ჩერმენას დაბრუნება





პროზა

ჩერმენას დაბრუნება




I.
ჩერმენა პირველად ფეისბუკზე დაბრუნდა: თანაკურსელებმა გავიხსენეთ ფიზკულტურის მკვირცხლი ლექტორი. ფიზკულტურა მეორე კორპუსის სარდაფებში გვიტარდებოდა და შუახნის ჩერმენა იქიდან შემომრჩა ერთი დაუვიწყარი წახნაგით: შეჭმუხნულ-გაფშეკილი წარბებით მოცადად, ოსტატურად ახტუნებდა სტუდენტ გოგონებს იმ უშნოდ გაჩაჩხულ ოთხფეხა სპორტულ დანადგარზე, რომლისთვისაც დამსახურებულად დაერქმიათ „დვირი“. ერთხელაც თვალი მოვკარ, როგორ გაეჭედა დვირზე ერთი, მოქნილი, გიტარისებური ტანით, ჩაბჟირდა და თან თოთო ბარკლები აასხმარტალა. ჩერმენა კი ჩვეულებრივი სერიოზულობით, ოდნავ შემკრთალი, მზრუნველად ეხმარებოდა მას სიმაღლის დაძლევაში... მგონი თვითონაც გაიხსენა ხტუნიამ ეს ძველი ამბავი და ატყდა ერთი მიწერ-მოწერა; სხვებიც შეგვეხმიანნენ, შვილების თაობა, რომელთათვის ათეულობით წლის მერეც უსწავლებია ჩერმენას ფიზკულტურა და ასე აღმოვაჩინეთ ერთობლივად ჩვენი მარადიული ჩერმენა. ვიღაცამ ჩერმენას ეთნიკური კუთვნილებაც დააზუსტა და ამასთანავე, საქართველოს პატრიოტობა: თურმე ძალიან გულშემატკივრობდა ჩვენი ჩერმენა  ჩვენს ერთობლივ პატარა სამშობლოს და სტუდენტებთან ერთად ყოფილა ჩაბმული  ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნებისათვის გამოსვლაში თუ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სხვა ზიგზაგებში. ეს ყველაფერი ისე, სიტყვამ მოიტანა, მთავარზე კი ქვემოთ!
 
II.
ჩერმენა ბოლოს მოულოდნელად გამოჩნდა ჩემი ბავშვობის ნასოფლარში. ნასოფლარიც იყო იქ უკვე და ნაწუთისოფლარიც. კალოს წინ, მდელოზე, ერთადერთ სწორ ადგილზე გაჩნდა საიდანღაც. თავისი განუყრელი დვირიც იქ ედგა, მაგრამ მხოლოდ იმ ერთსღა ავარჯიშებდა. ის ერთი ვინმე კი დროდადრო იჭედებოდა ისევ, თან სხმარტალებდა და სიცილისაგან იგუდებოდა. ბოლოს კი ჩერმენას გულმოდგინების წყალობით, ყველაფერი ისევ წარმატებით ანუ სკუპით მთავრდებოდა.
რაღა დაგიმალოთ და სივრცე, სადაც ჩერმენა მოგვევლინა, არამხოლოდ ნასოფლარი და ნაწუთისოფლარი, არამედ უკვე ნასამყაროვალიც იყო. სამყარო უკვე აღარ არსებობდა და ბუნებრივია, მასთან ერთად დრო-სივრცეც გამქრალიყო, ნადროსივრცევალიღა შემორჩენილიყო. ამიტომაც ვყვები ამ ამბავს პირობითად წარსულში. უცნაური კი აქ მხოლოდ ისაა რომ დრო-სივრცის რაღაც ნაფლეთი მაინც შემორჩენოდა იქაურობას ჩემი ბავშვობის სახლის ირგვლივ, თავის გასადევარ-გასახედიანად. მთებიც ისევ ჩანდა გარშემო, ტყეცა და ტყეში ალაგ-ალაგ სალი კლდეებიც. მაგრამ იმათ მიღმა აღარაფერი დაიმზირებოდა. არ ვიცი რა დაერქმეოდა მეცნიერულ ენაზე ამგვარი გამონაკლისის ნაფლეთურ ყოფიერებას: დრო-სივრცის კონტინუუმი? ასი ტრილიონი წელი გასულიყო უკვე. ეს შედარებით დიდი დროა თუ გავითვალისწინებთ რომ სამყაროს გაჩენიდან მეორე კორპუსის იმ სხმარტალაობამდე, მე რომ ჩამებეჭდა, სულ რაღაც კინკილა 13, 8 მილიარდი წელი მინავლულიყო. მაინც გავიდა, მიიიილია ეს წარმოუდგენლად ვეებერთელა დრო ანუ 100 000 მილიარდი წელი და  მთელი კოსმოს-სამყაროც თან წაიღო, ამოიღლიავა ის ჩვენი საგალაქტიკეთი დრომ და სადღაც გადამალა.
 
III.
მე და სხმარტალა ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრებით ვცხოვრობდით, ვუვლიდით სახლ-კარს, კარ-მიდამოს და ერთმანეთთან ყოფნით ვტკბებოდით. ერთადერთი ცოტა ის გვასევდიანებდა, მაღლა რომ ცა აღარ გვეფარა; ამიტომ სახლში ჭერს მივახატეთ ნამდვილი ცა თავის ვარსკვლავებიანად. გარეთ ცას ვერ იპოვიდით. ცის ნაცვლად მკვეთრი ყვითელი გადაჰფენოდა მაღლაურობას. როცა ეს დიდი მზისფერი სიყვითლე კამკამებდა, ვიცოდით რომ დღე იყო, როცა იყუჩებდა და მიმუქდებოდა - ღამე. ბუნებრივია, აღარც მზე-მთვარე და ვარსკვლავები დაგვნათოდნენ; ნამზე-ნამთვარევალ-ნავარსკვლავარში ერთმანეთს ვემზე-ვემთვარეობდით. იმ ცნობილი 200 მილიარდი გალაქტიკიდან ერთი პატარა ძუძუსხელა გუნდაღა დაფრინავდა მაღლა. ეს გუნდა, დაუღალავად რომ დაქროდა ჩვენი კონტინუუმის ირგვლივ და ხანაც თვალს მიეფარებოდა ხოლმე, ხელისგულზე კარგად მეტეოდა. გავწვდიდი თუ არა ხელს, მაშინვე მოფრინდებოდა,ზედ ჩამოისვენებდა და ნაზად ფეთქავდა. ზუსტად რომ გითხრათ, იმხელა ძუძუსოდენა იყო, 75 C ლიფს რომ ირგებს.  
 
IV.
ჩვენ ორნი სულაც არ ვიმჩნევდით 100 ტრილიონი წლის გასვლასა და  სამყაროს გაუჩინარებას. მე მეტწილად ადრე ვდგებოდი და ჩვენ აღმართ-დაღმართ ეზოში ვფუსფუსებდი, ხტუნიას კი ცაზე კაშკაშა მზისფერის გადაფენამდე უყვარდა ძილის გაბრტყელება. მერე ცოტას ლოცულობდა; ხატებიც გვეკიდა კუთხეში, როგორც აღმოსავლურქრისტიანულ ტრადიციას შეეფერებოდა. იცოდა მომწონდა და მეტწილად მეგრულ ცხარე-ცხარე საჭმელებს მიკეთებდა, ზოგჯერ კი თავის საყვარელ გურულ ღვეზელებსაც აცხობდა; ხინკლის მომზადება კი ხომ იცით რა შრომატევადია, ამიტომაც ხინკალაობისას ორივენი ერთად ვირჯებოდით და ესაც ისევე ლამაზად და აწყობილად გამოგვდიოდა, როგორც დანარჩენი ერთობლივი სიამენი. 
 
მარტი-აპრილი, 2020, ფშავი.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.