• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რა უნდა მომცეს იატაკმა, კედლებმა, ჭერმა

×
ავტორის გვერდი თემო ჯობავა 18 სექტემბერი, 2020 1403
***
 
ვიღაც დაიმშა მარტოობით
და დახმარება ხეებს სთხოვა. 
ის არ იყო მეტრი ან სნობი,
რომელიც მოვა
მახვილგონივრული რჩევებით
რათა საკუთარ ეგოში ამაღლდეს.
ის უბრალოდ დაიღალა შეხებით
საკუთარ დუმილთან. ის არც ქაღალდებს
ავსებდა უაზრო სიტყვებით
და შესაძლოა სწორედ ამიტომ
დაიღალა. ( განა ბრიყვების
წესი ყველამ უნდა ადიდოს).
მას სამყაროსთან წაჩურჩულება
მოუნდა და ხეებს მიაყურადა.
მან მოიპოვა ჩურჩულის უფლება,
როცა შეივსო სიცოცხლის ყულაბა
აბსურდის ნაწილაკებით. ამრიგად,
აწმყოში მოექცა შორი დღეები
და მარტოობის გამოჩნდნენ სანგრიდან
მოლაპარაკე უსიტყვოდ ხეები.
 
 
 
***
 
დაწერე რამე. ის, რაც ვირუსულად
არ გავრცელებულა ყალბი ამბებივით.
რაც არ გაუგონიათ, არ წაუკითხავთ
და ვერც მიმხვდარან.
სტრიქონებში შემალე ყველა განცდა,
ყველა შიში და ყველა იმედი.
მერე კი, მკვახე ნაყოფივით შეატოვე
საკუთარი უპასუხისმგებლობა
ცხოვრებას და გზადაგზა დაბზარული
მარტოობით იკვებე,
რომ არ დაგენგრეს შენივე უდაბნოს
ქვიშით ნაშენი უდარდელობა.
 
 
 
***
 
რა უნდა მომცეს იატაკმა, კედლებმა, ჭერმა,
თუ საკუთარ თავს ბინადრობა არ მივანიჭე
მხილველთა სივრცის და უჩინარ ფრთოსნებთან ერთად
არ შევურჩიე გადაუდგმელ ჯერაც ნაბიჯებს
ავტორი, მყიფე სტრიქონებით გამოძერწილი
და ამავე დროს ისტორიის ცხელი ფსკერიდან
ამოტყორცნილი. გასავლელი დღეების ცხრილი,
ყველა თვალღია მძინარე რომ გამოერიდა,
დარჩა საერთო სამარხებში საერთო გონის
და შერჩეული ავტორიც იმ ცხრილის კანონებს
გაჰყვება, როგორც შემცნობელი ზომის და წონის
მხოლობითობის, დაბადების იმედს რომ მომცემს.
 
 
 
***
 
ჩემი უცხოობიდან მერამდენედ
უნდა ამოვიზარდო,
რომ მივეახლობლო მარადიულ აწმყოს,
მაძიებლების გამრთობს
უკიდურესი სიახლოვით
და თანმყოფი მიუწვდომლობით.
რა იქნებოდა, ჩემს სინამდვილეს
ერთგულ მემიზნედ ვყოლოდი,
რომ მრავალგზის დაზეპირებული
იგივეობის კანონი
მეც დამერღვია, როგორც სიგიჟის
და შიშის გამონაგონი.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული