• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მუსიკა მირაბელის ბაღში

×
ავტორის გვერდი ნაზიბროლა ქორთუა 17 ივლისი, 2021 2133

მუსიკა... ეს მუსიკა რომ მხოლოდ წარმოდგენაში აჟღერდება, მარტივი მისახვედრია. მისი წაკითხვისას არ ახმიანდებიან საკრავები და, შესაბამისად, არც იმ დაპირებულ სასიამოვნო მელოდიას მოვისმენთ სათაურში, პირველივე სიტყვაში რომ არის შესამჩნევი. აქ მუსიკა წმინდა წყლის პირობითობაა. ეს უჩვეულოდ სასიამოვნო ჟღერადობა არა ხუთ ხაზში მოქცეულ მუსიკას გულისხმობს, არამედ - ჩვეულებრივ ფურცელზე, ადამიანური, გასაგები ასოებით გამოყვანილს. პოეტი თვითნებურად მოგიწოდებს, რომ მხოლოდ სიტყვებით, სანოტო ხაზებში შეუხლართავად გაიგო... მოისმინო მაინც - მუსიკა მირაბელის ბაღში. დაახლოებით, ისე, როგორც ერთ დროს მანეს მოუნდა, საზოგადოებას მოესმინა „მუსიკა ტიულირიის ბაღში”. დაუდევრად აწვალებენ მკითხველის, მსმენელის, მნახველის მოჩლუნგებულ წარმოდგენათა დიაპაზონს მსგავსი მოთხოვნებით.

 

მუსიკა მირაბელის ბაღში
 
საამოდ იმღერს შადრევანი. მტრედისფერ ცაზე
გარინდებულან ფაფუკი და თეთრი ღრუბლები.
ძველ ბაღში უტყვად მიმოდიან მიმწუხრის ჟამზე
დიდნიც, მცირენიც, საფიქრალით დაბანგულები.
 
აქ წინაპართა მარმარილოს ქანდაკებანი
გარუხებულან. ზეცას სერავს ფრინველთა გუნდი.
მკვდარი თვალებით ჩაჰკირკიტებს დროდადრო ფავნი
ჩრდილებს, რომლებსაც გამოუჩენს ბაღის ბინდბუნდი.
 
მოეძარცვება ფოთლეული ბებერ ხეს წითლად,
ბზრიალ-ბზრიალით მიაშურებს გაღებულ სარკმელს.
სივრცეში ხანძრის ანარეკლი ვარვარებს სისხლად
და მღვრიე, საზარ მოჩვენებებს ხატავს და აკმევს. 
 
სახლში ანაზდად შეაბიჯებს თეთრი უცნობი.
გავერანებულ დერეფანში ძაღლი არ ცხრება.
მოახლე გოგო სანათს აქრობს, ფიქრჩაუქრობი.
ღამით ყურს ისევ სონატების ჰანგები სწვდება.
 

პეიზაჟი გარდაუვალია, თრაკლთან - მით უმეტეს. ამოუსუნთქავად გადადის მოკლე, კმარ წინადადებებად აღნუსხული პეიზაჟი, სხვა მხარეს. სწრაფად სრულდება ერთი ეპიზოდი და უკანმოუხედავად ეთმობა ადგილი მეორეს. პოეტი დაუნანებლად შორდება იმ ერთს, როდესაც შენ ვერც კი მოასწარი მისი ბოლომდე გააზრება. სავარაუდოდ, გწადია, რომ კიდევ მინიმუმ სამი ან ოთხი წინადადება დახარჯოს. დეტალურად აგიხსნას - რა, როგორ, რანაირად. კმაყოფილად მობეზრებული, მაშინ, ალბათ, ახალ ხედს მოითხოვდი. მაგრამ არა, თრაკლი შენ არ გელოდება, არ გიცდის, თუ როდის დაეწევი, თუმცა... არა, ის არ ჩქარობს. მის პოეზიას ყველაზე ნაკლებ შეეფერება ჩქარი ტემპი. უბრალოდ, მკითხველი შეუერთდა საკმაოდ გვიან. ის კი აღარ მიუბრუნდება იმ წყვეტილ წინადადებებს და მათ გაშიფვრას დროს არ დაუთმოს. სანამ რაიმე სახით ჩამოყალიბებულს გიჩვენებდა, მანამდე გამოიარა ყოველივე ის, რაც შეიძლება ახლა გეცოტავებოდეს. შესაძლოა, სიტყვებით გამოსხეულებული ფიქრები არ გეყოს, მოისაკლისო ლოგიკა, რაციონალური მიმდევრობა, შეიძლება მოგწყინდეს კიდეც.

ექსპრესიონისტულია თითქოს, მაგრამ რაღაც საპირისპირო უფროა. ემოციათა მოზღვავებულ ტალღებში უნდა იძირებოდე, მაგრამ, პირიქით, თითქოს მშრალიც კია. მის გამოხუნებულ პეიზაჟებში არაფერია განსაკუთრებული. არაფერია აღუწერელი, შეუგრძნობელი. მისი პოეზია გაცვეთილი ყოველდღიურობის სენტიმენტალიზებაა ერთი შეხედვით. მის მიერ აღწერილი ბუნება, რომანტიკოსებისგან განსხვავებით, არც გაქცევაა და არც - იმ ადგილების თავშესაფრად გადაქცევის მცდელობა. ეს, უბრალოდ, მასალაა. მასალა, რომელიც მაინცდამაინც ბინდბუნდისკენ დაძრულ საათებს არ გულისხმობს, თუმცა თრაკლთან სწორედ ამ დროს ენიჭება უპირატესობა. ვიღაცამ შეიძლება ამ ყველაფერს მუზაც უწოდოს.

მისი ლექსები არ იწერება მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ვიღაცამ მოუძებნოს პასუხი იმ მოუძველებელ კითხვას - „რისი თქმა სურდა ავტორს?“ ლექსი, გოტფრიდ ბენი რომ გავიხსენოთ, შენდება, და ეს შენება არ გულისხმობს, რომ ვიღაცამ, შემდგომში მარტივი „გაშინაარსებით“, ყოველდღიური სატკივრებისა და სხვა ბანალური გაჭირვებების ძიება დაიწყოს მასში და საბოლოოდ აღმოაჩინოს, რომ პოეტს თურმე „“-ის თქმა სურდა. მისი გაგება სასიამოვნო დანამატია, თუმცაღა მის გარეშეც შეიძლება იცოცხლოს ლექსმა. მხოლოდ ლექსის გაგება, მისი გაანალიზება, იმის „ცოდნა“, თუ რას ფიქრობდა და გრძნობდა ავტორი წერისას, უაზრო მეწვრილმანეობაა, იმ მყიდველის ცნობისმოყვარეობაა, რომელიც საბოლოოდ მაინც არ იყიდის საქონელს და მხოლოდ ისე, სასხვათაშორისოდ, ცნობიერდება. რამდენად იღებს მკითხველი იმას, რასაც კითხულობს, რამდენად შეიგრძნობს და, უბრალოდ, რამდენად მოსწონს. რამდენად ეფლობა იმ სამყაროში და საბოლოოდ რამდენად იცვლება მისი დამოკიდებულება ქარის, გაღებული ფანჯრის, საღამოს ანთებული სანთლის და, ახლა უკვე, ნათურის ანთებისას? რამდენად ხმიანობს, თუნდაც გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც იმედისმომცემად, პოეტურობა მასში და მის ირგვლივ? აქ უკვე პოეზიის წილ პასუხიმგებლობაზე გადავდივარ, მაგრამ ლექსი ამ პასუხიმგებლობის გარეშეც არის, მკითხველის და თვით ავტორის გარეშეც არის, და, რაც მთავარია, ყოველივე იმის გარეშეც, რის გამოშიგვნას, გამოქექვასა და მათგან რაღაცის იმპროვიზირებასაც ქვემოთ შევეცდები.

გამოუცდელს შეიძლება გეუცნაუროს შემამზადებელი შედარებების გარეშე შემოფეთებული, საამოდ მომღერალი შადრევანი. თუმცა თუ მაინც და მაინც გაგებაზე ორიენტირდები, შეგიძლია უბრალოდ იგულისხმო, რომ პოეტმა კონკრეტული საგანი თუ ქმედება ნათესაურად დაუკავშირა სხვა საგანსა თუ ქმედებას ისე, რომ შენგან ნებართვა არ აუღია. ასე რატომ მოიქცა? რატომ არ დაწერა, შადრევნის შხუილი საამო სიმღერასავით ისმისო? ან - რაღაც მსგავსი. შეგიძლია მარტივი გაპიროვნებაც იგულისხმო. ამ ახსნა-განმარტებას მიაქვს პოეტის პირველადი შეგრძნება, და მხოლოდ იმიტომ, რომ მკითხველმა რაღაც მარტივად, თავის აუტკივებლად გაიგოს, ქრება, ხუნდება დედნის უხეშობა. შერბილებული, დამყოლი, დაღეჭილი, ლექსიკონური ხდება. შორდება პოეტს და იმ ჩვეულებრივ ამოთქმას ემსგავსება, შენც რომ თავისუფლად წამოისვრი. მაგრამ იცი, რომ ეს აღწერა ის ვერაა, რაც განიცადე, ის არაა, რისი თქმაც გინდოდა. თითქოს ყველა საჭირო სიტყვა თქვი, თითქოს არაფერი დატოვე უყურადღებოდ, მაგრამ იცი, რომ რაღაც დაგაკლდა, ან, პირიქით, ზედმეტი მოგივიდა. ამ ოქროს შუალედს პოეტი იცავს. თუ დასჭირდა, იმ ახსნა-განმარტების მსგავს აღწერასაც ისე ჩამოაყალიბებს, რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნოს შინაგანი საწყისობა. „საამოდ იმღერს შადრევანი“. დედანში კიდევ უფრო ნაკლულია: Ein Brunnen singt. უმარტივესადაა პირველი პეიზაჟი აღწერილი. და ასევე მარტივად, ერთი წერტილით, სრულდება მასზე საუბარი. ახლა მაღლა, ცისკენ მიმართავს მკითხველის თვალებს. დიდხანს არ ყოვნდება ერთგან, იმიტომ, რომ ერთბაშად, ჩქარ-ჩქარა შემოსწრებული სხვადასხვა პეიზაჟი ქმნის მთლიან სურათს. შეიძლება დანაწევრებული, დაშლილი ჩანდეს, მაგრამ ამგვარი მოუსვენრობით შენდება სწორედ ექსპრესიული ფონი, თუმცაღა ლექსის აღწერილობა მდორე, მდუმარე მიმწუხრს ხატავს. თეთრი და ფაფუკი ღრუბლებიდან უცებ კვლავ მიწაზე, ძველ ბაღში ეშვება. მაღლა მათ გარინდებულობას ქვემოთ მოსიარულეთა უტყვი მიმოსვლა ეხამება. რა თქმა უნდა, მიმწუხრია, სხვანაირად არც შეიძლება ამ პოეტთან. იშვიათად - ღამე, მასთან საღამოა ხოლმე. მათ შორის ნახევარი ნაბიჯიც არ იქნება, მაგრამ სწორედ ეს პატარა მონაკვეთია ჯიუტად ამოჩემებული. პირველი სტროფი ამ ძველ ბაღში მოსეირნე ხალხის აღწერით სრულდება.

ერთმანეთის გვერდით გამიზნულად დასმული სიტყვები, მუდმივად, რაღაც ერთ მთლიანობას ემსახურებიან. და სწორედ აქედან ასკვნი შემდეგ, რომლი ორი მარტივი უკიდურესობისკენ გიბიძგებს ლექსი. ექვემდებარება თუ არა ის შენს გემოვნებას, გესმის თუ არა სულ ოდნავ მაინც, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ლექსი ან სევდიანი ან მხიარულია, თუ ზედმეტად შორს დგახარ პოეზიისგან, მაშინ უბრალო ფრაზით „არ მიყვარს ლექსები“ კიდევ უფრო ნეიტრალიზდები. შეიძლება უფრო აღმატებულიც იყო, უფრო უღრმავდებოდე და გაცილებით შორს მიდიოდე, ვიდრე - უბრალოდ ორ დაპირისპირებულ ზედსართავთა წყვილი, მაგრამ იმ მარტივ განწყობას ვერ უარყოფ, ყველა რომ გრძნობს. პირველ სტროფში ეს განწყობა ძველი ბაღის თავზე გარინდებული ღრუბლების ქვემოთ მიმწუხრის ჟამზე უტყვად, საფიქრალით დაბანგული ხალხით იქმნება. ბოლო აკორდს, ალბათ, სწორედ ამგვარი ხალხის სიარულის მანერა წყვეტს. რა თქმა უნდა, უკავშირო, თითქოს ერთმანეთისგან მომწყდარი, წინადადებებიც.

ბოლო სტროფამდე პოეტი დააღამებს ლექსს, მაგრამ მანამდე ყველაფერი საღამოს ბინდბუნდში უნდა დანთქას, მანამდე ყველა ფერი უნდა შეისრუტოს, გაალურჯოს, გაარუხოს. ნელ-ნელა, სრულ დაბნელებამდე, ღამემდე იმას აღწერს, რაც ჯერ კიდევ ანათებს, რაც ჯერ კიდევ ფორმიანობს. მარმარილოს ქანდაკებანი, წერტილი. ფრინველთა გუნდი, წერტილი. ბოლოს ორი ტაეპი ერთი ამოსუნთქვით სრულდება. ფავნის მკვდარი თვალები ბაღის ბინდბუნდში გამომკრთალ ჩრდილებს უკირკიტებენ.

შემოდგომაა, ფოთლები წითლდება და გრავიტაცია ძირს ექაჩებათ, მაგრამ პოეტი მხოლოდ ფიზიკის კანონებით არ აწარმოებს დაკვირვებებს. თუმცა არც დედაშვილური მზრუნველობით მიჰყვება ღია სარკმელში ბზრიალ-ბზრიალით გაფრენილ ფოთოლს. აქამდე ლექსი მელანქოლიურ დაძაბულ სიმშვიდეში იკითხებოდა, ფერთა გამა, შემოსაზღვრული თეთრის გრადაციით შავისკენ, სადაც, ალბათ, ლურჯიც იგულისხმებოდა, ბაღში მდორედ, უსახო ჩრდილებად გადაქცეული ხალხის სიარული, უმოძრაოდ დარჩენილი ღრუბლები, ამ საღამოსეულ გარემოს, ემიჯნება მესამე სტროფის ამოვარდნილი სიწითლე. თავიდან შეუმჩნევლად გრძელდება წინა სტროფების განწყობა, არც ის წითლად შემოძარცვული ფოთოლი ანთებს საგანგაშო სიგნალს, მასთან ერთად სარკმელში შევარდნილი, ბზრიალ-ბზრიალით თავბრუდახვეულს კი, გაუფრთხილებლად, სისხლად ავარვარებული ხანძრის ანარეკლი გხვდება. მუსიკა წყნარ, მიყუჩებულ რიტმს მიჰყვებოდა, მაგრამ აქ ის ნოტი აჟღერდა მოულოდნელად, მოუხეშავად რომ აახმიანებს პიანისტი უკიდურეს მარცხენა მხარეს. მარმარილოს ქანდაკებების, ფავნის, ბინდბუნდში გამომკრთალი ხალხის მერე, დაღამებულა. და ამ ღამეში ის შიში იპყრობს ადამიანს, განსაკუთრებით მარტოდმყოფს, რომელიც ქმნის საზარ მოჩვენებათა სახეხატებს იმ ნაცნობი საგნებისგან, რომლებიც ადრე უწყინარნი ჩანდნენ.

ამ მღვრიე მოჩვენებათა კვალი მეოთხე სტროფსაც გასდევს, ერთი შეხედვით განცალკევებული წინადადებების მიუხედავად. არაფერი უცნაური, უცნობი, რომელიც სახლში შედის. თეთრია. რატომაა ფერთა გამიდან გამოვარდნილი თეთრი, რატომ აქვს მაინცდამაინც ასეთი დახასიათება, რატომ არაა ეს უცნობი მაღალი ან დაბალი, ქერა ან შავგრემანი, კაცი ან ქალი? კარს მომდგარი სიკვდილივით შემამცივნებელია მისი სითეთრე ამ შემოღამებულ ლექსში.

ასევე ეხამუშება ეს ამბავი ქვედა ტაეპში იმ ძაღლსაც და, ალბათ, იმიტომაც ვერ ცხრება. რაღაც საფრთხე უგრძნო პატრონებს. ის წითელი ფოთოლიც ამ სახლში შევარდა, ალბათ. მოახლე გოგო - მასზე უფრო ზოგად სახეს ვერც დაწერდა თითქოს კონკრეტული ადამიანი ამდენ ლანდსა და ჩრდილში, მაგრამ მაინც განურჩეველია. სანათს აქრობს. ბოლომდე აღამებს, ბოლომდე გადაჰყავს საღამო ღამეში. თრაკლი ხშირად იმეორებს ამ სცენას სხვადახვა ლექსში, მაგალითისთვის შეიძლება „ზაფხული“ დავიმოწმოთ:

 
„ბნელ ოთახში -
ოდენ სანთლის მკრთალი ციალი;
მას ვერცხლოვანი ხელი
აქრობს;“
 

ამჯერად მოახლე გოგოსგან მხოლოდ ხელია დარჩენილი, ისიც - ვერცხისფერი, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იმ თეთრ უცნობსაც ენათესავებოდეს. და მაინც, იმ ნაწილს მივადექი, სადაც მინდა გავიგო - „რისი თქმა სურდა ავტორს“. სიკვდილ-სიცოცხლის ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, თუმცა მაინც საღამოს, გამოტანილ თემას ჰგავს. სადაც დასაწყისსა და ბოლოში ახმიანებულ მუსიკაში სიცოცხლე იგულისხმება და - მათ შორის მოყოლილი ადამიანები, წინაპართა გარუხებული ქანდაკებანი, წითელი ფოთოლი, რომელიც უცნაურად ეკუთვნის შემოდგომას, მიდის სიკვდილამდე, თეთრ უცნობამდე, ვერცხლისფერ ხელამდე. სანათს მოახლე აქრობს, საბოლოოდ ასრულებს იმ ძალით გახანგრძლივებულ სინათლეს, რომელიც ვერ დარჩება მთელი ღამე ანთებული, მაგრამ „ღამით ყურს ისევ სონატების ჰანგები სწვდება“.

სად არის ამ დროს პოეტი? ღამის წყვდიადში გახვეული, შეუმჩნევლად აკვირდება ყოველივეს, მაგრამ თავად არ ჩანს. პოეტი, გარეგნული მახასიათებლების აღწერისას პატარა, მიკერძოებულ შენიშვნაში იმალება, ერთ სიტყვაში გათქვამს ხოლმე თავის თავს.

ლექსი გარითმულია, მაგრამ - ჩუმად. არც თარგმანში და არც ორიგინალში არაა ნათლად გამოხატული რითმა. სტროფში პირველი და მესამე, და მეორე და მეოთხე ტაეპები ენათესავება ერთმანეთს. მაგრამ - შეუმჩნევლად. ლექსის გარეგანი ჩონჩხი თითქოს იცავს და მიჰყვება ამ სიმეტრიას ბოლომდე, მაგრამ შიგნით, მისი კითხვისას თუ მოსმენისას, იკარგება, ირღვევა ეს ჩონჩხი. თითქოს მხოლოდ გადანაწილებულია, ისე, რომ მსგავსი სიტყვები ბოლოსკენ დასხდნენ.

მუსიკა ისმის... ლექსი მოქცეულია მასში, პირველსა და ბოლო წინადადებას შორის იგულისხმება ეს მუსიკა. პოეტი ყოველ ჯერზე ვერ შეგახსენებს. პირველი კლავიში თავად აახმიანა და დატოვა პედალდაჭერილი, შეიძლება თითები კარგა ხნის წინ მოაშორა, მაგრამ მაინც ისმის პირველი ნოტის ჩუმი, ყრუ ხმა, ბოლოსკენ კი, თითქმის მიმწყდარი, ხელახლა გაისმის. შუაში არ გეუბნება რა როგორ ჟღერს, მაგრამ ის ჩუმი რითმა აძლებინებს და სწორედ ეს ქმნის ამოუვსებელ სივრცეში მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული