• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

გლობალური პოლიტიკა კვლავ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა

×
ავტორის გვერდი მატიას ჰერდეგენ 13 მაისი, 2020 1709

კორონას პირველი გაკვეთილები: უსაფრთხოება კვლავ იქცა საერთაშორისო წესრიგის ძირითად თემად. ეკონომიკის ხანგრძლივი ქმედითუნარიანობა არა მხოლოდ ფუნქციონირებადი ჯანდაცვის სისტემის წინაპირობად იქნა აღიარებული.

ხანგრძლივი კრიზისი, რომელმაც პანდემიის შედეგად მთელი მსოფლიო მოიცვა, მკაცრი გამოცდაა არა მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოების ეფექტურობისთვის, არამედ - საზოგადოების მონოლითურობისა და შინაგანი ერთიანობისთვისაც. ის სეისმოგრაფის როლსაც ასრულებს, რომლის მეშვეობითაც დადგინდება, სად გაჩნდა ნაპრალები რეგიონულ სისტემებსა თუ მთელ მსოფლიო წესრიგში. მართალია, ჯერ ადრეა ამ კრიზისიდან სწორი დასკვნების გამოტანა, მაგრამ უკვე გამოიკვეთა გარკვეული პრობლემური ზონები და შესაძლებელია სამომავლო სტრატეგიების ზოგადი მონახაზების ჩამოყალიბება.

„ძველი“ ევროპის თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო, მთელი თავისი ძალადობის რთული სისტემით შეზღუდვაზე მიმართული, მნიშვნელოვნად ქმედითუნარიანი აღმოჩნდა მაშინაც კი, როცა მან ცალკეულ ინდივიდთა თავისუფლება და - მთლიანად ეკონომიკური ცხოვრების მიმდინარეობა ხელყო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

 

ნაპრალი პიროვნულ თვითიდენტიფიკაციაში

 

აქა-იქ გაისმის მათი შეშინებული ხმები, ვინც მტკივნეულად განიცდის მოცემულ პირობებში თვითრელიზაციის საშუალებების მნიშვნელოვნად შეზღუდვას და ხმას იმაღლებს ასეთი ზომების წინააღმდეგ, ან სულაც ადამიანურ ღირსებაზე დამყარებული თვითიდენტიფიკაციისა და თვითრეალიზების უფლებას ანიჭებს უპირატესობას, იმ ადამიანთა მეორეხარისხოვან არსებობასთან შედარებით, ვინც მომეტებული საფრთხის პირობებში დაცვას საჭიროებს. თუმცა, განსაკუთრებულ ვითარებაში თავდაცვის ისეთ მექანიზმს, როცა ადამიანურ ღირსებას „უბრალოდ სიცოცხლესთან“ შედარებით უპირატესობა ენიჭება, თავისი ტრადიცია აქვს. ამაზე მეტყველებს ტერორისტის მიერ გატაცებული თვითმფრინავის (როგორც 2011 წლის 11 სექტემბერს) ჩამოგდების აკრძალვა ანუ თვითმფრინავის უდანაშაულო მგზავრთა ღირსების დაცვა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად. ასეთი აკრძალვა კანონმდებლობით არის დაწესებული გერმანიაში - მხოლოდ გერმანიაში. გამოდის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საუკეთესო ადგილია ასეთი ტერაქტის განსახორციელებლად (თუმცა, ტერორისტები, ალბათ, არ კითხულობენ კანონებს).

ტენდენცია, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ისეთი საჩოთირო, თუმცა ქმედითი ზომების გამოყენება, როგორიც არის შეიარაღებული ძალების ჩართვა საგანგებო ვითარებების, მათ შორის ტერორისტული აქტების, შემთხვევაში, კარგად ჩანს იმაშიც, რომ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მთელი ფედერალური კაბინეტის ერთიანობა. შესაძლოა, ბოროტმა ენებმა კონსტიტუციონალისტთა მთელი თაობებიც კი ამხილონ არაადეკვატურ ლოიალურობაში. საბედნიეროდ, პანდემია არ მოითხოვს იარაღის ძალით ადამინთა სიცოცხლის დაცვას. აქ, შესაძლოა, უადგილო არ იყოს 1962 წლის ჰამბურგის წყალდიდობისას ბუნდესვერის ძალების გამოყენების თამამი მოთხოვნის გახსენება, რასაც არ შეურყევია ძირითადი კანონის ავტორიტეტი. დღესდღეობით ამ კანონის ნებისმიერი საკამათო განმარტება მის დარღვევად აღიქმება, მიუხედავად იმისა, გამართლებულია თუ არა ასეთი განმარტება. კრიზისის პირობებში საზოგადოების მდგრადობა კონტრასტს ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის კრახის მომლოდინეთა თითქმის პანიკურ შიშთან.

 

პანდემია მხოლოდ უნგრეთში იქცა ძალაუფლების საზღვრების მნიშვნელოვანი გაფართოების იარაღად

 

დღესდღეობით კრიზისისი მართვა გერმანიაში არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ „ვითარების სერიოზულობა უგულებელყოფილია სახელწიფოს მიერ“ (იოჰანეს გროსი). ევროპაში იმის შიში, რომ მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს კრიზისი, როგორც „აღმასრულებელი ხელისუფლების ხანა“ და გააფართოვოს თავისი ძალაუფლება, მხოლოდ უნგრეთში გამართლდა. იმ ფართო უფლებამოსილების პირობებშიც კი, რომელიც მიენიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონით ინფექციისგან დაცვის შესახებ (ამ კანონის ავ-კარგობაზე შეიძლება სერიოზულად და დაწვრილებით ვიკამათოთ), მართვის მთავარი პულტი მაინც პანდემიის ეროვნული მასშტაბის საფრთხედ გამომცხადებელ პარლამენტს უპყრია ხელთ.

გლობალურ დონეზე წარმოჩინდება პოლიტიკური რეალიზმის ჩვეული მექანიზმების მოქმედება ნაციონალური ინტერესების დომინირებითა და გეოპოლიტიკური გავლენების ზრდით. რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებები, ასევე, სამწუხაროდ, თეთრი სახლი, მოქმედებენ ზეძალის მქონე სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი მიდგომებითა და ეროვნული ეგოიზმის კარნახით. მათი მოქმედების მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, პოლიტიკა ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და მისი ასეთი გაგება პრაქტიკულ განხორციელებას ჰპოვებს. ამ შეჯირბში ფაქტებისადმი დამოკიდებულებაც საბრძოლო იარაღია როგორც შიდა, ასევე გარე ფრონტზე გამოსაყენებლად. ჰანს ჯ. მორგენთაუსის მკითხველთათვის აქ არაფერია ახალი - არაფერი ისეთი, რასაც ვერ ამოიკითხავდნენ მის ნაშრომში „ერებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები“.

 

მხოლოდ მოჩვენებითი სოლიდარობა

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სამედიცინო დანიშნულების საქონლის მიწოდებასაც კი, რაც ერთი შეხედვით სოლიდარობის აქტია, არაფერი აქვს საერთო სოლიდარობასთან. სამაგიეროდ უფრო მეტი აქვს საერთო პოლიტიკური სისტემების კონკურენციასთან ან მრეწველობის დარგში უპირატესობის დემონსტრირებასთან და რეპუტაციის მოხვეჭის მცდელობასთან. ჩინეთი, უკვე დიდი ხანია, იბრძვის მზის ქვეშ ადგილისთვის პოსტკოლონიურ სამყაროში, და ის არ სჯერდება ეკონომიკურ უპირატესობას და მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას ესწრაფვის მსოფლიო პროცესებზე გავლენის მოსაპოვებლად. მისი მიზანია მორალურ-ინტელექტუალური ბატონობა, იმის საჩვენებლად, რომ ჩინური სისტემა აღმატებულია კოსმოპოლიტური მისწრაფებებით მართულ და სუსტ დასავლური დემოკრატიებზე.

კორონაპანდემიამ გამოიწვია ღრმა და, შესაძლოა, მუდმივი ცვლილებებიც ჩვენი პრიორიტეტების იერარქიაში. უსაფრთხოება კვლავ იქცა საერთაშორისო წესრიგის მთავარ თემად. მსოფლიო კლიმატის გადარჩენის პრობლემამ დასავლური სამეწარმეო კომპანიების საგანმანათლებლო-ეკოლოგიურ სეგმენტშიც კი უკანა პლანზე გადაიწია და მათ მთავარ საზრუნავად ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი იქცა. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მდგრადი და ძლიერი ეკონომიკა არა მხოლოდ წარმატებით ფუნქციონირებადი ჯანდაცვის სისტემის საწინდარია, არამედ

კლიმატისა და გარემოს გადარჩენისთვისაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ის, რომ ეკონომიკურ დაღმასვლას კლიმატის დაცვისთვის არასასურველი შედეგები მოაქვს, რუსეთის მძიმე მრეწველობის კრახის მაგალითზეც ვიხილეთ.

 

ევროპის საკუთარი ძალა

 

აშშ-ს ეკონომიკური არასანდოობა იმას მაინც აიძულებს ევროპას, რომ ძალები კვლავ საკუთარ თავში გამოძებნოს, მიიღოს რეაქტიული და პრევენციული ზომები ამ კრიზისის დასაძლევად და მომავალი კრიზისებისთვის მოსამზადებლად.

ევროკავშირში მხოლოდ ახლა იწყება დაპირისპირება სოლიდარობის სწორი საზომის განსაზღვრის პროცესში. აუცილებელია, ევროკავშირის ჯერ კიდევ კრიზისამდე არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ლეგიტიმური საჭიროებები შესაბამისობაში იქნას მოყვანილი იმ ტვირთთან, რომლის აკიდებაც ევროკავშირის უფრო ძლიერი ქვეყნებს, მაგალითად გერმანიას ან ნიდერლანდებს, შეუძლიათ სოლიდარობის სამსახურში ჩაყენებული საკუთარ მოქალაქეებისთვის.

 

„კორონა-ობლიგაციების“ შესაძლო პანდემიური ეფექტი

 

ევროპის სტაბილურობის მექანიზმების გამოყენება და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარება უკვე არის აქტიური სოლიდარობის გამოხატულება, რომელიც ასევე მეტყველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დისციპლინირებულობაზე ბიუჯეტთან მიმართებაში. „კორონა-ობლიგაციების“ სახით საერთო პასუხისმგებლობისკენ მოწოდება ბევრად სცდება სოლიდარობის სამართლიანი პრინციპის საზღვრებს. ასეთი ევროობლიგაციები თავად იქცევა პანდემიად უფრო ფართო გაგებით, რადგან გარკვეულწილად მოახდენს ევროპული სავალუტო კავშირის პრინციპებთან თვითრეპლიცირებას. ისინი ასევე საფრთხეს უქმნიან ევროპის გეოგრაფიულ ცენტრში ევროკავშირის აღიარებასა და მის მყარ პოზიციებს. სხვა მხრივ კი ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთი სახელმწიფოს ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა იქნება იმ სახსრების გამოყენება, რომლებსაც სოლიდარობის ფარგლებში მიიღებს.

და ბოლოს: როგორც ეკონომიკური და სამხედრო კონფლიქტების დროს ხდება, სავარაუდოდ, ეპიდემიის შემთხვევებშიც ვერ ავარიდებთ თავს სტრატეგიულ სიურპრიზებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული ვირუსული პანდემიები, რომლებიც დროის არც ისე დიდი მონაკვებით არიან ერთმანეთისგან დაშორებული, მკაფიო გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ სერიოზულად უნდა მივუდგეთ შემუშავების პროცესში მყოფ სტრატეგიულ კონცეპციებს და განვახორციელოთ ისინი. ეს ეხება სამედიცინო რესურსებით უზრუნველყოფასა და სამრეწველო პოტენციალის შესაძლო გადანაწილებას, ასევე კომუნიკაციურ სტრატეგიებს. ასე გაიზრდება თავდაცვის საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა იმ შემთხვევებში, როცა არ ხელგვეწიფება ბედისწერის შეცვლა.

 

01.05.2020

 

 

მათიას ჰერდეგენი (1957) გერმანელი იურისტი და სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტის დირექტორია, ასევე - საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და რაინისფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის (ბონი) ევროპული ეკონომიკური სამართლის ცენტრის წევრი. სხვადასხვა დროს იყო პარიზის 1-ლი პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტისა და არაერთი სხვა უმაღლესი სასწავლებლის მიწვეული პროფესორი.

 

გერმანულიდან თარგმნა მარიამ დოლიძემ

წყარო:

https://www.theeuropean.de/matthias-herdegen/der-westen-muss-aus-der-corona-krise-lehren-fur-seine-strategie-ziehen/

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული