• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შიშის ტიპოლოგია

×
ავტორის გვერდი გიორგი ლომსაძე 04 აგვისტო, 2020 2294
შიშის ტიპოლოგია
 
მე ვხედავ დღეებს, როგორც მოულოდნელად გაშლილ მინდვრის ყვავილს
და ვისმენ დროის მძიმე სუნთქვას, როგორც უცხო განფენილობას.
საღამოობით მეზობლის ცოლის ჩხუბი არის არეულობის ნიშანი,
მარადიული უკუსვლა, როგორც დიდი ხნის ვალი უბნის მაღაზიაში.
ხმაური შვილების სათამაშოებს ანიშნებს ადრე დაძინებისკენ.
ხმაური არის სიხარულის ნიშანი საღამოს ჩემი ეზოსთვის.
ნისლმა დაფაროს ყველა ხმაური, სანამ სული ქარის აღებას ცდილობს,
დაფაროს ნისლმა, თუნდაც დროებით, ჩემი მეზობლის ვალები.
როცა ღამე გააღებს კარებს და დღეს გაუშვებს დროებითი დავიწყებისთვის,
მე ვიქნები საკუთარ შიშებთან ახლოს, მეგობრული ჟესტების ენით
და დილას ჩემი ოთახის კედლებს სიზმრიდან გადმოსული აზრები მორთავს.
 
 
 
 
 
მონოზონი
 
მამა ეფრემი მონოზვნად შედგა ათი წლის წინ
და დღემდე ახსოვს, ახალგაზრდა როგორ მიადგა მონასტრის გალავანს,
როგორ დაივიწყა ძველი ჩვევები და მისი სახლი გახდა კინობია.
მამა ეფრემი არის მკაცრი და არ იხედება გვერდზე, როცა ხალხშია,
ღვიძავს, როცა ბინდდება და იძინებს გათენებისას,
ამზადებს საჭმელს დიდ ქვაბებში და არ იცის რეცეპტი ერთი კაცისთვის.
ათი წელია არ ყოფილა ბავშვობის სახლში და არ უნახავს თავი წვერის გარეშე,
ხუთი წლის წინ ჩაიხედა ბოლოს სარკეში და ოთხი წელია არ დაურეკავს მეგობრებთან.
მამა ეფრემი ინახავს ორ ხელ ტანსაცმელს, როგორც ამას წესები ითხოვს,
ახალგაზრდობაში უსმენდა Lo-fi ჰიპ-ჰოპს, მაგრამ გრძნობდა, არსებობდა ამაზე მეტი,
ამიტომ ყოველი საღამოს მწუხრზე საგალობელი ჰიმნებით ივსებს სულის დანაკლისს,
როცა ბრაზდება, უჭირს ლოცვა და როცა ლოცულობს ავიწყდება თავისი ბრაზი.
მამა ეფრემი ყოველ დღეს კვდება საკუთარი თავის უარყოფისთვის
და თუ საძმოში მონოზვნები რწმენას ცხენის ნალების გვერდით ჭედავენ,
მამა ეფრემი რწმენას ეზოს ყვავილებთან ერთად უვლის.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული