დავიწყების სალონი





პოეზია

დავიწყების სალონი




შენს გვერდით მდგომი ადამიანი
 
შენ იცი, იცი, თუ რა ხდება
იქით, სულ იქით, მთების მიღმა, 
სამყაროს მიღმა _ შენს გვერდით მდგომ ადამიანში?
შენ იცი, როგორ ფიქრობს იგი, 
ან რაზე ფიქრობს, 
ან თუ ფიქრობს საერთოდ, იცი?
იცი, მისი თვალების მიღმა
როგორ ფეთქავენ მძაფრი განცდები?
გრძნობ მისი აზრის და ლოგიკის მიმართულებებს, 
იცანი სხვისი არსებობა, 
იცანი შენით სულ სხვა, უცნობი?
რა მანძილია, ნეტავ, ჩვენს შორის?
ვესალმებით და ხელს ვართმევთ ერთიმეორეს, 
მაგრამ დაფიქრდი და მიპასუხე:
რა მანძილია, ნეტავ, ჩვენს შორის?
ოი, ოი, რამდენ რამეზე შევთანხმებულვართ, 
რა წარმატებით ვხმარობთ ბაასში ისეთ სიტყვებს, 
როგორიცაა: სიყვარული, ერთგულება, თუნდაც – გაგება!
რა მანძილია, ნეტავ, ჩვენს შორის?
ხედავ, ჩვენს შორის ბეწვიც ვეღარ
ნახულობს ადგილს, 
ერთ სხეულად გადავქცეულვართ, 
მაგრამ შენ მაინც გულახდილი იყავი, სატრფოვ:
ერთად მივდივართ, 
მხრებს ვუსწორებთ, 
მივაბიჯებთ ერთი და იმავე მიმართულებით, 
მაგრამ, ძვირფასო მეგობარო, 
გამომიტყდი სიმართლეში:
რა მანძილია იმ ადგილამდე, 
სადაც შევხვდებით ერთიმეორეს?
 
 
 
 
საუბრისას
 
ბებიაჩემს რომ ვესაუბრებოდი, 
მოულოდნელად მისგან დედაჩემმა გამოანათა, 
მე ვიგრძენი, 
როგორ აიყვანა მან ხელში
ჩემი ბავშვობა
და როგორ შევსახლდით ჩემს შვილში, 
საიდანაც უსასრულობაში უნდა გვემოგზაურა. 
 
 
 
 
ის და მე
 
ის თუ გამოგაცალეს 
უხერხემლო ცხოველად იქცევი, 
სულაც ხორცის გროვად. 
 
რაღას დაეყრდნობი _ 
მთებს, რომლებიც შენი აღარაა?
ნაბადს სად გაშლი _
გზებზე, რომლებიც აღარაა?
რომელ ბუჩქებთან ჩამოხტები, 
ცხენს სად მოაძოვებ, 
თვალს სად მოატყუებ, 
გამოღვიძებული _ შუბლს სად განიგრილებ?
 
სად მონახავ კუნძს, 
რომელზეც კისერი უნდა დადო?
აღარც – ცა-ფირუზი?
აღარც – დაბინდული ქლიავი!?
 
ის თუ გამოგაცალეს _
ვიღას ეტყვი _ შენი ვარო!
 
ის თუ გამოგაცალეს
მონჯღრეული სკამივით, 
უხერხემლო, 
ახალზე როგორ მოკალათდები?
 
ის თუ გამოგაცალეს
ის თუ გამოგაცალეს
ის თუ გამოგაცალეს...
 
 
 
 
დავიწყების სალონი
 
შენ ჩემთვის არ დაბადებულხარ. 
შენი ხელით არასოდეს წყალს არ მომიტან. 
ჩვენ შემთხვევით ვუყურებთ ერთმანეთს. 
ჩვენ დავივიწყებთ ერთმანეთს ისევე, 
როგორც აი, ამ მძღოლს, 
აი, ამ ავტობუსს, ავტობუსის ძველ სავარძლებს, 
აი, ამ მძინარე ბიჭუნას, მხრით რომ მეხება. 
ეს სალონი დავიწყების სალონია. 
აქ, ყველაფერი დავიწყებით სუნთქავს. 
ავტობუსიდან დავიწყება შეჰყურებს
გზისპირა ხეებს და ნარგავებს.
დავიწყება ჩაბუდებულა 
შენს დიდ, შავ, წყლიან თვალებში
და ჩემშიც ცდილობს ჩაიბუდოს.
დავიწყება ლაპარაკობს ახლა სალონში. 
ავტობუსი მიდის, 
იკვლევს გზას მარადიულ დავიწყებისკენ. 
აი, ვიღაცამ კარი მოიჯახუნა და 
გადაიჩეხა დავიწყების ოკეანეში. 
ჩვენც არ დაგვინდობს ეს ოკეანე
და დავივიწყებთ
ამ ლურჯ, წითელ, ყავისფერ ტანსაცმელს, 
დავივიწყებთ ხელჩანთებს და ჩაფიქრებულ სახეებს, 
დავივიწყებთ იმ სითბოსაც, 
რომელმაც ატარა ეს დავიწყება, 
დავივიწყებთ იმ უცნაურ განცდასაც, 
დავიწყება რომ დაგვირქმევია
და რომელსაც ახლა ვუსმენთ გარინდებულნი, 
დავივიწყებთ ავტობუსის სავარძლებზე მიწერილ 
ყვითელ ციფრებს, 
რატომღაც ჩვენ რომ გვემსგავსებიან
და რომლებიც ყველაზე მეტად გვიგებენ ალბათ. 
რაც არ უნდა მოვინდომოთ საპირისპიროდ, 
მაინც, მაინც დავივიწყებთ ერთიმეორეს. 
უკვე რამდენი ჩავიდა და გადაიჩეხა, 
დაინახე?
დაიმახსოვრე ერთ-ერთი მაინც?
 
 
 
 
მშენებარე სახლები თოვლში
 
ამ სახლების აივნებზე
ჯარ არ ჰკიდია
ჭრელი სარეცხი.
 
ამ ეზოში ბავშვებს
ჯერ არ დაუჭყივლიათ. 
 
მეზობელი ჯერ არ გასძახის
მეზობელს რიხით
და ქედმაღლურად. 
 
სადარბაზოს საფეხურებმა 
ჯერ არ იციან
კუბოს სიმძიმე. 
 
ჯერ არ შემკრთალან
კედლების წყევლის გაგონებისგან.
 
მათ არც ტუჩების სითბო უგრძვნიათ,
არც სადღეგრძელოს
გულგრილობა გაჰკვირვებიათ. 
 
სასიყვარულო ოხვრას
ჯერ არ დაუფრთხია
ოთახის ჭერი. 
 
ბეღურებიც ვერ ნახულობენ
სარფიან საკენკს.
 
ერთ-ერთ ღიობში სჩანს _ 
გაყინულ წყალზე
სიცივე და უთვისტომოს მწუხარება
როგორ წვანან ჩახუტებულნი. 
 
ეს სახლები
მხოლოდ კოჟრიან ხელებს
და თოვლის გადნობას ელოდებიან, 
რომელმაც უკვე ერთი კვირაა 
შეაფერხა საქმიანობა.
 
 
 
 
ბედის ირონია
 
მეგობრებმა იციან _ 
როგორი მეგობარი სჭირდებათ!
 
კოლეგებმა იციან _ 
როგორი კოლეგა სჭირდებათ!
 
ტრესტმა იცის _
როგორი თანამშრომელი სჭირდება!
 
