ჰანგუგო





პოეზია

ჰანგუგო




1.
 
მინდა გაიღოს შენი პირი
როგორც ალქიმიური კარი
და გადმოაფრქვიოს
სისხლჩაქცევები და
მრისხანების კოკრები
მაღალი ბალახი იწვის სიტყვების მსგავსად
ჩემი სიზმრები შესაძლოა მათ სხეულებს აზიანებენ
სიბნელის ბზარები კანკალებენ
და ჭიპლარიდან ჩემი ხელები გამოაქვთ
ბრმა ხელით ვარ ნახაზი ამაღამ
ჩემი თვალებიდან მდნარი ყვავილები წვეთას იწყებენ
შვიდო ანგელოზო
ნუთუ ახლა ყველაფერი გაქრება
თქვენი ხმა ბწყინავს როგორც წვიმის საგანძური ფხვიერ მიწაში
როცა მათ კისრებში ცხენები დადიან
და სიტყვები კენკრაა ზაფხულში აყვავებული
 
 
2.
 
მეფე აგური დგას
ქარი მის ზურმუხტისფერ წვერს და თმას აღვიძებს
ცხელი აბანოები როგორც ხელნაკეთი სიცოცხლის სასტვენები 
მოულოდნელად მის კანზე ჩნდებიან
ანგელოზები ფხიზლდებიან 
ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები ჰაერში ერთმანეთს ეძებენ
მათი ხმები ტყდებიან და ძირს იღვრებიან
როგორც უძველესი დოქიდან იღვრება წყალი
ჩემი მეხსიერება ხატავს მათ სახეეებს
ვინ იყო ის ერთადერთი
ვინც ასე ძალიან გისურვა?
მისი თვალები მარილითაა დაფარული
ის რაკეტასავით ადის მაგიდაზე
მის ხელებს შორის დიდებული ცეცხლის ალები დაცურავენ
ხილვებში ცხოვრობს როგორც მცენარეული ღმერთი
რომელმაც სულ ახლახანს დახუჭა თვალები
 
 
3. 
 
ნავი იშლება
მარილითაა დაფარული და ილექება იისფერი ზღვის შეშფოთებულ ხედვაში
მშობიარობის სატვირთოები იცლებიან
სისხლიანი ცხედრები ესვენებიან სიბნელეში როგორც სიკვდილის მსუბუქ ქერქში
რომლიდანაც მალე უცნობ სანაპიროზე ამოყვინთავენ
დაინახე მათი ჩანთები?
მათი ხელნაკეთი სიცოცხლის ხელჯოხები კაკუნით რომ მოგიახლოვდნენ?
შესაძლოა ჯერ კიდევ გესმის მათი სიტყვები შორეული მილსადენიდან
ნეტავ ცოტა კიდევ დავლოდებოდი
იქნებ მაშინ ჯერ კიდევ წერდა ბარათებს
იქნებ მაშინ ჯერ კიდევ იწვა საკუთარ ხელებზე
აეროპორტის სამრეცხაოში იდგა და საკუთარ სახეს შეყურებდა სარკეში
სარკე ორად გატყდა რადგან თვითმფრინავი აფრინდა
ტელეფონი გაითიშა ზარები დადუმდნენ
მისი ხმა კი ჩემს სიზმრებში გამრავლდა
როგორც შავი ფრინველების გუნდი
 
 
4. 
 
„이 넓은 바다 그 한가운데
한 마리 고래가 나즈막히 외롭게 말을 해“
სმერალდოს ყვავილით დროის სპირალს ადნობ
ერთხელ ღმერთმა ნიორი მოგცა
რომლის გარშემოც ილოცეს დათვმა და ვეფხვმა
ერთი 21 დღეში ქალად იქცა ხოლო მეორე სამუდამოდ გაუჩინარდა
ვის დააჭედეს იგი უზარმაზარი ყვითელი ლურსმნებით?
სადაც მისი თვალები გაგორდნენ როგორც უსწრაფესი კამათლები
ქარმა კი ნაწიბური შეაღვიძა მისი სიზმრების
ისინი ნახვრეტებიდან გარეთ იღვრებოდნენ
და ვარსკვლავებს და მოწყალების საგალობლებს აქრობდნენ
სიკეთე ლამაზი სასტვენია
რომელიც დემონებს უხმობს
 
 
5.
 
ახლა ყველაფერი არაფერს ნიშნავს
ზღვა მკვდრებითაა დაფარული
თქვენი სიტყვები უკუღმა წარმოითქმის
შვიდო ანგელოზო
ჩვენ ყველანი ამოთხრილი ტალღები ვართ
ყრუ თევზები რომლიც ოკეანეში მარტო მღერიან
ან ჩიტები, რომლის ფრთებიც იწვიან
შუქნიშნები ვართ ყეფისგან გაწითლებული
 
 
6.
 
მე ვნახე წითელი მეფე
ვისი პირიც ყვავილებისგან მზადდებოდა
სადაცაა იგი წამოდგება
დაუბრუნე მნიშვნელობა თვითმკვლელობისას წარმოთქმულ სიტყვიერ მკვლელობებს
დაუბრუნე მნიშვნელობა სისხლს, ოფლს და ცრემლებს
რომელსაც ისე უმღეროდი
როგორც ზამთარში დაბადებული ვერცხლისფერი ბუნდოვანი გაუჩინარება
 
 
7.
 
შვიდო ანგელოზო
თქვენი ენა ჯერ კიდევ ქმნის მარილს ზღვებისთვის
წაბლისფერი უფსკრულებიდან ხმები იზრდებიან
და მათ ბუმბულივით მოვყვები
თქვენი სახე
ლოტოსის გუბურის გვერდით დავმარხე
მაგრამ ეს ბურუსის ნემსები
რომელსაც მძივებივით ედევნებით
აღარ ქრებიან
შვიდო ანგელოზო
მე თქვენი ექო ვარ
ჩემს თვალებში დამწყვდეული შუქი
მძიმე ხრახნებით იხსნება
მაგრამ აქ ვეღარავინ ხედავს სინათლეს
აქ ვერავინ ხედავს სინათლეს
დახუჭეთ თვალები
გამთენიისას აღარავინ გაგვახსენდება
 
 
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.