ქრონოგრაფი





პოეზია

ქრონოგრაფი




ქრონოგრაფი
 
მისი მოკუმული ტუჩები ნანობენ. ერთ რამესა ზოგავს  და არ მოიცავს გულახდილობა. სამარადისო წინაგანსაზღვრება მსჭვალავს. არაა თავის ადგილზე და ფიქრობს: როგორ იწყებოდა: მოძმეებითა და დებით გარშემორტყმული, მოწიწებამიმართული მიემართებოდა, მარადიული ქალაქის მტვერი მის ფეხებს ქვეშ. და პაწია ჩოჩორი ცდილობს, მრგვალი თვალებით გააღწიოს მავალთა შუა. მსგავსი თვალების შესახვედრად დაყუდებული. შემდეგში რომ მოიწყინა ათასი წელი მობალახე. და შემდეგ იყო, მწყურვალნი რომ მიესწრაფოდნენ მისი თვალების სიყვარულით და ამაო შობით. ეს ისაა, როგორ გმირავენ სახედარზე მავალს მის ფეხებშუა. და მიდის იგი ასე. მის ახლოს არავინაა, მაგრამ იციან მათ და ყოველთვის მზად არიან გამოეკიდონ მტვერში მსვლელნი ძმები და დები – ერთადერთი თვალები.
მამა არა ჰყავს და მხიარული კია. მხიარულება გაჰქრა, ჩემგან. ვინაა ყოვლისშემძლე? შენსკენ არ მოემართება ხელაპყრობილი: - სადაა შვილი? მისთვის საცნაური გახდა, რაც გფარავდა და ძალას არ გაძლევდა. როდესაც გაიხმო უსასრულო მინდორზე, სადაც არავინ ჭაჭანებდა და ჩასძახა: რა საჭირო იყო? აღარ შეეძლო არჩევანი და სრულიად მიებარა ერთადერთ რეალობას: აი, შესძელი! თინათინმა მიმართა: - ახალვე მოგყვები. ის შესძრა ამ ფიქციამ, ამაში იყო ოდინდელი სიმართლე და გადაწყვეტილება, რომელსაც სპობდა აღმოცენება და ენთუზიაზმი.
ვინც იყო ის, ბოლოს და ბოლოს, რომ გეუბნება რაიმეს, მზადმყოფი. ცნობილი უნარით, ჩაეჭიდე, ასე ერთდება ქალაქი. შემდეგ მეუბნება, ძველია ეგ ხერხი. თუმცა არასოდეს ხდებოდა ამგვარად, თუ ასე შესძელ, აქამდე შესძლებია და ეს ერთი კი მოსწონს, როცა არ გააჩნია. და არა ხდება, როგორც ჩანს, მხოლოდ მოსწონს. მის სიფხიზლეს არ უნდა დაიჯეროს. მას არ უნდა ეჩვენებოდეს: ძნელია ეგ ხერხი. ხერხით რატომ მოდიხარ? კარგია, რომ ასეთია. იმის იქით არ მიდის, რაც მიცემული აქვს მისმადობისაგან და დაუნახია და ღელავს ამგვარი მოწმობისაგან. თავსმოხვევა, რაც თავისუფალია, მისულა და უთქვამს, იწერები? სუსტად გაჩენილმა შიშითა და მოსყიდვით გაიღიმა, როგორც ყაყაჩოს მოწყვეტილმა ფოთლებმა თავიანთი ძირი მოიგონეს. იოტისოდენა მოგონება ბღალავს, აჰა, მეშინია! ეს ხელშეკრული, მომხვეჭავი სიძულვილი გადახდილი მინიატურული სეანსის შემდეგ ჩემს ირგვლივ მიისწრაფვის ტროლეიბუსის კარებისაკენ, წაიკითხე მისი  ღიმილი.
საიდანაც ყველაფერი მოდიოდა. დანაშაული, რომლითაც მის გადაკარგვას ხსნიდნენ. არ შეეცადა აეხსნა ანდა თანადგომოდა დაეჭვიანებულ თანაარსებობას, რომელზეც ყოველთვის იცოდა, რამდენად ნიშნავდა გუშინდელი და ხვალინდელი ერთმანეთს. უნაყოფოდ და ამაოდ იპოვის, რომ თავისი ესთეტიკური მიდრეკილება ირონიულია და საერთოდაც. განა ის იქნებოდა დამნაშავე თავისი პირველყოფილი ბუნებიდან მოსული სიახლოვის ამორჩევაში, სადაც სულიდან მიღებული სიმართლეა, რასაც ხვდება, გონჯი, გმირი? უნდა გახსენებოდა გზა თავისი სიამაყიდან დაშვებული, რომელზედაც კიდევაც ხვდება, რომ არაფერს კარგავდა, გარდა არჩევანისა.
მისი მშობლების ასაკობრივი განსხვავებით გამოწვეული კრეტინიზმი მიდიოდა და ბიბლიოთეკის კეთილშობილ ძროხებს აშინებდა, თვითდარწმუნებითა და შეგნებით.
კრიპტოგრამის გახსნა რომ უნდოდა, ბევრი სთხოვა ნიშნების გაგზავნაზე რვაფეხას ორნამენტებით, რომელმაც ჯანსაღი სხეული მოატრიალა და უთხრა: საიდან გაიგე? იმედი მიეცა, რომ ასეთი ტ არ დაიკარგებოდა. მთების სიმშვიდიდან რომ ჩამოვიდა, თან ჩამოიტანა მიმზიდველი მოგონება, რომელსაც ელოლიავებოდნენ. გადაკარგულ სოფელში რომ მიდიოდნენ, ქალაქის მოედანზე იხილა. გიული გამოფხიზლდა და შავ სათვალეებს შეხედა. შეზღუდული სიამაყე, რომელიც დიდხანს აშორებდა, დაძლეული იქნა განუსაზღვრელი მატერიალურობით. მისი ნდობა შეერთებით დამთავრდა. მის წინ დაეცა და წუწუნი მორთო. ამდენმა განცდის გამოვლენამ დააკავშირა. არ დაგტოვებ! – უსაზღვრო ერთგულება, რომელიც თავიდანვე დაინახა, მისი სიამაყის ჩრდილში დაიარებოდა, როგორც ნ პირამიდებისა. მან გამოიგონა მრავალი ფათერაკი და გადალახავდა ხოლმე საზღვრებს, საიდანაც მოვიდა. მისმა უცხოობამ დააფრთხო, საიდანაც ჰერაკლიტეს მიმართა. და, როგორც მაჰმადმა ვერ დააქცია უდაბნოს წყალი, ბნედიანი შეუცნობლობით ის ძლევს და აცნობს... დორტუარის დერეფანში რომ მიდიოდა, ის აღარ შევიდა გამზადებული და მიაპყრობდა თვალებს მის სხეულს. უგონოდ წარმოთქვამდა დაუხვეწავ სიტყვებს და აღგზნებული უყურებდა მის მოძრაობას და ფიქრობდა წარსულზე, რომელიც ჯერ შორს იყო, მაგრამ ის ხვდებოდა მისკენ მოძრაობას. მარიამ, სადაა მაგია, და მეექვსე სართული, რომელზედაც მეშვიდედან ამოდიოდა, გაკრთა და გაახსენა. ორიათასიწლისწინანდელი ხმა ეუბნება: სისულელის გამო შეირთავ ცოლს. მეთხუთმეტე კარების იქიდან კი ელოდება ფურია, რომელსაც არაფერი არ დავიწყებია. არა, სჯობია, ცალკე. რომ იცოდე, რა მემართება. შეეძლო და არ წაიკითხა. რა მემართება. სისულელით შეირთავ ცოლს. რა იქნება, რომ შენ. სიბილა. მალავს ხელს. რომ შენ. ვერ გაიგებ, ნამდვილად რას ფიქრობს, შორიდან. ძალიან ნუ აცოცდები. მას უყვარს ლაპარაკი, როგორ მიდიან და ჩერდებიან. ცოტა დააკლდა, მაგრამ მე არასოდეს არ ვდუმვარ. შეგიძლიათ, იმედი იქონიოთ. მისი სხეული ხტის. ბამბის ფთილა, რომელსაც ქარი მიაქვს და ანატომიური მკრეხელობა. საქანელას აქანავებს, მისი სხეული ხტის, ამაოდ. პატარა სისხლის წვეთები აწვებიან. არასოდეს ჩივის, მე მიყვარს ბუნებასთან თანხმობა, ძალიან ართულებთ. მაგიდაზე, რომელზეც წერს, ირყევა და გადაეცემა თრთოლა.
არ არის! გმირული ხმით უპასუხა. ასე იწყება აღზევება და დაცემა მიმზიდველი და არასწორი თვალებისა.  გადათვალა, როგორ უკუპროპორციულად ზრდიდნენ თავიანთ პათოსს. არ შეიძლება, მოუარო და ატარო, არასამართლიანი მუცელი. გეგონოს, რომ არაფერს ნიშნავს, როგორ იზრდება კუბიური მეტრების რიცხვი. მიუყვება ყანის ნაპირებს. არის წითელი ტყე, თხილისა, ფოთლებისა და ხორბალივით ნაყოფისა და მოელის გვირგვინი. მიდის გადაშტერებულ ბებერ ხესთან და მოდის არსი. დაბრუნდი ხელცარიელი და სულცარიელი, არაფერზე არ იტყვის უარს, - დაუსრულებლად ატყუებს და უყურებს შარვალჩაწეული, საუკუნოდ წინგაცვეთილი. მხოლოდ სიკეთე გაახლოებს ამ უცხო ოჯახს. განდგომილი კეთილშობილებითა და შუასაუკუნეებით აიტანე და შეიყვარე არამაღალი.
დორტუარის თხელ ტიხარს ლუბამ ქონიანი მუხლი მიახალა, რაზედაც ვაჟებმა აურზაური ატეხეს, მათ დაინახეს კიდევ ერთი მიზეზი, რომელშიც გამოსჭვივის ორაზროვნება. ვერცხლის აჟურებიანი ფეხი მიარტყა, რომელსაც დაემჩნია კედლის კვალი. ქალებმა ჟივილ-ხივილით უპასუხეს. მემბრანა, რომელიც სიმბოლოებად გადააქცევდა ირონიული საუკუნის ხმებს. მათი აზრი რომანტიკული იყო. გიული სახლიდან რომ გაიქცა, ის ინახავდა მოგონებას ნაცნობ გზაზე, რომელზედაც ის მიდიოდა წვალებითა და წამებით. გიული ამ გზაზე მიდიოდა წარსულისაგან დაუჩრდილველი, რომელიც არაფერს არ სტოვებს. რომ დარჩენილიყო ხაზები შენი ბროუნისებური მოძრაობისა. ეუბნებოდა, რომ ისაა მიზეზი ამისა და შეუძლიათ, გავიდნენ ხიდზე, საიდანაც იწყებოდა ქვიშები.
“გთხოვთ, წარმოთქვათ ზმნიზედა, მითხარით ზმნიზედა, მიმართავს ოლიკო”. ეს თამაში როგორმე სცვლის მის სურვილს, არ მომყვეთ სახლამდე, მე წავალ სხვის სახლში, რომ დაგაბნიოთ. არა, საითაც გინდა, ისედაც. სულელური თეატრალობით შორდება და შერბის შესასვლელში... იგი არაა ვარსკვლავი, არავინ არაა ვარსკვლავი, ამის მოლოდინში. რა სიბნელეა, გაიმეორეთ: გუშინ, ხვალ, ორიათასგზის...
მოშორდი კარებს, სთხოვა მათემ. რისთვისაც გამოჩნდა ნერწყვიანი მუხლისთავი, შენ რომ სთქვი დავიმსახურეო. “შენ რა, უთხრა მათემ”. ჩვენ თვითონ ვიმსახურებთ, შენ რა. კი მოიწევს. ფიქრობ, შენზეა, ფიქრობ შუადღემდე, შუაღამინდელი და სადაცაა. შემოვიდა ნავთით გასვრილი სიბნელიდან გაგდებული როგორ შეამჩნია შეღალატი ნაკბენი მკერდი, ახ! თვალდახუჭული წევს ზურგზე – რამე მოუხერხე, ვინც გაწვალებს იოტისოდენად და თოკის გამოწევით გაგიღო კარი. შეგიძლია, რისთვისაც ასე მოუცლია, მისცე, და ითქვას კლიტემ ვერ გაუძლო და ნესტრად დაიბადე, რომ არ იყვირებს მისი ყვირილით სიკვდილი მომაყენესო. რა უშლიდა ხელს, არ დაეწყო იმ გზით, სადაც პირდაპირ შეხვდებოდა და ეტყოდა: ამიტომ მოვდივარ. მაგრამ ის ფიქრობდა, არ გააჩერო წყალი და თიხა, რომ მოეფინებოდეს, და გაიბლანტა – ბამბის სიმსუბუქით რომ დგებოდა და ზეცისაკენ თავსა სწევდა თავთავივით ამაყი, რომელიც შენს სულს მიეხმარა და არ მისცა საზრდო მიწისა.
მარი! მედიუმი ახსენებდა ბებერი ქალის ლოცვას, მის პატარა სხეულს რომ  უსურვებდა სიტკბოებას. ბრეზენტიანი მანქანიდან ცდილობდა ჩამოხტომას, რაზედაც ფეხი გაუშიშვლდა. მთელ დღეს, სანამ ეს თავგადასავალი ახლოსაა, მის სახეს ფარავს ეშმაკური ღიმილი. არა, ხვალამდის, ვერაფრით. ვინც ვეძიებდით მათ გამოსახულებას, რომ ვერაფერი ჩააქრობდა სიხარულს, საერთოსაგან გამოყოფილი და მინდობილი შემთხვევას. მარი, რომ იცოდეს თავისი გამოსახულება, რომელიც გაყინული უხმობს, როგორ ნეტარი ერცჰერცოგი. შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ ამას მინდობილი, რომ ახლდეს მოგონება და სასწაული – გამოვლენა იაფეტური რჩენისა.
ხელები უკანა აქვს დაწყობილი, იქ, სადაც მე მინდოდა და მხრებს იჩეჩავს. ველური ყვავილი, რომელიც უყურებს გაჩუმებულ შეკვრას ბარძაყებისას. ტრიალებდა საჭრისი და ამოდიოდა დახვეული ბურბუშელა, გრძელი და დაკლაკნილი... ჩემო ღორო, ნეზვთა გამანაყოფიერებელო, აკავშირებ და არაა კვლა დროისა და მოცალება ამაოთა.
მე რომ წავედი იმასთან, რომელიც არ შემიძლია შევცვალო, - ის მიდიოდა ახლადგამოცვლილი. კოლეჯი დაამთავრა და დრო რომელიც შეუცნობლობაში გაატარა ჩვიდმეტი წლის პატარა ყვავილი იყო, რომელიც ამოვიდა ამაო ნიადაგზე და იზარდა. მას შემდეგ დაჯერება მოემატა, რაც მივწერე და სრულიად არ უფიქრია, ამოფრინდა ბუდიდან, რომელიც სკინტლიანი იყო. დედა კაჭკაჭი მოხერხებულად ქსოვდა და არაფრისაგან მოვიდა და შემდეგ ამბობდნენ: მოვიდა კვერცხითა და გაჩენილ იქნა გველითა. და ნისკარტი აგონებდა გაჩერებულსა  და  დამაბრმავებელ მოძრაობას, რომელმაც მიმართა გეთსიმანის ბაღში და მიუცოცდა ტკბილი მოძრაობით. მისი გული სიამით აივსო ჩემი ტანჯვის დანახვაზე და მე შევხედე და მან ყურადღება არა ქნა და მე განვდექი ორი შეხედვითა და მივაქციე თვალნი მის ზურგზე. თავისუფლებამ აავსო და აღარ ეშინოდა და ბავშვის სითამამე, რომელშიც იკეტებოდა, ქალისათი შეცვალა. მოიშორე, შენ ძმაო, წვერი, რომელიც ლოყაზე დაგრჩა. დის მოსიყვარულე მზერამ იპოვა თმა, როგორც გულივერმა უზარმაზარი დედაკაცის ამოცხიმებული ორმო. მე მინდა ძმა ვიყო და დავტოვოთ შეურაცხყოფა ეგ და არა იყოს ფიქრი უწმინდო და ჩვენ განველევით სხეულთა ჩვენთა. მამამ და შვილმა ვულგარული ანეგდოტები მომიყვნენ სიახლოვითა დიდითა და მე ბევრი ვიცინე, როგორც იცვლება ეს კვნესითა და დადგა დღე ის, როცა ეს იცვლება არაფრითა და არაფერი არაფერსა შინ.
სიყვარულით შობილი სიმარტოვითა და ურთიერთობით ჰპოვებს ერთჯერ და მოვლინება მისი შეიქმნება, როგორც მოსვლა უასაკო და ჯერ არ სიტყვაქმნილი და აქედან სახილვია ცოდვა და ხინჯი დროითა და სიტყვით ყოფიერებული და განფენილი მოეფინება მას, რომ გადაიტანოს ვეფხვის რისხვა განუზომელი, მომსპობელი მისი. ხოლო ყოფა ქმნილი იქნება ფორმად და სახიერად მისად.
 
1971
 
 
 
 
 
სიმარტოვე
 
რამ გაგიტაცა? – დასასრულის სიტკბოებამ? –
უსაზღვრო თავისუფლებაა ყოფნა და თუ იგი ცოდვაა,
ასეც უნდა მომხდარიყო.
როგორ სწამდათ და იწმინდებოდნენ ტრაგედიისაგან,
რადგან, მისი უცილობლობა მათი არსებობის ხვედრი იყო.
თავისი უეჭველი არსებობის ცოდნა პირდაპირობით
განაწყობდა ადამიანს. ეს მდგომარეობა სასაცილოა,
ბავშვის საკადრისი... მაგრამ რა არის ადამიანი, მან
მაშინვე გამოიცნო და, გაიცინა კი არა, ბოლომდე ჩაჰყვა
მის აქტიურობას ღიმილით...
შენ კი ბავშვივით იქცეოდი, რადგან უნდა გეფიქრა, 
რა ვპოვეო. კეთილგონიერება? მასში ხომ უნდა გეარსება!
შენ არ იფიქრე, რადგან გეგონა, რომ მონაპოვები
წარსულის შემცვლელია, მის ნაკლოვანებათა აღმვსები.
როგორ? იგი ხომ უკან რჩება და მას ვეღარაფერი
ვერ შეეხება, როგორც საგანს, შენ კი მას ინახავდი
მონეტასავით და მიუწყვილე ამ ახალს. რა იყო შენში,
რაც ამგვარს გხდიდა? – შიში, რომელიც იქ ვერ შეიგრძენ,
მომაკვდავის საწოლის ქვეშ გმალავდა: ასეთი  ბავშვი რჩებოდი,
ვიდრე ის – დედა – არ შეიცვალა სულ სხვაგვარი აღფრთოვანებით.
და თუ შენ, ასე განუსჯელი, ცხედრის მიღმა იმალებოდი
(ჩუმი ერთგულება – შენი ნიშანი), მაინც მარტო დარჩი.
“სიკვდილი” სისუსტედ ჩაითვალა.
შენ კი ფიქრობდი, რომ შენი ახალი მონეტა ანგარიშს
უსწორებს და კლავს  ძველის უფასურობას. არ იყავი
ნუმიზმატი, რომ შეგენახა... რად გინდოდა მისი ლაქები.
ანგარიშს უსწორებდი წარსულს და ამაყი ათვალწუნებით
მოუწოდებდი შემორჩენილს, რომ ნაკლი  შეიძლება
არ არსებობდეს. მხოლოდ თანხმობა ბუნებასთან –
სიმართლესთან, სილამაზის სიყვარული. არ  შეიწყნარეს
შენთვის მოკუთვნებული ეს უსწორო გაურკვევლობა.
რწმენა ყოველნაირი ძლიერია. ის უფეხოდაც მიფორთხდება
თავის მარილთან და ლამაზი მოეჩვენებათ
გმირული შიშის გამბედაობა.
რად მიდიოდა?
შენი ენერგია არ დაიშალა საქმეებად.
ის მათ ასხივებდა. აი, ვინ ყოფილხარ...
ხოლო მათ ჰგონიათ, რომ ზეიმი საყოველთაოა
და შეშის მჭრელიც მონაწილე და მსახურია.
ზეიმი არაა საყოველთაო და გმირის შუბლზე შარავანდედის
ათინათს ყველა ვერ ხედავს დღის სიმხურვალეში.
 
1978
 
 
 
 
 
უზნეო მსახიობი ქალი
 
მე, რა თქმა უნდა, მისი მჯერა – 
მას არ უყვარდა თავისი ქმარი...
გაბრაზებული მიებარა – 
გაბრაზებული მამაზე,
რომელმაც სილა გაარტყა...
და მან ამოირჩია.
იგი მსხვერპლი გამოდგა
და გაიწირა უსიყვარულობისათვის,
როგორც ნაპოვნი ნაფოტი,
რომელიც ოქროს თევზი არა ყოფილა.
- ვინაა იგი, - ლამაზი უჭკუო მსახიობი ქალი,
ათასთაგანი, გამოურჩეველი?
მართლაც ვერ იპოვა სიმპათია ჩემს გულში...
ჩვენ (ორს) გვიზიარებდა ფრივოლურად 
ამ გასართობ ამბავს.
... მოდის და პირველ რიგში დაჯდება,
მე ვთხოვ, რომ არ უნდა, ხელი უნდა მეშლებოდეს
ჩემს სახასიათო თამაშში.
ყველაფერი ძალიან კარგადაა, მე არა მტკივა,
ბაზარშიც ვყოფილვართ, - (ვიღაცის მოთმენილი იმედი)...
“ამდენი დრო უნდა გაიაროთ, დრო წარმავალი,
გრძნობიდან, ანდა ჟრუანტელიდან, - 
პოეტო და მისო მოძმეებო...
რა შეიძლება შეეშალოს, ვინც ასე ყვება?
ნუთუ, ისიც? – შენც, შენც გეხება.
გადიხარ ასეთ ორომტრიალში...
აბა, რა არის? – ბაზარი!.. ვისგანაც ასე კვდებიან.
არის ნატამალი უზნეობის ჩვენს ოცნებებშიც,
როცა ისინი ეშვებიან ჩვეულებრივად
გულებიდან ნეკნებისაკენ...
ნაფოტი ხომ ხე აღარ არის
და მისდევს მდინარეს მინდობილად.
 
1979
 
 
 
 
 
უბედური მაიმუნი
 
ახლა ის ფიქრობს: რომ შემცდარა, - 
თითქოს უყვარდათ,
რომ ილუზიას შეეწირა.
რომ უყვართ უფრო,
მეუფე ვეფხვი, მრისხანე ღმერთი.
მისი ზოლები ელამუნებათ...
წარმოსახვა ეტანება სადისტურ ტორებს.
მაგრამ მაიმუნზე უნდა გაიარონ,
ვიდრე აღიარებენ ბლეიკის: ქრისტე-ვეფხვს.
მათ ესმით საკურთხეველთან – სანაქებოა
სიყვარული ყოველ სულდგმულის...
და მაიმუნსაც ხვდება ის ხანდახან
მზესუმზირის მაგიერ.
მაგრამ ისინი მიემართებიან
მის პაროდიულ გვამზე გადავლით
მისკენ: “მეუფე ვეფხვი”...
რომ დაფლითოს მძაფრი სიყვარულით,
რომ სისხლის ენა აგზავნიდეს სულს ზეციერში.
ტანჯვისა და სიყვარულის კიბეზე
მზარავი ხილვა უსიერიდან...
პატარა ვნებათაგან მზაფრავ ნეტარებაში.
 
1980
 
 
 
 
 
მას ვინ მიეხმაროს?..
                                ლეონიდ ანდრეევი
 
განა დამალულია, ანდა არ არსებობს – მეორე?..
მას შენთან უნდა, თორემ რწმენას შეებრძოლება,
რომ მისი გწამდეს, მისი არსებობის, სისტემის,
ამით მოაკლდება ტანჯვას და ყოფნას
და მზად იქნება – სხვაზე ადრეც კი ამაღლდეს,
როგორც დაგუბებული ჰაერი –
უვარგისი და სულისშემხუთველი.
ვინმე თუკი მიეხმარება, წავა და
ღრუბლის კალთაზე დაიწყებს ანცობას,
სადაც არც აზრია და არც სულიერი.
ასე გადაჰკარგავს მას შემწეობა.
გჯეროდეს კი, რომ ის არსებობს და ასეთია,
რადგან შენთვის მოვიდა არსაიდან,
რომ დაგაეჭვოს
მისმა ჟღალმა საქმეებმა და ყოფნამ.
დადიხარ მისი სხეულის უდაბნოზე
და მისი ხითხითი მასში
შენი ნაკვალევის ღიტინია...
აპატიე, მიეხმარე, მას უჭირს.
შენი ფეხის ფრჩხილები მას ესობიან,
ვინ მიეხმარება, ოაზისად რომ გადაიქცეს?
ეჭვს კი არ მოგაწვდის – წყაროსა და საკვებს.
ახლა კი – პურიც რომ ჰქონდეს, ეშინია – არ  გამოართმევ.
ის პირველყოფილი სინდისია, ნაბოლარა ძმა,
რომელიც შეაშინა  უფროსის თავდაჯერებამ,
არაფრისაგან აღტკინებამ.
ძლიერი გახადა იგი თავისმა მორჩილმა გაკვირვებამ.
გაიგო, ტვირთი რომ უნდა ეზიდა.
რასაც ვერ შეიცნობდი სრულყოფილების სიამაყისაგან, - 
მას შეაცნობინა დაჩაგრულმა მაჩანჩალობამ.
შენ ამრეზით იტანდი,
მან კი მიიღო მანკიერებათა მცოდნე.
შენი შეზღუდული სიხარული მას ახარებდა
და მოსწონდა მისი სევდიანი ჩაკირკიტებაც
შენს ნაკლულობაზე...
და გითხრა: მას ვინ მიეხმაროს
მის მძიმე ხვედრში?
 
1980
 
 
 
 
 
უდროობა
 
კრძალვის გარეშე ვჭვრეტთ მის ქალურ მარადიულობას!
ხომ არის სხვა უნარიც, ფორმა... იგი ხომ ბზინავს...
ჩვენ კი გადავდივართ და ვიძარცვავთ ჩვენი ხანგრძლივი
ყოფნის განმსაზღვრელ სამოსს და ვინაცვლებთ ერთ ფორმაში,
რომელიც ყველაზე გულწრფელია და ხშირად გაისმის ბაგეთაგან...
(რაა მათი დანიშნულება?)...
სადღა მიდიხარ? რას იკავებდნენ ეგ ხელები –
სასოებით და საშიშროებით რომ საზღვრავდნენ უსასრულო განფენას.
მარცვალი ხომ მას სპობს!
შენი გამმსჭვალავი თვალი ხედავს ამ წერტილს
უსახურ და გამჭვირვალე ფონზე, რომელიც თვითონაც ფიქრობს,
მიემგვანოს განსაზღვრულს, ტიტანის მხრებზე დაყრდნობილს.
რა არის ეს, განა ტყუილად მოუხმო მას,
ვეება შვილებს რომ წარმოშობდა, როგორც ყავარჯნებს,
რომლებიც მას სიბერეში დასჭირდებოდა!
ზეცას ჰყავს შვილები თავის დასადგენად.
დედამიწამაც, სწორი სხეული რომ დაიფარა ხეებით და მდინარეებით,
მიაკუთვნა მათ ცვალებადობა ნაკლულობის განცდისაგან.
ჩვენი უნაყოფობა სიძლიერეს ნიშნავს,
აი, ის, რომ ეშინია, დაჰკანკალებს თავის ნაყოფს
და ესახება თავი ხეიბრად, რომელსაც ჯოხი გადაუვარდა, -
ვინ მოუტანს? – სხვა თუკი ფიქრობს, რომ ჯიბრი თავს შეუნახავს,
სხვა სულაც არ ხედავს მასში თავის თავს, ეს ხომ მას დაშლიდა.
არა – ერთმანეთს ჭამენ, რომ სულაც გულში იყურონ
და ცეცხლი შეიგზნონ, რომ ტკივილმა არსებობა აგრძნობინოთ.
“მიყვარს დაწყევლილი ხვედრი ქალწულად ყოფნისა”.
მას ხომ ყოველღამე უწყალოდ ფხრეწავენ სიზმრეული ხილვები,
და ასე მეორდება, ვინც სუსტია, იგი ერთხელ მიენდობა
არა ხილვას, ანდა სიზმარს – არსებობის დათვს, რეალობას,
ერთაზრიანს, რომელიც ყოველდღე ეძებს სახილველ განცდას
და არა აქვს სიზმრები ანდა საოცნებო კოშკები.
“რატომ მოდიხარ და კარგავ მარადისობის ნაწილებს,
აქ, მიუზოში ყოფნაზე”. რადგან არავინ აღმოჩნდა ისეთი სუსტი,
რომ მოსულიყო და ამბავი მოეტანა, მე იქ ჩავედი,
საიდანაც არავინ დაბრუნებულა, იმ ზრახვით, რომ მეთქვა.
ეს ძალა ყოფილა, რომ მივემსგავსოთ ჩვენს გონებას,
თითქოს სხეულიც გონება იყოს, თუმცა მას ტკივილი უნდა შეეძლოს,
რომ გონება არ გაურბოდეს თავდავიწყებული, თითქოს ის იყოს
ყველაფერს რომ პატრონობს, რაც თავის თავს ვერ ცნობს,
რადგან შეცნობა დაკარგავდა ამ მარცვლებს, მათ კანონზომიერ
ყოფნას მოშლიდა და ის – წესრიგი – ვეღარ მიაგნებდა,
რადგან არა აქვს მას ყველგანმხედველი თვალი და არც მათი
გამოკიდება შეუძლია, როგორც ხეიბარს თავისი გადავარდნილი ჯოხისა.
რისთვის? მათ ხომ თქვეს, რომ მას წესიერი იერარქია
მოუწყვია და რაღაში უნდა სჭირდებოდეს აღრევა?
ჩვენი ნებაა ვიყოთ მოუთმენელნი და ქაჯური დავარდნის
წკვარამს მივყვებოდეთ.
მოქმედება არის თავისუფლება და მოძრაობა.
იგი – სიბრძნით სავსე მოხუცი – არაა ყოჩაღი და სწრაფმავალი,
მის გაჩერებულ და ერთმიმართულ მზერაში ხანდახან ვინ გაისრიალებს
თავის მოუსვენარ თავისუფლებაში. იქნება, მაშინ, კიდევაც
გაყინოს, გააჩეროს ამ მზერამ და მხოლოდ პირდაპირ იწყოს
მან სვლა, როგორც შვილმა, მისი ხედვის სწორ არეში,
რომელიც ასე პირდაპირ – კი სწვდება უსასრულობის ბოლომდე...
და დაირქვას ამან ძე იმ მზერისა და უდაბნოში მიემართებოდეს
სწორხაზოვნად, რომ სხვანი თავის მრუდ ხეტიალში მის
სწორ გზას გადააწყდებოდნენ და მაშინ მისი გაყინული ჰყპნოს
აღარ გაუშვებს მათ.
უხეში და ძლიერია ძალდატანება. როგორც ფარაონის მომქროლავი
ეტლი თავისკენ გიხმობს, ფეხები იბორკებიან, რომ ძვირფასმა
მოლაპლაპე რკალმა გადაგიაროს და მოგისპოს სიგიჟმაჟე.
ამიტომ შეჩერდება ყველა ჩვეულებრივი ფეხი და თვალი...
რატომ არა ის...
ზღაპრული (ქალწული), ეთერიც, ამიტომ ელოდა უფლისწულის
თვალთა ეტლს, რადგან ხელშეუვლები სიხასხასე ვერაფერს
დაინახავს ამის გარდა.
 
1981
 
 
 
 
 
სიყვარულის უარყოფა
 
ვერ შეიკავა თავი,
ბიწიერებამ ისარი დაჰკრა.
ეს კი ისაა, მიდიოდეს
მარად აღმართზე, სიონისაკენ,
დაუბრუნებლის საუკუნოდ
მოსაგონებლად.
არც მეორდება!
მექანიკა მოძრაობისა
პირველაღძრულის ფიქციაა
აწ და მარადის...
ეს როდის იყო,
რომ შეახო ხელი ერთმანეთს,
რომელიც ქრება...
და სანანებლად შემორჩება.
ყოველთვის მოვა
ის ნაცნობი გარმოსილობით,
და აღარაა ხიბლი
ნეტარებაში პირველშესვლის,
მხოლოდ ღიმილი იმეორებს –
(ერთადერთი)...
ტანს კი ედება
რელიქტური ბურტყლი და ბეწვი.
მომსყიდველი ღიმილი –
ნუ ეშვები ფეხებისაკენ, 
მათში ძალაა პნევმატური
უარყოფისა.
რაც ყოველივეს არარად აქცევს,
განმეორებადს ხდის
სანუკვარსაც.
რაღა დარჩება? –
მხოლოდ სევდა და მოგონება,
ღიმილიღა რომ ინახავს...
თუმცა ის იყო
დასაწყისიც, - 
ყოველთვის იყო,
... მარად იქნება
რელიქტური ბუნების
უარმყოფელი.
დამიბრუნე დაუბრუნებელი
დამღუპველი ცოდვა მოუწოდებს,
სადაც არაა ცოდნა და არის გული.
მას არა აქვს მეხსიერება...
ღიმილი ატარებს ცოდნას, მეხსიერებას.
წარსული დაუვიწყარია, ბაგეები ვერ ელევიან
და გულის კარი შეუვალია...
ის არაირონიულია, არ იღიმება,
მას არ ახსოვს, ის ატარებს...
ის არ იხსნება.
ყველა ცდუნება
კედელზე შეყრილი ცერცვია...
და... მხოლოდ მახვილი გადმოაქცევს მის
სუბსტანციას
და დაფარავს ლაქებიან სამოსელს (მისას).
 
1989
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.