• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
visual-art

Genesis (1999)

×
ავტორის გვერდი ზურა ჯიშკარიანი 00 , 0000 2585

არტი არა როგორც მეტაფორა, არა როგორც კრიტიკული კომენტარი, არა როგორც რეპრეზენტაცია.. დაუტოვე ეს ფორმები ბებიაშენს თუ ძუნწი კომენტარის გარდა ვერაფერს აკეთებ ტექნოლოგიური სინგულარობის საუკუნეში.
არტი როგორც ნამდვილი ლაბორატორიული ექსპერიმენტი. დისციპლინათა და სკოლათა გადაკვეთაზე..

მომავლის არასტაბილური, საეჭვო აჩრდილების დატესტვა ალბათ ეთიკური თუ პროფესიონალური მარგინალიზაციის ზონაა პროფესიონალი მეცნიერისთვის, მაგრამ ეს მაღალტექნოლოგიური მარგინალური ზონა იდეალური სივრცეა თანამედროვე არტისტისთვის. სტეფენ ვილსონი ჯერ კიდევ ათეული წლების წინ განიხილავდა არტისტის ახალ ექსპრიმენტალურ როლურ მოდელს - არტისტი როგორც მკვლევარი (artist as a researcher) . სახიფათო ზონების ტარკოვსკისეული სტალკერი. ადამიანი რომელიც ცდილობს ათასობით წლების განმავლობაში დაგროვილი არტისტული მეთოდების და სასაზღვრო მეცნიერული კვლევების მონაცემთა სინთეზით - გასინჯოს სავალი გზები დამინულ ველზე.


1999 წელს ედუარდო ქაცმა(Eduardo Kac) თავისი ინტერდისციპლინარული ინსტალაციით "დაბადება" - სათავე დაუდო ახალ მიმდინარეობას სახელად- ტრანსგენური არტი და დიდი დოზით შიში და საინტერესო კითხვები გააჩინა მომხმარებელთა ბიოკომპიუტერებში (ტვინებში).

პროვოკაციული ინსტალაციის "დაბადების" კონცეპტი ერთდროულად მოიცავს რელიგიას, ინტერაქტიულ, ინტერნეტ არტებს და გენეტიკური მეცნიერების მიღწევებს 1999წლისათვის. 1999-ც სიმბოლურად დაემთხვა. დასავლური სამყაროს მილენიუმის ბოლო წელი. :)

კაცმა (კაცურმა) თავისი კონცეფციის გამხმოვანებელ ტიტრად აიღო ფრაზა, ინტერნეტში განთავსებული ბიბლიის პირველი წიგნიდან "დაბადება". მეექვსე დღეს როცა ღმერთი გადაწყვეტს ყველაზე "ცუდი ცხოველის" გაჩენას :"შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.".

სწორედ ეს, ადამიანის "ბუნების მეფედ" გამომცხადებელი ფრაზა აიღო ედუარდო ქაცმა.

არტისტული სამუშაოს შემდეგი პროცესი დაახლოებით ასეთი იყო: ინგლისურ ენაზე დაწერილი ბიბლიური ფრაზა ედუარდომ გადაიყვანა მორზეს ანბანში, ხოლო მორზეს ანბანის ხაზებად და წერტილებად წარმოჩენილი ფრაზა გადაიყვანა უკვე დნმ-ს ბლოკების ენაზე და ასეთი სახით ლაივში, რეალურ დროში ჩაწერა ფრაზა უმარტივესი ბაქტერიის E.coli-ს დნმ-ში. ამიერიდან გენეტიკურ კოდად გადაქცეული ბიბლიური ფრაზა გახდა ინსტალაციაზე წარმოჩენილი ბაქტერიის ბუნებრივი ნაწილი. ბიბლიური ბაქტერია მოთავსებული იყო დარბაზის შუაგულში და მის სანახავად მოსულ ადამიანს უნდა გაეკეთებინა არჩევანი, ან აენთო ულტრაიისფერი განათება რომ დაეთვალიერებინა ბაქტერია, ან არა. არჩევანის მთავარი შინაარსი ის იყო, რომ ულტრაიისფერი ნათურის ანთება იწვევდა ბაქტერიის მუტაციებს გენეტიკურ დონეზე, ანუ ამავდროულად მუტაციას განიცდიდა მის გენეტიკურ ნაწილად ქცეული ბიბლიური ფრაზაც, რომელიც არტისტმა ბიბლიის ინტერნეტ ვერსიიდან გადმოაკოპირა. ყველა გაგებით -ცოცხალი - ინსტალაციის ფინალური ნაწილი იყო ბიოლოგიურ ორგანიზმში ჩაწერილი ინფორმაციის "უკან დაბრუნება": ანუ ამჯერად დნმ-დან ინფორმაცია გადაიყვანეს მორზეს ანბანში, და მორზედან ინგლისურში. საინტერესო იყო , რომ ფრაზა შეიცვალა, მუტაციებმა რომლებიც განიცადა ცოცხალმა ორგანიზმმა შეცვალეს სიტყვები თავდაპირველ მესიჯში, გადაანაცვლეს ასოები..

 

 

რათქმაუნდა ასეთი "პერფორმანსი" ბევრ კითხვას აჩენს: ეს არტია? ეს ეთიკურია? რისი თქმა უნდოდა არტისტს? ეს ადამიანური ყოვლისშემძლეობის იდეის დაცინვაა თუ ამ იდეის გაფეტიშება? როდის მოვა ის დღე როცა აკრძალული ინფორმაციის საზღვრებზე გადატანა შესაძლებელი გახდება საკუთარი სისხლით, კანით? გახსოვთ ჯონი მნემონიკი, რომელსაც ტვინით დაქონდა აკრძალული ინფორმაცია და სასოწარკვეთილად არ ყოფინდა გეგაბაიტები? ასეთი სახის პრობლემა არ შეექმნებათ ახალი დროის მნემონიკებს თუ ისინი ინოფრმაციას გადაინახავენ საკუთარ გენეტიკურ კოდში.

მე აქ მოვრჩები ბეჭდვას. დანარჩენი კითხვები თქვენ დაამატეთ თუ გაგიჩნდებათ. მომავალ შეხვედრამდე ეკრანის ზედა ნაწილში დეკლარირებული URL-ზე. თუ დაგაინტერესებთ და თუ არ დამეზარება შევეცდები გავაღრმავო ეს თემა და წარმოგიდგინოთ სხვა გამოცდილებები ამ სფეროში.

შეეშვით სააკაშვილს, ისწავლეთ ბიოლოგია და პროგრამირება.

 

 

ზურა ჯიშკარიანის ბლოგი

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული