• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სხვა დრო

×
ავტორის გვერდი დათო ყანჩაშვილი 19 ნოემბერი, 2010 1771

ახლა სხვა დროა,
ახლა დროა, უდროო ჩვენთვის,
დრო სარეკლამო სლოგანების, ლექსების ნაცვლად
და რას გააწყობ, თუ სიტყვები რჩებიან სახტად
და თევზებივით გისხლტებიან, ცარიელ აცმად –

შენ გრჩება სტროფი,
და რა გზა გაქვს, უნდა იცრუო,
თითქოს სიტყვები კი არ მოკვდნენ, მხოლოდ დაბერდნენ
რომ საღამოს პირს ჩამომჯდარი შენი მკითხველი
უცებ არ შეცბეს, არ შეშინდეს
და არ გაგექცეს.

ახლა სხვა დროა,
პოეტები შემორჩნენ,როგორც
წინაპრებისგან დარჩენი ძველი ნივთები
რომელსაც უკვე რა ხანია აღარც მოიხმარ
და გადაყრას რო უპირებ, მერე ფიქრდები...

ახლა სხვა დროა,
პოეტები კვდებიან ადრე
და პოეტები, როგორც წესი კვდებიან დიდხანს
ერთი შეხედვით ვერ მიხვდები
და ვერც შეამჩნევ,
და არასოდეს გატყდებიან, რომ თვითონ გითხრან.

პოეტი დილით ჩვეულებრივ, სახლიდან გადის
მერე მოდის, და ხის ძველ საკიდს აცმევს ძველ პალტოს
და შეუძლია დაისვენოს,
სული მოითქვას
მაგრამ ვერ შეძლებს...
ჩვეულებას რომ უღალატოს

არადა კვდება,
და თავის მსგავს მკვდარ სიტყვებს ეძებს,
მერე ამ სიტყვებს
ერთმანეთთან ფრთხილად ალაგებს
ცდილობს როგორმე, გააცოცხლოს სული ჩაბეროს
მერე კიდურებს
საწოლისკენ გადაალაგებს

და პოეტები,
როგორც წესი კვდებიან გვიან
როცა დრო გადის,
როცა მათზე ჩნდება კითხვები
როცა მათ ლექსებს –
უკანასკნელ სიცოცხლის ნიშნებს
ამოასუნთქებს,
და შეირგებს უცხო მკითხველი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული