• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ბობ დილანის 2004 წლის ინტერვიუ გადაცემისთვის “60 Minutes”

×
ავტორის გვერდი ბობ დილანი 07 მაისი, 2020 3083

ბობ დილანის 2004 წლის ინტერვიუ გადაცემისთვის “60 Minutes”

(ამონარიდები)

თარგმანი: ირმა ლოხიშვილი

 

“ბოლოს და ბოლოს მოვახერხე ავიღო მისგან ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი სატელევიზიო ინტერვიუ. ნახავთ ნამდვილ დილანს - იდუმალს, ალუზიურს, მომხიბლავს - ისეთივეს როგორიც მისი მუსიკაა“

ედ ბრედლი

...

 

ედ ბრედლი: სადღაც წავიკითხე რომ “Blowin’ in the Wind” ათ წუთში დაწერეთ, ასე იყო?

ბობ დილანი: ალბათ.

ედ ბრედლი: უბრალოდ ასე?

ბობ დილანი: ჰო.

ედ ბრედლი: საიდან მოვიდა?

ბობ დილანი: უბრალოდ მოვიდა. მოვიდა...ჰგავდა.. პირდაპირ შემოქმდების წყაროდან მოსულს, ასე ვფიქრობ.

 

...

 
ედ ბრედლი:  თვალს თუ გადაავლებთ ხოლმე თქვენ მიერ შექმნილ მუსიკას და როდისმე გაოცებით თუ გითქვამთ „ვაუ! თვითონვე მაკვირვებს!“?

ბობ დილანი: ადრე ვაკეთებდი ამას. ახლა აღარ ვაკეთებ. არ ვიცი როგორ ვწერდი ასეთ სიმღერებს.

ედ ბრედლი:  რას გულისხმობთ როცა ამბობთ რომ არ იცით როგორ წერდით?

ბობ დილანი: ყველა ეს ძველი სიმღერა თითქმის რაღაც მაგიური ძალის გავლენით დაიწერა. აჰ...“Darkness at the break of noon, shadows even the silver spoon, a handmade blade, the child’s balloon…”[1] სცადეთ დაჯდეთ და დაწეროთ მსგავსი რამ. არის რაღაც მაგიური ამაში, ვგულისხმობ არა „ზიგფრიდის და როის“ სახეობის მაგიას,[2] ხომ გესმით? ეს რაღაც სხვა სხეობის, შეღწევადი მაგიაა და მხოლოდ ერთხელ შევძელი.

ედ ბრედლი: ფიქრობთ რომ კიდევ შეგიძლიათ?

ბობ დილანი: უჰ..

ედ ბრედლი: ეს იმედს გიცრუებთ, თუ...?

ბობ დილანი: რა გითხრათ, არაფერია სამუდამო. ერთხელ შევძელი, ახლა სხვა რამეების კეთება შემიძლია, მაგრამ ამის აღარ.

 

...

ედ ბრედლი: კარგი ცხოვრება, კარგი...ბედნიერი ბავშვობა გქონდათ? სადაც გაიზარდეთ?

ბობ დილანი: ბედნიერად ან უბედურად საერთოდ არ განვიხილავდი ჩემს თავს. ყოველთვის ვიცოდი რომ იყო რაღაც, რასაც უნდა მივწვდომოდი და ეს არ იყო იქ,  სადაც იმ კონკრეტულ მომენტში ვიყავი.

ედ ბრედლი: მინესოტაში არ იყო.

ბობ დილანი: არა.

                                                                                  

...

ედ ბრედლი: ნიუ-იორკს ხედავდით როგორც სამყაროს ცენტრს. მაგრამ როცა ეს მამათქვენს უთხარით, მას ეგონა რომ ხუმრობდით. თუ აღგიქვამდნენ თქვენი მშობლები როგორც მუსიკოსსა და ავტორს, რომლიც ნიუ-იორკში მიდის?

ბობ დილანი: არა. არ სურდათ რომ წავსულიყავი. ჩემი მშობლები არასდროს წასულან სადმე. მამაჩემი, ალბათ, ფიქრობდა რომ სამყაროს ცენტრი იქ არის, სადაც თვითონ იყო იმ მომენტში, სხვაგან ვერსად იქნებოდა. ადგილი, სადაც ის და მისი ცოლი მშობლიურ სახლში ცხოვრობდნენ, ეს იყო სამყაროს ცენტრი.

ედ ბრედლი: თქვენ რამ გაფიქრებინათ სხვაგვარად? რამ გიბიძგათ წასვლისკენ?

ბობ დილანი: რა გითხრათ. ხშირად ვუსმენდი რადიოს, ფირფიტების მაღაზიებს ვსტუმრობდი. გიტარას ვახმაურებდი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი და ვსწავლობდი სიმღერებს იმ სამყაროდან რომელიც ჩემ გარშემო არ არსებობდა.

 

...
ედ ბრედლი: თქვნს წიგნში ხშირად იყენებთ სიტყვას „ბედისწერა“, რას ნიშნავს ეს სიტყვა თქვენთვის?

ბობ დილანი: შეგრძნებაა, რომ რაღაც იცი საკუთარი თავის შესახებ, რაღაც ისეთი, რაც სხვამ არავინ იცის -  სურათი, რომელიც გონებაშია შენივე თავის შესახებ და რომელიც რეალობა გახდება. ისეთი რამეა, რომელიც შენთვის უნდა შეინახო, რადგან მსხვრევადი შეგრძნებაა და თუ გრეთ გამოიტან ვიღაც შეეხება და მოკლავს. ჯობს შიგნით შეინახო.

ედ ბრედლი: სახელი რატომ შეიცვალეთ?

ბობ დილანი: ესეც ბედისწერა იყო.

ედ ბრედლი: რობერტ ციმერმანად არ ხედავდით საკუთარ თავს?

ბობ დილანი: არასდროს რატომღაც.

ედ ბრედლი: არც მანამდე ვიდრე შემსრულებელი გახდებოდით?

ბობ დილანი: არც მაშინ. ზოგიერთი ადამიანი მცდარი სახელით, მცდარი მშობლებით იბადება, ხომ გესმით. ხდება ასე.

ედ ბრედლი: ბობ დილანი როგორ აირჩიეთ?

ბობ დილანი: საკუთარ თავს იმას უწოდებ რაც გინდა რომ გერქვას, ეს თავისუფლების მიწაა.

...

ბობ დილანი: თავს თვითმარქვიად გრძნობ.. როცა ვიღაც იმად მიგიჩნევს, ვინც არ ხარ.

ედ  ბრედლი: რა იყო ის, რასაც ხალხი ხედავდა თქვენში? და რა იყო სინამდვილე?

ბობ დილანი: მუსიკოსად ან შემრულებელად ნამდვილად არ აღმიქვამდნენ. გამაფრთხილებელს ხედავნენ, რაღაც გზით.

ედ ბრედლი: ყველაზე რთული რა იყო ამაში თქვენთვის?

ბობ დილანი: ედგან ალან პოს მოთხრობაში ყოფნას ჰგავდა. უბრალოდ არ ხარ ის პიროვნება რომლადაც ყველა გთვლის და მიუხედავად ამისა გამუდმებით ამას გიწოდებენ. “წინასწარმეტყველი ხარ“, „მხსნელი ხარ“. არასდროს მდომებია წინასარმეტყველად ან მხსნელად ყოფნა. ელვისი შეიძლება, ელვისად გახდომას უფრო წარმოვიდგენდი, მაგრამ წინასწარმეტყველი? არა.

ედ ბრედლი: ვიცი და ვიღებ რომ საკუთარ თავს არ აღიქვამდით როგორც „თაობის ხმა“, მაგრამ ზოგიერთ თქვენს სიმღერას ადმიანებზე გამაოგნებელი გავლენა ჰქონდა, ისე აღიქვამდნენ როგორც ჰიმნებს, როგორც საპროტესტო სიმღერებს. მნიშვნელოვანი იყო მათი ცხოვრებისთვის და მოძრაობა გამოიწვია. შესაძლოა თქვენ ამ კუთხით არ ხედავდით, მაგრამ მათ ასე დაინახეს. როგორ შეათავსებთ ამ ორ რამეს?

ბობ დილანი: მე სიმღერებს ვწერდი, არა ქადაგებებს. კარგად თუ ნახავთ, არ მჯერა რომ მათში რაიმე ისეთს აღმოაჩენთ, რაც მიანიშნებს რომ ვინეს ან რაიმეს ხმა ვარ.

ედ ბრედლი: მაგრამ მათ ასე დაინახეს.

ბობ დილანი: ჰო, მაშინ არ უნდა მოესმინათ.

ედ ბრედლი: ეს ირონიულია. ხომ იცით, ხალხის ხედვა, როგორც ისინი აღგიქვამდნენ, პოლარულად განსხვავდებოდა იმისგან, როგორც თავად ხედავდით საკუთარ თავს.

ბობ დილანი: განა ეს რამეს არ ნიშნავს?


....

ედ ბრედლი: როდესაც ისრაელში წახვედით, წერდით „ გაზეთებმა სიონისტად მომნათლეს და ეს ძალიან დამეხმარა“-ო. როგორ დაგეხმარათ?

ბობ დილანი : თუ საზოგადოება ჩათვიდა რომ ან ლოთი ვიყავი, ან ავადმყოფი, სიონისტი, ბუდისტი, კათოლიკე ან მორმონი - ყველა ეს უკეთესი იქნებოდა ვიდრე „ანარქიის მთავარეპისკოპოსი“.

ედ ბრედლი: ..და თაობის ხმა..(იცინის).

ბობ დილანი: კი.

ედ ბრედლი: ... ამას მთლიანად უარყოფდით.

ბობ დილანი: .. (ეთანხმება).

ედ ბრედლი: მედიასთან თქვენს დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ. თქვენ წერდით: „პრესა, მე ვფიქრობ, რომ ის უნდა მოატყუოთ“. რატომ?

ბობ დილანი: იმ დროს გავაცნობიერე რომ, მედია, ეს არ არის მოსამართლე - მოსამართლე ღმერთია. ერთადერთი, ვისი მოტყუებისასაც ორჯერ უნდა დაფიქრდეთ საკუთარი თავი ან ღმერთია. პრესა არც ერთია, არც მეორე. იმის თქმა მსურდა რომ ის უმნიშვნელოა.

...

ედ ბრედლი: თქვენი თაყვანსმცმემლები, ეს ხალხი თქვენს სახლში მოდიოდა?

ბობ დილანი: .. (ეთანხმება)

ედ ბრედლი: და რას აკეთებდნენ?

ბობ დილანი: ჩემთან სურდათ სხვადასხვა საკითხების განხილვა, პოლიტიკა და ფილოსოფია, ორგანული მეურნეობა და სხვა..

ედ ბრედლი: ორგანული მეურნეობის შესახებ რა იცოდით? (იცინის)

ბობ დილანი: არაფერი, საერთოდ არაფერი.

ედ ბრედლი: რას გულისხმობდით როცა დაწერეთ: „ როდესაც ცნობილი ხარ, სასაცილო ის არის რომ არავის სჯერა თუ ეს შენ ხარ“?

ბობ დილანი: ხალხი გეკითხება „ის ხარ ვისაც ვფიქრობ?“, შენ პასუხობ „არ ვიცი“. შემდეგ: „ნამდვილად ის ხარ“, პასუხობ რომ „კი“ და შემდეგი ისევ გეუბნებიან „ არა, ნუთუ ნამდვილად ის ხარ? ის არ ხარ“ და ასე დაუსრულებლად.

ედ ბრედლი: რესტორნებში ხშირად დადიხართ?

ბობ დილანი: არ მიყვარს რესტორნებში ჭამა.

ედ ბრედლი: რადგან ადამიანები მოვლენ და გკითხავენ „ის თუ ხარ?“

ბობ დილანი: კი, ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს.

ედ ბრედლი: როდისმე შეეჩვევით?

დობ დილანი: არა.


....

ედ ბრედლი: თქვენ თქვით: „როცა დავქორწინდით, ჩემს ცოლს წარმოდგენაც არ ჰქონდა რაში გაჰყო თავი“.

ბობ დილანი: იმ დროს ყოველთვს ჩემთან იყო, „ჭირსა და ლხინში“, ხომ გესმით? და ეს არ იყო ის ცხოვრება, რომელიც მას ოდესმე წარმოედგინა საკუთარი თავისთვის. ისევე როგორც ის ცხოვრება არ იყო, რომელიც მე წარმომედგინა ჩემი თავისთვის.

ედ ბრედლი: ასევე წერდით: „60-იანების ტრუბადური ვარ, ფოლკ-როკის რელიქვია. სიტყვის მჭედელი ჩავლილი დღეებიდან, კულტურის გადაშენების უძირო ორმოში მყოფი.“ საკმაოდ მძიმე სიტყვებია.

ბობ დილანი: ოჰ, ყველაფერ ამას წერდნენ ჩემ შესახებ.

ედ ბრედლი: და ამის დაჯერება დაიწყეთ?

ბობ დილანი: რა გითხრათ, ეს ისეც მჯეროდა. არასდროს ვღელავდი იმაზე რომ აღარ გავაგრძელებდი შესრულებას, ვიცოდი რომ დასასრულის დროც დადგებოდა.

ედ ბრედლი: ნამდვილად ფიქრობდით რომ დაგესრულებინათ, „დაგეკეცათ თქვენი კარავი?“

ბობ დილანი: ვფიქრობდი რომ ცოტახნით განზე გავმდგარიყავი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე „უკვე საკმარისია“.

 

...

ედ ბრედლი: როგორც ალბათ იცით, ჟურნლმა „Rolling Stone“-მა, თქვენი სიმღერა “Like A Rolling Stone ” ყველა დროის საუკეთსო სიმღერად დაასახელა. თქვენი სხვა 12 სიმღერა მათი 500 საუკეთესო სიმღერის სიაშია. კარგი უნდა იყოს ასეთი მემკვიდრეობა.

ბობ დილანი: ოჰ, ეს ამ კვირისთვის. ხომ იცით, ეს სია, სახელები ხშირად იცვლება. განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ.

ედ ბრედლი: თუმცა ასეთი ამბავი ქებას იმსახურებს.

ბობ დილანი: ამ კვირისთვის შეიძლება, მაგრამ ვინ იცის რამდენხანს დარჩება.

ედ ბრედლი: კარგით, თუმცა თქვენთვის დიდხანს დარჩა, ვგულისხმობ, თქვენ ისევ აქ ხართ, ისევ წერთ სიმღერებს, ისევ ტურნეში ხართ. რატომ აგრძელებთ, ისევ აქ რატომ ხართ?

ბობ დილანი: რა გითხრათ, ეს ისევ ბედისწერის საკითხს უკავშირდება. დიდი ხნის წინ გარიგება დავდე და ბოლომდე ვასრულებ...
 ედ ბრედლი: გარიგება რის შესახებ?

ბობ დილანი: ... რომ ვიყო იქ სადაც ახლა ვარ.

ედ ბრედლი: შეიძლება ვიკითხო ვისთან დადეთ ეს გარიგება?

ბობ დილანი : (იცინის) მეთაურთან.

ედ ბრედლი: დედამიწის?

ბობ დილანი: დედამიწის და იმ სამყაროსი რომლის დანახვაც არ შეგვიძლია.

 

 

 

წყარო

https://streamable.com/a8c0s?fbclid=IwAR0Nbem9xzUu422j8TOJb_zrTmopJgaWkU1GTAHKZwcZr4iJ3oRAjiSdt3U

https://alldylan.com/bob-dylan-the-classic-60-minutes-interview-with-ed-bradley-19-november-2004-video/

 

 

 


[1] ამონარიდი დილანის 1964 წლის სიმღერიდან “It’s Alright, Ma,”.

[2] იგულისხმება ზიგფრიდ ფიშბახერი და როი ჰორნი, ცნობილი გახდნენ გასართობი წარმოდგენებით.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული