• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

საკრალური "დამწყები"

×
ავტორის გვერდი თამარ კორკოტაშვილი 12 მარტი, 2021 2279
 
დავიწყე თუ არა კითხვა, ფეხბურთის პაზოლინისეული სიყვარული გამახსენდა. მისთვის ეს თამაში რიტუალს წარმოადგენდა. პაზოლინი ამბობდა, ფეხბურთმა თეატრი ჩაანაცვლა და ის თანამედროვეობის ერთადერთი ცოცხალი რიტუალიაო. მოკლედ, თუ პაზოლინისთვის ფეხბურთი მისი დროის უკანასკნელი საკრალური სანახაობა იყო, შოთასთვის სწორედ ამ საკრალური სანახაობის ლოკაცია, ფეხბურთის სტადიონი ხდება ადამიანის ცხოვრების აღმნიშვნელი. რომანის მთავარი გმირი, ნიკოლოზი, ცხოვრებას თვალს ისე ადევნებს, როგორც მაყურებელი, მატჩს - ტრიბუნიდან. პროტაგონისტი, რომანის ავტორის მსგავსად, შემოქმედია. და რადგან სარწმუნო მგონია ალბერ კამიუს აზრი, რომ ამ სამყაროში ცნობიერების შენარჩუნებისა და ავანტიურაზე წასვლის ერთადერთი საშუალება შემოქმედებაა, და რომ „შექმნა - ნიშნავს ორმაგად იცხოვრო“, ნიკოლოზისგან რაღაც დაფარულის გამჟღავნებას ველი. მაინტერსებს, როგორ გვაჩვენებს შოთა იათაშვილი ნიკოლოზის ორმაგ ცხოვრებას. ვიმედოვნებ, გამართლდება ჩემი ინტუიცია, რომ „დამწყების“ სახით ხელთ განსაკუთრებული ქმნილება მაქვს.
 
აბსურდულ ადამიანს ჰგავს ნიკოლოზი. საკუთარი უბადრუკი,  „ჩანჩურა“ ცხოვრების არსს რომ ჩაწვდომია, მოთმინების უნარიც აქვს და სიცხადის სხივებსაც ეთამაშება. მასაც და პერსონაჟ კიმენსაც, რომელიც „ინტერფაზის“ მეშვიდე დღეს ხვდება მკითხველს, სიზიფთან მსგავსება აერთიანებთ. ქვაზე მომუშავე, მომპირკეთებელი კიმენის  „გადაკრული სიტყვაც“ მკითხველში აბსურდული აზროვნების პლანს ააქტიურებს:  არასდროს არ უნდა დაგეზაროს მაგიდის გადაწმენდა, არ უნდა იფიქრო, მერე მაინც მოედება მტვერი და რა აზრი აქვს გადაწმენდასო... ასე თუ იფიქრე, წამხდარია შენი საქმეო... კაცმა შენს მაგიდას თუ ვერ მოუარე, არაფერი გამოგივა ამ ქვეყანაზეო…
 
და მაინც რაღაც სხვას, უფრო თავისუფალს, უფრო თანამედროვეს ვეძებ და ვპოულობ კიდეც, როგორც შინაარსის, ასევე ფორმის თვალსაზრისით. ეს აღმოჩენა „თავისუფალი ფრაგმენტებისა და მომავლის არანაირ რომანთან“ მიმიყვანს თუმცა იქამდე, მინდა იმ შთაბეჭდილებებზე ვისაუბრო, რომელსაც  „დამწყების“ კითხვის პროცესში ვიღებ. 
 
სასიამოვნო, სახალისო და ამავე დროს, სევდიანი საკითხავია შემეცნების გზაზე დამდგარი კაცის ამბავი. ის მოვლენებსა და ფაქტებს შერჩევითი ინტერესით ეკიდება, პიროვნებები კი ლანდებივით ადევნებიან. სწორედ ამიტომ, სხვა პერსონაჟებს თითქოს შინაარსი და სიღრმე აკლიათ. შემეცნებისკენ მიმავალი მთავარი გმირი ისეთ მკაფიო ციფრულ კვალს ტოვებს, მონდომებული მკითხველი წარმატებით რომ დაადგება. ეს ციფრული კვალი თანამედროვე ვითარებაში აქტუალური ინტერნეტსამყაროა, რომელიც შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება და ერთი შეხედვით, წარმატებით ანაცვლებს ენციკლოპედიებს, ლექსიკონებს, სქელტანიან და მიმზიდველყდიან რეალურ წიგნებს. ინტერნეტი თავისი ყოვლისმომცველობით არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ, სექსუალურ აქტშიც იჭრება, როდესაც ნიკოლოზი „ეროტიული საიენტიზმით“ კავდება ლენასთან. 
 
ცხადია, იათაშვილი საგანმანათლებლო რომანის ტრადიციებსაც აგრძელებს - იმდენ საჭირო ინფორმაციას აზიარებს და იმდენ გასაღებს  „ლინკავს“, გულუბრყვილო უნდა იყოს მკითხველი, მოცემული გასაღებები უგულვებელყოს და რომანის გაცნობის პარალელურად, ან წიგნის დასრულების შემდეგ, საკეტები გულისყურით არ მოსინჯოს.  „კალმასობის“ ავტორის  სულისადმი მიძღვნილი „დამწყები“ აღნიშნულ გასაღებებს ხუმრობა-ხუმრობით თესავს მკითხველის გონებაში. უფრთხილდება მკითხველის შესაძლებლობებს, ზომიერად ტვირთავს და ცოდნის ხალისით დაუფლების ხელოვნებას ასწავლის. 
 
ცხოვრებისეული გამოცდილების, იმპროვიზაციისა და სპონტანურობის  სანახაობრივ დინებას ავტორი უჯრედის ციკლის კალაპოტში აქცევს. ინტერფაზა, პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა და ტელოფაზა უჯრედის ციკლის ფაზებია, სადაც მის ბოლო ფაზაზე ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულმა და ფუნქციონალურმა ერთეულმა თავისი დნმ ორ ნაწილად უნდა გაყოს და ორი ახალი ერთეული წარმოქმნას...„უჯრედის“ მთელ  „სასიცოცხლო ციკლს“ იათაშვილი იუმორნარევი, სინათლისმომტანი პოეტურობით ასახავს და ღია რეპეტიციის მეთოდით წარმოგვიდგენს. სწორედ ამიტომ მაგონებს  „დამწყები“  „ორმაგი განრიდების თეატრს“. 
 
„ორმაგი განრიდების თეატრის“ კონცეფციით ხელმძღვანელობს დავით ჩიხლაძე  „თავისუფალი ფრაგმენტებისა და მომავლის არანაირ თეატრში“ (მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი). ჩიხლაძის განმარტებით, კორაბლევას თეატრი არის თავისუფალი ფრაგმენტების რეკომბინაციების თეატრი და მონაწილეების მიერ „საკუთარი თავის“ სპონტანურად წარმოქმნილი როლების კოლექცია. „თავისუფალი ფრაგმენტების და მომავლის არანაირ თეატრში“ პრეზენტირების მეთოდს ღია რეპეტიცია წარმოადგენს. ეს კი, როგორც დავით ჩიხლაძე განმარტავს, მიანიშნებს საჭიროებაზე, არ დაიტვირთოს ნამუშევარი დასრულების პერფექციონიზმით - ის უნდა ფლობდეს სპონტანურობისა და დინების ხარისხს.
 
„დამწყები“ ჩემთვის თავისუფალი ფრაგმენტების რეკომბინაციების რომანია. მთავარი გმირი, სპონტანურად წარმოქმნილი რედაქტორის, პოეტის, საყვარლის, მამის, ქმრის, მეგობრის როლების კოლექციას ქმნის. ნიკოლოზი ცხადად თანამედროვე, არსებულ ვითარებაში მოღვაწე ადამიანია, შემოქმედი, რომლის როლიც რომანშიც და ცხოვრებაშიც, გაუქმებულია. ის შეცვლილია რაღაც ზოგადი თამაშის როლით. მკითხველის წინაშე საკრალური  „სანახაობა“  მიმდინარეობს: ღია რეპეტიციით პრეზენტირებული, „თავისუფალი ფრაგმენტებისა და მომავლის არანაირი რომანი“.
 
წერას სახურავზე მცხოვრები, გაფრენის სურვილით შეპყრობილი მაშოსა და ნიკოლოზის დიალოგით დავასრულებ და საკრალური სანახაობის ხილვის სიამოვნებას „დამწყების“  მკითხველს ვუწინასწარმეტყველებ: 
 
„- ბოროტები!.. მთავარ ინფორმაციას მუდამ მალავენ ხოლმე...
 - აბა როგორ გინდა.“
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული