• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ბოლოსაწყისი

×
ავტორის გვერდი სოფიკო დუმბაძე 19 აგვისტო, 2020 1944
გუნა
(სარწმუნო ნაყოფი)
 
რბილი ქვიშის ლურჯ ზედაპირზე მდუმარედ შემომდგარმა
იგრძნო, რომ ყველაფერი მასში იყო და ყველაფერი იქ იყო,
სადაც თვითონ იყო. იგი სულ ოდნავ შეარხია ტალღის შეხებამ;
ხელები ყოველი მხრიდან შეათვალიერა, მაღლა აღაპყრო და მაშინვე გაქრა,
თუმცა როგორცკი გაამოძრავა შთამბეჭდავი ტერფები წყალქვეშ,
კვლავ სრულყოფილი მოევლინა დედამიწაზე.
ის ისევ ისე ყოველი მხრიდან აკვირდებოდა მიმზიდველ მტევნებს,
როგორც უსასრულო, შეუდარებელ ბედნიერებას.
კენჭების გროვაზე შემომდგარი, ხის ფორმით მოსული,
ხშირი, მოქნილი ტოტებით, ხან სივრცე იყო.
მისი გამომეტყველება ახალი ბალახივით სუფთა და სარწმუნო,
როგორც ძროხების თვალებში შთამბეჭდავად ამაღლებული მადლიერება.
მას ამ გულუხვი მტევნებიდან შეეძლო თვალგაუხელელს ჩამოეწველა
მარადიული ერთგულება და მოეცა შენთვის, შენ გცნობოდა იგი,
თუმცა ვერაფრით გაგეხსენებინა საიდან.
 
 
 
 
 
მადლიერების მთა
 
ჩვენი ყველა მოქმედების შესახებ მან ყველაფერი იცის,
ის დანამულ ალოეს ყლორტებს ადრე დილიდან ჭრის,  წურავს,
თუჯს ყლორტის წვენით ავსებს და შენს აივანზე დგამს,
შენ მის დამაჯერებელ შესაძლებლობებზე ფიქრობ, არაფერია მიუწვდომელი.
ძროხები ცურს ივსებენ და ხბოებს ჩვილ შუბლს ულოკავენ.
უსახლკარო მოსიარულის ჯამი ცარიელია,
თუმცა ის მეგობრულად განწყობილი მარადიულ ცას
მაღლა აღმართული ხელებით სულ გულღიად ესაუბრება რაღაცაზე.
ქვაფენილზე დილის სიჩუმეში წვება სახით და მკერდით,
მერე ძალიან ნელა დგება და დადის და დადის.
ხმელ ნაკელიან, ცხელ ქვაფენილზე, მწოლიარე ხბოები დგებიან
და დიდ აღმართს გადიან მასთან მისასვლელად,
იქ ლოტოსის პლანტაციის შუაგულში
წვნიან მრავალძარღვას ცოხნიან სინის ქვაბებიდან
და მისი ტერფების მაგნიტურ სილურჯეში ეფლობიან,
იზრდებიან და მადლიერების მთას ამაგრებენ.
როცა მათ სძინავთ მისი წმინდა ტერფები მათ თავქვეშ უმოძრაოა.
ჩვენ აქ ვართ მოვლენილნი, მატერიალურ სამყაროში, დიდი ცვლილების,
შესაძლებლობების წინაშე.
მოგყვებით, შენ ყოველივეს მიგვანიშნებ ძალიან მკაფიოდ.
 
 
 
 
 
ცენტრსაცავი
 
ეს ტალახი საუკეთესოდ იზილება ღმერთო,
იძახის ყოველ დილით მთაზე ასული ბავშვი 
და შხამიანი სოკოების ფეხისგულებში ამოსალესად
ხეობისკენ გარბის ტრიალით:
ცის ნაყოფების ლერწოვანი ქსელის საუფლოში მოსათავსებლად ,
ზაფრანის ჭვარტლივით არომატის, ფერის, ფორმის
და ფერფლის ქარიშხალში დგება შიშველი.
ამ დროს არასრულყოფილი სამყაროს გაფილიტრული გამონათება-
აგურის სითბო, წისქვილის ქვასავით ბრუნავს სხეულში,
ვეღარ ჩერდება და სკდება, როგორც ძირს დავარდნილი გოგრა.
მისი წამიერი მწიფე დაფქვილებით გვევლინება მარადიული ნათელი,
აწმყო, ყველა დრო, როდესაც სული მთვარესავით ცურავს თვალებში.
საუფლო სივრცეში დგახარ.
 
 
 
 
 
ბოლოსაწყისი
 
აცლიდნენ ნედლ ბამბუკებზე ხმელ ქერქსაცავებს ტანიდან რქებით
მახლობელ ბოსლიდან გამოქცეული ძროხები და
ტყისკაცებივით ჩამორბოდნენ მთა -ღრუბლებიდან;
ხის ნერგების ნედლ ბოლქვებს მიწის ვაშლივით ახრაშუნებდნენ,
ტარიან წერაქვებს ტრაქტორების ღრმა ნიჩბებში ტოვებდნენ
და დაღამებამდე უჩინარდებოდნენ.
ისინი არ ჩანან, როგორც სულგრძელი სივრცე,
რომლის ბოლოსაწყისში მუხლმოხრილი ბავშვები
მშვიდად ელოდებიან დაქანცულ ურმებს.
ამ გამოღმიდან თუ დაინახავ, როგორ გაყავხარ იხვს კისრით წყალზე 
და როგორ კბეჩენ სტუმრები სტაფილოს. 
არავის გვიკითხავს მოხუცისთვის, რამდენი ხარის რქა დაჭირდა ასაშენებლად.
 
 
 
 
 
მაგნიტური წარმოდგენა
 
რას შეიძლება გამოედო კლდიდან ვარდნისას, როცა წინ ხეობაა,
ანდა რომელი გზა-პირკავი შეგირჩენს ქამრით, თან თავით ზეცისკენ,
რას შეუძლია დაგიჭიროს სიმაღლეში ჰარმონიულად იმ კვერცხებივით
ხის ტოტებს შორის ჩაბუდებული ბუდე რომ იცავს,
ანდა, რა აგთქვეფს ცისა და მიწის ღრმა შუალედში არცერთის უარმყოფელს
მინიშნებების, როგორც წყალობის არსებობის და მისი შემჩნევის 
მომხრესა და შემნარჩუნებელს.
შენ შეიძლება ამის შემდეგ წარმოგედგინა, ვის შეეძლო წარმოედგინა ეს ყველაფერი
ხის შიგნეულის გარეგან კვამლვად და ხმა არ ამოგეღო.
 
 
 
[გამოყენებულია სალომე დუმბაძის ფოტო]
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული