• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მე გამოვტოვე შენი უსევდიანესი სიმღერები

×
ავტორის გვერდი ზურა ნეფარიძე 24 აპრილი, 2020 1947

შეხედე

ხის მხოლოდ ერთი ტოტი ქანაობს

დანარჩენები მის ჩრდილში გამოყოფენ მოძრაობის მიმართულებას

შეხედე სანამ ჩამოივლის მოგუგუნე მატარებელი

და შემდეგ

მინები აირეკლავს სახეებს გამთენიისას

რომლის ნისლშიც წამოცმული თევზები ფართხალებენ ანტენებზე

ლოგინებიდან გამომძვრალი თინეიჯერები ფეხს ჰყოფენ ჭუჭყიან ფეხსაცმელებში და მიემართებიან ერთმანეთის დასაზვერად

მოთხოვნადობისგან  განზე მდგარ დღეთა მწკრივში

ყოველი დღე მათ სთავაზობს კარტოფილის ჩიფსებს Käsebrotchen - ებს და თავბრუსხვევას American Spirit - ისგან

მერხებზე დადგმული ცოფიანი ლიმონათები და ენერგეტიკული სასმელები აღაგზნებთ სკოლის მასწავლებლებს რომლებიც არარსებული ჯანმრთელი ცხოვრებისკენ მოუწოდებენ მოსწავლეებს

მათ დაავიწყდათ დიდი ხნის წინ გამდნარი მოუმართავი ახალგაზრდობა მათ მიიწებეს მკაცრი სახეები შეირგეს მოწესრიგებული საუზმე და მშრალი რეჟიმი

ყოველ დილით ერთიდაიგივე დროს იგივე უცნობი სახეები ერთმანეთს ეფეთებიან თავის დაკვრით და გამოუცნობი ღიმილით

ჩემს ყურადღებას ცხელი სუპივით ხვრეპს მატარებლის მინაზე აკრული გოგოს სილუეტი

შტაზის აგენტი გრაფიტის სამყაროს მიღმა კათედრალების მდუმარებაში ყვინთავს

ის ლოცულობს ყვითელ სახლში ცხოვრებაზე

მას თავზე კომუნიზმით აღჭურვილი ღმერთი ადგას და სთხოვს ანგარიშს

დღის დასასრულს მე ვივიწყებ ამ ყველაფერს და ქორფა ბალახზე იგი პოპის შეშლილ რიტმებში ვხტი

 

 

ჰაერი სარკეა ლანდებს მიღმა მორკალული

წრე რომელმაც შემოსაზღვრა ეს სამყარო გვაცდის ვიყოთ არასრულყოფილნი მოძრავნი ჩვენს მტკნარწყლოვან ილუზიებში, გვაცდის ვიყოთ ნაცადნი ჩვენს მცდელობებში და გულისრევებში

მლაშეა შენი მზერა როდესაც იმ დროს მხედავ როცა ჩემგან ყველაფერი გაქვს და აღარაფერი გჭირდება და ხრი თვალებს დაბლა და შენი სახე დამდნარი ნაყინივით კარგავს სექსუალობას - დაფლეთილი ეაკულაცია,  ეს ინფანტილური გულგრილობა ფლეთს ჩემს შენს ოთახში ყოფნის სურვილსაც, მაგრამ უბიძგებს წარმოსახვას და მე გავრბივარ რათა შევასკდე სარკეს რომელიც ჰაერს უპყრია და დაგიბრუნდე ამგვარად წაბილწული სახით იმგვარი სახით, რომ მე გავხდე ის ვინც გინდოდა ყოფილიყავი

მე არ ვარ ის ვინც ტყნაურობდა შენთან

მე ვიმახსოვრებ შენს ნაწვიმარ სახეს ქარში, ლუდის ქილების რახარუხში, სახეს რომელიც თან სდევს ჩემს მეხსიერებას მზერისთვის ყველაზე შორს მყოფ საგნებამდე

მე ველოდი ამ ღამეს რომელიც გაცოფებული ბურღივით დატრიალდებოდა ჩემს ოთახში სადაც მინდა რომ დაგრჩეს ხოლმე ან დატოვო რამე ინტიმური საგანი რათა მორცხვი ყაჩაღივით მოვარგო ჩემს მარტოობას და გავამდიდრო იგი შაქრის ერთი მარცვლით

დილა თენდება  ნაწლავებიდან გულგრილობის ამოსარეცხად

დილა თენდება რათა ხმაურში ჩაქვავდეს სიბნელის ღეჭვა, ხმაურს შემოაკვდეს სიზმრები უძინართა

დილა თენდება მურაბიან ვაგინაში ოცნებით თავის შესაყოფად

გათენებამდე კი შარდის სუნში ჩამომხრჩვალი ანგელოზი ხის ჭერზე ჩამოკიდებული ქანაობს როგორც მთვარის შუქით მოჯადოებული საფრთხობელა როგორც კოსმოსიდან დაბრუნებული ქარი

ქამელეონში ვკითხულობდი ეშელმანს. შავი შრიფტი წითლდებოდა შემოდგომის ფურცლებზე. შემდეგ ავდექი და ზარი დავრეკე მხოლოდ ერთხელ, ხის ქვეშ რომელსაც რამდენიმე ფოთოლი ჰქონდა შერჩენილი. ტალღებმა იწყეს სკდომა. ქალები თმას ივარცხნიდნენ როცა წიგნს კოღო დააკვდა. 400 კილომეტრს ღვინის დასალევად ფარავენ კაცები და გვამებს შორის შავ მიწაში ამფეტამინს ეძებენ, თხრიან თხრიან თხრიან სისხლი ქაფივით იმატებს მოცულობაში

მკვდრები გვაწვდიან შეკმაზულ ადრენალინს

 

 

პისარნიკი და დაფნის ფოთლები

ამაღამ ამ გზაზე
ვნების სურნელი ამოვიდა ჯიბიდან
სადაც ერთმანეთს არ საზღვრავდნენ
პისარნიკი და დაფნის ფოთლები

 

 

ფოსფორული ზმანებები

ჩემი ბალიშის ზემოთ წიგნების თაროა და არ ძინავთ ზედ მიკრულ ფოსფორის დელფინებს, როცა მე მძინავს. მეღვიძება და მათ განლაგება-მოხაზულობაში ვხედავ შენს ზღაპრულად გაღიმებულ ფოსფორულ სახეს

მეზმანა, რომ მძინარეს დამყურებდი სახეზე, როგორც მე დაგყურებდი ხოლმე და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, ჩემთან თუ შენთან, რადგან მხოლოდ ცივი გონების სპექტაკლში არსებობდა „ჩემი“ და „შენი“ რომლებიც არ მქონდა, იქამდე სანამ შენი სახე გაქრებოდა და პლასტმასის დელფინთა აბსტრაქტული განლაგება გამოჩნდებოდა

მეუბნები, რომ შევწყვიტო

მე ვერ შევწყვეტ იმას რაც მე არ  ჩამინერგავს ჩემში. ვერ შევწყვეტ აღმოჩენებს და ჩემი თავის და სხვების შეცნობას, შემჩნევას ჩემში, იქამდე, სიზმრის თუ სიცხადის იმ შრეებამდე, სადამდეც შემიძლია ვწვდე მომღიმარე ზმანებებს, რა სიბნელეც არ უნდა იყოს მათ ღიმილს მიღმა.

მეუბნები, რომ ჩემთვის დავიტოვო

შენ არ გინდა იმის გაგება, რას აკეთებ მაშინ, როცა გძინავს, ვისთან რა სახით ვლინდებით შენ და ის, ვისთანაც ვლინდები

მეუბნები, რომ არ გინდა

მფრთხალი ხარ და ფრთხილი მისგან თავდასაცავად ვისთანაც საფრთხეს არ აქვს ადგილი

შესაძლოა, ამბობ შენ

მფრთხალია ადამიანთა გულები ისევე როგორც ბეღურის გული ქარის ნესტარზე წამოცმული ცოცხლად ამოღებული                                    

მფრთხალია ურთიერთობები

მფრთხალი არაა შენი დამოკიდებულება ვიღაც შეშლილი პერსონაჟის მიმართ რადგან მან შენს გაყინულ ფასადს მიღმა ვერ შემოაღწია, მხოლოდ გული აგიფრთხიალა წამით და კვლავ თავის გარსში დარჩა. შენ ვერ დაუბრუნდი ამ განცდას და ფსევდოცვლილებას მას მერე რაც ეს პერსონაჟიც მოკალი შენს სურვილთა სასაკლაოზე, მას მერე რაც უარმყოფ და უარყოფ სხვებს რომლებიც არ ვართ პერსონაჟები

თუმცა ვართ პერსონაჟები

შენ დგახარ მაგიდაზე შუაღამის ფანჯრის მიჯნასთან და აქანავებ თეძოებს რათა გამოდევნო სპლინი ჩემი ძილ-ღვიძილიდან იმ დროს როცა სარკმლიდან მოძვრება თერმული კიბორჩხალის სუნი. შემდეგ მოდიხარ და ჩემსა და შენს შორის აწვენ ბობ დილანს (და მუსიკა ისმის ისე, როგორც სრულ სიჩუმეში საბჭოთა მაცივრის ზუზუნი) რომელმაც განდევდა სპლინი რადგან მე

დამავიწყდი სხვაგანმყოფიშენ

და შენი თეძოებიც

რომელიც აქვე მიღმიერ სივრცეში ქანაობდა და მითრევდა

თუმცა მხოლოდ წამიერად, რადგან უცბად იკივლეს მათ და ამომყარეს თბილი ზმანებებიდან სპერმით შესაწამლ დამშრალ გუბეებამდე

შენ იცი ტკივილი ამძაფრებს ჩემს შეგრძნებებს

თუმცა არ იცი რომ ის ასევე მაძლიერებს

შენ არც ის იცი მე რომ მინიმალურად პატივმოყვარე ვარ და არ ვმიჯნავ თავს უპატრონოდ მიმოყრილ ძვალთაგან. შეგიძლია როგორც ნანგრევებში დაობებულ მანეკენს, ისე მომაფურთხო, გაიცინო და გზა გააგრძელო კოლექციურ ატრიბუტთა შორის

 

 

*

გარეთ ისეთი ღრიალია თითქოს რელსებზე დაფანტეს მთვარე

სიტყვები რომლებიც გადღაბნილ სურათებს ხატავენ ქალაქთა თავზე პატაფიზიკური ნაღვენთია

შენ დაიბადე მარად პრენატალური სინათლიდან

შენ ცოტაოდენი დარდით იხსენებ ბავშვობის მოგონებებს

ის სცდება ჩვენში არსებულ კედლებს და გზას იკვლევს უკონტროლო სივრცეში

პოლუსები თავიანთ მაგნეტიზმში ფატრავენ სიცარიელეს რომელიც დამუხტული ნაწილაკების არშეერთებისას წარმოიქმნა

შენ მანეკენთა ბრბოში ცეკვავ

სადაც არავინ არავის უარჰყოფს

რადგან ყველა უარყოფილია

ელოდები ნიშანს წასვლისას

საიდანაც უკვე ერთი ცხოვრებაა წასვლა გინდა

ელოდები თითის დაქნევას რომ დაასრულო საკუთარი გაზირებული სუნთქვის რიტმი

და როგორც ბუშტი სულის შებერვისგან გაქრე

მაგრამ ხორცის სიმძიმე არ გაძლევს ნებას

ის არის კაცი რომელიც სუნთქვის გარეშე უკრავს

ასოციალური აგრესორი

ის გარბის. სურს სკამებს გადაახტეს და აქცევს მათ. მიდის დასახმარებლად შესაბამისად იმის რა განწყობის მუსიკა ესმის. მასალას აგროვებს ისევე როგორც მე. აფრთხობს იმით რასაც წარმოსთქვამს

და

მაიმუნები ჭყივიან ქარის შუაგულში

ნაგავი ფანტავს ქარს

სანამ შემოვალ სახლში სმენა გარდაუვალი უფსკრულია

ჭერიდან და კედლებიდან ჟონავს ბგერები ადამიანში

ლექსს ვწერ და კუნთები მებზარება ცარიელ ლოკომოტივში

კუნთები დამებზარა ცარიელ ლოკომოტივში რადგან კუნთები იყო პროტეინის ტომრები ცარიელ ლოკომოტივში

კუნთები იყო ხორცის ქვაბული

ცარიელ ლოკომოტივში

ყოველ ასტრალურ ხვრელში ვიღაც ჭამს უგამომეტყველებას

რადგან სითხე ვერ იტევს ფსკერს

ფსკერი იტევს შეხებას, გასაღებებს. ყველაფერ იმას რასაც ვერ მივაწვდენთ ხმას და მზერას. რა არის ხმა? ვინ არის მზერა? ვერ მივაწვდენთ სისხლის დუღილს. სისხლს პოლიტიკური მდინარება აქვს სოციოლოგიურ კალაპოტში. ერთხელ შენ იქ დამაბი სადაც ელვას უნდა გაედნო ჩემი გაუცხოება ჩემს მიმართ და აპირებდი დამევიწყებინა რას ფიქრობენ ჩემზე როცა არაფერს ფიქრობენ არავისზე. მეგონა გამოხვედი ჩემი სხეულიდან. ეს იყო დღეს თუ გუშინ და დამტოვე შენს-ჩემს გარეშე, როგორც ღამე დაცლილი სიბნელისგან.  მე რაღაცას ველოდი ყოველი მაგნიტური არშეხედვისგან თვალებში. თვალებში ტყუის უმწიფარი სულისკვეთება. მათ მართავენ ჩვეულებები და მზერის ადრესატები

 

 

*

მე გავბედე და შემოგხედე რეაქტიულად ცვალებად განწყობის ტყვეობაში მყოფს და მივხვდი მკვდრად ვგრძნობ თავს როცა არ მიყვარს

შენი კანი გაფერმკრთალდა ვნებიანი სექტემბრის შემდეგ და დააჩნდა დაუკმაყოფილებლობის ლაქები

ფოსოები

ფოსოებში ჩემი ანარეკლი ღვინდება

როგორც პლასტმასის კასრში დასპირტული წებოვანი სისხლი

მე მსურდა ერთად გვევლო ღამის თბილისის ქუჩებში სპირალური ეიფორიით გავარვარებულებს და გვეგრძნო წინ მიმავალთა ზურგებზე ჩვენი ერთმანეთში მონაცვლეობით თავსებადი თვალები სანამ განშორება გულში კუზებს ამოგვილპობდა

მე გამოვტოვე შენი უსევდიანესი სიმღერები

მე გამოვტოვე შენი იავნანების თბილჟღერადობა რომლებმაც ჩემამდე გიმღერეს და ახლა ქვაფენილთა ყინული მკარნახობს რა შორს ვარ შენი სახლიდან სადაც ასე დაუფარავად ვხსნიდით ვცდიდით ჩვენს ფარულ თვისებებს ანაორთქლები ურთიერთმანეთში შესუნთქულები ურთიერთმანეთში. ასე თუ ისე ჩვენ ვაჩვენეთ ერთმანეთს ჩვენი ქვეცნობიერი ბოდვები, კომპულსიური ვნებები რომლებმაც  უარმყო შენგან

და სადაც ამას ვწერ

ღვიძლისშლისფერი ფურცლის გარშემო

სხვა სიყვარული იბადება

გამოდის ღამის და პოეზიის საშოდან

მე განზე ვდგავარ თუმცა ცენტრშიც ვარ ვსუნთქავ, ვხედავ და ვგრძნობ რომ გამთლიანების გვეშინია რადგან არ გვყოფნის საკუთარი თავები არც ჩვენში არც ერთმანეთში

არავისში

და ზოგჯერ კი არ ვსუნთქვათ ჟანგბადს, ვხვრეპთ, მოვთქვამთ და მაინც

არ არსებობს უარყოფილი მე

მე არ არსებობს არსად გარდა სიზმრებში მყოფი ინკოგნიტო ორეულებისა

მე აღმოვაჩინე შენში მე რომელიც არ მყოფნის

შენში სხვა შენ რომელსაც ჯერ არ შეხვედრიხარ და უფრთხი მას

სანთლის წვაში ცალფეხა მათხოვრები ბერდებიან

მათ გვერდით მხიარული მუსიკა გვირგვინს ადგამს გამვლელთა ღიმილს

ჯვარი მოაცვით მკვდრებს

ინტოქსიკაციურ ემბრიონთა არქიტექტურაში

გამომშრალ მუცელთა საზრდოში

ტყის ტყვეობაში ხავსივით სუნთქავს შენი თვალების არქაული სიველურე

რომელშიც ზიზღით უსასრულოვდება მანქანებით გადატვირთული გზატკეცილები

ქარმა გახვეტა ფერომონები ფილტრები ვიბრაციები რომლებიც ყლაპავდნენ ჩვენს მიზიდულობას ერთმანეთის წინაშე

საზოგადოებრივი არმაუწყებელი ახრიგინდა ტრანზისტორთა ტაძრებში

ბილბორდებმა სინათლე დაატყვევეს მითოლოგიურ პორნოგრაფიაში

სფერო ვეღარ იყოფა ღერძამდე. ეს შესამჩნევი აღარაა. სფერო განიზიდა საერთო ნიშნისკენ

როლები გადაუნაწილდა თითქოს ყველას თანაბრად

ტოლერანტულ სიბნელეში

ჰუმანურ ტყვეობაში

სოფლებში გაჩნდნენ დამფრთხალი სულიერები რომლებმაც დღესასწაულები იზეიმეს ქარიშხლის აზარტით და ახლა მოგონებათა ტყვეობაში აღორძინდებიან

ვერ ვყოფნი ამ გაუცხოებას ძილ-ღვიძილის ემპათიამდე სანამ სურათები ჩაწნავენ ჩემი ცნობიერების განახლებას  ნარკოტიკით დამუხტული ღამის შემდეგ

გზამკვლელობამდე

და როცა ამას ვწერ ვიღაც სიგარეტის ნამწვს მესვრის წითელთასმიან ბათინკებზე

მას მოსწონს ქუჩის ტირადულ ხმაურში გაუმტარი ბგერების სროლა

მთელი ეს ურბანული ნაერთი მაგნიტივით იზიდავს ჩემს ფიქრებს.  კრავს, ჭმუჭნის და უშვებს საკანალიზაციო პორტალში სადაც ფიქრები კვლავ განიმუხტებიან, იფანტებიან და ბუზებივით ედებიან ქუჩებს

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული