• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ის ვინც მიყვარდა

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 16 ივნისი, 2020 1972
შეიძლება მოხდა - ვცდილობ მომხდარი წარმოვიდგინო
დრო უნდა შეიკრას ერთი ტოტის გარშემო
ტოტი უნდა იქცეს კუნძად და ტივტივებდეს წყალში
მე უნდა მოვექცე კუნძის კიდეზე
ფრჩხილებში სოკოები იზრდებოდნენ
მიწა ნესტიანი იყოს და გადამფრენი ჩიტები სერავდნენ ღრუბელს
შორიდან მოჩანდეს დილა
როგორც რეალობის ვირტუალური რედაქცია
ყოველი ახალი სიტყვის მიღებაზე
ქვიშის წვიმების სეზონი დგებოდეს
ნაპირებთან  ირიყებოდეს მამონტის ეშვები
კაცები იდგნენ ნიჩბებით ხელში  მათი ოფლის გუბეებთან ჩიტებს ეძინოთ
ის ვინც მიყვარდა ენით მარილს ლოკავდეს
მთელ ტანზე ფოსოები და გარეული პიტნის ფოთლები ეზრდებოდეს
ის ვინც მიყვარდა იყოს  როგორიც მახსოვს 
დამავიწყე რაც მერე მოხდა
არ მინდა მახსენდებოდეს რაც მერე მოხდა
კირით და გაჯით ამოლესე ეს ყრუ კედელი 
აღარ დაგეძებ არც შიში მაქვს არც მოლოდინი
ვერ ვიმახსოვრებ საით მიედინება ეს მდინარე
ან სათავეს რომელი მხრიდან იღებს
ვერ ვგრძნობ დრო წინ მიდის  უკან
ვერ ვგრძნობ გასხვავებას წარსულსა და მომავალს შორის
არ მესმის  სიტყვების მნიშვნლობა
ეს არვიცი  ენა
შეიძლება  მოხდა 
ამის რამდენიმე უტყუარი მტკიცებულა არსებობს
ვცდილობ ამომავავსო სიცარიელე
შიგ  უამრავ ნაგავს ვყრი
ყველაფერს რაც მხვდება 
ვაგროვებ ვინახავ ვაარქივებ
მოვა დრო დიდი წვიმების სეზონი
გრძელი  ღამეები
გამოვალაგებ გადავხედავ ცრემლი დაფარავს 
მთელი დღეები ვვარაუდობ რა უნდა მოხდეს
დრო ასე შეუმჩნევლად გადის
ის ვინც მიყვარდა  წყალს უმღერის
შეიძლება მოხდა  მე ვეღარ ვიხსნებ
ის ვინც მიყვარდა ბალახებში  წევს
ხელს ცისკენ იშვერს
ვუძახი 
ის ვინც მიყვარდა იკარგება დროში სივრცეში
გამოვემწყვდიე ყრუ კედელში
რომელსაც ქარი არწევს მივცურავ
საით წინ უკან თუ უძრავად ვდგავარ
ვეღარ ვგრძნობ
 
 
 
 
ილუსტრაცია: მანუჩარ ბენდელიანი
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული