სულისქმნა და სამსჯავრო





პროზა

სულისქმნა და სამსჯავრო




ეძღვნება დათო შერგელაშვილს

 

იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ესაა სოკრატული დოქტრინის მნიშვნელობა: სამართლიანი კოსმიური სამსჯავროს შესაძლებლობა. ფილოსოფოსი ამ სამსჯავროს სვლა-ხმებთანაა საუბარში.

იქ, პირველ ალკიბიადეში, სოკრატე წარმოადგენს აზროვნების ახალ მოდელს, - იმავეს, რომელსაც, ბევრად მერე, გამომსვლელი, ოლსონი უწოდებს „დასავლურ ყუთს“. არა მხოლოდ მთელი დასავლური აზროვნებაა პლატონისთვის დართული სქოლიო, არამედ მთელი დასავლეთი, თითქოსდა, სოკრატეს პოსტ-მორტემ კოშმარში ცხოვრობდეს. დელეზმა პლატონის წიგნების პერსონაჟებს კონცეპტუალური პერსონაჟები უწოდა. ვიფიქროთ მათზე, ასევე, როგორც ლავკრაფტიანულ პერსონაჟებზე. „ტიმეოსი“ და „ქთულჰუს ძახილი“.

თუკი პლატონის დოქტრინა მართლაც „შერჩევითი დოქტრინაა“ (დელეზი), რომლის ხერხემალიც ორი ტიპის ფიგურები: მთხოვნელები და პაექრები არიან, მაშ, შეუძლებელია, არ წარმოვიდგინოთ ეს მწერალი, პლატონი, როგორც ერთ-ერთი მთხოვნელი/მოპაექრე, გამომწყვდეული საკუთარ კომედიაში. რასაც ის იჩემებს სულის კვლევა (ან, იქნებ) სულის ქმნაა. რასაც ის იგონებს ფილოსოფიაა. რასაც ეპაექრება პოეზიაა. დასავლურ გონებაში, ბოლო სიტყვა ფილოსოფოსზეა.

 

არის თუ არა სოკრატე (პლატონი?) რაღაც ტიპის პოეტი? ამერიკელი პოეტი, დევიდ ენტინი: „თუ რობერტ ლოუელია პოეტი, მაშინ არ მინდა. თუ რობერტ ფროსტია პოეტი, მაშინ არ მინდა. თუ სოკრატე იყო პოეტი, მაშინ დავფიქრდები.“

პლატონის ტექსტების ერთი, გაუსაძლისად მომხიბლავი მხარე, რომელსაც, იქნებ, საკმარისად არასდროს გასმია ხაზი: საცირკო დასის, ხან საკვირაო ბაზრობის, ხანაც კი ერთი ქალაქიდან მეორისაკენ მიმავალი მიტოვებული გზატკეცილის ატმოსფერო, ჯამბაზები, რომელბსაც დრო გაჰყავთ ერთიდან მომდევნო წარმოდგენამდე. ჯამბაზი, ტრიქსტერი გვასწავლის, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, ჯამბაზის სიტყვების მეტისმეტად სერიოზულად, ან, სულაც, სიტყვასიტყვით, აღქმა-გაგების უსაზღვრო საფრთხეები. იქნებ მართლა აღარ ვიცით, როგორ ვიკითხოთ მეტაფორული ენა?

 

სოკრატე ალკიბიადეს: ჩვენ არ ვართ სპარტელები, არც სპარსები, არ გვაქვს ეს პატივი, ჩვენთვის დახურულია ორმუზდის მაგიის ჭვრეტა, აღმოსავლური სიბრძნე...

დასავლურ აზროვნებაში დროთა განმავლობაში გაჩნდა აბერაცია, რეტრო-მიოპია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჰომეროსამდე და პლატონამდე არაფერი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, არაფერი საგულისხმო. მაგრამ პირველ ალკიბიადეში, სოკრატე საუბრობს, როგორც 19’ე საუკუნის ამერიკელი, უმწიფარე, მკვახე ცივილიზაციის შვილი, რომელიც თრთის დროის უკიდეგანობის, თვალუწვდენელი სიღრმის წინაშე.

 

ფუკოს თანახმად, „იზრუნე შენს თავზე“ გავრცელებული და მიღებული ლაკედემონური მაქსიმი იყო. სოკრატე არ ამბობს, სად იპოვა ეს დებულება, მაგრამ მიგვანიშნებს: როგორც ნორჩი ტრადიციის შვილი, ის სწორედ მათგან იღებს აზრის დასაბამს, ვისაც ექიშპება, მაგრამ სოციალურ, სამოქალაქო მაქსიმს ის ფილოსოფიური მნიშვნელობით ტვირთავს. მთელს დიალოგში, „იზრუნე შენს თავზე“ და „შეიცან თავი შენი“ გადახლართულან, როგორც ვილჰელმ რაიხის მუხლუხო.

 

იმავე ფუკოს „სუბიექტის ჰერმენევტიკის“ თანახმად, პირველი ალკიბიადე ერთადერთი დიალოგია, სადაც სული არის არა (თითქმის არ) სუბსტანცია, არამედ აქტივობა, ქმნადობაში მყოფი. როგორც ყველა პოეტი ყოველთვის გრძნობდა, სული ზმნაა და არა არსებითი სახელი.

„უწოდე სამყაროს, თუ გნებავს, სულის ქმნის ხეობა“ - ჯონ კიტსის წერილიდან. ჯონ კიტსი, წამით, სოკრატეს ჩრდილეულ მხარედ გვეჩვენება, მის ნეგატიურ უნარიანობად.

თუ ფუკო მართალია, იქნებ არა ფილოსოფიას, არამედ ფსიქოლოგიას ეყრება აქ საფუძველი. არქეტიპული ფსიქოლოგი, ჯეიმს ჰილმანი, რომელმაც მთელი მნიშვნელობა და ცენტრალურობა დაუბრუნა ფსიქეს, სულს, ფსიქოლოგიის სფეროში, ამბობდა, ან შეიძლებოდა, ეთქვა, რომ თუ გვინდოდა არქეტიპული ფსიქოლოგიის საფუძვლების გაგება, ფროიდისა და იუნგის გარდა, უნდა წაგვეკითხა პოეტები, და პლატონი.

 

სალექსო ფორმის ნაცვლად, პლატონი დიალოგს ირჩევს. დრამა და არა პოეზია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა არისტოტელე. პიესა, ისევე, როგორც ლექსი, ცარიელ ადგილებს ტოვებს სტრიქონებს შორის. ჩაიხედე პლატონის დიალოგში და იხილავ ვრცელი არქაული სამყაროს მირიადებს (იმავეს, რაც „ფილოსოფოსებს არც დასიზმრებიათ“). ეს საოცარი, აკორდეონული კოსმოლოგია, რომელსაც სოკრატე აღწერს, რომლის თანახმადაც ყველაფერი შრეებად არსებობს (ან, შეიძლება ითქვას, ყველაფერი, გარდა იდეისა და სულისა, რაიმეს მომდევნო შრეა) შესაძლოა მშვენივრად ერგებოდეს წიგნებს, რომლებიც პლატონმა დაწერა, - ყოველი პასაჟი დასახლებულია უცხო, მეტად ძველი ლანდებით და სულებით, ყველა მათგანი ეღება შრეებს მეტად არქაულ, მეტად მრავლისმომცველ ცოდნებში. იქნებ, არა მხოლოდ დანარჩენი ევროპული აზროვნებაა პლატონის სქოლიო, არამედ თავად პლატონი დგას, როგორც მრავალი ბევრად ძველი იდუმალების გაუვალი, გაუმჭვირვალე სქოლიო.

 

ჩემთვის ბუნდოვნად რჩება ფუკოს მტკიცება, რომ ის სულის მთავარი ნაწილი, რომელზეც სოკრატე ალკიბიადეს მიუთითებს, სხვა არაფერია, თუ არა სულის ქმნის პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში, სულს არ ექნებოდა ის დიფერენცირებადი მიჯნა, რომელსაც პლატონი უწესებს, მაშინ არ იქნებოდა განსხვავება ხის მთლელის სულსა და იმას შორის, რასაც მისი ხელი შვრება, როდესაც ხეს თლის. თუ სული სხვა არაა, თუ არა ქმნადობა, როგორ შეიძლება, რამე ქმედება, რამე ხდომილება, იყოს სხვა, ვიდრე სული?

იგლულიკი შამანის ძმამ უთხრა რასმუსენს: „ო, ვაგლახ: მთელი ადამიანური ცხოვრება სრულად სულებისგან შედგება.“ და სწორედ ეს ცხოვრებაა, რომელსაც ადამიანი საბოლოოდ ემიჯნება პლატონით: სრულად სულთაგან ქმნილი.

 

სოკრატესთან მუშაობს მექანიკა, რომლის თანახმად ყველაფერი არის არა სული, არამედ სულისგან გამონაზარდი დანარჩენი (ხეები): ვუწოდოთ მათ ნაკლებ-და-ნაკლებ-სულები. ასევე, სამყაროს საგნები და არსებები: ნაკლებ-და-ნაკლებ-იდეები. თითქოს ეს სამყაროც და ცხოვრებაც ნარჩენი, ბინძური ნარეცხი წყალია.

 

ჭეშმარიტად, სოკრატე ერთადერთ რამეს ასწავლის ალკიბიადეს: მეთოდს, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ დისკრიმინაცია.

 

სახელმწიფოდან გაძევებით, სოკრატე, ცხადია, არ აქრობს, არც განაიარაღებს პოეტს, არამედ თითქოს ქვეცნობიერში ამწყვდევდეს, იატაკქვეშეთში, სახელმწიფოს უარყოფილ (უარყოფით) ნაწილში. პოეტი ამიერიდან ჩრდილია, ფილოსოფოსის ნეგატივი.

ამიერიდან, პოეტი გარემავალია, მას არ ეთქმის სიტყვა სამოქალაქო საკითხებში და ცოდნა, რომელიც მას მოაქვს, საეჭვოა.

სოკრატეს ყველაზე იდუმალი, პარადოქსული, აზრის მტანჯველი კითხვა-აკორდეონების პასუხად რამდენიმე პოეტის პასაჟი მსურს, მოვიშველიო;

1.

თითქოს „პირველ ალკიბიადეში“ წამოჭრილი მწველი საკითხის - სხეულის სულისგან, სხეულის ნაწილების სხეულისგან, ხელის ქმედების ხელისგან, ქმედების ობიექტების ქმედებისგან დისკრიმინაციის საპასუხოდ წერდეს არტურ რემბო თავის მხილველის წერილ-მანიფესტში:

. . . et je me suis reconnu poète. Ce n'est pas du tout ma faute. C'est faux de dire : Je pense : on devrait dire : On me pense. − Pardon du jeu de mots. − Je est un autre. Tant pis pour le bois qui se trouve violon [...] Je est un autre. Si le cuivre s’éveille clairon, il n’y a rien de sa faute.

 

2.

უილიამ ბათლერ იეითსი, თავის ლექსს - „სკოლის ბავშვებს შორის“ - რომელშიც აღწერს, როგორ დადის ცნობილი, ხანდაზმული პოეტი პატარა ბავშვებს შორის და რომელშიც პოეტი ორგზის ახსენებს პლატონს - ამ სტრიქონებით ამთავრებს:

O chestnut tree, great rooted blossomer,
Are you the leaf, the blossom or the bole?
O body swayed to music, O brightening glance,
How can we know the dancer from the dance?
 

3.

მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი, ჩარლზ ოლსონი (რომლის ბიბლიოთეკაშიც მოიპოვებოდა არისტოფანე, ათენეუსი, დიოგენე ლაერტელი, ევრიპიდე, ჰეროდოტე, ჰესიოდე, ოვიდიუსი, პაუსანია, პლუტარქე, თეოკრიტე... მაგრამ არა პლატონის ან არისტოტელეს წიგნები) თითქოს პირდაპირ „პირველ ალკიბიადეს“ ეხმიანებოდეს თავის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს ლექსში;

 

I am no Greek, hath not th’advantage.
                      And of course, no Roman:

-----

             No Greek will be able
to discriminate my body.
 
             An American
 
is a complex of occasions,
 
themselves a geometry
 
of spatial nature.
 
       I have this sense,
that I am one
 
with my skin
 
      Plus this—plus this:
 
that forever the geography
 
which leans in
 
on me I compell
 
backwards I compell Gloucester
 
to yield, to
 
change
 
      Polis
 
is this

 

პ.ს.: საგულისხმოა, რომ ლექსის ცენტრალური ფრაზა („ადამიანი არის ხდომილებათა კომპლექსი...“) ოლსონმა უაითჰედისგან აიღო, - იმავესგან, რომელმაც თქვა, რომ მთელი დასავლური აზროვნება პლატონისთვის დართული სქოლიოა.

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.