• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ვეფხისტყაოსანი - ყველაზე გლამურული წიგნი

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია, ალექსა ჩიღვინაძე 00 , 0000 3416

 “ჭეშმარიტება დღეს, ქერათმიანთა პომადით დაფარულ ბაგეთაგან ღაღადებს”
 

როგორი იქნებოდა "ვეფხისტყაოსანი", შოთა რომ დაბადებულიყო თუნდაც 1986 წელს, ორთაჭალის მივიწყებულ მეოთხე სამშობიაროში. ახლა ასე, ჩემსავით, ნიფხავში მდგარიყო აკანკალებული და ედევნებინა თვალი პირველი თოვლისგან გარდასახული შუაღამის გარეუბნისთვის, ეყურებინა ლამპიონების შუქზე მოფარფატე მსხვილი ფანტელებისთვის, რომ წარმოგადგენინებენ, რა ხდება ჰაერში, ცაში, თუ როგორ შეიქმნა ეს საშობაო ბარათზე გამოსასახი პეიზაჟი, დათოვლილი მოედანი, მანქანები, ქუჩა, ხეები, მეზობლები. ფანჯარა დავხურე. სიცივისგან წმინდანს მიმსგავსებული სახით გავედი სამზარეულოში. დავდგი ჩაიდანი, მერე ჩავიცვი და კომპიუტერს მივუჯექი. ავათვალიერე წიგნების გროვა: ძენ-ბუდიზმი, “კალათბურთელის დღიურები”, ნორმან მეილერის “ამერიკული ოცნება”, ტარკოვსკი, ჰენრი მილერი, “დჰარმის მაწანწალები”, არტურ ჰეილის აეროპორტი, “სიტყვები და საგნები”, რიუ მურაკამის “ბავშვები შემნახველი საკნიდან”, “ვეფხისტყაოსანი”... და აი აქ შევჩერდი, რადგან ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს წიგნი ასეთ ადგილს დაიკავებდა ჩემს ცხოვრებაში, დამაკავშირებდა ჩემი ბავშვობის საყვარელ რეჟისორთან და პირველი სერიოზული თანხის გამომუშავების შანსს მომცემდა.
 
 
წიგნი ჩვენ მიერ ტარანტინოსა თანა მიწერილი (თარგმანი ინგლისურიდან)
 
ბატონო კვენტინ,
სცენარზე მუშაობას მალე დავამთავრებთ. ახლა გიგზავნით სინოფსისს, რომელსაც ბოლო წერილში გვთხოვდით. ე.ი:

როსტევანი არის ევრაზიული სინდიკატის ბოსი. ავთანდილი მისი მარჯვენა ხელი და ე.წ. შემსრულებელია. ფილმი იწყება თინათინისადმი (როსტევანის ქალიშვილი) მიძღვნილი წვეულებით, ღამის კლუბში შეშლილი, შიშველი ცეკვებით, კოკაინით და ხმაურით, გახდილი და დაბოლილი მოდელების დადაისტური ფრაზებით.
 
მომდევნო სცენა უკვე "ნადირობაა", წვეულებაზე ავთანდილი და როსტევანი დანაძლევდებიან, ვინ უფრო კარგი მსროლელია და ვინ უფრო მეტ ადამიანს დახოცავს. მეორე დღეს, ერთ-ერთ უბანში, რომელიც მათთან დაპირისპირებული კლანი განაგებს, მოაწყობენ ხოცვა-ჟლეტას. როსტევანი საბჭოთა “ა-კა-ემის” ერთგულია, ავთანდილს კი მოდერნიზებული "ემ-16” აქვს, რის მეშვეობითაც ეს უკანასკნელი თავის ბოსზე სამჯერ მეტ ადამიანს გაუხვრეტს შუბლს. ამ ჰუმანური გართობის შედეგად გამხიარებული როსტევანი და ავთანდილი, ამალასთან ერთად სტრიპტიზ-ბარში ბრუნდებიან. ბართან შენიშნავენ "თავ-ჩამოგდებით მტირალ”, ვეფხის ტყავში ჩაცმულ მოყმეს (შემდგომში: ტარიელი, იგივე ტარასა). ის ზის ბართან და ვისკის სვამს, თან ინდიფერენტულად გაჰყურებს აცეკვებული მოდელების გამხდარ დუნდულებს. როსტევანი ცოტახანს ეჭვიანად აკვირდება და მერე თავის ხალხს გაუგზავნის. აინტერესებს ვინ არის ეს უცხო ტიპი, ასე თავხედურად, აკრედიტაციის გარეშე რომ შემოვიდა მის სამფლობელოში. ტარიელი კუნგ-ფუს მესამე თანრიგის ოსტატია და სქელკისერა დაცვის ბიჭის ნათქვამს "ე, ბიჭო, ბოსს შენთან საუბარი უნდა-“ს შუათითის კლასიკური მოძრაობით უპასუხებს. ატყდება საშინელი ჩხუბი. ტარიელი როსტევანის დაცვის ჩაფსკვნილ ბიჭებს თავზე დაალეწავს ყველაფერს ("დაცვა დაცვას შემოსტყორცნაო”, - იტყვის შემდგომში ჟამთააღმწერელი), ერთს კეფაში მავაში-გერის აძგერებს, მეორეს მუშტის მძლავრი მოქნევით მოამსხვრევს ყბას და ძირს დააგდებს, მესამეს 85-ლარიანი "ჯეკ დენიელსის"  ბოთლს გადააფშვნის თავზე, დანარჩენებს კი მშობელთა, კარგთა და კეთილთა ვერბალურ გაუპატიურებას აკმარებს და ა.შ. მერე გარეთ გამოვარდება, მოტოციკლს მოახტება და ადგილიდან მოსწყდება. "ჰგავდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსაო”.
 
აქედან იწყებს ავთანდილი ტარიელის ძებნას. "ყოვლი პირი ქვეყანისა, სრულად მოვლო, მოიარა”, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ ერთ მივიწყებულ ბაითში მიაგნებს. ფეხაკრეფით შეიპარება, თან "მაკაროვის” ჩახმახს ფეხზე შეაყენებს (რა იცი, რა ხდება!) ამ დროს აბაზანიდან თმების მშრალებით და ბობ მარლის რომელიღაც კომპოზიციის ღიღინით გამოდის შიშველი, დაბურცულძუძუებიანი (მნიამ!) ქალი. ეს, როგორც მერე ირკვევა, ასმათია - ქალი, რომელიც ტარიელთან ერთად ცხოვრობდა მთელი ამ წლების განამავლობაში. ავთანდილს სუნთქვა ეკვრება ამ მშვენიერი სანახაობის ცქერით. ("ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა"). მოდი, ამ ეპიზოდს გადავახტეთ, რათა ცოტა ინტრიგა დავტოვოთ მაყურებლებში.
 
ამასობაში კი ტარიელმა და ავთანდილმა უკვე მოასწრეს ერთმანეთის გაცნობა. ძალიან გლამურული და საინტერესო სცენებია: ტარიელი უყვება თავის ისტორიას, როგორ გაიცნო ნესტანი - გოგო, რომლის დანახვისას გონებას კარგავდა, მერე კი ის გაქრა და მის ადგილსამყოფელს ვერაფრით აგნებს. ახლა თვითონ ჭაობშია, მოიხმარს თითქმის ყველა სახის ნარკოტიკს და დარდს ამით იქარვებს. ექშენი გნებავთ? კი, ბატონო – ავთანდილი თავისი ძმაკაცის შეყვარებულის საძებნელად წავა. ათას ხიფათს გადაეყრება, ერთი-ორგან ისეთ “რაზბორკაში” მოხვდება, მტრისას და ავისას! შემდეგ, როგორც ავთანდილი გაარკვევს, ნესტანი ერთ ნარკობარონს ჰყავს დამწყვდეული თავის ციხე-სიმაგრეში და რომ არ გაიქცეს, წამალზეა შესმული.
 
საინტერესო ეპიზოდია გულანშაროში, სადაც ავთანდილი ფატმან-ხათუნს გაიცნობს. ეს ფატმან-ხათუნი "ჯენერალ-მოტორსის” 70-პროცენტიანი წილის მფლობელის ცოლია, რომელიც ცხოვრების ძირითად ნაწილს ბიზნესვიზიტებზე ატარებს ხოლმე. მოკლედ, ფატმანს რაც ქმართან დააკლდა, ავთანდილი გულმოდგინედ აუნაზღაურებს. ესეც ეროტიკული პასაჟი (აბა, ეროტიკის გარეშე რაა მამული?!)
 
შემდეგი სცენა ასე წარმოგვიდგენია: ავთანდილი და ტარიელი "პორშეთი” მიჰქრიან  ჯოისის "ულისესავით” უსასრულო შოსეზე და ხრინწიანი ხმით მღერიან ნიკ ქეივის “God Is In The Hause"-ს. ამ კამპანიას მალევე უერთდება ფრიდონიც. მოვლენები უკვე ელვის სისწრაფით ვითარდება: ისინი შეუვარდებიან ნარკო-ბარონს, დედას მოუტყნავენ, კლავენ ყველას, დაცვის ბიჭებს კვერცხებით ჰკიდებენ ციხე-სიმაგრის გალავანზე, აფეთქებენ მთელ ციხეს და ათავისუფლებენ ნესტანს.
 
შთამბეჭდავი სცენაა ტარიელის ლომ-ვეფხთან ბრძოლა. ხატაეთის სასაკლაო და ხვარაზმშას ვაჟის მკვლელობა კარავში. ფილმში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია პოეტი, რომელიც "ვეფხისტყაოსნის” აფორისტული ენით აღწერს მოვლენებს და რომლის შესრულებასაც, ჩვენი აზრით, თავად თქვენ, ბატონო კვენტინ, არავის დაუთმობთ.
 
P.S. ბატონო კვენტინ, ჩვენ მიერ გამოგზავნილ სანთლებს, რომელთა ანთებაც ვერ მოგიხერხებიათ, საქართველოში სხვა დანიშნულებით ვხმარობთ და თქვენთვის უცნობ სახელს, "ჩურჩხელას” ვეძახით. უფრო დეტალურად მერე ტელეფონში აგიხსნით.
 
პატივისცემით პაატა შამუგია, ალექსა ჩიღვინაძე
 
 
“ახალგაზრდობას არ უყვარს სრულყოფილი ქმნილებები, ისინი ძალზე ცოტას უტოვებენ გასაკეთებელს და ამიტომ აღიზიანებენ ან ასევდიანებენ მას.” წერდა პოლ ვალერი. "ვეფხისტყაოსანიც" ხომ ასე მშვენიერი, მწიფე ნაწარმოებია. ვფიქრობდი, როგორ დაწერდა მას შოთა, რომ დაბადებულიყო 9 საუკუნით გვიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ XII საუკუნეში შექმნილი წიგნი, ყველაზე გლამურულია საქართველოში და მითუმეტეს დღეს, როცა ჩვენი აწმყოს განმსაზღვრელი გახდა გლამური, შოთა უარს არ იტყოდა, გამოეყენებინა იგივე მეთოდები, რასაც ის საუკუნეების წინ იყენებდა. მითუმეტეს, არ მოერიდებოდა იმ ტრანსგრესიულ პასაჟებს, რაც ასე უხვადაა პოემაში. და მართლაც იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც "ვეფხისტყაოსნის” მხატვრული ანალიზი არ სცილდება სადღეგრძელოების ენით შესხმულ ქება-დიდებას, ეს წიგნი ხომ მხოლოდ “გლამურნი” წიგნია. ვეფხისტყაოსნის მაღალი, უხვი, მდაბალი, ბროლ – მინა საცნობარი, ალვისა და მზის დარი გმირები განა არ ჰგვანან ჰოლივუდის მსახიობებს, ეკრანებიდან, პრიალა ჟურნალებიდან რომ შემოგვცქერიან და არასოდეს გვტოვებენ მარტოს. 

პოემის დასაწყისშივეა გადმოცემული გლამურის ერთგვარი განსზაღვრება: “მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, / სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა.” თუ სიბრძნეს განვიხილავთ, როგორც მაქსიმალურად რაფინირებულ სისულელეს, გლამურის ფორმულაც ხელთ გვექნება.

რეკლამის შესახებ ჯერ კიდევ ფილოსოფოსი სენეკა სწერდა თავის მეგობარ ლუცილიუსს, რომ მისთვის აუტანელი იყო ყოველდღიურად გამყიდველების სხვადასხვა გამკივანი ფრაზის მოსმენა. ეს გამყიდველები პირველი "რეკლამშიკები" იყვნენ. უნდა ითქვას, რომ შოთა იყო რეკლამის პირველი ქართველი თეორეტიკოსი. მან მოგვცა უზუსტესი დეფინიციები თავად რეკლამის, სლოგანის, პიარის, სვოტ-ანალიზისა და სხვა მსგავსი თემატიკის გარშემო. თუ ვთქვათ, გებელსი ითვლება მეოცე საუკუნის ზუსტ  სლოგანისტად (გავიხსენოთ მისი სლოგანი, რომელმაც უმოწყალო ზეგავლენა იქონია მასებზე: "Ein Volk, Ein Reich, Ein Fuhrer", შოთა თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართული რეკლამის წინამორბედად. რუსთაველი თამამად იყენებს დღეს აპრობირებულ სარეკლამო მეთოდებს. ეფექტური რეკლამის ზემოქმედების მიზანზე მიუთითებს ეს განცხადება: "ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.” ან ეს განმარტება რად ღირს: “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”. შემდეგ კი დასძენს “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, სლოგანია ამად კარგიო.”  პოემა, როგორც უკვე ცნობილია, თამარს ეძღვნება, იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ ადამიანს (დედოფალს). ეს კი, თავის მხრივ, გარანტი იქნებოდა პროდუქტის (პოემის) წარმატებულობისა (კომერციულობისა).

"ვეფხისტყაოსნის” არაერთი მეტაფორა თუ ეპითეტი შეიძლება იქცეს სამოდელო ინდუსტრიის შთაგონების წყაროდ. მიკვირს, როგორი გონებაშეზღუდულები არიან ქართული მოდის კრიტიკოსები! აბა, როგორ არ უნდა გამოიყენო ეს ეპითეტები,  რომელ გლამურული ჟურნალის სტატიას, "რაღაც ძაან სვეცკ” რეპორტაჟს  არ შეშურდება მსგავსი ფრაზები: “მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხისტყავისა/ ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა.” ან ეს “გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი/ ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი” და ასე უსასრულოდ. თითქოს მთელი პოემაც ერთი ზღაპრული დეფილეა, მთელს კონტინენტზე გადაჭიმული ავანგარდული მოდის კვირეული.

ის, რაც რეალურად პოემას სტანდარტული “გლამურნი” წიგნისგან განასხვავებს, არის ის “პლასტები”, რომელთა შესწავლასაც საკმაოდ ბევრმა ლიტერატორმა მთელი ცხოვრება შეალია. ხოლო ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა მწერლებისთვის, პოემა იქცა მაგალითად, თუ სად შეიძლება მიხვიდე ქართული ენის გავლით.

მაგრამ "განა სულერთი არ არის, რა სიღრმე აქვს ამ წყალსაცავს, ორმოცი სანტიმეტრი თუ ოთხასი მეტრი? თუკი ჩვენ მხოლოდ ჭავლის ციმციმი გვხიბლავს.”
 
პაატა შამუგია, ალექსა ჩიღვინაძე
იანვარი, 2009 წელი

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული