ხორცის დედოფალი (ხორცის მუზა)





პოეზია

ხორცის დედოფალი (ხორცის მუზა)




1
 
ო, რა ხანია, დედოფალო,
რაც ტკბები ჩვენი ხარბი თვალებით?
რა ხანია, რაც ვერ იოკებ ჟინს,
რომლითაც დადიგეშია შთამომავლობა?
შენს სავალ გზებზე ხალიჩასავით გაფენილა ჩვენი ხორცი,
ხორცი, რომელიც ვერ ძღება ხორცით.
ხორციდან ხორცზე დააბიჯებ,
თაობიდან თაობამდე
და ათასობით გეგებით ფეხქვეშ.
ო, დიდებულო ქალბატონო, უკვდავება გაგინაღდია!
 
ბნელში ხელისცეცებით ვეძებთ 
შენს უძღებ სხეულს.
მარტოობაც კი ნაყრდება ხორცით. 
დიდებულად მოგიგონია –
ხორცის თეთრი ხაფანგი, რომელშიაც გამოვმწყვდეულვართ.
რა ოსტატურად გააცურე «მე»,
რომელმაც არც კი იცის სხვა ნავსაყუდი.
შენში ჩავუშვებთ ღუზას და უფლის სველი სხეულიც
შენ გეწვეთება. მხოლოდ შენგან ამოვიყივლებთ
და თეთრი ხორცის ოკეანეც
თანდათან ქელავს დედამიწას, რომელიც ნაყრდება ჩვენით
და ვერაფრით ვეღარ გამოძღა.
დედამიწა ნაყრდება ხორცით.
ოი, რამდენში დაბადებულხარ
და რამდენი დავბადებულვართ?!
საუკუნეებს ათამაშებს უთეთრესი სველი ხორცი
და სამყაროსაც ემუქრება გადაოხრებით ხორცი,
რომელიც ვერ ძღება ხორცით,
გალაქტიკებში ჩავარდნილი ხორცის ნაფლეთი.
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია.
 
ხორცით შენდება პირამიდები.
ფარაონის გამხმარი ხორცი.
ხორცით შენდება ქალაქები,
ქალაქები ივსება ხორცით.
მატარებლები, მორგები, თვითმფრინავები ივსება ხორცით.
ხორცი დგება ხორცის რიგში,
ხორციანი კილომეტრები.
ხორციანი შამფურები, სინჯარები და მენზურები.
ანატომიის გაკვეთილები,
ექიმის მიერ გაკვეთილები.
მითხარი, ერთი, რა დაგანაყრებს?
 
ო, ბარბაროსო ქალბატონო,
ნუთუ უფალიც ნაყრდება შენით?
ხორცის შეწირვამ შეიწირა თავად აბელიც.
 
პიგმალიონმა მარმარილო აქცია ხორცად,
ღმერთმა კი თიხა.
ეკლესიები ინაწილებენ წმინდანის დაფლეთილ სხეულს.
ღმერთო, შენც ხომ ხორციელად გამოგვიცხადდი,
მერე ხორცსაც ვერ შეელიე
და ხორციელად აღსდექ ჩვენს თვალწინ.
 
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია!
 
ხორცი ცეკვავს,
ხორცი როკავს,
ხორცი ზანზარებს,
ხორცი ხატავს,
ხორცი მღერის,
ხორცი დაგვტირის,
ხორცი ლპება,
ხორცი კვდება
და ვიბადებით ხელმეორედ
ხორციდან ხორცი!
ო, დედოფალო, რა დიდებულად მოგიგონია!
 
უთვალავ შვილებს, რათა გამოძღნენ,
ერთმანეთის სუნით ააგზნებ.
შეუბრალებლად ეძგერება ცხოველი ცხოველს,
იმისთვის რომ გაიბჟიროს შენი უძღები ტანი,
ტანი, რომლის ატომადაც მეგულვის თავი.
ჰო, ვძღები ხორცით,
დაბადებიდან მე ვძღები ხორცით,
მანამდე ხორცში ვიზეიმე ჩემი ხორცობა,
ხორცში მოვმწიფდი,
ხორცით ვიშვი,
ხორცად შობილი
ხორცად მოვკვდები,
ჩემი ხორცი ზარ-ზეიმით ჩაივლის ქალაქს,
მანამ ზეიმით გამოვილევ სიცოცხლის მარაგს
და ზარ-ზეიმით მივაშურებ ხორცის სამარეს
და ჩემს ხორცში ზარ-ზეიმით აფუხფუხდება
უამრავი ჭია და ღუა.
ო, ზარ-ზეიმი მაშინ ნახეთ,
ო, ზარ-ზეიმი!
 
ო, ქალბატონო, რა დიდებულად მოგიგონია!
რად გვინდა ცრემლი,
როცა ხორცი ასე ზეიმობს,
როცა ჩვენს ხორცს ამდენი ძალუძს!
 
ხოლო ქელეხზე
ყველა ერთად გავძღებით ხორცით,
ხორცით, რომელიც ასე უხვარ ყრია სუფრაზე,
კედლებიც კი შეისრუტავენ ხორცის ოხშივარს.
 
2
 
და არა მარტო ცხოველი ცხოველს,
ათიათას ჯგროდ შეკრებილნი
ეჯახებიან ერთიმეორეს
ხორცის ტალღები.
ხორცის ტალღები გადაუვლის სახელმწიფოებს.
ხორცით ითხვრება დედამიწა.
ზვინებად ყრია ველ-მინდვრებზე და ფერდობებზე
აყროლებული ხორცის გვამები,
რომლებსაც დღესაც შეუბრალებლად ჯიჯგნის ყორანი.
გაუმაძღარო დედოფალო,
ნეტავ რამე თუ დაგანაყრებს?
ისტორიის სასაკლაოზე,
ოი, რამდენი შეგიწირია!
თითქოს გვამრავლებ, თითქოს გვთესავ მხოლოდ იმისთვის,
რათა მოგვიმკა სიკვდილის ცელით.
ო, დედოფალო,
დედოფალო,
ო, რა ხშირად ვაზროვნებთ შენით,
თავში გვიდევს ხორცის ნაჭერი,
ხორცის ნაგლეჯი,
ხორცის ერთი ფთილა ღრუბელი,
რომელსაც მეტი არც კი ძალუძს გარდა იმისა,
რომ კბილებით დავიცვათ თავი
ან კბილებით დავგლიჯოთ მტერი.
ისტორიის სასაფლაოზე
გვერეკება ტვინის ღრუბელი.
ტვინის ღრუბელი მეფეთა თავში,
ტვინის ღრუბელი მათხოვრის თავში,
ტვინის ღრუბელი შეუბრალებელ მზეთუნახავში,
ტვინის ღრუბელი გვერეკება
ისტორიის სასაკლაოზე,
ო, დედოფალო.
 
3
 
და არა მარტო ჩვენი ხორცით ძღები, უგულოვ,
ჩვენი ცოდვითაც იოკებ სურვილს!
პირველი ცოდვა,
ქალის გემო,
ქალის სხეული,
ქალის თეთრი ხორცი მარადიული,
მარადიული კურტიზანი დამათრობელი, დაუნდობელი.
ოკეანეში ჩავარდნილი ხორცის ნაფლეთი.
 
ხოლო დილით
ქალის თეთრი ძუძუებიდან
ამოდის მამრის გამძღარი ფაშვი.
ჯერ უნდა გაძღე, რათა ქალის გაიგო გემო.
ღამით ხორცი იძინებს ხორცთან.
ცაზე კი მთვარე, მათხოვარის გამხმარი კუჭი.
გულიც ხორცის ნაგლეჯია, წარმოიდგინეთ,
დედის გულიც ხორცი ყოფილა.
ნეტარებისთვუს ჩვენ ხომ ხორცით ვეშვებით ხორცზე,
ვით ასტრონავტი უცნობ მიწაზე.
ხორცის ხუჭუჭა ქერუბინები, თეთრი ბავშვები.
ხორცი ხორხოცებს ბოროტებისა.
პატიოსნება მედლის მხოლოდ ერთი მხარეა,
რატომ გჭირდებით ამორალური?!
თავიდან ყველა ნამუსით იწყებს,
შემდეგ კი მოდის ის, რაც ჩვენ გვძულდა – 
ხორცის მუზა,
დედოფალი
და ყველაფერი თავდაყირა გადაბრუნდება:
ღალატის სუნი ერთგულებაში,
მრუში ქმრები,
მრუში ცოლები,
მრუში ძმები,
მრუში ძმაკაცი.
ქრისტეს ასაკი მაინც უნდა გალიო სუფთამ,
რომ გაიგო ხორცის გემო, ღალატის გემო.
აფუხფუხდები ღალატის ზღვაში და ძლიერ გიკვირს,
შენზე ათასჯერ სულწაწყმედილებს შენი რომ სჯერათ:
ნუთუ ვინმეს მობეზრებია ქვეყნად ღალატი?
ღალატისათვის მიიღე ხორცი,
ნიჭისთვის ჯილდოდ მიიღე ხორცი,
ერთგულებისთვის მიიღე ხორცი,
თავდადებისთვის მიიღე ხორცი,
ყველანაირი სიკეთის ნაცვლად მიიღე ხორცი.
ხორცის მუზა შემოგვაცმევს ილუზიის ტურფა ტანსაცმელს.
ხორცის გუთანი
სულს გადახნავს,
სულს აგიოხრებს,
რათა მერე, სიკვდილის წინ,
მასზე მოიმკა ჭეშმარიტება!
ეს შენ ხორხოცებ სულის სიღრმეში,
ეს შენ ხორხოცებ,
ო, დედოფალო!
 
4
 
ამ მაგიდებზე რად ყრია ნეტავ ამდენი ხორცი?
ერთი კრავი ნეტავ რამდენმა გაინაწილა?
რამდენ ოჯახში ტკბებიან შენით, ჭრელო ბოჩოლავ,
ჭრელო კერპო ჩვენი ფაშვისა?
ამოწყვეტილი ირმების ჯოგი,
ლელიანში აფრენილი ფერალი იხვი,
ალყაშემორტყმულ ქალაქებში
საქონლის ხორცად გასაღებული ხორცი კაცისა.
ყივის, ყივის გაპუტული თეთრი მამალი
და დილით ქალის ძუძუებიდან
ამოდის მამრის გამძღარი ფაშვი...…
ეს შენ ხორხოცებ, დედოფალო,
რა გულიანად ხორხოცებ, ვხედავ
და მშურს შენი,
მთელი გულით მშურს, შენი, შენი,
რადგან ხორხოცებ,
ხოლო მე ვტირი!
ხორცის მეფენი,
ხორცის რაინდნი,
ხორცის დენდები,
ხორცის დიადი არისტოკრატნი,
ულამაზესი ხორციელი მანდილოსნები –
გეთაყვანებით
ხორცის
დედოფალს!
 
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.