სახელმწიფომ იცის _
როგორი მოქალაქე სჭირდება!
 
მშობლებმა იციან _ 
როგორი შვილი სჭირდებათ!
 
სასურსათო მაღაზიამ იცის _
როგორი კლიენტი სჭირდება!
 
მოიჯარადემ იცის _
როგორი ქვემოიჯარადე სჭირდება!
 
ლოთმა იცის _ 
როგორი დოსტი სჭირდება!
 
მათხოვარმა იცის _
როგორი შემწყალე სჭირდება!
 
ბრმამ იცის _
როგორი მეგზური სჭირდება!
 
ქალმა იცის _
როგორი შეყვარებული სჭირდება!
 
კახპებმა, ქურდებმა, მკვლელებმა, 
ცოლებმა, მოგზაურებმა, ანგელოსებმა, 
პლანეტებმა, ფიქრებმა, დიადმა მიზნებმა, 
არისტოკრატებმა, მუშებმა, კომბინატორებმა 
და ასე შემდეგ, 
 
ყველამ _ 
იცის, თუ როგორი ვინმე სჭირდება!
მათ მე არ ვჭირდები!
 
 
 
 
შრომა 
 
შრომა ისეთი სიმღერაა, 
რომელსაც ჩვენ თვალებით ვისმენთ, 
თვალიდან თვალს რომ გადაეცემა
გალაქტიკაში შემოჭრილი მეტეორივით. 
 
თქვენ შრომობთ, 
რათა თქვენმა მკლავებმა შეძლონ სიმღერა, 
სართულ-სართულ აზიდული მძიმე ლოდებით. 
 
სამყაროც ხომ შრომობს ყოველწამს, 
სადღაც იმსხვრევა გამოფიტული გალაქტიკა
და სადღაც სიტყვა
კვლავაც ქმნის ნათელს. 
 
ვინ იყო ის პირველი მაგი, 
ქვა რომ დაადო ქვას მოწიწებით
და შემოზღუდა საცხოვრისი, 
კაცობრიობის მარადი ძეგლი?!
 
სად დაეცა ოფლის პირველი წვეთი –
ხასხასა ბალახს
თუ უდაბნოს გამომშრალ ქვიშას?
ნუთუ ვიფიქრო _
მხოლოდ. შოლტმა ააშენა პირამიდები?
მონებიც ხომ ასცქეროდნენ
კამკამა ცარგვალს?
ნეტავ როგორ ჰანგებს ისმენდნენ?
 
გიგრძვნიათ, როგორ ფეთქავს დუღაბი,
ტაძრის კედელს რომ დაესხმება თანაბარ ფენად?
ციხე-სიმაგრის წყობილ ქვებზე
მე დავეძებ ძველ ნათითურებს, 
ორნამენტებზე დაღვრილი ოფლის სუნი მსურს
ვიგრძნო!
ვინც ყოველდღე იქანცება, იმას მსურს ვთხოვო, 
რომ გადახედოს დედამიწას გონების თვალით
და გაეშუროს სასიმღეროდ 
ს ი ვ რ ც ე ე ბ ი ს კ ე ნ.
 
 
 
 
ქალი
 
მთელი სამყარო მშობიარე ქალივით კივის
და შობს ახალ თანავარსკვლავედს.
გრანდიოზული კატასტროფები _ დაუნდობელი 
ვნებაა ქალის,
თავის წიაღში გვშთანთქავს იგი მომავალი 
ამოფრქვევისთვის,
ცეცხლმოდებული ტრამალები _ სიყვარულით 
დაუოკებელ ქალთა გრგვინვაა. 
უსიყვარულოდ დარჩენილ ქალის უიმედობას თუ 
იპოვი _
ჯურღმულების ყომრალ წყვდიადში. 
თქეში _ ვაჟისგან მიტოვებული ქალის ცრემლია. 
ქარიშხალი _ აგზნებული ქალის ქშინვაა. 
სეტყვა _ ღალატით გამწარებული ქალის 
სიტყვაა.
მდელო _ ქალწულის ფიქრებია, 
მზე _ ქალიშვილის პირველი კოცნა, 
მთები მკერდია _ მამაკაცთა ჩასაკონები. 
მეხით შუაზე გაპობილი დიდი მუხები _ 
ქალის ერთი ამოოხვრაა, 
დღე _ სარეცელზე გასაფენი თეთრი ზეწარი, 
ღამე _ ინტიმის უსაზღვროება.
 
 
 
 
შუაღამის მელოდია
 
ალბათ სამია?
აქა-იქ მაინც ანთია შუქი, 
თითებზეც დათვლი. 
დღის მძაფრი ხმები
მშვიდ ნოტებში გადაიზარდა. 
ჭრიჭინობელა სდუმს _ პირველი მევიოლინე, 
ახლა იგი შავი სიღრმის ამოუცნობ სივრცეს 
ჩასცქერის.
რატომ არ ყმუით, მაწანწალა ქუჩის ძაღლებო, 
აა, იდუმალმა დირიჟორმა თქვენც დაგადუმათ?!
ო, რამდენია მოჩვენებითი ამ სიჩუმეში?!
მაესტრო ამწევ, ვხედავ, ახლაც აღარ ისვენებთ
და გულმოდგინედ მისდევთ თქვენს საქმეს, 
მძიმე პანელებს უმატებთ სართულს
და უზარმაზარ, აწოწილ სახლებს
ფეხზე დგომას ასწავლით, 
მათ ხომ დგომით უნდა იარონ დროთა შრეებში, 
რათა შემდგომ საუკუნეებს გადაულოცონ
შრომა, 
რომელიც ჩვენი მკლავიდან
გარეული ნადირივით ცდილობს გაქცევას.
მაესტრო ამწევ, 
იქნებ, სულაც თქვენ აღზარდეთ 
ის იდუმალი დირიჟორი, 
რომელმაც იცის თავისი საქმე
და აღმაფრენით ხელმძღვანელობს
შუაღამის მაგიურ ორკესტრს, 
წამითაც რომ არა დუმდება
და სივრცეში საბურავთა ღრჭიალი ისმის, 
ხანაც – ქუსლების ნელი შეხება ქვაფენილებზე, 
ლოთმაც რომ დროზე ამოუშვა ხმა
ალკოჰოლით გამთბარ ხორხიდან, 
ო, იდუმალო დირიჟორო, ნიავიც რომ
გემორჩილება,
ზუსტი იყო ფოთლების სოლო
და ერთ-ერთ სახლში
უკანასკნელი ჩაქრა ფანჯარაც. 
აი, პაუზა, 
გაირინდა მთელი მიდამო
და მიტოვებულ, ნაგვით სავსე ბუნკერიდან,
ალბათ, გამხდარმა, შავმა ძაღლმა ატეხა ყეფა, -
იქნებ, დაღალა ლუკმა-პურის ძებნამ საბრალო?!
მაგრამ ალვის გაელვარებამ
ეს საჩივარიც მალე ჩააქრო
და კახპების აკისკისებამ 
მთელ მელოდიას ჭეშმარიტი ეშხი შემატა,
და ყურთასმენას თუკი დაძაბავთ, 
მექალთანის ხმასაც გაიგებთ, 
ავტომობილის რბილ სავარძელზე წამოწოლილი, 
ბილწ ანეკდოტს ურცხვად რომ ჰყვება.
ყური დაუგდეთ ამ მელოდიას!
ნეტავი თქვენ რა გაჯიჯღინებთ, 
თხუთმეტ წელს ერთად ნაცხოვრებო ცოლო და 
ქმარო?
გაშიშვლებულებს, სარეცელზეც ვერ მოგიშლიათ
უგვანო ჩვევა, _
მაგრამ იდუმალ დირიჟორის მკაცრ ჩანაფიქრს
ვერ გაექეცით
და წარმატებით ასრულებთ დუეტს, 
თუმც საჩოთიროს.
კიდევ კარგი, 
ძნელად თუ მოშლის ვინმე ამ ქვეყნად
სასიყვარულო, ინტიმურ ქშინვას, 
თორემ მაშინ რა შექმნიდა შუაღამის მშვენიერ
აკორდს:
ბიჭია, ბიჭი!
ჰო, იდუმალო დირიჟორო, 
სად არ შეაღწევს შენი ბრძანება _
უსაქმური მეხანძრეები
გულმოდგინედ უჯახუნებენ დომინოს ქვებს
რკინის მაგიდას, 
თითქოს სხვა საქმე არც რამ ჰქონდათ ამ 
ქვეყანაზე.
ონკოლოგიურ საავადმყოფოში
მედიცინის დის თეთრი თითები,
გათხვრილი ბამბით და სახვევებით გავსილ
ურნაში
ჩააგდებენ მორფიუმის დაცლილ ამპულას, 
აქ ნოტები განსაკუთრებით დამაჯერებლად 
უნდა აჟღერდეს,
რადგან სიკვდილთან
ძნელი არის გამოგეპაროს მცირე შეცდომაც, 
აქ მელოდიას შეავსებს გუნდი, 
ოღონდ ნუ მღერით, 
კვნესა, კვნესაა აქ საჭირო მხოლოდ და 
მხოლოდ.
აი, ბეტონის ცივ იატაკზე მოსიარულე
შიშველ ფეხებით ეპარება
ციხის საკანში ნარზე მწოლ ყმაწვილს, 
რათა ნესტიან ქვეშაგებიდან რაღაც დასტა
ამოაცალოს,
ალბათ ფულია, 
ფრთხილი თითები არც აქ ცდებიან, 
შუაღამის მელოდიაში ჩაერია პიანისიმო
და ქაღალდებმა სასიამოვნოდ ჩაიშრიალეს
მათი ახალი ბატონ-პატრონის ფართო ჯიბეში...
აქ იდუმალმა დირიჟორმა 
სხვა ქაღალდებიც ააშრიალა, 
თოვლივით სუფთა,
და ერთ-ერთი ძილგატეხილი კომპოზიტორი
შუაღამის ამ ნოტებს
ჩ ა ი წ ე რ ს.
 
 
 
 
ოპტიმიზმი მარადიულობის ფონზე
 
მარადიული _ შეურემონტებელი ოთახი.
მარადიული _ სამი გაუთხოვარი ქალი.
მარადიული _ მრგვალი მაგიდა, სამი სავარძლით, 
                 მწვანე გადასაფარებლებით.
მარადიული _ ფეხმონგრეული საწოლი, მასზე 
               დახორებული პალტოებით.
მარადიული _ ლაპარაკი სხვათა ნაკლზე. 
მარადიული _ სურვილი კიდევ ერთხელ დათრობისა.
მარადიული _ გალოთებული ცხრა შვილის მამა,
               ცოლმა რომ მიატოვა. 
მარადიული _ დინჯი, ჩაფიქრებული უფროსი
               ვაჟი, ცხოვრებაში გასვლას რომ 
               იწყებს. 
მარადიული _ პიანინო, რომელზეც არავინ არ 
               უკრავს. 
მარადიული _ რეპროდუქცია ქრისტესი და 
               პეტრესი, ორჯერ მისი 
              უარმყოფელისა. 
მარადიული _ ფოტოპორტრეტი ამ ოჯახის
             ფუძემდებლისა, ირონიულად რომ იღიმება.
მარადიული _ მოლოდინი სენტიმენტალური 
              დრამისა, ერთ-ერთი გაუთხოვარი
             შეუყვარდება ცხრა შვილის მამას. 
მარადიული _ მოქაქანე პოეტი ცხოვრების
               ოპტიმიზმზე.
 
 
 
 
პატარა კაცი
 
მე რომ მასთან მივიდე, 
წინასწარ
სარკესთან უნდა ვივარჯიშო, 
რათა სიამაყის ნაცვლად
სახეზე მორჩილება მეხატოს.
წელში მოხრილმა
ჯერ თავი უნდა შევყო კაბინეტში, 
ოღონდ ჩემმა თვალებმა
ელვა არ უნდა გამოსცეს.
თვალებზე ლიბრი უნდა მეფაროს, 
თეთრი ფარდა, 
ის უნდა მხედავდეს, 
მე კი – ვერა. 
კაბინეტში როცა შევალ, 
არ უნდა შევიმჩნიო, 
ის რომ არ ჩანს _ 
ფრჩხილისხელა ტანის წინაშე
იატაკზე უნდა გავითხლაშო, 
ოღონდ ისე, სუნი რომ არ ამივიდეს, 
სენმა არ უნდა შეაწუხოს ბატონი. 
მე მას ერთადერთი რამე უნდა ვთხოვო:
მიმიღოს მონად და მომცეს სამუშაო!
 
 
 
 
ამაყი კაცი
 
დიდი ამბავი, _ თუ ვიშიმშილე, 
ოჯახიც უნდა ვაშიმშილო. 
დიდი ამბავი, _ ჩემს ბინაში თუ ცივა, 
კმაყოფილი უნდა ვიყო იმით, 
საერთოდ ბინა რომ მაქვს. 
ხომ შეიძლება ესეც არ მქონოდა. 
ჯიბეში მხოლოდ ხურდა რომ მიჩხრიალებს, 
ამითაც კმაყოფილი უნდა ვიყო. 
მე ყოველთვის კმაყოფილი უნდა ვიყო:
უფრო მეტს რომ არ მძარცვავენ, 
უფრო მეტს რომ არ მლანძღავენ, 
უფრო მეტს რომ არ... 
მე ყოველთვის და ყველგან 
კმაყოფილი უნდა ვიყო. 
მე უნდა მიყვარდეს ჩემი მტრები, _ 
მე თქვენ მიყვარხართ _
ნაბიჭვრებო!
 
 
 
 
პოლიტიკური ფილმის ნახვის შემდეგ
 
ინდივიდი განწირულია. 
ყველა ერთმანეთის იარაღია _ ერთეულს გაუსწორდებიან.
დასაფლავება მასკარადია _ თუ არ ჩავთვლით
უმნიშვნელო ინციდენტს ქონების განაწილებისას
სენაკები ბიბლიოთეკებმა შეცვალეს, რწმენა მორიგებამ.
ისეთი საუბარი ისწავლე, ვერაფერი რომ ვერ 
გაიგონ, მაგრამ მიხვდნენ. 
ჩვეულებრივი პანტომიმა: ჩვენ მოგვწონს ცხოვრება.
რა უნდა გასწავლოს მწერლობამ, უკანასკნელი 
ბრიყვიც აზრზეა _
წინააღმდეგობით არაფერი გამოვა. 
მოწყენილობას იმით ვკლავთ, რომ საკუთარი 
თავის სრულყოფაზე ვმუშაობთ. 
გვთავაზობენ ელემენტარული ბედნიერების
ნიმუშებს...
ნიჭიერი პოეტი სიტყვის მაგიურ ფლობაში
ვარჯიშობს.
თუ იცვლება, მხოლოდ წიგნების და ნივთების 
რაოდენობა.
პოლიტიკოსები და პოლისმენები რაფინირებული
ბარბაროსობის
მამამთავრები ხდებიან. 
ბოროტება იავნანას უმღერის ახალდაბადებულს. 
ოცდაათ წლამდე ადამიანობის რწმენის უფლება 
გაქვს,
შემდგომ კი აირჩევ ერთ-ერთს:
პრეისტორიულ მორჩილებას, დაშინებისგან
აღმოცენებულს,
ან ნიჰილიზმსა და სკეპსისს, უსუსურობიდან 
გამომდინარეს,
ან და ჩვენი საუკუნის უბრწყინვალეს 
მონაპოვარს _
ილუზიურ თვითრწმენას.
(არაცნობიერი თავისას აკეთებს, ხომ უნდა 
გეგონოს,
რომ რაღაცას ქმნი!). 
მაინც ნუ ჩავთვლით ყველაფერს დაღუპულად:
ხარკისთვის სამყარო მაინც გვაწვეთებს
გაუპატიურებულ სიმართლეს.
ჰოდა, გვჯეროდეს!
სხვა რა დაგვრჩენია!
 
 
 
 
ჩაიარეს
 
ესტაკადებმა, ავტოკადებმა, შარაგზებმა _
ურმებით, ცხენებით,
ავტომანქანებით... 
ჩაიარეს!
სახლებმა და კერებმა _ ძმებით, ცოლებით, 
დიდებით, ნათესავებით,
ურდულებით, ლურსმანზე ჩამოკონწიალებული
მობინადრეების მაჩვენებელი
დაფებით, კარადებით, უპატრონო ბავშვებით
და მოხუცებით, ქურდებით...
ჩაიარეს!
მაღაზიებმა და გამყიდველებმა _ ძეხვებით, 
რიგებით, მარცხენა
საქონლით, სატომატე პომიდორებით, 
კომპოტიანი ქილებით, თოჯინებით,
წინსაფრებით... 
ჩაიარეს!
ავტობუსებმა _ დაღლილი სახეებით, ბენზინთან
ნარევი ოხშივრით...
ჩაიარეს!
ქარხნებმა, სერჟანტებმა... 
ჩაიარეს, ჩაიარეს, ჩაიარეს!
მე კი საკუთარ სხეულიდან ვიხედები, როგორც 
ბუდიდან
და ველოდები _ 
იგი როდისღა 
ჩაივლის?!
 
 
 
 
ისტერიული ისტორია
 
I
 
ჩვენ ვისხედით ჭურში
რაღაც ძალებს ყოველთვის უნდათ ჭურში ვისხდეთ
ძალიან ხშირად ჭურში ჯდომა ჩვენი პროფესია ხდება
ჭურს ისეთი ვიწრო ყელი აქვს ხშირად ცასაც ვერ ვხედავთ
რაღაც ძალებს ეს აწყობთ
რადგან ცას თუ ვერ დავინახავთ
მაშინ იმ ფრთებსაც ვერ შევამჩნევთ ცის ფერი რომაა
და ზურგს გვიმშვენებს
ჩვენ ჭურში ვისხედით
ჭურში ჯდომა ძალინ ხშირად ჩვენი პროფესია ხდება. 
ო, რომ იცოდეთ რა სიმშვიდეა ჭურში
ჭურში ყველაფერი რუხია და გრილი
ჭურში მჯდომარენი ყოველთვის სიმშვიდესა და სიკვდილზე ვფიქრობთ
ჭურში მჯდომარენი იმედ-უიმედობის ზღვარზე ვდგავართ
რაც მეტად სასიამოვნოა
არც იმედი აგვაფორიაქებს
არც უიმედობა მოგვკლავს
ჩვენ ვსწავლობდით როგორ გვევლო იმედ-უიმედობის ზღვარზე
მთელი თეორიები შევქმენი  იმედ-უიმედობის ზღვარზე სიარულისა 
იმედი ჩვენი დედაა უიმედობა მამა
არც ერთის წყენა გვინდოდა არც მეორის
თანაბრად ვინაწილებდით მათ თვისებებსა და ხასიათს
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ზომიერების დაცვას
და ნირვანაში მყოფნი ჭურში ვისხედით
ჭურში ჯდომა ჩვენი პროფესია გახდა
 
II 
 
როგორც უკვე გითხარით ჭურს ვიწრო ყელი აქვს
და ჭურს ქვა წააფარეს
მათ რატომღაც ყოველთვის აწყობდათ ოდნავ ადამიანებად 
დავრჩენილიყავით
ალბათ იმიტომ რომ მათსავით ორი ფეხი ორი ხელი და ერთი თავი 
გვაქვს
თუმცა დიდი საიდუმლოა აქამდე რატომ არ მოგვსპეს
თუმცა ისინი ხომ ყოველთვის რაღაცაში გვიყენებენ
იქნებ ჩვენგან ავსებენ თავიანთ რიგებს
ეს ნამდვილად ასეა
ისინი ყოველთვის გვერდით იყენებენ იმ ჩვენთაგანს
რომელიც მათნაირი ხდება
ისინი სულელები როდი არიან
ისინი სადღაც ჭკვიანებიც კი არიან
ოღონდ მათი ჭკუა ყოველთვის მათშია
მათ როდი აწყობთ მათზე უფრო ჭკვიანი
მათ იციან ყველაფრის და ყველას ზომა
ისინი ზომის კაცები არიან
მათი ღმერთი ზომაა 
მათ იციან როდის ადგნენ დაწვნენ ილაპარაკონ იფიქრონ 
როდის იყვირონ და როდის დადუმდნენ
მათ იციან სიკეთის და ბოროტების დოზებიც
თუმცა მათი სიკეთე ყოველთვის ბოროტებაა
ზომის კაცები ბოროტები არიან
ზომის კაცები ჭურს ზემოთ არიან
ჭურში კი ჩვენ ვსხედვართ ზომის კაცობის მომავალი კანდიდატები
ზომის კაცებს სუფთად და მათი ჭკუით აკურატულად აცვიათ
მათი მიმიკებიც მიზომილ-მოზომილია
ზომის კაცები ჩვენს ბიოგრაფიებსაც ჩაჰკირკიტებენ 
თუკი ოდნავ მაინც ამოჰყავი თავი ჭურიდან 
ზომის კაცები თავს გაგიხეთქავენ
ისინი ზომის კაცები არიან ჩვენ კი ჭურისა 
ისინი დადიან ჩვენ კი ვსხედვართ
ისინი წვანან ჩვენ კი ვგდივართ 
მათ არ უყვართ უხეში სიტყვები
მათ კულტურულობის პრეტენზიები აქვთ
მათ ინტელიგენტობის პრეტენზიებიც აქვთ
მაგრამ ძალიან შორს დგანან მისგან
რადგან ინტელიგენტობა სულაც არ გამორიცხავს
აღშფოთებას და ფრენას
მათ სპეციალური სალონები აქვთ
სადაც ისინი ფრთებს იჭრიან ხოლმე
თუ ძალიან გაჭირდა ისინი ხელოვნურ ფრთებს მიიკემსავენ ხოლმე
მათ შექმნეს მთელი აკადემია 
ხელოვნური ფრთების მიმკემსავ სპეციალისტებს რომ ზრდიან
ერთადერთი რაშიც ირღვევა მათი განსაკუთრებული სწრაფვა ზომისკენ 
ეს ცოცხალი ფრთებია
მათ არც ერთი ზომის ცოცხალი ფრთები არ მოსწონთ
ისინი ცოცხალი ფრთების მისხალსაც კი ვერ იტანენ
მათი აზრით ცოცხალ ფრთებს ერთი საშინელი თვისება აქვთ 
რაც არ უნდა ჭრათ ისინი მაინც ამოდიან ზურგზე 
ამიტომ ისინი ყოველ დილით იფხეკენ ხოლმე ზურგს
შემდეგ კი ხელოვნურ ფრთებს მიიკემსავენ ხოლმე
რომლითაც ყოვლად შეუძლებელია ფრენა
ოღონდ ლამაზი კია 
ზომის კაცების ერთადერთი უბედურება იმაშია 
რომ სიკვდილის შემდეგ მათ მაინც ამოსდით ფრთები
ამიტომ ისინი თავიანთ მკვდრებს ჯაჭვით აბამენ ხოლმე 
რათა მიცვალებული ფრთებმა არ აიტაცოს ცაში
ისინი ქმნიან ტოტალურ ინსტიტუტებს 
რომელთა ძირითადი სამუშაო თემაა
როგორ დავაშორიშოროთ ადამიანები და ფრთები
მე მილაპარაკია ერთ ზომის კაცთან
აი რა მითხრა მან
“იცით რა საშინელი რამაა ფრთები 
ჩემს შვილს თვალებზეც კი ამოსდიოდა ისინი 
და ამიტომ იძულებული გავხდი მისთვის თვალები დამეთხარა”
აი როგორები არია ზომის კაცები
 
III
 
ზომის კაცებმა უზარმაზარი ქვეყანა შექმნეს
მათ თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრეს
ზომის კაცებმა უსაშველო რკინის სალტეები შემოავლეს დედამიწას
ზომის კაცებმა ასფალტით შებოჭეს დედამიწა
ზომის კაცებმა დაანგრიეს ძველი სოფლები და ეკლესიები
სადაც ცხოვრობდნენ მფრინავი ადამიანები
დაშალეს სალი კლდეები რომლებზეც ბუდობდნენ არწივები
ამოძირკვეს უზარმაზარი მუხები რომლებიც ფრენას ასწავლიდნენ 
ადამიანებს
მთებში დააგუბეს წყლები და ამით დააშინეს ბარის მცხოვრებლები 
თანაც ჩანჩქერებს და მჩქეფარე მდინარეებს დაუმტკიცეს თავიანთი 
ძალა და ზომებში მოაქციეს
ზომის კაცების მთელი საიდუმლოება იმაშია
რომ ყოველთვის ერთად არიან და ქმნიან ერთიან მასებს 
ზომის კაცები არიან ზემდგომები და ქვემდგომები
ქვემდგომები აუცილებლად ემორჩილებიან ზემდგომებს
ზემდგომები უფრო კარგ პირობებში ცხოვრობენ ვიდრე ქვემდგომები
თუკი მათ ცხოვრებას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ 
ც ხ ო ვ რ ე ბ ა
ქვემდგომები ფიქრობენ რა ჭამონ
ზემდგომები ფიქრობენ რა წაართვან
არც ერთი არ ფიქრობს ცაში აფრენას
გარკვეული ზომის ყუთის გარეშე რასაც თვითმფრინავს უწოდებენ
თვითმფრინავი მათ მიერ შექმნილი ხელოვნური აპარატია 
მათ ძალიან უყვართ ყველაფერი ხელოვნური
მათ მოსპეს ის ადამიანები რომლებიც ღრუბლების და ფიქრის 
საშუალებით
სხვა პლანეტებზე გადაფრინდებოდნენ ხოლმე
მათ მოსპეს ის ადამიანები
რომლებიც ჰაერისა და მიწისგან აგებდნენ ულამაზეს კოშკებს
პოულობდნენ ოქროს თევზებს და ჯადოსნურ ქვებს
მათ მოსპეს ის ადამიანები
რომლებისთვისაც არ არსებობდა მანძილი და დრო
მათ მოკლეს უკვდავი ადამიანები
ხოლი იმ ადამიანებს რომლებსაც სჯერათ სასწაულებისა 
ისინი ჭურში ამწყვდევენ
ჩვენც ჭურში ვისხედით
 
IV
 
ჩემი უბედურება იმაშია რომ მე ისტერიული არსება ვარ
მომავალი ჩემს გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს ცისკენ
ამას ისიც ემატება რომ ვინც მე შემიყვარებს ფრენას ისწავლის 
მომავალო მე მჯერა შენი 
მე ისტერიული არსება ვარ
მე ხმაურიანი არსება ვარ
მე ნათელი არსება ვარ
ჭურის ადამიანები ხანდისხან ეჭვის ქვეშ აყენებენ 
ჩემს გენიალობას
თუმცა ეს მათ ეპატიებათ
ისინი ხომ დასაჭურისებულნი არიან
რატომ ვარ გენიალური 
რადგან მე ძალიან
თუმცა ამას არ უნდა ვამბობდე თავმდაბლობის გამო 
მიყვარს ჩემი სამშობლო
სადაც მე მიწისგან გამომძერწეს
ჩემი სამშობლო მიწის სამშობლოცაა
და მას საქართველო ჰქვია
რატომ არა ვარ უფრო ლამაზი
რატომ არა ვარ უფრო ნათელი
იმიტომ რომ ჩემი სამშობლო ჭურში ზის
ჭურს რომელშიც ჩემი სამშობლო ზის საბჭოთა კავშირი ჰქვია
მე არ მაქვს უფლება საბჭოთა კავშირი ასეთი კონტექსტით მოვიხსენიო 
ამისთვის შეიძლება ჩამქოლონ ზომის კაცებმა
ზომის კაცებთან მე სიგიჟეს ვთამაშობ ხოლმე
ამის გამო ისინი ბევრ რამეს მპატიობენ
თუმცა მე არაფრის გარანტია არა მაქვს
ზომის კაცებს უყვართ თამაში
ისინი თამაშობენ თავისუფლებას და დემოკრატიას 
მათი დემოკრატია კეტებად ბორკილებად და ტყვიებად იქცევა ხოლმე 
ზომის კაცებს უყვართ სიცრუე
ზომის კაცებს უყვართ ჯალათობა 
ზომის კაცები ზომის კაცები ზომის კაცები
ვაი თქვენ ზომის კაცებო
 
V
 
პლანეტას რომელზეც მე ვცხოვრობ დედამიწა ჰქვია 
ზომის კაცები საბჭოთა კავშირის გარდა სხვაგანაც ცხოვრობენ
ზომის კაცები ხელმძღვანელობენ სახელმწიფოებს
სახელმწიფოებს აქვთ საზღვრები და კანონები 
დედამიწაზე ბევრი ადგილია სადაც მხოლოდ უდაბნო  და ყინულია 
ჩემს დას გაზაფხულს ჯერ არ მიუტოვებია დედამიწა
ამიტომ დედამიწაზე შევხვდებით ყვავილებს ხეებს და ცხოველებს
რომლებიც ძალიან ლამაზები არიან
ზომის კაცებმა ჯერჯერობით ფრთები ვერ მოაჭრეს დედამიწას 
რომლითაც ის დაფრინავს სამყაროში
ფერის საშუალებით მე ვხედავ გაზაფხულს
ფერი ცოცხლობს წამში
ზომის კაცების მიხედვით წამი დროის ერთეულია 
დროის სხვა ერთეულებიც დაადგინეს ზომის კაცებმა
საათი წელი საუკუნე
განა შესაძლებელია ზომის კაცებს არ ჰქონდეთ ზომის ერთეულები 
ესენია მეტრი კილომეტრი სანტიმეტრი და სხვა
მათ აქვთ წონის ერთეულებიც
სითბოს ერთეულებიც
ხმაურის ერთეულებიც 
მოკლედ ყველაფრის ერთეულები
ჰქონდეთ
ოღონდ მე თავი დამანებონ
მე თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ც ვარ 
განა შეიძლება ფრენის კაცი 
თავისუფლებაც არ იყოს 
 
VI
 
მე დავიბადე იმ მიწაზე რომლის ყველაზე მაღალ კლდეებზე 
მიაჯაჭვეს პრომეთე იგივე ა მ ი რ ა ნ ი 
ამირანი ღმერთს ებრძოდა და ღმერთმა მიაჯაჭვაო
ამბობს ჩემი სამშობლოს მითი 
მე მითიური ქვეყნიდან ვარ
მას ოდესღაც კოლხეთს და ივერიას უწოდებდნენ
ჩვენ ძველმა ბერძნებმა მოგვტაცეს ო ქ რ ო ს  ს ა წ მ ი ს ი
ჩვენი ანბანი უიშვიათესი ანბანია სამყაროში
 
ჩვენი ენით ლაპარაკობენ ღმერთები
ჭურში რომელშიც ვზივარ დღესაც გვესტუმრება ხოლმე დიონისე
ო ის რომ არ იყოს ო ის რომ არ იყოს 
ჩემი სამშობლო ყურძნის და ღვინის სამშობლოა
სამწუხაროდ ჩვენ ვერაფრით ვერ გაგვიშლია ფრთები
ვცხოვრობთ თუ ჩვენს ცხოვრებას ცხოვრება ჰქვია
იმედისა და უიმედობის ზღვარზე
მაგრამ ნურვის დაავიწყდება
საქართველოში იყვნენ და იქნებიან ფრენის კაცები
რომლებიც გაათავისუფლებენ მას 
ქვეყანა რომელშიც უამრავი ფრენის კაცი ცხოვრობდა
არ შეიძლება არ იყოს თავისუფალი 
ჩემი სამშობლო მომავალი თავისუფლების ქვეყანაა
ჯერჯერობით კი ჭურში ვსხედვართ
ჩვენ ჭურში ვსხედვართ
ჭურში ჯდომა  ძალიან ხშირად ჩვენი პროფესია ხდება
ხომ არაა მომაბეზრებელი ჩემი პოემა
ო, რომ იცოდეთ რა მომაბეზრებელია ჭურში ჯდომა
აბა ჭურში დაიწერებოდა სხვაგვარი პოემა
ჩემი პოემის ფორმა და სტილი იმის შესატყვისია
რა ფორმა და სტილიც გარშემო მარტყია
 
VII
 
თქვენ იცით რაა გამბული კივილი
მგონი იცით 
იმის გამო რომ ფრთებზე ბორკილი დამადეს
მე ხორხიდან ამომდის ფრთები
ჩემი ტუჩებიდან გადმოსჩქეფს სიტყვის ჩანჩქერი
ჩემი ტუჩებიდან ამოიფრქვევა ფრთიანი კვალი
მე ვკივი ვკივი ვკივი
ჩემი ბიოგრაფია ისტერიული ბიოგრაფიაა
ჩემი პოემა ისტერიული პოემაა
ჩემი სამშობლოს ისტორია ისტერიული ისტორიაა
მე ისტერიული ისტორიის შემქმნელი ვარ
ასე დაალაგე პოემა ისე დაალაგე პოემა მეტყოდნენ
ეს ისე თქვიო ეს ასე თქვიო მეტყოდნენ
აქ ეს თქვიო იქ ის თქვიო მეტყოდნენ
ბევრ რამეს მირჩევდნენ და მირჩევენ კიდეც 
მე არავის არ ვუჯერებ
ჩემი სიტყვა ისტერიული სიტყვა
მე მიყვარს ისტერია
მე მხოლოდ ისტერია შემრჩა ხელში
ისტერიისას მე ვივიწყებ სიკვდილ-სიცოცხლეს
ისტერიისას მე ვინთები როგორც მზე
მე ვიცი მზე ღმერთის ისტერიაა
ჩემი ისტერია ჩემი ნატყვიარი სხეულია 
ჩემი ისტერია ჩემი ცეცხლწაკიდებული სხეულია
ჩემი ისტერია ცაში აფრენილი სულია 
ჩემი ისტერია ჩემს მიერ გახეთქილი ჭურებია
ჩემი ისტერია ჩემი უკვდავებაა
ჩემი ისტერია ჩემი სწორებაა ღმერთთან
ჩემი ისტერია ლახვარს ჩასცემს ხელოვნურობას და ხელისუფლებას
ჩემი ისტერია თავისუფალი საქართველოა
მე მიყვარს ისტერიული ხმლები და მუხები კლდებს რომ ხეთქავენ
მე მიყვარს ისტერიული სამასი არაგველი და ცხრა ძმა ხერხეულიძე
მე მიყვარს ისტერიული ქეთევან დედოფალი
მე მიყვარს ისტერიული მსოფლიო ორკესტრი
მე მესმის ისტერიული კივილი ვარსკვლავებიდან
მე მიყვარს ისტერიული ტანჯვა ჩემი ღვთაებისა ქრისტესი
მე მიყვარს ისტერია რასაც სამყარო ჰქვია
მე მიყვარს ისტერიული ბრუნვა პლანეტებისა
ისტერიული ისტორია რამაც ნეიტრონის ბომბამდე მიგვიყვანა 
მე მიყვარს ისტერიული გუგუნი დედამიწის გულისა
ისტერია სამყაროს საზრისია
მე მიყვარს ერი რომელიც ისტერიაშია იმის გამო რომ არ არის 
თავისუფალი
დიდება ისტერიულ ისტორიას ისტერიულ ისტორიას ისტერიულ 
ისტორიას
ჩემი გულის ისტერიასაც დიდება
მე მინდა მილიონჯერ გავიმეორო სიტყვა დიდება
და რადგან ამას ვერ ვახერხებ წლები სისულელედ მეჩვენება
მე ვარ ერთი გაბმული სიტყვა ჩემგან უსასრულობაში რომ გადის
ეს სიტყვაა დ ი დ ე ბ ა
დიდება ისტერიული სიტყვაა
ჩემს ბაგეს ამოსცდა ისტერიული სიტყვა დ ი დ ე ბ ა
ყველა ქართველის ბაგეს
ყველას საქართველოში მაცხოვრებელს
ერთხმად უნდა ამოსცდეს დიადი ისტერიული წინადადება
დ ი დ ე ბ ა  თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს
თავისუფლების მიღწევა შეუძლებელია ისტერიის გარეშე
ისტერია თავადაა თავისუფლება 
ზომის კაცებმა ეს იციან ამიტომაც მოგვიწოდებენ ზომიერებისკენ
ამიტომაც გვამწყვდევენ ჭურში
მე რომ გავთავისუფლდე
ჩემი ერი რომ გათავისუფლდეს
ჩემს ისტერიას ბოლო მოეღებოდა
მაშინ ჩემი ისტერია უაზრო იქნებოდა 
მაშინ ცა გაიხსნებოდა
მაშინ მე გონს მოვეგებოდი
და ფრენის ხალხი სიმაღლეებისკენ ავიჭრებოდით
 
IX
 
რაა რაღაც ათეული წლები
ჩემი სამშობლოს ისტერიულ ისტორიასთან 
რაა ჩემი ცხოვრების წლები 
ჩემი სამშობლოს ათასწლეულებთან 
რაა ჩემი სიცოცხლე
ჩემი სამშობლოს უკვდავებასთან 
მე მაშინ ვარ ქართველი
როცა ჩემში ჩემი ერის უკვდავება ეტევა 
ის ერი რომელიც ვერ გაუგებს ქართველს ერი არაა
ის ერთად შეყრილი ჯგროა
ვინც ჩემს ერს ვერ გაუგებს ის ერი ღლაპია
დასაბამით რამდენი ქართველი დაიბადა დედამიწაზე
ამით ვიანგარიშოთ მოსახლეობის რაოდენობა
ვისზე მცირერიცხოვანი ვიქნებოდი მაშინ
ჩემი ერი ღირსია თავისუფლებისა და მას მოიპოვებს კიდეც
ფრენისთვის დაბადებულმა უნდა იფრინოს კიდეც
მოდით ვიანგარიშოთ სამშობლოსთვის დაცემულთა მიხედვით
ვისზე ნაკლები ვიქნებოდი მაშინ
მოდით ვიანგარიშოთ მეფეების რიცხვის მიხედვით
ვისზე ნაკლები ვიქნებოდი მაშინ
მოდით ვიანგარიშოთ გმირების რიცხვის მიხედვით
ვისზე ნაკლები ვიქნებოდი მაშინ 
მოდით ვიანგარიშოთ პოეტთა რაოდენობის მიხედვით
ვისზე ნაკლები ვიქნებოდი მაშინ
დიდო ერებო მიფრთხილდით ნუ ჩამწიხლავთ
არაფრით არა ვარ თქვენზე ნაკლები
ძალა აღმართს ხნავსო ამბობთ თქვენ
მაგრამ ჩემს ისტერიასთან თქვენ არარაობანი ხართ
ჩემი ხალხი ისტერიული ხალხია
ამიტომაც ააგო მან ისტერიული მონასტრები და ციხე-სიმაგრეები კლდეებზე
ამიტომაც მოგვცა მან ამდენი დიდი ადამიანი
თუ ზედმეტად დაუნდობლები იქნებით ჩვენს მიმართ 
ჩვენ ფრენას ვასწავლით ჭურში მსხდომარეთ
ჩვენ ამოვფრინდებით ჩვენი ტუჩებიდან
და ისტერიის ქარ-ცეცხლში ბოლოს მოვუღებთ თქვენს ისტორიას 
დიდო ერებო იყავით ფრთხილად
დიდო ერებო იყავით ფრთხილად
დიდო ერებო იყავით ფრთხილად
 
X
 
რაა იმაზე დიდი უბედურება
როცა დიდი ერი ყლაპავს პატარა ერს
როცა მრავალრიცხოვანი ერი ფეხებზე იკიდებს მცირერიცხოვან ერს
მრავალრიცხოვანი ერი მცირერიცხოვანი ერის ხარჯით ცხოვრობს
მრავალრიცხოვან ერს არ აინტერესებს მცირერიცხოვანი ერი 
მრავალრიცხოვანი ერი მცირერიცხოვან ერს ასწავლის როგორ იცხოვროს
მრავალრიცხოვანი ერი მცირერიცხოვანი ერის შვილებისგან ქმნის მრავალ რენეგატს
მრავალრიცხოვანი ერი მცირერიცხოვანი ერის შვილებისგან 
ქმნის უზარმაზარ არმიებს
უზარმაზარი არმიები უსწორდებიან პატარა ერებს
უზარმაზარ არმიებს წვრთნიან დიდი ჩინის გენერლები
რათა მათ დააშოშმინონ პატარა ერები
მიუხედავად იმისა პატარა ერებს სურთ თუ არა
რომ მათ აშოშმინებდნენ
დიდი ერები რყვნიან პატარა ერის პატარა შვილებს
დროთა განმავლობაში პატარა ერებს ძალა ეშრიტებათ 
დიდი ერები ამით სარგებლობენ
დიდი ერის შვილები თავზე ხელს უსვამენ პატარა ერის იმ შვილებს
რომლებიც ღალატობენ თავიანთ ერს 
დიდი ერის შვილები გაუგებარ მდგომარეობაში აგდებენ
პატარა ერის შვილებს
მრავალრიცხოვანი და მცირერიცხოვანი ერი საერთოს ვერ გამონახავს
თუ მათ შორის არ იქნება თანასწორობის პრინციპი 
დიდი ერი სპობს პატარა ერის სულიერ პოტენციას
პატარა ერებს ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ 
დიდი ერების პატარა ერებისადმი უპატივცემულობის ნიმუშია 
კაცობრიობის ისტორია
ხშირად ერები თავიანთ უბედურებას ადამიანს აბრალებენ
ერი შედგება ადამიანებისგან
ადამიანი ადამიანი ადამიანი 
საერთოდ ადამიანი ხშირად ვერ ხედავს სადაა ჭური და სადაა სივრცე
ადამიანი უფრო ხშირად ჭურში ზის
ჩვენ ჭურში ვსხედვართ
ჭურში ჯდომა ძალიან ხშირად ჩვენი პროფესია ხდება
 
 
 
 
ძვლები
 
ზურაბ ქართველიშვილის ხსოვნას, რომელიც დაკრძალვიდან 
18 წლის შემდეგ გადაასვენეს დედამისის გვერდით, ახალ სასაფლაოზე. მისი გარდაცვალებით ჩვენს სიჭაბუკეში პირველად შემოვიდა სიკვდილი. 
 
 
I სასაფლაო
 
რა მნიშვნელობა აქვს, 
სად დამარხავ ძვლებს _ 
ხორცში, მიწაში თუ სარკოფაგში. 
ნეტავ ვინ მიყვარს, 
როცა მიყვარს
შენი ძვლები
დამარხული ორიოდ ადლზე. 
 
ძვლებსაც ჰქონია
თავისი სითბო
(ასე უთქვამთ),
რომელიც ღამით გტოვებს შენ
და პატრონს დაეძებს, 
დაწანწალებს, ვერ უპოვნია
და ვერც იპოვნის. 
 
ძვალი ყველაზე 
ხანგრძლივად რჩება წუთისოფელში. 
 
სადა ხარ ახლა?
 
მარმარილოს შეუნახავს პორტრეტები
და ორიოდე საუკუნეა საჭირო, 
რომ ისინიც ქარმა წაშალოს. 
 
ძვლებმა ყველაზე კარგად იციან
თავიანთი მოვალეობა _ 
შეიბურებიან, 
რადაც არ უნდა დაუჯდეთ. 
 
იქნებ ძვლებშია, 
ღრმა საიდუმლო?
ის ჯერ ერთგულად მოისხამს ხორცს, 
თავის ტანსაცმელს, 
მერე მასაც გამოიცვლის
და დედამიწას მოირგებს ტანზე, 
როგორც ბერი ნესტიან სენაკს:
_ არ გამიბედოთ შეწუხება _ 
ყვირის იგი მიწის სიღრმიდან
და ბერიც ხომ იგივეს კივის:
_ არ შემაწუხოთ, 
მე ხომ ქრისტეში ვარ ჩამარხული!
 
 
II რატომ წუხდებით
 
დავინახე, 
შენს ძვლებს როგორ შერცხვათ სინათლის, 
ისინი ხომ თვრამეტი წელი 
ბნელით ითბობდნენ მიწასთან ერთად
საკუთარ თავსაც. 
 
შენს ძვლებს შეეხო 
ახლობელის თბილი თითები 
და ამისაც შეგრცხვა:
_ რატომ, რატომ წუხდებითო _ ამოიკვნესე, 
თუმც ისინი გისრულებდნენ იდუმალ სურვილს, 
დედაშენმა რომ ამოთქვა სიკვდილის წინ, 
სულთაბრძოლისას. 
 
ვაი, როგორ გაუძარცვიხარ დედამიწას, 
მისხალიც კი არ შეგრჩენია შენი ხორცისგან, 
რა გულმოდგინედ უმუშავიათ...
_ ჰო, ვერც გავიგე, 
ისე გამაძრო დედამიწამ ხორცის სამოსი
ჭია-ღუათა უსათუთესი საცეცებით
და ჩემს ძვლებთან დამტოვა მარტო, შიშველი, 
უფაქიზესი ნესტის ამარა. 
 
და შენ წაგიღეს იქ, სადაც აწი
ვეღარავინ ვერ შეგაწუხებს, 
შენი მშობელის ძვლების გარდა, 
შენზე უმცროსიც რომაა სიკვდილის წლებით
და იქნებ სულაც შენი იყავი 
მშობელი დედაშენის სიკვდილის.
 
შენი ძვლები იგემებენ
დედაშენის ლპობადი ხორცის 
უცნაურ სურნელს
და ამით, ალბათ, გაიხანგრძლივებთ 
ერთმანეთის სიკვდილის ასაკს. 
 
იქ ალბათ სიკვდილს უფრთხილდებიან. 
 
ჰო, შენ წაგიღეს
და აქ დატოვე უპაგტრონოდ შენი საფლავი, 
თვრამეტი წელი ერთგულად რომ მოგემსახურა. 
 
 
III ცხოვრება გრძელდება
 
(ფიქრები სასაფლაოს მოსაზღვრე მამულში)
 
მაგიდაზე ჯერაც აწყვია
სანახევროდ დაცლილი დოქი და ჭიქები, 
თითქოს მამულში
ჩემი მოუსვლელობით გაბრაზებულ დღეებს 
ძველი სკამები მიმოუყრია. 
 
უცნაურია, მე თითქოს ვამჩნევ, 
რომ ეს სკამები სულაც არაა მიმოყრილი, 
ყველანი თითქოს ისევ ვსხედვართ
და წარსული დღეების ცოდვებს 
სიმღერასა და სიტყვებში ვახრჩობთ. 
ცოდვა ხომ წლებით არ იზომება _ 
ო, ეს მდიდარი მზითვი, 
დაუნანებლად რომ გამოგვატანეს
სიცოცხლისთვის მათ, 
რომლებმაც კარგად უწყოდნენ ცოდვების ფასი. 
ჩვენს ცოდვებს უნდა შეეწიროს ცხვარი, 
რომელიც დაკუნტრუშობს 
გალაღებულ ბალახებს შორის. 
 
ვერ ვპატრონობ ხეირიანად მე ჩემს მამულს, 
ატამიც კი სეტყვასავით ეხლება მიწას, 
მიწას, რომელსაც მონატრებია 
დაჩლუნგებული ბარის პირი 
და მზრუნველი ხელი. 
 
ადგილის დედა
მადლობას მიხდის, 
რადგან ვაღირსე თავისუფლება, 
გალაღებულა და მანახებს ველურ ბუნებას _
ადრე ნაბარავ და ფხვიერ მიწაზე, 
ამჟამად რომ გამკვრივებულა, 
გადაუცვამს ის პირველი სამოსელი, 
რომლითაც ჩვენ შემოგვეგება
ამ ადგილის შემომსაზღვრელებს
ჯერ კიდევ როდის. 
 
ბირკა, აბზინდა. 
ეკალ-ბარდებში, ვხედავ, გდია 
ძაღლის მიერ შემოთრეული ცხოველის ძვალი. 
აშვებულ ცხვარს და მეზობლის ქათმებს
მოუკორტნიათ ნამყენი ვარდის ყლორტები. 
 
მეჩვენება, სუფრის გარშემო 
ისევ ვსხედვართ უკლებრივ
და წარსულ დღეებში იძირება ჩვენი სხეული, 
გამცემლებივით რომ უარვყავით, 
თითქოს ახალ დღეს რაიმე მოაქვს.
ჰო, დღეებში ვასამარებთ წუთებს, 
რომლებიც ერთგულ ყრმებსავით მოგვემსახურნენ:
რომელ გველეშაპს გაუვარდა პირიდან ძვალი, 
რომელსაც ჩვენ მთვარე დავარქვით, 
მთვარე, რომელიც ჩვენს სიყვარულს
აღარც კი ჰგუობს?
ო, რა მარჯვედ მოიხელთა ახლა იგი მკლავებში ღამემ, 
რათა დილამდე მოასწროს მისი გამოხრა. 
 
რატომ გვგონია, რომ ყოველ ღამეს, 
ერთ და იმავეს ვუყურებთ მთვარეს?
თვალებზე მაინც დაუკვირდეს ვინმე, თვალებზე
და მათ გავარჩევთ ერთმანეთისგან
წუხილის მთვარეს, 
ერთგულების და ღალატის მთვარეს, 
სიყვარულის და სიბილწის მთვარეს. 
ან იქნებ სჯობდეს, 
სულაც თვალები დავითხაროთ
და მხოლოდ ასე შევხედოთ მთვარეს _
მაშინ ხომ მეტს დავინახავდით?!
 
დედას სძინავს სულ სხვა სოფელში;
მანძილმა ნუთუ მოინელა ჩვენი განცდები? _
ისე ეულად დავრჩენილვარ მე ჩემს ფიქრებთან. 
 
კვლავ მახსენდება ის დღეები, 
რომლებიც ჩემით გადავარჩინე, 
სხვებს ისინი აღარც კი ახსოვს
და მიკვირს, მიკვირს, 
რატომ გავხდი გაუმაძღარი, 
ჯერ ძვლებიც ვერ მოვინელე, 
და უკვე ახალ დღეებს დავეძებ?
იქნებ ჩვენ ვართ ის არსებები, 
საუკუნეებს რომ ვახვევივართ
და ვერაფრით ვერ გამოვხარით?
იქნებ ესაა, 
ათასწლეულთა წინაშე 
ერთადერთი დანიშნულება 
და ეს ტაძრები
გზებზე და მთებზე რომ აუგიათ, 
საუკუნეთა გაშიშვლებული 
ძვლებია მხოლოდ?
ვისი სიმღერა აღწევს ჩემამდე?
იქნებ ჩვენი გულახდილობის 
პირფერობას და დავიწყებას რომ გაექცა, 
შორს მოციმციმე ერთ-ერთ ვარსკვლავზე
და ახლა კი მე მიბრუნდება?
 
სატრფოვ, სჯობდა, 
ვყოფილიყავ შენს ხელისგულზე დავარდნილი
ხორბლის მარცვალი, 
რომ დაგენახე,
რადგან, რატომღაც, 
ვეღარც კი მამჩნევ. 
ძვლებმა აისხეს შენი არსება,
საუკუნეთა ამ ფერუმარილმა. 
შენი ტუჩები მღერიან ფიქრებს, 
ძვლებისგან რომ გადმოიღვარა აქ, სუფრაზე, 
მეგობრებს შორის, 
რომლებიც ღრმად ჩაფიქრებულან. 
რამ დაადუმა ნეტავ ისინი?
მიწას ისევ დაეხეთქა მწიფე ატამი
და სადღაც ძაღლმა ატეხა ყეფა. 
ცხვარმა ალოკა ხელისგულიდან 
ქვამარილი.
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.