სიზმარი 3, 1415926535897





პოეზია

სიზმარი 3, 1415926535897




ოდესღაც თურმე ჭიანჭველა ვყოფილვარ მაგრამ
არ მახსოვს. ახლა ჩიტი ვარ. ვერცხლის
კვერცხებით სავსე ლამაზი მუცლით.
ნისკარტით ვვარცხნი ფერად ბუმბულებს 
გული მაქვს თეთრი
ქარებჩამდგარი თოვლივით მშვიდი,
როგორც ცისკრისას ფანჯრების შეხსნა
ფრთების ეს გაშლა შემმოსავს სუსხით.
რა ცდუნებაა, რა იგავი, 
რა სიზმარია
ჩემი ცხოვრების ჩრდილოვან მხარეს 
ჩვენ ავიდიამ გვიმსხვერპლა თითქოს 
ჩვენი ხილვები იყო მაია.
ახლა ჩიტი ვარ მინდა ვიხილო
მაინც რა ძალა ეზიდება მწვერვალზე მთამსვლელს
                          (-თოკი, რამდენი?)
ყოფიერების რომელ პლანზე იწრთობა სული
                          (-შვიდი მეტრია!)
ფოლადურ ვნებით წინმავალი მამაცი გმირის.
                          (-თვითდაცვა, სწრაფად!)
როცა უეცრად, ყინულოვანი ცით ელვარე, ბასრი თვალებით
უკანასკნელი ჟამი ჩასხვეპს მთამსვლელის შუბლზე
ოფლის ნამცვრევის ბრწყინვალებას,
რა ხდება მერე: ლეგა ბინდების ჭიდილი მზესთან!
მთამსვლელის სული ორივეს სურს: წყვდიადს და ნათელს
მაგრამ სიბნელე მზის სხივებთან შერკინებისას 
იქცევა შუქად,
ბრდღვიალებს სული
და ათამაშებს მწვერვალებზე კამკამა სარკეს. 
რა ცდუნებაა რა იგავი 
რა სიზმარია
ჩემი ცხოვრების ჩრდილოვან მხარეს
ჩვენ ავიდიამ გვიმსხვერპლა თითქოს
ჩვენი ხილვები იყო მაია.
ვიფრინე ბევრი, მცირე თვალებში შემეზარდა ანარეკლები
სხვადასხვა სივრცის
შევქმენი ბუდე როგორც ყვავილის მომლოდინე წნული ქოთანი
ზღაპრის ფესვებით, მოჩითული ვარსკვლავის მტვერით
ვათბობ ნაზ კვერცხებს: ეს-ესაა იწყებენ მსხვრევას 
ახლა ჩიტი ვარ ბედნიერი, თავისუფალი
დაბადების აქტს ვუდასტურებ სამყაროს,
ვმღერი:
რა ცდუნებაა რა იგავი
რა სიზმარია
ჩემი ცხოვრების ჩრდილოვან მხარეს
ჩვენ ავიდიამ გვიმსხვერპლა თითქოს
ჩვენი ხილვები იყო მაია.
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.