• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლექსები შორიდან

×
ავტორის გვერდი რატი მეტრეველი 24 მაისი, 2020 2442
I
 
მე გკვებავთ ჩემით,
მაგემოვნებთ როგორც ისურვებთ, 
განა რა დავრჩი?
არაფერი, 
გარდა იმისა,
რასაც კბილ-კლანჭი,
ჩანგალ-დანა არ ეკიდება.
ქვაზე ვდებ ამას,
ჩამოვლილებს წინ რომ შემოგხვდეთ.
ეს ხმა სივრცეში გაიფანტა,
გაჰყვა ვარსკვლავებს,
ძლივს მოვიხელთე,
როგორც თევზი შიშველ ხელებით.
როგორც ხელისგულს ქარის დაკვრა.
და აი, ისიც,
გადავედი სიცარიელეს.
ვცოცხლობ წამებით, 
გული ბოლომდე დაგაწურეთ,
ჰო, და კიდევ დარჩა სიტყვები.
ამასაც აქ ვდებ, იმავ ქვაზე,
ჩამოვლილებს რომ წინ შემოგხვდეთ.
 
II
 
ძაღლის ქუჩიდან წმინდა ანას ქუჩაზე მოვხვდი,
ძველ გალავანში – დარაბები, როგორც თვალები დახუჭული,
ან მოჭუტული, მობუტბუტე მტრედებით სავსე. 
დამშრალ წყაროსთან ცხვირგატეხილ ლომის თავს ვუცქერ
და ნაცრისფერი, დაბზარული ცა ჩამომტირის. 
არავინაა. 
გათლილ ქვებზე გადარბიან მხოლოდ ხვლიკები.
ჩემი სახიდან დაძაბული თვალების გარდა, არაფერი აწუხებს ქუჩას,
თითქოს უფსკრულში მობაგუნე, რიტმარეული, მოფართხალე არ იყოს აქვე.
ჩემგან ცვივიან ათასწლეულები, ატყდებიან ცარიელ ქუჩას. 
ამ თვალებიდან უამრავი იცქირება ცნობისმოყვარე.
ჰო, მე აქ ხომ ლაშქარით მოველ, 
მე ბევრი ვარ, მარტო მდგომი დამშრალ წყაროსთან. 
ძაღლის ქუჩიდან წმინდა ანას ქუჩაზე მოვხვდი.
 
III
 
მარტო დავრჩი მოღიღინე ჩაიდანთან, 
დავითვალე დაორთქლილი წამები.
როგორც კნუტი გახვეული თბილ ნაჭერში, 
მიცქერენ შენი მუქი თვალები.
იბნევიან დავიწყებულ სიზმარივით,
მოღვენთილი, მოჩურჩულე ბგერები,
ალბათ მოხვალ, თავს დამადებ მხარზე ისევ,
რომ ვიცეკვოთ ვალსი უზარმაცესი.
მარტო დავრჩი მოღიღინე ჩაიდანთან, დავითვალე მოშიშინე წამები.
 
IV
 
ბნელში ირხევიან,
ირწევიან, 
შავი ცისკენ გაშვერილი შუბის წვერებივით.
წვიმით გაჟღენთილი,
შორეული შუქით მოციმციმე,
ოხშივარადენილი,
ხორკლიანი ზედაპირებით.
ირწევიან სახურავებთან.
ქარი – სახეში, 
ჭუტავს თვალებს,
აჩქარებს ნაბიჯს,
მიმარბენინებს მოჭრიალე გოლიათებთან.
ისინი მტკიცედ, ერთ ადგილზე ებრძვიან ქარებს, 
არ შრიალებენ, არ ფარავენ მიწას ფოთლებით,
არ გარბიან, არ გაურბიან.
ბნელში ირხევიან, ირწევიან
შავი ცისკენ შუბის წვერებივით
კვიპაროსები.
 
V. 
თვლემა
 
ცას დაფლეთილი ღრუბლებიდან მოუჩანს მთვარე.
მინაზე ჩუმად მიგორავენ მსხვილი წვეთები.
ბნელში კატები აკვესებენ სარკისებრ თვალებს,
შორს, მთებთან სივრცე იზმორება, იწყებს ნათებას.
გრძელი წამები – თითქოს წამწამები.
თითო ჩასუნთქვა, უფრო მშვიდი,
უფრო ჩუმია.
უძილობიდან ამოყვინთულ უცნაურ ფორმებს, 
საგნებზე უყვართ გადაფენა,
გადამრავლება.
სულ ოდნავ თრთიან შორს წასული, 
ამორფული სიზმარ-ფიქრები.
სხეული უკვე შეუერთდა სამყაროს თახთახს.
ასე ხომ მაინც მოვალ შენთან,
ახლოს ვიქნები.
ლამაზსახელას დაგტრიალებ მძინარე თავთან.
ღამეს გახეულ საბანიდან მოუჩანს მთვარე.
 
VI
 
შიში
 
ძველი გალავნის კიდეებზე
დუმან მტრედები.
დანისლულ ქუჩებს თვალი იკვლევს ხელის ცეცებით.
ბნელი მძაფრდება,
ნაბიჯები – თითქოს ჰაერში.
კიბესთან მისულს - დაბზარული საფეხურები.
ამაოდ ცდილობ დაემალო,
გიპოვის ყველგან.
ვერაფერს გშველის
შეშინებულ ბაჭიის სახე.
მარდი ფეხები, სიყვარული თავისუფლების,
აქ ამაოა, რადგან
კოსმოსში ჩავარდნილი ამ პლანეტიდან
შენ, ასეთ წერტილს, 
ქვიშის მარცვლის მაგვარ არსებას,
ჩამოგცქერიან
გაყინული ღამის თვალები.
 
VII
 
ფეხქვეშ ხრაშუნებს, ხრიალებს, იფხვნება, 
დაკრუნჩხული, დაგრეხილი, შავ-მოყავისფრო.
მწვანედ ირხევიან სოკოდაყრილ, 
მოჭრიალე, ტოტებდაგრეხილ გიგანტებთან.
დინებას მიაქვს ნაფოტები.
წყალში ჩრდილებად დაცურავენ,
ირხევიან დაშლილ მორებთან,
გვერდს უვლიან ჩაყრილ ანკესებს.
მიწა რბილია, თბილი, შავი.
მოხრაშუნე ფეხებით ვდგები.
მსურს დაინახო, გაიხედო ჩემი თვალებით, 
განიცადო ბგერები, ჩქამი, 
სიჩუმემდე მისასვლელი ვიწრო ბილიკები. 
რიტმი მკერდიდან, 
ყეფა შორიდან მოისმის 
და არღვევს წყლის ჩხრიალს.
სხივები კვეთენ ჭავლს, ანათებენ,
მოლიცლიცე, მსუბუქ მორევებს,
დაგიძახებდი... მაგრამ, აქ ხარ,
მოსულხარ ჩემთან, 
ამიტომ ვიღებ ხელისგულებს,
რომ დაინახო, შეისუნთქო,
განიცადო, შეიგრძნო ყოფნა.
მოდი, ვიაროთ, ვაშარიშუროთ,
ვახრიალოთ გამომხმარი,
ჭრელაჭრულა ხმელი ფოთლები.
 
VIII
 
ერთი კუთხიდან – მეორესკენ,
ქუჩიდან ქუჩა.
ყელში გაჩხერილ ბურთს ვერ ყლაპავს
გამშრალი ყელი.
ცას დაბრეცილი, მოყვითალო მთვარე მოუჩანს.
მომყვება ჩრდილი,
ხან კედლებზე, ხან სველ ფილებზე.
ხანაც ფოთლებზე, ფიცრულებზე გადაფოფრილი.
რაც იყო სავსე, თითქოს არის ეხლა დაცლილი,
რაც ყვავილობდა,
ჩამოლპა და შეჭამა მიწამ.
ის ხელებს იშვერს, ეხვეწება ცას დაყრუებულს, 
თავზე, ხელებზე დახუნძლული შავ-თეთრ მტრედებით.
ვეღარსად მიდის, დგება ფეხი მრუმე ქანდაკთან, 
ხელისგულები ეყრდნობიან ხორკლიან ფიცარს.
ერთი კუთხიდან – მეორესკენ,
ქუჩიდან ქუჩა.
 
IX
 
ახლა ქარი ვარ,
ცივი ქარი ცარიელ ქუჩებში.
ვაშიშვლებ ხეებს,
ფოთლებს ვაყრი მოხუცს თვალებში.
სუნთქვა ვარ,
უსხეულო,
მოჭრიალე ფანჯრების,
ჩამსხვრეული მინების.
ასე ვერთობი.
მერე რა, რომ მემალებით.
ვიცქირები მე თქვენს სახლებში,
ვეძებ ნაპრალებს შემოსაღწევად.
მეყოფა ძალა, 
რომ მოვიდე,
აგიჩეჩო ლამაზი თმები?
ახლა ქარი ვარ,
ცივი ქარი,
მოზუზუნე
აკაციებში.
 
X
 
ამ ზამთრის ღამეს,
შენ თუ უწყი 
ყველა ნაბიჯი,
რაც გადამიდგამს,
თუ ყველა ღერი
დათვლილია
ჩემს თავზე თმები,
თუ თქვი და გაჩნდა,
მერე ამის იხილე
ბოლო.
ან რომ გუბეში
ფეხს ჩავკრავდი,
უწყოდი ესეც.
მაშინ მითხარი,
რატომ გვტანჯავ,
დაგვატარებ
აღმა და დაღმა,
რატომ გსურს,
რომ ჯერ 
გავიხრწნა
და მერე 
ისევ წამომაყენო,
მითხარი, რატომ? –
ფეხმომტვრეულმა
დაიყმუვლა თითქოს
ეს ძაღლმა,
როდესაც მწარედ
მიახეთქეს ხორკლიან
კედელს.
ან იქნებ არ ხარ? –
ჩაიწკავწკავა.
სველ, მიწებებულ
ქვიშის გროვებს,
დაღარულ მიწას,
ფოთლებშეზელის,
წყლის სუნი ასდის
და ზამთრის ღამეს
ისევ ვადგამ
დათვლილ ნაბიჯებს.
 
 
2019
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული