• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რობოტების ყვავილები

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 24 მარტი, 2020 1892
შენ დაიბადე ფოთის ელევატორებთან
კარლო კაჭარავა
 
Мама!
Ваш сын прекрасно болен!
Мама!
У него пожар сердца.
Владимир Маяковский – „Облако в штанах“
 
“Don't use the phone. People are never ready to answer it. Use poetry.”
 Jack Kerouac
 
 
 
 
 
მე დავიბადე ზუგდიდის ბაზრობასთან ახლოს
და მთელი ბავშვობა ვუყურებდი ადამიანებს,
რომლებსაც სადღაც მიეჩქარებოდათ.
მე კი ვგრძნობდი,
რომ წასასვლელი არსად მქონდა
და ეს იწვევდა სასოწარკვეთის დაბუდებას ჩემს სხეულში
და უფრო მეტად მისგან დაღწევის სურვილს,
რომელსაც ვერ ვახერხებდი
და ეს იქცა ათვლის წერტილად,
და განსაზღვრა ჩემი მომავალი ადგილი სამყაროში.
ამას გვიან მივხვდი, იქამდე კი ტკივილებს ვაგროვებდი,
როგორც ბოთლებს ბავშვობაში, მეგობრებთან ერთად.
ვაგროვებდი იმ დღემდე, სანამ მათ მნიშვნელობას გავიგებდი,
გავაანალიზებდი,
სახელს მოვუძებნიდი
და მათზე წერას დავიწყებდი.
 
იქამდე კი დიდი დრო უნდა გასულიყო,
ერთი ცხოვრება, რომელიც ბუნდოვნად მახსოვს,
და როცა ვცდილობ, შთაგონების ნემსკავი გამოვდო,
მოგონებები სხლტებიან, მემალებიან,
მინიშნებებს მიტოვებენ და ჩემი ფიქრის მონიტორზე
ოცდამეხუთე კადრად ამოხტებიან,
მე კი მინიშნებებს მივყვები
და ჩემდაუნებურად ვქმნი უხერხულ სიტუაციებს.
 
მე არ ვახდენ აღნიშნული სიტუაციის საკრალიზებას
უბრალოდ საკუთარ ენაზე საუბარს ვსწავლობ.
 
 
 I
 
ის, რაც მაიძულებდა მეწერა, ყოველთვის ჩემთან იყო,
უბრალოდ მაშინ მე არ ვიყავი იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა,
და ამიტომაც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა პოეზია.
მე ახლაც მიჭირს მისი  მნიშვნელობების მოხელთება,
მაგრამ ვიცი, რომ მჭირდება,
როგორც პატარა ერებს - მტრის ხატი,
როგორც სამხრეთ ამერიკულ სერიალებს ჰეფი ენდი,
და ამიტომაც გადავწყვიტე,
რომ ყველაფერი, რაც იქნებოდა,
იქნებოდა მოულოდნელი და ზედმიწევნით დაუგეგმავი,
როგორც პოეზია.
 
მე კი იქამდე დაუნდობლად უნდა მომენგრია
თვითკმაყოფილების ზღუდეები,
და მომეხერხებინა ხიდის გადება ჩემსა და სამყაროს მოლიპულ კედელს შორის,
და მიმეღო კოლაფსები ყველაზე მკაცრი დრამატურგიით,
და ეს პროცესი ყოფილიყო განმეორებადი,
როგორც სექსი,
და აუცილებელი, როგორც რეკლამა.
რომ არასოდეს ვყოფილიყავი მაღალი,
რადგან არსებობს აქსიომა, რომელიც უკონტრარგუმენტოა:
„მდაბალნი დაწერენ კარგ ლექსებს,
ხოლო მაღალნი კი იუთუბსა და ყვითელ შოუებში გაილაღებენ.“
ნეტარ არიან ისინი, ვამბობ და მსუბუქი ღიმილი
გადარბის ჩემს ტუჩებზე.
 
 
P.S
მე კი მინდა ეს ლექსი ასი წლის მერეც წაიკითხონ,
თუნდაც რობოტებმა
და რობოტული სიყვარულით სავსეებმა
დაწერონ ახალი პროგრამები, 
და მატრიცებიდან  ჟონავდეს ვნება და ყვავილები
და არაფერი იყოს სტაბილური, გარდა ერთმანეთის დაუფლების სურვილისა.
 
 
II
 
„შენ შენ არ ხარ როცა გშია“
ამბობს რეკლამა
და ეს მართალია, ჭეშმარიტია,
როგორც  პითაგორას თეორემა სამკუთხედის შესახებ.
 
როგორ ართულებს შიმშილი ყველაფერს ?
რა რთულია სიყვარული, როცა გშია.
რა რთულია სექსი, როცა გშია.
რა რთულია სოციალური პასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული,
როცა შიმშილი ხდება ძალიან აქ და უდროოდ ახლა.
 
ვინ შეაკავებს მუშების გადმოვარდნილ სხეულებს ჰაერში ?!
ვინ გამოკვებავს მათ მშიერ ოჯახებს?!
ვინ გადაიხდის მათ მაგივრად გაზრდილ გადასახადებს?!
ვინ გაზრდის მათ შვილებს და მამებს ხვედრს,
გადამწყვეტი პენალტივით ააცილებს?!
 
ვინ დაუფრთხობს გაზულუქებულ პარლამენტარებს ძილს?!
და სახელმწიფო მაღალჩინოსნებს 
გაუგონარი სიმაღლის სიბრიყვიდან დააგორებს,
და აღმართში ქვებსაც ააყოლებს.
და ქალაქსაც საღათას ძილიდან დაიხსნის.
 
ვინ შეუშვერს სახეს პოეტისთვის მოქნეულ მუშტს?!
ვინ შეუშვერს სახეს თითოეული უდანაშაულო მოქალქისთვის მოქნეულ მუშტს?!
ვის არ შეეშინდება ძალაუფლებისმქონეთა შურისძიების
და საზარბაზნე ხორცივით გაწირავს საკუთარ თავს?
და გადამწყვეტ მომენტში საკუთარი თავის
ანუ პრინციპების ერთგული დარჩება
და გადარჩება.
 
* * *
 
რა უნდა უთხრა მათ
ვისი ჩაქნეული ხელის შრიალი, ცივი ზამთრის ღამის
შავმა ხახამ შთანთქა?!
ისე, რომ  ვერავინ გაიგონა
და ვერავინ შეაწია სიტყვა, რომელიც შედეგს გამოიღებდა
და გაზაფხულს მოიყვანდა მათ გულებში
და ხეებს კვირტებით დახუნძლავდა!
 
ვინ ჩასჭიდებს მათ დაქანცულ სხეულებს 
და ცხვოვრების ლაბირინთში ბრმად მიმავალს,
საშველის გორგალს, ჩუმად ჯიბეში ჩაუდებს?!
ვინ აუხსნის მას,
რომ საშველი უბრალოდ არ არსებობს,
თუნდაც ათასობით ჯვარი გამოიცვალო
რომ ყველას ისე არ უმართლებს, როგორც იმ ერთს,
რომელსაც ხშირად უხმობენ და ეძახიან
მაგრამ ამაოდ.
რომელემაც პირველივე ცდაზე,
პირველივე ჯერზე,
პირველივე ჯვარზე
უჭკნობი დიდება მოიპოვა.
 
 
III
 
და მაინც,
ყველაფერი აბსურდამდე დადის, როცა იაზრებ რომ სამყარო
შენ სიკვდილის შემდეგ
ჩვეულ რეჟიმში განაგძობს არსებობას.
 
ლექსები კი ისევ დაიწერება
და უფრო მეტად ცუდი ლექსები დაიწერება,
და იქნებიან ადამიანები, რომელივ სხვებს მოატყუებენ
ბაზრის კანონის თანახმად კი იქნებიან ისეთებიც,
რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერ ფასად მოტყუვდნენ.
 
რომ იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც სამყაროს შეცვლას მოინდომებენ
და შემდეგ ისეთები, გახდებიან, ვისაც ებრძოდნენ
თუმცა იქნებიან ისეთებიც, რომლებიც არ შეწყვეტენ ბრძოლას
და საბოლოოდ მარტოობაში გამოიკეტებიან
და შეყვარებულები ინერვიულებენ მათზე
და მშობლები ინერვიულებენ მათზე
ხოლო პატრიარქი არ ინერვიულებს
და მორიგ საგალობელს მიუძღვნის ღვთისმშობელსა
და შორენა თეთრუაშვილს.
 
და მაინც, ყველაფერი იქნება ისე
როგორც იყო იქამდე,
უბრალოდ შენ  არ იქნები
და ეს არ იქნება დიდი ტრაგედია კაცობრიობისთვის,
არამედ პატარა ტკივილი ადამიანისთვის,
რომელსაც სურდა, რომ სამყარო ყოფილიყო
ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო,
რომ ღმერთს 6 დღეზე მეტი უნდა დაეთმო ჩვენთვის
და ეგრევე არ გავარდნილიყო სამოთხის მარად მზიან ბაღებში
განსასვენებლად.
მაგრამ ვერ მოიცალა
არ მოინდომა, მეტად დახარჯული ჩვენთვის
და შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
 
* * *
შეიძლება ღმერთს იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, 
ანუ პიროვნული გაორება სჭირდა
შეიძლება მისი ალტერ–ეგო ტარანტინო იყო
და ყველაფერი მისი ნამოქმედარია.
 
გამორიცხული არაფერია
განსაკუთრებით ჩვენს დროში
ჩვენს დროში კი განსაკუთრებული არაფერია
მერე რა რომ მთვარეზე უკვე ჯავშნიან 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებს
და ილონ მასკი თავით ახალი მშვენიერი სამყაროს მოდელს დაატარებს.
ჩვენ მაინც მესამე სამყაროს ქვეყნების შვილები
ვიფიქრებთ, რაგორ გავიტანოთ თავი, 
როგორ გადავიტანოთ ცივი ზამთარი
და როგორ არ ჩამოვყალიბდეთ საკუთარი თავების 
ყველაზე ცუდ ვერსიებად.
 
 
IV
 
მე კი ვცდილობ,  შიშის გააზრებას
და ვწერ ამ შიშნარევ სტრიქონებს.
 
ასევე ვიაზრებ, ჩემი ლექსების ლირიკული გმირი,
ჩემს გარდა, უამრავი სხვაცაა,
ვისაც ეს გზა გავლილი აქვს, ან მომავალში გაივლის,
და ისიც ვიცი,
რომ სამყარო კანონზომიერია,
და საბოლოოდ, სანამ ძალა გამოგვეცლება,
ყველა კითხვას უპასუხებს,
მდინარესაც მტრის გვამებით გაავსებს,
და გაცრუებულ იმედსაც ხელახლა ჩასახავს,
როგორც ერთ-ერთმა მამამ ჩაიდინა წიგნ-ბესტსელერში,
რომლის უამრავი კინოვერსია არსებობს.
და მომავლის მოსვლასაც დააყენებს საშველს,
რომელსაც მთელი ერი ასე გულმოდგინეთ ელის.
 
ეს კი გამოიწვევს კოლექტიურ ბედნიერებას,
კოლექტიურ ორგაზმს,
შეზავებულს იმ ყელში ამოსულ იმედგაცრუებებთან,
რომელსაც ის  ახალგაზრდები გრძნობენ,
რომლებიც ბედნიერ ვარსკვლავზე ვერ დაიბადნენ,
ახალგაზრდები, რომლებიც  ბრიყვი HR მენეჯერების წინ სხედან
და ათას იდიოტობას ამბობენ, 
სამუშაოს დაწყების სურვილით შეპყრობილნი,
რადგან მათ დიდი ხანია გამოიარეს სასოწარკვეთილების ნესტიანი გვირაბი.
მათ კარგად ახსოვთ სიბნელე და დახუთული ჰაერი
და საკუთარი ოთახის საშიში საგნები,
რომლებიც დღითიდღე მახინჯდებიან.
ახლა კი უკან დასახევი გზა არ აქვთ,
და აწმყოს კედლებს ეპოტინებიან,
რათა აძვრნენ მასზე და როგორმე მომავალი დაინახონ.
მათი მომავალი კი  არ არის ისეთივე ნათელი,
როგორც განათება დიდ სავაჭრო ცენტრებში.
ჰო, ეს არ არის გამოსავალი, მეგობრებო.
ეს უბრალოდ ტაიმ-აუტის დროს დაწერილი მორიგი საგალობელია
მათზე, ვინც არასოდეს ყოფილა გადარჩენილი.
 
* * *
ყველა ლექსი შიშის გამომზეურებაა,
გამოფენა და სააშკარაოზე გამოტანაა.
თითქოს სულის სარეცხს ენის გაცრეცილ თოკზე კიდებ.
მე კი შიშებს დაუნდობლად ვააშკარავებ,
სათითაოდ ვაცალკევებ,
თითოეულ მათგანს ვუკირკიტებ
და ასოების ფორმას ვაძლევ,
მაგრამ ამაოა ჩემი შრომა,
ამით არაფერი იცვლება.
შიშები ჯიუტად არ გამოდიან ჩემი სხეულიდან
და გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან
და, რაც მთავარია, ძლიერდებიან,
და არ თმობენ სხეულის არც ერთ გოჯს.
მეც რა გზა მაქვს,
ვსწავლობ თანაარსებობას მათთან.
 
რომელი იყო შიში, რომელმაც პირველად წამოყო თავი ჩემს სხეულში
და სხვა შიშებს მოუწოდა გაერთიანებისკენ?!
რა იწვევს შიშს
და რას იწვევს შიში?
ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს
და პასუხის მოლოდინში ახალი კითხვები ჩნდებიან
და რიგში დგებიან,
რათა მათთვის განკუთვნილი პასუხი,
როგორც დამსახურებული ჯილდო, ისე მიიღონ.
 
შიში - ეს არის თამაში,
შიში არის პოლიტიკა,
რომელშიც მთელი სხეულია ჩართული.
შიში - ეს არის მეტაფორათა ჯაჭვი,
რომელიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე,
როგორც ასაღებად გამზადებულ ციხესმიგრეზე,
მოიერიშე რაზმივითაა შემორტყმული.
შიში - ეს არის პასუხი
ყველა ტკივილზე,
ყველა სიკვდილზე,
ყველა ვერგანხორციელებულ ქმედებაზე,
გონებაში დაარქივებულ ყველა მოგონებაზე
და ყველა ცალმხრივ სიყვარულზე,
და, რა თქმა უნდა, ყველა ორმხრივ სიყვარულზე.
 
* * *
 
და ეს პოემაც შიშზეა,
შიშზე, რომელიც იწერება
და შიშზე, რომელიც ჯერჯერობით ვერ მოვიხელთე.
შიშია მისი ქვაკუთხედი
და მისი ენობრივი საძირკველიც შიშიდან მოდის.
 
მეშინია სიკვდილის,
მეშინია უკვდავების,
მეშინია ზებრა გადასასვლელების,
მეშინია შიმშილის,
მეშინია ვერრეალიზებული საკუთარი თავის -
მეშინია, რომ ერთ დღესაც მარტო აღარ ვიქნები,
მეშინია, რომ ლექსის წერის სურვილი აღარ მექნება
(თუმცა ამ ბოლო დროს ნაკლებად),
მეშინია მეინსტრიმობის
მეშინია, უზომოდ მეშინია,
რომ ერთ დღესაც ჩემი ლექსები სასკოლო პროგრამაში შევა
და ქართველი თინეიჯერები შემიძულებენ,
და ქართველი ფილოლოგები შემიყვარებენ,
და აღმატებითი ფორმებით მომიხსენიებენ.
და თაროებს ჩემი წიგნებით გამოტენიან,
ამიტომ,
და კიდევ ბევრი მიზეზის გამო,
ვწერ ამ პოემას,
ვწერ და  ვფიქრობ საკუთარ ადგილზე სამყაროში,
რომელიც შიშმა განსაზღვრა.
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული