• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ბალეტი

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 04 მაისი, 2020 2829
არსებობს წონასწორობა.
და მასში შესახლებული სხეულები.
თავშესაფრები მრავლდებიან.
უსახლკაროთა რიცხვი მატულობს.
 
ითქვა.
ეს მერამდენედ შემახსენა ერთმა ნაცნობმა,
" მოიშორე წყენის დახავსებული ფსკერი თვალიდან"
რას ემსგავსები ასე.
ყველგან რაღაც გრჩება. გავიწყდება. გაგვიანდება.
რას ემსგავსები ასე.
ამოკრიფე მიწაზე გაბნეული ქვები.
უკან დააბრუნე.
ეს ზურგი მხოლოდ შენი არასოდეს ყოფილა.
არაფერი ყოფილა მხოლოდ შენი.
არ დაიჯერო რომ რამეს დაისაკუთრებ.
არა.
არავინ ყოფილა მხოლოდ შენი.
გიყურებ და ენას ვერ ვიბრუნებ.
ასეთი წინდაუხედავიც არ ჩანხარ.
განა ვინმე თანამოზირედ დაიგულე.
 
განა იფიქრე ერთმანეთის საიდუმლოებს არ გაცემდით პირველ შემხვედრთან,
ითქვა. რას ემგვანება ასე.
ასე როდემდე გაძლებს.
სული სადამდის გაყვება.
 
ითქვა.
სინამდვილეში ბნელი მხარე განათებულა.
 
იქ ყველაფერი შეიცვალა ძირფესვიანად.
დარჩა მხოლოდ მოგონება -
ფრჩხილისგან აგლეჯილი რბილობი.
არ გაიარო ახლოს
არ მოავლო თვალი
რახანია პირი შეიკრა. ცრემლი აღარ გდის.
 
ამ წერილებს ვის გაუგზავნი
კიდევ დიდხანს უნდა ინახო
ვარდის ფოთლები ჩაჭკნა.
წყალი გაყვითლდა.
კატა კარადაში შევიდა.
ეს დაინახე.
ძინავს.
დაიძინე შენც.
წერილები ქუჩაში გაყარე
იქნებ ვინმემ წაიკითხოს.
 
ითქვა, მრავლობითში პირებმა ბალეტის ყველა მოთხოვნა დაიცვეს.
მიზანი მიღწეულია.
მიზანი ყველა საშუალებით გამდინარ წყალში აატივტივებს სხეულს.
უსულოს. უგრძნობს.
წყალი გაყვითლდა.
ეს სუნი - ყველგან რაღაც გრჩება გავიწყდება. გაგვიანდება.
 
ასე რას დამგვანებულა.
 
პირებმა გლოვა ამოუშვეს.
"ბალეტი"
ამბობს კარადაში მიძინებული კატა.
იქნებ ვინმემ გაიგოს.
 
 
 
 
ფოტო: თამრი ოხიკიანი
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული