• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

თავისუფლება ინტერნეტში

×
ავტორის გვერდი ნორბერტ ბოლცი 29 დეკემბერი, 2020 2170

გერმანულიდან თარგმნა სალომე ბარბაქაძემ

 

წკაპუნით მომუშავეთა სამყარო

თუ ყოვლისმცოდნეობა ღმერთის ნიშან-თვისებაა, მაშინ შეგვიძლია, გუგლს ღვთაებრივი ვუწოდოთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს გუგლს, მით უფრო იზრდება შიში მისი ყოვლისშემძლეობისადმი. სახელდობრ, გუგლის ძალაუფლება მის მიერ ინფორმაციის გადამუშავების ფიქსირებულ სტანდარტებში მდგომარეობს, ვინაიდან დღეს ყველაფერი ინფორმაციაა: ცხოვრება, ფული, ჩემი იდენტურობა. შესაბამისად, ჩვენი დროის საკულტო სიტყვაც ამგვარად ჟღერს: “Apps“. მასში იგულისხმება ათასობით აპლიკაცია, რომელშიც პროგრამებისა და მათი მონაცემების ერთობლიობა შესაბამის მომსახურებად გარდაიქმნება. სულ მცირე Apple-ის iPhone-დან მოყოლებული, ჩვენ ვცხოვრობთ ყოვლისმომცველი კომპიუტერიზაციის კულტურაში, დიგიტალური უტილიტარიზმის ეპოქაში.

რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, მით უფრო მწირია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, და მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციები ინფორმაციების შესახებ. ამას გვთავაზობენ საძიებო სისტემები. ანგლო-საქსონურად ერთი მშვენიერი ტერმინი არსებობს სადაზვერვოების სამუშაოსთვის: intelligence service. დღესდღეობით გუგლი, როგორც ყოველდღიურობის ერთგვარი საიდუმლო სამსახური, სწორედ ინტელექტის ამ მომსახურებას გვთავაზობს. ეს მაშინვე გასაგები გახდება, თუკი გავიაზრებთ, რომ ინტელექტი საძიებო სისტემის უმაღლესი გამოხატულებაა. და როცა საძიებო სივრცე საკმაოდ დიდია, ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ვეღარ ასხვავებს ერთმანეთისგან. ასე რომ, გუგლის ბუნებრივი მოლოდინი ამგვარად ჟღერს: ყველაფერი ყოველთვის და ყოველგან. ყველა და ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, მიღწევადი და ხელმისაწვდომი.

ინტერნეტი გლობალური კომპიუტერია და ჩვენ ყველანი „დამწკაპუნებლები“ ვართ - მაუსის დაწკაპუნებით მომუშავეები მისი პროგრამისა, რომელიც ევოლუციურად ვითარდება. მაუსის ყოველი დაწკაპუნება ხომ პატარა ტრანსაქციაა და მონაცემთა კვალს ტოვებს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც გუგლს იყენებს, ფირმას მისი ალგორითმების გაუმჯობესებაში ეხმარება. ჩვენ ყველანი გუგლის პოპულარიზაციის ალგორითმისთვის ვმუშაობთ. ცხადია, ამას იშვიათად აკეთებენ გაცნობიერებულად, ამიტომაც გუგლი წინასწარმეტყველად გვევლინება. მისი ალგორითმები, რეკომენდაციები და შეფასებები ისე მოქმედებს, როგორც მშვენიერი მოკლე ჩართვა ინფორმაციული ჯუნგლების გავლით. ამ ალგორითმს არავინ იცნობს, თუმცა რასაც ის ემსახურება, ცხადია: საძიებო სისტემები ჩვენს ყურადღებას აღრიცხავენ. ისინი დაასკვნიან, რომ მნიშვნელოვანი ისაა, რასაც სხვები მიიჩნევენ მნიშვნელოვნად და რომ უმრავლესობას ის სურს, რაც უმრავლესობას სურს. ამისათვის კი თავისი გაიტანა ტერმინმა „საერთო ფილტრი“. გერმანულად ამას „თანამსგავსობა“ ჰქვია. და რადგანაც მე ჩემს თანამსგავსთა გადაწყვეტილებას ვიყენებ, რათა გზა გავიკვლიო ინფორმაციებისა და ვარიანტების ჯუნგლებში, ისეთ ფირმებს, როგორიცაა „ამაზონი“, შეუძლიათ განავითარონ მიკერძოება. „კლიენტებმა, რომლებიც A-ს ყიდულობდნენ, შეიძინეს B და C-ც.“

 

წკაპუნის ნაკვალევები

ე. წ. ნეირომარკეტინგით საძიებო სისტემების მიერ მონაცემების შეგროვება მარწუხებით უტევს 21-ე საუკუნის მომხმარებელს. მაგრამ მომხმარებლის მონაცემებთან დაკავშირება არა მხოლოდ საძიებო სისტემების შრომისუნარიანობის, არამედ სოციალური ქსელების დამსახურებაცაა. საძიებო ქსელები საერთო გემოვნების ჯგუფებად თანამოაზრეების ჰომოგენურობას აწარმოებენ. ამას ემატება ვირტუალურ საზოგადოებაში თანამოაზრეთა თვითსელექცია კომუნიკაციების გზით. მაშასადამე, 21-ე საუკუნეს აღარ აწუხებს მასმედიით მართული მასების კონფორმიზმის პრობლება, არამედ მხოლოდ - ექოს დიგიტალურ ბოქსებში ერთიანი განწყობის პრობლება.

1994 წლიდან მოყოლებული, არსებობს ე. წ. კუკები (Cookies, „ბისკვიტები“), რომლებიც მომხმარებლის კომპიუტერში თავად ადგენს მონაცემებს, რომლებიც დაწკაპუნებათა ნაკადს და საძიებო ქმედებებს იმახსოვრებს. ასე იქმნება მომხმარებელთა პროფილები, რომელთა შეფასებაც ფირმებს რეკლამისა და მარკეტინგისთვის შეუძლიათ. მაგრამ ეს პროფილი არა თუ ზიანს გვაყენებს, არამედ ჩვენ თავად გამოვიმუშავებთ მათ მაუსის ყოველი დაწკაპუნებისას, საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას. მონაცემთა კონფიდენციალურობის მცველთა საწყენად კი უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა (და არავითარ შემთხვევაში - მხოლოდ „უცოდინარი“ ახალგაზრდებისა), რომლებიც საკუთარ მონაცემებს ბედის ანაბარად მიაგდებენ ხოლმე. მაგრამ ეს აღარ უნდა იწვევდეს გაოცებას. ბოლოს და ბოლოს, ხომ უამრავი ადამიანია, სატელეფონო ან შიდასაქალაქო „გამოკითხვებისთვის“ მზად რომ არის და თავისი ნებითვე რომ უქმნის სხვებს წარმოდგენას თავის სამომხმარებლო ქმედებებსა თუ პოლიტიკურ შეხედულებებზე.

რა იმალება ამ ყველაფრის უკან? ცხადია, ის, რაც ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჯონ დიუიმ ერთხელ ასე სახელდო: „სურვილი - იყო მნიშვნელოვანი“. პროფილი იდენტურობის საჯარო გამოფენაა. ჩვენ წინდახედულებას ჩვენს პირადულობას ვწირავთ. ეს ცენტრალური სოციალური ფენომენი, რა თქმა უნდა, ისეთივე ხანდაზმულია, როგორიც - თავად ცივილიზაცია. მაგრამ ინტერნეტმომსახურებამ ახალი თვისობრიობა შეიძინა. სამყაროს ყველა დაქსელილი კომპიუტერი შეუჩერებლად მუშაობს ჩვენი პროფილის გამოსავლენად. უფრო და უფრო ვეჩვევით პერმანენტული ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე ყოველდღიურობას, სკრინინგი და მონიტორინგი რომ ეწოდება. ასე კონტროლდება სამოქალაქო ინდივიდი რეგულარულად და უმცირეს დეტალებამდე.

შეგროვება, ძიება, კონტროლი - ეს ყველაფერი გუგლის სამყაროა და მას პიროვნული იდენტურობის ერთი საინტერესო, ახალი კონცეფცია შეესაბამება, რომელიც შეიძლება მარტივი ფორმულით გამოვსახოთ: მე ჩემი მაუსის წკაპუნი ვარ. იდენტურობა დღეს გამომთვლელი ამოცანაა, სახელდობრ, საქმე ეხება პირადულსა და საჯაროს შორის ღირებულებათა ექსტრემუმის გამოთვლას. სად არის საძიებელი ოპტიმუმი? საქმე თავისუფალ ინფორმაციასა და კონტროლს შორის დინების საგრძნობლად დინამიკურ წონასწორობას ეხება. და როგორც ყველამ ცალ-ცალკე უნდა ააწყოს საჯაროსა და პირადს შორის საკუთარი იდენტურობა, ისე უნდა იპოვოს ფირმამ ღია წყაროსა და საკუთრებას შორის სარგებელი.

ინფორმაციის თავისუფლებას თავისი ტრადიციული საზღვრები აქვს ინდივიდის პირად სივრცესა და სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან. მაგრამ თანდათანობით იზრდება ორივე საკითხისადმი გულგრილი ადამიანების რიცხვი. ქცევის იმ წესს, რომელიც შეიძლება შესთავაზონ მოქალაქეებს, რომელთათვისაც პირადი სივრცე ჯერ კიდევ ღირებულია, რადგან ადამიანის ღირსებაა მასზეა დამოკიდებული, ერთხელ ვალტერ ბენიამინმა კრიპტო-ემიგრაცია უწოდა. ამით მან მოქალაქეებს ბრეხტის რჩევა განუმარტა: „ვისაც ხელი არ მოუწერია, ვისაც სურათი არ დაუტოვებია, ვინც აქ არ ყოფილა, ვისაც არაფერი უთქვამს, მას როგორ მოიხელთებ?! წაშალე ნაფეხურები!“ გახდი არაკლასიფიცირებადი! ეს შეიძლება დიგიტალური სამოქალაქო თავდაცვის ლოზუნგად ჩაითვალოს.

 

სამოქალაქო წინააღმდეგობა

ამიტომაც Google Street View-სთვის წინააღმდეგობის გაწევა უაღრესად მოქალაქეობრივია. პირველ რიგში, აქ საქმე იურიდიულ მოსაზრებებს კი არა, „საიდუმლო ვითარებაზე“ თავდასხმას ეხება, რაც მოქალაქეობრივი პირადი სივრცისთვის არსებითია. მოქალაქეს სურს, თავად განსაზღვროს, მისი არსებობიდან რა გაასაჯაროვოს. ეს შეიძლება იყოს სახლის ფასადი, მაგრამ არა - ბაღი; მეუღლე, მაგრამ არა - ბავშვები. ამიტომაც აგებენ ღობეებს, რგავენ ბუჩქნარს, ხოლო ფარდები უზრუნველყოფს იმას, რომ სარკმლიდან გარეთ გაიხედონ, მაგრამ შიგნით ვერავინ შემოიხედოს. მხოლოდ ბავშვურად ანტისამოქალაქო აფექტმა შეიძლება ეს მეშჩანობად მიიჩნიოს.

ის, რაც კერძოსა და საჯაროს შორის განსხვავებას საჯილდაო ქვად აქცევს, სამოქალაქო თავისუფლების იდეაა. პირადულობა მოქალაქეობრივია. დღეს მისი გამომუშავებაა აუცილებელი. პირადულობა დავალებაა. და, ალბათ, მოქალაქეობრივ იდენტურობაზე ინტერნეტის ეპოქაში მალე ასე შეგვეძლება თქმა: ყოველი საყურადღებო ადამიანი საკუთარი პროფილის წინააღმდეგ მუშაობს. პირადულობა სტანდარტული პოზიციაა, რომელიც მოქალაქემ მედიასთან ურთიერთობისას უნდა აირჩიოს.

ბუნებრივია, ეს არათანადროული სტრატეგიაა, რადგანაც ქსელურ სამყაროში „კერძო/საჯარო“ და „პირადული/კომერციული“ ერთმანეთისგან დამაჯერებლად აღარ განსხვავდება. პოპულარული სოციალური ქსელები ხომ თანაზიარობის გაპირადულებითა და პირადულობის გასაზოგადოებრივობით ცოცხლობენ. ყოველი ადამიანი მინი-ცნობადი სახე ხდება. ამით აღვნიშნავთ იდენტურობის სამოქალაქო ოპტიმუმის საპირისპირო პოლუსს. ეს კი სავსებით შეეფერება თანამედროვეობის სულს, რადგან ინდივიდუალიზმი დღეს იმაში გამოიხატება, რომ ყველას თავად აქვს იმის განსაზღვრის უფლება, თუ სად იწყება დასაცავად ღირებული მისი პირადი სივრცე. პირადულობა 2.0 პირად სიმართლეს ნიშნავს.

ასე დგებიან მოქალაქე და მინი-ცნობადი სახე, პირადულობის ტრადიციული იდეა და მედია-ტექნიკურად ნაპატივები ექსჰიბიციონიზმი ერთმანეთის პირისპირ. ინტერნეტის საზოგადოებისთვის რეპუტაცია უკანა ფლანგის პროფილია. მონაცემების დამცველი კი, პირიქით, ისე ჩანს, როგორც მოქალაქეობრივი პირადულობის უმწეო წარმომადგენელი, რომელიც აბსოლუტური გამჭვირვალობის პოლიტიკური მოლოდინის, ერთთარგიანი სერვისის ეკონომიკური ჰიპნოზის, თვალთვალისა და დაქსელვის ტექნიკური სინამდვილის საპირისპიროდ ისევ თავისი დაკარგული პოსტის დაცვას განაგრძობს.

სხვათა შორის, პირად სივრცეზე ურთულესი თავდასხმა არა მთავრობისგან და საწარმოებისგან, არამედ სოციალური ქსელებისგან მოდის. დღეს ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, შეიძლება ჩანიშნული და გაგზავნილი იქნას. ე. წ. სამოქალაქო ჟურნალისტები და მათი მობილურების კამერები არაფერს ტოვებენ გაუკონტროლებელს. პაპარაცები მასობრივ-დემოკრატიული ფენომენები ხდებიან. მხოლოდ კეთილგონივრულობად მიიჩნევა, რომ ნამდვილად ცნობილი პიროვნებები არა მხოლოდ პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შენახვას აღარ ცდილობენ, არამედ სურთ - ასეთი ინფორმაციები პირადად აკონტროლონ: ამის ნიმუშად მხოლოდ შტეფი გრაფის ბავშვის ფოტოებიც და ვოვერაიტის გამოსვლებიც კმარა.

მაგრამ საქმე კულტურასთან კი არა, სტრუქტურულ პრობლემასთან გვაქვს. სახელდობრ, ინტერნეტპირობებით ნებისმიერი ბიზნესი პირადულობას ვნებს: აუცილებელია პირადობის მოწმობის ჩვენება. მართალია, იდენტურობის პროგრამით ამის გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მხოლოდ კონტროლის საპირისპირო კონტროლით და პროგრამის საპირისპირო პროგრამით თავდაცვა. პროგრამირება კონტროლის გზით მართვას გულისხმობს. კომიუტერული სისტემები კი საკონტროლო ტექნოლოგიებია, რომლებიც ინფორმაციების საშუალებით დისტანციურად მართავენ. ინფორმაცია სამყაროში შესასვლელია, Web 2.0 კი შესასვლელია ინფორმაციაში. ბიუროკრატია გარდაიქმნება პროგრამად. ის აკონტროლებს ჩვენს ქმედებას, რომელიც თავადვე მართავს შესასვლელსა და ზემოქმედებას. ყოველ პროგრამაში იმალება შეფასებები, რომლებიც ყოველდღიურობას აწესრიგებენ.

 

პროგრამისტები და პროგრამირებულები

ერთხელ მედიის ფილოსოფოსმა ვილემ ფლუსერმა თქვა, მსოფლიო პროგრამისტებად და პროგრამირებულებადაა დაყოფილიო. ეს სავსებით გონივრული გაზვიადებაა, მაგრამ მხოლოდ პროგრამისტები როდი არიან დიდი განკერძოებულები, რომლებიც მასების მოჩვენებითად მასობრივ-დემოკრატიულ Web 2.0-ის სამყაროს განესხვავებიან. არსებობენ აგრეთვე „სუპერკონექტორები“, რომლებიც დიგიტალურ სამყაროს არსებობას უყრუნველყოფენ. ვგულისხმობ სუსტ კავშირთა ოსტატები სოციალურ ქსელებში, ე. ი. აქტივისტები, მოხალისეები, ფანები, მოყვარულები, დილეტანტები. და ის, რომ აქ ძალიან ცოტაა განსხვავებული, შეესაბამება სოციალური ქსელების ლოგიკას. სახელდობრ, ეს აქტივისტები მონაწილეთა საშუალო მაჩვენებლის ცნებას აზრს უკარგავენ. სტატისტიკურად კი: ინტერნეტის მოხმარების მედიანა საშუალო მაჩვენებელზე ბევრად ქვემოთ მოიპოვება. მაშასადამე, ინტერნეტის არავითარი წარმომადგენლობითი  მომხმარებელი არ არსებობს.

თუმცა იმ უმცირესობის აბსოლუტური მაჩვენებელი, რომელიც, მაგალითად, Wikipedia-სა და YouTube-ში აქტიურად მონაწილეობს, ძალიან დიდია. ერთი მეათასედი კიბერკოსმოსში ერთობ ბევრია. და რადგანაც ძალიან ცოტას ინტერნეტში ძალიან ბევრი შეუძლია იყოს, იქმნება მასობრივ-დემოკრატიული კოლაბორაციის ილუზია. მაგრამ არა მასები, არამედ აქტივისტები განაგებენ ინტერნეტს. ეს უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ სურს გაიგოს, როგორ იხრწნება დღეს სამოქალაქო “პუბლიკა“. ადრე რაიმეს გამოქვეყნება ავტორისთვის ნემსის ყუნწი იყო, დღეს კი ის ყურადღების მისაპყრობი ქმედებაა. Web 2.0 ის დევიზი ამგვარად ჟღერს: ჯერ გამოქვეყნება, შემდეგ გაფილტრვა. ამიტომაც კარის მცველებს, რომლებიც პუბლიკაციამდელ შერჩევას მიმართავდნენ, უფრო და უფრო ხშირად ჩაენაცვლებიან ნავიგატორები, რომლებიც პუბლიკაციის შემდგომი არჩევნის გაკეთების საშუალებას იძლევიან. შუამავალი შუალედური ინსტანციების ამ მკაცრ გამორიცხვას იძულებით მივყავართ საძიებო სისტემების ბატონობისკენ. და აქ მრავლობითობა ევფემიზმია და მეტიც არაფერი. დინებას გუგლი აკონტროლებს.

ნორბერტ ბოლცი (დ. 1953 წ.) - წამყვანი გერმანელი მედიაფილოსოფოსი, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. იკვლევს თანამედროვე საზოგადოებაზე მასმედიისა და ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენას, ასევე - ცვლილებებს, რომლებსაც მასობრივი ცნობიერების ფენომენი იწვევს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სექტორში. ბოლცის განსაკუთრებული ყურადღების თემაა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ტოტალურად კონტროლირებად საზოგადოებაში ადამიანის ეთიკური პასუხისმგებლობა და პირადი თავისუფლება, როგორც უმთავრესი ღირებულებები.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული