ამ, ერთი შეხედვით, უცნაური, მაგრამ აპრობირებული, ინსტიტუტის როლს საქართველოში არსამთავრობო ორგანიზაციები კისრულობენ.
სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური პროცესის ისეთივე სტრუქტურული და ფუნქციონალური ელემენტია, როგორიც მასმედია. ოღონდ, სამოქალაქო საზოგადოება, განსხვავებით მასმედიისაგან, არა პოლიტიკური შემთხვევის კონსტრუირების, არამედ სახელმწიფო მართვის პროცესის მონაწილეა.


II.1. ცოტაოდენი ისტორია და თეორია
როგორც ამ წიგნის შესავალში იყო ნათქვამი, ამ თავში სამოქალაქო საზოგადოების ისტორია შეუმჩვევლად გადადის მის შესახებ თეორიაში და პირიქით. აქ გამოთქმული ბევრი დებულება საკამათოა, მაგრამ ავტორი ირწმუნება, რომ სხვანაირად შეუძლებელია მკითხველის მესამე სიმულაციის სფეროში შეყვანა.
 
ისტორიულად სამოქალაქო საზოგადოება არც საქართველოში და არც რომელიმე პოსტ-კომუნისტურ ქვეყანაში არ შექმნილა. სამოქალაქო საზოგადოების დასაწყისი, ანუ საზოგადოების ორგანიზებული და ინსტიტუციონიზირებული ნაწილის წარმოშობის ფესვები შუა საუკუნეების ამქრულ, ოსტატთა და ვაჭართა გაერთიანებებში უნდა ვეძებოთ. მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიაა და თანამედროვე მდგომარეობის გასაგებად არაფერს მოგვცემს. სამოქალაქო საზოგადოების იდეა კვლავ დაიბადა ჩვენი საუკუნის შუა წლების აშშ-ში და ჩამოყალიბდა, როგორც მედიაციური ინსტიტუტი.
საქმე ის არის, რომ მართვის სისტემა, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება, ძალიან რთული და ხისტი კონგლომერატია. ის სფეროები, რომელთა კურირებასაც დემოკრატიული სახელმწიფო ჩვენს საუკუნეში თავის თავზე იღებს, ძალიან ბევრია და ფაქტიურად სოციალური სფეროს ყველა გამოვლინებას მოიცავს. სახელმწიფოს მიერ უშუალო მართვა, ანუ სახელმწიფო ბიუროკრატების ამა თუ იმ სოციალურ სფეროში ჩარევა, არ იძლევა სასურველ შედეგებს. მეტიც: ასეთი ჩარევა იწვევს ბიუროკრატიული აპარატის უსაშველო ზრდას, რომლის შემცირებაც, ამის შემდეგ, ფაქტიურად შეუძლებელია. ბიუროკრატიული აპარატის დიდი მოცულობით დაფიქსირებას აუცილებლად მოსდევს უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელია მართვის სისტემის დამოკრატიულიდან ტოტალიტარულისაკენ გადახრა.
ამიტომ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით იქმნებიან თავის თავზე იღებენ ერთის მხრივ სახელმწიფოს კონტროლს, ხოლო მეორეს მხრივ კი – იმ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, მაგრამ რომლის უშუალო შესრულებაც სახელმწიფო მართვის დემოკრატიულ სისტემას არ შეუძლია. ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, განათლება, სახელმწიფო ბიუროკრატიულ აპარატზე კონტროლი, რელიგია – ექცევა არასამთავრობო ორგანიზაციების არეალში. ეს გადაცემა ან სახელმწიფოსთან დადებული სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე (პროკურმენტი ) ხორციელდება, ანდა უცხოური გრანტების სისტემით, რომლის ინიციატორი, ფორმალურად მაინც, როგორც წესი, სახელმწიფოა, როგორც სისტემა, რომელიც ქვეყანაში უცხოური ფონდის მოღვაწეობაზე თანხმობას იძლევა.
შესაბამისად, ვიღებთ ისეთივე სურათს, როგორც მასმედიის შემთხვევაში: იმისათვის, რომ სახელმწიფომ მართოს საზოგადოება, ის ურთიერთობს მასთან არა პირდაპირი დირექტივების გზით (რაც შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში), არამედ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების საშუალებით. ამის შედეგი, ერთის მხრივ, სახელმწიფოს დემოკრატიული მართვის სრული სისტემაა, ხოლო მეორეს მხრივ – სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ორგანიზმი, რომლის ძირითადი ნაწილი ინსტიტუციონიზირებული და ინფორმაციულად შეკრულია.











მართვის ის სისტემა, როდესაც სახელმწიფო უშუალოდ ურთიერთობს საზოგადოებასთან, თანამედროვე სამყაროში სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურა, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, განუვითარებელი დემოკრატია.
გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, როგორც მედიაციის მექანიზმი, ფინანსურადაც მომგებიანია სახელმწიფოსათვის: იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ გარკვეული თანხები სოციალურ სფეროში უსასრულო დროით დასაქმებულ ბიუროკრატთა შენახვაზე ხარჯოს, იგი ბიუჯეტური თანხების მიზნობრივი განაწილებით აღწევს სასურველ შედეგს, ისე, რომ, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების გარდა, არაფერს არ იღებს თავის თავზე იმ ხალხის მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდი მისთვის მუშაობენ.
სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსათვის საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მიუმართავი თვითრეგულაცია არ მიმდინარეობს უმტკივნეულოდ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ამ საუკუნის პირველ ნახევარში დემოკრატიული სისტემების ნაციონალისტური სისტემებით ჩანაცვლებაში გამოიხატა. სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს საშუალებას, აძლევს ერთის მხრივ, საკუთარი მოქალაქეების ინტერესები სასურველი გზით მიმართოს, ხოლო მეორეს მხრივ, დამანგრეველი იდეოლოგიის მატარებლები სამოქალაქო საზოგადოების ჩარჩოებში ჩასვას და ასე თუ ისე დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნიან, რაც ბუნებრივია, იწვევს მართვის სისტემით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობის შემცირებას და კეთილდღეობის ზრდას.

საქართველომ გაიარა განუვითარებელი დემოკრატიის ქვეყნის სტადია, როდესაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესები არ იყო სტრუქტურირებული და შესაძლებელ-მისაღები იყო აბსოლუტურად სოციალური ინტერესის მქონე ხალხის მოხვედრა პარლამენტში. დღეს საქართველოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც წარმატებით ღებულობენ გრანტებს და არსებობენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები.

II.2. სიმულაცია მესამე
იმდენად, რამდენადაც ეს თავი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას ეძღვნება, ავტორმა გადაწყვიტა ეს ნაწილი ასო -ებისათვის მისაღები ფორმით დაეწერა და პროექტის აღწერის ჩარჩოებში ჩაესვა.

არსებული სიტუაციის აღწერა
საქართველოში არასამთავრობო ინსტიტუტების არსებობას რამდენიმე წლის ისტორია აქვს, რომელიც ქვეყანაში ჯორჯ სოროსის ფონდის დაარსებით დაიწყო. მას შემდეგ რამდენიმე სხვა ფონდიც დაარსდა. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესის სფეროში არსამთავრობო ორგანიზაციები, შეიძლება ითქვას, მხოლოდ 1998 წელს მოხვდნენ. ეს დაინტერესება ორი ფორმით გამოიხატა: საპარლამენტო დაინტერესება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მიძღვნილ დღეზე პროკურმენტის სისტემის მხარდაჭერა გამოაცხადა, და სახელმწიფო კანცელარიის დაინტერესება, როდესაც სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო შეიქმნა.

 
პრობლემის დაყენება
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რამდენიმე ასეულია, მათი რეალური რიცხვი, ანუ ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ და დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნიან, 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. ის, რომ გრანტებს, როგორც წესი, ერთი და იგივე ორგანიზაციები იღებენ, ის, რომ ვრცელდება ჭორები ფონდების აქტიურ კორუფციაში ჩართულობის შესახებ და სხვა ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის ახლავს ახალი მოქმედებების დაწყებას, სხვა მსჯელობის საგანია. ამჯერად ამ ტექსტისათვის მნიშვნელოვანია, თუ როგორია პოლიტიკური სისტემის და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა საქართველოში. 

პროექტის აღწერა
საქართველოში ჯერჯერობით თუკი ვინმე იყენებს არასამთავრობო სექტორს და ურთიერთობა აქვს მასთან, არის მმართველი ძალა, ანუ ძალაუფლების მქონე. ოპოზიცია ჯერჯერობით არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვის თვალით უყურებს. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესებში პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციამ უსაყვედურა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, და რამდენიმე ხანი ოპოზიციურ დისკურსში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობა კორუფციაში ჩართულობაზე და ე.წ. “მაფიასთან” ურთიერთობაზე უფრო ამორალურად გამოიყურებოდა. 
მაგრამ მიუხედავად ასეთი მხარდაჭერისა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ძალაუფლების მქონეთა ურთიერთობა ვერა და ვერ მივიდა თანამშრომლობამდე. ჯერჯერობით მათი ურთიერთობა უფრო რჩევების და ინტერესების ლობირების დონეზეა. ანუ, მიმდინარეობს არა თანამშრომლობა (პროკურმენტი და სხვა) არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის უკეთ მოსაწყობად (მათი აზრით) რჩევების გაცემა და ძალაუფლების მქონეთათვის პოლიტიკური და სოციალური შემთხვევების შესახებ მათი აზრის უწყება. 
დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების ბაზისურ და ინსტიტუციონირებულ ნაწილს კი არ წარმოადგენენ, არამედ ემთხვევიან მას; დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება [ე.ი. საზოგადოება] და არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაციები ერთი და იგივეა, _ ისინი ემთხვევიან ერთმანეთს. შესაბამისად, მედიაციის ფუნქცია, რომელიც ასო-მ (არასამთავრობო ორგანიზაციამ) უნდა შეასრულოს პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებს შორის დემოკრატიული მართვის სისტემის ამოქმედებისათვის, შეუძლებელია განხორციელდეს.

ბიუჯეტი
რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უაზრო ან არასაჭირო პრობლემებზე მუშაობენ. იქნება ეს უპატრონო ბავშვების მოვლა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამედიცინო სამსახურის უზრუნველყოფა, სამეზობლოს (თემის) პრობლემების მოგვარება თუ სხვა პოლიტიკური თუ სოციალური საკითხები, ასო-ები მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევენ თავს. მაგრამ როგორც რიგით, პოლიტიკურად არაანგაჟირებულ მოქალაქეთა, ასევე, ხელისუფლების ზოგიერთი ნაწილის მიერაც ისინი აღიქმებიან უცხოური ორგანიზაციების გაგრძელებებად, სატელიტებად, რომლებიც უცხოური ფულით საქველმოქმედო ან ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.
სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს პროკურმენტის გარეშე, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტების, ასევე ცენტრალური ბიუჯეტის დონეზე. სანამ არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც საბიუჯეტო თანხის განმკარგავი, არ იქნება ანგარიშვალდებული საზოგადოების ნებისმიერი წევრის წინაშე, მანამდე შეუძლებელია ვილაპარაკოთ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, და შესაბამისად, მართვის დემოკრატიული სისტემის არსებობის შესახებ.
დღეს არასამთავრობო “მომუშავე” ორგანიზაციები ისე იქცევიან, თითქოს არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, და თითქოს ისინი წარმოადგენენ იმ მედიაციურ მექანიზმს, რომელმაც დემოკრატიული მართვის სისტემის არსებობა უნდა უზრუნველყოს. ხელისუფლებაც სიხარულით ეთანხმება ამ იდეას და მიმართავს გარკვეულ ზედაპირულ ღონისძიებებს ამ დებულებების განსამტკიცებლად. მეორე მხრივ, მართვის არსებული სისტემის წარმომადგენლები თავს იკავებენ და აშკარად არ უნდათ პროკურმენტის სისტემის დაწესება. 
ძალაუფლებას საქართველოში აქვს საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც ასო-ები წარმოადგენენ, და რაც სავსებით საკმარისია სიმულირებისათვის. თვითონ ასო-ებიც უკვე ჩაერთვნენ სიმულაციურ ორბიტაში და აღიარებენ, რომ საქართველოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რადგანაც მათ ეს სჭირდებათ ერთის მხრივ თავიანთი პროგრამებისა და ხელშემწყობი კანონების ლობირებისათვის საქართველოში, და მეორეს მხრივ, საზღვარგარეთ – გრანტების მომცემებთან და დაფინანსების სხვა წყაროებთან ურთიერთობისათვის. 

გადაწყევტის გზები
ამაზე მეტს ძალაუფლება არ იძლევა: სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, ანუ პროკურმენტის სისტემის დაწესება და შესაბამისად, ბიუჯეტის დიდი ნაწილის რეალური გამჭვირვალობა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება კატასტროფულ ნახვრეტს გააჩენს სიმულაციურ სისტემაში და შეიძლება ეს სისტემა დაანგრიოს კიდეც.
არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი არიან სიმულაციურ ორბიტაში და, როგორც წესი, იმას აკეთებენ, რასაც გრანტის გამცემი უცხოური ფონდები მოითხოვენ. ეს სურვილი კი, როგორც წესი, უცხოური ანალოგიებით არის ნაკარნახევი და მეტ-ნაკლებად სუსტად ასახავს არსებული მართვის სისტემის საჭიროებებს. ამდენად, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციური მექანიზმის ფუნქციას ასრულებენ არა საზოგადოებას და ძალაუფლება-სახელმწიფოს შორის, არამედ დასავლეთის ქვეყნების მთავრობათა და ძალაუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს შორის, რაც სრულებით არ არის ცუდი, მაგრამ რა შუაშია აქ სამოქალაქო საზოგადოება?
ამიტომ საქართველოში, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან, ძალიან ადვილია არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაციის შექმნა: ანუ, ძალაუფლება მათ კარტ ბლანშს აძლევს. ეს გასაგებიცაა: რაც უფრო მეტი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია, მით უფრო ადვილი იქნება მათი გასაღება სამოქალაქო საზოგადოების არსებობის უტყუარ საბუთად. შესაბამისად, მით უფრო ძლიერი იქნება ძალაუფლების სიმულაციური ორბიტა.

ბიზნეს გეგმა
ამდენად, აქ გასაგები ხდება მესამე სიმულაციის ბუნება: არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ვერ ასრულებენ მედიაციურ ფუნქციებს საზოგადოებასა და მართვის სისტემას შორის. შესაბამისად, ისინი ვერ ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას და, როგორც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული მართვის სისტემის არსებობას სიმულირებენ.
დემოკრატიული მართვის სისტემის სიმულაციის ფონზე, ანუ როდესაც არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, კავშირი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის კვლავაც ან დირექტიულია, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში – პირდაპირდემოკრატიული. 

მოსალოდნელი შედეგები
არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ძალაუფლების მქონენი და ძალაუფლებაში მონაწილენი ერთხმად უწყობენ ხელს სამოქალაქო საზოგადოების სიმულაციას, ხოლო ოპოზიცია ერთხმად უარყოფს სამოქალაქო საზოგადოებას. ოპოზიციურ პარტიებშიც და მმართველი ძალების წევრებს შორისაც არსებობენ ასო-ების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. თუმცა მმართველ ძალებში, ანუ მმართველი ძალების წარმომადგენელ პიროვნებებს შორის, ასო-ების მოწინამღდეგე უფრო ბევრია, ვიდრე ოპოზიციაში ასო-ების მხარდამჭერი.
როდესაც 1999 წლის დასაწყისში პარლამენტის სხდომაზე გადიოდა კანონპროექტი “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის შესახებ”, რომელიც პროკურმენტის სისტემის რეალური დასაწყისი შეიძლება გამხდარიყო, მმართველ პარტიაში ჩუმი მოწინააღმდეგე უფრო მეტი იყო, ვიდრე ოპოზიციაში ამ კანონპროექტის მიმართ აგრესიულად განწყობილები. მეტიც, ფინანსთა სამინისტომ, ახალი მინისტრით, კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა დაურთო. არადა, ის თითქოსდა ამ კანონპროექტის მომხრე უნდა ყოფილიყო: როგორც იმ სისტემის მხარდამჭერი, რომლის ამოქმედებაც მომავალში სახელმწიფო აპარატის ხარჯებს მკვეთრად შეამცირებდა. გარდა ამისა, რაც ყველაზე უფრო უცნაურია, ზოგიერთის მიერ გამოითქვა ეჭვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაარსებით ახალ პარტიას ეყრებოდა საფუძველი. 
ამ ადამიანების შიში და წუხილი სავსებით გასაგებია: ისინი უფრთხიან იმ ბალანსის დარღვევას, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც უზრუნველყოფს სიმულაციური ობიექტების წრებრუნვას. ასე რომ, ახალი პარტიის და ახალი წესრიგის საფრთხე მართლაც ძევს სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფო ფონდის დაფუძნებაში, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ მომდინარეობს სიმულაციურ სივრცეში რეალობის ინსტალირების შედეგიდან და, შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების (ე.ი. საზოგადოების) რეალური შექმნიდან.
სხვა ამბავია, რომ თვითონ ამ კანონპროექტის არჩევნების წელს განსახილველად გამოტანა უკვე შეიძლება დახასიათდეს, როგორც სიმულაციის ფაქტი, რადგანაც, ფონდის ამუშავების შემთხვევაში, არჩევნების პერიოდში ფონდის შედეგი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა თუ იქნებოდა, რაც ბუნებრივია დამატებით კოზირს მისცემდა მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეებს, გამოიწვევდა პრეზიდენტის უკმაყოფილებას და ა.შ.
ამიტომ მოინახა მარტივი და გენიალური გამოსავალი: კანონპროექტი მიიღეს პირველი მოსმენით, ანუ მიიღეს, და თანაც არ მიიღეს. ამით მოხდა ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების (უდრის ასო-ებს) ნაწილობრივი დაკმაყოფილება, მეორეს მხრივ კი შიდა თუ გარე მოწინააღმდეგეების დაშოშმინება. ანუ, დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი, და თანაც არ გვაქვს. ანუ, არსებობს მოლოდინი, რომ სამოქალაქო საზოგადოება ოდესმე შეიქმნება. მოლოდინი კი სიმულაციური სოციალურ-პოლიტიკური პროცესების, ისევე, როგორც ჩვეულებრივი პროცესების, აუცილებელი თანამგზავრია.

III. მოლოდინების ორბიტა
ერთი შეხედვით, ეს თავი უფრო ფსიქოლოგიურ პროცესებს აღწერს, ვიდრე პოლიტიკურს ან სოციალურს. ამან კი შეიძლება საბაბი მისცეს მკითხველ-პროფესიონალს არაპროფესიონალიზმი დასწამოს ავტორს. როგორც არ უნდა გაიგოს მკითხველმა ეს ნაწილი, ამ თავის მრავალგვარი ინტერპრეტაციით ამ წიგნის მთავარ იდეას (თუ აქვს) არც არაფერი მოაკლდება და არც მოემატება.

III.1. ცოტაოდენი თეორია
ავტორი ცდილობს საკუთარი განათლებიდან გამომდინარე ცოტაოდენი ფილოსოფიური ტერმინები შემოაძვრინოს ამ წიგნში. სულსწრაფი მკითხველისათვის ამ თავის გამოტოვებაც დასაშვებია.

სიმულაციურ ობიექტებს და პროცესებს თან ახლავს სპეციფიკური მოლოდინი. ეს მოლოდინი, როგორც ფსიქიკური განცდა, ალბათ, ერთადერთი არასიმულირებული რამ არის სიმულაციების მიმოქცევაში. მაგრამ ის სიმულირებას ხელს კი არ უშლის, არამედ, მისი თანამდევი და გვერდითი პროცესია: ის სიმულაციის გამოწვეულია, მაგრამ არ არის სიმულაცია, რადგანაც მყარი და არსებული საფუძველი გააჩნია სიმულაციის სახით . 
მოლოდინის ფენომენოლოგიური აღწერა რომ მოვინდომოთ, მივიღებთ, რომ ის არის გარკვეული, არსებული და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგების განჭვრეტა-წინათგრძნობა და, ამასთანავე, ფსიქიკური განწყობა, რომელიც ამ შედეგებს ეგებება როგორც მეტ-ნაკლებად ნაცნობს და ინტელექტუალურად სასურველს.
სიმულაციით გამოწვეული მოლოდინი ყველაფრით წააგავს ჩვეულებრივ, “ფენომენოლოგიურ” მოლოდინს, გარდა ერთისა: სიმულაციური მოლოდინის დროს ელოდები სხვას. ანუ, აპრიორულად იღებ, რომ მიმდინარე სიმულაციური პროცესიდან ლოგიკურად და ონტოლოგიურად გამომდინარე შედეგებს ისეთივე, ან უფრო ნაკლები შანსი აქვთ განხორციელდნენ, როგორც მათ საპირისპიროს . 
ანუ, მოლოდინი, რომელსაც აღძრავს სიმულაციური პროცესი, არის სხვის მოლოდინი. 
სხვის მოლოდინი არის შემთხვევის ინტერპრეტაცია, რომელიც სიმულაციური გარემოს და პროცესების გამო, მიუხედავად ალოგიკურობისა და არაბუნებრიობისა, მაინც ძალაშია, ისევე, როგორც ჩვეულებრივი, `ბუნებრივი~ ინტერპრეტაცია. ამის ერთადერთი საფუძველი ძალაუფლების მიერ სიმულაციით შექმნილი გარემოა.
მოკლედ, სხვის მოლოდინი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფრაზის, აბრის, განცხადების, ტექსტის, მოქმედების, მითითების ცხადი, თავისთავადნაგულისხმევი შინაარსი ითვლება მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლებლობად. სხვის მოლოდინი აღძრავს სხვა საფუძვლის და ფარული მიზეზის პანიკური სისწრაფით ძებნის დასაწყისს. ეს საფუძველი და მიზეზი კი, სხვის მოლოდინის გამო, აპრიორულად საწინააღმდეგო ან სხვა უნდა იყოს, ვიდრე ამ აქტივობების მიერ აშკარად და გამჭვირვალედ მითითებული შედეგი.

III.2. სიმულაცია მეოთხე - ორიოდე მაგალითი
შესაძლებელია, რომელიმე მკითხველმა ასეთი მოლოდინი საკუთარ თავში ვერ აღმოაჩინოს. ავტორი მხოლოდ მიესალმება ასეთ ფაქტებს, და იმედოვნებს, რომ თანდათან ასეთი მოქალაქეები სულ უფრო და უფრო მეტნი იქნებიან.

საქართველოს მოქალაქეები ტოტალურად სხვის მოლოდინით არიან შეპყრობილნი. ეს განსაკუთრებით პოლიტიკური შემთხვევების აღქმიდან ჩანს. სიმულაციური მოლოდინი იმდენად ძლიერია, რომ ცნობილი აბრაგის პოლიტიკური აჯანყების დროს სპონტანურად და ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ოპოზიციურ და გაღიზიანებულ თავში წარმოიქმნა იდეა, რომ ეს აჯანყება პრეზიდენტის ინიციატივით ხდება და მისი პროვოცირებულია, ადგილობრივი საკრებულოების არჩევნების გადადების მიზნით. იგივე სტრუქტურა ჰქონდა პრეზიდენტის მოსაკლავად მოწყობილი ტერაქტების შესახებ მოარულ ჭორებს. 
ასეთივე მოლოდინს ვხვდებით ნებისმიერი კანონპროექტის თუ პრეზიდენტის ბრძანებულების მიმართ, თუკი ამ ტექსტებში აშკარად არ ჩანს უარყოფითი და კორუფციული მხარე: და ეს ნამდვილად არ არის პარანოია. ერთის მხრივ ტრადიციის გამო, ხოლო მეორეს მხრივ საკუთარი გამოცდილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკის ყოფით ანალიზს ეწევიან, მათგან ზუსტად იმას ელიან, რასაც უნდა მოელოდე სიმულაციური პროცესისაგან: გარდა აშკარად დეკლარირებულისა, ამავე დროს, საპირისპიროს ანდა სრულიად სხვას. ანუ, ასეთი მოლოდინი ფაქტიურად ყველანაირი მოლოდინის გაუქმებას ნიშნავს: როდესაც ელოდები ყველაფერს, ეს ნიშნავს, რომ “სინამდვილეში” არაფერს არ ელოდები.
ყველაზე უფრო საოცარი კი ის არის, რომ ამ მოლოდინის განეიტრალება შეუძლებელია. რაც არ უნდა უთხრა და აჩვენო სხვა-მოლოდინის მატარებელს, სიმულაციური გარემო მას, უკვე თავისი მხრიდან, შეუგდებს სხვა მოვლენას, რომელიც მის მოლოდინს გაამართლებს. როგორც ეს მოხდა აბრაგული აჯანყების შემთხვევაში: ჩაწყნარდა თუ არა ამ “აჯანყების” შევარდნაძის ვერსია, მოეწყო უშიშროების ყოვლად კომიკური ვიზიტი ტყეში გავარდნილებთან ჟურნალისტების თანხლებით, რის შემდეგადაც უკვე ამ აჯანყების და მისი შედეგების უშიშროებისეულმა ვერსიამ წამოყო თავი.
ეს მოლოდინები სპეციფიკურ ორბიტას ქმნიან. მათი მიმოქცევა კი უკვე თავად იწვევს შესაბამის პროცესებს. ასე, ელიავას აჯანყების შეფასებამ გამოიწვია ის, რომ ბევრი ამბობს, უშიშროება ელიავას დაჯგუფებას, როგორც არასტაბილურობის საფრთხობელას, ისე იყენებსო (თუმცა, შესაძლებელია, რომ ასეთი შეფასებაც სხვის მოლოდინის შედეგია), ასო-ები მართლაც იქმნებიან იმის გამო, რომ გრანტი აიღონ და არაფრად დაგიდევენ შედეგების მიღწევას, ოპოზიციური პარტიები მართლაც მოელიან მეორე და მესამე ცენტრიდან სარგებელს, თუნდაც იმიტომ, რომ, მათი აზრით, ისინი პირველი და ერთადერთი აქტუალური ცენტრის ძალით არსებობენ და ა.შ.

IV. პოლიტიკური პარტიები და ძალაუფლება
თუკი მკითხველმა მოაღწია ამ თავამდე, ის უკვე მზად არის იმის წასაკითხად, რაც აქ დახვდება. ვითრება სულ უფრო და უფრო იძაბება და უახლოვდება ტრაგიკულ ფინალს, რომლის მოლოდინიც, ავტორის და მკითხველის სასიხარულოდ, წიგნის ბოლოს არ მართლდება.

IV.1. უმარტივესი თეორია, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ ტექსტის გაგრძელებას სჭირდება
დემოკრატიული მართვის სისტემისათვის ოპოზიციური პარტიები ისეთივე აუცილებელია, როგორც მედიაციური მექანიზმები. ოღონდ ოპოზიციური პარტიები პრინციპულად სხვა როლს თამაშობენ; ისინი მონაწილეობენ ძალაუფლების გადანაწილების და პოლიტიკური შემთხვევების პროექტთა მომზადების პროცესში. თუმცა, სტრუქტურულად, მათი ურთიერთობა მასმედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ისეთივეა, როგორიც ზემოთ აღწერილ სქემებში: მათი ადგილი იქ არის, სადაც ძალაუფლება არსებობს (სქემებში – ძალაუფლების უჯრედში).
ოპოზიციური პარტიის ფუნქცია არის მმართველობაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მედიაციური მექანიზმების ამოქმედება. ბუნებრივია, ძლიერი ოპოზიციური პარტიის სურვილია თავად მოიპოვოს ძალაუფლება. ამიტომ, ოპოზიციას ძალაუნებურად უწევს მჭიდრო თანამშრომლობა ძალაუფლების მქონესთან, რომ სათანადო ვითარებაში არ წარმოიშვას მმართველი ძალის ოპოზიციით ჩანაცვლების პრობლემა. ასეთი მჭიდრო ურთიერთობის არენა, როგორც წესი, პარლამენტია.
როგორც წესი, ოპოზიციური პარტიები ქმნიან კოალიციებს, ურთიერთობაში შედიან ბიზნესმენებთან, ამყარებენ მჭიდრო კავშირს მასმედიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ა.შ. მთელი ეს აქტივობა გაიშლება ხოლმე პოლიტიკური ცენტრის გარშემო, რომელიც ყველა სახელმწიფოში დღეისდღეობით არის იქ, სადაც მმართველობა და პარლამენტი ფიზიკურად არსებობენ. ბუნებრივია, ამავე დროს, ოპოზციის მხრიდან პოლიტიკური ცენტრის დაკავების სურვილიც არსებობს. მთელი საჭადრაკო პარტია, რომელსაც ქვეყნის შიდა პოლიტიკა ჰქვია, ერთ დაფაზე მიმდინარეობს, და პარტიის ენდშპილი არჩევნებია.

IV.2. სიმულაცია მეხუთე – ოპოზიციური პოლიტიკა
ავტორი დაწმუნებულია, რომ ამ თავისთვისაც იგივე რეკომენდაციაა მისაღები და გამოსადეგი, რაც წინა მონაკვეთისთვის. 

საქართველოში სხვა მდგომარეობაა. ოპოზიციური პარტიები ვერ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს, თუნდაც იმის გამო, რომ ქვეყანაში მხოლოდ სიმულაციური მედიაციური მექანიზმები არსებობენ: ამიტომ ოპოზიციას არ შეუძლია არც “ნამდვილი” საზოგადოებრივი აზრის, და არც სიმულაციურის გენერირება; მას უბრალოდ არ აქვს არც თანხები, არც შესაძლებლობა და არც ტრადიცია ისეთივე გავლენა მოახდინოს სიმულაციურ მასმედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, როგორსაც ძალაუფლების მქონე ახდენს.
ამიტომ მექანიზმი, რომელიც ოპოზიციის და მმართველობის კონსტრუქციულ კავშირს უზრუნველყოფს, საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე მასმედიის შესახებ საუბრისას, ოპოზიციის ერთადერთი შანსი არის სამარქაფო პოლიტიკურ ცენტრებთან დაკავშირება და სხვის მოლოდინი. რაც ხდება კიდეც. სულ უფრო და უფრო მეტი პარტია ჩადის აჭარაში ე.წ. “მეორე პოლიტიკურ ცენტრთან” მოლაპარაკებისათვის. ხანდახან ეს მოლაპარაკება უშედეგოდ მთავრდება, ხანდახან არა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ოპოზიცია ელოდება სიმულაციების ისეთ შემთხვევით გაწყობას, როდესაც მეორე ცენტრი აქტუალური გახდება, რეალური კი პირიქით. ამ გაწყობისაგან ისინი მეტს მოელიან, ვიდრე არსებულისაგან. რაც არ უნდა იყოს, აჭარა მხოლოდ აჭარაა, და ვერ შეძლებს ბიუროკრატიული მექანიზმის სრულ ჩანაცვლებას. აი აქ კი გამოჩნდებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც თავის დროზე კარგი ურთიერთობა დაამყარეს სამარქაფო ცენტრთან. ეს მოლოდინი ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც პიროვნულად არ შეუძლია ვირტუალური ცენტრის ლიდერებთან ურთიერთობა, ანდა არ სურს მჭიდრო ურთიერთობა, სხვა, მესამე ცენტრს აყალიბებს და ა.შ.
ეს პროცესი სრულებით არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ცუდია და ქვეყნისათვის ცუდი უნდა. უბრალოდ, ძალაუფლების მიერ სიმულირებული პოლიტიკური შემთხვევების ორბიტა იწვევს ამ პროცესებს: ძალაუფლების მიერ ბიძგმიცემული სიმულაციური ორბიტა აპირობებს მედიაციის და შესაბამისად საზოგადოებრივი აზრის (ე.ი. საზოგადოების) არარსებობას. ასევე, სიმულაციითაა გამოწვეული სამოქალაქო საზოგადოების, და შესაბამისად, დემოკრატიული მართვის სისტემის ელემენტების არარსებობა. ეს არარსებობა კი, თავის მხრივ, ოპოზიციისათვის მართვის სისტემის ელემენტების საკუთარი ხალხით ჩანაცვლების იმედის საფუძველია .
დღეს ოპოზიცია მხოლოდ ფორმის გულისათვის თუ ეკამათება მმართველ პარტიას და პრეზიდენტს. ჯერ ერთი, მათ უკვე დაკარგეს პრეზიდენტის გადმობირების იმედი, მეორეც, ეს კამათი მათ მხოლოდ საარჩევნო კამპანიისათვის სჭირდებათ, რათა როგორმე შეინარჩუნონ ოპოზიციონერობა პირველი ცენტრის მეორეთი ან მესამეთი შემთხვევით ჩანაცვლებამდე.
სამარქაფო (ვირტუალური) ცენტრიც არ აყოვნებს და ცდილობს პოლიტიკურ რეალობაში შემოაღწიოს. მაგრამ, ისევ და ისევ სიმულაციური მეთოდებით: მაგალითად, აფინანსებს კომპოზიტორთა კავშირს, ხსნის საკუთარ წარმომადგენლობას თბილისში და ა.შ. მოკლედ, ცდილობს ინტელიგენციის, ანუ იმ ფენის სიმპატიის სიმულირებას, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს საქართველოში, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც, როგორც ჯგუფი და მასა, მუდამ დარჩებიან ქარიზმატული ლიდერების მხარდამჭერებად (იხ. თავი XIII: მოჩვენების საშიშროება).

IV.3. სიმულაცია მეექვსე – მმართველი პოლიტიკური ძალა და ვიცე ვერსა
ვიცე ვერსა ლათინური გამოთქმაა და ნიშნავს პირიქით, საპირისპიროდ. რა თქმა უნდა, სათაური პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ავტორი ცდილობს დაანახოს მკითხველს, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრისათვის მაინც არ არის უცხო პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, და რომ ეს ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება თითქოსდა არ არის, მაინც როგორღაც ხორციელდება.

წინა მონაკვეთში აღწერილი სიტუაცია მაინც ვერ ხსნის ქვეყანაში არსებულ ვითარებას. საქმე ის არის, რომ თუ სიმულაცია სრული და გამართულია, ძალაუფლებას მაინც უნდა სჭირდებოდეს რეალური დაპირისპირებების პროდუცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმულაცია სრული ვერ იქნება და შეიძლება დაუახლოვდეს დამღუპველ რეალობას (მაგ. დიქტატურას).
ერთადერთი ადგილი, სადაც ძალაუფლების მიერ სიმულირებულ რეალობაში ძალაუფლების კონტროლის და გადანაწილების თამაშია შესაძლებელი, ისე და ისევ ძალაუფლებაა, ანუ ის სივრცე, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც ძალაუფლების სამყოფელი. საქართველოში ეს ასეც ხდება:
კონტროლი და გადანაწილება მიმდინარეობს უშუალოდ იქ და იმის გარშემო, სადაც თავმოყრილია ძალაუფლება, ანუ - ქვეყნის პრეზიდენტის ქარიზმატული ფიგურის ირგვლივ. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ეს თამაში, რომელსაც ერთის მხრივ დემოკრატიული მმართველობის ნორმები, ხოლო მეორეს მხრივ ძალაუფლების მიერ სიმულირებული სივრცე მოითხოვს, მიმდინარეობს მმართველ პარტიაში, ანუ მოქალაქეთა კავშირში. მართალია, ხანდახან ხდება ამ თამაშში სხვა პარტიების და ფიგურების ჩართვაც, როგორც ეს მოხდა საკრებულოების არჩევნების შემდეგ, როდესაც სოციალისტ_ლეიბორისტებმა ერთი შეხედვით სერიოზული განაცხადი გააკეთეს, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდური მოვლენა იყო და საერთო სურათი ვერ შეცვალა.
თავად მმართველ პარტიაში კი, როგორც ამბობენ, სიტუაცია ისეთია, რომ ბევრ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას შეშურდება. იქმნებიან და იშლებიან კოალიციები, მიმდინარეობს მასმედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენისათვის ბრძოლა, ერთმანეთს ეჯახებიან ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები, ხდება ამა თუ იმ დაჯგუფების ფავორიტების და წარმომადგენლების დანიშვნა სხვადასხვა მმართველობით თანამდებობაზე და ა.შ. მთელი ეს ბრძოლა მედიაციური მექანიზმების და პროცესების სრული გამოყენებით წარმოებს. ასე რომ, ჩვენ მართლაც გვაქვს დემოკრატიული მართვის სისტემა ცალკე აღებულ პარტიაში. 
ნებისმიერ სხვა პარტიაში ასეთი მასშტაბის განხეთქილებებს პარტიის დაშლა უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალაუფლების და სიმულაციის უფლების ხელშეუხებელი გამნაწილებელი პრეზიდენტის ქარიზმატული ფიგურაა, და ყველამ იცის, თუ რისი დაკარგვა მოუწევთ პარტიის დატოვების შედეგად (მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება პარტიაში არსებობს). 
ცალკე აღებულ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლის საუკეთესო მაგალითია სასამართლო რეფორმის პროცესი: ე.წ. რეფორმატორთა გუნდმა მიაღწია ყველა მოსამართლის გამოცდით დანიშვნას, მაგრამ წააგო ბრძოლა უზენაეს სასამართლოსთან, რომელმაც დაარწმუნა პრეზიდენტი გარკვეული ხალხის ყოველგვარი გამოცდის გარეშე დანიშვნის აუცილებლობაში. ანუ, სასამართლო სისტემაც ჩაეწერა სიმულაციურ ორბიტაში; “ცივილიზებული მსოფლიოს” დასანახად გაიფილტრნენ კორუმპირებული და არაკვალიფიციური მოსამართლეები, მაგრამ უზენაესი სასამართლო კვლავ ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ დარჩა (იმისდა მიუხედავად, რომ პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს პარლამენტმა უნდა მისცეს თანხმობა. როგორც წესი, არსებულ სიტუაციაში – მოქალაქეთა კავშირის უმრავლესობის პირობებში - პრეზიდენტს პარლამენტი უარს ვერ ეუბნება). მთელი ეს ბრძოლა, რომლის კულუარული და კონსტრუქციული განვითარებაც ბევრ მმართველ ძალა-ოპოზიციის ტანდემს შეშურდებოდა, ერთი მმართველი პარტიის და ერთი საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ხდებოდა.
 
IV.4. სიმულაციათა ორბიტული ცირკულაცია
განათლებული მკითხველი აქაც და აქამდეც აღმოაჩენს შემოხვედრილი მეტაფორა-ფრაზების და დასავლეთში საკმაოდ პოპულარული მიმდინარეობის ტექსტებში გამოყენებული გამოთქმების თანხვედრას. მაგრამ ავტორი ირწმუნება, რომ ის ამას არც მალავს და რომ ცნობილი ტერმინები და ცნებები მისთვის ვითარებების აღსაწერი მოხერხებული ინსტრუმენტებია.

აქ უკვე ცხადი ხდება რაში სჭირდება მმართველობას მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების სიმულაცია: საკუთარი თავის შიგნით საურთიერთოდ. როგორც გამოჩნდა, რეალური პოლიტიკური ბრძოლა მმართველ პარტიაში მიმდინარობს. შესაბამისად, ბრძოლის ცივილური ხერხები მოითხოვს ცივილური და თანამედროვე მექანიზმების არსებობას. ძირითადად ეს უნდა იყოს “სუბიექტური” მიზეზი, რომელიც ძალაუფლებას სიმულირებისა და სიმულაციების შექმნისაკენ უბიძგებს.
სავსებით სწორია მოსაზრება, რომელიც ამ ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკით დაინტერესებული ინტელექტუალების წრეში მუსირებს, რომ ოპოზიციური პარტია არჩევნებში ხმას იღებს არა იმიტომ, რომ მისი პროგრამა და თუნდაც ტიპი განსხვავდება მმართველი პარტიისაგან, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცეები განაწყენებულნი არიან მმართველ პარტიაზე და ამიტომ აძლევენ ხმას მათ მოწინააღმდეგეებს. 
აქ უკვე მუშაობას იწყებს სხვის მოლოდინის მექანიზმი, და სწორედ იმის გამო, რომ შეფასება-მოლოდინი-ინტერპრეტაცია მრავალგვარია და არაფრით არ შეიძლება იყოს ერთი (ან თუნდაც ორი), განაწყენებულთა და უკმაყოფილოთა ხმები იფანტება და ოპოზიციურ პარტიათაგან ვერავინ აგროვებს ხმების სასურველ(?) რაოდენობას. 
თუ ოპოზიციური პარტია ახერხებს იმას, რომ მოსახლეობას საკუთარი თავი პრეზიდენტის ალტერნატიულ დასაყრდენად მიასაღოს, ის ამ შემთხვევაში იღებს ხმების სერიოზულ პროცენტს .
რაც შეეხება მოქალაქეთა კავშირის ხმებს, ეს უმეტეს წილად ქარიზმატული ლიდერის ხმებია. სხვა პიროვნებებზე და დაჯგუფებებზე ხმები იმისდა მიხედვით ნაწილდება, რაოდენ ახლოს აღიქმებიან ისინი პრეზიდენტთან. 
 
თუმცა აქაც საინტერესო ვითარებასთან გვაქვს საქმე: რაც უფრო ახლო არის წარმოდგენებში პიროვნება პრეზიდენტთან, მით უფრო ნაკლებ ხმას იღებს . რაც უფრო დამოუკიდებლად აღიქმება პიროვნება პრეზიდენტის გუნდიდან, მით უფრო მეტ ხმას იღებს .
შესაბამისად, რაც უფრო დაუახლოვდებიან ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ცენტრებს და რაც უფრო შეასუსტებენ კავშირს პირველ ცენტრთან, მით უფრო ნაკლები შანსი აქვთ მომავალ არჩევნებში ხმების სერიოზული პროცენტის აღებისა (თუმცა, “მეორე ცენტრმა” მოახერხა ოპოზიციური პარტიებიდან სერიოზული ბლოკის ჩამოყალიბება, რომლის შედეგიც, მათი არჩევნებში გამარჯვების ან გამარჯვებასთან მიახლოების შემთხვევაში, არა მარტო სოციალური რეალობის, არამედ ისტორიის თვალსაზრისითაც უკან გადადგმული გრანდიოზული ნაბიჯი იქნება – იხ. თავი XII _ “მოჩვენების საშიშროება”). 
რა თქმა უნდა, ვერ იტყვი, რომ ოპოზიცია გაჭირვებულია და საერთოდ არა აქვს ფინანსები. ბუნებრივია ხდება “ფულის კეთება” და პარტიების დაფინანსება, მაგრამ ეს ძალაუფლების ჩუმი თანხმობით და ე.წ. ეკონომიკურ სივრცეში გარკვეული პიროვნებების შემოყვანით ხორციელდება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპერტთა უმეტესობის შეფასებით საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სივრცე თითქმის მთლიანად კორუფციულია.

IV.5. სიმულაციათა მოკრძალებული ხიბლი
სათაური ისეთი აშკარა მინიშნების შემცველია, იქნებ არც იყოს საჭირო იმის განმარტება, რომ ავტორს სიმულირების პროცესსა და რუტინულობა-კომფორტულობისკენ სწრაფვას შორის კავშირის დანახვა სურს. ავტორს აშკარად უმტყუნა გემოვნებამ, რის გამოც გაჩნდა საფრთხე, რომ ცნებები `სიმულაცია~” და `სიმულირება~ მკითხველებმა აღიქვან, როგორც ღირებულებითი მიდგომის შედეგი და კონკრეტული აქტივობების შეფასება. თუმცა შემდეგ (კარგა შორს) ავტორი ასეთ მიდგომას თვითონვე უარყოფს.

ზემოთქმულიდან გასაგები ხდება, თუ რატომ არიდებენ თავს ოპოზიციური პარტიები და ვირტუალური ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და მათ ინსპირირებას. სამოქალქო საზოგადოება ერთია, და მისი გადმობირება-გადაბირება რთული და უნაყოფო საქმეა. სანამ ის არ არსებობს და სიმულაციური სახით ტივტივებს ჩვენი პოლიტიკური სისტემის ზედაპირზე, მანამ ოპოზიციას არც თანხა ეყოფა და არც გავლენა მათი ალტერნატიული სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად. ამიტომ, ოპოზიცია ისევ და ისევ შემთხვევას ელოდება, რომ უკვე ძალაუფლების მქონის პოზიციიდან გააგრძელოს სამოქალაქო საზოგადოების სიმულირება.

სულ სხვა საქმეა მასმედია. ფინანსურად ძლიერ ვირტუალურ ცენტრს უკვე ჰქონდა ერთი მცდელობა იდეოლოგიური დარტყმა მიეყენებინა მოწინაამღდეგისათვის იაფი და მრავალგვერდიანი გაზეთით. მაგრამ ეს დარტყმა იმდენად იჯდა უკვე ნაცნობ იდეოლოგიურ კლიშეში - გაზეთი შეკვეთილი სტატიებით, დიდი ხელფასებით, მარტივი იდეოლოგიური ხერხებით – ფაქტიურად მოხდა ძალაუფლების სიმულირებულის იმიტაცია. მისი მოგერიება ადვილი იყო და ამ შემთხვევამ, იმის მაგივრად, რომ დაესუსტებინა, პირიქით, გააძლიერა “პირველი” ცენტრი. 
ამდენად, საქართველოში ძალაუფლება სიმულაციებს ეწევა იმისათვის, რომ თავი შეინარჩუნოს და დაიმალოს, გაიბნეს სიმულაციების ფენებში. პასუხს კითხვზე, რატომ ხდება ეს სიმულაცია, რატომ ინარჩუნებს საკუთარ თავს ძალაუფლება მაინცდამაინც ამ და არა სხვა სახით, ისევ სხვის მოლოდინამდე მივყავართ და ინტერპრეტაციების უსასრულობაში ჩავეფლობით: მმართველი ძალის შინაგანი დემოკრატიულობის მტკიცებიდან “სხვა შემთხვევაში უცხოური დახმარების შეუძლებლობამდე”.

V. მართლმადიდებლური ეკლესია და პოლიტიკური სისტემა
იმას, ვინც ოდნავ მაინც არის ეკლესიით და ეკლესიურობით შეპყრობილი, კატეგორიულად ეკრძალება ამ მონაკვეთის წაკითხვა. შესაძლებელია, შინაგანმა წინააღმდეგობამ, რომელიც მას გაუჩნდება მისთვის მიუღებელი აზრების კითხვისას, ხელი შეუშალოს წიგნის შინაარსის აღქმაში. თანაც, თუკი ვინმეს ეს წიგნი აქამდე წაუკითხავს, უსამართლობა იქნება, რამდენიმე მიუღებელი ფრაზის გამო მოისროლოს ის და არ მიიყვანოს საქმე ბოლომდე. მან პირდაპირ უნდა გადაშალოს წიგნი ” “ გვერდზე, და VI თავიდან განაგრძოს წიგნის გაცნობა.

V.1. ცოტაოდენი ისტორია + თეორია
ეყრდნობა რა იმ დაშვებას, რომ ეკლესიური ხალხი ამ თავებს უკვე აღარ კითხულობს, ავტორს შეყავს მკითხველი ეკლესიის, როგორც მედიაციური ინსტიტუტის, ისტორიაში და რამდენიმე მოულოდნელ დასკვნასაც კი აკეთებს.

ეკლესია, როგორც რელიგიის ინსტიტუციონალიზებული ფორმა, ისტორიულად, მმართველობასა და საზოგადოებას, ანუ, მრევლს შორის, მედიაციის ფუნქციას ასრულებდა. მეტ-ნაკლებად ეს ფუნქცია ყველა ქვეყნის ხელისუფლების და სარწმუნოების მიერ იყო გაზიარებული. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ რელიგიებს, რომლებსაც წარსულში სახელმწიფო სტატუსი ჰქონდათ. იდეოლოგიურად ეკლესია ორმაგ მედიაციურ ფუნქციას ასრულებდა: მმართველობას და საზოგადოებას შორის, და მმართველობას და ღმერთს შორის. 
ეკლესია ქმნიდა საზოგადებრივ აზრს, იყო ერთადერთი რგოლი, სადაც იკვეთებოდა სახელწიფო და საზოგადოება. ანუ, პოლიტიკური შემთხვევების და მართვის სისტემის ფუნქციონირებაში ეკლესია ისეთივე როლს ასრულებდა, როგორსაც მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ.
შუა საუკუნეების ბოლოს უნივერსიტეტების წარმოშობით და შემდეგ მათი ეკლესიების დაქვემდებარებიდან გამოსვლით, ამქრული ინსტიტუტების გაძლიერებით, დაიწყო ეკლესიის, როგორც მედიის ფუნქციის შესუსტება. საბეჭდი მანქანის გამოგონებამ, მეცნიერებაზე ორიენტირებული ინტერესის ჯგუფების წარმოშობამ და განმანათლებლობის პერიოდმა, კიდევ უფრო დაასუსტა ეკლესიის მედიაციური ფუნქცია და საბოლოოდ სახელმწიფოს დანამატად აქცია.

V.1.1. ერთი მოხდენილი ანალოგია
ეს სწორედ ის მოულოდნელი დასკვნაა, რომლის შესახებაც ამ მონაკვეთის პირველ განმარტებაში იყო ლაპარაკი.

შესაძლებელია პარალელი გაივლოს მასმედიურ აქტივობასა და შუა საუკუნეების კათოლიკურ ეკლესიას შორის: თანამედროვე მასმედიის საშუალებებში და მედიაციის მექანიზმებში სკანდალური და მაკომპრომეტირებელი მასალების გამოჩენა ხშირ შემთხვევაში პიროვნების სოციალურ მკვლელობას უდრის, რასაც სოციალური ინსტიტუტები უშუალოდ და პირდაპირ ახორციელებენ. ინკვიზიციას, რომელიც მოქალაქეების საქმეებს იხილავდა, არასოდეს არ გამოუტანია პირდაპირი დასჯის განაჩენი. განაჩენი ფორმულირდებოდა, როგორც მითითება საერო ხელისუფლებისათვის დამნაშავის უსისხლოდ დასჯის შესახებ, რაც ბრალდებულის ცოცხლად დაწვას ნიშნავდა. 
ეს ერთი მომენტი დასჯის არქეოლოგიიდან ცხადყოფს, თუ სტრუქტურულად როგორია მედიაციური ინსტიტუტის მოქმედება, და რომ ის არ იცვლება საუკუნეების მანძილზე.

(V.1. ცოტაოდენი თეორია + ისტორია - გაგრძელება)
სახელმწიფოს დანამატად ქცევამ ეკლესიას დაუკარგა ადრინდელი ძალაუფლება. ძალაუფლების თანდათანობითი კარგვა უპირველეს ყოვლისა დასჯის მექანიზმების გაუქმებაში გამოიხატებოდა. ეს პროცესი შუასაუკუნეებიდან დღემდე შეიძლება აღიწეროს, როგორც გზა ინკვიზიციიდან დღევანდელობამდე, სახელმწიფო ცენზორობის გავლით. (ცენზორობის პერიოდში ეკლესია წარმატებით ასრულებდა იმავე ფუნქციას, რაც, მოგვიანებით, ტოტალიტარულ სახელმწიფოში რედაქტორებს ეკისრებოდათ). დღეს ეკლესიას უარი აქვს ნათქვამი დასჯის ადრინდელ მექანიზმზე, რომელიც მასმედიას გადაელოცა. 
მედიაციური მექანიზმების ასეთმა განვითარებამ ეკლესია საბოლოოდ მიიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როდესაც ის, როგორც წესი, დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან და ასრულებს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციას: ღებულობს მართვაში მონაწილეობას, მაგრამ, არა როგორც მთავარი ინსტიტუცია, არამედ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ინსტიტუტი. 
რა თქმა უნდა, არსებობს მცირე გადახრები ამ სქემიდან: ვატიკანი, რომელიც სახელმწიფოა, მაგრამ რეალურად ის ყველაზე უფრო დამოუკიდებელი ასო-ა, რომელსაც წევრები მთელ მსოფლიოში ჰყავს. ასევე, ხშირია სპეციალური ხელშეკრულებები სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის და სახელმწიფოს მიერ გარკვეული ეკლესიებისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება (მაგ., სკოლების და საავადმყოფოების გახსნის ექსკლუზიური უფლება). მაგრამ ეს ხელშეკრულება ისევ და ისევ პროკურმენტის სისტემაში ზის და სახელმწიფო მართვის სისტემის შემადგენელი ელემენტია.
ზემოთ მოტანილი პასაჟი მხოლოდ ევროპულ ისტორიას აღწერს. მართალია, საქართველოში ამ ისტორიული პროცესის პრინციპი იგივეა, მაგრამ ეკლესიის ევროპული ისტორიული განვითარების ხაზიდან არსებობს ოდნავი გადახრები, რომელთა გათვალისწინების გარეშეც ძნელი იქნება კიდევ ერთ სიმულაციურ მექანიზმში გარკვევა. ეს გადახრები და შეუსაბამობები მხოლოდ დროში გავრცობის მხრივ ფიქსირდება. მაგალითად, ის, რაც ევროპაში ხდებოდა გვიან შუა საუკუნეებში, საქართველოში მოხდა XX საუკუნის დასაწყისში. ეს ქრონოლოგიური არათანხვედრა დღევანდლობისათვის სერიოზულ შედეგებს იძლევა.
საქართველოში, შუა საუკუნეებში და მერეც, უნივერსიტეტი არ გამოჰყოფია ეკლესიას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უნივერსიტეტის მხოლოდ ჩანასახები არსებობდა გელათის აკადემიის სახით, რომელიც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ განვითარდა და ეკლესიის ლაბირინთებშივე გაუჩინარდა. ამიტომ, შუა საუკუნეებში, საქართველოში ეკლესიის, როგორც მედიაციური მექანიზმის ფუნქციები არ შელახულა. მეტიც, ეკლესია ფორმალურადაც და რეალურადაც იყო ცოდნის გავრცელების და გადაცემის ინსტიტუტი. ერთადერთი სირთულე, რომელიც ამ ინსტიტუტს უნდა ჰქონოდა, იყო დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი, სადაც არეული იყო ამქრულობა, აღმოსავლური სწავლება და ცხოვრების წესი. მაგრამ სახელმწიფოს უმეტეს ტერიტორიაზე მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა გავრცელებისა და მედიატორობის პრეტენზია. ყოველ შემთხვევაში, ეკლესია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში აშკარად ღებულობდა მონაწილეობას. 
მაგალითისათვის XVII საუკუნეში კათოლიკობის მიღების პოლიტიკური გადაწყვეტილების წინააღმდეგ მრისხანე გალაშქრებაც გამოდგება. თუმცა, ალბათ, ეკლესიის ცენტრალური მმართველობის გავლენა ნაკლებად ვრცელდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთის მხრივ ამ ტერიტორიის სხვადასხვა სამეფოებად დაყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობის ერთი ნაწილის მაჰმადიანობის გამო. მაგრამ ყოველ კონკრეტულ სახელმწიფო მმართველობაზე ეს გავლენა დიდი იყო, ერთის მხრივ ტრადიციის გამო, ხოლო მეორეს მხრივ იმიტომ, რომ მმართველობა უბრალოდ ვერ ხედავდა სხვა ინსტიტუტს, რომელიც რაიმენაირ მედიაციურ ფუნქციას შეასრულებდა.
აქვე შეიძლება აღინიშნოს საქართველოში თბილისის განსაკუთრებულობა; ეტყობა ამაზე გავლენა შუა საუკუნეებმა მოახდინა, როდესაც თბილისი, მართალია მაჰმადიანების ხელში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ქალაქ-რესპუბლიკის ტიპის ორგანიზმი იყო და არასოდეს არ წარმოადგენდა რეგიონების ასახვას, როგორც ახლა. პირიქით, ის მთლიანად ცვლიდა ჩამოსულს და თავის თარგზე გადააწყობდა ხოლმე. ამდენად ის კულტურის და მენტალიტეტის მიხედვით არასოდეს არ იყო `ქართული~ ქალაქი. ამიტომ ბუნებრივია, მმართველობისათვის ეკლესია იყო ერთადერთი დასაყრდენი მართვის სისტემის ალტერნატიული ელემენტების ჩამოსაყალიბებლად და საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამქრობის ის ტიპი, რომელიც თბილისში იყო [და ძირითადად ჰომოსექსუალისტურ გაერთიაენებებში გამოიხატებოდა , რომლის ბუნებაც მთლიანად მარგინალური იყო, და ქართული ისტორიული მეცნიერებისათვის დღესაც ასეთად რჩება] ვერ იქნებოდა ეკლესიის ინსტიტუციონალური ალტერნატივა. უნივერსიტეტი და დამოუკიდებელი საგანმანათლებლო სისტემა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობდა.
ამის გამო, საქართველოში მართლმადიდებლურ ეკლესიას და სახელმწიფოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ მეოცე საუკუნემდე. მაგრამ მეოცე საუკუნეში ქვეყანაში უფრო თანამედროვე მედიაციური მექანიზმების შემოსვლამ და მანამდე ქართველების მიერ რუსულ და ევროპულ უნივერსიტეტებში დაწყებულმა განათლების პროცესმა თანდათან საეკლესიო მრევლის შემცირება გამოიწვია. 
შეიძლება ითქვას, რომ ის პროცესი, რომელსაც დასავლეთის ეკლესიებმა 8-9 საუკუნე მოანდომეს, საქართველოს ეკლესიამ რამდენიმე ათეულ წელიწადში გაიარა. თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა დიქტატურის პერიოდში ეკლესიას საკმაო რაოდენობის მრევლი ჰყავდა (ისევ და ისევ დამოუკიდებელი მედიაციური ინსტიტუტების არ არსებობის გამო); ეკლესიურობა პროტესტის გამოხატვისა და საზოგადოების წევრების ერთმანეთთან ურთიერთობის მექანიზმი იყო. ასე რომ, საუკუნის დასაწყისში დაწყებული პროცესი უცბად შეჩერდა და 70 წლის განმავლობაში გაიყინა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კომუნისტური მმართველობაც აქტიურად (თუმცა ფარულად – თითქმის ისევე, როგორც დღეს სხვადასხვა გაზეთს და ასო-ს იყენებს დემოკრატიული მმართველობა – დაფინანსების მექანიზმების ამოქმედების ჩათვლით) ეკლესიას მედიატორული ფუნქციის შესასრულებლად იყენებდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის 70 წლიანი კომუნისტური მმართველობა (რა თქმა უნდა, არა ამ მმართველობის დასაწყისი, როდესაც ხდებოდა ეკლესიების ძარცვა და საეკლესიო პირების სიკვდილით დასჯა, მანამ, სანამ ჩამოყალიბდებოდა საბჭოთა მართვის სისტემა) შუა საუკუნეების დაბრუნება, ანუ იმ პერიოდის მოქცევა იყო, რომელშიც ის ყველაზე უფრო კარგად გრძნობდა თავს. ასე რომ, მისი, როგორც ტოტალური მედიაციური მექანიზმის გაუქმების საშიშროებას ქართული ეკლესია მხოლოდ 1989-91 წლების შემდეგ უნდა შეხვედროდა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ახალი ფუნქციისა და სტატუსის გამოძებნის საკითხი სულ 8-10 წელია რაც წარმოიშვა.
მედიაციური მექანიზმის გაუქმების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მისი საჭიროების გაუქმებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. როდესაც ხდება ტოტალური მედიაციის მექანიზმის ჩანაცვლება რამდენიმე მობილური და დანაწევრებული ინსტრუმენტით, როდესაც მედიაციური ინსტიტუციის ტიპი და მედიაციის ხასიათი ცენტრულის ნაცვლად გაბნეულით, ცენტრალურის ნაცვლად მარგინალურით იცვლება, ძველი მედიაციური მექანიზმი სერიოზული ამოცანის წინაშე დგას: ან 1) უნდა მოერგოს ახალ პირობებს, როდესაც უკვე შეუძლებელია ერთადერთად ყოფნა, გახდეს ერთ-ერთი და ახალი წესებით ითამაშოს, ანუ შეინარჩუნოს მედიაციის ფუნქცია ტოტალურობაზე და ერთადერთობაზე უარის თქმით, 2) ან უნდა შეიცვალოს ფუნქცია, უარი უნდა თქვას მედიაციად ყოფნაზე. 
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ეკლესია ან საერთოდ უნდა გამქრალიყო, ანუ თვითგაუქმება გამოეცხადებინა , ანდა სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილი უნდა გამხდარიყო, ანუ უნდა მოთავსებულიყო სახელმწიფო ბიუროკრატიის სისტემაში, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, როგორც ნებისმიერი სამინისტრო (ეს ეტაპი დასავლეთის ეკლესიამ უკვე გაიარა XVII საუკუნის შემდეგ, როდესაც ის ფაქტიურად სახელმწიფოს იდეოლოგიური მრჩეველის და ცენზორის ფუნქციას ასრულებდა).
მესამე გზა ამ არჩევანთა ამპლიტუდაში თითქოს არ არსებობს. მაგრამ საქართველოში ეკლესიამ და სახელმწიფომ მოახერხეს მესამე, ერთი შეხედვით შეუძლებელი გზის გამონახვა. ამ უცნაური და შეუძლებელი განხორციელების შესაძლებლობა ისევ და ისევ ძალაუფლების მიერ წარმოებულ სიმულაციურ სისტემაში ძევს.

V.2. სიმულაცია მეშვიდე
შეიძლება ითქვას, რომ ავტორს თვითონაც ვერ გაურკვევია, რა არის საქართველოსათვის მართლმადიდებლური ეკლესია _ წარსულის რელიქტი თუ ძალაუფლების მიერ სიმულირებული ინსტიტუცია. მაგრამ სისტემურობის და თანმიმდევრულობის დაცვისათვის ის ამტკიცებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავისი დღევანდელი სახით ძალაუფლების მიერ არის გამოწვეული არსებობისათვის, და არც თუ ისე ცოტა არგუმენტს პოულობს ამის ნათელსაყოფად.

საქართველოში ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან. სახელმწიფოს ეკლესიასთან არანაირი იდეოლოგიური და პოლიტიკური კავშირი არა აქვს. მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში არის ერთი უცნაური ადგილი, რომელიც ერთის მხრივ გამოყოფს ეკლესიას სახელმწიფოსაგან, ხოლო მეორეს მხრივ “აღიარებს მის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში”. 
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის დადებითი როლი საქართველოს ისტორიაში საკამათოა, კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი ასახავს და ირეკლავს საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობას. 1991 წლის შემდეგ საქართველოს მმართველობის დამოკიდებულება ეკლესიასთან არ შეცვლილა. მეტიც, სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერაქციის გარკვეული მომენტები ზედაპირზე ამოვიდა და შეიძლება ითქვას, დაგვირგვინდა პრეზიდენტის ნათლობით. ბუნებრივია, ეს ნათლობა პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც ხაზს უსვამდა მართლმადიდებლური ეკლესიის როლს დღევანდელ საქართველოში. 
ამ აქტით უმაღლესმა ხელისუფალმა მოახდინა მანიფესტაცია იმისა, რომ ეკლესია ასრულებს მედიაციის ფუნქციას და მისი გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე იმდენად ძლიერია, რომ ხელისუფლების მართლმადიდებლური ორიენტაციის აფიშირება განამტკიცებს პოლიტიკური მმართველობის პოზიციას, სასურველ იმიჯს შეუქმნის მას და აამაღლებს რეიტინგს.
მაგრამ, საქართველოში სხვა მედიაციური ინსტიტუტები ეკლესიასზე ბევრად უფრო მეტად არიან განვითარებულნი (იმ სიმულაციის გათვალისწინებითაც, რომელიც მათ მიმართ მიმდინარეობს). მეორე მხრივ, თუკი დღეს შეიძლება ამ ეკლესიის როგორც მედიაციური ინსტიტუტის შესახებ ლაპარაკი, ეს მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს შორის გაწეული მედიაციაა. ის მედიაციური ინსტიტუტები, მასმედიისა და ასო-ების სახით, რომლებიც საქართველოში არსებობს, განუზომლად უფრო მეტ ადამიანს მოიცავენ, ვიდრე ეკლესია. იმ ხალხის რაოდენობა, რომელზედაც ეკლესიას დღეს საქართველოში რეალური პოლიტიკურ-სოციალური გავლენა აქვს, ექსპერტული შეფასებებით, ერთ პროცენტსაც არ უნდა აღემატებოდეს. მათი რიცხვის შემცირება, რა თქმა უნდა, საქართველოში სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის გავრცელებითაც არის გამოწვეული. ისინი იქცევიან, როგორც თანამედროვე სასულიერო ინსტიტუტები და ყველა თანამედროვე ხერხს მიმართავენ მრევლის გაფართოებისათვის. ბუნებრივია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია უიმედოდ აგებს მათთან შეჯიბრს და ამის გამო აგრესია უჩნდება.
მაგრამ ძალაუფლების რეპრეზენტატორები ეკლესიის მიმართ ძალიან ზუსტ პროგრამას ახორციელებენ: ეკლესია ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური დელეგაციის პროგრამაში აუცილებლად ჩასმულია პარტიარქთან ვიზიტი. ანუ, ძალაუფლება ისე იქცევა, თითქოს საქართველოში მართლმადიდებლურ ეკლესიას დღეს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდეს, რომ შეეძლოს მედიაციის პროცესი განახორციელოს: პოლიტიკური შემთხვევების კონსტუირების პროცესში და სახელმწიფო მართვის სისტემის განხორციელებაში თავისი შუასაუკუნეობრივი როლი შეასრულოს.
ამ მოქმედებას კომიკური გამოხატვებიც ახლავს; მაგალითად, ტრაგიკომიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა პარლამენტში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიტყვის სათქმელად მიიწვიეს. პატიარქის სიტყვა სავსე იყო მოთხოვნებით, აეკრძალათ “სექტების” (სხვა ქრისტიანულ კონფესიების) მუშაობა საქართველოში, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი სწორი გზაა და ა.შ. ანუ, თავისი სულით ეს სიტყვა უფრო ევროსაბჭოდან გამოსვლის მოწოდება იყო, ვიდრე მილოცვა ევროსაბჭოში შესვლის გამო. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ამ გამოსვლაში და სიტყვაში გამოვლინდა ის, რომ პატრიარქი თავს მართლაც სახელმწიფო მოხელედ აღიქვამს და სახელმწიფო პრობლემებზეც საკუთარი აზრი გააჩნია: საქართველოს სახელმწიფოდან გამოყოფილი ეკლესიის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს სთხოვა, წვრილი მეწარმეებისათვის გადასახადები შეემცირებინათ. ეკლესიის მეთაურის სიტყვის ბოლო ნაწილი ჟღერდა როგორც პაროდია რომის პაპის ამ წელს გაკეთებული განცხადებაზე, სადაც მან ძლიერ სახელმწიფოებს ვალების რესტრუქტურიზაციისაკენ მოუწოდა. ეს უკანასკნელი კი თეორიულად აბსოლუტურად ქრისტიანულ მორალურ საფუძველზეა დაყრდნობილი და სახელმწიფო მმართველობაში ჩარევასთან არაფერი საერთო არა აქვს.
ძალაუფლებას აშკარად სჭირდება მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც მედიაციური მექანიზმი. თუნდაც იმისათვის, რომ თუკი სხვა მის მიერ სიმულირებული მედიაციის ინსტრუმენტები “აჯანყდნენ”, ჰქონდეს საშუალება მედიაციის, ანუ “ხალხის ხმის” ალტერნატიულ გამოხატვას მიმართოს.
იგივე შეიძლება ითქვას მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შესახებ: თუ ეკლესიამ “საჯაროდ” გამოხატა უკმაყოფილება, ყოველთვის არსებობენ ასო-ები, რომელთა აზრიც (და ეს ყველამ იცის) აპრიორულად შეუძლებელია დაემთხვეს საპატრიარქოს აზრს.
მეორე მხრივ, საპარტიარქო, როგორც თავად საკმაოდ რთული მართვის სისტემა, მთლიანად იმეორებს მმართველობის სახელმწიფო სტრუქტურას. მასაც ისეთივე სიმულაციური მექანიზმები აქვს, როგორიც სახელმწიფოს. თუმცა, როდესაც ის თვითონ ვერ უმკლავდება საკუთარ სივრცეში წარმოშობილ უკმაყოფილებას (ერესი ან უთანხმოება), მაშინ არ თაკილობს სახელმწიფო სტრუქტურებს (მაგ., პოლიციას) სთხოვოს დახმარება, როგორც ეს მოხდა ეკლესიაში უკანასკნელი განხეთქილების დროს, როდესაც ურჩი სამღვდელო პირები პოლიციის ძალით გამოყარეს მათი სამყოფელიდან, ანდა, როდესაც ერთ-ერთი “ალტერნატიული ქრისტიანული მიმდინარეობის” წარმომადგენელი პოლიციაში დაიბარეს და დაემუქრნენ.
რაც შეეხება ამ მეორე შემთხვევას: სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არც არაფერი სთხოვა პოლიციის წარმომადგენლებს. მაგრამ სახელმწიფო სისტემა და ძალაუფლების ნება თავისთავად მიუთითებს საკუთარ კონკრეტულ აღმსრულებელს, რომ მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის, სხვათაგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.
მართლმადიდებლური ეკლესიის სიმულაციურ ბუნებას ყველაზე კარგად აღწერს ამასწინანდელი შემთხვევა საბაჟოზე: მებაჟეებმა იეღოვური ლიტერატურით სავსე მანქანა დააკავეს, რომელიც ყველა წესის დაცვით კვეთდა სახელმწიფოს საზღვარს, და ელოდებოდნენ პარტიარქის თანხმობას ამ ლიტერატურის გასანადგურებლად. სახელმწიფო მოხელის ქცევა მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: მან იცის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო სტრუქტურაა და, ბუნებრივია, მისგან მოელის დირექტივას, რა უყოს (როგორც ამბობენ) კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ ტექსტებს. ეს კონკრეტული საბაჟოს თანამშრომელი თუ სრუქტურა მორწმუნეობით რომ ყოფილიყო შეპყრობილი, ის იქვე გაანადგურებდა იმ ლიტერატურას და არ დაელოდებოდა საპარტიარქოდან ინსტუქციას.
ეს შემთხვევა მიუთითებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიაც ისეთივე როლს ასრულებს სახელმწიფოში, რასაც სხვა მედიაციური ინსტიტუტები, ერთი გამონაკლისით: ეკლესიის დაფინანსება არ ითვლება მოსყიდვად და გარკვეული პიროვნებებისათვის ეკლესიის აშენება ხელისუფლებისაგან თავის დასაცავი ინდულგენციის ყიდვას ნიშნავს.
ბუნებრივია, დღეს ეკლესია იბრძვის საკუთარი სიმულაციური ბუნების განმტკიცებისათვის: ამის მისანიშნებლად ისიც საკმარისია, რომ აქამდე ეკლესიის იურიდიული სტატუსი არ არის განსაზღვრული. ანუ ის არის “უბრალოდ ეკლესია”. ეკლესია მოითხოვს განსაკუთრებულ უფლებებს და სპეციალურ ხელშეკრულებას სახელმწიფოსთან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს ეკლესიის დიდი ნაწილის შენახვა. ცხადია, ასეთი მოთხოვნა ლოგიკურია იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფომ და ძალაუფლებამ ეკლესიას დააკისრეს.
ძალაუფლებაც სიამოვნებით სიმულირებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც ცენტრალურ მედიაციურ მექანიზმს. ეს მას მედიაციური ბალანსისათვის სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, თუ როგორ არის შესაძლებელი ერთსა და იმავე დროს ერთი ცენტრალურ-მთავარი და ბევრი სხვადასხვა მედიაციური პრინციპების არსებობა? ანუ, როგორ არის შესაძლებელი შუა საუკუნეებისათვის და XX საუკუნის მიწურულისთვის დამახასიათებელი პრინციპების ერთად მუშაობა?
არასიმულაციურ გარემოში ეს შეუძლებელია. მაგრამ სიმულაციური ორბიტა საშუალებას იძლევა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირი სივრცე Eშემოვიტანოთ და ისეთი სივრცეში მყოფად მოვაჩვენოთ თავი, ისეთი გარემოს სიმულირება მოვახდინოთ, რომელიც მოცემულ მომენტში გვჭირდება. მით უმეტეს, რომ არანაირი საერთო სივრცე და, შესაძლოა ითქვას, არანაირი სივრცე, რომელიც შეიძლება განსაზღრული და გარკვეული პოლიტიკურ-სოციალური შემთხვევების საფუძველი გახდეს, საქართველოში არ არსებობს. ასე რომ, წინააღმდეგობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ თეორიული შეიძლება იყოს.
V.3. მცირე გადახვევა – მსოფლიო და ჩვენ
ავტორი აღიარებს, რომ სიმულაციის წარმოება მისთვისაც არ არის უცხო და გაზეთ “დრონში” 1999 წელს გამოქვეყნებული რეი სტივენსის სტატია `არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომის დამთავრების შანსი?~ მისი შემოქმედებაა. ამიტომ, ის, ვინც იმ სტატიასა და ამ მონაკვეთს შორის კავშირს დაინახავს, ნუ შეეცდება ავტორის პლაგიატობაში დადანაშაულებას. თუმცა, თუ ავტორის მიერ აღწერილი მასმედიის სიმულაციური მდგომარეობა სიმართლეს ოდნავ მაინც შეესაბამება, ასეთი მკითხველის გამოჩენის შანსი თითქმის ნულს უტოლდება.

სიტუაცია, როდესაც სხვადასხვა საუკუნის პრინციპები ერთსა და იმავე დროს არსებობენ, დასავლური ცივილიზაციისათვის უცხო არ არის: ადამიანთა უფლებების საყოველთაო და განუხრელმა ფორმალურმა დაცვამ, რომელიც იდეოლოგიების და პრინციპების საყოველთაო უფლებების დაცვაში გადაიზარდა, უზრუნველყო ის მდგომარეობა, როდესაც შესაძლებელია აქტუალური და გააქტიურებული სახით შეხვდე ყველა მიმდინარეობას თუ სწავლებას, რომლებსაც კი უარსებიათ მსოფლიო ისტორიის მანძილზე, ოღონდ ერთი პირობით: ეს მიმართულებები, სწავლებები და მათზე დამყარებული სოციუმები არ უნდა არღვევდნენ სახელმწიფო სტრუქტურებს და არ უნდა უქმნიდნენ საფრთხეს სახელმწიფოებრიობას (თუმცა ასეთი ინსტუტუტებიც ახერხებენ არსებობას). ეს ვითარება თანდათან უმართავი გახდა, და სერიოზული მსხვერპლიც მოიტანა. პრინციპმა, რომ არა მარტო ადამიანს, არამედ ეთნოსსაც და სახელმწიფოსაც აქვს უფლება საკუთარი არსებობის წესი აირჩიოს, თანდათან საფრთხე შეუქმნა მსოფლიო ძალების არსებულ ბალანს და თანდათან ფარულ მსოფლიო ომში გადაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ვიეტნამით დაიწყო, როდესაც კონკრეტულმა სახელმწიფომ ბრძოლით მოიპოვა უფლება ყოფლიყო ტოტალიტარული, დღემდე გრძელდება. იუგოსლავიის მოვლენები იძლევა შანსს, რომ დამთავრდეს მესამე მსოფლიო ომი და ახალ მსოფლიო წესრიგს ჩაეყაროს საფუძველი. ანუ, ეს არის ომი განურჩეველი და ღირებულებების გარეშე დარჩენილი მსოფლიოს წინააღმდეგ: იმ ვითარების წინააღმდეგ, როდესაც იძულებული ხარ და როდესაც შესაძლებელია მოითმინო და ყურადღება არ მიაქციო საკონცენტრაციო ბანაკს შუაგულ ევროპაში და ა.შ. 
მაგრამ იმ ვითარებასაც, რომ დღეს ყველა იდეის, აზრის, სოციუმის და მიმართულების პოვნა შეგვიძლია, საქართველოში ძალაუფლება სიმულირებს და ეს ცხადია მართლმადიდებლური ეკლესიის მაგალითზე: ამ ინსტიტუტის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის, სიმულაციით მიიღწევა საჭირო ეფექტი, ანუ ყველაფრის არსებობის უფლების და წაყრუების სისტემა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც, იუგოსლავიის დაბომბვის სახით, მსოფლიოში უკვე მიმდინარეობს. ასე რომ, საზოგადოების საერთო მდგომარეობის პრინციპი, რომელიც სიმულირდება საქართველოში, შესაძლებელია გაუქმდეს იქ, სადაც არსებობს ის რეალობა, რისი სიმულირებაც ხდება. 

VI. საქართველოს პოლიტიკური სისტემა და მეცნიერება-განათლების სისტემა
ამ თავიდან ჩანს, რომ ავტორს ძალიან უნდოდა სიმულაციების წყებაში მეცნიერება-განათლების სისტემის შეყვანაც, მაგრამ არაფრით გამოუვიდა. ავტორი იძულებულია ახალი პერსონაჟი შემოიყვანოს თხრობაში, რომელსაც “რელიქტურს” უწოდებს.

როდესაც სოციალური მექანიზმების სიმულაციის შესახებაა ლაპარაკი, საქართველოში მიმდინარე პროცესებში გათვითცნობიერებულ ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა საქართველოს მეცნიერების სისტემის შესახებ. მეცნიერებათა აკადემიის სისტემა, ისევე, როგორც მრავალი სხვა კავშირი, იქნება ეს მწერალთა კავშირი, კომპოზიტირთა კავშირი თუ სხვა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა პერიოდიდან. 
საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც ყველა ძლიერ სახელმწიფოში, მეცნიერებათა სისტემის მართვა უპირველეს ყოვლისა განვითარებისა და ტექნოლოგიური სრულყოფისაკენ მიმართული პროცესი იყო. ოღონდ, სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით, საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიაშემცველი მეცნიერებების გარდა დიდი ყურადღება ექცეოდა იდეოლოგიური პროგრამების არსებობასაც . 
საბჭოთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და განათლების სისტემა დამოუკიდებელი ორგანიზმი კი არა, საბჭოთა კავშირის მეცნიერების და განათლების სისტემის ორგანული ნაწილი იყო. ეს სისტემა იმ პირობებში, რომელსაც მას იმდროინდელი პოლიტიკური სისტემა და ძალაუფლება უწესებდა, კარგად და გამართულად მუშაობდა. 
საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მთლიანი ორგანიზმის ნაწილი დარჩა მარტოდმარტო _ მოსწყდა როგორც კონცეპტუალურ, ასევე მატერიალურ მკვებავს. რაც მთავარია, არც მეცნიერებათა მართვის სისტემას, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ჰქვია, და არც განათლების სისტემას ბოლო დრომდე არანაირი სურვილი და მისწრაფება არ ჰქონდა შეცვლილიყო, თუ არ ჩავთლით რამდენიმე კოსმეტიკურ ღონისძიებას, რომელიც ძირითადად სასწავლო პროგრამებიდან იდეოლოგიური საგნების და სამეცნიერო თემებიდან იდეოლოგიური აქცენტების მოშლა-განდევნით გამოიხატა.
სხვა მხრივ არსებული მეცნიერება-განათლების სისტემა ძველებურად მუშაობდა და შედეგად ისეთსავე პროდუქტს იღებდა, როგორსაც საბჭოთა დროს. მეცნიერების მხრივ აქ პრობლემა მხოლოდ დაფინანსების საკითხი იყო: ისეთი მეცნიერებები, როგორებიცაა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და სხვა, განსაკუთრებით კი ის დარგები, რომლებიც არ ითხოვდნენ დამატებით დანახარჯებს ხელფასის, საწერი საშუალებების და ელემენტარული სამუშაო პირობების გარდა, ვითარდებოდა კონკრეტული პიროვნებების ხარჯზე (ამ პიროვნებებმა საბოლოოდ საზღვარგარეთ იპოვეს სამუშაო ადგილები). რა თქმა უნდა, ლაპარაკიც არ იყო მეცნიერებების ექსპერიმენტული დარგების განვითარებაზე. ერთადერთი, რაშიც მეცნიერების არსებული სისტემა ეხმარებოდა მეცნიერებებს, იყო ამ მეცნიერებებისათვის მინიჭებული სტატუსი, რაც უცხოურ სამეცნიერო დაწესებულებებთან კონტაქტის (და კონტრაქტის) შესაძლებლობას აიოლებდა. ეს კონტაქტი უმეტეს შემთხვევაში ამა თუ იმ პიროვნების საზღვარგარეთ მიწვევით მთავრდებოდა, უფრო იშვიათად კი კვლევითი გრანტის ადგილობრივი მიღებით. 
ამიტომ ნელ-ნელა, სამეცნიერო ინსტიტუტების სისტემა გადაიქცა საქველმოქმედო ორგანიზაციად, რომელიც დაბალი დონის მეცნიერებს საშუალებას აძლევდა საარსებო მინიმუმი მიეღოთ და შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. მეცნიერებათა აკადემიას, ისევე როგორც საპატრიარქოს, არანაირი იურიდიული სტატუსი არ გააჩნდა ბოლო დრომდე. თუმცა, როგორც ამბობენ, ცოტა ხნის წინ მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მეცნიერებათა აკადემია მიიღებს სახელმწიფო სტატუსს და ის სახელმწიფო ქონება, რომელშიც და რომელზეც მისი სტრუქტურებია განთავსებული, მას უვადო სარგებლობაში გადაეცემა. 
ამ სურათიდან ნათლად ჩანს, რომ მეცნიერებათა აკადემია, როგორც სისტემა არაფერს არ სიმულირებს: თუკი შეიძლება მის ფარგლებში რაიმე სიმულაციურზე ვილაპარაკოთ, ეს იქნება რომელიმე კონკრეტული დარგის ან მეცნიერების სიმულირება, რაც არა სტრუქტურული, არამედ შინაარსობრივი საკითხია. 
მეცნიერებათა აკადემია გამოიყურება როგორც სიმულაციური, მაგრამ “სინამდვილეში” ის რელიქტია, რომელიც ზუსტად იმავე წესებით არსებობს, როგორითაც ყოველთვის არსებობდა. ფორმალურად (ე.ი. რეალურადაც) ის ზუსტად ისევე მოიცავს მეცნიერებს და დამხმარე პერსონალს, როგორც მოიცავდა, ისევ ისე იღებს ფულს ბიუჯეტიდან და ისეთივე ურთიერთობა აქვს სახელმწიფო მმართველობასთან. როდესაც ამბობენ, რომ მეცნიერებათა აკადემია გამოხატავს სამეცნიერო ინტელიგენციის აზრს, ამაშიც არაფერია სიმულაციური: ის ფენა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ინტელიგენციას უწოდებდნენ, არსებობს მხოლოდ აკადემიის და განათლების დაწესებულებების კედლებში, და, ამდენად, აკადემიის და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოთქმული აზრი მართლაც ინტელიგენციის აზრია, რომელიც უბრალოდ სხვაგან არსად არ არის. ამ აზრის გამოხატვა ისევე ხდება, როგორც საბჭოთა პერიოდში – მეცნიერებისა და განათლების სისტემათა ხელმძღვანელობების მიერ.
იგივე შეიძლება ითქვას განათლების სისტემაზეც: ბოლო დრომდე ის უცვლელი იყო და როგორც გამოცდილი სისტემა, შესაბამის პროდუქტს იძლეოდა. მაგრამ, დემოკრატიული მმართველობა მოითხოვს დემოკრატიულ განათლების სისტემას, რის გამოც მოხდა რამდენიმე ახალი კანონის მიღება. მაგრამ ეს ახალი კანონები ისეთი ხალხის მიერ იწერებოდა, რომლებიც ან არსებული სისტემის წარმომადგენლები იყვნენ, ანდა საკუთარი მენტალიტეტით ახლოს იდგნენ იმ სისტემასთან. ამიტომ განათლების ახალმა კანონმა თითქმის არაფერი შეცვალა განათლების სისტემაში, და ის ისევე ფუნქციონირებს როგორც ადრე. მეტიც, ამ კანონმა ხელი შეუწყო განათლების სისტემის ნგრევის დაწყებას: სკოლებს მიეცათ მეტი თავისუფლება, და როგორც ჩანს, შეუსუსტდათ კონტროლის მექანიზმი, რამაც, ბუნებრივია, გამოიწვია კორუფციის ზრდა და სწავლების ხარისხის დაქვეითება. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, მათში სწავლების ხარისხი ბევრად არ შეცვლილა, და იქაც იმატა კორუფციამ. 
სხვა მხრივ, განათლების სისტემაში, ისევე, როგორც მეცნიერების სისტემაში არ ამოქმედებულა თანამედროვე მექანიზმები, თუ არ ჩავთლით რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტის პოსტ-გრადუატე ფილიალის გახსნას, რომლებსაც სწორედ იმის გამო, რომ ტოტალურად არ მოიკიდეს ფეხი და არ გახდნენ ძალიან პოპულარულები, ვერ დავწამებთ სიმულაციურობას. ანუ, ისინი აძლევენ ისეთ განათლებას, როგორსაც ჰპირდებიან და ამის არაფერს.

VI.1. ცოტაოდენი ისტორია
ისევე, როგორც სხვა თავებში ავტორი ალაგებს დასავლური განათლების და მეცნიერების სისტემის ისტორიას, როგორც მედიაციური მექანიზმების ისტორიის ნაწილს. შეიძლება ეს მცდელობა არ არის მოკლებული გონებამახვილობას, მაგრამ უკვე მოსაწყენი ხდება. მკითხველმა შეიძლება თავი იმით დაიმშვიდოს, რომ წიგნის ნახევარზე მეტი უკვე წაიკითხა და დასასრულს უახლოვდება.
დასავლური განათლების სისტემის და მეცნიერების ისტორია გვეუბნება, რომ ისინი სერიოზულ როლს ასრულებდნენ მედიაციური მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში. ეს როლი და ფუნქციები ძირითადად ეკლესიასთან დაპირისპირებაში ყალიბდებოდა. მაგრამ მასმედიის ჩამოყალიბების შემდეგ მათ ეს ფუნქცია გაუუქმდათ, და ისინი მთლიანად შეითავსა სახელმწიფო სტრუქტურამ, როგორც ტექნოლოგიამატარებელი პროცესების კონტროლის და იდეოლოგიური მართვის მექანიზმები. საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის, როგორც მედიაციური მექანიზმის, ბოლო გაბრძოლება 60-იან წლებში მოხდა, მაგრამ მაშინაც, სტუდენტური გამოსვლები პოლიტიკური ხასიათის უფრო იყო, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი.
საქართველოში განმანათლებლურ და სამეცნიერო ინსტიტუციებს მედიაციის ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუ არ ჩავთლით საბჭოთა პერიოდს, როდესაც ისინი, გარკვეულ წილად, პოლიტიკური და ნაციონალისტური ჯგუფების თავშესაფარს წარმოადგენდნენ. მაგრამ მაშინაც, ეს მხოლოდ პოლიტიკურ-დისიდენტური ოპოზიციის არსებობის ადგილი იყო და მედიაციის მექანიზმებთან არანაირი საქმე არ ჰქონია. ასე რომ, საქართველოში მეცნიერებათა სისტემას და განათლების სტრუქტურებს, არც ადრე და არც ახლა, სიმულაციური ორბიტის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი არ შეუტანიათ.

VII. საქართველოს პოლიტიკური სისტემა და ძალოვანი სრტუქტურები
ავტორს კიდევ შემოჰყავს რელიქტური პერსონაჟები. მკითხველმა შეიძლება ივარაუდოს, რომ ავტორი მალე სახელმწიფო სტრუქტურების დიდ ნაწილს მთლიანად რელიქტურ ფენომენებად გამოაცხადებს. მაგრამ ეს მოლოდინი მოლოდინად დარჩება.
  
VII.1. ცოტაოდენი ისტორია
იმდენად, რამდენადაც ამ რელიქტური ფენომენის ისტორია სტრუქტურულად არ განსხვავდება სხვა რელიქტების ბიოგრაფიებისაგან, ის ყველაზე უფრო მოკლე იქნება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი წიგნის წერის მის მიერვე დაწესებული სქემის ტყვეობაში მოექცა და ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა დაუძვრეს გარდაუვალ აუცილებლობას.

პოლიცია და უშიშროების სისტემა ყოველთვის იყო სახელმწიფოს დამცველი და არსებული საფრთხეების გამანეიტრალებელი. საქართველოში პოლიციის და უშიშროების სისტემა, ისევე როგორც მეცნიერებათა აკადემია და განათლების სისტემა, საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა და საბჭოთა ბანაკის ნგრევის შემდეგ მთლიან ორგანიზმს მოწყდა. თუმცა ბევრი ამბობს, რომ ეს არ მომხდარა, და კავშირები ყოფილ ცენტრთან ახლაც ძლიერია. ყოველ შემთხვევაში, ეს სტრუქტურები იმავე მეთოდებითა და წესებით აგრძელებენ მუშაობას, რაც, ბუნებრივია, მოქალაქეების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. 
როგორც უკვე ვთქვით, მედიაციური ფუნქციები საბჭოთა პერიოდში დანაწილებული იყო რამდენიმე სტრუქტურის მიერ. თუ გაზეთებს და ტელემაუწყებლობას გზავნილის როლი ეკისრებოდა, შესაბამისი გადაწყვეტილებების განხორციელების კონტროლი და ხშირად განხორციელებაც პოლიცია-უშიშროებას ჰქონდა დავალებული.
ასე რომ, საბჭოთა პერიოდში პოლიცია-უშიშროება სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის მედიაციურ ფუნქციას არსულებდა, ანუ, უზრუნველყოფდა იმ საზოგადოებრივ აზრს და სოციალურ სივრცეს, რომელიც მმართველობას სჭირდებოდა. 
საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ პოლიცია-უშიშროების არც არსებობის წესი და არც ფუნქციები არ შეცვლილა. ის დარჩა რეალურ, თუმცა გაყინულ და ნგრევად, მექანიზმად, რომლის საშუალებითაც მმართველობას ურთიერთობა აქვს საზოგადოებასთან და რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილებების განხორცილებისათვის იყენებს. მეტიც, ის, ისევე როგორც მეცნიერებათა აკადემია და განათლების სისტემა, სერიოზული რაოდენობის მოქალაქეებს მოიცავს. მაგრამ მათგან განსხვავებით, პოლიცია-უშიშროების სისტემაში დასაქმებული ხალხი სოციალურად აქტიურია, ახალგაზრდაა და უფრო შეკრულია პროფესიული ინტერესით.

VII.2. რელიქტურის და სიმულაციურის მარადიული ტურნირი
ავტორი აღწერს ამ ტურნირს, როგორც სიმულაციური ორბიტით მოძრაობის ერთ-ერთ შედეგს და ამით, როგორც იქნა, მკითხველი უახლოვდება იმის გაგებას, თუ რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს სიმულაციების ორბიტულმა ცირკულაციამ.

სიმულაციის მიერ თავისთავად გამოწვეული პროცესების და სისტემების მაგალითად ე.წ. ძალოვან სამინისტროებისა (უშიშროებისა და პოლიციის) და მედიაციურ ინსტიტუტებს (ამ შემთხვევაში მასმედიასა და ასო-ებს) შორის ამ ბოლო დროს აღძრული კონფლიქტებიც გამოდგება.
ეს კონფლიქტი უნდა მომხდარიყო, მით უმეტეს, ამბობენ და ასეც ჩანს, რომ მმართველი პარტია აქტიურად იყენებს პოლიციას და უშიშროებას საზოგადოებასთან ურთიერთობაში (ყველაზე უფრო აშკარად ეს ბრალდებები არჩევნების დროს წამოტივტივდება ხოლმე). პოლიცია და უშიშროება ისევე, როგორც მეცნიერებათა აკადემია და განათლების სისტემა რელიქტური სახით არსებობს. ის ინგრევა, მაგრამ კორუფცია, რომელიც მას მსჭვალავს (როგორც ამბობენ, თითქმის ყველა დონეზე), უნარჩუნებს მას არსებობას.
საზოგადოების და მმართველობის ურთიერთობის ის ნაწილი, რომელსაც მედიაციური ინსტიტუტები უნდა აგვარებდნენ, ტრადიციის გამო ისევ პოლიცია-უშიშროების ხელშია. ანუ, პოლიცია-უშიშროებას ძალაუფლების მიერ გადაცემული აქვს მედიაციური ფუნქციის ნაწილი. ამიტომ კონფლიქტი, რომელიც მოხდა და დღესაც გრძელდება სხვადასხვა ფორმებით, აუცილებლად უნდა მომხდარიყო, როგორც საზოგადოებრივი მართვის და კონტროლის ფარული და სიმულაციური მექანიზმების დაჯახება. ეს ასეც მოხდა 1997 წლის შემდეგ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება მმართველობის განსაკუთრებული ყურადღების სფეროში მოექცა. ჯერჯერობით გამარჯვებული ამ შეტაკებაში არ არის გამოვლენილი და სიმულაციების ბუნებიდან გამომდინარე, არც გამოვლინდება. (ყველა პროცესი, რომელიც მედიაციურმა ინსტიტუტებმა აღძრეს, იქნება ეს ძალოვანი სამინისტროების მონიტორინგი თუ ამ სტრუქტურებში კორუფციაში ჩართული თანამდებობის პირების გამოვლინება, ორბიტულად ჩაიკეტება და უპირატესობა ხან ერთ მხარეს ექნება, და ხან მეორეს).  
ამ შემთხვევაში ძალაუფლება სიმულაციურ მედიაციურ მექანიზმს იყენებს როგორც უშიშროების და პოლიციის კონტროლის მომავალ გარანტს. ამ დაწესებულებების თანამშრომლების რიცხვი ძალიან შთამბეჭდავია, და სათანადო ორგანიზების შემთხვევაში შეიძლება მართლაც შეუქმნან საფრთხე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. თუნდაც იმიტომ, რომ ამ სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან, და შეიძლება ითქვას, ერთადერთ განსაზღვრულ და სტრატიფიცირებულ სოციალურ ჯგუფს შეადგენს. მათთან ურთიერთობისას ძალაუფლება მათ სხვა სოციალურ ჯგუფს ვერ უპირისპირებს, იმიტომ, რომ სხვა ასეთი ჯგუფი არ არსებობს. 
აქედან გამომდინარე, ძალაუფლება-მმართველობა პოლიცია-უშიშროებასთან ურთიერთმოქმედებს როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ანუ როგორც ელექტორატთან, რომელმაც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან კი _ როგორც პოლიცია-უშიშროებასთან, ანუ როგორც იმ ინსტიტუტთან, რომელიც მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაააქტიუროს და ზედაპირზე გამოაჩინოს.
პოლიციასა და უშიშროებას, რომლებიც საბჭოთა პერიოდის რელიქტებს წარმოადგენენ, ძალაუფლება იყენებს როგორც საზოგადოების კონტროლის და მართვის, შეიძლება საბოლოოდ არაეფექტურ, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შედეგიან (მაგ., მიტინგის დარბევა, ჟურნალისტის ცემა) მექანიზმს. რა თქმა უნდა, ასო-ებისათვის ხელის შეწყობის, სამოქალაქო საზოგადოების სიმულაციის და შემდეგ მისი პოლიცია-უშიშროებასთან ურთიერთობაში გამოყენების გეგმა არავის ჰქონია. უბრალოდ, ასე გამოვიდა _ სიმულაციურმა პროცესებმა თავისი მოითხოვეს.
აღსანიშნავია პოლიცია-უშიშროების დამოკიდებულება მედიაციურ ინსტიტუტებთან: ეტყობა, როგორც რელიქტური, მაგრამ რეალური სტრუქტურა, ის კარგად გრძნობს, თუ ვისთან აქვს საქმე და მაინდამაინც თავს არ იწუხებს მათთან სერიოზული დაპირისპირებით. ასევე, ეტყობა, ისინი გრძნობენ, რომ ძალაუფლების მიერ სიმულაციურ სივრცეებში მათი ალტერნატივა არ არსებობს და არც შეიქმნება, სანამ სიმულაციური ორბიტები არ დაირღვევა.
შენიშვნა: ამ მონაკვეთში ავტორი არ განიხილავს თავდაცვის სამინისტროს, რადგანაც, მართალია, არსებობს მცირე კონფლიქტი სამოქალქო საზოგადოება-მასმედიას და თავდაცვის სრტუქტურებს შორის, მაგრამ ეს უფრო ჩვეულებრივი საზოგადოებრივი კონტროლის მოთხოვნილებით გამოწვეული პროცესია, ვიდრე სიმულაციური მექანიზმი. თუმცა ამ კონფლიქტების საფუძველში ისევ რელიქტური სტრუქტურები ძევს. თავდაცვის სისტემა ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია, და მასზე, როგორც კონკრეტული სიმულაციური ანდა რელიქტური მექანიზმის შესახებ რაიმეს თქმა ძნელია. თუმცა ისევე, როგორც სხვა სტრუქტურების შემთხვევაში, აქაც გარდაუვალია სიმულაციურ ორბიტაში ჩართვა.

VIII. სიმულაციური ორბიტის მოსალოდნელი საფრთხე
კონკრეტული მაგალითებით ავტორი ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება სიმულაციურმა ორბიტამ ჩაითრიოს და აიძულოს სიმულაციისათვის ისეთი ინსტიტუციები, რომლებიც თავიანთი ბუნებით არ არიან ასეთნი. თუმცა გაუგებარია, რატომ აირჩია მაინდამაინც განათლების სისტემა ამის საჩვენებლად და არა სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად დასახული რომელიმე სხვა მიმართულება. ეტყობა აქ საქმე მაინც ჩვენთვის უცნობმა პიროვნულმა ფაქტორმა გადაწყვიტა. გარდა ამისა, ავტორი ადგილს უთმობს მის მიერ შემოყვანილ კიდევ ერთ რელიქტურ კომპოზიციას _ ძალოვან სამინისტროებს, და სიმულაციური ორბიტის თავბრუდამხვევ ფონზე არჩევს მათი და მედიაციური ინსტიტუტების ურთიერთობიდან მომდინარე საფრთხეს. 

1998-99 წლები გადამწყეტი აღმოჩნდა საქართველოს განათლების სისტემისათვის. გამოიცვალნენ ხელმძღვანელი პირები, რომელთა ხელში განათლების სისტემამ ნგრევა დაიწყო. 
განათლების სისტემის ახალი პოლიტიკა არ შეხებია არც ამ სისტემის მიერ პროდუცირებულ კორუფციას და არც განათლების ორგანიზაციას და ეკონომიკას. განათლების სისტემა იგივე დარჩა. თუმცა მიმდინარებს კორუმპირებული სუბიექტების ჩანაცვლების რთული პროცესი. მიმართულება სწორედ შეირჩა – საშუალო განათლების რეფორმა, რადგანაც უმაღლეს სასწავლებლებთან ბრძოლა და მათი გარდაქმნისათვის დროის ხარჯვა ყოვლად უშედეგო იქნებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორს პრეზიდენტი ნიშნავს და ეს ორგანიზაციები რეალურად არც იმყოფებიან განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში. მაგრამ საშუალო განათლების რეფორმისათვის არჩეული იქნა ფორმულა – “შენარჩუნება და განვითარება” და მთელი ყურადღება-პოტენციალი მიმართულ იქნა განათლების შინაარსისკენ. ანუ დაიწყო აქტივობა განათლების შინაარსის შესაცვლელად: სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების და მასწავლებლების გადამზადების გზით. 
მაშასადამე, აქცენტი გაკეთდა მოიხაზა პიროვნებების და ტექსტების შეცვლაზე, და არა იმ სისტემის შეცვლაზე, რომელმაც ეს პიროვნებები და ტექსტები აწარმოა. 
და აქ აშკარად მოჩანს კიდევ ერთი სიმულაციური პროცესის დაწყების საფრთხე: ჯერ ერთი, ამ მხრივ მიმართული რეფორმის პროცესი შეიძლება არასოდეს არ დამთავრდეს იმიტომ, რომ ეს პროცესები ნებისმიერი ნორმალური განათლების სისტემის თანამდევი ელემენტებია, და გულისხმობენ არა რეფორმას, არამედ დროის და ისტორიის შესაბამის პერმანენტულ ცვლილებებს სასწავლო პროგრამებში. მეორეც, თვითონ განათლების სტრუქტურის მართვის და ეკონომიკის შეუცვლელად წარმოუდგენელია იმ კორუფციული სისტემის აღმოფხვრა, რომელიც მასში ბუდობს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმძღვანელოების და პროგრამების შეცვლა მხოლოდ დააფიქსირებს და გაამყარებს არსებულ ნახევრად დანგრეულ სისტემას და რეფორმის მარადიული ორბიტა მოხდენილად ჩაეწერება სიმულაციების საერთო ორბიტაში. 
ცვლილება, რომელიც შეიტანეს განათლების გარდაქმნის პროცესში, ისევ და ისევ ძალაუფლების სიმულაციური პრინციპის მიერ არის ნაკარნახევი და მითითებული. ფრაზაში, რომ ყოფილმა განათლების მინისტრმა არაფერი გააკეთა, ალბათ, იგულისმება, რომ მან არაფერი გააკეთა განათლების სისტემის სიმულაციურ ორბიტაში შესაყვანად. ამიტომ, საჭირო გახდა ისეთი აქტივობების ჩატარება, რომლებიც ამ შეყვანას უზრუნველყოფდნენ.
ქვეყნის განათლების სისტემა ერთის მხრივ იმეორებს პოლიტიკურ და სოციალურ სისტემას, ხოლო მეორეს მხრივ კარნახობს მას როგორც ფორმას, ასევე შინაარსს. ეს ფრაზა მეტაფორა არ არის. განათლების სისტემა არის ის პირველი საფეხური, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანი სოციალური სისტემების გადაკვეთაში იწყებს მოძრაობას. ამიტომ ის სისტემა, რომელსაც ადამიანი თავიდან “ეჩვევა”, მას ავტომატურად “გადააქვს” სოციალური ადაპტაციის მომდევნო ეტაპზე. შემდეგ იწყება უკუპროცესი და ა.შ. ამით განათლების სისტემა პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემის ნაწილი ხდება.
ამიტომ, მართალია, განათლების სისტემა არ არის მედიაციის მექანიზმი, რომელთა სიმულაციაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში, მაგრამ მისი სიმულაცია საბოლოოდ გაამაგრებს და ლეგიტიმურ საფუძველს შესძენს სიმულაციურ ორბიტას.
მტკიცება იმისა, რომ ის, რაც განათლების სისტემაში ხდება, კონკრეტული პიროვნებების ბრალია, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. უბრალოდ განათლების სისტემაში სრულდება ძალაუფლების კონკრეტული რეფორმატორული დავალება. სხვადასხვა სიმულაციური ორბიტების გადაკვეთით და შემთხვევითობების წყალობით, ეს დავალება ფორმულირდება, როგორც ქვეყანაში არსებული ძალაუფლების და პოლიტიკური სისტემის განათლების სისტემასთან თანხვედრა და პირიქით: როგორც ეს საერთოდ ხდება ნებისმიერ ქვეყენაში სახელმწიფოებრივი სისტემის შეცვლის შემდეგ – დგება განათლების სისტემის პოლიტიკურ წყობასთან და პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის ამოცანა. 
როგორც მასმედია-სამოქალაქო საზოგადოების და პოლიცია-უშიშროების ურთიერთობის აღწერისას აღვნიშნეთ, სიმულაციურმა ორბიტამ თავად დაამყარა კონკრეტული მიმართებები და მათ, ვინც მასში იყო ჩართული, აიძულა სწორედ ასე და არა სხვაგვარად ემოქმედათ. ამიტომ, სიმულაციური ორბიტა არ შემოიფარგლება მხოლოდ სიმულაციებით; ის თავისი არსებობის წესებს თვითონვე შეიმუშავებს და შემდეგ მათ უმორჩილებს ყველაფერს, რასაც კი ეჯახება – რაც მისი მიზიდულობის სფეროში ექცევა. 
იმ იმედს და მოლოდინს, რომ სიმულაციური სისტემა საბოლოო ჯამში არაეფექტურია (მაგ., პოლიციის და უშიშროების ძველი, საბჭოთა წესებით მუშაობა) და ძალაუფლება ადრე თუ გვიან დაინახავს, რომ მიმდინარე პროცესები მასვე აყენებენ ზიანს და შეიძლება ძალაუფლებაც დააკარგვინონ, უნდა შევხედოთ მოლოდინების ორბიტის პოზიციიდან და ამ მოლოდინის საპირისპირო სხვა შესაძლებლობებსაც განხორციელების ისეთივე შანსი უნდა დავუტოვოთ. სიმულაციური სოციალური სისტემების საერთო ანალიზი გვაჩვენებს (თავი X), თუ რომელი მოლოდინი არის განხორციელებული და რამდენად გვაქვს უფლება დაველოდოთ მოვლენების თითქოსდა კანონზომიერ განვითარებას.
IX. რა მოაქვს მედიაციური მექანიზმების სიმულაციებს?
როგორც იქნა, ავტორი გვეუბნება, თუ რა მოსდევს სიმულაციური პროცესების სისტემას, როგორც ამას ჯერ კიდევ წიგნის დასაწყისში სიმულიაციის და სიმულაციურის განმარტებისას დაგვპირდა. მაგრამ ის ოპტიმიზმი, რომლითაც ხანდახან გვაწყნარებდა და უიმედობის მდგომარეობიდან გამოვყავდით, ჯერჯერობით არ ჩანს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა საფრთხეს შეიცავს ძალაუფლების სიმულაციები და მათი ორბიტები? ხომ არ არიან ისინი, უბრალოდ, გზა არასიმულაციური მართვისა და სოციალური სისტემებისაკენ? ხომ არ იძლევიან ისინი საშუალებას ნელ-ნელა გადავიდეთ არასიმულაციურ გარემოზე? ხომ არ არის სიმულაციური ორბიტა მხოლოდ დროებითი ხერხი, რადგან მოცემულ მომენტში ასეა საჭირო და სხვანაირად არ გამოვა? (ეს ბოლო ფრაზა განსაკუთრებით უყვართ საქართველოს მმართველ წრეებში).  
მედიაციური მექანიზმების სიმულაციათა ის კასკადი, რომელიც ჩამოვთვალეთ, საკმაოდ სერიოზულ სიას ქმნის: მასმედია, სამოქალაქო საზოგადოება, მართლმადიდებლური ეკლესია, პოლიტიკური პარტიები და მათი თანამდევი პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, მოლოდინების ორბიტა, და ასევე, არსებულ ორბიტაში სხვა სიმულაციური მექანიზმების ჩართვის საფრთხე, ერთიანდებიან ძალაუფლების მიერ წარმოებული მედიაციური მექანიზმების ერთ დიდ სიმულაციაში და საბოლოოდ ქვეყნის სიმულაციურ მართვის სისტემას და სიმულაციურ სოციალურ გარემოს ქმნიან.
როგორც უკვე ვთქვი, სიმულაციურ ორბიტას ერთი თვისება აქვს: რაც არ უნდა დადებით მიზნებს უნდა ემსახურებოდეს თავიდან მისი შემოღება, ის სულ უფრო და უფრო მეტ სოციალურ და ადმინისტრაციულ სტრუქტურას ითრევს ბრუნვაში . საქმე მხოლოდ მედიაციური მექანიზმების და თუნდაც პოლიტიკური შემთხვევების სიმულაციასთან რომ გვქონდეს, შეიძლებოდა იმით დაგვეწყნარებინა თავი, რომ ადრე თუ გვიან, როდესაც ეკონომიკური პირობები შეიცვლება და პოლიტიკური ვითარება დარეგულირდება, მედიაციური მექანიზმები დაიწყებენ მოქმედებას და სიმულაციებსაც ბოლო მოეღება. 
მაგრამ, როგორც განათლების სისტემის რეფორმა, ასევე, ძალოვანი უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა აჩვენებს, რომ სიმულაციების არეალი უკვე არა მხოლოდ მედიაციურ მექანზმებს მოიცავს, არამედ თანდათან სოციალური სისტემის ძირითად ელემენტებშიც იპარება. ამიტომ დასკვნა, რომ სულ მალე, საქართველოს მთელი სოციალური სისტემა, როგორიც ის არის დღეისათვის, სიმულაციურ ორბიტაში მოექცევა, არ არის უბრალო შიში, არამედ ჰორიზონტზე მოარული სახიფათო აჩრდილია.

X. იძულება სიმულაციისათვის
აშკარაა, რომ ავტორი რატომღაც არ აკისრებს სიმულაციური პროცესების დაწყებაზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას, და ყველაფერს თითქოსდა შემთხვევების და ვითარებების ფატალურ დამთხვევას აბრალებს. ოპტიმისტური და გამოსავალმატარებელი დებულებები კვლავაც არ ჩანან. მკითხველი, რომელიც ამ თავის ბოლომდე მიაღწევს, იძულებული იქნება გააგრძელოს კითხვა.

აქ უკვე გამოიკვეთა იმ სიმულაციების თითქმის მთლიანი სურათი, რომელსაც საქართველოში ძალაუფლება საკუთარი თავის შენარჩუნებისათვის აწარმოებს. სისტემა, ანუ სიმულაციის ორბიტა, რომელიც ინერგება და დანერგილია საქართველოში, კონკრეტულად მოიცავს მასმედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც მედიაციური სოციალური ინსტიტუტების სიმულაციას. 
პირობა, რომელიც მოითხოვს ამ სამი ელემენტის სიმულირებას, საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის და მართვის სისტემის არსებობის აუცილებლობაა და საბოლოო ჯამში მისი საფუძველი ბალანსირების და შენარჩუნების საჭიროებაა.
სხვა მექანიზმი ალბათ, არ შეიძლება არსებობდეს საქართველოში მოცემულ პირობებში და გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია იმით, რომ საქართველო იძულებული იყო დაეჩქარებინა საკუთარი გადემოკრატიულების პროცესი, იმისათვის, რომ ‘ხელშესახები” კაპიტალი შეექმნა ევროპისათვის და მთლიანად დასავლეთის თვალში მიმზიდველი გამხდარიყო. ეს პრინციპი, ანუ, სიმულირება შენარჩუნებისათვის, აქამდე მუშაობდა და რეალური შედეგებიც მოჰქონდა. 
მაგრამ სიმულაციურ ორბიტას აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება; იმდენად, რამდენადაც ის ორბიტაა, მისგან თავის დაღწევა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ანუ, საბოლოო ჯამში ამ თავის დაღწევამ უნდა გამოიწვიოს ორბიტის მოშლა, მასზე მოტრიალე საგნების ჩამოვარდნა ანდა გაურკვეველი მიმართულებით გაცურება უჰაერო სივრცეში. ანუ, სიმულაციური სისტემის ნგრევა არსებული ძალაუფლების (არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ძალაუფლებაა) დეკონსტუქციას გამოიწვევს. 
როგორც ერთხელ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს კაპიტალი არის დემოკრატია. ამ ფრაზაში ნათლად ჩანს საქართველოს ხელისუფლების, ანუ დემოკრატიული მმართველობის ტრაგიზმი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ვალდებული იყო მიემართა სიმულირებისათვის. ორბიტა, რომელიც ალბათ თავის წრეში სულ უფრო და უფრო მეტ ელემენტს და სტრუქტურას ითრევს, არის, საქართველოს, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე სახელმწიფოს, არსებობის ერთადერთი საფუძველი, საქართველოსი, რომელიც ღირსია მიიღოს დასავლური დახმარება. რა თქმა უნდა, სადღაც უნდა არსებობდეს ამ ორბიტის მოშლის სურვილი, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო საქმეა: სიმულაცია სასტიკად იძიებს ხოლმე შურს გამოაშკარავებისათვის.

XI. სიმულაციურ სოციალურ სისტემათა შედეგები
პესიმისტური დასკვნები ამ თავში თავის პიკს აღწევს. იმდენად, რამდენადაც ამ თავის შემდეგ წიგნი კიდევ გრძელდება, მკითხველს უნდა გაუჩნდეს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, ჰაპპყ ენდ-ის მსგავს რამეს მაინც წააწყდება. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე გვერდიღაა დარჩენილი, და ამ ტექსტის კითხვის აქ გაწყვეტა ნამდვილად არ ღირს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში არსებობს სოციალურ-პოლიტიკური სისტემის სიმულაციურად ქცევის საფრთხე და რეალობა. მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება ვინმემ იკითხოს: “მერე რა? თუ სხვანაირად არ გამოდის, ვიცხოვროთ ჯერჯერობით სიმულაციურ სამყაროში. ოდესმე ეს ყველაფერი შეიცვლება და ნორმალური ცხოვრებაც დაიწყება”. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არის ერთი ფაქტორი, რომელიც მთლიანად შეცვლის ჩვენს წარმოდგენილ სურათს: საქართველოში დემოკრატიული მართვის სისტემის და სოციალური ფენების სიმულირება დაიწყო მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ არ იყო გამოსული კომუნისტური სტრუქტურების ფსიქოლოგიური და კონსტრუქციული ბატონობისაგან. 
მედიაციური ინსტიტუტების და მექანიზმების სიმულირება დაიწყო არა სასურველი პროცესის (ამ შემთხვევაში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების) წინა ეტაპზე, არამედ, კომუნისტური სტრუქტურების ბაზისზე. ამიტომ, სიმულაციური სისტემების და ორბიტების უკან იმალება არა არარა , არამედ გაყინული და უმოძრაო სოციალისტური სისტემა, რომელიც ნელ-ნელა, იმის გამო, რომ ძველი მკვებავი წყაროები აღარ ასაზრდოებს, ინგრევა და უჩინარდება.
ამიტომ მედიაციის ინსტიტუციები სიმულაციურ პირობებში საოცრად წააგავენ მათ საბჭოთა ანალოგიებს (განსხვავება ისაა, რომ “იქ”, იმ დროს სიმულაცია არ ხდებოდა). ისინი გადაიქცნენ არ მედიაციებად, არამედ გზავნილებად. ფაქტიურად იმად, რასაც მედიაციური ინსტიტუტი წარმოადგენდა საბჭოთა პერიოდში. თუ გავიხსენებთ აფხაზეთში ომს, როდესაც მასმედია ფაქტიურად უფასო ინფორმატორის ფუნქციას ასრულებდა მოწინააღმდეგისათვის, და გადავხედავთ დღევანდელ პერიოდს, როდესაც მედიაციური ინსტიტუტები პოლიტიკური ინტერესების სუბიექტთა მიერ ერთმანეთისათვის გაგზავნილ შელოცვებს , ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, პოზიციის დაფიქსირების მექანიზმს წარმოადგენენ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მმართველობა ბიუჯეტით აცხოვრებს ფსევდო მედიაციურ ინსტიტუტებს, რომლებიც მას სჭირდება საკუთარი მდგომარეობის განსამტკიცებლად, და სხვა ფაქტებს, რომლებიც სტრუქტურულად სიმულაციის ჩარჩოებში ჯდებიან, დავინახავთ, რომ იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობენ, განვითარება არ უწერიათ. ანუ, სიმულაციური ორბიტა ყველაფერს და ერთ წერტილში ყინავს . მით უმეტეს, რომ არსებული ძალაუფლების მიერ წარმოებული სიმულაციური ორბიტა ფორმალურად ემთხვევა გაყინულ და ნგრევად სოციალისტურ მართვის სისტემას. თუ ამას დავუმატებთ, რომ საქართველოში საზოგადოებრივი სივრცე ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, როგორც ინფორმაციულად შეკრული ორგანიზმი, მივიღებთ, რომ საქართველომ არსებულ ვითრებაში და შესაძლებლობებში იმ პიკს მიაღწია, რომლის იქით წასვლა შეუძლებელია. 
ხელისუფლების განცხადება, რომ მან ქვეყანაში სტაბილურობას მიაღწია, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ტრაგიკული ინტერპრეტაციით: ეს სტაბილურობა ნიშნავს ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის გაყინვას და მარადიულ ტრიალს ერთსა და იმავე, უკვე შექმნილ, არსებულ ჩარჩოებში და საზღვრებში. 

XII. მოჩვენების საშიშროება
ავტორი სათაურს არა მარტო ამ ნაწილის შინაარსის გამო ამსგავსებს 1999 წლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ კინოფილმს. ჯორჯ ლუკასმა “ვარსკვლავთა ომების” I ეპიზოდი IV ნაწილის ეკრანზე გამოსვლიდან თითქმის 20 წლის შემდეგ გადაიღო. მთლიანად წიგნთან ეს თავი ისეთივე დამოკიდებულებაშია, როგორც “ვარსკვლავთა ომების” 70-იანი წლების დროინდელი და წლევანდელი ნაწილები: მხოლოდ მთლიანად წიგნის დაწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ თავის მომზადება, როგორც ტექნოლოგიურად და ინფორმაციულად, ასევე კონცეპტუალურადაც: ეს თავი ცალკე, წიგნის უკვე არსებული ტექსტის გარეშე, მარტივ პოლიტიკურ-პოლიტოლოგიურ პუბლიკაციას დაემსგავსებოდა. 

XII.1. შეჰფიცეთ! (შექსპირი, “ჰამლეტი”, I მოქმედება)
არ არსებობს კეთილი მოჩვენება: ჰამლეტის მამის აჩრდილი, რომელიც თითქოსდა დადებითად განაწყობს მკითხველს, აიძულებს ჰამლეტს წარსულში დაბრუნდეს, გამოიძიოს მკვლელობა და განახორციელოს ტრაგედია, რომელიც პერსონაჟების ტოტალური განადგურებით გამოიხატება, “საქმის გამგრძელებლებად” რჩებიან მხოლოდ მსახურები და ახლო უცხოეთში ხანგრძლივად ნამყოფი ხალხი.

როგორც უკვე ვთქვით, ცენტრი და რეგიონი (ანუ, პირველი და მეორე ცენტრები) სიმულაციებში არ ჩამორჩებიან ერთმანეთს. მაგრამ, განსხვავებით პირველი ცენტრისაგან, რომელიც თავს აჩვენებს, რომ მის უკან რაღაც არის, მეორე ცენტრი პირიქით იქცევა: ის ცდილობს დაუმტკიცოს საქართველოს მოსახლეობას, რომ მის უკან არაფერია, ყოველ შემთხვევაში არაფერი მაინდამაინც განსხვავებული იმისაგან, რაც პირველი ცენტრის ზურგს უკან იმალება. “სინამდვილეში” იქ 70 წლის განმავლობაში კარგად ცნობილი და განცდილი სინამდვილეა ჩასაფრებული. მეთოდები, რომლითაც მეორე ცენტრი, ამჯერად უკვე სხვა ოპოზიციური პარტიებით გამაგრებული, მოქმედებს, ერთი შეხედვით არაფრით არ განსხვავდება პირველი ცენტრის მიერ წარმოებული აქტივობებისაგან. მაგრამ ეს მხოლოდ იქ, სადაც მეორე ცენტრს უშუალოდ ხელი არ მოუწვდება და სადაც მეორე ცენტრის გამაერთიანებლის (აღოძინების კავშირის) “რეიტინგი” არ გამოიყურება, როგორც დიქტატორული რეჟიმის მიერ წარმოებული რიცხვი. 
ანუ, მეორე ცენტრიც ისევე სიმულაციური მეთოდებით მოქმედებს (შეიძლება უფრო აქტიურადაც) იმ ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ცენტრის განმგებლობაშია, “თავის ტერიტორიაზე” კი სულ სხვა მეთოდებით და წესებით მუშაობს. ეს, ერთის მხრივ, განაპირობებს მოსახლეობის მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნას, და, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს არჩევნების “დემოკრატიულ” შედეგებს _ როდესაც მოსახლეობის 80 % ხმას რეგიონში გაბატონებულ ძალას აძლევს. 
ანუ, ამ შემთხვევაში ჩვენ აშკარად ფანტომთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს მთელ ქვეყანას თავი მოაჩვენოს, თითქოს ისეთივე სიმულაციების მწარმოებელია, როგორსაც პირველი ცენტრი აწარმოებს, ხოლო თავისი მხარე კარგად გამოცდილი დიქტატორულ-საბჭოური ქსელით აქვს დაფარული.
აშკარაა, რომ საარჩევნო შეჯიბრი გაიმართება მოჩვენებას და სიმულაციას შორის. მოჩვენება, რომელიც, როგორც ეს ლეგენდებიდან და თქმულებებიდან ვიცით, თავისთავად არარეალურია და უსხეულო, მაგრამ, ბნელი ძალების გზავნილი და წარსულში დაბრუნების მაიძულებელი მექანიზმია.  

XIII.2. ისევ შენა ხარ... ბებერო თხუნელავ? (შექსპირი, “ჰამლეტი”, I მოქმედება)

XX საუკუნემდე მოჩვენებები ცნობილნი იყვნენ, როგორც აუცილებლად და გარდაუვლად სიმართლის მთქმელები და სწორი გზის მიმანიშნებლები. თუმცა, ტრაგედიის დასასრულის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რა გზისკენ მიუთითებს საშუალო სტატისტიკური მოჩვენება. პირველად აკუტაგავა რიუნოსკემ გააკეთა მნიშვნელოვანი გარღვევა “მოჩვენებოლოგიაში” და მოყვა, თუ როგორ უსირცხვილოდ იტყუებიან მოჩვენებები უღრან ტყეში.

მეორე ცენტრი, რომელიც სიმულაციის საბურველში გახვეული მოჩვენებაა, წარმატებით არწმუნებს საქართველოს მოსახლეობას, რომ მისი გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არაფერი არ გაუარესდება და, უბრალოდ, ჩანაცვლება განხორციელდება. “ჩანაცვლებაზე” აღებული მოჩვენებითი კურსი ყველაფერში ჩანს, ევროპის რეგიონთა სრულიად არაპოლიტიკურ, და შეიძლება ითქვას, არასამთავრობო კავშირიში გაერთიანებით დაწყებული (რაც მეორე ცენტრის წინასაარჩევნოდ მოწვეული სტრატეგების მიერ ინტერპრეტირებულია, როგორც ევროსაბჭოს ანალოგი), მეორე ცენტრის წინასაარჩევნო პლაკატებით დამთავრებული, რომლებზეც აბაშიძე უცნაურად წააგავს შევარდნაძეს. 
მოჩვენების მიერ ჩანაცვლებაზე აღებული კურსი კომიკურობამდე იმეორებს მმართველი პარტიის სტრუქტურებს და მოქმედებებს: მათ აქვთ ისეთივე ახალგაზრდული კავშირი, ისევე ეხმარებიან “ინტელიგენციას”, ისევე ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა მათი პარტიის ქარიზმატული ლიდერის არსებობაში, ისევე ახდენენ რელიქტური ფიგურების წამყვან პოზიციებზე დასმას, ისევე ცდილობენ ახალგაზრდობის გადმობირებას უცხოელი მომღერლების და ანსამბლების ჩამოყვანით, ისევე ცდილობენ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ ეკლესიასთან და სხვა. მაგრამ ეს მხოლოდ “საერთო ტერიტორიაზე” და/ან - მთელი მოსახლეობის დასანახად. “თავისთან” ისინი სხვაგვარად იქცევიან. 
აჭარაში არსებული სიტუაცია, იქნება ეს ტოტალური პოლიციური კონტროლი თუ მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის წარმოუდგენლად დაბალი დონე, აშკარად მიუთითებს, რომ მოჩვენება, ანუ აჩრდილი, რომელიც წინასაარჩევნოდ დაიარება საქართველოში, როგორც ყველა მოარული პოლიტიკური აჩრდილი, კომუნისტურ-დიქტატორული მმართველობისაა, რომელიც საქართველოს ერთ ცალკე აღებულ რეგიონში რომ განხორციელდა.
აშკარაა, რომ აჩრდილის მიერ მითითებულ გზაზე დადგომით, საქართველო უკან დაიწყებს მოძრაობას, და ყველა ის ელემენტი და პირობა, რომელიც დღეს არსებობს (იქნება ეს ბიუჯეტის ინვესტიციური გამაგრება, სხვა ფინანსური დახმარებები, თუ დემოკრატიულობის ელემენტები, რომლებიც, მართალია, მხოლოდ ტივტივებენ სიმულაციურ სივრცეებში), მით უფრო გაუჩინარდება, რაც უფრო დავუახლოვდებით წარსულს და ჩანაცვლდება ყოფილი უფროსი ძმის მოჩვენებითი დახმარებით და ძალიან რეალური ჩარევით. 
სიმულაცია, როგორც აღვწერეთ, ყინავს და ორბიტულ ცირკულაციაში აგდებს ქვეყანას და სოციალურ სტრუქტურებს. მოჩვენების მიყოლა და მისთვის დაჯერება საოცრად წააგავს ტრაგედიის სიუჟეტს და ტრაგიკულად დამთავრდება (მით უმეტეს, რომ წარსულზე ორიეტირებულმა ნაციონალისტურმა ხელისუფლებამ ერთხელ უკვე ჩაგვაგდო ტრაგედიის სიუჟეტში ). მაშინ, როდესაც სიმულაციური ორბიტიდან გამოსავალი (იხ. ქვეთავი გამოსავალი), თუმცა ძალიან რთული, არსებობს. წარსულში დაბრუნებიდან (რომელიც ჩვენს შემთხვევაში კომუნისტურ-დიქტატორული წყობის აღდგომას ნიშნავს) გამოსავალი კი მხოლოდ ტრაგედიის ფინალია, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, და როგორც “ჰამლეტის” სიუჟეტი გვეუბნება, ყველა კვდება და მხოლოდ მსახურები და ახლო უცხოეთში ხანგრძლივად ნამყოფი ხალხი რჩებიან.

ბუნებრივია, მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რომ თუკი ასეთი საშიშროების წინაშე ვდგავართ, რა საჭირო იყო სიმულაციაზე და მის მწარმოებლებზე ამდენი წერა, და რატომ არ დაფიქსირდა ავტორის მთელი ყურადღება მოჩვენებასა და მის გამომწვევებზე. მიზეზი, რომელმაც წიგნი სწორედ ასე, და არა სხვაგვარად გააწყო, არის ის, რომ ავტორი ეძებდა და ჰგონია (ალბათ ყოვლად უსაფუძვლოდ), რომ იპოვა სიმულაციების ორბიტიდან გამოსავალი, ხოლო მოჩვენება, რაც არ უნდა საშიში იყოს, ყოველთვის ქრება ან ძალას კარგავს, თუკი იცი რომ მოჩვენებაა და არაფერს გააკეთებ მისთვის სასიცოცხლო ძალების მისანიჭებლად . მოჩვენებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა და მხოლოდ მაშინ იწვევს ტრაგედიას, თუ დაგვარწმუნა, რომ ის მართლაც არსებობს და სიმართლეს გველაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული მოჩვენების გაჩენაში არსებულ სიმულაციურ სისტემებს დიდი წვლილი მიუძღვით , მისი საფუძველი სოციალურ სისტემებში და მათ განვითარებაში კი არა, ჩვენს ცრურწმებში, ცრუ იმედებში და შიშში ძევს. შესაბამისად, როდესაც მოჩვენება ძალას იკრებს და ხილული ხდება, მისი არსებობისათვის გამომწვევები ჩვენ უფრო ვართ, ვიდრე მისი გაჩენის რამდენიმე შეგნებული მსურველი, თუნდაც ეს ინიციატორი სხვა სახელმწიფო იყოს. ამიტომ, მოჩვენება წიგნის გვერდების ზუსტად იმ რაოდენობას იმსახურებს, რამდენიც მისთვისაა დათმობილი. თუმცა, ავტორი ფიქრობს, რომ ესეც ბევრია.

 
XIII. სახელმწიფო საზოგადოება (არსებობს თუ არა გამოსავალი?)
XIII.1. შესავალი
ამ თავს ავტორი იწყებს ისე, როგორც ალბათ ეს წიგნი უნდა დაეწყო. პირველი მონაკვეთი სავსეა იმ დებულებებით, რომლებიც მკითხველთა გარკვეულ ნაწილს მოუვიდოდა თავში, და ამიტომ, ასე განწყობილი ადამიანი ფაქტიურად ხახამშრალი რჩება. 

აქ უკვე პოლიტიკის ანალიზიდან მივადექით ილუზიების მსხვრევის სფეროს, რაც ყოველთვის აჩენს სინდისის ქენჯნის განწყობას. ამ შემთხვევაში ავტორი მოვალეა მცირე იმედი მაინც დატოვოს, თუნდაც იმისათვის, რომ მისი წიგნი ასე თუ ისე გავრცელდეს, არ ჩაითვალოს პესიმისტურ წუწუნად და, რაც მთავარია, გამომცემლობამ დაუბეჭდოს.
ჩვენს ქვეყანაში ამ წიგნის ინტერპრეტაცია მრავალნაირადაა შესაძლებელი. არსებულ სიტუაციაში ის ისეთივე მოლოდინების ორბიტას აღძრავს, როგორსაც არსებული სიმულაციური სისტემები მოითხოვენ. ანუ, ამ წიგნით აღძრული განწყობა თუ აზრი მრავალნაირი შეიძლება იყოს. მაგალითად: 
1. ავტორი განაწყენებულია ხელისუფლებაზე, და ამ გზით იძიებს შურს;
2. ეს წიგნი არის დასავლური სოციოლოგიური აზრის ერთი მომენტის მექანიკური გადმოტანა და ამიტომ არ არის სწორი;
3. წიგნი ცხოვრებაზე და საზოგადოებაზე გაბოროტებული ადამიანის დაწერილია;
4. წიგნი გაუგებარია პოლიტიკოსებისათვის, ხოლო სპეციალისტებმა ეს ისედაც იციან;
5. ავტორს უნდა, რომ ნოვატორი იყოს პოლიტიკის ანალიზის საქმეში, მაგრამ არ გამოდის;
6. ავტორს უნდა ხელისუფლების (ანდა ოპოზიციის) ყურადღება მიიქციოს;
და ყველაფერი იგივე, ოღონდ საწინააღმდეგო ნიშნით თქმული და კიდევ მრავალი სხვა ვერსია.
XIII.2. გამოსავალი
ავტორის მიერ აღწერილი, და, მისივე მტკიცებით, არსებული, ვითარებიდან გამოსავალი არის სახელმწიფო საზოგადოება. ავტორი ერთი შეხედვით მექანიკურად ანაცვლებს სახელმწიფო ერის ცნებას სახელმწიფო საზოგადოების ცნებით და ცდილობს შესაძლებელი “ნათელი მომავალი”წარმოაჩინოს. მაგრამ, საბოლოოდ ის მაინც არ ღალატობს საკუთარ თავს და ყველაფერს კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებაზე და გადწყვეტილების მიღების სურვილზე აფუძნებს.

გამოსავალი არსებული სიმულაციური ორბიტიდან ისევ და ისევ მედიაციურ მექანიზმებთანაა დაკავშირებული. იმდენად, რამდენადაც არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სივრცე, არც პოლიტიკური შემთხვევების წარმოების წესი არსებობს და არ ხორციელდება მართვის სისტემის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელება. საქართველო შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც პატარ-პატარა სოციუმების ტივტივი უჰაერო სივრცეში, როდესაც მათი კავშირი ერთმანეთთან მხოლოდ შემთხვევითია. მედიაციური ინსტიტუციები უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავენ სახელმწიფო საზოგადოების (არა სახელმწიფო ერის - ნაციონ დ’ეტა) არსებობას. 
დღეს საქართველოში, და ალბათ არა მარტო საქართველოში, არამედ ახალი დემოკრატიის ბევრ ქვეყანაში, დგას არა სახელმწიფო ერის, ანდა, როგორც უწოდებენ ხოლმე, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების, არამედ, სახელმწიფო საზოგადოების ყოფნა-არყოფნის საკითხი. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება საკმაოდ ამორფული რამეა იმისათვის, რომ მისი ფორმირების პროგრამა დაიწეროს, მაგრამ იდეოლოგიურად საკმაოდ გამართულია იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს ფაშიზმ-ნაციონალიზმს და დამატებითი არგუმენტი გახდეს ქვეყნის მმართველობის დემოკრატიულობისა და დასავლეთზე ორიენტაციის დასამტკიცებლად. 
• სახელმწიფო საზოგადოება ნიშნავს უპირველეს ყოვლისა ერთ საინფორმაციო სისტემაში და, შესაბამისად, ერთ პოლიტიკურ სისტემაში მცხოვრებ ხალხს. ყველაზე უფრო ფრთხილი ექსპერტული შეფასებებითაც კი, საქართველოში ერთიანი პოლიტიკური სისტემა არ არსებობს. 
• სახელმწიფო საზოგადოება ნიშნავს ინფორმაციული ტექნოლოგიების მხრივ მეტ-ნაკლებად ერთნაირად უზრუნველყოფილ ქვეყნის ტერიტორიას. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ინფორმაციის ყველა მიმართულებით წარმართულ ნაკადს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონეებზე. საქართველოში ასეთი რამე მხოლოდ ჩანასახოვანი ფორმით შეინიშნება. 
• სახელმწიფო საზოგადოება არ ნიშნავს, რომ ის ისევე უნდა იყოს სტრუქტურირებული, მკაცრად სტრატიფიცირებული და ერთგანზომილებიანი როგორც I და II მსოფლიო ომებამდე არსებული საზოგადოებები. სახელმწიფო საზოგადოება იძლევა მაქსიმალურ საშუალებას შეიქმნას მიკროსოციუმები და ნეო-ტრაიბები მთელი ქვეყნის მაშტაბით, იმდენად, რამდენადაც ის კი არ აწესებს საზოგადოებრივ იდეოლოგიას, არამედ უწყვეტი საინფორმაციო ნაკადების საშუალებით აუქმებს მას.
• სახელმწიფო საზოგადოება საკუთარი საინფორმაციო სივრცით და მრავალფეროვანი და კონკურენტული ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას; იმ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც შეიძლება პრინციპულად უსასრულო რაოდენობის მიკრო-სოციუმების და ინტერესის ჯგუფების გაჩენამ გამოიწვიოს.
• სახელმწიფო საზოგადოება არ ნიშნავს მოქალაქეების მთელი სპექტრის დაინტერესებას პოლიტიკური ცხოვრებით, მაგრამ ის უზრუნველყოფს ადამიანთა იმ აუცილებელ რაოდენობას, რომლებიც, ჩუმი და თავისთავად ნაგულისხმევი შეთანხმების საფუძველზე საზოგადოების დანარჩენ წევრებთან, წყვეტენ ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებს, ანუ, მონაწილეობენ არჩევნებში.

XIII.2.1. მცირე გადახვევა – საზოგადოებრივი ხელშეკრულება დღეს
ავტორი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების თანამედროვე გაგებაში, მაგრამ მიღებული შედეგი საკმაოდ საკამათოა. შეიძლება ითქვას, რომ ეს შემოთავაზებული ინტერპრეტაცია იმთავითვე იგულისხმებოდა საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიაში და ამ მოზრდილი პასაჟით ახალი არაფერია ნათქვამი.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია XVIII საუკუნეში წარმოიშვა და იგი დღესაც მიჩნეულია, სახელმწიფო-საზოგადოების ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მისაღებ და მომუშავე თეორიად. ამ სწავლების მიხედვით სახელმწიფო არის საზოგადოებრივი ხელშეკრულების ობიექტი. სახელმწიფო იქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოება ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარი მართვის და საკუთარი სიმდიდრეების განკარგვის უფლებას გადასცემს ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც მართავენ სახელმწიფო ბიუროკრატიულ სისტემას და ამავე დროს ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადების წინაშე. თუ საზოგადოების წევრებს არ მოსწონთ არსებული მართვა, ისინი უფლებამოსილნი არიან დაარღვიონ ხელშეკრულება არსებულ მმართველობასთან და გააფორმონ ხელშეკრულება სხვა ჯგუფთან. ამ ხელშეკრულების მოქმედების ყველაზე უფრო ნათელი გამოხატვა არის არჩევნები ხელისუფლების ყველა დონეზე და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ამოწმებენ მართვის სისტემის მუშაობას. კონტროლის შედეგები საბოლოოდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

დღეს უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ საზოგადოებრივი ხელშეკრულების სხვა მხარეზე. როგორც ცნობილია, არჩევნებში მთელი საზოგადოება არამც და არამც არ მონაწილეობს. როდესაც საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 80 %-ზე მეტმა, ამ დროს აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ტოტალიტარულ ან ტოტალიტარულობისკენ მიმართულ მმართველობასთან. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი შემდეგნაირი სურათია: კანონის მიერ განსაზღვრული არჩევნებში საზოგადოების მონაწილეობის მაქსიმუმი არის 50 პროცენტი (ზოგი არჩევნების დროს, მაგალითად, საქართველოში საკრებულოების არჩევნებისას – 30). საზოგადოების დარჩენილი ნაწილი არჩევნების პროცესში სხვადასხვა მიზეზების გამო არ ერთვება. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ “ჩაყრის” ანუ, დაშვებული ფალსიფიკაციის პროცენტს, მივიღებთ, რომ საქმე გვაქვს საზოგადოებრივ შეთანხმებასთან, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი მეორე ნაწილს ანდობს მმართველობის არჩევნებს, ხოლო მმართველობას _ ამ არჩევნების ჩატარებას. ანუ, საზოგადოება იყოფა ორად: ისინი, ვინც ხმას აძლევენ, და ისინი, ვინც არ ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას, ანუ, მოსახლეობის სხვა ნაწილს ანდობენ ქვეყნის კონკრეტული მმართველობითი სტრუქტურის როგორობის გადაწყვეტას. ეს შეთანხმება მოქმედებს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თვითონ საზოგადოების მიერ საზოგადოების კონტროლსაც: თუ საზოგადოების დარჩენილი (არააქტიური) ნაწილი ძალიან შეწუხდა მმართველობით, ის მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და აუცილებლად მოახდენს გავლენას შედეგებზე.

(XIII.2. გამოსავალი - გაგრძელება)
დღეს საქართველოში ასეთი საზოგადოება საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს არც დემოკრატიული მექანიზმები და სისტემები ძალიან უბრალო მიზეზის გამო: არ არსებობს ის ორგანიზმი, რომელზე მორგებითაც განისაზღვრება მართვის და პოლიტიკური სისტემების დემოკრატიულობა-არადემოკრატიულობა. ეს სისტემები საქართველოში არსებობენ მხოლოდ დეკლარაციულად და სტრუქტურულ დონეზე, მაგრამ მათი გასინჯვის და გადამოწმების პროცესი არ მიმდინარეობს და ვერც იწარმოებს არსებულ ვითარებებში. შესაბამისად, საქართველოში ჯერჯერობით არ არის მრავალ-სოციუმური ვითარება: საქართველოში მიკრო-სოციუმებისა და ნეო-ტრაიბების არსებობა განპირობებულია არა ერთიანი სახელმწიფო-საზოგადოების არსებობით, არამედ მისი არარსებობით: იმის გამო, რომ არ არის ერთიანი საინფორმაციო და პოლიტიკური სივრცე, ეს ჯგუფები ყალიბდებიან ტრადიციული საზოგადოების (როგორც საბჭოთა დროს იყო) შინაგანი მოთხოვნილების გამო. ანუ, ისინი, როგორც მაგალითად, მეცნიერებათა აკადემია, და ჯერჯერობით განათლების სისტემაც, წარმოადგენენ არა დამოუკიდებელ ორგანიზმებს, არამედ ძველი სისტემიდან ამოგლეჯილ ნაწილებს.

XIV. იძულება სოციალური რეალობისათვის
ეს მონაკვეთი წიგნის დასკვნაა. საბოლოოდ მკითხველისთვის მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რა წაიკითხა: პესიმისტური ოპუსი, თუ პოლიტიკური პროექტი. ალბათ, ავტორის მიზანიც ეს იყო, თუმცა, ასეთ შედეგს კეთილშობილურს ნამდვილად ვერ დაარქმევ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მედიაციური ინსტიტუტების სიმულირების მთავარი საფუძველი არის ერთიანი საინფორმაციო და მისგან გამომდინარე სოციალური და პოლიტიკური სივრცის არარსებობა. შესაბამისად, მისი შექმნაა საჭირო. შექმნა, როგორც მედიაციური ინსტიტუტების, ასევე საკომუნიკაციო სისტემების დონეზე. ეს კი სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინვესტიციებს მოითხოვს. პოლიტიკური გადაწყვეტილება თუნდაც იმის გამოა საჭირო, რომ ძალაუფლების მქონე კონკრეტული პოლიტიკური ტანი ძალაუფლების მიერ სიმულირებულ სამყაროში თავს კარგად გრძნობს. ასევე კარგად გრძნობენ თავს ოპოზიციური ძალებიც, რომლებიც გამარჯვების, ანუ ვითარებების მათთვის მოხერხებულად გაწყობის შემთხვევაში, ისეთივე წესით გააგრძელებენ მართვას, რა წესითაც მათი წინამორბედები მართავდნენ. 
ამიტომ იმას, რაც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელად არის საჭირო, უფრო პოლიტიკური ინვესტიცია შეიძლება დავარქვათ. იმიტომ, რომ შესაძლებელია, დროის რომელიღაცა მომენტში მიმდინარე პროცესებმა გადაწყვეტილების მიმღების წინააღმდეგაც დაიწყოს მოქმედება (ანუ, გადაწყვეტილების მიმღებმა “წააგოს”). მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოგება საზოგადოების ყოველი კონკრეტული წევრისათვის უზარმაზარი იქნება.
სერიოზული ეკონომიკური ინვესტიციები იმიტომ არის საჭირო, რომ ერთიანი საინფორმაციო სივრცე თანამედროვე ტექნოლოგიებს მოითხოვს, რაშიც თანხების დაბანდება და რომლის გავრცელებაც სახელმწიფო გადაწყვეტილების ნაწილი უნდა გახდეს . ეკონომიკური მხარე ასევე გულისხმობს საკომუნიკაციო საშუალებების მაქსიმალურ განსახელმწიფოებრიობას, რაც პოლიტიკური კონტროლის დაკარგვას კი არა, არამედ, ინფორმაციული ნაკადებისათვის ოპტიმალური გზების შექმნას ნიშნავს. 
მაგრამ, მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, ძნელია იქონიო სახელმწიფოს იმედი, იმდენად გამჯდარია სიმულაციურობა მის ტანში. 
ერთიანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო სივრცე, რომელიც სოციალურ სივრცეს გამოიწვევს არსებობისათვის, შექმნის შემთხვევაში თავისთავად გარდაქმნის და სახეს შეუცვლის იმ სიმულაციურ მედიაციურ ელემენტებს, რომლებსაც ის პირდაპირ არ შეეხება. მაგალითად, როდესაც მასმედია და სამოქალაქო საზოგადოება რეალურად ამოქმედდება, სახელმწიფო დაკარგავს ინტერესს მართლმადიდებლური ეკლესიის ფინანსირების მიმართ, რაც ბოლოს და ბოლოს აიძულებს ეკლესიას საყრდენი მრევლში ეძებოს. ეს კი თავის მხრივ, მრევლის მოზიდვის და ავტორიტეტის ამაღლების მოტივით, დღის წესრიგში დააყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ნათესაური კავშირების მკვეთრი გაწყვეტის აუცილებლობას, და რეალურად გაყოფს სახელმწიფოსა და ეკლესიას.
თუ ერთიანი სივრცე შეიქმნება და დაიწყება სახელმწიფო საზოგადოების შექმნის პროცესი, დღის წესრიგში დადგება მეცნიერებისა და განათლების ეკონომიკის შეცვლა, რაც ისევ და ისევ ამ ინსტიტუტების სახელმწიფო ვითარებასთან შესაბამისობაში მოყვანის ამოცანით იქნება ნაკარნახევი. ეს ცვლილება კი ამ ორივე სისტემის ძირეულ გარდაქმნა-რეფორმას გამოიწვევს. შეიცვლება პოლიციაც და უშიშროებაც: მისი რელიქტური გამოყენება უშედეგო გახდება, და, ამავე დროს, სხვა სოციალური ჯგუფებიც გაჩნდებიან, რომლებიც რეალურ სივრცეებს და მოქალაქეების რეალურ რაოდენობებს მოიცავენ.
ძალაუფლების სიმულაციები ერთის მხრივ იძულებით, ხოლო მეორეს მხრივ, გადაწყვეტილების შედეგად მიღებული პროდუქტია. ამიტომ, მათგან თავის დასაღწევად, მართალია მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. საქართველოში მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი დაიწყოს იძულება სოციალური რეალობისათვის…





1. თუკი ვინმე წიგნს მაინც და მაინც რეცენზირების (ან სხვა მსგავსი) მიზნით მოჰკიდებს ხელს, კარგი იქნება, თუ წიგნის კითხვას XIII თავის შესავლით დაიწყებს. გარწმუნებთ, რომ განზრახული საქმე ბევრად გაუადვილდება.
2. მაგ. გაზეთი "დრონი" - 70 000, “საქართველო” – 50 000.
3. ექსპერტული შეფასებით, 25 000-დან 35 000-მდე მერყეობს.

4. "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა “კურიერი” _ 2100 საათზე.

5. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ქართული ინსტიტუტის (GIPO) მიერ ჩატარებული კვლევები
6. 1999 წლის 27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ტრანსლაციით და თანამდევი მოვლენებით, და 1999 წლის 27 აპრილს - სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართვით.
7. საქართველოს შემთხვევაში - თუ ცენტრის და რეგიონის რაიმე მოვლენა შემთხვევით დაემთხვევა ერთმანეთს, ან, თუ ვინმე პიროვნება, საკუთარი გავლენის გამოყენებით დაამთხვევს მათ.
8. აკაკი ელიავა
9. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც თავის გამოსვლებში და ბრალდებებში არასოდეს არ მიდის ბოლომდე.ელიავასთან
10. იქნება ეს ერთი ინტერესის გარშემო შექმნილი ჯგუფი თუ სივრცობივი პრინციპით გაერთიანებული ხალხი.
11. პროკურმენტი – სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში: სპეციალური ხელშეკრულების დადების წესი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო თავისი ზოგიერთი ფუნქციის შესრულებას (და ამ ფუნქციის შესრულებისათვის გამოყოფილ თანხას) გადასცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
12. მაგ., მკლავჭიდელთა ასოციაციის თავმჯდომარის.
13. ასო _ არასსამთავრობო ორგანიზაცია
14. ზურაბ ჟვანიამ.
15. ან წარუმატებლად – ეს კონკრეტული შეფასების სფეროა.
16. როგორც კი მოხდა ერთ-ერთი ასო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჯახება, იმ წუთში გაჩნდა ბრალდებები უცხოეთის სპეცსამსახურების და საქართველოს ასო-ების თანამშრომლობის შესახებ.
17. ჩუმი იმიტომ რომ ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარისაგან მოდიოდა და პრეზიდენტიც “პრინციპში” თანახმა იყო.
18. ამ შემთხვევაში სიმულაცია რაღაცის მყარ ბაზისად გვევლინება, რითაც ის კიდევ უფრო მტკიცდება და ხელშესახები ხდება.
19. არა შეფასებითად, რადგანაც ალბათ, ვირტუალური სტატისტიკური გამოთვლებით არასასურველის მოლოდინს ისეთივე სიხშირით მივიღებთ, როგორც სასურველისას.
20. ანდა შესაძლებლობების სხვა, აბსოლუტურად განსხვავებულ სიბრტყეში მყოფს.
21. აკაკი ელიავას.
22. მართვის სისტემის სამოქალაქო ელემენტების არსებობის შემთხვევაში ასეთი ჩანაცვლება დამოუკიდებელია ქვეყნის პოლიტიკური მმართველობისაგან და მხოლოდ საზოგადოებრივ კონტროლს ექვემდებარება.
23. 1994 წლის არჩევნებში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
24. 1998 წელს ჟვანიას რეიტინგი საქართველოში 0.5დან –1.5-მდე მერყეობდა
25. 1998 წელს ასეთი იყო სააკაშვილი.

26. რაც, ალბათ, თბილისში მისი “ქალაქ-რესპუბლიკობის” დროს არსებული სუფიური და სხვა აღმოსავლური კავშირების პაგინიზირებული ვერსია იყო. 

27. რაც მხოლოდ თეორიული ვარიანტია.
28. ანუ, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების კურირებას და მართვას.
29. საქართველოში სიმულაციური ორბიტის მიერ სხვა მოვლენების ჩათრევის საუკეთესო (თუმცა, მხოლოდ ერთ-ერთი მრავალთა შორის) მაგალითია ამ ბოლო დროს აღძრული პროცესები, რომლებსაც ისე გამოიყურებიან, თითქოს მათი საფუძველი ნაციონალური იდეა იყოს. სულ ერთია, საქმე ეხება ე.წ. ეროვნული საგანძურის გატანას, მაკდონალდსის რესტორნის აშენებას, პირადობის მოწმობებში ეროვნულობის გრაფის აღდგენას, რუსთაველის ძეგლის გადატანას თუ ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკაში სახელმწიფო მოხელეთა შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე სიმულაციური პროცესები აუცილებლობით არ მოითხოვენ ნაციონალიზმის სიმულირებას, ამ პროცესის აღმძვრელებს (რომელთა შორის წამყვანი ადგილი გურამ შარაძეს უკავია) “გაცნობიერებული” აქვთ, რომ სიმულაციურ სისტემაში გადამწყვეტ ადგილს მხოლოდ მაშინ დაიკავებენ და ძალაუფლების მატარებლები მხოლოდ მაშინ გახდებიან, თუ დაამტკიცებენ, რომ გარკვეული პროცესების სიმულირება და მართვა მხოლოდ მათ შეუძლიათ. ამიტომ ნაციონალისტური (თუ ნაციონალური) პროცესები “ეტენებიან” მიმდინარე დემოკრატიული პროცესის სიმულაციას. ის, ვინც ამ პროცესებს ასიმულირებს, ნაციონალური იდეის მნიშვნელობას და ლეგიტიმურობის უფლებას ისეთივე მეთოდებით ამტკიცებს, როგორც სხვები საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის და დემოკრატიული ღირებულებების არსებობას. ანუ, ისინი, ისევე, როგორც სიმულაციის სხვა მწარმოებლები, სიმულაციის წესების სრული დაცვით მუშაობენ. ისევე, როგორც დემოკრატიული პროცესის სიმულირების დროს, ნაციონალური იდეის სიმულაციაც ისევე აგზავნის ცნობებს მასმედიის საშუალებით, ისევე სიმულირებს საზოგადოებრივ აზრს და პოლიტიკურ პროცესს, როგორც ორბიტის სხვა წერტილები. ნაციონალური იდეის მატარებელთა კონტინგენტიც ისევე შემოიფარგლება ძალიან მცირე რიცხვით, და ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ხდება ამ რამდენიმე ადამიანის მოსაზრებების გასაღება საზოგადოებრივ აზრად. შესაბამისად, სიმულაციური ნაციონალური პროცესების აღმძვრელთა გზავნილების ადრესატიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ან პრეზიდენტია, ან პარლამენტი, ანდა ვირტუალური ცენტრები _ იმისდა მიხედვით, რა საჭიროება არსებობს და რა მიზანი _ არქივის ჩამოტანა, პარლამენტში მოხვედრა თუ სხვა რამ (მაგ., წიგნის გამოცემა).
30. და აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ “სიმულაციას” მე არამც და არამც არ ვიყენებ შეფასებითი მნიშვნელობით, ის ჩემთვის არის არაღირებულებითი მიდგომის პრინციპზე დამყარებული სოციალური რეალობის აღსაწერი ტერმინი.
31. არა ის, რისი განვითარებაც უნდა ყოფილიყო ის, რისი სიმულირებაც ხდება.
32. და არა საზოგადოებისათვის. გზავნილი იქამდე არ აღწევს, რადგანაც მისამართი უცნობია და რჩება “მოკითხვამდე”.
33. უფრო სწორად, ერთი წერტილის გარშემო აქვავებს.
34. ეს რიცხვი, როგორც ეს მსოფლიო პრაქტიკაშია ცნობილი, მხოლოდ დიქტატორულ და, საუკეთესო შემთხვევაში, ერთპიროვნულ მმართველობაზე მიუთითებს.
35. და რომლის აუცილებელი პირობა, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სწორედ სიმულაციისათვის იძულება და ამ სიმულაციის მიერ შექმნილი გარემოა.
36. ამიტომაც, არ არის მოულოდნელი, რომ მეორე ცენტრის ალიანსში ისეთმა პარტიებმაც მოიყარეს თავი, რომლებიც ყოფილ ნაციონალისტურ ხელისუფლებასთან ან აქტიურად თანამშრომლობდნენ, ან მისი წარმომადგენლები იყვნენ.
37. თანაც, კომუნისტურ და დიქტატორულ რეჟიმებზე ძალიან ბევრი წიგნია დაწერილი. მეორე ცენტრში განსაკუთრებული არაფერი ხდება: ყველაფერი უკვე ბევრჯერ გამოცდილი, გათამაშებული და დაგეგმილია.
38. შეიძლება ითქვას, რომ არსებულმა სიმულაციებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ მოჩვენების წარმოშობის მსურველებს გზა გახსნოდათ.
39. იხ. “შესავალი წიგნის სტრუქტურაში”, სქოლიო #1.
40. ტრაიბი – ინგლისური სიტყვაა. ნიშნავს ტომს. თანამედროვე სოციოლოგიაში გამოიყენება საზოგადოების, როგორც მცირე ჯგუფებისაგან შემდგარი ერთიანობის აღსაწერად.
41. იმდენად შორეული პერსპექტივააა საქართველოში ამ სფეროში დაბანდებული თანხების ამოღება

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული